ალექს დოდაშვილი - ანარქიზმი და ქრისტიანობა

მოცემულ ნაშრომში მსურს ვისაუბრო ქრისტიანობისა და ანარქიზმის მსგავსება/განსხვავებებზე. რა თქმა უნდა, ძნელია მსგავსი ფორმატით ყველაფერზე საუბარი, მაგრამ, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ძირითად და არსებით საკითხებს შევეხო, თუმცა მანამდე ნიშანდობლივია, რომ მოკლედ განვმარტოთ სასაუბრო თემები.

ანარქიზმი არის ბერნული წარმოშობის სიტყვა (αναρχία) და ნიშნავს უხელისუფლეობას. ანარქიზმი XVIII საუკუნეში წარმოშობილი პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა თუ პოლიტიკური პარტიების მიერ ნებისმიერი სახის მმართველობით სისტემასა თუ საშუალებას.  

ქრისტიანობა არის ქრისტეს მოძღვრება, რომელიც საფუძვლად უდევს ქრისტიანულ მიმდინარეობებს, სხვადასხვა მსოფლმხედველობებსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. ქრისტიანობის, როგორც რელიგიის, მთავარი მიზანია ღვთის იმ სწავლებისადმი მორჩილება, რომელიც ბიბლიაშია მოცემული.

ქრისტიანობას, ისევე, როგორც ანარქიზმს, აქვს მიმდინარეობები. ამ შემთხვევაში ანარქიზმიდან შედარების მაგალითად მოყვანილი იქნება ანარქო-კომუნიზმი, ხოლო ქრისტიანობიდან არა რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობა, არამედ ის ზოგადი სწავლებები, რომლებიც, ასეა თუ ისე, ყველა ქრისტიანულ მიმდინარეობას უდევს საფუძვლად.

ანარქო-კომუნიზმი, იგივე ლიბერტარული კომუნიზმი, არის ანარქიზმის ერთ-ერთი სახე, რომელიც ემხრობა ბაზრის, ფულის, კერძო საკუთრებისა და კაპიტალიზმის გაუქმებას, სანაცვლოდ კი გვთავაზობს წარმოებებს საერთო საკუთრებაში, პირდაპირ დემოკრატიას, უიერარქიო საზოგადოებასა და იმ საბჭოების არსებობას, რომლებიც დამყარებული იქნება შემდეგ პრინციპზე: ყველას მოთხოვნილების, ყველას შესაძლებლობის მიხედვით.
ანარქო-კომუნიზმის სამი მთავარი პრინციპია: თავისუფლება, თანასწორობა, ურთიერთდახმარება. დღევანდელი განხილვის თემა სწორედ ერთ-ერთი პრინციპის, თავისუფლების განხილვა იქნება ქრისტიანობასა და ანარქიზმში.
ანარქისტები თავისუფლებაში მოიაზრებენ ადამიანის სრულ პიროვნულ თავისუფლებას, რა თქმა უნდა, იქამდე, სანამ სხვა ადამიანის მდგომარეობა არსებითად არ შეილახება. დღევანდელ ცხოვრებაში, უმეტესად, ადამიანთა უფლებები სწორედ ხელისუფლებისა და ეკონომიკური ფაქტორების გამო იზღუდება.

ხელისუფლება ხშირად ძალადობრივი ქმედებით ინდივიდზე ახორციელებს არაპროპორციულ, ძალადობრივ ქმედებას, რომელიც მსხვერპლის ნებასთან შეუსაბამობაშია. მაგალითად: პიროვნებას სახელმწიფო სამსახურში არ შეუძლია ატაროს ნებისმიერი სახის ტანსაცმელი ან ატაროს იმ სახის აქსესუარი, რაც მისთვის მისაღებია.

ეკონომიკური ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედება კი გამოიხატება მაშინ, როცა ადამიანი, სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო იძულებულია, საკუთარი სამუშაო ძალა სხვას მიყიდოს იმაზე ნაკლები ღირებულებით, ვიდრე რეალურად აღნიშნულმა ადამიანმა გაწია. შრომა, როგორც ნაყოფიერების მიმღები ძალისხმევა, თავისთავად, სასარგებლოა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში შექმნილი პირობების გამო ადამიანის შრომა არ არის დაფასებული შესაბამისად. ადამიანი, როგორც წესი, იძულებული ხდება სამუშაო ძალა სხვას მიყიდოს და ეს ყველაზე მომგებიანი სწორედ იმ დამსაქმებლებისთვისაა, რომლებიც სხვისი სამუშაო ძალით დიდ სარგებელს ნახულობენ, მაგრამ შესაბამის ანაზღაურებას არ გასცემენ. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მარკეტში მუშაობენ სრული დატვირთვით, მაგრამ ანაზღაურება, დამსაქმებლის შესაძლებლობის მიუხედავად, შესაბამისი არ აქვთ და არც სხვაგანაა იმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი სამსახური ნახოს დასაქმებულმა, რადგან სწორედ მთელი რიგი მიზეზების გამოა შექმნილი ისეთი საერთო, ზოგადი სივრცე, სადაც უმეტეს ადგილებში ანაზღაურება დაბალია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ საქართველოშია და თუ გარკვეული პირობები გაუმჯობესდება, პრობლემა აღმოიფხვრება. უმთავრესი პრობლემა თავად ქვეყნის მოწყობის მოდელშია და მსგავს პრობლემას მეტ-ნაკლებად ყველგან ვაწყდებით, მათ შორის, ე. წ. ნორმალურ და განვითარებულ სახელმწიფოებში. გასათვალისწინებელია „ამაზონის“ განკარგულებაში მყოფი დასაქმებულების პროტესტი დაბალი ანაზღაურებისა და მძიმე სამუშაო პირობების გამო . ეს ყველაფერი მოხდა იმ სახელმწიფოში, რომელიც სტატისტიკურად მდიდარია, მაგრამ სიმდიდრე ერთეულების ხელშია თავმოყრილი. „ამაზონთან“ დაკავშირებული შემთხვევა პირველი არ ყოფილა და არც უკანასკნელი იქნება.

შესაბამისად, ანარქო-კომუნიზმის მიხედვით, მსგავსი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების აღმოფხვრა გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებიც უკვე ზემოთ აღვნიშნე.

საინტერესოა, რას ამბობს ქრისტიანობა თავისუფლებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ცალკეულად უნდა განვიხილოთ პიროვნული თავისუფლება.

ყველა ღვთის შვილს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოიხატა, როცა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არასასურველი ხე („ხე კეთილისა და ხე ბოროტისა“) , ადამსა და ევას შეეძლოთ და გასინჯეს კიდეც ამ ხის ნაყოფი. ასევე, თავისუფლებასთან დაკავშირებით ახალ აღთქმაში იესო ქრისტე ქადაგებს გალატელთა მეხუთე თავის დასაწყისში: „თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ მოექცევით მონობის უღელქვეშ“. ცხადია, ეს ყველაფერი უშუალოდ ქრისტეს მოწაფესთვის არ ნიშნავს ტოტალურ თავისუფლებას. ყველა მრწამსის მქონემ უნდა დაიცვას უფლის მიერ მოცემული მცნებები, რომლებიც ადამიანს ბევრი ამქვეყნიური ვითარების არიდებისკენ მოუწოდებს უზენაესი მიზნის გამო, თუმცა თუ ვინმე მაინც არ მისდევს ქრისტეს სწავლებას და მიილტვის იმ ინდივიდუალური თავისუფლებისკენ, რომელიც შესაძლოა, არაქრისტიანულია - ადამიანი ამის გამო არ უნდა შეიზღუდოს და დაისაჯოს სხვა ადამიანის მიერ რაიმე ფორმით. სწორედ ამისკენ იყო მოწოდება მათეს 22:39-ში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. აქ სიყვარული აბსოლუტურია და იგულისხმება არა მარტო ქრისტეს მცნებების დამცველი (თუმცა, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ვინმემ ყველა საღვთო მცნება დაიცვას ზედმიწევნით), არამედ, თუნდაც ის, რომელიც თავისი ინდივიდუალურობის გამო ქრისტეს სწავლებას არ იცავს. პატივსაცემი და მისაღები უნდა იყოს ქრისტიანი, რომელიც მის სხეულს ქრისტეს ტაძრად მიიჩნევს და არ იკეთებს ტატუს, პირსინგსა თუ რაიმე სხვას, მაგრამ ასევე პატივცემული უნდა იყოს პირსინგიანი და ტატუს მქონე ადამიანი. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსგავსი იდენტობის გამო ადამიანს რიგ სამსახურებში არ იღებენ. რა თქმა უნდა, ტატუ და პირსინგი, უბრალოდ, შესადარებელი მაგალითია და არსებობს სხვა, უფრო ნიშანდობლივი ინდივიდუალიზმიც, რომელიც, სამწუხაროდ, კანონითაც კი იზღუდება და სახეზეა კანონიერი უსამართლობა. პეტრეს 2:17-შიც აღნიშნულია, რომ ადამიანმა პატივი უნდა სცეს ყველას და არა რაიმე ნიშნით შერჩეულ ადამიანებს. ნიშანდობლივია ენტონი დე მელოს ერთი შედარება მის წიგნში „თავისუფლება და სიყვარული“, რომლის თანახმადაც ხე საჩრდილობელია ყველასთვის. ასეთივე აბსოლუტური უნდა იყოს თქვენი სიყვარულიც. 

ამრიგად, ქრისტიანობაშიც, ისევე როგორც ანარქიზმში, ადამიანს აქვს პიროვნული თავისუფლების უფლება. მართალია, ქრისტიანობაში არასასურველია ღვთის მოწოდებებისგან განდგომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეგონება, როგორც პავლე მოციქული ტიტეს 3:10 -ში წერს და არა განზრახი, შეუფერებელი მოქმედებებით ვინმეს ინდივიდუალიზმის დათრგუნვა. ანარქიზმიც, რა თქმა უნდა, ქრისტიანობისავით სრულად იდენტურად არა, მაგრამ ქადაგებს იმის თავისუფლებას, რომ გაგაჩნდეს შენი ინდივიდუალობა, იყო ის, ვინც შენ გსურს და არა შეესაბამებოდე იმ ნორმებს, რომლებიც დამკვიდრებულია სოციუმში. შესაძლოა, რომ ზოგიერთ ანარქისტს არ გააჩნდეს ქრისტიანულ ღირებულებათა საზომი ამა თუ იმ ქმედების შეფასებისათვის, თუმცა არსებობდნენ და არსებობენ ქრისტიანი ფასეულობების მქონე ანარქისტებიც(თუნდაც, ლევ ტოლსტოი), რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ქრისტიანულ ცხოვრებას, თუმცა არ გმობენ იმათ, ვინც ქრისტეს მცნებებს არ მიყვება. არავის აქვს უფლება განსაჯოს სხვა პიროვნული ინდივიდუალურობის გამო და ცხოვრებისეულად დაუკანონოს ის, რაც ღვთისთვის მიზანშეწონილად მიაჩნია. ანარქისტების გამოთქმა: „არც ღმერთი და არც ოსტატი“, იგულისხმება არა ღვთის მრწამსის შინაგანი გაქრობა, არამედ უარყოფა ადამიანის ნების წინააღმდეგ ღვთიური პრინციპების თავსმოხვევა, რომლის განმახორციელებლად ხშირად როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური წარმომადგენლები გვევლინებიან. მიუღებელია ქრისტიანობის სახელით რაიმეს თავსმოხვევა, რადგან ქრისტე ადამიანებს უქადაგებდა, ყველაფერს სიტყვიერად უხსნიდა და არა უკანონებდა, როგორც სახელმწიფოებრივ ნორმას, რომლის შემთხვევაშიც ადამიანი ამქვეყნად უნდა დაისაჯოს. ადამიანის არასწორი ქმედების საზომი ცოდვაა, რომელსაც ქრისტე განსჯის საბოლოოდ. მამა თეოდორე გიგნაძეს კარგი შედარება აქვს მოყვანილი ერთ-ერთ გადაცემაში , რომელშიც ამბობს, რომ ქრისტიანობაში არასწორი ნაბიჯის საზომი ცოდვაა და არა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის რანგში აყვანილი ქმედება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ღმერთის სახელით ქადაგების მქონე პოლიტიკურ ლიდერებს არა საღვთო მოტივები, არამედ პირადი ინტერესები აქვთ. დღესაც ხშირია შემთხვევა, რომ ღმერთი ჩაყენებულია სახელმწიფოს სამსახურში. რა თქმა უნდა, პიროვნული, ინდივიდუალური ქმედება ანარქიზმში არ უნდა იყოს გაგებული იმგვარად, რომ ადამიანს, თუ სურს, მივა და თუნდაც, სხვას მოკლავს. თავად ეს ფაქტი ანარქისტულ პრინციპებში.

რაც შეეხება თავისუფლებას სახელმწიფოსგან, რომელიც ანარქიზმში გულისხმობს უხელისუფლეობას, მსგავსი მოსაზრება ქრისტიანობაში არ არის. რომაელების 13:1-ში წერია: „ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან. ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერაა დადგენილი“. ამრიგად, ყოველმა ქრისტიანმა პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს არსებულ ხელისუფლებას, რაც ანარქიზმში სავსებით საპირისპიროდაა. კერძოდ, ანარქო-კომუნიზმის წარმომადგენლების მიზანია რევოლუციის საშუალებით ხელისუფლების, ბაზრის ფულის, კერძო საკუთრებისა და კაპიტალისტური სისტემის განადგურება.

ქრისტიანობაში მიუღებელია სახელმწიფო რევოლუცია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღნიშნულ ასპექტში ქრისტიანობასა და ანარქიზმში მსგავსება არ არის. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებშიც ბიბლიური პერსონაჟები ერთგვარ დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ წესებისა და კანონების მიმართ, რომლებიც მათ ქრისტიანულ ფასეულობებს არღვევს. მაგალითად, ბევრი იუდეაში მცხოვრები ქრისტიანი, იმის გამო, რომ იუდეაში ქრისტიანები იდევნებოდა, მიდიოდნენ პერეაში, პელასა და იმ ადგილებში, სადაც მმართველი ხელისუფლება ქრისტიანებს ნაკლებად ზღუდავდა და შემდგომ, ქრისტიანებს დამკვიდრებული ქონდათ ისეთი ცხოვრების სტილი, როგორც მათ სურდათ და როგორც მათ ფასეულობებს შეეფერებოდა. ისინი, როგორც ცხოვრობდნენ მსგავს სახლებში, არ არსებობდა მათში რაიმე იერარქია, კერძო საკუთრება და ზოგადად, არ ფიქრობდნენ ეგოისტურად - მხოლოდ თავიანთ თავზე, არამედ ქონდათ საერთო საფიქრალი და ურთიერთდახმარების სურვილი . ამრიგად, აქ იკვეთება გარკვეული ნიშნები ანარქიზმთან: მართალია, ქრისტიანების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და უხელისუფლეობის დამკვიდრება არ მომხდარა, მაგრამ სახელმწიფოსთან წინააღდეგობების გამო ქმნიდნენ ისეთ სოციუმს, რომელშიც მოქმედებდა მათ მიერ შემუშავებული საერთო, ყველა ქრისტიანისთვის სასურველი საკეთილდღეო ცხოვრების სტილი, რომელიც მიმართული იყო ერთმანეთის საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ შესაძლო მეთოდებით, ისევე, როგორც ეს ანარქო-კომუნიზმშია.

საინტერესოა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სხვა მხრიდანაც: პრეფიგურაციული პოლიტიკა არის ორგანიზაციისა და სოციალური ურთიერთობების ფორმა, რომელიც ცდილობს ასახოს მომავლის საზოგადოება ჯგუფის მიზნების მიხედვით. კარლ ბოგსის თანახმად, რომელმაც შექმნა ეს ტერმინი, მიზანია, რომ განსახილველად იქცეს „მოძრაობა მიმდინარე პოლიტიკური პრაქტიკის ფარგლებში, სოციალური ურთიერთობების ფორმები, გადაწყვეტილების მიღება, კულტურა და ადამიანური გამოცდილება, რომლებიც საბოლოო მიზანს წარმოადგენს". ამ იდეას აჯამებს მნიშვნელოვანი სლოგანი: „ახალი საზოგადოების მშენებლობა, ძველი საზოგადოების ნაჭუჭებზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ანარქისტების ბრძოლა არ არის მარტივად, მხოლოდ კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ჩვენ უფრო შორსაც ვიბრძვით, იმის წინააღმდეგ, რაც ხელს გვიშლის, რომ ისე ვიცხოვროთ დღეს, როგორც გვინდა. ორგანიზაციის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ჯგუფში, რომელშიც ჩართულები ვიქნებით, ვიმოქმედებთ პირდაპირი დემოკრატიის პრინციპით და ყველა წევრის სრული ჩართულობით - იქნება ეს მაცხოვრებელთა ჯგუფები, პოლიტიკური კამპანიები, გაფიცვის კომიტეტები თუ სხვა. ჩვენ ვიმოქმედებთ ლიდერების და იერარქიის გარეშე. ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ერთმანეთს მოვპყროთ ისე, როგორც პირველყოფილი ქრისტიანები ეპყრობოდნენ ერთმანეთს. იესო გვასწავლის, რომ ღმერთი არათუ არ მიტოვებს ხალხს, არამედ, პირიქით, ღვთის სასუფეველი, ანუ მისი მეფობა გარდაუვალია. აუცილებელია, დროის ნიშნებს ვაკვირდებოდეთ და მზად მყოფნი შევხვდეთ ახალი ღვთაებრივი საზოგადოების შექმნას. ანარქისტების შემთხვევაში, ქრისტიანული მზაობა აბსოლუტურად ყველა ასპექტში არ გამოიხატება , მაგრამ ცხოვრების, ურთიერთდახმარებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით - დიახ, ქრისტიანული მზაობა ნათლად გამოხატულია.

ამრიგად, გამოიკვეთა, რომ ქრისტიანობაში დოგმატურად მიუღებელია სრული, აბსოლუტური თავისუფლება ხელისუფლებისგან, თუმცა არც ის მოცემულობაა უარყოფილი, რომ ქრისიტიანები ცხოვრობდნენ მათი შემუშავებული წესების, სტილის მიხედვით, რომელშიც უგულვებელყოფილი იყო სისტემური, დღევანდელი ლექსიკონით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული კაპიტალისტური(არა მარტო) მოცემულობა. ისინი ორიენტირებული იყვნენ საერთო საზრუნავზე და გაბატონებული იყო არა მხოლოდ სიტყვა „მე“, არამედ სიტყვა „ჩვენ“, რადგან ერთი მეორეს სრულებით არ გამორიცხავს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარ საზოგადოებაში ადამიანის პიროვნულობა არათუ ითრგუნებოდა, არამედ განვითარების მაღალ საფეხურს აღწევდა. კოლექტიურად მუშაობდა სრულად არ ნიშნავს პიროვნულობის რეალიზების შეუძლებლობას და სოციუმში დაკარგვას, როგორც ამას ზოგი ფიქრობს. პეტრე კროპოტკინს მოყავდა შემდეგი სიტყვები: „წარმოიდგინეთ საზოგადოება,რომელიც ითვლის რამდენიმე მილიონ წევრს, რომელთა ნაწილიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული, ნაწილი კი ინდუსტრიაში. ამ საზოგადოებაში ბავშვები სწავლობენ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შრომას. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, მათ დღეში 5 საათზე მეტი სამუშაო დრო არ ექნებათ, ისიც – ოციდან მაქსიმუმ 50 წლამდე, სამუშაო ადგილი კი განისაზღვრება მათი არჩევანის მიხედვით. ასეთი საზოგადოება უფრო მეტად აკმაყოფილებს ყოველ წევრს, ვიდრე – დღევანდელი სისტემა. გარდა ამისა, ასეთ პირობებში ყოველ მუშას ექნება მინიმუმ 5 საათი თავისუფალი დრო დღეში, რომელიც შეუძლია დაუთმოს მეცნიერებას, ხელოვნებას, ან თავისთვის საინტერესო რაიმე სფეროს. ასეთი საზოგადოება მალევე განვითარდება და ის, რაც დღეს მდიდრულად გვეჩვენება და შესაძლოა, თვალითაც არ გვინახავს, მის არცერთ წევრს აღარ გაუკვირდება.“

რაც შეეხება ეკონომიკურ ჭრილს, გარკვეულწილად, აღნიშნულ საკითხს შევეხეთ, თუმცა საჭიროა დეტალიზაცია. ანარქო-კომუნიზმში, როგორც აღინიშნა, ბაზარი და ფულადი სისტემა არ არსებობს. ქრისტიანობაში არსადაა მოწოდება ბაზრისა და ფულის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან ორივე დაკავშირებულია სახელმწიფო აპარტთან, ხოლო რადგან ქრისტიანობა უხელისუფლეობას გამორიცხავს, მაშასადამე, უნდა იარსებოს ბაზარმა და ფულმაც, როგორც სახელმწიფოსგან მომდინარე ფაქტორებმა, თუმცა აქ გამოსაკვეთია ქრისტიანების დამოკიდებულება ბაზართან და ფულთან მიმართებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ვერცხლმოყვარეობა, რაც დღეს იგივე მატერიალური სიმდიდრისადმი სიყვარულია, ქრისტიანობაში დაგმობილია და მოწოდებებია არა ერთპიროვნულად ქონების დაგროვებისკენ, არამედ ქონების დანაწილებისკენ, ისევე როგორც ანარქო-კომუნიზმში - კოლექტიური წარმოებისკენ. ე.ი. ქრისტიანობაში, მართალია არსებობს ფული, მაგრამ ფულის განკარგვითობისკენ მოწოდება კოლექტიურია. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია ლუკას სახარების მე-18 თავის 22-ე მუხლში, როცა ქრისტე იმდროინდელ შეძლებულ მთავარს მოუწოდებს ქონების გაყიდვისკენ და იმ ადამიანების დახმარებისკენ, ვისაც ეს ჭირდება. შესაბამისად, აქაც ერთგვარად გამოხატულია კოლექტიური, საერთო ინტერესი, რომ მდიდარმა უანგაროდ სხვას მისცეს ის, რაც ჭირდება და არა ბაზრის მეშვეობით, რომელშიც გამყიდველის უმთავრეს, ერთპიროვნულ მატერიალურ ინტერესს მისი ქონების გაზრდა წარმოადგენს.

ანარქო-კომუნიზმში, ზოგადად, აღსანიშნავია ის, რომ ყველა ჯგუფი სურვილისამებრ აწარმოებს იმას, რისი სურვილი და შესაძლებლობაც გააჩნია, შემდეგ კი წარმოებული პროდუქტი ხდება საერთო საკუთრება.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობაში ფულიცაა და ბაზარიც, ამ საკითებთან შინაარსობრივი მიმართება ისეთივე კოლექტიური და საერთოა, როგორც ანარქო-კომუნიზმში. ასე რომ, ამ საკითხშიც არის როგორც მსგავსებები, ასევე განსხვავებები.
საბოლოოდ, შეიძლება იმის დასკვნა, რომ ანარქო-კომუნიზმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, თავისუფლებასა და ქრისტიანობის ზოგად სწავლებასთან მიმართებაში არის სხვაობები, მაგრამ მსგავსებებიც. ამ ნაშრომში ჩემი მიზანი არ ყოფილა მსჯელობით უშუალოდ ფაქტების შეკავშირება და რაიმეს გადაჭრით თქმა. თითოეულ მკითხველს აქვს შესაძლებლობა, თავად შეადაროს ფაქტები, კრიტიკულად განიხილოს ნაწერი და თავად გამოიტანოს დასკვნა, რომელიც უფრო ეფექტურია, ვიდრე ბრმად სხვისი აზრის გაზიარება. ამ ყველაფრის გაკეთება ძნელი არაა, რადგან „ვინც ეძიებს, ის პოულობს“.

ავტორი: ალექს დოდაშვილი. 

_________________________________________________________
1. იხ. წყარო: https://www.cnbc.com/2020/10/24/how-amazon-prevents-unions-by-surveilling-employee-activism.html .
2. ბიბლია. დაბადება, 2:9.
3. ბიბლია. დაბადება, 3:6. 
4. „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების მერე, განეშორე“ - ბიბლია. ტიტე, 3:10.
5. https://www.youtube.com/watch?v=wioipc57Dgs .  
6. „ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდთ“ - ბიბლია. საქმე მოციქულთა, 4:32.
7. კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ხელისუფლების არსებობის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც უკვე ვახსენე, ქრისტიანობა და ანარქიზმში სხვადასხვა აზრია.

Web page was created with Mobirise