კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

მთარგმნელის შენიშვნა

ფრიდრიხ ენგელსის “ავტორიტეტის შესახებ“ (იხ. PDF Engelsi-avtoritetis-shesaxeb 1872 წ.)  ხშირად ერთგვარ პანაცეად აღიქმება ანარქისტებისა და მარქსისტების დაპირისპირებაში, თუმცა „ანტი-ავტორიტარიანელთა“, იგივე ანარქისტთა და რევოლუციონერ სოციალისტთა ნაწარმოებთა ზედაპირულად გაცნობის შემდეგაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენგელსის ეს ნაშრომი ანარქისტულ პოზიციაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენების თითქმის სრულყოფილ სიას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის ძირეულ კრიტიკას. ქვემოთ მოყვანილი სტატიაც ამის დამტკიცებას ემსახურება.

ფრიდრიხ ენგელსი ანარქიზმს კაპიტალიზმის წინააღმდეგ რევოლუციის განხორციელებაში და საზოგადოების ორგანიზებაში ავტორიტეტის საჭიროების საფუძველზე აკრიტიკებს. ეს სტატია კი ამტკიცებს რომ ის ფუნდამენტურად უგულებელყოფდა ანარქისტებისთვის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ მნიშვნელობას.

ანარქისტებსა და მარქსისტებს შორის პირველ ინტერნაციონალში გამართული დებატები ინსტრუმენტული იყო ორივე სკოლის განვითარებაში და ორივე მოძრაობის თვითორგანიზების გზების ჩამოყალიბებაში. ფუნდამენტალური მარქსისტული ნაშრომიც ავტორიტეტის საკითხთან დაკავშირებით – ამ დებატების შედეგად შეიქმნა; მარქსის უახლოესი თეორეტიკული მოკავშირის ფრიდრიხ ენგელსის „ავტორიტეტის შესახებ“. ისტორიულად მარქსისტები სწორედ ამ ნაშრომს იყენებდნენ ამ საკითხთან, კერძოდ კი სახელმწიფოსთან, დაკავშირებით იდეების ჩამოსაყალიბებლად. ენგელსის მიერ მხარდაჭერილი პერსპექტივიდან – თვით ავტორიტეტი ნეგატიური არ არის და შესაძლებელია პოზიტიური იყოს კონკრეტულმა ჯგუფების მიერ კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებისას. სახელმწიფო ავტორიტეტის შემთხვევაში, ენგელსი და შემდეგ მარქსისტები ამტკიცებენ რომ თუ იგი შექმნილია მუშათა კლასის მიერ, მუშათა კლასისთვის, კაპიტალისტური კლასის წინააღმდეგ კლასთა ბრძოლაში – მაშინ ეს ავტორიტეტი მუშათა კლასის იგანთავისუფლების იარაღი ხდება.

ანარქისტები კი მუდამ ინარჩუნებდნენ „ანტი-ავტორიტარიანიზმს“ რაც ნიშნავდა ყველანაირ პირობებში ბრძოლას იმასთან, რასაც ისინი „ავტორიტეტს“ უძახდნენ, ნაცვლად მისი, როგორც იმ იარაღის დანახვისა, რომელიც შესაძლებელია ნეგატიური ან პოზიტიური შედეგებისთვის გამოიყენო. ანარქისტებისთვის ამაში მოიაზრებოდა სახელმწიფო ავტორიტეტიც, რომელსაც ისინი ძალადობრივ მექანიზმად აღიქვამდნენ, რომელიც კაპიტალისტური კლასის ექსპლუატაციას თავს ახვევდა მუშათა კლასს. ენგელსი სწორედ ამ „ანტი-ავტორიტარიანიზმს“ უპირისპირდებდა.

ენგელსისთვის „ანტი-ავტორიტარიანიზმი“ ბავშური რეაქციაა მრავალმხრივ სოციალურ საკითხზე. თუ ვეწინააღმდეგებით ავტორიტეტს მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია 1 – საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების შესაბამისად წარმართვა და 2 – კაპიტალიზმის წინააღმდეგ სოციალისტური რევოლუციის შესაბამისად განხორციელება.

ამ სტატიის მიზანიც ენგელსის არგუმენტების განხილვა და მათი გადამოწმებაა.

საზოგადოების ფუნქციონირება

ცხადია რომ საზოგადოების შესანარჩუნებლად ხალხმა საგნებზე ძალით უნდა იმოქმედონ, უნდა აამუშავონ რკინიგზა და მატარებლები შესაბამისი დროისთვის, უნდა მოახდინონ ქარხნების ორგანიზება პროდუქტების შესაბამისი დროისთვის საწარმოებლად და ა.შ და ა.შ. ენგელსი ამტკიცებს რომ სწორედ ეს არის „ავტორიტეტი“. რკინიგზებზე და მატარებლებზე ფიზიკური ძალის მოქმედებით ჩვენ მათზე არსებითად „ავტორიტეტს“ ვავრცელებთ. „ავიღოთ მეორე მაგალითი – რკინიგზა. აქაც უეჭველად საჭიროა უამრავი ხალხის თანამშრომლობა; საჭიროა ეს თანამშრომლობა მოხდეს ზუსტად განსაზღვრულ საათებში, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. აქაც პირველი პირობა საქმის წარმატებისა – მბრძანებელი ნებაა, რომელიც სწყვეტს ყოველგვარ დაქვემდებარებულ საკითხს, სულერთია – ამ ნებას ვინ გამოხატავს : ერთი რომელიმე არჩეული პირი თუ მთელი კომიტეტი, რომელსაც ვალდებულება აქვს შეასრულოს დაინტერესბულ პირთა უმრავლესობის დადგენილებანი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ჩანს მკაფიოდ გამოსახული ავტორიტეტი. კიდევ მეტიც : რა მოუვიდოდა პირველსავე წასულ მატარებელს, თუ ბ. ბ. მგზავრთა მიმართ რკინიგზის მოხელეთა ავტორიტეტი გაუქმდება?“ ენგელსისთვის ავტორიტეტის განადგურების ანარქისტული მისწრაფება სასაცილოა. საზოგადოების ყველანაირი პრაქტიკული ორგანიზაცია შეუძლებელი გახდებოდა ავტორიტეტის განადგურების შემთხვევაში. „მაშასადამე, ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი მხრივ, საჭიროა გარკვეული ავტორიტეტი, მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ წარმოიშვა ეს ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა გარკვეული მორჩილება, – სულერთია, თუ რომელი სოციალური ორგანიზაციის მხრით იქნება ეს მორჩილება, – ორივე ეს, ავტორიტეტიც და მორჩილებაც ჩვენთვის სავალდებულოა იმ მატერიალურ პირობათა გამო, რომლებშიაც წარმოებს პროდუქტთა წარმოება და მიმოქცევა.“ კითხვა შემდეგია – ეს „ანტი-ავტორიტარიანისტები“, როგორც ენგელსი ანარქისტებს უწოდებს, ნამდვილად ასეთი სასაცილოები არიან, რომ სოციალურ ორგაიზაციაში საგნებზე და ხალხზე გავრცელებულ ავტორიტეტსაც არ ცნობენ?

როცა ანარქისტები გამოდიან ავტორიტეტის წინააღმდეგ, ისინი ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტის კონკრეტულ ტიპს და არა აბსტრაქტულ ავტორიტეტს. კერძოდ კი ავტორიტეტს, რომელიც ჩვენთვის, როგორც იერარქიულ კლასობრივ საზოგადოებაში მცხოვრებთათვის, ყველაზე ცხადია. მმართველების ავტორიტეტი მართულებზე. ავტორიტეტი, რომელსაც კაპიტალისტები ახვევენ თავზე მშრომელებს სოციალური წარმოების კერძო საკუთრებად მონოპოლიზებით, ავტორიტეტი, რომელსაც სახელმწიფო ახვევს თავზე საზოგადოებას, იმ კანონების და რეგულაციების შექმნით და დაცვით, რომლებიც ამყარებენ და იცავენ კაპიტალისტების პრეტენზიას საზოგადოებრივ წარმოებაზე, ავტორიტეტი ოჯახური ურთიერთობებისა, რომელიც საშუალებას აძლევს კაცს მართოს ქალი, მისთვის იმ საოჯახო საქმეების დაწესებით, რომლებიც მუშათა კლასის ცხოვრების კვლავწარმოებას ახდენენ და ა.შ. და ა.შ. მოცემულია გამოსადეგი ციტატა მიხაილ ბაკუნინის სტატიიდან, რა არის ავტორიტეტი? (1870 წ.) რომელიც იგივე საკითხე დაიწერა ენგელსის ნაშრომამდე არც თუ ისე ადრე. „ყველაზე ჯიუტმა ხელისუფლებმაც უნდა აღიარონ რომ ამის [საზოგადოებისთვის მეცნიერების გაცნობის] შემდეგ არ იარსებებს პოლიტიკური ორგანიზაციის, ხელმძღვანელობის ან კანონმდებლობის საჭიროება. ეს სამი რამ კი – მიუხედავად იმისა თუ საიდან წარმოდგება, მონარქის ნებიდან თუ საყოველთაო ხმისმიცემით არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებებიდან, და მაშინაც კი, როცა ის შესაბამისობაში მოდის ბუნების კანონთა სისტემასთან – რაც არც არასდროს მომხდარა და არც არასდროს მოხდება – თანაბრად მტრული და ფატალურია მასათა თავისუფლებისთვის, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ხალხს თავს ახვევენ გარეგანი და შესაბამისად – დესპოტური კანონების სიტემას.” “ადამიანის თავისუფლება სწორედ ამას ეფუძნება : იმას, რომ იგი ემორჩილება ბუნების კანონებს, რადგან მან ისინი თვითონ შეიცნო და არა იმიტომ, რომ ისინი მას თავზე მოახვია რაიმე გარე ნებამ, ღვთიურმა თუ ადამიანურმა, კოლექტიურმა თუ ინდივიდუალურმა.“

ეს განმარტება ცხადყოფს – როცა ანარქისტები ამბობენ რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტს, ისინი გულისხმობენ ერთი პიროვნების ბატონობას მეორეზე, ხალხთა მასების უხეშ და იერარქიულ კონტროლს ბიუროკრატიის მიერ, ექსპლუატაციურ ძალას, რომელსაც უფროსები ფლობენ მშრომელებზე, შეზღუდვას, რომელსაც კაცები თავს ახვევენ ქალებს პატრიარქალური სოციალური ნორმები. თუმცა, რას ამბობენ ანარქისტები იმ ავტორიტეტის შესახებ, რომელიც სოციალურ ორგანიზაციაში პრაქტიკული მიზნებისთვის იჩენს თავს? მოდით კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ბაკუნინს. „მაშასადამე, ვუარვყოფ თუ არა ყველა ავტორიტეტს? ჩემგან მსგავსი აზრები შორსაა. ჩექმებთან დაკავშირებით – მე მეწაღის ავტორიტეტს მივმართავ; სახლებთან, არხებთან თუ გზებთან დაკავშირებით – ინჟინერისას ან არქიტექტორისას ვითვალისწინებ. ამა თუ იმ განსაკუთრებული ცოდნისთვის ამა თუ იმ სწავლულს მივმართავ. თუმცა არც მეწაღეს, არც არქიტექტორს და არც სწავლულს არ ვაძლევ უფლებას საკუთარი ავტორიტეტი თავზე მომახვიოს. მე მათ თავისუფლად, მათი ინტელექტის, მათი პიროვნების და მათი ცოდნის მიერ დამსახურებული პატივისცემით ვუსმენ, კრიტიკის და შეფასების სრული უფლების შენარჩუნებით. არც მხოლოდ ერთი ავტორიტეტის რჩევით ვკმაყოფილდები – რამდენიმეს ვადარებ და მათ შორის ყველაზე მყარს ვირჩევ. ამისდა მიუხედავად – არანაირ უტყუარ ავტორიტეტს არ ვაღიარებ, თუნდაც განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებით; აქედან გამომდინარე – მიუხედავად ყველანაირი პატივისცემისა ამა თუ იმ პიროვნების პატიოსნებისა და გულწრფელობის მიმართ – არც ერთი პიროვნების აბსოლუტური რწმენა არ გამაჩნია. მსგავსი რწმენა ფატალური იქნებოდა ჩემი გონებისთვის, ჩემი თავისუფლებისთვის, და ჩემ მიერ წამოწყებული საქმეების წარმატებისთვისაც; ის მალევე გადამაქცევდა უჭკუო მონად, სხვათა ნების და ინტერესების ინსტრუმენტად.“ „მე ქედს ვიხრი განსაკუთრებულ ადამიანთა ავტორიტეტის წინაშე, რადგან იგი თავზე ჩემივე გონიერებამ მომახვია. მე ვაცნობიერებ ჩემს უძლურებას დეტალებამდე ჩავწვდე კაცობრიობის ცოდნის უდიდეს ნაწილს. უდიდესი ინტელექტიც კი ვერ გაუტოლდებოდა სრულ აღქმას. აქედან გამომდინარეობს, როგორც მეცნიერებისთვის – ისე ინდუსტრიისთვის, შრომის დანაწილების და ასოციაციის აუცილებლობა. მე ვიღებ და მე ვაძლევ – ასეთია ადამიანის ცხოვრება. თითოეული მართავს და თითოეულს მართავენ. შესაბამისად, არსებობს არა უცვლელი და სამუდამო ავტორიტეტი, არამედ საერთო, დროებითი და უმთავრესად – ნებაყოფლობითი ავტორიტეტის და სუბორდინაციის უწყვეტი ცვლა.“

აქ ვხედავთ, რომ ბაკუნინი ცნობს ავტორიტეტს, რომელიც დაფუძნებულია გამოცდილებაზე, ეფექტურობაზე, და პრაქტიკულ სოციალურ ორგანიზაციაზე, კერძოდ – იმ ავტორიტეტს, რომლის უარყოფასაც ენგელსი ანარქისტებს მიაწერს. ანარქისტებს სურთ დაკავშირებულ ხალხთა თავისუფალი შეთანხმებით შექმნილი ეფექტური, მსხვილმასშტაბიანი, ორგანიზებული საზოგადოება და, როგორც ასეთს, აღიარებენ დელეგაციის, გამოცდილების და ბუნებრივ კანონთა ავტორიტეტს. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენგელსის განცხადებები ანარქისტების მიერ სოციალურ ორგანიზაციაში პრაქტიკული ავტორიტეტის უგულებელყოფის შესახებ – ფუნდამენტურად არასწორია.

ავტორიტეტი რევოლუციაში

ენგელსი ასევე ამტკიცებს რომ რევოლუცია კაპიტალიზმის წინააღმდეგ ვერ განხორციელდება ავტორიტეტის გარეშე. ის ყვირის „უნახავთ თუ არა ამ ვაჟბატონებს ოდესმე რევოლუცია?!“ და აგრძელებს იმის აღწერას, თუ როგორ შეიარაღებენ თავს მშრომელები და როგორც განავრცობენ უმაღლეს ძალადობრივ და მტკიცე ავტორიტეტს მჩაგვრელებზე ზარბაზნებით, ხიშტებით და ა.შ… „უეჭველია, რომ რევოლუცია ყოველგვარ შესაძლებელ ავტორიტარულზე უფრო ავტორიტარულია. რევოლუცია ისეთი აქტია, რომლის დროსაც მოსახლეობის ერთი ნაწილი თოფების, ხიშტების, ზარბაზნების, ე.ი. უაღრესად ავტორიტარული საშუალებებით ახვევს თავს მოსახლეობის მეორე ნაწილს თავის ნებასურვილს. და თუ გამარჯვებულ პარტიას არ სურს დაჰკარგოს თავისი ბრძოლის ნაყოფი, მანდ უნდა სცადოს თავისი ბატონობა შეინარჩუნოს იმ შიშით, რომელსაც მისი იარაღი უნერგავს რეაქციონერებს. პარიზის კომუნა განა ერთ დღეზე მეტს გასძლებდა, რომ ბურჟუაზიის წინააღმდეგ შეიარაღებული ხალხის ავტორიტეტზე არ ყოფილიყო დაყრდნობილი? განა ჩვენ მართალი არ ვიქნებით, თუ იმას ვუსაყვედურებთ ამ კომუნას, რომ მან უფრო საკმაოდ არ გამოიყენა ეს ავტორიტეტი?“ მაშინ როგორ აღიქვამენ ანარქისტები რევოლუციას?

ანარქისტებს სრულებით გაცნობიერებული აქვთ, რომ რევოლუცია კაპიტალიზმის წინააღმდეგ ნიშნავს რომ მუშათა კლასი გადააგდებს კაპიტალისტურ კლასს ძალით და იმავე ძალას გამოიყენებს, რომლის საშუალებითაც რეაქციონერები კაპიტალისტური საზოგადოების შენარჩუნებას ცდილობენ. 1936-ში, ესპანეთში, ანარქისტული კავშირების – CNT-ს და FAI-ს – მიერ წარმართული სოციალური რევოლუციისას, მუშათა კლასმა იარაღი ხელში აიღო და ძალადობრივად შეეწინააღმდეგა ფრანკოისტი ფაშისტების გადატრიალების მცდელობას, რომელიც მათ ქვეყნის დატოვებას აიძულებდა. ამ სოციალური რევოლუციისას ანარქისტი ბუენავენტურა დურუტი ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ანარქისტებს ფაშისტური რეაქციული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. კითხვა შემდეგში მდგომარეობს – იმყოფება თუ არა ეს მასების რევოლუციური ძალა წინააღმდეგობაში ავტორიტეტთან ბრძოლასთან.

უკვე დავასკვენით, რომ ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტის მხოლოდ იმ ტიპს, რომელიც თავს მოხვეულია ზემოდან ერთი ხალხის მეორე ხალხზე ბატონობის და ექსპლუატაციის საშუალებით. ამ გაგებით, ენგელსის განცხადება რომ შევაბრუნოთ – რევოლუცია ყოველგვარ შესაძლებელ ანტი-ავტორიტარულზე უფრო ანტი-ავტორიტარულია. როცა მშრომელთა მასები ჯანყდებიან იმ წარმოების ხელში ჩასაგდებად, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ამუშავებენ, როცა ისინი ანადგურებენ სახელმწიფოს, რომელიც ძალადობრივად არ უშვებს მათ მიერ მსგავს მოქმედებას, როცა ქალები ეწინააღმდეგებიან და რეორგანიზებას უწევენ სოციალურ ურთიერთობებს, პატრიარქატის ადგილას – სქესთა შორის თანასწორობის შესაქმნელად, ხალხის მიერ ხალხის იერარქიული ჩაგვრა ნადგურდება სწორედ იმათი თავისუფალი ორგანიზაციით, ვინც აქამდე იძულებული ხდებოდა ნახსენებ ბატონობას დამორჩილებოდა. ანარქო-სინდიკალისტი რუდოლფ როკერი ნათლად წარმოადგენს ამ დებულებას, როცა ერთმანეთს ადარებს რევოლუციის მარქსისტულ და ანარქისტულ ხედვებს. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ რევოლუცია აბრეშუმის ხელთათმანით ვერ განხორციელდება. და ისიც ვიცით, რომ მმართველი კლასები საკუთარ პრივილეგიებს სპონტანურად [ იგულისხმება თვითმყოფადად და არა წამიერად ] არ დათმობენ. გამარჯვებული რევოლუციის დღეს, მშრომელებს მოუწევთ მიწის, ნიადაგის და წარმოების საშუალებათა თანამედროვე მფლობელებს საკუთარი ნება თავს მოახვიონ, რაც ვერ განხორციელდება – ზუსტად რომ ვთქვათ – მშრომელთა მიერ საზოგადოების კაპიტალის ხელში ჩაგდებით, და, უპირველესყოვლისა, იმ ავტორიტარული სტრუქტურის განადგურების გარეშე, რომელიც არის და მუდამ იქნება ციხესიმაგრე, რომელიც ხალხთა მასებს ბატონობის ქვეშ აკავებს. მსგავსი მოქმედება, ეჭვგარეშე, არის განთავისუფლების აქტი; სოციალური სამართლიანობის გამოცხადება; სოციალური რევოლუციის მთელი არსი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დიქტატურის ბურჟუაზიულ პრინციპთან.“

აქვს თუ არა ენგელსს რაიმე საფუძველი?

როგორც მისი არგუმენტების გამოძიება გვიჩვენებს, რეალურად – არა. ნაშრომის წაკითხვით ცხადი ხდება რომ ენგელს არანაირი გამოკვლევა არ უწარმოებია „ანტ-ავტორიტარიანელების“ პოზიციებზე. ის ბაკუნინის მსგავს ანტი-ავტორიტარიანელებთან დებატში ჩნდება, პასუხის გაცემის აუცილებლობას გრძნობს და ანტი-ავტორიტარიანულ ხედვაზე საკუთარ წარმოდგენებს ქუდიდან ჯადოსნურად აძვრენს, მიუხედავად მათი კავშირისა ანტი-ავტორიტარიანელთა რეალურ ხედვებთან. ის იერარქიულ ბატონობას და ექსპლუატაციას, რომელსაც ანარქისტები ეწინააღმდეგებიან, ადარებს თავისუფლად დაკავშირებულ ხალხთა პრაქტიკულ სოციალურ ორგანიზაციას, და შემდეგ, უარესს – ამ ექსპლუატაციის და დომინაციის სისტემათა გადაგდებას – ამავე სისტემებს. თუმცა ამ მარქსისტული საღი აზრის ახლა უარყოფა ცოტა დაგვიანებულია.

[ წყარო ]

დამატებითი განხილვა შეგიძლიათ იხილოთ ანარქისტებზე ხშირად დასმულ კითხვებში: სექცია H. რატომ ეწინააღმდეგებიან ანარქისტები სახელმწიფოებრივ სოციალიზმს? ქვეკატეგორიაში: H.4 Didn’t Engels refute anarchism in “On Authority”?

ბიბლიოგრაფია :

ავტორიტეტის შესახებ – ფრიდრიხ ენგელსი

რა არის ავტორიტეტი? – მიხაილ ბაკუნინი

ანარქო-სინდიკალიზმი : თეორია და პრაქტიკა – რუდოლფ როკერი

დურუტი მკვდარია, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხლობს – ემა გოლდმანი

ანარქიზმი და სოვიეტიზმი – რუდოლფ როკერი