კარლ პოპერი – ცოდნის სოციოლოგია

ტექსტის PDF ვერსია + წინასიტყვაობა (20 გვერდი)

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

ჩვენ, ანარქისტები იდეების მიმდევრები ვართ და არა ავტორიტეტის”, ეს არსებითად მეთოდოლოგიური ფრაზა, რომელიც ანარქისტს, ერიკო მალატესტას ეკუთვნის, კარგად გამოხატავს და ამართლებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომელთაც ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე შეიძლება წააწყდეთ, სადაც განთავსებულია ისეთი ავტორების ტექსტებიც, რომელთაც ბიოგრაფიულად საერთო არაფერი ქონიათ ანარქისტულ მოძრაობასთან, მაგრამ მათ გამოქვეყნებას მნიშვნელოვნად ვთვლით საღი აზრის ორმირებისთვის.

მსგავს ავტორს მიეკუთვნება მეცნიერების ფილოსოფოსი კარლ პოპერი, რომელსაც არა თუ არ ქონდა პირდაპირი კავშირი ანარქიზმთან, ის იყო უახლოესი მეგობარი ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგის, ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი ეკონომისტის, ფრიდრიხ ჰაიეკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ პოპერის ყველაზე ცნობილი ორი მოსწავლედან ერთი, ჯორჯ სოროსი, კაპიტალისტად ჩამოყალიბდა, ხოლო მეორე, პოლ ფეიერაბენდი, ანარქისტად. Paul Feyerabend – Against Method: Outline of an Anarchistic Theory of Knowledge.

იდეის მნიშვნელობასთან ერთად, მალატესტას ფრაზაში იკვეთება ავტორიტეტის პრობლემა. მეცნიერული მეთოდი გულისხმობს “ცოდნას ავტორიტეტის გარეშე და რომ, რაც არ უნდა ღრმად შეაღწიოს ჩვენმა ცოდნამ შეუცნობელში, ჩვენს ცოდნაში არ მოიძებნება ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც კრიტიკა ვერ მიწვდება, ჩვენ უნდა დავიცვათ იდეა, რომ ჭეშმარიტება ადამიანურ ავტორიტეტზე მაღლა დგას. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ იგი, ვინაიდან ამ იდეის გარეშე ვერ იარსებებს კვლევის ობიექტური სტანდარტები, ჩვენი ცრურწმენების კრიტიკა, შეუცნობელის შესწავლა, ცოდნის ძიება. “ – კარლ პოპერი.

აქედან გამომდინარე, ცხადია, რაც არ უნდა ჭეშმარიტებას ღაღადებდეს ინდივიდი სიცოცხლის რომელიმე ფაზაში, არ შეიძლება მას ბრმად მივენდოთ ყველაფერში. ამას მოწმობს ისტორიაც, ძნელად თუ მოიპოვება ინდივიდი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ობიექტურობას ინარჩუნებდა. თუმცა, “ობიექტურობა” ხშირად სოციალური კონსტრუქციაა და ის იცვლება, ამიტომ საჭიროა მათი ჰერმენევტიკულ შეფასება. “მეორეს მხრივ, ადამიანებს ზოგჯერ ცოდნის შემდგომ ევოლუციაზე ისეთი გავლენა შეიძლება ქონდთ, რომელსაც თავად ვერც კი წარმოიდგენდნენ. მაგალიად ელექტროობის აღმომჩენები, ვერც გალვანი და ვერც ვოლტა ვერ წარმოიდგენდნენ ელექტროდინამიკის შემდგომ განვითარებას და გამოყენებას და, მაშასადამე, ვერც შედეგებისთვის დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა” – ვერნერ ჰაიზენბერგი, “მეცნიერების პასუხისმგებლობის შესახებ”.

თუ ნეოლიბერალის მეგობარ კარლ პოპერში შეიძლება ვიპოვოთ “ანარქიზმი”, შეიძლება ანარქიზმთან ახლოს მყოფ ავტორიტეტში მოიძებნოს “ნეოლიბერალიზმი”? დიახ, ცოცხალ სამყაროში ყოველთვის არსებობს გამონაკლისები.

მაგალითად, როგორც დანიელ ზამორა ამტკიცებს თავის წიგნში “ფუკო და ნეოლიბერალიზმი”, ცხოვრების ბოლოს, მიშელ ფუკომ გამოავლინა სიმპათია ნეოლიბერალიზმის მიმართ.

უდავოა მიშელ ფუკოს კონტრიბუცია ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიც იყო ფსიქიატრია, ციხე, ან სექსუალობა, მან სინათლე მოფინა ჩაგვრის მთელ სპექტრს, რომლებიც მანამდე უხილავი იყო, ან იგნორირებული ან მარგინალიზებული დომინანტი ინტელექტუალების მიერ. რათქმაუნდა ფუკო იყო თავისი ეპოქის ნაწილი, უფრო ფართო სოციალური კონტექსტის, და ის არ იყო პირველი და ერთადერთი ვინც ამ თემებზე დაიწყო მუშაობა. შეიძლება ითქვას რომ ეს იდეები წარმოადგენდა მთელი რიგი მოძრაობებისა და ინტელექტუალური დისკურსის პროდუქტს. მაგალითად, იტალიაში იყო ანტი-ფსიქიატრიული მოძრაობა ინიცირებული ფრანკო ბასაგლიას მიერ, თუმცა ე ფუკოს, როგორც ინიდივიდის მნიშნელობას არ აკნნებს, პირიქით, ფუკომ უფრო მეტად გაუხსნა გზა მრავალ მკვლევარს ახალი ტერიტორიებისკენ, რომლებიც მანამდე ცოტათი თუ იყო ათვისებული.

დავიწყოთ უფრო შორიდან, სოციალიზმის ორი განსხვავებული სკოლის, ავტორიტარული მემარცხენეობის (მარქსიზმი) და ანარქიზმის (ლიბერტარული მემარცხენეობა) ტრადიციაში უთანასწრორობის აღწერისას ორი სიტყვა გამოიყენებოდა, პირველი სკოლის წარმომადგენლები უფრო იყენებდნენ ტერმინ ექსპლუატაციას, ხოლო მეორენი, მის “ექვივალენტურ” სიტყვად დომინაციას. ამ სიტყვებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. ექსპლოატაცია ნიშნავს მშრომელისგან ჭარბი ღირებულების ამოღებას და ის ეკონომიკური ტიპის ტერმინია, თუმცა მას ასევე პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თავის დროზე მარქსი წერდა, რომ ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის არ არსებობდა რაიმე გამყოფი, რომ დანარჩენი, ხელოვნებაც, ეკონომიკაზე “ზედნაშენს” წარმოადგენდა.

დომინაცია ბევრად უფრო ელასტიური კონცეპტია ვიდრე ექპლოატაცია და შეიძლება მოერგოს სხვადასხვა სოციალურ არენებს. არსებობს ეკონომიკური დომინაცია, რათქმაუნდა, მაგრამ ასევე არსებობს რასობრივი, გენდერული, სქესობრივი, საგანმანათლებლო, ოჯახური დომინაციები და სხვა. დომინაცია, ექპლოატაციისგან განსხვავებით, შეიძლება არსებობდეს სოციალური ურთიერთობების ნებისმიერ სფეროში, როცა ექსპლოატაცია, მიუხედავად მისი ზემოქმედებისა მთელ სოციალურ სპექტრზე, მხოლოდ ერთ კონკრეტულ სოციალურ სივრცეში – სამუშაო სივრცეში არსებობს.” – ტოდ მეი, “ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე”

პოსტ-სტრუქტურალისტი ფილოსოფოსი ტოდ მეი აღნიშნულ ესეში აგრძელებს, “მაგალითად, გენდერული დომინაცია შეიძლება კავშირში იყოს ექპლოატაციასთან, თუმცა ექსპლოატაციამდე ვერ შევკუმშავთ. ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად თანაკვეთენ ერთმანეთს, და ასეც არის, მაგრამ ორივეს აქვს დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც საჭიროებს თავ-თავის ანალიზსა და ჩარევას. ლოკალური და ურთიერთთანაკვეთი სოციალური და პოლიტიკური ფენომენის ანალიზები ანაცვლებს ერთ, ყოვლისმომცველ ანალიზს, რომელიც მთელ სოციალურ სივრცეს გარს ერტყმის. უნდა გვესმოდეს ისტორია და ხასიათი თითოეული დომინაციის ფორმისა, როგორ მუშაობს და როგორ ენათესავება სხვა ფორმებს, როგორ აძლიერებს და ძლიერდება მათი დახმარებით.

აქვე დავამატოთ კიდევ ერთი იდეა, რომელიც დომინაციის განმარტებაში არსებული ჩვეული ძალაუფლების იდეას უფრო ართულებს. ძალაუფლებას ხშირად განვიხილავთ მარტივად – როცა A-ს შეუძლია აიძულოს B, გააკეთოს ის, რაც A-ს სურს, B-ს სურვილის ან ინტერესების წინააღმდეგ. ამ კუთხით ფიქრისას ძალაუფლებაზე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პირველი, რომ ის აუცილებლად გააზრებულად გამოიყენება და მეორე, რომ ის აუცილებლად მოიცავს პიროვნების, ან პიროვნებათა ჯგუფისგან სხვისი, ან სხვების შეჩერებას გააკეთონ ის, რასაც სხვა შემთხვევაში გააკეთებდნენ. ზუსტად ამ ორი დასკვნის ძირის გამოთხრა წარმოადგენს ფუკოს კონტრიბუციას ანარქისტულ აზროვნებაში”.

ჯერ კიდევ პეტრე კროპოტკინი, წარსულში კომუნისტური საზოგადოებების კრახის მიზეზების ანალიზისას, თავის ტექსტში “კომუნიზმი და ანარქია”, აღწერდა ჩაგვრას მჩაგვრელის არსებობის გარეშე, მონასტერის მაგალითზე, სადაც მიუხედავად ეკონომიკური თანასწორობისა არსებობდა დომინაცია უხილავის მიერ. თუმცა ფუკოს გატაცებამ ძალაუფლების გამოვლენაში, მიიღო ფსიქოანალიზის ფორმა, ქმედებების მიღმა დაფარული მოტივების გამოაშკარავების ტენდენცია.

მეცნიერული ობიექტურობა რომ მართლაც ინდივიდუალური მეცნიერის მიუკერძოებლობას ემყარებოდეს, მაშინ იძულებული გავხდებოდით დავმშვიდობებოდით მას. მეცნიერებს არ უცდიათ უფრო დიდ სიმაღლეზე აცოცება, სადაც შეძლებდნენ თავიანთი იდეოლოგიური კაპრიზების გაგებას, გაანალიზებას და აღმოფხვრას. თავიანთი გონების “გაობიექტურობით” მეცნიერებმა ვერ მიაღწიეს იმას, რასაც “მეცნიერულ ობიექტურობას” ვუწოდებთ. და რაც არ უნდა ირონიულად მოგვეჩვენოს, მეცნიერული ობიექტურობა მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერული მეთოდის სოციალურ ასპექტთან. […] ცრურწმენებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა ისააა, რომ არ არსებობს მათი მოცილების პირდაპირი გზები. როგორ უნდა გავიგოთ, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ჩვენი ცრურწმენების უკუგდების მცდელობაში? საერთო გამოცდილება ხომ გვკარნახობს, რომ ის, ვინც ყველაზე მეტადაა დარწმუნებული, რომ თავიდან მოიცილა ცრურწმენები, სინამდვილეში ყველაზე მეტადაა მოცული ცრურწმენებით? სრულიად მცდარია ის აზრი, რომ ცრურწმენათა სოციოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ანთროპოლოგიურ თუ ნებისმიერი სხვა სახის შესწავლას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ცრურწმენების თავიდან აცილებაში. ასეთი შესწავლთ დაკავებული ადამიანი სავსეა ცრურწმენებით. და თვითანალიზი არა მხოლოდ არ გვეხმარება ჩვენს შეხედულებათა არაცნობიერი სამყაროს დაძლევაში, არამედ ხშირად უფრო მეტ თვითმოტყუებამდე მივყავართ”. კარლ პოპერი – “ცოდნის სოციოლოგიის შესახებ”

საკმარისია ცრურწმენა ჩაანაცვლოთ სიტყვა “ძალაუფლებით”.

და მაინც, თუ ძალაუფლება არსებობს ყველგან და ჩვენი ჩამოყალიბების ყველა ასპექტში იღებს მონაწილეობას, ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა. როგორ უნდა შედგეს პოლიტიკური წინააღმდეგობა? მართალია ფუკო ყოველთვის თავშეკავებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის ძალიან მოხიბლული იყო ლიბერალური ეკონომიკით: ის მასში ხედავდა ნაკლებ ნორმატიულ და ავტორიტარულ მმართველობის შესაძლებლობას, სახელმწიფოებრივი სოციალისტებისაგან განსხვავებით. განსაკუთრებით ნეოლიბერალიზმში მან დაინახა “ნაკლებ ბიუროკრატიული” და “ნაკლებ დისციპლინური” პოლიტიკური ფორმა, ვიდრე ომის შემდგომ კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელში.

ამგვარად, ის არამარტო დაუპირისპირდა სოციალური დაცვის ინსტიტუციებს, რომელსაც პრინციპში ბევრი ხარვეზი გააჩნდა, არამედ მხარი დაუჭირა ამ იდეის ალტერნატივას, ნეგატიურ საშემოსავლო გადასახადებს (NIT), რომელიც იმ დროს შემოთავაზებული იქნა მილტონ ფრიდმანის მიერ, და რომელიც ასევე ითვლება ნეოლიბერალიზმის იდეოლოგად.

როდესაც პურს ვჭამთ, ჩვენთვის სულ ერთია ვისი მოყვანილია იგი: კომუნისტისა თუ კაპიტალისტის, შავკანიანისა თუ თეთრკანიანის. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ახერხებს ბაზარი ეკონომიკური ინტერესების განცალკევებას პოლიტიკური შეხედულებებისგან და იცავს ადამიანებს დისკრიმინაციისაგან”. მილტონ ფრიდმანის ეს ფრაზა აშკარად მალავს ექსპლუატაციას.

მილტონ ფრიდმანის და მთელი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლების გამომგონებლობა იმისკენ იყო მიმართული, რომ იდეოლოგიური საფუძველი შეექმნათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოქმედი, თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმისათვის.

მკვლევარების, და განსაკუთრებით პროკაპიტალისტი აკადემიკოსების მიერ დომინაციის თეორიტიზებამ უფრო მნიშვნელოვან პრობლემად გახადა დისკრიმინაციის ფორმები ვიდრე ექსპლუატაცია. ამგვარად ძალაუფლება დიფუნდირდა, დომინაციის სისტემები დეცენტრალიზდა და სწორედ ეგ იქცა თანამედროვეობის რეალურ პრობლემად.

ცხადია ნეოლიბერალური დღის წესრიგის ფორმირებაში ფუკოს ვერ დავადანაშაულებთ, მეტიც, ის პირველი დაუპირისპირდებოდა ამ უხილავ ძალაუფლებას, რომელიც სინამდვილეში ბევრი კომპლექსური ღონისძიების შედეგად დამკვიდრდა, მათ შორის ინდუსტრიის მესამე სამყაროს ქვეყნებში გადატანით, რომ გაეწიათ ექსპლუატაცია დაუცველი იაფი მუშა ხელისთვის. ამით კაპიტალიზმა ორი კურდღელი დაიჭირა, რადგან დეინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია პროფკავშრების შესუსტება, რომლებიც სახელმწიფოს და დიდ კაპიტალს დათმობებზე წასვლას აიძულებდნენ.

მეორეს მხრივ, როგორც 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. ბევრ სოციალურ აქტივისტს დღესაც გონია სახელმწიფო მუშათა კლასის სასარგებლო პოლიტიკური ინსტრუმენტი, როცა სწორედ თანამედროვე სახელმწიფო მანქანა იყო თავდაპირველად ლეგალიზებული კაპიტალიზმი. [ სოციალ- დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი ]

აქედან შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ სოციალური დაცვა სხვა არაფერია თუ არა იარაღი სოციალური კონტროლისთვის დიდი კაპიტალის მიერ, მაგრამ სოციალური დაცვის სისტემები არ წარმოადგენდა ბურჟუების პირდაპირ იარაღს მასების კონტროლოსთვის. ხშირად ის უპირისპირდებოდა ბურჟუაზიის ინტერესებს, რადგან სოციალური დაცვის ბევრი ინსტიტუცია აღმოცენდა მუშათა კლასის ინიციატივით შექმნილი ურთიერთდახმარების ორგანიზაციათა ფართო ქსელიდან. ამიტომ ნეოლიბერალიზმი სწორედ ამ ინსტიტუციების წინააღმდეგ განხორციელებული მეთოდური შეტევა იყო.

თუმცა საზოგადო კეთილდღეობის გაიგივებამ ბიუროკრატიულ მენეჯერიზმთან შეაფერხა სხვა უფრო დემოკრატიული, კოლექტიური მიდგომების განვითარება. კერძო სექტორი მოხარულია, იტვირთოს გადახდისუნარიანი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დანარჩენებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ მინიმალური

მომსახურებით ან ხელახლა შექმნან მე-19 საუკუნეში აღმოცენებული ურთიერთდახმარების ინსტიტუტები. თანამედროვე საზოგადოებამ უკვე შეიტყო, როგორც სოციალისტური, ისე კაპიტალისტური ალტერნატივების შეზღუდული სიკეთეების შესახებ. (კოლინ ვარდი “ანარქიზმი: თავი 3 სახელმწიფო, საზოგადოება და სოციალიზმის კრახი)

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერი განმანთავისუფლებელი მოძრაობა უნდა იყოს ჩაგვრის ყველა ფორმის წინააღმდეგ უნივერსალური პოზიტიური ალტერნატივით, რომელიც ნიშნავს აპელირებას არა იდენტობაზე, განსხვავებებზე და შურისძიებაზე, არამედ საერთოობაზე, რომ შესაძლებელ იქნას ყველასი თანაცხოვრობა, ისე რომ არავინ იქნას დაჩაგრული.

ამგვარ ბრძოლას აღწერს ტერმინი ინტერსექციური ბრძოლა.

კვლავ კარლ პოპერს რომ დავუბრუნდეთ, მისი წინამდებარე ტექსტი აგრეთვე შეიცავს მარქსიზმის კრიტიკას, როგორც მეცნერული მეთოდის იმ კრიტერიუმის ნაწილს, რომლის მიხედვით კარგი თეორია იძლევა წინასწარმტყველების შესაძლელობას. სახელმწიფოებრივი კომუნიზმის კრახი, ჯერ კიდევ მარქსის თანამედროვე ანარქისტებმა, პირველმა პრუდონმა, და შემდგომ უკვე ბაკუნინმა, იწინასწარმეტყველეს. აგრეთვე რევოლუციის ბოლშევიკური გზა, როგორც კონტრევოლუციური.

თავის მხრივ კარლ პოპერის ნაშრომს რეფრენად აშკარა ანარქისტული ელემენტები გასდევს, მაგალითად მისი იდეა სოციალურ ინჟინერიაზე, რომელიც მან უტოპიზმის საპირწონედ გამოთქვა. პოპერი გულაცრუებული იყო რევოლუციის კრახის გამო, ამიტომ მის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ საზოგადოება, რომელსაც ის აღწერს არსებითად რევოლუციურია. თავისუფალი ინიციატივა, მისი აგორაზე გატანა და კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია მოგებაზე ორიენტირებულ თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც არსებობს ძალის მონოპოლია, “როცა არის კლასობრივი საზოგადოება, იდეები ხორციელდება არა ბრწყვინვალე რაციონალური კონსტრუქციების გამო, არამედ სოციალური ძალების ინტერესთა კონფლიქტის შედეგად” (პოპერი). გადაწყვეტილების მიღების რაციონალური გზა, რომელსაც პოპერი აღწერს შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ დემოკრატიაში. “დემოკრატია აღქმული სერიოზულად – არის ანარქია (Edward Abbey), სწორედ ეს აქცევს ანარქიზმს რევოლუციურ პრაქსისად.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019

წყარო: კარლ პოპერი “რჩეული ნარკვევები”. გამომცემლობა “დიოგენე” 2000 წელი. მთარგმნელი: ნოდარ მანჩახაშვილი. თუმცა ქართულ ვერსიას ქვია “ცოდნა სოციოლოგიის წინააღმდეგ”, ხოლო ორიგინალს ეწოდება “The Sociology of Knowledge” source: Karl popper, The Open Society and its Enemies, Volume 2, London: Routledge & Kegan Paul, 1962, pp. 212-223, 351-352