პეტრე კროპოტკინი – სოციალიზმის პირობებში


საპარლამენტო მმართველობამ და წარმომადგენლობითმა მთავრობამ ნათლად დაგვანახა, რომ სისულელეა რამდენიმე ადამიანის არჩევა, რომლებსაც მივანდობთ კანონების შექმნას, თან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ უმრავლესობის მმართველობა ისეთივე დეფექტურია, როგორიც სხვა ტიპის მმართველობები. კაცობრიობა ეძებს და პოულობს მის წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს. საფოსტო კავშირის წევრ ორგანიზაციებს სულაც არ დასჭირვებიათ თავიანთი პარლამენტის შექმნა იმისთვის, რომ დაერეგულირებინათ შიდა ურთიერთობები; ევროპის რკინიგზას მატარებლების მოძრაობის გრაფიკის დასარეგულირებლად არ დასჭირვებია წარმომადგენლობითი მთავრობის არჩევა; მეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კავშირებს არ დასჭირვებიათ პარლამენტი იმისთვის, რომ დაეპროექტებინათ პოლარული სადგურები ან დაედგინათ რუკების შედგენის წესებზე – ისინი მოქმედებდნენ შეთანხმების საფუძველზე – ჰქონდათ კონგრესები, სადაც ყოველი ჯგუფი აგზავნიდა თავის დელეგატს. დელეგატები განსხვავდებიან პარლამენტის წევრებისგან – მათ კი არ ეუბნებიან, “თქვენ კანონები მიიღეთ და ჩვენ დაგემორჩილებითო”, არამედ პირველ რიგში ჯგუფის ყველა წევრი ერთად განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, შემდეგ დელეგატებსს კონგრესზე აგზავნიან თავიანთი გადაწყვეტილებით, პირობებით და შეკითხვებით, რომელთა განხილვის შემდეგაც ყოველი დელეგატი ჯგუფს უბრუნდება არა – მიღებული კანონით, არამედ მიღწეული შეთანხმებით ან შემოთავაზებებით. სწორედ ასეთი გზა აირჩია არაერთმა გაერთიანებამ, ნაცვლად იმისა, რომ შეექმნათ წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელიც იზრუნებდა არა –  შეთანხმების მიღწევაზე, არამედ მხოლოდ კანონების მიღებაზე. წარმომადგენლობითმა მთავრობამ თავისი ისტორიული მისია უკვე შეასრულა – წერტილი დაუსვა მონარქიას და საზოგადოების წევრებს ასე თუ ისე მისცა საშუალება, ფორმალურად მაინც მიეღოთ მონაწილეობა საკუთარი ცხოვრების კურსის განსაზღვრაში. მთავრობის (თუნდაც ასეთი ტიპის), წარმოდგენა მომავლის სოციალისტურ საზოგადოებაში ძალიან უხეში შეცდომაა. ყოველ ეკონომიკურ სისტემას თან სდევს შესაბამისი პოლიტიკური სისტემა და შეუძლებელია არსებული ეკონომიკური რეალობა შევცვალოთ პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე. ცხოვრებამ უკვე გვიჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს მთელი საზოგადოების მოდელი – სოციალისტური მომავალი იქნება არა სახელმწიფოს გაძლიერება, არამედ მისი მთლიანად განადგურება და თავისუფალი ორგანიზების პრინციპზე დაფუძნებული გაერთიანებების შექმნა.