მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე



კვირა არ გავა ისე, რომ არ გავრცელდეს მედიაში ცნობა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის შახტებში, ტყიბულსა და ჭიათურაში.  წინამდებარე ტექსტი არის ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივის მიერFacebook გვერდზე გამოქვეყნებული ორი წერილის კრებული, რომლის პირველი ნაწილი ეხებოდა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციის კრიტიკას, მათ მოთხოვნებს,  ხოლო მეორე ნაწილი, გამოქვეყნდა დისკუსიისა და სამწუხაროდ დრამატული სტატისტიკის ზრდის შემდეგ. 

I

დღეისათვის, ლიბერალებისა და ბევრი სოციალისტისთვის, მიმზიდველი თემაა მუშების უფლებების, უფრო სწორედ, შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა. მაგრამ გაოცებას იწვევს საპროტესტო მოძრაობა მუშათა უფლებების დაცვის ლოზუნგით, რომელშიც არ მონაწილეობენ მუშები და რომელიც ბრძოლის ერთადერთ იარაღად მიიჩნევს დავის გადაწყვეტის სახელწიფოსთვის მინდობას. რაც საერთო ჯამში საზიანოც კი არი ჩანასახის ეტაპზე მყოფი სოციალური მოძრაობისათვის.

იმის ნაცვლად, რომ მოძრაობის წევრებმა მოახდინონ მუშების გაერთიანება, შეუწყონ ხელი მათ ერთიან გამოსვლას, შექმნან სარეზერვო ფონდი, რომელიც მუშებს საშუალებას მისცემს გამართონ ხანგრძლივი გაფიცვა და აიძულოს „დამსაქმებელი“ რეალურ დათმობაზე წავიდეს, ისინი მართავენ აქციას ძირითადად სტუდენტებზე დაყრდნობით, რომელთა ეკონომიკური ინტერესები რეალურად ამ შემთხვევაში არ იბღალება, მაგრამ ისინი მოქმედებენ მუშათა სახელით, მცირერიცხოვანი განათლებული ელიტა, რომელიც მფარველობს გაუთვითცნობიერებელ მუშებს. ნაცვლად იმისა, რომ შეუწყონ ხელი მუშებში კლასობრივი იდენტობის გაღვივებას და საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად გამოტანას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაქრება საჭიროება შუამავლისა მუშებსა და „დამსაქმებლებს“ შორის. რომლის ნიშის დაკავებისთვის რამდენიმე ჯგუფიც კი იბრძვის, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. პროტესტულ მოძრაობას აქვს მომავალი და დადებითი მუხტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწყება ქვემოდან, თუ მუშის უფლებების დაცვას პირველ რიგში მუშები ღებულობენ თავზე. სტუდენტებს, რათქმაუნდა აქვთ უფლება შეუერთდნენ მათ პროტესტს და სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება მიითვისონ სხვისი უფლებების დამცველობა. სოციალური კლასის ბედი არ უნდა იყოს მიბარებული მცირერიცხოვან ჯგუფზე, რამდენადაც გულწრფელი არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი. მსგავსი სისტემა ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი, იგივე მუშები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხმის მიცემის საშუალებით მათთვის უცნობი პირებიდან, ირჩევენ ყველაზე სანდო გარეგნობის კანდიდატს, რომელიც წარადგენს მათ სახელმწიფოს წინაშე. რითი განსხვავდება ეს პროტესტი ამ სისტემიდან? მხოლოდ ფორმატით. მუშა ორივე შემთხვევაში თამაშს გარეთაა ხოლო მისი ხმით სხვა ლაპარაკობს.

კიდევ უფრო დიდ ეჭვს იწვევს პროტესტის ფორმა. ვის მიმართავს ის პროტესტით? ბიზნესს თუ სახელმწიფოს? ვინაიდან ბიზნესს არანაირ უხერხულობას არ უქმნის და არ უშლის დაგეგმილი გზით მოგების მიღებას, ანუ არ გააჩნია პროტესტის ამ ფორმით ზემოქმედების არანაირი იარაღი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის იმედებს ამყარებს სახელმწიფოზე, კაპიტალისტურ სახელმწიფოზე, რომლის პარლამენტში უმრავლესობა კაპიტალისტია, რომლის მინისტრთა კაბინეტები კაპიტალისტებს უკავიათ და რომლის პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიისათვის კაპიტალისტებიდან ღებულობს შემოწირულობას. პროტესტის მოთავეები იმედოვნებენ, რომ ეს სახელმწიფო, რომლის არსიც გაბატონებული კაპიტალისტთა კლასის ინტერესების დაცვაშია, ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნდება და თავის სადამსჯელო აპარატს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს, იმიტომ რომ პლაკატზე გულის ამაჩუყებელი ლოზუნგი ეწერება. ამ გზით ხდება ლეგიტიმაცია სახელმწიფოს მიერ უზურპირებული ძალაუფლებისა, გასცეს უფლებები, უფრო სწორედ დააკისროს ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოვალეობები.

ერთის მხრივ რა უნდა იყოს იმაზე სამართლიანი, თუ მუშის სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება? რათქმაუნდა არაფერი, მაგრამ ეს არ უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოს კეთილი ნებიდან, არამედ მუშათა მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ძალიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ მუშების ვალდებულებებს იმუშაონ არანორმირებული დროით, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ეკონომიკურ იძულებათა გამო გაასხვისონ საკუთარი შრომა, დათანხმდნენ შრომის უმძიმეს პირობებს სიციალური გარანტიების გარეშე, რომლებიც ერთიანობაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო მეტ სიცოცხლესაც კი იწირავს, ვიდრე უბედური შემთხვევები მშენებლობაზე. ეს ვალდებულებები ისევე გამომდინარეობს სახელმწიფოდან, როგორც მუშათა შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა, და ერთის აღიარებით ჩვენ ავტომატურად ვაღიარებთ ყველა დანარჩენსაც. პარალელურად, ქვეცნობიერად სახელმწიფოს აღვიქვამთ ჩაგრულთა დამცველად, როცა სახელმწიფო არის ჩრდილი კაპიტალისტისა, რომელიც ღებულობს მუშის სიცოცხლეს მსხვერპლად საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

სახელმწიფოსთან აპელირება პროტესტული მოძრაობის განვითარების საზიანო მიმართულებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ საპროტესტო მუხტის გაფლანგვა და დიდი ხნით ჩაკლას იმ პროგრესის პერსპექტივა, რომლის მიღწევაც ჯერ კიდევ შეიძლება რეალური მუშათა მოძრაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობით. მაგრამ ამისათვის საჭიროა არა მესიისა და ზანგებზე მზრუნავი თეთრი ბატონის როლის თამაში, არამედ მუშათა დახმარება თვითორგანიზებაში, სახელმწიფოსა და კაპიტალისტის ერთ ორგანიზმად განხილვა, კაპიტალისტისათვის ფინანსური ზარალის მიყენება, მუშების გულის მოგება კაპიტალისტს უფრო იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე მასთან ბრძოლა.

ეფექტურ სოციალურ მოძრაობას ხელს უშლის უმუშევრობა, მათ შორის წვრილი ბიზნესი და სოფლის მეურნეობა, რომლებიც საქართველოში უმუშევრობის ნაირსახეობაა და რომლებმაც ერთიანობაში „ეროვნული ტრაგედიის“ მასშტაბები მიიღო, მისთვის დამახასიათებელი გამწვავებული კონკურენციით, მშრომელთა და დასაქმების მაძიებელთა შორის, არ იძლევა მათი ინტერესების კონსოლიდირების საშუალებას და უადვილებს სახელმწიფოსა და მას ამოფარებულ კაპიტალისტებს დაბეჩავებული ხალხის შრომის შედეგების და ეროვნული სიმდიდრის მითვისებას. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მდგომარეობის შეცვლისათვის კაპიტალისტთა გულშემატკივრობა გვმართებს არა იმიტომ, რომ «მათ მიერ შექმნილი» სამუშაო ადგილებით რადიკალურად გამოსწორდება ქვეყანაში შექმნილი დამთრგუნავი სოციალ-ეკონომიკური ფონი. არა, ამის ილუზია არც უნდა გვქონდეს, საქართველო უცხოური კაპიტალისათვის, თავისი იაფი მუშახელით თავად წარმოადგენს იმ აუცილებელ რესურს, რომლის ხარჯზეც ხდება დასავლელი პროლეტარიატის შრომის ღირსეული ანაზღაურება, რომელზეც ოცნებობენ ჩვენი მემარჯვენეები და რომლის მაგალითზეც გვიხატავენ იდეალისტურ სურათებს, მგლების და ცხვრების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. ქართულ კაპიტალს არ შესწევს არც ძალა, არც ენერგია და არც უნარი აითვისოს ჩვენზე კიდევ უფრო ჩამორჩენილი შრომის ბაზარი და ექსპლუატაციის სიმძიმის საზღვრებს გარეთ გადატანით აამაღლოს როგორც თავისი, ასევე ქვეყნის შიგნით ექსპლუატირებადი მოსახლეობის ცხოვრების დონე, როგორც ეს ქნა დასავლურმა კაპიტალმა. ამიტომ უმუშევრობის ლიკვიდირების შემთხვევაშიც, შრომა დასაქმებულისათვის არ იქნება გარანტი იმისა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქციის იმ ნაწილით რომელიც მისთვის გაიმეტა „დამსაქმებელმა“ ის შეძლებს თუნდაც საკუთარი ცხოვრების, ღირსეული პირობების უზრუნველყოფას. სამაგიეროდ კაპიტალისტური ფორმის ურთიერთობებში ჩაბმულ ადამიანთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზრდება ანტაგონიზმის სიმწვავეც. ფართო მხარდაჭერა ექნება სოციალისტურ პროპაგანდას, რომელიც ტელევიზიასა და მედიაში დახატულ მირაჟს დაუპირისპირებს მტკივნეულ მაგრამ გამომაფხიზებელ რეალობას. ადამიანი სოციუმთან მიმართებაში, საკუთარი ადგილის იდენტიფიცირებას მოახდენს არა ნაციონალური ან რელიგიური ნიშნის მიხედვით, არამედ წარმოების იარაღთან არსებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. საერთო ობიექტური ეკონოიკური ინტერესები, ისეთი პრიმიტიული და სასიცოცხლო, როგორიცაა ანაზღაურების გაზრდა, შრომის საათების შემცირება, სოციალური გარანტიების შემოღება, არის ის შემაკავშირებელი იდეა, რომელიც გარდაქმნის პროლეტარიატს, რევოლუციისა და პროგრესის მატარებელ ძალად. ამიტომ უნდა ვუბიძგოთ კიდეც კაპიტალისტებს რათა დააჩქარონ საფლავის გათხრა. ხოლო ვისთვის აღმოჩნდება ეს განსასვენებელი, დამოკიდებულია იმაზე, გავბედავთ თუ არა მომავლისაკენ ნაბიჯის გადადგმას, საფლავზე გადაბიჯებას, რისი უნარიც როგორც ვხედავთ კაპიტალიზმს არ შესწევს. ამისათვის საჭიროა არა პოლიტიკური ქულებისათვის მებრძოლი მცირერიცხოვან ელიტებს შორის რომელიმე ჯგუფისათვის ჩვენი ბედის გადაბარება, არამედ ყველა ადამიანის ყოველდღიური ბრძოლა იმ გარემოს შექმნისათვის, რომელშიც მას შესაძლებლად მიაჩნია ღირსეული ცხოვრება და არა სახელმწიფოს მიერ ჩვენთვის მიწერილი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისათვის ბრძოლა, რომელთა შესრულებაც ცხოვრების ღირსეულ პირობებს, მხოლოდ უღირს ადამიანებს უქმნის.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 13. 02. 2018

I I 

ვინაიდან ობიექტური ისტორიული რეალობიდან გამომდინარე საქართველოში არ არსებობს სოციალური პროტესტის ტრადიცია და ის მხოლოდ ეხლა, ძალზედ მოუხერხებლად და მორცხვად იწყებს ფორმირებას, უსაფუძვლო არ იქნება თუ ვივარაუდებთ რომ არც ერთ ცალკე აღებულ ძალას, რომელიც კი შეიძლება იყოს დაინტერესებული ამ საკითხით, არ ჰყოფნის ადამიანური, ადმინისტრაციული, თუ ფინანსური რესურსი, რათა დამოუკიდებლად შესძლოს და გაატაროს, მშრომელთა დაცვისათვის აუცილებელი ზომები. აქედან გამომდინარე გვსურს რა ჩვენი მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ კეთილშობილურ ბრძოლაში, მოვუწოდებთ ყველა ძალას რომელსაც კი შესწევს ამის უნარი გვერდზე გადადოს, იქნება ეს პოლიტიკური ინტერესი თუ პირადი სარგებლის მოპოვების სურვილი და “ბარიკადებზე” ისროლოს ხალხთან ერთად და არა ხალხს. ამ საერთო მოძრაობის (რომლის მითვისების ან პერსონალიზირების უფლება ვგონებთ ვთანხმდებით რომ არავის არ აქვს) წევრებს განსახილველად ვთავაზობთ, მშრომელთა უფლებებისათვის ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, მოქმედების ჩვენეულ ხედვას, რომელიც ემყარება არა მხოლოდ ჩვენს პირად მოსაზრებას არამედ ანარქისტული და ზოგადად სოციალისტური მოძრაობის, მსგავსი ბრძოლის, მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას.

1) აგიტაცია ადგილზე

სტუდენტობას და მასთან გაერთიანებულ სოციალურად აქტიურ ფენას ფიზიკურად არ შესწევს ძალა იყოს რომელიმე კლასის რეალური უფლებების რეალური დამცველი, მას საუკეთესო შემთხვევაში შესწევს ძალა დაიცვას მხოლოდ თავისი ინტერესები და ასეთივე თავდაცვის საშუალება უნდა მივსცეთ მუშებსაც (და სხვა მშრომელებსაც, თუ ისინი არ ცვივან სიმაღლიდან, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი ბევრად უმჯობესი პირობებით ყიდიან თავის შრომას და ასხვისებენ თავისი შრომის შედეგებს). ძნელია ადამიანებს, რომლებიც უმძიმეს შრომას აკლავენ მთელ თავის ენერგიასა და ჯანმრთელობას ისე რომ “ოჯახური იდილიით” ტკბობისათვიისაც აღარ რჩებათ ძალები, მოვსთხოვოთ პოლიტიკური შორმსჭვრეტელობა. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც შრომითი სისტემა ისეა ორგანიზებული რომ არ უტოვებს მათ თვითორგანიზების არანაირ საშუალებას, მუშა რჩება პირისპირ პრობლემებთან, რომელიც ყველას უღელად ადევს მხრებზე. დამთრგუნავი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია გარე ძალის ჩარევას, ამ სასიკვდილო რუტინას შეგუებული ხალხისათვის ალტერნატიული შრომისა და შესაბამისად ცხოვრების არა მხოლოდ შესაძლებლობის, არამედ აუცილებლობის დანახებით, მწარე და ყველასათვის, მათ შორის მათთვისაც, ნათელი ჭეშმარიტების გამხელით, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ერთი არასმთავრობო ორგანიზაცია, არცერთი გენიალური თუ ღვთისრჩეული პიროვნება, ან ჩვენი მსგავსი ენთუზიასტები ვერ მოუტანენ ლანგრით უკეთესს ცხოვრებას, რომ მათი ბედი მათსავე ხელშია, აღარ არსებობს პარტიები და მთავრობა, რომელზეც შეიძლება ყველა პრობლემისა და იმედის გადაბარება, ჩვენს თავს დამტყდარი უბედურების მთავარი შემოქმედი ჩვენი შემგუებლობაა რომელიც ქედს იხრის ყველა გამოწვევის წინაშე, ხოლო პროგრესი მხოლოდ ბრძოლაშია, მათ ბრძოლაში მათივე უფლებებისათვის, რომელშიც ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერა ექნებათ, და რომ ასეთსავე მხარდაჭერას მოველით მათგანაც.

2) მშრომელთა კავშირი

არ არსებობს უკეთესი მომავალი ბრძოლის გარეშე, არ არსებობს ბრძოლა ორგანიზების გარეშე!

ძირეულად არასწორია ყურადღების მხოლოდ მუშების უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფაზე შეჩერება, თითქოს მუშები იყონ ერთადერთნი, ვისი შრომითი უფლებაც ირღვევა საქართველოში, იმის ნაცვლად რომ ყველა დაქირავებული მუშის მიერ ერთიანი მოთხოვნის წამოყენების სტიმულირება მოვახდინოთ, ჩვენ ვახდენთ მათ დიფერენცირებას და ვუადვილებთ როგორც სახელმწიფოს, ასევე კაპიტალს ამ მოთხოვნების პარირებას ან საერთოდაც იგნორირებას.

აუცილებელია შეიქმნას მშრომელთა კავშირი, რომელიც ერთიან ფრონტად გამოვა ასევე ერთ კასტად შეკრული კაპიტალის წინააღმდეგ. მათ აქვთ ფული, პოლიცია, პრესა, და მომწამლავი იდეოლოგია ხელისუფლებისადმი მონური ერთგულებისა, რომელსაც ისინი პატრიოტიზმს უწოდებენ. ჩვენ კი გვაქვს მხოლოდ ჩვენი მრავალრიცხოვნება და სიმართლე, გამომდინარე ბრძოლის სამართლიანი მიზნისაგან. მაგრამ მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მშრომელთა მრავალფეროვანი მასიდან გამოყოფით ჩვენვე ვახდენთ სრულიად ხელოვნურ დიფერენცირებას, თითქოს სამარშრუტო ტაქსზე დასაქმებული მძღოლის ინტერესები რაიმე წინააღმდეგობაში მოდიოდეს მშენებლობაზე დასაქმებული მუშის მოთხოვნებთან. რომლის სახელითაც რატომღაც ჩვენ ვსაუბრობთ და ამგვარად უარს ვამბობთ ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს იარაღზე, მრავალრიცხოვნებაზე.

მშრომელთა კავშირი უნდა გახდეს სრულიად უფუნქციო და დესკრიდიტირებული პროფკავშირების ქმედითი ალტერნატივა. კავშირის სტრუქტურა და ორგანიზება სადისკუსიო თემაა. ამ ეტაპზე მთავარი მზაობაა ასეთი კავშირის შექმნის აუცილებლობის თაობაზე. კავშირის მიერ გაჟღერებული ეკონომიკური მოთხოვნები უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურში (რომლის გარეშეც ნებისმიერ წარმატებას დროებითი ხასიათი ექნება), რომლის მიზანიც იქნება აღკვეთოს კაპიტალისა და ყველა სახის მედროვის მიერ, მათი უნიჭო ვნებების დასაკმაყოფილებლად, ადამიანთა ცხოვრების ფეხქვეშ გათელვა.

3) სარეზერვო ფონდი

მუშისათვის შრომის პირობებიდან პრიორიტეტულია თავად შრომის შესაძლებლობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს შეინახოს ოჯახი და რომლის გამოც სიცოცხლესაც კი აგდებს საფრთხის ქვეშ. სწორედ ამიტომ იკიდებს მათ რიგებში საპროტესტო მოძრაობა ასე ნელა ფეხს. ვინაიდან ნებისმიერი დაუმორჩილებლობა არის საბაბი სამსახურიდან დათხოვნისა, მუშა კი პირველ რიგში ოჯახის წინაშეა პასუხისმგებელი და ეს პასუხისმგებლობა არ აძლევს საშუალებას ხმა აიმაღლოს უსამართლობის წინაშე, რომლის მსხვერპლიც პირველ რიგში თავად ის და მისი ოჯახია. თუ მუშა მიიღებს გარანტიას, რომ ის თავისი უფლებების დაცვის გამო არ დაკარგავს სამსახურს, რომ საპროტესტო მოძრაობა დამსაქმებელს არ მისცემს საშუალებას უმიზეზოდ გაანთავისუფლოს ის სამსახურიდან და არ მიატოვებს შუა ბრძოლაში ის ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმითა და სიმამაცით ჩაერთვება საპროტესტო მოძრაობაში და ვინაიდან დღის წესრიგშია, მისი ეკონომიკური ინტერესები თავად გახდება მოძრაობისათვის მიმართულების მიმცემი.

თუ მოძრაობის მაშტაბები მოგვცემს საშუალებას, სასურველია შეიქმნას სარეზერვო ფონდი, რომელიც შედგება ნებაყოფლობითი შემოწირულობებიდან და მოხმარდება იმ მუშათა მდგომარეობის შემსუბუქებას, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობამ შეიძლება უკიდურეს მდგომარეობაში ჩააყენოს.

4) გაფიცვა, როგორც პროტესტის მთავარი ფორმა

საპროტესტო მსვლელობები, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში მრავლად გვაქვს ნანახი, საქართველოს დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით მოწმობენ იმაზე თუ რამდენად სასარგებლონი იყვნენ საზოგადოებისათვის. მითუმეტეს, რომ დღის წესრიგში დგას არა ერთი ელიტის მეორეთი ჩანაცვლების საკითხი, არამედ ეკონომიკური ექსპლუატაციის შემსუბუქება. ხოლო ეკონომიკური საკითხი შეიძლება გადაწყდეს კაპიტალსტთა კლასის ეკონომიკურ ინტერესებზე ზემოქმედებით. მოლოდინი იმისა, რომ მორალური შეხედულებებითა და სინდისით აპელირებით შესაძლებელია მათგან დათმობების მიღება არი ინფანტილური გულუბრყვილობა. კაპიტალისტური მორალისათვის არსებობს ერთადერთი სიწმინდე – მოგება და ის არასდროს არ აღმოჩნდება ერთ სასწორზე მუშის სიცოცხლესთან, ისევე როგორც სახელმწიფო არასდროს არ აღმოჩნდება ხალხის მხარეს. მიზნის მისაღწევად აუცილებელია დამსაქმებლისათვის ფინანსური ზიანის მიყენება, მისთვის ბევრად უფრო მომგებიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, კვალიფიციური, ხვალინდელ დღეში დარწმუნებული მუშების ყოლა, ვიდრე მათი უფლებების (უფლებებში არ მოისაზრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც მშრომელს მონურ მდგომარეობაში აყენებს) იგნორირება და მათ საპასუხო რეაქციასთან ბრძოლა. ამისათვის არ არის საჭირო თავგანწირვა და სტოიციზმის არნახული მაგალითების დემონსტრირება, არსებობს სრულიად ლეგალური, მშვიდობიანი გზა, გაფიცვა, რომელიც მუშის მთავარი იარაღია და დარტყმის ქვეშ აყენებს დამსაქმებლის სასიცოცხლო ინტერესს, მოგებას, პარალელურად კაპიტალის მიერ წაქეზებულ სახელმწიფოსაც საშუალებას არ აძლევს ქმედითი ზომები მიიღოს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისათვის. წარმოების სხვადასხვა სექტორის ერთდროული, “კავშირის” მიერ კოორდინირებული გაფიცვა, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ჩიხში შეიყვანს რეაქციული მიზნებით გაერთიანებულ ძალებს. სწორედ ამ საქმეში უნდა ითამაშოს დადებითი როლი სტუდენტობამ და პროტესტის მიმოფანტული კუნძულები ერთ მატერიკად გადააქციოს.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი 18. 02. 2018