A.1.5. საიდან მოდის ანარქიზმი?

საიდან წარმოიშვა ანარქიზმი? „ლიბერტარიანელი კომუნისტების ორგანიზაციული პლატფორმის“ მიხედვით, რომელიც მახნოვისტთა მოძრაობამ რუსეთის რევოლუციის დროს შეიმუშავა, „კლასობრივმა ომმა, რომელიც მშრომელთა დამონების ხანგრძლივი პროცესის შედეგად დაიწყო, დაბადა ანარქია – იდეა, რომელიც უარყოფს, ისეთ სოციალურ სისტემას, სადაც ვხვდებით კლასობრივ დაყოფას და სახელმწიფოს. ანარქიზმი არ შექმნილა ინტელექტუალთა და ფილოსოფოსთა აბსტრაქტულ სამყაროში, პირიქით, ის დაიბადა კაპიტალიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ მშრომელთა გულებში, რომლებიც თავისუფლებისკენ და თანასწორობისკენ მიისწრაფოდნენ“. „ცალკეულ ანარქისტებს – ბაკუნინს, კროპოტკინს და სხვებს, არ გამოუგონიათ ანარქიზმი. მათ მისი იდეები იპოვეს ხალხში და ერთ მთლიან ორგანიზმად აქციეს“.

როგორც ყველა ანარქისტული მოძრაობა, მახნოვისტებიც მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ავტორიტარულ ძალებს – „წითლებს“ (საბჭოთა არმიას) და „თეთრებს“ (მეფის მომხრეებს). როგორც პიტერ მარშალი აღნიშნავს, „ანარქიზმის მომხრეები ძირითადად მშრომელებში და გლეხებში გვხვდებიან“.

ანარქიზმი ჩამოყალიბდა კლასობრივი დაპირისპირების პროცესში, რომლის დროსაც ჩაგრულნი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მაგალითად, კროპოტკინის სიტყვებით „ანარქიზმი შექმნა ყოველდღიურმა ბრძოლამ“ და „ანარქისტული მოძრაობები ყალიბდება მაშინ, როდესაც ხალხი აცნობიერებს გარშემო არსებული უსამართლობის მიზეზებს“. პრუდონისთვის თავისი მუტუალისტური იდეების სისწორე დასტურდებოდა „რეალობაში მიმდინარე რევოლუციით, რომელსაც ახდენდნენ ის შრომითი ასოციაციები, რომლებიც სპონტანურად შეიქმნა პარიზსა და ლიონში“. ისტორიკოს სტივენ ვინსენტის მიხედვით, „პრუდონის იდეალსა და ლიონელი მუტუალისტების პროგრამას შორის მჭიდრო იდეური კავშირი არსებობდა, შეიძლება ითქვას, რომ პრუდონის სოციალისტურ თეორიას სწორედ ლიონელი მუშები ასხამდნენ ხორცს“.

ანარქიზმი შეიქმნა ხალხში, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და არა – ამქვეყნიურ რეალობას მოწყვეტილ კოშკებში, რომლებშიც რამდენიმე თვითგამოცხადებული მესია წყვეტს თუ რა არის საზოგადოებისთვის კარგი და ცუდი. ანარქიზმი გაჩნდა ჩაგვრის, ექსპლუატაციის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ალბერტ მელცერი ამბობს, „ანარქიზმის თეორეტიკოსები ახალს არაფერს იგონებდნენ, ისინი უბრალოდ თავს უყრიდნენ იმ იდეებს, რომლებიც მუშებს და გლეხებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ. ის, რომ თეორეტიკოსები იყვნენ ლიდერები, ბურჟუა ისტორიკოსების შექმნილი მითია, რომელიც ან განგებ შეთითხნეს, ან , უარეს შემთხვევაში, მართლა სწამდათ, რომ ანარქისტულ მოძრაობებს მეთაურები სჭირდებოდათ“. კროპოტკინი თვლიდა, რომ ,  ის, რასაც ანარქისტი თეორეტიკოსები აკეთებდნენ, იყო „ანარქიზმის ძირითადი პრინციპების თავმოყრა და მეცნიერული და თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება“, ეს ყველაფერი კი საზრდოობდა მუშათა კლასის ბრძოლით და ამავდროულად, საზოგადოების ევოლუციური ტენდენციების ანალიზით.

ანარქისტული იდეები და გაერთიანებები არსებობდა მანამდე, სანამ 1840 წელს პრუდონი კალამს აიღებდა და თავს „ანარქისტს“ უწოდებად. რაც შეეხება ანარქიზმს, როგორც სრულყოფილ თეორიას – ის ჩამოყალიბდა კაპიტალიზმის აღზევებასთან ერთად („ანარქიზმი განვითარდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც  ერთდროულად დაუპირისპირდა ორ ძალას – კაპიტალიზმს და სახელმწიფოს“, პიტერ მარშალი). კროპოტკინი მიიჩნევდა, რომ „ისტორიის ყოველ ეტაპზე არსებობდნენ ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები“, მაგალითად კი მოყავდა არაერთი საზოგადოება, რომლებიც პრაქტიკაში იყენებდნენ ანარქისტულ მოდელებს, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა ამერიკელი აბორიგენების ნაწილს, რომლებიც, პრაქტიკულად, ანარქისტული პრინციპებით ცხოვრობდნენ.

კროპოტკინი აცნობიერებდა, რომ წარსულში არსებული ანარქიის მაგალითები ერთგვარი საფუძველი იყო „ოფიციალური“ ანარქიზმისა და ამბობდა, რომ „ქვის ხანიდან მოყოლებული, ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ავტორიტარიზმის გაჩენას შედეგად დიდი ბოროტება მოჰქონდა. ისინი ქმნიდნენ პრიმიტიულ არაიერარქიულ საზოგადოებებს, შემდეგ – გილდიებს,რაც საშუალებას აძლევდა ხალხს, გამკლავებოდნენ მათ, ვინც ცდილობდა ძალაუფლება ჩაეგდო ხელში“. იგი პარალელს ავლებდა თავის თანამედროვე და დიდი ხნის წინ არსებულ გაერთიანებებს შორის და მიაჩნდა, რომ ისინი იყვნენ „ერთი და იგივე შინაარსის ბრძოლის შედეგად შექმნილნი, და რა როლსაც თავის დროზე  ასრულებდნენ სოფლის თავისუფალი გაერთიანებები, იმავე როლს ასრულებდნენ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში შექმნილი სექციები და პატარა კომუნები“.

ასე რომ, სანამ ანარქიზმი ჩამოყალიბდებოდა ერთ მთლიან თეორიად,რომელიც დაუპირისპირდა კაპიტალიზმს და სახელმწიფოს, მისი ძირითადი იდეები მანამდე იყო განხორციელებული – არა ერთხელ და არა ერთგან. ანარქისტულ იდეებს ვხვდებით თითქმის ყველა დიდ რევოლუციაში, მაგალითად, გავიხსენოთ ამერიკის რევოლუციისდროინდელი „ნიუ-ინგლენდის ქალაქის შეხვედრები“, საფრანგეთის რევოლუციისას შექმნილი სექციები, მშრომელთა საბჭოები და ქარხნების კომიტეტები – რუსეთის რევოლუციის დროს და ა.შ. სწორედ ამ მაგალითებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ანარქიზმი არის ავტორიტარიზმთან ბრძოლის პროცესში შექმნილი და არა – წინასწარ გამზადებული თეორია, რომლის საფუძველზეც იწყებოდა რევოლუციები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმი – ექსპლუატაციასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის პროდუქტია, ასევე, არსებული სისტემის ნაკლოვანი მხარეების ანალიზის და უკეთესის შექმნის სურვილის შედეგი. კლასობრივი ომი არსებობდა მანამდე, სანამ ანარქიზმი ჩამოყალიბდებოდა, და სწორედ ამ ომმა გამოაწრთო ანარქიზმი – იდეოლოგია, რომელიც უპირისპირდება კაპიტალიზმს და სახელმწიფოს ,ჩაგვრას და ექსპლუატაციას და მიზნად ისახავს თავისუფალი და უიერარქიო საზოგადოების შექმნას.

 

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook