1 მაისის ისტორია

HACAT_V46

დღეს  ძალიან  ცოტა ადამიანმა  იცის,  თუ რატომ აღნიშნავენ ანარქისტები 1 მაისს. ისტორიული ექსკურსი საინტერესო იქნება,  არა  მარტო  როგორც მონაყოლი, არამედ  როგორც გაკვეთილიც, რომელსაც აუცილებლად გაიაზრებენ თავისუფლებისა და ღირსების მოყვარე ადამიანები.

სულ რაღაც 100 წლის წინ ამერიკა  სულაც არ წარმოადგენდა ე.წ. „ამერიკული ოცნების“ ქვეყანას.    1880  წელს საყოფაცხოვრებო  მინიმუმი შეადგენდა  დაახლოებით 750 დოლარს წელიწადში,  ინდუსტრიაში მომუშავე  ადამიანის წლიური ხელფასი კი 300 დოლარს.  ამასთან ერთად სამუშაო დღე გრძელდებოდა 11-12 საათს, ხშირ შემთხვევაში 15-საც კი. ყოველი მეექვსე  ბავშვი მუშაობდა ინდუსტრიაში  და  იღებდა უფროსის  ხელფასის ნახევარს იმავე საქმის გაკეთებითვის. მშრომელთა უფლებების დაცვაზე არავინ ფიქრობდა. ეს მონაცემები ამოღებულია აშშ-ს  კონგრესისთვის შრომის  სტატისტიკის ბიუროს მოხსენებიდან.  მოხსენების ბოლოს ნათქვამია: „ადამიანები უნდა კვდებოდნენ იმისთვის, რომ ყვაოდეს ინდუსტრია“

აღსანიშნავია,რომ მუშებს ადრეც ჰქონდათ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლის მცდელობები, მაგრამ  მშვიდობიანი აქციები და პეტიციები ხელისუფლების გაღიზიანებისა და სიძულვილის გარდა არაფერს იწვევდა.  მეტიც, ამერიკელი ისტორიკოსი, ფ.ფონერი, მოწმობს რომ: „მუშების ცემა პოლიციელების საყვარელ საქმიანობად იქცა. ხელკეტი ობიექტური იარაღია, ის ერთნაირად ურტყამს მამაკაცებსაც, ქალებსაც და ბავშვებსაც“    პოლიციის  ძალადობის  საპასუხოდ მუშები  ქმნიდნენ  შეიარაღებულ თავდაცვით ჯგუფებს.  პირველი ასეთი ჯგუფი ჩიკაგოელმა ანარქისტებმა 1875 წელს ჩამოაყალიბეს.

80 – ანი წლების ამერიკაში ჩიკაგო მუშათა მოძრაობის აღიარებული ცენტრი იყო. ქალაქში მოქმედებდნენ შრომის რაინდების ორდენის სექციები,  ამერიკულ პროფკავშირთა ფედერაცია,  მუშათა სოციალისტური პარტია და სხვ.  მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა პროლეტარიატზე მშრომელთა საერთაშორისო კონფედერაციაში გაერთიანებულ ანარქისტებს ჰქონდათ.  მათი ლიდერები გახდნენ ალბერტ პარსონსი და აუგუსტ შპისი. ბრძოლის მთავარ მეთოდად ისინი მიიჩნევდნენ  „მუშების შეიარაღებული ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც იარაღით ხელში დაიცავდნენ თავიანთ თავს და მათ ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია“,  მთავარ მიზნად კი „ძალადობისა და ექსპლუატაციის სისტემის სრულ განადგურებას“.

ანარქისტების აქტიურობამ და უკომპრომისო ბრძოლამ  მუშების სიმპათია გამოიწვია.  მარტო 1883 წლის განმავლობაში სოციალისტური მუშათა პარტიიდან,  მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობაში გადავიდა 1500 ადამიანი. მათ მოახდინეს აშშ-ს დასავლეთით ფართომასშტაბიანი გაფიცვების ორგანიზება,  ეხმარებოდნენ მუშებს და იბრძოდნენ მათ გვერდით.

1884 წელს პროფკავშირთა ფედერაციამ მიიღო რეზოლუცია: 1886 წლის პირველი მაისიდან შემცირდეს სამუშაო დღე 8 საათამდე,  შემცირება მოხდეს დასწრების წესით და მიღწეულ იქნას საეყოველთაო გაფიცვის გზით.

აშშ-ს უმსხვილესმა ორგანიზაციამ, შრომის რაინდების ორდენმა მხარი არ დაუჭირა გაფიცვის იდეას  და 1886 წლის მარტში პირდაპირ აუკრძალა თავის წევრებს გაფიცვებში მონაწილეობის მიღება.

ჩიკაგოელი ანარქისტები  უარყოფითად შეხვდნენ 8 საათიანი სამუშაო დღის იდეას. ჩიკაგოელი ანარქისტების ლიდერი ალბერტ პარსონსი წერდა: „დავეთანხმოთ იმას, რომ კაპიტალისტებს აქვთ უფლება გამოიყენონ ჩვენი შრომის 8 საათი – დაქირავებული შრომის სამართლიანობის აღიარებაა“,  მაგრამ რადგან  მუშებს ძალიან აღელვებდათ აღნიშნული საკითხი, ანარქისტებმა  გადაიყვანეს მოძრაობა პრაქტიკული საქმეების სფეროში, რის შედეგადაც  ყველაზე  მასობრივი,  აქტიური და წარმატებული გამოსვლა  1886 წლის 1 მაისს სწორედ ჩიკაგოში მოხდა.

1 მაისს  აშშ-ში  გაიფიცა 350 000 ადამიანი  (11 562 საწარმო),  კიდევ 100 000 ზე მეტმა  ადამიანმა შეძლო  თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევა საყოველთაო გაფიცვის დაწყებამდე.  გაფიცვის შემდეგ სამუშაო დღის  8 საათამდე  შემცირებას  მიაღწია  200 000-მა ადამიანმა.

როგორც უკვე ვახსენეთ, ჩიკაგოს გაფიცვა ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.  1 მაისს იქ გაიფიცა  40 000-ზე მეტი ადამიანი.  გაზეთ „მეილ“-ში  გამოქვეყნდა  პარსონისა  და  შპისის  ფიზიკური განადგურების მოთხოვნა.  ხელისუფლება ელოდა საბაბს  შურისძიებისთვის  და  იპოვა კიდეც.

ჩიკაგოს ერთ-ერთ  საწარმოზე  გამოცხადდა  ლოკაუტი. 1,5 ათასი ადამიანი იქნა დათხოვილი. საპასუხოდ მუშებმა გამოაცხადეს გაფიცვა.  3 მაისს საწარმოში შტრაიკბრეხერები მივიდნენ, მუშები მათ მიტინგით დახვდნენ, მაგრამ პოლიციამ იარაღის გამოყენებით დაარბია ისინი. 4 ადამიანი მოკლეს, ათეულობით – დაჭრეს. იმავე დღის საღამოს  გავრცელდა ფურცლები  პოლიციური ტერორის წინააღმდეგ მიტინგის ჩატარების მოწოდებით.  მეორე დღეს ქალაქის მერი დათანხმდა მის ჩატარებას  და  საღამოს  ჰეიმარკეტ-სკვერზე  შეიკრიბა 3 000  ადამიანი (ჰეიმარკეტის საქმე) ,  მათ შორის  ქალები  და  ბავშვები.  10 საათისთვის  ძლიერი წვიმა წამოვიდა  და  ხალხმა დაშლა  დაიწყო,  წავიდა  მიტინგზე მყოფი მერი ჰარისონიც.  მისი  წასვლის შემდეგ მოედანზე მოვიდა პოლიციის  დანაყოფი  და  მოითხოვა მისი დაცლა.  ანარქისტმა ფილდენმა, რომელიც იმ დროს სიტყვით გამოდიოდა  დაიყვირა რომ ეს მშვიდობიანი მიტინგია, ამ მომენტში ვიღაცამ (სავარაუდოდ პროვოკატორმა) ბომბი ისროლა.

ერთი პოლიციელი დაიღუპა, 53 დაიჭრა.  აფეთქებისთანავე პოლიციელებმა გახსნეს ცეცხლი,  და  დაედევნენ  მიტინგის მონაწილეებს,  ამ  ხოცვაში  დაიღუპა  რამდენიმე ათეული  და  დაიჭრა  200 ადამიანი.

მეორე დღეს პოლიცია ანადგურებდა მუშათა კლუბებს,  ტიპოგრაფიებს,  უვარდებოდა მუშებს სახლებში, აპატიმრებდა მათ და მათ ოჯახებს.  ასობით ადამიანი აწამეს,  მათ აიძულებდნენ ცრუ  ჩვენებების მიცემას.  საბრალდებო დასკვნა  წარედგინა ალბერტ პარსონს, სამუელ ფილდენს, იუჯინ შვაბს, ადოლფ ფიშერს, აუგუსტ შპისს, გეორგ ენგელს, ლუის ლინგს და ოსკარ ნებეს.

ეს  ადამიანები  ხელისუფლებას  განსაკუთრებით  სძულდა,  არა  მარტო მათი შეხედულებების გამო (რვავე ანარქისტი იყო),  არამედ იმიტომ,  რომ  მათ გამო ჩიკაგო აშშ-ს მშრომელთა მოძრაობის ცენტრად იქცა.  ფილდენის გარდა, არც ერთი მათგანი  არ  იმყოფებოდა მოედანზე  აფეთქების  მომენტში,  ამიტომ  მათ აფეთქება კი არა,  მკვლელობა დააბრალეს.  ბრალდებას  საფუძვლად  ედო  ის, რომ  უცნობი  ტერორისტი  ვითომდა მათი  სიტყვების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა  და შესაბამისად მოქმედებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა  მიიღეს მკაცრი  ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ  საკუთარი  უფლებების  დაცვისკენ  მოწოდება  და  მკვლელობა  გაეიგივებინათ,  მაგრამ  მათ  ესეც  არ  სჭირდებოდათ.  ნაფიცი  მსაჯულები – მსხვილი კაპიტალისტები  და  საწარმოების  მფლობელები,  პროცესის  დაწყებამდეც  ამტკიცებდნენ, რომ  ანარქისტები  უნდა  დაისაჯონ  თავიანთი  ქმედებებისთვის.

სასამართლო ერთ თვეს  გრძელდებოდა  და  დასკვნით  სიტყვაში  პროკურორმა  თქვა: „აქ წყდება  საკითხი კანონიერებაზე  და  ანარქიაზე.  ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ  ამოარჩია  ეს  ადამიანები  და  გადასცა ისინი  სასამართლოს  იმიტომ  რომ  ისინი  აჯანყებას  მეთაურობდნენ.  მათი  ბრალი  გაცილებით  უფრო  მძიმეა,  ვიდრე  იმ  ათასობით  გარეწარის  რომელიც  მათ მოყვება.  პატივცემულო  ნაფიცო მსაჯულებო,  დასაჯეთ  ეს  ადამიანები  და  დაე იყოს  ეს  მაგალითი  სხვებისთვის“

სასამართლომ  7  ბრალდებულს  სიკვდილი მიუსაჯა, ერთს – 15 წლიანი პატიმრობა.  ფილდენს  და  შვაბსს  სიკვდილი  სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს,  ლინგმა  თავი  მოიკლა.

1887 წლის  11 ნოემბერს პარსონსი, ენგელი  და ფიშერი  ჩამოახრჩეს.  მაგრამ უკვე 1893 წ.  ყველა  უდანაშაულოდ ცნეს.

1888 წლის  დეკემბერში  ამერიკის შრომის ფედერაციის   ქალაქ სენტ-ლუისში  ჩატარებულმა  ყრილობამ  გადაწყვიტა  1890 წლის 1 მაისი  მშრომელთა  უფლებების  დაცვის  ეროვნულ დღედ გამოეცხადა.

ცოტა მოგვიანებით  მეორე ინტერნაციონალის  კონგრესმა  დაამტკიცა  1 მაისი, როგორც  მშრომელთა  სოლიდარობის  საერთაშორისო დღე.

დღემდე 1 მაისს  მთელს მსოფლიოში  აღნიშნავენ  როგორც  მშრომელთა საქმისთვის  დაღუპული ოთხი ანარქისტის  ხსენების  დღეს.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.