A.1.3. რატომ უწოდებენ ანარქიზმს ლიბერტარიანულ სოციალიზმს?

ბევრი ანარქისტი, რომლებმაც დაინახეს, რომ სიტყვა „ანარქისზმის“ გამოყენება არცთუ კარგ ასოციაციებს და შედეგებს იწვევდა, იყენებს სხვა ტერმინებს, რათა უფრო პოზიტიური ელფერი შესძინონ იდეოლოგიას. ყველაზე გავრცელებული ალტერნატიული ტერმინებია „თავისუფალი სოციალიზმი“, „თავისუფალი კომუნიზმი“, „ლიბერტარიანული სოციალიზმი“ და „ლიბერტარიანული კომუნიზმი“. ეს ცნებები ერთ იდეაზე მიუთითებენ, რაშიც თავადაც მარტივად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ განმარტებით ლექსიკონს, რომელშიც ვნახულობთ შემდეგ დეფინიციებს:

ლიბერტარიანელი – ის, ვინც აღიარებს მოქმედების და გამოხატვის თავისუფლებას. ის ვინც აღიარებს თავისუფალ ნებას.

სოციალიზმი – სოციალური სისტემა, რომელშიც საწარმოო საშუალებები მწარმოებელთა ხელშია.

უბრალოდ ავიღოთ მოცემული განმარტებები და გავაერთიანოთ. მივიღებთ:

ლიბერტარიანული სოციალიზმი – სოციალური სისტემა,რომელშიც აღიარებულია ნების თავისუფლება და ამავდროულად, საწარმოო საშუალებებს ფლობენ მწარმოებლები.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერტარიანული სოციალიზმის იდეა ძნელად გასაგები არ უნდა იყოს, აშშ-ს „ლიბერტარიანელთა პარტიის“ შექმნის შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ ლიბერტარიანიზმი და სოციალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ბევრი იმასაც ფიქრობს,რომ ანარქისტები უბრალოდ ცდილობენ სოციალიზმის ლიბერტარიანიზმთან ასოცირებას, რათა თავიანთი იდეები უფრო მიმზიდველი გახადონ – უხეშად რომ ვთქვათ, ანარქისტები ტერმინ „ლიბერტარიანელს“ ართმევენ მის ნამდვილ მფლობელებს.

ეს მორიგი უცოდინრობის თუ მისინტერპრეტაციის შედეგია. ანარქისტები ტერმინ „ლიბერტარიანულს“ იყენებენ 1850იანი წლებიდან, როდესაც საფრანგეთში გამოვიდა ჟურნალი „Le Libertaire“. ანარქიზმის ისტორიკოსის, მაქს ნეტლაუს მიხედვით, „ლიბერტარიანული კომუნიზმი“ გამოიყენება 1880 წლიდან, როდესაც პირველად გაიჟღერა ფრანგ ანარქისტთა კონგრესზე. ტერმინი „ლიბერტარიანული“ უფრო პოპულარული გახდა მე19 საუკუნის 90იანი წლებიდან, როდესაც ფრანგმა ანარქისტებმა, სიტყვა „ანარქიით“ გამოწვეული უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან არიდება სცადეს (მაგალითად, სებასტიენ ფურე და ლუიზ მიშელი 1895 წელს გამოსცემდნენ გაზეთ „ლიბერტარიანელს“).მას შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ტერმინი „ ლიბერტარიანელი“ გამოიყენებოდა ანარქისტული იდეების აღსანიშნავად. უფრო ახლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, 1954 წელს, აშშ-ში ანარქისტებმა ჩამოაყალიბეს ანარქო-სინდიკალისტურ პრინციპებზე დამყარებული „ლიბერტარიანული ლიგა“, რომელიც 1965 წლამდე არსებობდა. რაც შეეხება ლიბერტარიანიზმის დღეს გავრცელებულ გაგებას – „ლიბერტარიანული პარტია“ აშშ-ში 1970 წელს შეიქმნა, ანუ მაშინ,როდესაც 100წელზე მეტი იყო გასული მას მერე, რაც ეს ტერმინი ანარქისტებმა გამოიყენეს, ასე რომ, „ლიბერტარიანელების“ მხრიდან ტერმინების მოპარვაზე ლაპარაკი სასაცილოა, რადგან საქმე საქმეზე თუ მიდგა, სწორედ მათ მოიპარეს ტერმინი და არა – ანარქისტებმა. შემდეგ თავებში განვიხილავთ იმასაც, თუ რატომაა ლიბერტარიანიზმი და  კაპიტალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები და შესაბამისად, თუ რატომაა ლიბერტარიანული კაპიტალიზმი, რბილად რომ ვთქვათ, სიტყვების უაზრო რახარუხი. გარდა ამისა, განვიხილავთ იმასაც, თუ რატომაა ანარქიზმი – ანუ ლიბერტარიანული სოციალიზმი – ერთადერთი გზა ინდივიდუალური თავისუფლების მაქსიმალიზაციისთვის და რატომაა სოციალისტური სახელმწიფო – პრაქტიკულად კაპიტალისტური, ყველანაირი სოციალისტური ღირებულებებისგან დაცლილი.

 

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook