ვარლამ ჩერქეზიშვილი : მარქსის და ენგელსის სოციალ-დემოკრატიული პროგრამის კრიტიკა

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ფოტო: ბოდლიანის ბიბლიოთეკა და რედკლიფის კამერა, ოქსფორდის უნივერსიტეტი (Ward.13.25a, p.5)

გიორგი ბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის
მეცნიერების დოქტორანტი, 2018 წელი.

შესავალი

ვარლამ ჩერქეზიშვილი – წარჩინებული წარმოშობის ცნობილი ქართველი ანარქისტი მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოს ანარქისტულ წრეებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, იყო რეპრესირებული რუსეთის იმპერიის მიერ, გადასახლებიდან გაიქცა, მოღვაწეობდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოში ანტი-იმპერიალისტურ მოძრაობას რომელიც რუსეთის 1905 წლის რევოლუციური პროცესებიდან განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა ესეში ძირითადად ყურადღება გადატანილია არა მის საქმიანობაზე, არამედ მის წერილებზე, სადაც გაკრიტიკებულია კარლ მარქსისა და ფრიდრიც ენგელსის სოციალისტური პროგრამა, მისი თეორიული ნაწილი, ისევე როგორც უშუალოდ ამ ორის პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩერქეზიშვილის ‘’სოციალისტური ისტორიის გვერდები’’ წიგნად გამოიცა 1902 წელს, ნიუ-იორკში, სადაც თავმოყრილია მისი რამდენიმე წერილი, ამ წერილებში გვხვდება მიმოხილვა მეცხრამეტე საუკუნის სოციალისტური მოძრაობისა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მოძრაობაში ენგელსისა და მარქსის პოზიციებს, ავტორი უარყოფითად აფასებს მარქსისა და ენგელსის როლს რევოლუციურ პროცესში და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ ‘’ახალი დიქტატურის იდეოლოგებს’’ უწოდებს, ჩერქეზიშვილის ეს ნაშრომი იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო დასავლეთში, საქართველოში მისი სრული ვერსია ქართულ ენაზე არ მოიპოვება, შეიძლება ითქვას ეს ნაშრომი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკა სოციალიზმის მარქსისტული განშტოებისა, რომელიც უშუალოდ მარქსისა და ენგელსის თანამედროვეს ეკუთვნის.

***

ნაშრომის დასაწყისში, ჩერქეზიშვილი საუბრობს იმ კრიზისზე, რომელსაც იმ პერიოდში სოციალისტური მოძრაობა ევროპის მასშტაბით განიცდიდა, 1848 წლის შემდეგ ძალაუფლების ყველა სფერო რეაქციული ძალების ხელში დაბრუნდა, ‘’ეკლესია და არისტოკრატია, ვინც თითქმის განადგურდნენ 1848 წელს, კვლავ ისეთი ძლიერები არიან, როგორც ადრე’’1 წერს ის შესავალში, ჩერქეზიშვილის აზრით, ეს რეალობა იყო შედეგი იმისა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ არსებულა რეალური ოპოზიცია, რომელიც არსებულ დესპოტიზმს და ჩაგვრას წინ აღუდგებოდა, რომ ყველა არსებული დაწინაურებული პოლიტიკური ძალა კონფლიქტშია ერთმანეთთან, რომ მათ დაივიწყეს ის დიდი გაკვეთილი, რაც მათ 1848 წელს მიიღეს რევოლუციის დამარცხების შედეგად.

1893 წლის ციურიხის კონგრესის შეფასებისას, ჩერქეზიშვილი წერდა, რომ 1872 წელს, ჰააგის კონგრესში სოციალ-დემოკრატების ტრიუმფის შემდეგ, როდესაც მათ განდევნეს ფედერალისტები, (ანარქისტები) კონგრესიდან, განადგურდა დიდი ასოციაცია, და ინტერნაციონალი სოციალ-დემოკრატებს დარჩათ, რომლებიც წლების განმავლობაში ე.წ. ‘’მეცნიერული სოციალიზმის’’ წინ წამოწევით იყვნენ დაკავებულნი, რომელიც ჩერქეზიშვილის აზრით მთლიანად ლეგალური, საპარლამენტო მოძღვრებაა, ჩერქეზიშვილი აკრიტიკებს ენგელსის სიტყვას, რომ თურმე 50 წლის წინ, 1843 წელს, როდესაც მან და მარქსმა პირველად აიღეს იარაღი ხელში, ევროპაში სოციალიზმი მცირე სექტების სახით იყო წარმოდგენილი2, საპასუხოდ მას მოჰყავს მაგალითი საფრანგეთის ისტორიიდან 1839-1848 წლებში, როდესაც დიდი რევოლუციური მოძრაობა იყო გაშლილი მთელი რიგი სოციალისტური მიმართულებებით, რომელშიც ლერუ, კონსიდერანი, ოგიუსტ კომტე, პრუდონი, სანდი, ლამენე და სხვები იღებდნენ მონაწილეობას, ავტორი ხაზს უსვამს ლუი ბლანის განსაკუთრებულ პოპულარობას, რომლის 1839 წელს დაწერილი ‘’მშრომელთა ორგანიზება’’ იყო ის ტექსტი, რამაც ის 1848 წელს შექმნილ დროებით ხელისუფლებაში ხალხის მიერ ტრიუმფით შეიყვანა3.

ჩერქეზიშვილი დეტალურად მიჰყვება ბლანის პროგრამას და ამბობს რომ ეს იყო პირველი პროგრამა, რომელშიც ახსენეს ‘’სახელმწიფო სოციალიზმი’’, ბლანი მიიჩნევდა რომ სოციალურ პრობლემას მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო გადაწყვეტდა, ამ დემოკრატიულ სახელმწიფოს ლეგიტიმაცია ხალხისგან ექნებოდა, სადაც დანგრეული იქნებოდა დასაწყისშივე ყველა სახის პრივილეგია, ყველა სახის კაპიტალისტური ორგანიზაცია,რომელსაც ნაციონალური სამსახურები შეცვლიდა, სახელმწიფო გასცემდა სესხებს ამ ორგანიზაციებზე, მაგრამ არ ექნებოდა უფლება ჩარეულიყო მათ საქმიანობაში, მათ ავტონომიაში, ყველასგან მათი შესაძლებლობების, ყველასთვის მათი საჭიროების მიხედვით, ეს იყო ბლანის პროგრამის ძირითადი აზრი, წერს ჩერქეზიშვილი, ახლა კი შევხედოთ რას წერდნენ იმ დროს ენგელსი და მარქსი, აქ ავტორს ცნობილი ‘’კომუნისტური მანიფესტი’’ რომელიც 1848 წელს შემუშავდა, აქ პუნქტებად იყო ჩაშლილი მზარდი გადასახადები, შრომის, საკუთრების და მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა, მეამბოხეთა და ემიგრანტთა ქონების კონფისკაცია, სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა და ცენტრალიზაცია, საწარმოების და მიწის სახელმწიფოს ძირითადი გეგმის შედეგად დამუშავება4.

ჩერქეზიშვილი ურჩევს ამ ორი პროგრამის შედარებას მკითხველს და იმის გადაწყვეტასაც, რომელი უფრო ჰუმანისტური და საზოგადოებრივი იყო, ბლანის, რომელიც სამართლიან გადანაწილებაზე აკეთებდა აქცენტს თუ მარქსისა და ენგელსის მონოპოლისტური მანიფესტი, რომელიც ძალადობრივ მეთოდებს ქადაგებდა.

მე შეიძლება ავღნიშნო რობერტ ოუენის 1819 წლის მანიფესტის იუბილე, რომლის იდეებიც ბევრად უფრო სოციალისტურია, მრავალფეროვანი და ჰუმანური, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ავღნიშნავდე პოლიტიკურ ასპარეზზე ბატონი ენგელსის გამოჩენას, თავის რეაქციული იდეებით და უიღბლო ტაქტიკებით, რომელიც მხოლოდ ბოროტების მომტანია, რისი თქმაც არასდროს მომერიდება5, ამბობდა ჩერქეზიშვილი.

ჩერქეზიშვილი წერს, რომ ენგელსი დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა ინტერნაციონალის გაყოფას, რაც მან საბოლოოდ 1873 წელს შეძლო, ავტორი იხსენებს ასევე იმ შანტაჟს, რასაც ენგელსი აწარმოებდა ესპანეთში ფედერალისტების წინაამღდეგ, როდესაც ითხოვდა ორგანიზაციის წევრების მთლიან სიას და წინაამღდეგ შემთხვევაში ანარქისტების ინტერნაციონალიდან დათხოვნით იმუქრებოდა.

ჩერქეზიშვილის თქმით, 1873 წელს ინტერნაციონალი ესპანეთის, ბელგიის, შვეიცარიის, იტალიის და ინგლისის წარმომადგენლებმა დატოვეს და ორგანიზაცია მხოლოდ გერმანულ ჯგუფს და სხვა მცირე ჯგუფებს დარჩათ, რომელიც მთლიანად ენგელსის ინტერესებს მოერგო6, ამან ინტერნაციონალი რეფორმისტულ ორგანიზაციად აქცია, რევოლუციონერებმა კი ის დატოვეს.

საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია მარქსის ‘’წერილები კუგელმანისადმი’’ სადაც გადმოცემულია მიმოწერა კარლ მარქსსა და მის მეგობარს, კუგელმანს შორის, ამ გამოცემას წინ ერთვოდა ლენინის წინასიტყვაობა, რომელიც საბჭოთა კავშირში ბოლშევიკური იდეოლოგიის კლასიკად იყო აღიარებული, ამ გამოცემას წინ ერთვის ვლადიმერ ლენინის ცნობილი წერილი, რომელიც მან 1907 წელს დაწერა, აქ გაკრიტიკებულია რუსეთის რევოლუციის პერიოდში გიორგი პლეხანოვის პოზიციები, რომელიც მიიჩნევდა რომ რევოლუციური პროცესი ჯერ კიდევ არ იყო მზად, ლენინი პლეხანოვის პოზიციებს მარქსის 1871 წლის პოზიციებს ადარებს და მოჰყავს მაგალითი, კომუნამდე სკეპტიკურად განწყობილი მარქსი როგორ იქცა აქტიურ მხარდამჭერად ამ პროცესისა აჯანყების პერიოდში,7 თუმცა ეს წერილი არ იძლევა საშუალებას მარქსის პოზიციების კარგად შესწავლისა, ინფორმაცია მეტად მწირია, სანაცვლოდ, ვარლამ ჩერქეზიშვილი დეტალურად განიხილავს მარქსისა და ენგელსის პოზიცინირებას პარიზის კომუნის პერიოდში.

‘’სოციალიზმის ისტორიის გვერდების’’ მეორე თავში, ‘’დიქტატურა და მეცნიერული პრეტენზიები’’, ჩერქეზიშვილი წერს, რომ მარქსისა და ენგელსის ქმედებების სწორად გასაგებად, საჭიროა მათი პოზიციების შესწავლა პარიზის კომუნის პერიოდში, როდესაც ლონდონში ინტერნაციონალის გენერალური საბჭო ითხოვდა დღიურ რეპორტებს კომუნიდან, აქ ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ უცნაურია ითხოვდე ყოველდღიურ ინფორმაციებს იმ ხალხისგან, რომელიც შეუჩერებელ ბრძოლაშია, მეტიც, ამბობს ჩერქეზიშვილი, მარქსი და ენგელსი კომუნარებს ინსტრუქციების მიყოლას ურჩევდნენ, შემდეგ კი დეტალურ მითითებებზე გადავიდნენ, მიუხედავად იმისა რომ რეალურად მარქსს და ენგელსს არანაირი გავლენა არ გააჩნდათ პროცესებზე, აქ ჩერქეზიშვილი ინტერნაციონალის წესდებას იშველიებს, რის მიხედვითაც ცენტრლაურ ორგანოს არ აქვს უფლება სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევისა, თუმცა მათ ამის მცდელობა მაინც ჰქონდათ, რა უცნაურია, რატომ უნდა მიჰყოლოდნენ ფრანგი რევოლუციონერები გერმანელი ვაჟბატონების ბრძანებებს ? ან რა უფლება ჰქონდათ ამ უკანასკნელთ, როდესაც მხოლოდ შორიდან დირექტივებით შემოიფარგლებოდნენ როდესაც ბისმარკი უშუალოდ იბრძოდა კომუნის წინაამღდეგ ჯარებთან ერთად ? 8.

ჩერქეზიშვილის თქმით, დიქტატურისკენ მიდრეკილების გამო დატოვა ინტერნაციონალი ბაკუნინმა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაიზარდა ზიზღი მარქსისტებისა ფედერალისტების მიმართებით და შემდეგ მუქარებშიც კი გადაიზარდა, გაყოფის შემდეგ, მარქსის და ენგელსის ჯგუფი უფრო კომპრომისული, ფედერალისტებისა კი უფრო რევოლუციური გზით აგრძელებდა მოღვაწეობას, კომპრომისებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე აქცენტირებისთვის კი მარქსისტებმა გადაწყვიტეს ახალი ტერმინის ‘’მორგება’’, ამისთვის გამოიყენეს ტერმინი ‘’მეცნიერული სოციალიზმი’’ ხოლო ფედერალისტებს ‘’რევოლუციონერი სოციალისტების’’ სახელი დარჩათ, რომელსაც როგორც მარქსისტები, ასევე რეაქციული ძალები თანაბრად დევნიდნენ9.

როგორც ცნობილია, ‘’მეცნიერული სოციალიზმის’’ ფუძემდებლები ჩერქეზიშვილმა დაადანაშაულა პლაგიატში, ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ ჩერქეზიშვილის მიერ დამატებითი ღირებულების თეორიის განხილვაზე, ენგელსის მტკიცებით, ეს თეორია მარქსის აღმოჩენილია, ჩერქიზიშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

‘’ენგელსი ამბობს, რომ ‘’კაპიტალში’’ მარქსმა აღმოაჩინა დამატებითი ღირებულების კანონი, ვნახოთ, იცოდნენ თუ არა სოციალისტებმა ‘’კაპიტალის’’ დაბეჭდვამდე რაიმე იმის შესახებ რომ ბურჟუაზიის გამდიდრების წყარო აუნაზღაურებული შრომაა10.’’ – წერს ჩერქეზიშვილი და მაგალითად მოჰყავს დენე, ფრანგი ფიზიოკრატი, რომელიც იგივე პრინციპს აღწერდა და დამატებითი ღირებულების ადგილზე იყენებდა სხვა ტერმინს, ‘’წმინდა პროდუქტი’’ რომელსაც აგრეთვე იყენებდა ადამ სმიტიც.

ჩერქეზიშვილი სიტყვასიტყვით ამას წერს : ‘’ადამ სმიტმა, პოლიტიკური ეკონომიკის ამ დიდმა შემქმნელმა, მარქსზე გაცილებით უკეთ წარმოადგინა რომ ყველა სიმდიდრე იქმნება მშრომელების მიერ, და მას (ადამ სმიტს) არასდროს გაუმართლებია მორალური გადმოსახედიდან ის ფაქტი, რომ მწარმოებელს პარავენ მის მიერ შექმნილ სიმდიდრეს11’’

ჩერქეზიშვილი ასევე იხსენებს სენ სისმონდს, რომელმაც იგივე პრინციპი თითქმის იდენტური ტერმინით აღწერა, ‘’ზედმეტი ღირებულება’’ (extra value) მარქსთან ‘’დამატებითი ღირებულება’’ (surplus value), და დასძენს რომ ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1819 წელს იქნა გამოყენებული, ერთი წლით ადრე ენგელსის დაბადებამდე12.

ჩერქეზიშვილი განსაკუთრებით აკრიტიკებს ენგელსის შეფასებებს სოციალიზმის უფრო ძველ თეორიტიკოსებზე, მაგალითად რობერტ ოუენზე, რომელსაც ენგელსი უტოპისტს უწოდებდა, ჩერქეზიშვილის თქმით, ოუენმა, რომელიც 1771 წელს დაიბადა, საკმაოდ ადრე შეძლო მშრომელებისთვის კარგი პირობების შექმნა, მან გახსნა პირველი საბავშვო ბაღები და აკრძალა ქალთა და ბავშვთა ექპლუატაცია საკუთარ ქარხნებში ჯერ კიდევ 1802 წელს, ხოლო 1815 წელს, იმ პერიოდში როდესაც მუშებს 14, 18 საათიც კი უწევდათ დღეში დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა, ოუენმა საკუთარ ქარხანაში მშრომელებს 10 საათიანი სამუშაო დღე დაუწესა, ოუენის ამ ნაბიჯმა გამოიწვია 1847 წელს, 30 წლის შემდეგ მაქსიმუმ 10 საათიანი სამუშაო დღის საყოველთაო შემოტანა ინგლისში, ‘’ეს კანონი ჯერ კიდევ არ შემოსულა გერმანიაში, სადაც მეცნიერული სოციალიზმი ყვავის’’ შენიშნავს ჩერქეზიშვილი13.

ჩერქეზიშვილი ასევე დეტალურად მიჰყვა მარქსის ‘’კაპიტალის კონცერტრაციის’’ თეორიას, რის შესახებაც მას განსხვავებული პრეტენზიები ჰქონდა, თუ ‘’დამატებითი ღირებულების თეორია’’ ჩერქეზიშვილმა გააკრიტიკა როგორც სხვისი შრომების მისაკუთრება, ‘’კაპიტალის კონცერტრაციის თეორიას’’ მან ემპირიული მასალის ზღვა რაოდენობა დაუპირისპირა, რაც საპირისპიროს მტკიცებაში დაიხმარა, მისი თქმით, ყველა ეპოქაში ყოფილა შემთხვევა, რომ შეცდომა საყოველთაოდ გაზიარებული ყოფილიყო როგორც ჭეშმარტიება, ‘’ჩვენ, სოციალისტებიც ანალოგიურ სიტუაციაში ვართ დღეს, ‘’კაპიტალის კონცერტრაციის თეორიის’’ გარშემო, მისი საზიანო რეპუტაცია დამანგრეველია თაობებისთვის, მის ჭეშმარიტებას ისე აღიარებენ ყველაზე განათლებული ადამიანებიც კი, თითქოს გარკვეული თავშეყრის ადგილი იყოს, სადაც ყველა ერთად იკრიბება14’’.

ჩერქეზიშვილი წერს : ‘’ნებისმიერი ჟურნალი, ნებისმიერი თანამედროვე გამოცემა, ნებისმიერი ინტელექტუალი დღეს დარწმუნებულია რომ კაპიტალს ახასიათებს მცირე რაოდენობის ხალხში დაგროვება, რაც დრო გადის, სიმდიდრე უფრო და უფრო ცოტა ადამიანის კუთვნილებაა, მეტი ადამიანი კარგავს კაპიტალს და ღარიბდება უმცირესობის გამდიდრების ფონზე, ამის საწინაამღდეგოდ ჩერქეზიშვილს მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, სადაც საპირისპირო მტკიცდება, რომ მდიდართა რიცხვი მუდმივად იზრდება, ისევე როგორც ღარიბების კაპიტალიც გარკვეულწილად მზარდია, ამ სტატისტიკურ მასალაში მოყვანილია მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთში სახლების, რკინიგზის, ავეჯის ზრდის მაჩვენებლები, ასევე მდიდრების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ უარყოფს კაპიტალის კონცერტაციის თეორიას, ჩერქეზიშვილის თქმით, მდიდარი ადამიანების რიცხვი იმატებს, ანუ მეტი ადამიანი მდიდრდება, შესაბამისად, იზრდება ექსპლუატატორთა რიცხვი, რაც განაპირობებს დაბალი კლასების ადამიანების რაოდენობის ზრდასაც, ისევე როგორც საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის, ეს კი ‘’კაპიტალის კონცერტრაციის’’ თეორიის საპირისპიროა, სადაც მარქსი ამტკიცებს მდიდრების რიცხვის შემცირებას და მათ თავმოყრას ერთ კონკრეტულ ჯგუფში, რომელსაც დაუპირისპირდება მეორე – რადიკალურად გაღარიბებული ადამიანების ჯგუფი, მეტიც, ჩერქეზიშვილის მოყვანილი რიცხვები აჩვენებენ რომ ქვედა კლასების მდგომარეობაც გარკვეულწილად საუკუნის მანძილზე უმჯობესდებოდა, ისევე როგორც საკუთრების მფლობელთა რიცხვი.15

დასკვნა

ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებიდან ჩანს რომ ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობდა მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან და რაც დაგვირგვინდა რუსული რევოლუციებით, ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლით, ჩერქეზიშვილმა შეძლო იმ დროინდელი ცხარე დაპირისპირებების და შეურაცყოფების მიღმა დაეწერა ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა და ამ მოძრაობის ლიდერების, მარქსისა და ენგელსის გარშემო, მისი ნაშრომი საინტერესოა როგორც უშუალოდ პოლიტიკური პროცესების გაანალიზების, აგრეთვე იმ თეორიული ბრძოლის შესასწავლად, რაც ანარქისტებსა და მარქსისტებს შორის წარმოებდა, მის მიერ მარქსისა და ენგელსის დიქტატურის თეორიტიკოსებად შერაცხვა გარკვეულწილად გამართლდა კიდევ საბჭოთა კავშირის მაგალითზე, მის მიერ დამუშავებული თეორიული კრიტიკა კი ნამდვილად ატარებს დიდ ღირებულებას, როგორც წმინდა სამეცნიერო კრიტიკა, რომელიც ემპირიული ფაქტებით არის გაჯერებული, მნიშვნელოვანია მარქსი და ენგელსი – როგორც პოლიტიკოსები ჩერქეზიშვილის ნაშრომში, აქ ჩანს რომ ეს ორი თეორიტიკოსი სულაც არ იყვნენ შორს პოლიტიკური მანიპულაციებისგან, შეცდომებისგან და სუბიექტურობისგან, მეტიც, მათ გააჩნდათ გარკვეული ძალაუფლებები დიდი ხნის მანძილზე და დიდი როლი ითამაშეს სოციალიზმის იმ სახის ჩამოყალიბებაში, რამაც ასახვა რუსულ ბოლშევიკურ პარტიაში პოვა, ჩერქეზიშვილმა მოახერხა მარქსიზმის როგორც რეფორმისტული სახის აღწერა, რომელიც ევროპაში საპარლამენტო საქმეებში ჩაება, ასევე იმ პოტენციური დესპოტური მხარის შემჩნევა, რასაც მარქსისა და ენგელსი თეორიები ატარებდნენ, ეს უკვე რუსული მარქსიზმია,ძნელია ითქვას, რისი ბრალი იყო ბოლშევიკური დესპოტიზმი, მარქსიზმისა და რუსული კულტურის კომბინაციის თუ უშუალოდ მარქსისტული მოძღვრების ბუნების, მაგრამ ფაქტია რომ ჩერქეზიშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც პოტენციურ საფრთხეებზე საუბრობდა, მისი ნაშრომი – ‘’სოციალიზმის ისტორიის გვერდები’’ არის მატიანე ე.წ ‘’უტოპიურად’’ შერაცხული სოციალისტური თეორიების დეკადანსის და მარქსისტული სოციალიზმის აღზევების, რომელსაც ავტორი საკუთარ სამშობლოშიც შეებრძოლა 1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის დღეებში.

ავტორის შენიშვნა – ჩერქეზიშვილის ამ ნაშრომს უპასუხა იოსებ სტალინმა, 1906 წლის ბოლოს, სტალინის პასუხის ხილვა შესაძლებელია მისი თხზულებების კრებულის პირველ ტომში.

გამოყენებული ლიტერატურა :

W. Tcherkesoff . Pages of Socialist History. New York. 1902

K.Marx . Letters to Kugelmann. London. 1934

1 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.5

2  V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.7

3 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.8

4 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p8

5 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.9

6 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.10

7 Karl Marx. ‘’Letters to Kugelmann’Preface by V. Lenin p.19

8 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.11

9 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.12

10 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.19

11 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.19

12 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.20

13 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.11

14 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.23

15 V.Tcherkesoff .‘’Pages of Socialist History’p.25-30