ა. სიდოროვი – ანარქისტები და 1968 წლის მაისი

1968 წლის მაის-ივნისში, საფრანგეთში დატრიალებული ამბები ისტორიაში შევიდა 68 წლის წითელი მაისის სახელით. 60-იანების დასასრული გახდა ახალგაზრდული დემონსტრაციების ეპოქა დასავლეთის, მესამე მსოფლიოსა და „რეალური სოციალიზმის“ ქვეყნებშიც კი.

ფრანგული ანარქიზმისთვის მეორე მსოფლიოს დასასრულიდან 60-იანი წლების მეორე ნახევრამდე პერიოდი აღმოჩნდა სირთულეებით აღსავსე ეპოქა. კლასიკური ანარქიზმის მომხრეებთან ერთად გამოჩნდნენ ნეოანარქისტები, ანარქიზმისა და მარქსიზმის სინთეზის მომხრეები. 50-იან წლებში ჯორჯ ფონტენის ჰქონდა მცდელობა, აღედგინა პლატფორმიზმი. 1926 წელს ანარქისტმა პიოტრ არშინოვმა გამოაქვეყნა ტექსტი „ანარქისტების საყოველთაო კავშირის საორგანიზაციო პლატფორმა“. „პლატფორმა“ მოუწოდებდა ისეთი ანარქისტული ორგანიზაციის შექმნისკენ, რომელსაც ექნებოდა ერთიანი იდეოლოგია, ხოლო მის თავში იდგებოდა აღმასრულებელი კომიტეტი. ფონტენიმ ფრანგული ანარქისტული ფედერაციის (Fédération Anarchiste) შიგნით ჩამოაყალიბა საიდუმლო ჯგუფი, „მებრძოლი იდეის ორგანიზაცია“. ამის შედეგად, ფონტენის მიერ შექმნილმა „ლიბერტარულ- კომუნისტურმა ფედერაციამ“ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და სამარცხვინოდ წააგო, რასაც მოჰყვა იატაკქვეშა ბრძოლის დაწყების ასეთივე წარუმატებელი მცდელობა. არჩევნებზე ფონტენის მხარდამჭერები გამოდიოდნენ კომუნისტური პარტიიდან გამოძევებულ სტალინისტთან, ანდრე მარტისთან ერთად, რომელიც ცნობილი გახდა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ანარქისტებზე და სხვა განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე თავდასხმების გამო . ამან მაშინვე აიძულა ანარქისტები, შეეწყვიტათ ფონტენის მხარდაჭერა. ამის შემდეგ გაჩნდა ფრანგული ანარქიზმის სამი მიმართულება: სინთეზი, ანარქო-მარქსიზმი და ანარქო-სინდიკალიზმი. ფონტენის „პლატფორმისტული“ რეფორმის ჩავარდნის შემდეგ, ანარქისტული ფედერაცია შეიარაღდა ვოლნოვისა და სებასტიან ფორის მიერ შემუშავებული სინთეზის თეორიით. ანარქო-მარქსიზმის მომხრეებმა უარყვეს ფონტენის ავტორიტარიზმი და “პოლიტიკანობა” და 1955 წელს შექმნეს ორგანიზაცია „რევოლუციური მოქმედების ანარქისტული ჯგუფები“. ეს ორგანიზაცია გამოსცემდა ჟურნალს „შავი და წითელი“. ანარქო-სინდიკალიზმი კი წარმოდგენილი იყო ჯგუფ CNT-ს მიერ. CNT ჩამოყალიბდა 1946 წელს, განიცადა მოკლევადიანი აღმასვლა, ხოლო 50-60-იან წლებში დაკარგა პოპულარობა.

ჟურნალი „შავი და წითელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოძრაობა ICO-სთან (“კომუნისტი მუშების ორგანიზაციასთან“) და ჯგუფთან – „სოციალიზმი ან ბარბაროსობა“. 1958 წელს ჟურნალი წერდა: „მათი დასკვნები ახლოსაა ანარქისტულთან: მტრული დამოკიდებულება პარლამენტარიზმის, ვითომ და მუშათა პარტიებისა და სახელმწიფოების მიმართ, მოწოდებები მუშათა საბჭოების შექმნისკენ, თანასწორი ანაზღაურებისკენ, მუშათა თვითმმართველობისკენ და რევოლუციურ ტენდენციათა მრავალფეროვნების პატივისცემა.“
ჯგუფის ყოფილი წევრი, ფრანკ მინცი შემდეგნაირად აღწერს ნეოანარქიზმის იდეოლოგიას: „საუბარი ეხება ბაკუნინის სოციალური იდეებისა და უკრაინაში და ესპანეთში ჩატარებული ლიბერტარული ექსპერიმენტების შერწყმას სიტუაციონისტების – რაიხის, მარკუზეს და, გარკვეულწილად, მახაისკის (პრაქტიკულად არანაირი გავლენმა არ იქონიეს ბუბერმა, ფრომმა, სარტრმა და კამიუმ) – იდეებთან და, ასევე, ამერიკისა და გერმანიის სტუდენტურ მოძრაობებთან. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა ბრძოლას მიზნებისთვის, რომლებიც ახლოს იყო მემარცხენე მოძრაობის დანარჩენ ტენდენციებთან, მაგრამ თავისებური სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს იყო ბრძოლა სასაქონლო ფეტიშიზმის ფორმით წარმოდგენილი კაპიტალისტური ექსპლუატაციისა და «metro, boulot, dodo»-ს („ტრანსპორტი, სამუშაო, ძილი“) პრინციპით ცხოვრების უაზრობის წინააღმდეგ. ე.ი არაფერი საკუთარი თავისთვის, ყველაფერი იმისთვის, რომ განთავისუფლდე და სხვებიც გაანთავისუფლო.

1967 წლის მაისში ანარქისტულ ორგანიზაციას გამოეყო ნანტერის ანარქისტული ჯგუფი. იგი შედგებოდა ნანტერის ფაკულტეტის სტუდენტებისგან. მალევე ახალგაზრდა ანარქისტები გაწევრიანდნენ ჯგუფში „შავი და წითელი“. ამის შემდეგ, „შავი და წითელის“ წევრებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ მოძრაობის სტრუქტურა და შეექმნათ „ჯგუფი, მაგრამ არც მთლად ჯგუფი“ . ამ გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა შემდეგნაირად ახსნა ასეთი უცნაური დასახელება: „უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, „ჯგუფი, მაგრამ არც მთლად ჯგუფის“ ექსპერიმენტი ისახავდა საკმაოდ ამაღლებულ მიზანს: ჯგუფის კლასიკური გაგების განადგურება და იმის ჩვენება, რომ შესაძლებელია ორგანიზაების ახალი ფორმა, რომელშიც დისკუსია და მოვალეობების მუდმივი როტაცია აუცილებელია და იმართება კოლექტიურად“.

ურთიერთობა ანარქო-მარქსისტებისა და კლასიკური ანარქიზმის მომხრეთა შორის საკმაოდ რთული იყო. ანარქისტული ფედერაციის იდეოლოგი მორის ჟუაიო საკმაოდ აგდებულად საუბრობს ამ ჯგუფზე. „მე, ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ შემიძლია ვთქვა, რომ საუბარი ეხებოდა პოლიტიკურ ბირთვს, რომელიც ცდილობდა ანარქისტული ფედერაციის ხელში ჩაგდებასა და მის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მათ თავიდანვე არ გააჩნდათ საამისო საშუალება, უნარი, და საერთოდ, ასეთი იდეაც კი. საუბარი ეხებოდა ლაქლაქებს, რომლებიც, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, ახლახან აღმოაჩინეს „ანარქია“, კერძოდ კი კოკტოს თეატრის, ბურჟუაზიის შემშინებელი რომანების „ანარქია“. მოკლედ, ეს მათთვის გართობა იყო“. თუმცა, ნეოანარქიზმის ნაკლოვანებები წარმოადგენდა მისივე ღირსებების გაგრძელებას. ამ იდეოლოგიის ამორფულობამ, ერთის მხრივ, გამოაჩინა დასავლური საზოგადოების ახალი პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ, ნეოანარქიზმმა ვერ გაუძლო ბურჟუაზიული იდეოლოგიის შემოტევას.

წითელი მაისის წინა პერიოდის ფრანგული ლიბერტარული სოციალიზმის განხილვისას, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ისეთი ჯგუფი, როგორიც იყო „სიტუაციონისტური ინტერნაციონალი“. სიტუაციონისტების იდეები წარმოიშვა ევროპული მხატვრული ავანგარდის ტრადიციებისა და ლიბერტარული მარქსიზმის სინთეზიდან. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სიურრეალისტური მოძრაობისგან შემორჩა მხოლოდ მთელ ევროპას მოდებული დისიდენტების პატარა, იზოლირებული ჯგუფები. ზუსტად ამ ჯგუფებისგან შეიქმნა „სიტუაციონისტური ინტერნაციონალი“. სიტუაციონისტებზე, ასევე, გავლენა მოახდინეს ჯგუფ „სოციალიზმი ან ბარბაროსობის“ წევრების იდეებმა. ამ ჯგუფში რაღაც დროის განმავლობაში გაწევრიანებული იყო მოწინავე სიტუაციონისტი იდეოლოგი – გი დებორი.

თავის წიგნში – „სპექტაკლის საზოგადოება“ – გი დებორი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე კაპიტალიზმის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა არა წარმოება, არამედ მოხმარება. დებორის მიხედვით, კლასობრივი დომინაცია ახლა, უმეტეს წილად, გამოვლენილია კულტურისა და იდეოლოგიის ფორმებში, და არა უხეშ დაძალებაში. პასიურობის სპექტაკლის მიერ შექმნილ პირობებში, სიტუაციონისტები ყურადღებას ამახვილებდნენ არა მასობრივ პროექტებზე, არამედ აგიტაციასა და პროპაგანდაზე. სიტუაციონისტური პროპაგანდა სპექტაკლის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა მისივე სიმბოლოებსა და ნიშნებს.

ანარქისტებისა და სიტუაციონისტური ინტერნაციონალის ურთიერთიბა იყო საკმაოდ რთული და არაერთგვაროვანი. სიტუაციონისტებისთვის, ანარქისტები იყვნენ „ძველებური მემარცხენეები“, მათი აზრით, ანარქისტებს არ შეეძლოთ ახალი ეპოქის პრობლემების გააზრება და შესაბამისად მოქმედება.

ანარქისტები, თავის მხრივ, თვლიდნენ სიტუაციონიზმს ეკლექტურ, ბოჰემურ იდეოლოგიად: „მარქსისტებმა მასში აღმოაჩინეს, სხვათა შორის, ისტორიული მატერიალიზმი, ტროცკისტებმა – პერმანენტული რევოლუციის აუცილებლობა, ანარქისტებმა – მასების სპონტანურობა, სიურრეალისტებმა – სპექტაკლის თეორია, სტალინისტებმა – საკუთარი ელიტის კულტი, ნიჰილისტებმა – პაროქსიზმი, პოლიტიკოსებმა კი – მიდრეკილება დახვეწილი ტაქტიკისკენ“.

ამავდროულად, ჟუაიომ სიტუაციონიზმში აღმოაჩინა ორი იდეა, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ლიბერტარული სოციალიმის განვითარებას. პირველი: „სიტუაციონისტები გვთავაზობენ, პირდაპირ მივმართოთ ხალხს, გარემოების, სახელმწიფოსა და მისი სამსახურების თუ მომხმარებლურ საზოგადოებაში ინტეგრირებული პარტიების უგულვებელყოფით. ამასთან ერთად, სიტუაციონისტებს მიაჩნდათ, რომ ურთიერთობები ჯგუფში აგებული უნდა იქნას ისე, რომ ყველა აკეთებდეს საქმეს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს შესაძლებლობები არ უნდა აძლევდეს მას პრივილეგიებს.
1966 წლის შემოდგომაზე სტრასბურგის უნივერსიტეტში მოხდა ინცინდენტი, რომელსაც სტუდენტური მოძრაობის მკვლევარებმა დაარქვეს „წითელი მაისის გენერალური რეპეტიცია“. სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც გამოხატავდა სიმპათიას სიტუაციონისტური ინტერნაციონალის მიმართ, ხელში ჩაიგდო სტუდენტთა პროფკავშირის, UNEF-ის ადგილობრივი განყოფილება და გამოსცა პამფლეტი სათაურით – „მოსაზრებები სტუდენტური ცხოვრების სიღატაკის შესახებ”, განხილული მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექსუალურ ასპექტებში და ასევე მოკრძალებული შემოთავაზებები მათ შეცვლასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა ბროშურა გამოსცეს პროფკავშირის მატერიალური რესურსებით, ადმინისტრაციამ კი მათ სასამართლოში უჩივლა პროფკავშირის ფონდის არალეგალური გამოყენებისთვის.

პამფლეტი ამტკიცებს, რომ თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოება მასობრივად წარმოქმნის სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, სპექტაკლის ინტერესების შესაბამისად. სტუდენტების სიღატაკე – მთელი თანამედროვე საზოგადოების სიღატაკეა. სტუდენტები მომხმარებლური საზოგადოების ზუსტად ისეთივე პროდუქტია, როგორც კოკა-კოლა. უნივერსიტეტში სწავლა კი – ინიციაციის რიტუალი, რომელიც „მაგიური სიზუსტით იმეორებს მითიური ინიციაციის ყველა დეტალს. სტუდენტი იზოლირებულია საზოგადოებისგან, იზოლირებულია ისტორიისგან, ჩაკეტილია საკუთარ ხელოვნურ სამყაროში, მას სჯერა საკუთარი ავტონომიის და ამ მიზეზის გამო უნივერსიტეტის პრობლემების კრიტიკაც კი არ შეუძლია. პამფლეტში სარკასტულად დასცინიან იმ დროის ყველა სტუდენტურ ორგანიზაციას: სტუდენტურ სინდიკალისტებს ( თუკი თანამედროვე პროფკავშირები არის ბიუროკრატიული პაროდია მუშათა მოძრაობაზე, მაშინ სტუდენტური სინდიკალიზმი არის „პაროდია პაროდიაზე“), მაოისტებს, რომლებიც ეთაყვანებიან კულტურულ რევოლუციას – „ჩვენი დროის ყველაზე ჩლუნგი ბიუროკრატიის მიერ მოწყობილ ფსევდო-აჯანყებაზე“, „ჭეშმარიტ“ ბოლშევიზმზე მეოცნებე და „ტროცკის გვამისთვის“ მებრძოლი ტროცკისტებს და ანარქისტებს, რომლებსაც მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ. სტუდენტების მიერ საკუთარი საშინელი მდგომარეობის გააზრებას უნდა მოემართათ ისინი „სანახაობის საზოგადოებასთან“ ბრძოლისთვის.

ნანტერი – პარიზის გარეუბანია, სადაც აშენდა სოციოლოგიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. ნანტერის უნივერისტეტული კომპლექსი შედგებოდა სამი უზარმაზარი შენობისაგან და კოშკში მდებარე ადმინისტრაციული კორპუსისგან. სტუდენტებმა ამ კოშკს უწოდეს „ძალაუფლების ფალიკური სიმბოლო“. ნანტერში შემორჩენილი იყო ძველი ანარქისტული ტრადიციები. 1964 წლის სექტემბერში ანარქისტული ფედერაციის, ანარქო-კომუნისტური ჯგუფების კავშირისა და „შავი და წითელის“ წევრებმა გამართეს შეხვედრა შრომის ეროვნული კონფედერაციის შენობაში და გადაწყვიტეს ერთიანი ანარქისტული სტრუქტურის, „სტუდენტთა ანარქისტული კავშირის“, შექმნა.

1967 წლის შემოდგომაზე ნანტერში სპონტანურად გაჩაღდა სტუდენტური გაფიცვა. ერთ-ერთი მოთხოვნა ეხებოდა საერთო საცხოვრებლების შინა განაწესს: ბიჭებს არ ჰქონდათ გოგონების ოთახში სტუმრობის უფლება. ადმინისტრაცია დათანხმდა პედაგოგებისა და სტუდენტების შერეული კომისიები შექმნის შემოთავაზებას, რომლებიც გამოიკვლევდნენ ფაკულტეტების მუშაობის საკითხებს. ამ კომისიების უუნარობა, რაიმე შეეცვალათ, ხელს უწყობდა რადიკალიზმის ზრდას.

1968 წლის 26 იანვარს ფაკულტეტზე გავრცელდა ჭორი სტუდენტი რევოლუციონერებისგან შემდგარი „შავი სიების“ არსებობის შესახებ. იმავე დღეს გაიმართა სტუდენტური მსვლელობა, რომელიც დასრულდა პოლიციასთან შეტაკებით.

თებერვალის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ნანტერში გამოჩნდა ახალი რადიკალური ჯგუფი – „ცოფიანები“. „ცოფიანებს“ ეძახდნენ საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე რადიკალურ ფრაქციას.. მალევე, ფრანგული პრესა „ცოფიანებს“ ეძახდა ყველა რადიკალურ სტუდენტს. ნანტერის „ცოფიანები“ წარმოადგენდნენ ერთგვარ ნაჯვარს პოლიტიკურ ორგანიზაციისა და ახალგაზრდულ სუბკულტურას შორის. ყველა მათგანი ატარებდა ტყავის ტანსაცმელს, შავ სათვალეს და იყვნენ გაუპარსავები.

1968 წლის 28 მარტს 150 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიკავა ნანტერის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ვიეტნამის დაცვის ნაციონალური კომიტეტის წევრების დაკავების ფაქტს. აქ შეხვდებოდით მემარცხენეობის ყველა მიმართულების წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს 22 მარტის მოძრაობა (ეს დასახელება ასოცირდებოდა კუბაში არსებულ 26 ივლისის მოძრაობასთან). ეს არ იყო სხვადასხვა დაჯგუფებების ბლოკი, არამედ მემარცხენე სტუდენტების გაერთიანება. მხოლოდ ერთმა ჯგუფმა განაცხადა უარი „მოძრაობაში“ მონაწილეობაზე. ეს იყო ტროცკისტური ჯგუფი CLER. მაოისტები მოძრაობას შეუერთდნენ აპრილის ბოლოს. 22 მარტის მოძრაობამ გააერთიანა ანარქისტები, სიტუაციონისტები, „ერთიანი სოციალისტური პარტიის“ სტუდენტები და JCR -ს („რევოლუციური კომუნისტური ახალგაზრდობის)“ წევრი ტროცკისტები. ტროცკისტებს მიაჩნდათ, რომ რევოლუციის პირველ ეტაპზე საჭირო იყო მაქსიმალური სპონტანურობა და მოქნილი სტრუქტურა.
22 მარტის მოძრაობას არ ჰყავდა ოფიციალური ხელმძღვანელობა, მას არ ჰყავდა ბელადები, თუმცა ჰყავდა ლიდერები. 68 წლის სტუდენტური ლიდერებიდან ყველაზე ცნობილი იყო სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი – დანიელ კონ-ბენდიტი. იგი საკუთარ თავს მოძრაობის „რუპორს“ უწოდებდა.

გადაწყდა, რომ 29 მარტს ჩატარებულიყო მოქმედების დღე და ლექციების მაგივრად გაემართათ პოლიტიკური დისკუსიები. მაშინვე განსაზღვრეს სადისკუსიო თემები: ანტიმილიტარისტული ბრძოლა, სტუდენტური ბრძოლა, მუშათა კლასის ბრძოლა, უნივერსიტეტი და „კრიტიკული“ უნივერსიტეტი. მოქმედების დღეს დაესწრო 500-მდე ადამიანი; 2 აპრილს იმავე ჯგუფმა გამართა ანტიფაშისტური მიტინგი, რომელსაც უკვე 1200 ადამიანი ესწრებოდა.

28 აპრილს დააპატიმრეს კონ-ბენდიტი, ხოლო 30 აპრილს – 22 აპრილის მოძრაობის კიდევ რვა წევრი. 2 და 3 მაისს სორბონაში გაიმართა სტუდენტური მიტინგები. სტუდენტები მოითხოვდნენ დაკავებულების განთავისუფლებას, ნანტერში სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და პოლიციის მიერ ლათინური კვარტალის დატოვებას. დემონსტრაციის წევრთა რაოდენობის ზრდით შეშფოთებულმა მთავრობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი სორბონაში და ადგილზე გაგზავნა პოლიციის სპეცდანაყოფები.

5 მაისს დამნაშავედ ცნეს 13 სტუდენტი. საპასუხოდ სტუდენტებმა შექმნეს „რეპრესიებისგან თავდაცვის კომიტეტი“.
4 მაისს უმაღლესი განათლების სფეროს მუშაკთა ნაციონალურმა კავშირმა მოუწოდა მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვის მოწყობისკენ. შემდეგ დღეებში, 4-დან 13 მაისამდე, გაფიცვამ მოიცვა საფრანგეთის თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

6 მაისს პარიზში ჩატარდა ოციათასიანი პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ სტუდენტებმა, არამედ მასწავლებლებმა, ლიცეუმების მუშებმა და სკოლის მოსწავლეებმაც. დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატი: „ჩვენ ექსტრემისტების პატარა ხროვა ვართ“.

ლათინურ კვარტალში დაბრუნებისას დემონსტრანტებს გზაზე დახვდა პოლიცია. ეს იყო წითელი მაისის პირველი ბარიკადული შეტაკება.

სტუდენტთა ვნებათაღელვა გავრცელდა პროვინციაშიც. სტრასბურგში სტუდენტებმა დაიპყრეს უნივერსიტეტის შენობა, აღმართეს მის თავზე წითელი დროშა და შექმნეს უნივერსიტეტის საბჭო.

10 მაისს პარიზში გაიმართა სტუდენტების 50 ათასიანი დემონსტრაცია. სტუდენტებს შეუერთდნენ პედაგოგები, უფროსკლასელები და უბრალო გამვლელები. მსვლელობა შეაჩერა პოლიციამ. საპასუხოდ დემონსტრანტებმა დაიწყეს ბარიკადების მშენებლობა. ღამით ცრემლსადენი გაზის გამოყენებით პოლიციამ შეუტია ბარიკადებს და დაიკავა ისინი.
ამავე დღეს ანარქისტულმა ფედერაციამ გამართა კონცერტი, რომელზეც მღერალმა ლეო ფერრემ პირველად შეასრულა სიმღერა „ანარქისტები“. ფერრეს მოსასმენად მოვიდა სამი ათასი ადამიანი. კონცერტს იცავდნენ ახალგაზრდა ანარქისტები ლუიზ მიშელის ჯგუფიდან. ამის შემდეგ ანარქისტებმა გეზი აიღეს გაი ლუსაკის ქუჩისკენ, სადაც მთელი ღამე იბრძოდნენ ბარიკადებზე სტუდენტების მხარ და მხარ.
13 მაისს პარიზში ჩატარდა 400 ათასიანი დემონსტრაცია სტუდენტების მხარდასაჭერად. პროფკავშირებმა გამოაცხადეს საყოველთაო გაფიცვა.

სტუდენტებმა დაიპყრეს სორბონა და თეატრი „ოდეონი“, რომელიც გადააქციეს სადისკუსიო კლუბად. სორბონაში შეიქმნა საყოველთაო ასამბლეა, რომელიც იკრიბებოდა დღე-ღამეში ერთხელ. მასში მონაწილეობისთვის ერთადერთ შეზღუდვას წარმოადგენდა დარბაზში ადგილების რაოდენობა. ყოველ შეხვედრაზე ინიშნებოდა ასამბლეის აღმასრულებელი ორგანო – ოკუპაციური კომიტეტი – შემდგარი 15 ადამიანისგან. მალევე ცხადი გახდა, რომ კომიტეტის ასეთი ხშირი შეცვლა გამორიცხავდა მოქმედების თანმიმდევრულობას და არ იძლეოდა ეფექტურად მუშაობის საშუალებას.

სამუშაოს ძირითად ნაწილს კომისიები უმკლავდებოდნენ. ყოველი კომისია შედგებოდა რამოდენიმე ათეული ადამიანისგან, მათ სათავეში ედგათ თავმჯდომარე, ორი მომხსენებელი და მდივანი. კომისიის გადაწყვეტილება მოეხსენებოდა ოკუპაციურ კომიტეტსა და მოქმედების კოორდინირების კომიტეტს, შემდეგ ეტაპზე კი საჭიროებდა ასამბლეის მხრიდან დადასტურებას.

წითელი მაისის მონაწილეებმა წამოაყენეს სტუდენტური ხელისუფლების დოქტრინა, რომელიც გამოიხატებოდა სამი სიტყვით: „თვითმმართველობა“, „კრიტიკული განხილვა“, და „ავტონომია“. ასევე გამოიყენებოდა ტერმინი „თანამართველობაც“. კოტ-ბენდიტს სარტრთან საუბრისას უთქვამს: „უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი რეფორმები გატარებული იქნება სტუდენტებისა და პროფესორების მოძრაობაში არსებულ ზომიერი ტენდენციების მიერ. ეს, რათქმაუნდა, პროგრესი იქნება, თუმცა დიდად არაფერი შეიცვლება, და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ რევოლუციას დღე დღეზე უნდა ველოდოთ. მე ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე თუ ისე მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული გაუმჯობესებების მიღწევა, მაგრამ ამ გაუმჯობესებების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რევოლუციური მოქმედებით. ამიტომაც, თუ სტუდენტური მოძრაობა მიაღწევს მნიშვნელოვან რეფორმას, რევოლუციური იმპულსის დროებითი განელების შემთხვევაშიც კი, იგი ახალგაზრდა მშრომელებს ძვირფას მაგალითს მისცემს“. შეუძლებელია „სოციოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა კაპიტალიზმის პირობებში“, საჭიროა, შევქმნათ „პარალელური უნივერსიტეტი, რომელიც იქნება იარაღი თვითმართველობისთვის ბრძოლაში.

ახლოვდებოდა სესია. როგორ უნდა ჩაეტარებინათ გამოცდები აჯანყებულ უნივერსიტეტში? 15 მაისს სტუდენტურმა კომისიამ გააჟღერა ახალი პრინციპები: გამოცდები, თავისი ტრადიციული ფორმით, გაუქმდება, მათ შეცვლის პედაგოგებისა და სტუდენტების ერთობლივი კომიტეტების მიერ ცოდნის მუდმივი კონტროლის სისტემა.

რეფორმისტმა სტუდენტებმა წამოაყენეს პარიტეტულ პრინციპებზე დაფუძნებული შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდასტუდენტების და პედაგოგების ჩართვას ფაკულტეტების მართვაში. რადიკალები კი ემხრობოდნენ არა „პარიტეტული“, არამედ სტუდენტებისა და პედაგოგებისგან შემდგარ „შერეული“ საბჭოების შექმნას, რომლების დელეგატები არჩეული იქნებოდნენ საერთო ასამბლეის მიერ. ამგვარად, დელეგატ პედაგოგებს აირჩევდნენ სტუდენტები.
სტუდენტები საკუთარ თავს ხედავდნენ მშრომელთა მოძრაობის მემკვიდრეებათ. ერთ-ერთი მათი ბროშურა აცხადებდა: „1936- მუშები იპყრობენ ქარხნებს. 1968 – სტუდენტები იპყრობენ ფაკულტეტებს“.

„ხალხში გასვლა“ დაიწყო სტუდენტების მისვლით ბილანკურზე. სტუდენტებმა დაინახეს მუშების სილუეტები ქარხნის სახურავებსა და კედლებზე. ისინი მღეროდნენ „ინტერნაციონალს“ და სკანდირებდნენ: „სტუდენტები ჩვენთან არიან“ და „გადადგეს დე-გოლი“. მაგრამ ქარხნის კარები ჩაკეტილი რჩებოდა – ასე ინება პროფკავშირმა. იგივე სურათი მეორდებოდა სხვა ქარხნებთანაც.

იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ევალებოდათ სტუდენტებისა და მუშების გაერთიანება, ყველაზე წარმატებულნი აღმოჩნდნენ „მოქმედების კომიტეტები“.
„მოქმედების კომიტეტებს“ ჰქონდათ ორი დავალება. პირველი, იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო აპარატი იყო პარალიზებური, ისინი ცდილობდნენ უზრუნველეყოთ ნორმალური ცხოვრება: ისინი აგროვებდნენ ფულს გაფიცულთა ოჯახებისთვის, უზრუნველყოფდნენ წესრიგის დაცვას ქუჩებში, აორგანიზებდნენ ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას მოკლებული ადამიანებისთვის და ა.შ. მეორე: მოქმედების კომიტეტები იბრძოდნენ ახალი საზოგადოებისთვის: მართავდნენ მიტინგებს, ეწეოდნენ აგიტაციას მუშებისთვის მათ სამუშაო ადგილებზე, მართავდნენ რევოლუციური ფილმების ჩვენებებს და ა.შ.
სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს ანალოგიური ორგანიზაციების შექმნა. კომუნისტურმა პარტიამ შექმნა საკუთარი მოქმედების კომიტეტები „სახალხო მმართველობისა და დემოკრატიისთვის“, ერთიანმა სოციალისტურმა პარტიამ -„სახალხო მოქმედების კომიტეტები“, მაოისტურმა ჯგუფმა UJCM-L-მ – „რეპრესიებისგან თავდაცვის კომიტეტები“, ორიენტირებული მხოლოდ მუშებზე.
21-22 მაისს ნაციონალურ ყრილობაზე განიხილავდნენ მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხს. უნდობლობის ვოტუმს დააკლდა ერთი ხმა.

22 მაისს მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყნიდან გაეძევებინა კოტ-ბენდიტი, როგორც უცხოელი. 23 მაისს ამის საპასუხოდ დაიწყო „ბარიკადების მეორე ღამე“. გამოჩნდა პლაკატები შემდეგი წარწერებით: „ჩვენ ყველანი გერმანელი ებრაელები ვართ“ და „ყველანი არასასურველები ვართ“.

25 მაისს პროფკავშირების ლიდერებმა და დამსაქმებლებმა დადეს გრენელის შეთანხმება გაფიცვის შეწყვეტის შესახებ, გარკვეული ეკონომიკური დათმობების შემთხვევაში. გაფიცვა ნელ-ნელა ჩაწყნარდა .

27 მაისს არაკომუნისტური მემარცხენეობის წარმომადგენლებმა (სოციალისტებით დაწყებული 22 მარტის მოძრაობით დამთავრებული) გამართეს რამდენიმე ათასიანი მიტინგი შარლეტის სტადიონზე.

29 მაისს მუშების ზეგავლენით, პროფკავშირების ხელმძღვანელობამ გამოაცხადა გაფიცვის გაგრძელების შესახებ. იმავე დღეს გაიმართა პროფკავშირების 500-ათას კაციანი დემონსტრაცია დე-გოლის წინააღმდეგ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი დე-გოლი გაქრა პარიზიდან. მემარცხენების თქმით, ამ დღეს „ძალაუფლება ქუჩაში ეგდო“.

30 მაისს დე-გოლი დაბრუნდა საფრანგეთში და სიტყვით გამოვიდა მთელი ერის წინაშე. მან გამოაცხადა უარი რეფერენდუმის ჩატარებაზე, ეროვნული ყრილობის დათხოვნისა და ნაადრევ საპარლამენტო არჩევნებზე. ამ დღეს გოლისტებმა ჩაატარეს 100-ათასიანი დემონსტრაცია ელისეის ველზე. ისინი სკანდირებდნენ: „დააბრუნეთ ჩვენი ქარხნები!“ და „დე-გოლი მარტო არ არის!“. ამასთან ერთად, – იხსენებს მემარცხენე სტუდენტი პიერ პოშმორი, – გოლისტების ჯგუფები მთელი ღამე პატრულირებდნენ ქუჩებში მანქანებით (ამ ხალხს არ ეკადრება ფეხით სიარული)… ავრცელებდნენ ბროშურებს – „დე-გოლთან ერთად ახალგაზრდობა მოახდენს რევოლუციას“ და სცემდნენ ყველას, ვისი ცემაც შეეძლოთ.

12 ივნისს აკრძალული იყო ძირითადი მემარცხენე დაჯგუფებები, ხოლო კოტ-ბენდიტი გადაასახლეს გერმანიაში.

16 ივნისს პოლიციამ დაიკავა სორბონა და ოდეონი და გაანადგურა ლათინური კვარტლის საერთო საცხოვრებლებში მოწყობილი კომუნები. 68-წლის რევოლუცია ჩაახშეს..
1968 წლის შემოდგომაზე, 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე იტალიის ქალაქ კარარეში გაიმართა საერთაშორისო ანარქისტული კონგრესი, რომელზეც შეიქმნა „ანარქისტული ფედერაციების ინტერნაციონალი“.

კონგრესის ორგანიზებისას, წამოიჭრა საკითხი მასში ისეთი ჯგუფების მონაწილეობის შესახებ, რომლებიც არ მიიღეს საფრანგეთის ანარქისტულ ფედერაციაში, როგორც იყო, მაგალითად, ორგანიზაცია „შავი და წითელი“.

ყველაზე მწვავე დისკუსიები კონგრესზე ხდებოდა ფრანგულ ჯგუფებს შორის, კოტ-ბენდიტის მომხრეები, სპონტანისტები და ანარქო-მარქსისტები გამოდიოდნენ ორთოდოქსული ანარქისტების წინააღმდეგ. თავად დანიელ კოტ-ბენდიტი სიტყვით გამოვიდა კონგრესის პირველი დღის დასასრულს. ყველა დისკუსია ამ კონგრესზე, მისი აზრით, იყო მოსაბეზრებელი და არაფრისმომცემი. მან, ასევე, განაცხადა: “ჩვენს წინაშე დგას საკითხია არა არჩევანის გაკეთებაზე მარქსიზმისა და ანარქიზმის შორის, არამედ ის, თუ როგორ აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ რევოლუციისთვის ყველაზე რადიკალური მეთოდები“. კონგრესზე წარმოდგენილ ორგანიზაციათა უმეტესობამ უარჰყო ეს თეზისები, და კოტ-ბენდიტმა, მხარდამჭერებთან ერთად, დატოვა კონგრესი.
კონგრესმა ოფიციალურად განაცხადა:“აუცილებელია განვმარტოთ, რომ ანარქიზმი და მარქსიზმი სრულიად საწინააღმდეგო იდეებია, რომლებიც სხვადასხვანაირად წარმოიშვნენ. ამიტომაც, ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ “კარგ მარქსიზმს”, რომელთანაც შეგვეძლებოდა საერთო ენის გამონახვა და გაერთიანება. თანამედროვე მარქსისტული პრაქტიკა არ არის ორიგინალური იდეის რაიმე დამახინჯება, იგი რეალური მარქსიზმის გამოვლინებაა. ახალი მორალის უქონლობის, პრივილეგირებული კლასის სახელით ინდივიდის ჩაგვრის გამო მარქსიზმს არ შეუძლია, შესთავაზოს ადამიანს, მთლიან კაცობრიობას, სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილებები. ანარქიზმი მრავალმხრივია, იგი შეიცავს საკუთარ ეკონომიკას, საკუთარ პოლიტიკასა და საკუთარ მორალს. მარქსიზმისა და ანარქიზმის გაერთიანების სურვილი ნიშნავს ანარქიზმის ცუდად შეფასებასა და მის ზედაპირულ განხილვას. ამგვარად, ჩვენ ვერ ვხედავთ არანაირ მსგავსებას მარქსიზმსა და ანარქიზმს შორის“.

ამგვარად, იმ დროის ანარქისტთა უმეტესობამ უარჰყო „ანარქო-მარქსიზმი“. ერთი მხრივ, მათ უარჰყვეს კოტ-ბენდიტისა და მისი მხარდამჭერების, რომლებიც ადიდებდნენ ჩე გევარასა და ფიდელ კასტროს და ამასობაში ადანაშაულებდნენ არსებულ ანარქისტულ ორგანიზაციებს ავტორიტარიზმსა და სპონტანურობის არარსებობაში, ეკლეკტიკასა და ავანტიურიზმში. ხოლო მეორე მხრივ, ლიბერტარულ მარქსისტებთან დიალოგზე უარის თქმით, კონგრესის მონაწილეებმა „ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს“. სინამდვილეში მარქსიზმი არ არის მონოლითური იდეა, არამედ ფილოსოფიური სისტემაა, რომელსაც გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი წერტილები.
„68 წლის მაისმა კრიტიკული დარტყმა მიაყენა მემარცხენე პარტიების იდეოლოგიებსა და მათ მარქსისტულ თეორიას. პოლიტიკური პარტიების ოფიციალური მარქსიზმის კრიტიკითა და მარქსის ადრეული ნაშრომებით შემოფარგლვისკენ მოწოდებით, 68 წლის მაისმა ბიძგი მისცა შეუქცევად პროცესს.
ხალხმა დაიწყო ყველაფრის გადააზრება და უკვე დღეს სტალინი, მაო, კასტრო და სხვები გადაგდებულნი არიან რევოლუციური პანთეონიდან, ხოლო მარქსი – დაყვანილი არის წინა საუკუნის ერთ-ერთ ეკონომისტამდე,“- 1988 წელს წერდა ანარქისტული ფედერაციის იდეოლოგი, მორის ჟუაიო.
თუმცა იგი მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ ავტორიტარული მარქსიზმის დასუსტებას მაინც არ მოჰყოლია თანამედროვე და მიმზიდველი ანტიავტორიტარული სოციალისტური თეორიის გაჩენა.

მთარგმნელი / წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)