A.2.2 თავისუფლება

ანარქისტი, ბაკუნინის თქმით, „თავისუფლებაზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანია, რომელსაც მიაჩნია, რომ ბედნიერება, მაქსიმალური განვითარება და ჰარმონიული თანაცხოვრება მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი“. ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა ნიშნავს მისთვის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალების, ფიქრის აკრძალვას და რამდენადაც ადამიანი – მოაზროვნე არსებაა, მისთვის თავისუფლების წართმევა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანობის წართმევის ტოლფასია. ემა გოლდმანის თქმით, „ადამიანის ჩამოყალიბების და განვითარების ინდიკატორი – თავისუფლების წყურვილია“.

ანარქისტები თავისუფლებად მიიჩნევნენ ადამიანის ისეთ მდგომარეობას, როდესაც ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და არაა იძულებული, გაითვალისწინოს ავტორიტეტების აზრი.ასევე, ანარქისტები თვლიან, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია მაქსიმალურად გამოავლინოს თავის შესაძლებლობები და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან ძლიერი საზოგადოება. ანარქისტებისთვის თავისუფლებაა, შენით გადაწყვიტო, რა იქნება შენთვისვე უკეთესი, რაც ხდება ინდივიდუალური განვითარების წინაპირობა, რადგან როდესაც ადამიანი თვითონ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას ეხება, მისი მორალური და გონებრივი განვითარება გარდაუვალია.

ასე რომ , ანარქისტებისთვის თავისუფლება ადამიანის პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებაა, რაც, არა მარტო ცალკეული ინდივიდების , არამედ სოციალური გარემოს შედეგიცაა. ჯანსაღი, თავისუფალი საზოგადოება ბადებს თავისუფალ ადამიანებს, რომლებსაც, თავის მხრივ, წვლილი შეაქვთ ამ საზოგადოების განვითარებაში. თავისუფლება კი, რუდოლფ როკერის თქმით, „შეუძლებელია  გაჩნდეს ვიღაცის მიერ ვიღაცისთვის თავისუფლების სიგელის გადაცემით, თავისუფლება უნდა იყოს ადამიანებისთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო თუ ვინმე შეეცდება ამ თავისუფლების შელახვას, პასუხად უნდა მიიღოს უალტერნატივო წინააღმდეგობა. ადამიანი მხოლოდ მაშინ იმსახურებს პატივისცემას, როდესაც იცის როგორ დაიცვას თავისი ადამიანობა. ეს პრინციპი ეხება არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებას“.  მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლება ვითარდება არა – საზოგადოებისგან დამოუკიდებლად, არამედ – მასში, მასთან ერთად.

მურე ბუკინი წერდა, რომ „თავისუფლება, რომელიც ადამიანების რაღაც ნაწილმა მოიპოვა, არის ხანგრძლივი ბრძოლის და კოლექტიური განვითარების შედეგი, რაც შეეხება ინდივიდების როლს თავისუფლების მოპოვებაში – შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანს სურს თავისუფლება, მაშინ უპირობოდ უნდა შეიტანოს თავის წვლილი კოლექტიურ ბრძოლაში“.

თავისუფლების მიღწევა შეუძლებელია ყველანაირ სოციალურ გარემოში. ის საჭიროებს დეცენტრალიზებულ, რეალურ თვითმმართველობაზე დამყარებულ საზოგადოებას, რამდენადაც ცენტრალიზაცია გულისხმობს იერარქიას – თავისუფლების არარსებობას, მაშინ როდესაც თავისუფლებისთვის საჭიროა, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომელიც უშუალოდ მის ცხოვრებას ეხება. თვითმმართველობა გულისხმობს, რომ ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვითარდებიან როგორც ინტელექტუალურად, ასევე მორალურად. იერარქიულ სისტემაში კი ვხვდებით ასეთ სურათს: მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს რამდენიმე ადამიანი, დანარჩენები კი უბრალო შემსრულებლებად რჩებიან, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, „ტვინი გაანძრიონ“. ასე რომ, სრული განვითარების ნაცვლად, იერარქიულ სისტემაში ინდივიდები ერთ ადგილზე იყინებიან და წინ ვეღარ მიდიან.

ანარქისტების აზრით, თავისუფლებას ძირითადად ზღუდავს ორი დიდი წარმონაქმნი – სახელმწიფო და კაპიტალიზმი. ფრანგი ანარქისტის, სებასტიან ფუღეს სიტყვებით, „ავტორიტარიზმს უმთავრესად ვხვდებით ორ სფეროში: პოლიტიკურში – სახელმწიფოს, ხოლო ეკონომიკურში – კერძო საკუთრების და კაპიტალიზმის სახით“. კაპიტალიზმს, ისევე როგორც სახელმწიფოს, ახასიათებს ცენტრალიზებული მმართვის სისტემა, რაც თავისთავად გულისხმობს ავტორიტარულობას. აქედან გამომდინარე კი მიხეილ ბაკუნინი ასკვნის, რომ „ხალხის სრული თავისუფლების უპირობო წინაპირობაა ის, რომ საწარმოო საშუალებები და ზოგადად ყველაფერი, რაც საზოგადოებას სჭირდება, იყოს თვითონ ამ საზოგადოების წევრების და არა – კაპიტალისტების ხელში“. ნოამ ჩომსკის სიტყვებით კი „ანარქისტი აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს კერძო საკუთრებასაც, რადგან ეს უკანასკნელი არსებული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველია, და ამავდროულად, უპირისპირდება იმ პრინციპს, რომ შრომა უნდა იყოს თავისუფალი და კონკრეტულად იმ ადამიანებზე დამოკიდებული, რომლებიც პროდუქტს ქმნიან.“

 

ასე რომ, თავისუფალი საზოგადოება ანარქისტებისთვის ანტიავტორიტარული საზოგადოებაა, რომელშიც ვხვდებით სრულ თვითმმართველობას, ანუ ადამიანები უშუალოდ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯერესერთი, ასეთი საზოგადოება არ იქნება ძალადობრივი – ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ არცერთი ადამიანი არაფერს არ აიძულებს მეორეს. გარდა ამისა, რამდენადაც ანარქისტები უპირისპირდებიან ძალაუფლებას – ანუ, იერარქიულ სისტემას, მათი მიზანი – ანარქისტული საზოგადოება – შეუძებელია იყოს ავტორიტარულ პრინციპებზე დამყარებული, ხოლო ანტიავტორიტარული საზოგადოება კი მხოლოდ უიერარქიო, სრულ თვითმმართველობაზე დაფუძნებული შეიძლება იყოს. აუცილებელია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ანარქიზმი ემხრობა სრულ თვითმმართველობას და არა – ქაოსს, რასაც ხშირად მიაწერენ გაუთვითცნობიერებელი ან ანარქიზმის დისკრედიტაციის მოსურნენი. ანარქიზმი უპირისპირდება ცენტრალიზებულ,ბიუროკრატიულ სისტემებს და არა – ნებაყოფლობით გაერთიანებებს, რომლებიც სრულიად ავტონომიურნი არიან. ასევე, ანარქისტები უპირისპირდებიან ძალაუფლების დელეგირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც სრულიად ავტონომიურ ჯგუფში ძალაუფლების გადაცემა არ უნდა ხდებოდეს ერთი წევრისთვის, რადგან ეს თვითმმართველობის პრინციპის დარღვევაა ,რასაც, როგორც გამოცდილება და დღეს არსებული რეალობა გვიჩვენებს, ცუდი შედეგები მოყვება.

ანარქისტები თავისუფლებას შესაძლებლად მიიჩნევენ მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც თავისუფალი ადამიანები გვხვდებიან და არა – სხვადასხვა კლასებად დაყოფილნი და იერარქიულ კიბეებზე გადანაწილებულნი. შესაბამისად, ანარქისტებისთვის მიუღებელია სახელმწიფო და კაპიტალიზმი, რადგან მათი არსებობა ჩანასახშივე კლავს თავისუფლების იდეას.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook