A.1.4 . არიან ანარქისტები სოციალისტები?

დიახ, ვართ. ანარქიზმის ყოველი მიმართულება უპირისპირდება კაპიტალიზმს, რადგან ეს უკანასკნელი ემყარება ჩაგვრას და ექსპლუატაციას. ანარქისტები უარყოფენ იმ აზრს, რომ „ადამიანებს არ შეუძლიათ საქმის კეთება ხელმძღვანელის და მარეგულირებლის გარეშე“, ანუ, ჩვენ, ანარქისტებს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას თუ ჯგუფს შეუძლია თავად შექმნას საკუთარი შიდა წესები და თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ და რა უნდა გააკეთონ. „შედეგად, მივიღებთ იმას, რომ ადამიანები განთავისუფლდებიან კაპიტალიზმის საშინელი ჯაჭვებისგან“ (ვოლტარინ დე კლერი, „ანარქიზმი“).

(აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანარქისტები ვუპირისპირდებით ყველა ეკონომიკურ სისტემას,რომელიც ემყარება დომინაციას და ექსპლუატაციას, ასეთ ეკონომიკურ სისტემებში კი შედის ფეოდალიზმი, საბჭოთა სტილის „სოციალიზმი“ და ა.შ. ჩვენ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ კაპიტალიზმზე, რომ დღესდღეობით ეს უკანასკნელი ბატონობს დედამიწაზე)

ისევე როგორც სოციალისტი, ასევე ინდივიდუალისტი ანარქისტებიც თამამად უწოდებდნენ თავს სოციალისტებს.  კროპოტკინმა თავის კლასიკურ ესეში – „მეცნიერება და ანარქიაში“ – კარგად ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი: „სანამ სოციალიზმი ასოცირდება იმასთან, რასაც ნამდვილად ჰქვია სოციალიზმი – ანუ, კაპიტალიზმის , როგორც ექსპლუატაციის მიზეზის განადგურებასთან, მანამდე ჩვენ – ანარქისტები – სოციალისტები ვიქნებით“. ბენჟამენტ ტუკერის თქმით „ორივე სოციალისტური სკოლის – სახელმწიფო სოციალიზმის და ანარქიზმის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ კაპიტალიზმი ექსპლუატაციური ხასიათისაა“. სოციალისტი, ზოგადად, განიმარტება შემდეგნაირად – „ის , ვინც თვლის, რომ ადამიანს აქვს უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს ის, რაც თვითონ შექმნა“. რამდენადაც ყველა ნამდვილი ანარქისტი იზიარებს ამ შეხედულებას, ე.ი. ანარქისტები სოციალისტები ვართ.

სოციალისტების უმრავლესობისთვის, „იმის უმთავრესი გარანტი, რომ ადამიანს არავინ წაართვას თავისივე შექმნილი პროდუქტი – საწარმოო საშუალებების ფლობაა“ (პ.კროპოტკინი, „ბრძოლა პურისთვის“). აქედან გამომდინარე, მაგალითად , პრუდონი, მხარს უჭერდა მუშათა კოოპერატივების შექმნის იდეას, რომლებშიც „ყოველ წევრს ექნებოდა წილი გაერთიანების საკუთრებაში და ამავდროულად, კოლექტივი შეწყვეტდა მცირერიცხოვანი მენეჯერების გამდიდრებას“. ასე რომ, ექსპლუატაციის განადგურების გარდა, ნამდვილი სოციალისტები საჭიროდ მიიჩნევენ იმასაც,რომ საწარმოო საშუალებებს ფლობდნენ პროდუქტის შემქმნელები. ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას – მთავარი განმასხვავებელია ანარქისტებსა და სხვა სოციალისტებს შორის, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მიზანი ერთი და იგივეა.

ანარქისტები კაპიტალიზმს უარყოფენ არა მარტო ავტორიტარულობის, არამედ ექსპლუატაციური ხასიათის გამოც. კაპიტალიზმის პირობებში პროდუქტის შემქნელები არ იღებენ მონაწილეობას წარმოების პროცესის დაგეგმვაში და არ იღებენ იმას, რასაც ქმნიან. ასეთ სიტუაციაში თანასწორობა და არაექსპლუატაციურობა წარმოუდგენელია. პრუდონისეული გააზრება (რომელმაც ბაკუნინსა და ტუკერზე დიდი გავლენა იქონია) კარგად გამოხატავს ანარქისტულ პოზიციას კაპიტალიზმთან მიმართებით: „კაპიტალისტური ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს და დაქირავებული შრომა – მოისპოს“, ხოლო „მუშები უნდა იყვნენ ან მხოლოდ დაქირავებულები, ან – სრული მონაწილეობა მიიღონ საქმიანობის წარმართვაში. პირველ შემთხვევაში ხდება მუშის დაქვემდებარება, ექსპლუატაცია; მეორე შემთხვევაში კი პროდუქტის შემქმნელი არის სრულფასოვანი წამმართველი პროცესებისა, და არა მხოლოდ მონა… ამაზე ფიქრს ბევრი დრო არ სჭირდება – უნდა შეიქმნას მუშათა ასოციაციები, რადგან მათ გარეშე მშრომელთა კლასი დარჩება  ექსპლუატატორების ხელში, ხოლო ორგანიზებული ბრძოლის შემთხვევაში გაქრება მონათმფლობელური დამოკიდებულება და ფორმირდება თავისუფალი საზოგადოება“.

ასე რომ, ყველა ანარქისტი – ანტიკაპიტალისტია („თუკი პროდუქცია უშუალოდ მწარმოებლების ხელში იქნება, კაპიტალიზმი აღარ იარსებებს”, ა. ბერკმანი –  „რა არის ანარქო-კომუნიზმი?“). ბენჟამენ ტუკერი – ანარქისტი, რომელზეც უდიდესი გავლენა იქონია ლიბერალიზმმა, თავის იდეებს “ანარქო-სოციალისტურს“ უწოდებდა და კაპიტალიზმს უპირისპირდებოდა, როგორც „ექსპლუატაციურ, მოგებაზე ორიენტირებულ სისტემას“. ტუკერი თვლიდა, რომ ანარქისტულ, არაკაპიტალისტურ და თავისუფალ საზოგაოებაში აღარ იარსებებდა ექსპლუატაცია, რადგან მთელი ეკონომიკური სისტემა დამყარებული იქნებოდა კოოპერატივებს, ასოციაციებსა თუ ინდივიდებს შორის თავისუფალ გაცვლაზე. ტუკერისთვის და სხვა ინდივიდუალისტი ანარქისტებისთვის, კაპიტალიზმი არაა ნამდვილი თავისუფალი ბაზარი, რადგან მასში გვხვდებიან მონოპოლისტები, ექსპლუატატორები , რომლებიც სარგებელს ნახულობენ იერარქიულად დაბლა მდგომი ადამიანების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესის გაგრძელებას. მაქს შტირნერიც კი – „უდიდესი ეგოისტი“ – მიიჩნევდა, რომ კაპიტალისტური სამყარო ერთგვარი რელიგიური სისტემაა, თავისი „სიწმინდეებით“ – კერძო საკუთრებით, კონკურენციით და ა.შ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ანარქისტების მიზანი – სოციალიზმია, მაგრამ სპეციფიკური სოციალიზმი – ლიბერტარიანული. ანარქო-ინდივიდუალისტ ჟოზეფ ლებედის სიტყვები ეხმიანება ტუკერის და ბაკუნინის იდეებს:

„ბევრი ფიქრობს, რომ ანარქიზმი  – არაა სოციალიზმი, რაც დიდი შეცდომაა. ანარქიზმი – თავისუფალი სოციალიზმია. სოციალიზმი შეიძლება იყოს ორგვარი – ზემოდან მართული და უიერარქიო, ავტორიტარული და ლიბერტარიანული, სახელმწიფო და თავისუფალი. საზოგადოების სტრუქტურის ყოველ ცვლილებას ახასიათებს ცალკეულ ინდივიდზე გარე ფაქტორების მხრიდან არსებული წნეხის შემცირება ან გაზრდა. ამ წნეხის გაზრდას ავტორიტარულობისკენ მიჰყავს საზოგადოება, შემცირებას კი – ანარქიისკენ“.

იმავე ჟოზეფ ლებედს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ „ყველა ანარქისტი – სოციალისტია, თუმცა, ყველა სოციალისტი არაა ანარქისტი“. ასევე, დენიელ გერინის სიტყვები, „ანარქიზმი რეალური სოციალიზმის სინონიმია, რადგან ანარქიზმი მაქსიმალურად უპირისპირდება ერთი ადამიანის მიერ მეორეს ექსპლუატაციას“, ანარქისტული მოძრაობების – სოციალური თუ ინდივიდუალური ფრთის – ერთგვარ ლაითმოტივად იქცა.

ასე და ამგვარად, სხვადასხვა მიმართულების ანარქისტები თანხმდებიან საკმაოდ ბევრ საკითხზე: არაკაპიტალისტური თავისუფალი ბაზარი თავისუფლების მაქსიმალიზაციის საშუალებას იძლევა; კაპიტალიზმი არის ექსპლუატაციური სისტემა, და ანარქისტული საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალ გაერთიანებებზე დამყარებული, მასში არ უნდა არსებობდეს დაქირავებული შრომა. მხოლოდ თავისუფალი შრომა გააქრობს ცალკეულ ინდივიდზე სხვების მხრიდან ზეწოლას; სოციალიზმის მთავარი ღირსება – შრომის თვითორგანიზებაა და ა.შ.

სამწუხაროდ, სიტყვებს ხშირად უმახინჯდებათ მნიშვნელობები. დღესდღეობით „სოციალიზმს“ ყველა სახელმწიფო სოციალიზმთან აკავშირებს, სისტემასთან ,რომელსაც ყველა ანარქისტი უპირისპირდება, რადგან მასში ვხვდებით თავისუფლების და  ნამდვილი სოციალიზმის იდეების უარყოფას. ალბათ ყველა ანარქისტი დაეთანხმება ნოამ ჩომსკის ამ ციტატას:

„თუკი მემარცხენე ფლანგი ასოცირდება ბოლშევიზმთან, მაშინ პირველი მე ვიქნები, რომელიც უარს ამბობს ასეთ მემარცხენეობაზე. ლენინი სოციალისტური იდეების პირველი მტერი იყო“.

 

ანარქიზმი იქცა მარქსიზმის, სოციალ-დემოკრატიის და ლენინიზმის მუდმივ სოციალისტურ ოპოზიციად. ლენინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ბაკუნინი მარქსს მიუთითებდა, რომ მისი მოდელის პრაქტიკაში განხორციელება გამოიწვევდა წითელი ბიუროკრატიის აღზევებას, რომელიც ყველა დესპოტურ მთავრობაზე უარესი იქნებოდა. ბაკუნინის გარდა, პრუდონის და შტირნერის შრომებიც დიდი სიზუსტით აღწერენ სოციალისტური სახელმწიფოების საფრთხეებს.

მიუხედავად განსხვავებებისა, ანარქისტები იზიარებენ მარქსისტების ზოგიერთ იდეას (თუმცა არაფერი აქვთ საერთო ლენინისტებთან). ბაკუნინიც და ტუკერიც ეთანხმებოდნენ მარქსისეულ კაპიტალიზმის ანალიზსა და კრიტიკას. მარქსზე, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია მაქს შტირნერის შრომებმა, რომელშიც, სხვათაშორის, ვხვდებით როგორც „ვულგარული“ კომუნიზმის, ასევე სახელმწიფო სოციალიზმის სისტემას. არაერთ მარქსისტულ და ანარქისტულ მოძრაობას ჰქონია თითქმის ერთნაირი იდეები (მარქსისტებს განსაკუთრებით ბევრი საერთო ანარქო-სინდიკალისტებთან აქვთ), არაერთი მარქსისტი (მაგალითად, კარლ კორში) სიმპათიით იყო განწყობილი ესპანური ანარქისტული რევოლუციის მიმართ.

ასე რომ, ანარქიზმი უპირობოდ სოციალიზმია, სოციალიზმი, რომელიც მუდმივად უპირისპირდება სოციალიზმის იმ გაგებას, რომელიც დღესაა გავრცელებული (სახელმწიფო კონტროლი და მფლობელობა). ცენტრალური დაგეგმვის ნაცვლად, რომელიც სოციალიზმის ერთ-ერთი მახასიათებლად მიაჩნიათ, ანარქისტები იბრძვიან თავისუფალი შრომის და გაერთიანებებისთვის და უპირისპირდებიან სახელმწიფო სოციალიზმს – კაპიტალისტური სახელმწიფოს სახეცვლილებას, რომელშიც „ყველა ადამიანი მიიღებს ხელფასს“. ანარქისტები უპირისპირდებიან მარქსიზმსაც (რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება სოციალიზმთან), რის არგუმენტებსაც მოგვიანებით განვიხილავთ.

სახელმწიფო სოციალიზმის მომხრეებთან არსებული განსხვავებების გამო, ანარქისტები უბრალოდ „ანარქისტებს“ უწოდებენ  თავს და არა  – სოციალისტებს, რადგან ამ უკანასკნელთან სწორედ სახელმწიფო სოციალიზმის მომხრეები ასოცირდებიან. ამ ბოლო დროს აშშ-ში გამოჩნდნენ ახალი „ანარქისტები“,

რომლებიც კაპიტალიზმის სახელმწიფოს გარეშე არსებობისთვის „იბრძვიან“, და თავს „ანარქო-კაპიტალისტებს“ უწოდებენ. ისტორიულადაც და ლოგიკურადაც ანარქიზმი იყო და არის ანტიკაპიტალისტური, და თავის ბუნებით სოციალისტური იდეოლოგია, რაც შეეხება „ანარქო“-კაპიტალიზმს – ის საერთოდ არ წარმოადგენს ანარქიის ფორმას, რასაც ასევე მოგვიანებით განვიხილავთ.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook