A.1.1. რას ნიშნავს „ანარქია“?

სიტყვა „ანარქია“ს ბერძნული წარმოშობა აქვს – პრეფიქსი „ა“ , რაც ნიშნავს „არას“, „უარყოფას“ და „არქოს“ – რაც ნიშნავს „მმართველს“, „უფროსს“. შესაბამისად, „ანარქია“ ნიშნავს მმართველების არარსებობას.

ხშირად ანარქია ესმით როგორც სახელმწიფოს , ან მთავრობის არარსებობა, მაგრამ ეს ხშირად არასწორი გაგებაა, რადგან ანარქია არა მარტო მთავრობას ან სახელმწიფოს, არამედ ზოგადად ძალაუფლებას, ნებისმიერი ტიპის მმართველობას უარყოფს. მაგალითად, კროპოტკინი წერდა, რომ ანარქიზმი უპირისპირდება არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ კაპიტალიზმის ძალაუფლების მთავარ წყაროს – სახელმწიფოს, კანონებს, ავტორიტეტებს და ძალაუფლების სხვა გამოვლინებებს“. ანარქისტებისთვის ანარქია ნიშნავს არა – წესრიგის (როგორც ეს ბევრს ჰგონია), არამედ მმართველობის არარსებობას. დევიდ უეიკის შესანიშნავი განმარტების მიხედვით, „ანარქიზმი შეიძლება გავიგოთ, როგორც იდეა, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ძალაუფლებას, დომინაციას და იერარქიულ სისტემას.. ანარქიზმი ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგია უფროა, ვიდრე – ანტისამთავრობო, მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტების კრიტიკა ხშირად შეიძლება კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ იყოს მიმართული“.

ანარქიზმის წმინდა ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად შერაცხვა შეცდომა იქნებოდა. უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ანარქიზმი უპირისპირდება იერარქიულ სისტემას. რატომ? იმიტომ, რომ იერარქიული სისტემა – განხორციელებული ავტორიტარიზმის იდეაა. რამდენადაც სახელმწიფო – იერარქიული სისტემის ყველაზე დიდი მაგალითია, ანარქისტები, შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ატარებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ ანარქია მხოლოდ სახელმწიფოს უპირისპირდება. ბრაიან მორისს თუ მოვიშველიებთ: „ანარქია ნიშნავს „მმართველობის არარსებობას“, შესაბამისად ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ მთავრობას, იერარქიას და დომინაციას. ანარქიზმის მთავარი სამიზნე არის ის, რასაც მექსიკელი ანარქისტი, ფლორეს მაგონი „ბნელ სამებას“ უწოდებდა – სახელმწიფოს, კაპიტალიზმს და ეკლესიას.  ანუ, ანარქისტები უპირისპირდებიან როგორც კაპიტალიზმს და სახელმწიფოს, ასევე ყველანაირ ორგანიზებულ ავტორიტარულ რელიგიას. ანარქისტების მიზანია სხვადასხვა გზების გამოყენებით შექმნან ანარქია – დეცენტრალიზებული საზოგადოება მმართველი აპარატის გარეშე, რომელიც მყარად იდგება ფედერატიულ პრინციპებზე“ .

ტერმინ „იერარქიის“ გამოყენება ამ კონტექსტში არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო – „კლასიკოსი“ ანარქისტები, როგორებიც იყვნენ პრუდონი, ბაკუნინი და კროპოტკინი – ძირითადად ავტორიტარიზმს ახსენებდნენ, თუმცა, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მათი ტექსტები – იერარქიის წინააღმდეგ მიმართული ფილოსოფია იყო , რომელიც უპირისპირდებოდა ძალაუფლების არსებობას. ბაკუნინმა ეს იდეა მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა, როდესაც გააკრიტიკა „ოფიციალური“ ავტორიტეტები და ამავდროულად იცავდა ბუნებრივ ზეგავლენას:

„გინდათ, რომ არავინ დაჩაგროს სხვები? მაშინ გავაკეთოთ ისე, რომ არავის ჰქონდეს ძალაუფლება“.
როგორც ჯეფ დრაფნი აღნიშნავს, „მიუხედავად იმისა,რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეს „რევოლუციური პროექტის“ ლატენტური ნაწილი იყო ,ბოლო დროს იერარქიებთან დაპირისპირების იდეამ უფრო ხმამაღლა გაიჟღერა. უდავოა,რომ ანტიიერარქიულობა პირდაპირ ჩანს თვითონ სიტყვა „ანარქიის“ ეტიმოლოგიაში“.
კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ იერარქიასთან დაპირისპირება არ შემოიფარგლება მთავრობით ან სახელმწიფოთი. ის მოიცავს ყველა ავტორიტარულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი კაპიტალიზმსა და დაქირავებულ შრომას. ეს ნათლად ჩანს პრუდონის სიტყვებში: „კაპიტალიზმი ისეთივე წარმონაქმნია, როგორიც სახელმწიფო. კაპიტალიზმის ეკონომიკური იდეა ისეთივე ავტორიტარულია, როგორიც სახელმწიფოს ფორმა, და ეს ორი რამ საკმაოდ მჭირდოდ უკავშირდება ერთმანეთს.. სახელმწიფო ისევე ექცევა თავისუფლებას, როგორც კაპიტალიზმი – შრომას“. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ ემა გოლდმანის შეფასება,რომლის მიხედვითაც „კაპიტალიზმი აიძულებს ადამიანს, გაყიდოს თავისი შრომა, და შესაბამისად, მშრომელი ექვემდებარება უფროსს.“ გოლდმანამდე 40 წლით ადრე იგივე შინაარსის დასკვნა გააკეთა ბაკუნინმა : „კაპიტალიზმის პირობებში მშრომელი ყიდის საკუთარ თავს და თავისუფლებას გარკვეული დროით“.

ასე რომ, ანარქია არ ნიშნავს უბრალოდ „მთავრობი არარსებობას“, ის ნიშნავს ავტორიტარული ორგანიზაციის და იერარქიის ყველა ფორმის უარყოფას. კროპოტკინის თქმით, „ანარქისტული იდეების ფუნდამენტია იერარქიული ორგანიზების და საზოგადოებაში არსებული ავტორიტარული კონცეფციების უარყოფა“. შესაბამისად, ანარქიისთვის მხოლოდ ანტისახელმწიფოებრიობის მიწერა – შეცდომაა. როგორც ბრაიან მორისი ამბობს, „თუ გადავხედავთ კლასიკოსი ანარქისტების იდეებს, ასევე, ანარქისტული მოძრაობების ხასიათს, ნათელი გახდება, რომ ანარქიას არასდროს ჰქონია ისეთი შეზღუდული არეალი, როგორიც ბევრს ჰგონია [არასდროს ყოფილა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი], პირიქით, ის ებრძოდა ყველანაირ ავტორიტარიზმს, ექსპლუატაციას  და ისეთივე კრიტიკული იყო კაპიტალიზმისა და ეკლესიის მიმართ, როგორი სიმძაფრითაც უპირისპირდებოდა სახელმწიფოს“.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანარქია არ ნიშნავს ქაოსს და ანარქისტები არ იბრძვიან ქაოსის და უწესრიგობის შესაქმნელად, და არც მხოლოდ სახელმწიფოსთან ჭიდილით არიან გართულნი. პირიქით, ანარქისტებს გვსურს შევქმნათ საზოგადოება, რომლის ქვაკუთხედიც იქნება ინდივიდუალური თავისუფლება და კოოპერაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზემოდან“ გამოწვეული უსამართლობისა და უწესრიგობის ნაცვლად გვინდა მთელმა საზოგადოებამ ერთად შექმნას წესრიგი.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook