A.1.2. რას ნიშნავს ანარქიზმი?

კროპოტკინის ციტატას თუ მოვიყვანთ, „ანარქიზმი არის სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ექსპლუატაციის და ჩაგვრის განადგურება, რაც ნიშნავს კაპიტალიზმის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს მოსპობას“ (ერიკო მალატესტა, „ანარქიზმისკენ“).
ანარქიზმი არის თეორია, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური იერარქიების გარეშე. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ანარქია -მმართველობის არარსებობა, არის სოციალური სისტემა,რომელიც  ინდივიდუალური თავისუფლების და სოციალური თანასწორობის მაქსიმალიზაციის საშუალებას გვაძლევს. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფლება და თანასწორობა ერთმანეთის შემავსებელი აუცილებელი კომპონენტებია. გავიხსენოთ ბაკუნინის ცნობილი თეზისი: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე პრივილეგირებულთა ბატონობა და უსამართლობაა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე კი მონობა და სისასტიკე“.
კაცობრიობის ისტორია ადასტურებს ბაკუნინის მოსაზრებას : თავისუფლება თანასწორობის გარეშე ნიშნავს იმას,რომ თავისუფლება ექნებათ მხოლოდ პრივილეგირებულებს, ხოლო რაც შეეხება თანასწორობას თავისუფლების გარეშე – ამის განხორციელებას მართლაც მონობამდე მივყავართ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ანარქიზმის არაერთი მიმართულება (ინდივიდუალისტურით დაწყებული, ანარქო-კომუნიზმით დამთავრებული), მათ უმეტესობას ყოველთვის აერთიანებს ორი რამ – პოლიტიკურ და ეკონომიკურ იერარქიებთან დაპირისპირება. ინდივიდუალისტი ანარქისტის, ბენჟამენ ტუკერის სიტყვებით, „ანარქიზმის მიზანია ჩაგვრის განადგურება – არავინ უნდა მართოს სხვა და არავინ უნდა შეძლოს სხვისი ექსპლუატაცია“. უფრო ფართო განმარტებას გვთავაზობს სუზან ბრაუნი –  „ანარქიზმი არის უნივერსალური იარაღი იერარქიის და დომინაციის წინააღმდეგ, ასევე, საუკეთესო საშუალება ადამიანის თავისუფლებისთვის საბრძოლველად“.

ასე რომ, ანარქიზმი არის თეორია, რომელიც მიზნად ისახავს ანარქიის შექმნას, ანუ ისეთი საზოგადოების ფორმირებას,რომელშიც არ იარსებებენ მმართველები. „ისევე როგორც დანარჩენ სოციალისტებს, ანარქისტებსაც მიაჩნიათ, რომ მიწის და საწარმოო საშუალებების კერძო საკუთრებაში ქონა წარსულს უნდა ჩაბარდეს. მის ნაცვლად კი უნდა შეიქმნას სისტემა ,რომელიც აიგება საერთო საკუთრების პრინციპებზე. გარდა ამისა, საზოგადოებამ  თავად უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება და მთავრობის ფუნქციები მინიმუმამდე, ანუ ნულამდე უნდა შეამციროს, ანუ შექმნას ისეთი გარემო, სადაც არ იარსებებენ მმართველები. სწორედ ესაა ანარქია“.
ანარქიზმი აერთიანებს არსებული სისტემის კრიტიკას და ამავდროულად გვთავაზობს ალტერნატიულ მოდელს, რომელშიც, დღევანდელისგან განსხვავებით, მაქსიმალური ყურადღება ექცევა ადამიანის თავისუფლებას, სოციალურ თანასწორობას და სოლიდარობას. ჩვენ, ანარქისტებს, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია ავაშენოთ უკეთესი საზოგადოება, თუ არ გვეცოდინება არსებულის ნაკლოვანი მხარეები.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook