Mobirise

ჯეიმს გილიომი 1844 - 1916

1844 წლის 16 თებერვალს დაიბადა ჯეიმს გილიომი - ცნობილი რევოლუციონერი, ანარქისტი, მოგვიანებით სინდიკალისტი, ბაკუნინის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი პირველი ინტერნაციონალის უმნიშვნელოვანეს მოვლენაში, რომელმაც რევოლუციურ მოძრაობაზე წარუშლელი კვალი დატოვა - ანარქისტებისა და მარქსისტების დაპირისპირებაში. ასევე გილომმა უდიდესი როლი ითამაშა ახალგაზრდა კროპოტკინის პოლიტიკურ ჩამოყალიბებაში. ამავე დროს, გილიომი იმ ინტელექტუალთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება რომლებიც მიუხედავად უმწვავესი რეაქციის ათწლეულებისა - შეუდრეკელად განაგრძობდნენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლას. 

განსაკუთრებით საყურადღებოა გილიომი ს როლი საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში და საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის კვლევაში, რასაც საკუთარი ცხოვრების უდიდეს და უმნიშვნელოვეს ნაწილს უთმობდა, ხშირ შემთხვევაში - პირდაპირი რევოლუციური საქმიანობის გადადების ხარჯზეც. 
გილიომი ლონდონში დაიბადა თუმცა წარმოშობით შვეიცარიის ქალაქ ნოიშატელიდან იყო - იმ დროისთვის პრუსიის პრინცის დომენიდან, სადაც ბაბუამისი საათების საწარმოს ფლობდა. 1848 წლის რევოლუციამ, რომელმაც ნოიშატელი მონარქიული მარწუხებისგან გაათავისუფლა, მის ოჯახს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა, თუმცა მამამისი ამერიკული კონკურენციის გამო იძულებული გახდა საწარმო გაეყიდა და პოლიტიკური კარიერა წამოეწყო. აღსანიშნავია რომ მიუხედავად ლიბერალური შეხედულებებისა გილიომი ს მამა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა საკუთარი გავლენის გამოყენებით ჯეიმსის ადგილობრივ ბიუროკრატიულ პროცესებში ჩარევას, თუმცა წარუმატებლად. რესპუბლიკურ კონსპირაციებში ჩართული მდიდარი ლიბერალების ოჯახში ახალგაზრდა ჯეიმსს ადვილად ეძლეოდა თავისუფალი ინტელექტუალური განვითარების საშუალება - ის მალევე დაინტერესდა რევოლუციების და, კერძოდ, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიით, რომელსაც არაერთი ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა, მრავალ ეპოსურ პოემასთან ერთად. პირველად გილომს ანარქისტულ იდეებთან შეხება სწორედ აკადემიურ წრეებში - ციურიხის უნივერსიტეტში ჰქონდა, სადაც 1862-64 წლებში იღებდა განათლებას, სანამ ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებული არ გახდა სწავლა შეეწყვიტა. 1864-65 წლებში გილიომი იურას მთებში, ლე-ლოკლის სკოლაში ფრანგული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა და საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ პარიზში სასწავლებლად გადასვლას გეგმავდა ძმებთან ერთად, თუმცა 1865 წელს ერთ-ერთი მათგანის მოულოდნელმა სიკვდილმა გილომს საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გეგმებზე საბოლოოდ ააღებინა ხელი. გილიომი ლე-ლოკლში დარჩა და ადგილობრივ უნივერსიტეტში ლექტორად განაგრძო მუშაობა. უკვე ერთ წელიწადში კი გილომმა პირველი ინტერნაციონალის ადგილობრივი სექცია დააფუძნა და 1866 წელს ჟენევაში გამართულ ინტერნაციონალის პირველ კონგრესშიც მიიღო მონაწილეობა. ლიბერალი ინტელექტუალის რევოლუციონერად გარდასახვა ერთი შეხედვით არც თუ ისე ადვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკული კონკურენციის დამსახურებით შვეიცარიის ადგილობრივი ეკონომიკის ჩამოშლა, რომელსაც თან ერთვოდა ადგილობრივთა იმედგაცრუება ელექტორალურ პოლიტიკაში - ადვილად ხსნის იმ მატერიალურ გარემოებებს რომლებმაც გილომს რადიკალიზმისკენ უბიძგეს.

აქტიური მუშაობით, უწყვეტი სახალხო პროპაგანდით, გილიომი - მცირე სექციის ხელმძღვანელი მარტივად იქცა ინტერნაციონალის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წევრად და იურას ფედერაციის - ასოციაციის ანტი-ეტატისტური ნაწილის ლიდერად. სწორედ 1868 წლის ჟენევის კონგრესზე, რომანდული ფედერაციის ( ფრანგულენოვანი სექციების გაერთიანების ) დაფუძნებისას გილომმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა უკვე რევოლუციის ლეგენდად ქცეულ მიხაილ ბაკუნინზე, რამაც საფუძველი დაუდო მათ ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ბაკუნინი გილომთან ერთად 1869 წელს დროებით იურაშიც ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, სადაც სოციალისტური ფერებით შენიღბული ბურჟუაზიული რეფორმიზმი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.

იმავე წელს გილიომი პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც გილიომი ს ცხოვრებაში დადებით მოვლენადაც შეიძლება ჩაითვალოს - მამამ გილომს სტამბა გადასცა, რომელიც ხანმოკლე არსებობის მიუხედავად განმანთავისუფლებელი მოძრაობის ოაზისად და დევნილი რევოლუციონერების ( მათ შორის კროპოტკინის ) საიმედო თავშესაფრად იქცა. 1870 წელს საფრანგეთის იმპერიის დაცემა გილომმა არასწორი ინფორმაციის დამსახურებით რევოლუციად ჩათვალა და მისი მხარდამჭერი მანიფესტის გამოქვეყნება გადაწყვიტა - რეპრესიულმა ორგანოების პასუხს არ დაუგვიანია, მთავრობამ მანიფესტი დააცენზურა და დახურა სტამბის უმნიშვნელოვანესი გაზეთი “La Solidarité” ( სოლიდარობა ). სტამბის შენახვა გილიომი სგან უდიდესი ინტელექტუალურ და ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ 1872 წელს გილიომი ს მამამ სტამბის გაყიდვა გადაწყვიტა, ჯეიმსი კერძო გაკვეთილების, თარგმნის და ენციკლოპედიური შრომის ხარჯზე ირჩენდა თავს 1878 წელს ფერდინანდ ბისონის - მისი თანამშრომლის მოწვევით პარიზში გადასახლებამდე.

პარალელურად, ინტერნაციონალში წინაღმდეგობაში მარქსისტებსა და ბაკუნინისტებს შორის უფრო და უფრო ღრმავდებოდა. დაძაბულობამ კულმინაციას საბოლოოდ 1872 წლის სექტემბერში, ჰააგის კონგრესზე მიაღწია, რომელზეც ბაკუნინი და გილიომი გაყალბებული უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაუსწრებლად გარიცხეს ინტერნაციონალის რიგებიდან. გილიომი , რომელიც რევოლუციური ორგანიზაციის რეალურად მიზნებად სოლიდარობას და ავტონომიას მიიჩნევდა, სწორედ ამ იდეალებზე დაფუძნებული წმ.იმიერის კონგრესის ანტიავტორიტარული ინტერნაციონალის წევრი იყო 1872-1877 წლებში. აგრეთვე ამ პერიოდში დაუახლოვდა გილიომი კროპოტკინს, რომელიც მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა გილიომი ს მიმართ უდიდესი პატივისცემით და კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ( რაშიც უდიდესი წვლილი უნდა მიუძღოდეს გილიომი ს განათლებას და ორატორულ შესაძლებლობებს ) - კროპოტკინი გილომს მუდამ გვერდით ედგა მის ურთულეს წლებში და მუდამ ცდილობდა ქაოტური ცხოვრების წესის მიუხედავად მასთან კონტაქტი ისევ და ისევ დაემყარებინა. მათი ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა 1877 წელს, იურაში კროპოტკინის გადასახლების შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში გილიომი ბაკუნინთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ორგანიზებაში, მათ შორის ვერვის კონგრესსა და გენტში შემდგარ უნივერსალურ სოციალისტურ კონგრესში. თუმცა საერთო მტრის მოშორების შემდეგ, კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება გილომსა და ბაკუნინს შორის, რომელიც 1874 წელს მათი მტკივნეული გაყოფით დასრულდა. პარიზის კომუნის ტრაგედიით გამოღვიძებული ევროპის ქვეყნების ჩაგრულთა ბრძოლის გადამწყვეტ პერიოდში გილიომი უდიდესი დანაკლისი იყო ბაკუნინისთვის, რომელიც ახალდაბადებული რევოლუციური მუხტის მაქსიმალურად გაძლიერებას ცდილობდა - გილიომი ს მსგავსი კრიტიკული მოაზროვნის დაკარგვა ნებისმიერ შემთხვევაში უდიდესი შეცდომა იქნებოდა.

პარიზში გადასახლების პირველი 25 წელი, 1878-1903, გილომმა ნებაყოფლობით მარტოობაში და პოლიტიკური აქტივობისგან თვითიზოლაციაში გაატარა - 1879 წელს მან თითქმის უარიც კი თქვა კაფიეროს და მალატესტას სტუმრად მიღებაზე. 1895 წელს მისი ქალიშვილის, 1901 წელს კი მისი ცოლის სიკვდილმა გილომს მოუშუშებელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარა დაადო. მიუხედავად ამისა თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ გილიომი ს მოღვაწეობის ყველაზე პროდუქტიული მონაკვეთი სწორედ 25-წლიანი მარტოობა იყო. უპირველეს ყოვლისა, გილიომი საბოლოოდ შეუდგა ფრანგული განათლების სისტემის რეფორმირებას. მისი მეგობარი ბისონი პირველადი განათლების დირექტორად დაინიშნა, გილიომი კი მისი უმნიშვნელოვანესი, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო ფარული თანაშემწე გახდა პოლიტიკური არენიდან სამღვდელოების საბოლოოდ გაძევების საქმეში - ახალდაარებულმა მესამე რესპუბლიკამ ეკლესიის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა კონკრეტულ სფეროებში მაინც ნარჩუნდებოდა კლერიკალური წინააღმდეგობა, რომლის დასაყრდენსაც პირველ რიგში სწორედ რეაქციული საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენდა. კულისებს მიღმა გილომმა ბისონთან ერთად მაინც უდიდესი როლი ითამაშა სრულებით ახალი და პროგრესული განათლებისთვის საფუძვლის ჩაყრაში. ამავე დროს, გილიომი საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიის კვლევას აგრძელებდა, ამჯერად მისთვის ყველაზე მეტად საინტერესო - საგანმანათლებლო კუთხით, რევოლუციის ისტორიაზე მისი ყველაზე ვრცელი ნაშრომები სწორედ ამ წლებშია შესრულებული.

1903 წელს გილიომი მოულოდნელად დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას - ის მშობლიურ იურაში დაბრუნდა ძველ უახლოესი ამხანაგებთან და მათ ოჯახებთან დასაკავშირებლად ისე თითქოს 25 წელს სულაც არ გაევლო, თავიდან დაიწყო იდეოლოგიური პროპაგანდის წარმოება, კოლექტივიზმის შესახებ სახალხოდ საუბარი, ევროპის გარშემო კავშირების დამყარება - როგორც ანარქისტი ისტორიოგრაფი ნეტლაუ აღწერს გილიომი თვითონ გახდა „ინტერნაციონალი“, განაახლა მთარგმნელობითი სამუშაოც, ამავე დროს მარტოობასთან გასამკლავებლად ადგილობრივ უნივერსიტეტში მემარცხენეების სოციალურ შეხვედრებს ესწრებოდა, სადაც დამსწრეთა უმეტესობისთვის მარქსი და ბაკუნინი ბუნდოვან ლეგენდებს წარმოადგენდნენ - გილომს კი ერთთან ისტორიული დაპირისპირება, მეორესთან კი - ისტორიული თანამშრომლობა აკავშირებდა. დაბრუნებისთანავე ჯეიმსი წააწყდა ახალ დომინანტურ ძალას მემარცხენე ფრთაზე - რევოლუციურ სინდიკალიზმს და მალევე კოლექტივისტური ინტერნაციონალის რეალურ მემკვიდრედაც გამოაცხადა, ანარქო-კომუნიზმის უარყოფის პარალელურად. გილიომი განსაკუთრებულად აქტიურად ცდილობდა სინდიკალისტებთან - C.G.T-სთან კავშირის მაქსიმალურად გაძლიერებას ( იგი თავს სინდიკალიზმის „ავტომატისტურ“ მიმდინარეობას უკავშირებდა თავს ) და მისი ლიდერებისთვის გამოცდილების გაზიარებას. თუმცა როგორც ერთ-ერთი თანამედროვე აღწერს, გილიომი ბუონაროტის - ბაბეფის ახლო მეგობრის მდგომარეობაში იმყოფებოდა რომელიც ცდილობდა საკუთარი ისტორია, იდეები 1830-იანების ახალგაზრდა კომუნისტებისთვის გაეცნო, რომლებიც საბოლოოდ მაინც საკუთარი გზით მოქმედებდნენ - ბუონაროტიც და გილიომი ც იმედგაცრუებისთვის განწირულები იყვნენ. ამას თან ერთვოდა 25 წლიანი პაუზაც, რომელმაც გილომს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული რევოლუციური რესურსი დააკარგვინა.

სიცოცხლის ამ ბოლო წლებში მას ბევრად უფრო ხშირი კონტაქტი ჰქონდა ძველ მოკავშირეებთან - 1904 წელს ის ძველ რუს მეგობარს - როსს შეხვდა, რომელიც 1876 წელს დააკავეს, 1905 წელს კროპოტკინი მოინახულა ბრეტანში და მას შემდეგ პარიზშიც გააგრძელა მასთან შეხვედრა, 1914 წლის ივნისში გილიომი და მალატესტა 35 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, 1914 წლის თებერვალს მისმა მეგობარმა ერთ-ერთი გაზეთიდან გილიომი ს 70-ე დაბადების დღის აღსანიშნად მცირე ბანკეტი მოაწყო და გილიომი ს ხანრძლივი მოღვაწეობის აღსაწერად გაზეთის სპეციალური გამოშვება დაამზადა.

1905-1910 წლებში კროპოტკინის წახალისებით გილომმა გამოსცა 4-ტომიანი ისტორიული ნაშრომი „ინტერნაციონალი : დოკუმენტები და მოგონებები“, რომელიც ორიგინალი სტატიების, წერილების, დოკუმენტების თუ სხვა მასალების თანდართვით დეტალურად აღწერდა ძველი ინტერნაციონალის, მისი იდეოლოგიური მხარეების და მასში ჩართული პიროვნებების ისტორიას. ამავე წლებში გილიომი არედაქტირებდა და გამოსცემდა ბაკუნინის ნაშრომების კრებულებს, აქვეყნებდა მცირე ნაშრომებს სოციალისტურ ისტორიაზე, აგრეთვე წერდა სტატიებს სხვადასხვა სოციალისტური გაზეთებისთვის, მათ შორის C.G.T-ს ორგანოსთვის - La Bataille Syndicaliste ( სინდიკალისტური ბრძოლა ) თუმცა პირველმა მსოფლიო ომმა გილომს წარმოდგენები დაუმსხვრია მშრომელთა ძალაუფლების არსებობაზე ( მიუხედავად ამისა ის მაინც განაგრძობდა C.G.T-ს გადაწყვეტილების შესაბამისად ომის მხარდაჭერას )
მსოფლიო ომის დასაწყისში ნოიშატელში გატარებული შემოდგომის შემდეგ პარიზში დაბრუნებულ გილომს 1915 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქალაქის ბოლოჯერ დატოვება მოუწია. უკანასკნელი წელი მძიმედ ავადმყოფმა გილომმა გონებრივ სასოწარკვეთილებაში გაატარა - ის გრძნობდა თუ ნელ-ნელა როგორ ეშლებოდა ტვინი, როგორ კარგავდა მეხსიერებას და მის დაბრუნებას მოგონებების ჩანიშვნითაც ცდილობდა. რევოლუციისთვის და ჩაგრულთა განთავისუფლებისთვის მიძღვნილი ცხოვრება გილომმა იურას მთებში, მშობლიურ პატარა ქალაქ ნოიშატელში, 1916 წლის 20 ნოემბერს დაასრულა, დღეს კი გილიომი ს სახელი უმეტესწილად დავიწყებასაა მიცემული ისეთი გიგანტების გვერდით როგორებიც ბაკუნინი, კროპოტკინი და სხვები არიან, თუმცა მისი გავლენა სამუდამოდ დარჩება ანარქიზმში და ზოგადად მშრომელთა განმანთავისუფლებელ ბრძოლაში.  

This website was created with Mobirise website theme

www.000webhost.com