თამთა უგლავა – თანამედროვე სპირიტუალიზმი და ტრენდული რელიგიები


პანდემიისას სახლიდან მარტო მუშაობამ ყოველდღიური საქმე კიდევ უფრო შემხუთველად ერთფეროვანი გახადა. კორპორაციებმა შეამჩნიეს, რომ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები ატომიზირებულები და გაღიზიანებულები იყვნენ, უჭირდათ კონცენტრაცია და ენთუზიაზმის გამონახვა. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად საკონსულტაციო ფირმებმა ოფისებს რელიგიური რიტუალების დამკვიდრება შესთავაზეს. მათი ხედვით ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტები აღარ მუშაობენ და ადამიანები სულიერების ახალ წყაროს ეძებენ, რომელიც კორპორაციებმა უნდა შექმნან. ანუ, უსულო კორპორაციულ გარემოს ახალი, კორპორაციული სულიერება სჭირდება. შეიქმნა სიწმინდის საკონსულტაციო ბუტიკი ფირმები – “წმინდა დიზაინის ლაბორატორია”, “რიტუალის დიზაინის ლაბორატორია” და “რიტუალისტი”. სიწმინდის კონსულტანტის მიზანია ოფისის თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობას რელიგიური დანიშნულება მისცეს და ამით მის რუტინას დამაკმაყოფილებელი, აღმატებული დანიშნულება შესძინოს. მაგალითად: რიტუალი ვებგვერდისთვის დომეინის (ან როგორც თავად ეძახიან “ციფრულ ღრუბლებში პირადი სივრცის”) შეძენისთვის, რიტუალი კორპორაციულ საფეხურზე დაწინაურებისთვის ან დაკრძალვის ცერემონიალი ჩავარდნილ პროექტებთან გამოსამშვიდობებლად.

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშიც ათეულობით იოგა-ცენტრი გაიხსნა, რომლებიც მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ სიჯანსაღეს ჰპირდებიან. წინამდებარე ნაშრომის, რომელიც აღებულია გამომცემლობა Carpe diem-ის მიერ 2020 წელს გამოცემული წიგნიდან “კრიტიკული ესეები კაპიტალიზმის შესახებ”, მიზანია მიმოიხილოს, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე, ალტერნატიული სპირიტუალიზმი და კაპიტალიზმი.

Designed with Mobirise web theme