Tag Archives: ძალაუფლება

ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”


…“ფსიქოანალიზის მთავარი მიზანია – საკუთარ თავში ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევაში ადამიანის დახმარება, ეს თერაპიული მეთოდია, რომელიც წარმოადგენს “ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ” თეზისის ემპირიულ დანართს. ჰუმანისტურ რელიგიურ აზროვნებაში და ფსიქოანალიზში ჭეშმარიტების ძიების მოთხოვნილება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევასთან უწყვეტად დაკავშირებულად ითვლება. ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ნებისმიერი ნევროზის საფუძველია: სულიერი ავადმყოფობა ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ ძლევს საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ინფანტილურ შეთვისებადობას. ფროიდი გარდაუვალად თვლიდა იმ დასკვნას, რომ ინცესტუოზური იმპულსები წარმოადგენს ადამიანის ღრმად ფესვგადგმულ ვნებას. მან ეს შთაბეჭდილება გამოიტანა კლინიკური მასალის შესწავლიდან; ინცესტზე ტაბუ დამატებით არგუმენტად გამოდგა ამ თეზისის სასარგებლოდ. თუმცა ფროიდის აღმოჩენის ყველა მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როცა ჩვენ ეს დასკვნა გადაგვაქვს სექსუალური სფეროდან პიროვნებათშორის ურთიერთობებზე. ინცესტის არსი არ მდგომარეობს ერთი ოჯახის წევრებისადმი სექსუალურ სწრაფვაში. ეს სწრაფვა იმ სახით, როგორი სახითაც პოულობენ, არის მხოლოდ ერთ-ერთი გამოთქმა ბავშვად დარჩენის უფრო ღრმა და ფუნდამენტური სურვილისა, ბავშვად, რომელიც იმ მფარველ ფიგურებსაა შეჩვეული, რომელთაგან დედა – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაყოფი დედასთან ერთად და მის ხარჯზე ცხოვრობს; დაბადების აქტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბავშვი დაბადების შემდეგ ჯერ კიდევ ბევრ რამეში დედის განუყოფელი ნაწილია; მისი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის დაბადებას, მრავალი წელი სჭირდება. ეს პროცესი ფაქტიურად მთელი ცხოვრება გრძელდება. ჭიპლარის მოჭრა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქლოგიური თვალსაზრისით – ადამიანის განვითარების დიდი გამოწვევაა და მისი ყველაზე რთული ამოცანაც. სანამ ადამიანი ამ პირვანდელი ძაფებით დედასთან, მამასთან, ოჯახთანაა დაკავშირებული, იგი თავს დაცულად გრძნობს. იგი ჯერ კიდევ ნაყოფია, ვიღაც სხვა აგებს მასზე პასუხს. მას არ სურს “ცალკე” არსებად ყოფნა, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ქმედებებზე, ვალდებული იქნება გამოიტანოს აზრები, “ცხოვრება საკუთარ ხელში აიღოს”. რჩება რა ბავშვად, ადამიანი არა მხოლოდ მთლიანად თავს არიდებს ფუნდამენტურ განგაშს, რომელიც აუცილებლად ჩნდება საკუთარი მე-ს, როგორც დამოუკიდებელი არსების სრული გაცნობიერებისას, არამედ უხარია კიდეც ეს უსაფრთხოება, სითბო და უდავო სიახლოვე; მაგრამ ამის ფასი მაღალია. Continue reading ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”

ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში


ჩვენ იშვიათად ვხდებით „ყოფნის“ მოდუსს დასავლურ საზოგადოებაში, რადგან ჩვენს საზოგადოებას ძლიერი მიდრეკილება გააჩნია საკუთრების შეძენისა და მოგების მიღებისაკენ. ამის გამო, უამრავი ადამიანი არსებობისათვის ყველაზე მისაღებ და ბუნებრივ პრინციპად, „ფლობას“ მიიჩნევს. ყველაფერი ეს სირთულეებს ქმნის ადამიანების მიერ „ყოფნის“, როგორც ცხოვრების პრინციპის გაცნობიერებაში და იმის შეგნებაში, რომ „ფლობა“ – ცხოვრების მხოლოდ ერთერთი ორიენტაციაა. ამის მიუხედავად ამ ორივე ცნებას ფესვები ადამიანის გამოცდილებაში აქვს გადგმული. არ შეიძლება არცერთი მათგანის, განყენებულად და წმინდა რაციონალურად განხილვა; ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ირეკლებიან და კონკრეტულ ანალიზს მოითხოვენ. შესაძლოა ტექსტში მოყვანილი „ყოფნის“ და „ფლობის“ ყოველდღიური უბრალო მაგალითები, დაეხმარება მკითხველს შეიცნოს არსებობის ამ ორი ალტერნატიული პრინციპის არსი.

ძალაუფლება

    ძალაუფლების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი – „ძალაუფლების ქონის“ და „ძალაუფლებად ყოფნის“ – ორი განსხვავებული შემთხვევაა. თითქმის ყველა ჩვენთაგანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, გვიწევს ძალაუფლების გამოყენება. ბავშვების აღზრდისას, ადამიანები – სურვილის მიუხედავად – ახორციელებენ ძალაუფლებას, იმისათვის რომ დაიცვან ისინი საფრთხისაგან, და მისცენ რჩევები გარკვეულ სიტუაციებში ქცევის შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამაკაცების უმრავლესობისთვის ბავშვებთან ერთად ძალაუფლების ობიექტად ქალიც ითვლება. ბიუროკრატიული, იერარქიულად მოწყობილი საზოგადოების წევრების უმრავლესობა ყოველდღიურად ახორციელებს ძალაუფლებას, გამონაკლისებს მხოლოდ ყველაზე დაბალი სოციალური ფენის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ამ ძალაუფლების განხორციელების ობიექტები არიან.

Continue reading ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში