ანარქისტების სამხედრო ორგანიზაცია ესპანეთის რევოლუციის დროს

ესპანეთის სამოქალაქო ომსა და რევოლუციაზე (1936-1939) იხილეთ ქართულად ტომ უეტზელის (Tom Wetzel) ისტორიული სტატია და ანალიზი  .

აგრეთვე:  Spanish civil war 1936-39: reading guide

საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, „იდეური ანარქიზმი“ გამორიცხავს კლასიკურ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ერთპიროვნულობასა და ბრძანებების შესრულებაზე. მსგავსი შეხედულება მოდის არა მარტო ბოლშევიკების ანტი-ანარქისტული პროპაგანდიდან, რომელიც ანარქისტებს წარმოგვიდგენს, როგორც არაკონტროლირებად ბრბოს, არამედ, ზოგი ანარქისტიც კი, იდეოლოგიური სისუფთავის დონეში შეჯიბრისას, ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ანარქიზმი იმდენად ანტიავტორიტარულია, რომ სამხედრო ორგანიზაციიდანაც კი გამორიცხავს ერთპიროვნულობას. ასეთი სიტყვები შეიძლება გავიგონოთ სპონტანური აჯანყებების მომხრე ანარქისტებისგან, რომლებსაც ყველა ძალადობრივი მოქმედება დაყავთ რამოდენიმე საერთო ინტერესთა ჯგუფის (affinity group) კოორდინაციაზე.


ეს მეთოდი შეიძლება ეფექტური იყოს პირდაპირი მოქმედების აქტების კოორდინაციისთვის, მაგრამ რევოლუციის დაცვისა და სხვა ქვეყნის ჯარის შემოჭრის შემთხვევაში, იგი არ გამოდგება. როგორაა შესაძლებელი, მრავალათასიან არმიას ებრძოლო 10-20 კაცისგან შემდგარი ავტონომიური ჯგუფებით, რომლებსაც ყოველ წამს შეუძლიათ დაშლა? ყოველგვარი ომი მოითხოვს რესურსების მიწოდების სისტემას, დისციპლინასა და გარანტიას, რომ მებრძოლები არ დაყრიან იარაღს.

ისინიც კი, ვინც დიდად აფასებს იბერიის ანარქისტთა ფედერაციისა (FAI) და შრომის ეროვნულ კონფედერაციის (CNT) როლს ესპანეთის რევოლუციაში, ხშირად უგულვებელყოფენ ან უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ტიპიური სამხედრო პრინციპებით.

კონფედერაციული მილიცია – ასე ერქვა ანარქისტების შეიარაღებულ ძალებს ესპანეთის რევოლუციის დროს.

კონფედერაციული მილიცია შედგებოდა 100 000-მდე მოხალისისგან. მის საბაზო სამხედრო ერთეულს წარმოადგენდა 30 კაციანი ჯგუფი. რამდენიმე ასეთი ჯგუფი შეადგენდა ცენტურიას. რამდენიმე ცენტურია ქმნიდა ბატალიონს. რამდენიმე ბატალიონი შეადგენდა კოლონას. კოლონა იყო ყველაზე მსხვილი სამხედრო ფორმაცია, რომელშიც შედიოდა 2000-დან 10 000-მდე მეომარი. თუკი მას შევხედავთ მაშინდელი არმიის გადმოსახედიდან, კოლონა, არსობრივად, იყო სამხედრო დივიზიის მსგავსი სტრუქტურა. ყოველ კოლონას გააჩნდა საკუთარი შტაბი – ომის კომიტეტი – და, ასევე, ტექნიკურ-კომისარული საბჭო, რომელსაც დაკისრებული ჰქონდა ლოჯისტიკური ფუნქციები. ყველა კოლონას აერთიანებდა და მათ კოორდინირებას ახდენდა ანტიფაშისტური მილიციების ცენტრალური კომიტეტი.

მილიციის ნახევარს შეადგენდა CNT-ს ანარქისტული კოლონების 50 000 მებრძოლი. კიდევ 30 000 მებრძოლი ეკუთვნოდა „მშრომელთა საყოველთაო კავშირს“ (UGT), 10 000 – კომუნისტურ პარტიას და 5000 – მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიას (POUM). მათ, ასევე, შეუერთდა ეროვნული გვარდიის 12 000 პოლიციელი, რომლებიც გამოდიოდნენ ფრანკოს აჯანყების წინააღმდეგ.

ანარქისტები საკმაოდ ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი. იარაღს ისინი შოულობდნენ არალეგალური ვაჭრობით, რესპუბლიკის საწყობებიდან და ფაშისტების განიარაღებით. ზუსტად ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ წავიდნენ ესპანელი ანარქისტები რესპუბლიკელებთან დიალოგზე და რატომ გააგზავნეს საკუთარი დელეგატები მთავრობაში. ეს იყო რესპუბლიკური იარაღის დაუფლების მცდელობა. რათქმაუნდა, ანარქისტებმა ვერანაირი იარაღი ვერ მიიღეს. და მეტიც, სსრკ-დან გამოგზავნილი ახალი იარაღი სწორედ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს.

საინტერესო ფაქტია, რომ ანარქისტულ მილიციას შეუერთდა ესპანური არმიის რამდენიმე ათასი მეომარი და 200-მდე ოფიცერი, რომლებიც მხარს უჭერდნენ რევოლუციასა და ანარქისტებს. მათ დიდი წილი მიუძღვით 1936 წლის ზაფხულში კოლონებისა და რაზმების ჩამოყალიბებაში, იარაღის განაწილების ორგანიზაციასა და სამხედრო მომზადების ბანაკების გახსნაში. ყოველ კოლონას ჰქონდა საკუთარი შტაბი, რომელშიც განთავსებული იყო საომარი კომიტეტები, ტექნიკურ-სამხედრო საბჭოები, ავტონომიური ჯგუფები და პარტიზანული რაზმები.

ავტონომიური ჯგუფები წარმოადგენდნენ ინტერნაციონალისტების სამხედრო დანაყოფებს – ასეულებს. მაგალითად, ყველაზე ცნობილ, დურუტის კოლონაში შედიონენ სებასტიან ფორას ასეული, რომელიც შედგებოდა ფრანგებისა და იტალიელებისაგან, ამერიკელებისგან შემდგარი, საკოსა და ვანზეტის ასეული და ერიხ მიუზამის ასეული, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ გერმანელები. პარტიზანული რაზმები წარმოადგენდნენ „ანარქისტულ სპეცრაზმს“, რომელიც შედგებოდა ყველაზე გამოცდილი და მამაცი მეომრებისგან. ასეთი რაზმებიდან ყველაზე ცნობილნი იყვნენ „ღამის შვილები“, „მეტალისტები“, „შავი დროშა“. მათ ფუნქციებში შედიოდა საველო დაზვერვა, დივერსია, რეიდები მტრის ტერიტორიაზე და ა.შ.

მოხალისეების მილიცია აღმოჩნდა რესპუბლიკური სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური განყოფილება. მაგალითად: მან შეძლო, ყველა სახის რესურსის უკმარისობის მიუხედავად, რამდენიმე წლის განმავლობაში დაეცვა არაგონის ფრონტი. ასევე, მან გამოიჩინა თავი გვადალახარის ოპერაციაში და უზრუნველყო მასში რესპუბლიკელების გამარჯვება. მან გაუგზავნა მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება მადრიდს ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდის დროს და ა.შ. პროფესიონალმა სამხედრომ, პოლკოვნიკ ხ. დე ლა ბარასამ ესპანეთის რევოლუციისადმი მიძღვნილ ნაშრომში შემდეგნაირად დაახასიათა ანარქისტული სამხედრო გაერთიანებები: „სამხედრო თვალსაზრისით, ეს სრული ქაოსია, მაგრამ ეს ქაოსი მუშაობს“.

რა თქმა უნდა, სამხედრო დისციპლინა კონფედერაციულ მილიციაში, რაც ბუნებრივია ყველა სამხედრო ორგანიზაციისთვის, დაფუძნებული იყო ზემდგომთა ბრძანებების შესრულებაზე. ბრძანებებზე დავა შეიძლებოდა მხოლოდ არასაბრძოლო სიტუაციაში. (ცნობილი ესპანელი ანარქისტი, ბუენავენტურა დურუტი იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული კომანდირი). ამ მხრივ, ანარქისტების შეიარაღებული ძალები ცოტათი თუ განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ჯარისგან, თუ კი ყურადღებას არ მივაქცევთ ზემდგომისა და რიგითის თანასწორობას ურთიერთობისას, წოდებებისა და მუშტრას არ არსებობას – თუმცა არც ეს ყველაფერია უნიკალური.


თითქმის ყველა სახელმწიფოს საბრძოლო ფორმირებებში შეიძლებოდა დემოკრატიზმის აღმოჩენა უფროსისა და რიგითის ურთიერთობაში, და ეს არანაირად არ მოქმედებდა ამ სტრუქტურების სტატუსზე. ასეთი ურთერთობებით ცნობილია თითქმის ყველა რევოლუციური ჯარი, მათ შორისაა უკრაინის აჯანყებულთა არმია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტორ მახნო და ადრეული მუშათა და გლეხთა წითელი არმიაც კი.


მართლაც, ომი, როგორც წერდა ცნობილი ანარქისტი მწერალი მაქს ნეტლაუ – ყველაზე ანტიანარქისტული მოვლენაა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რისი ჩადენაც გვიწევს, თუ კი გვსურს გადარჩენა და ჩვენი პოლიტიკური იდეების განხორციელება. ანარქისტულ არმიაშიც კი გვხვდება ზემდგომები და დისციპლინა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს მათთვის, ვინც ანარქიზმში ხედავს მხოლოდ უპასუხისმგებლობასთან მოსაზღვრე ინდივიდუალურ თავისუფლებას. CNT-FAI-ს შეიარაღებული ძალები ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

გამოყენებული ლიტერატურა:


P. Broué, E. Témine, La révolution et la guerre d’Espagne

V. Richards, Lessons of the Spanish revolution

F. Lacruz, Alzamiento, la revolución y el terror en Barcelona

A. Paz, The Story of the Iron Column: Militant Anarchism in the Spanish Civil War

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)