Tag Archives: სირია

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას.

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. Continue reading რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს