A.2.3. ეთანხმებიან ანარქისტები ორგანიზების აუცილებლობას?

დიახ. გაერთიანების გარეშე ადამიანების თანაცხოვრება წარმოუდგენელია. თავისუფლება ვერ იარსებებს საზოგადოების და ორგანიზების გარეშე. ჯორჯ ბარეტის თქმით, „იმისთვის, რომ ცხოვრება და განვითარება შევძლოთ, გვჭირდება კოოპერაცია, ხოლო კოოპერაციისთვის საჭიროა ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა. ის, რომ ასეთი შეთანხმებები ინდივიდუალურ თავისუფლებას ხელყოფს, სრული აბსურდია, პირიქით – კოოპერაცია თავისუფლების პრაქტიკული გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია.“

„თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებების მიღწევა – თავისუფლების შეზღუდვაა,მაშინ თავისუფლება იმწამსვე ტირანიად იქცევა, რადგან ადამიანებს თვითონვე შეუზღუდავს ელემენტარულ თავისუფლებასაც კი. თუკი შეთანხმება – თავისუფლებას ზღუდავს, მაშინ გამოდის, რომ მეგობართან შეხვედრაზე შეთანხმებაც კი თავისუფლების შეზღუდვა ყოფილა, რაც, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სრული აბსურდია. თავისუფლებას ზღუდავს ბრძანებები, რაც შეეხება შეთანხმებებს – ის თავისუფლების ერთ-ერთი პროდუქტია“.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია „უნდა იყოს არაავტორიტარული, რადგან მხოლოდ არაავტორიტარულ ჯგუფში მიიღებს ყოველი წევრი სრულყოფილად მონაწილეობას მთლიანი კოლექტივის მუშაობაში,  წინააღმდეგ შემთხვევაში წევრები უბრალო იარაღებად იქცევიან ლიდერების ხელში“.[ერიკო მალატესტა]

ზოგადად, ის ფაქტი, რომ ანარქისტები ორგანიზებას არ აკრიტიკებენ, ბევრს უცნაურად ეჩვენება, რასაც აქვს მარტივი მიზეზი – დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში,რომელშიც, პრაქტიკულად ყველგან, გვხვდება ავტორიტარული ორგანიზაციები, მათი სიმრავლე კი განაპირობებს იმას, რომ ადამიანებს ასეთი ტიპის ჯგუფები უალტერნატივოდ მიაჩნიათ. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციების არსებობა ახასიათებს ისეთ საზოგადოებას , რომელშიც ვხვდებით დომინაციას და ექსპლუატაციას, ხოლო ანთროპოლოგებს თუ დავუჯერებთ, იერარქიები რამდენიმე ათასწლეულის წინ გაჩნდა, დაპყრობითი ომების და ადამიანებთა დამონების შედეგად. მანამდე, როგორც მურეი ბუკინი აღნიშნავს, „სოციალური ურთიერთობის ფორმად მიღებული იყო კოოპერაცია, განვითარებული იყო ურთიერთდახმარების ინსტიტუტი და არ არსებობდა კერძო საკუთრება. მართალია, ასეთ საზოგადოებებში ვხვდებოდით ასაკობრივ სტატუსებს, მაგრამ ინსტიტუციონალიზებული დომინაცია-სუბორდინაცია, კლასობრივი დაპირისპირება და ეკონომიკური ექსპლუატაცია არ არსებობდა“. ამ არგუმენტის მოყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ანარქისტებს ადამიანების ქვის ხანაში დაბრუნება გვსურს, უბრალოდ, ეს არის ისტორიული ფაქტი,რომელიც გვიდასტურებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ბუნებრივი მიდრეკილება ავტორიტარული, კონკურენციული და აგრესიული ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნისადმი, შესაბამისად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ავტორიტარული სოციალური ურთიერთობები კანონზომიერად და ბუნებრივად მივიჩნიოთ. პირიქით, ასეთი სოციალური ურთიერთობების დამყარება ადამიანებს არსებულმა სოციალურმა გარემომ ასწავლა, შესაბამისად, შესაძლებელია მათი თავიდან მოცილებაც.

ეჭვგარეშეა, რომ დღეს არსებული ორგანიზების სისტემა შესაცვლელია, რადგან სხვა თუ არაფერი, ის დოვლათი, რომელსაც უმრავლესობა ქმნის, უმეტესწილად ელიტარული უმცირესობის საკუთრება ხდება, ანუ, არსებობს სოციალური პირამიდა, რომლის ზედა საფეხურებზე მდგომი ადამიანები სარგებლობას ნახულობენ ქვემოთ მდგომთა ხარჯზე, ამ დროს კი ეს უკანასკნელნი შეიძლება შიმშილითაც იხოცებოდნენ, მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი ხელით ქმნიან პროდუქტს. იერარქიული კიბის ქვედა საფეხურებზე მყოფთა ჩაგვრა ახასიათებს ყოველ იერარქიულ სისტემას, და ზოგიერთს კიდევ უჩნდება კითხვა, თუ რატომ ვერ იტანენ ადამიანები იმ ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ სტრუქტურებს, რომლებშიც ცხოვრობენ და რომლებიც მათ თავისუფლებას ხელყოფენ. როგორ ალექსანდრ ბერკმანი ამბობს, „კაპიტალიზმი ორგანიზების ცუდი ფორმაა, რადგან კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანების დიდი ნაწილი იტანჯება. კაპიტალისტური საზოგადოება ავადმყოფი საზოგადოებაა. ჯანსაღ სოციუმში არ უნდა არსებობდეს ადამიანების ჩაგვრა, დისკრიმინაცია და უგულებელყოფა“.

აცნობიერებენ რა ავტორიტარული საზოგადოების „ავადმყოფობას“, ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი გარემოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ თანასწორ, თავისუფალ შეთანხმებებზე დამყარებულ ასოციაციებში. თავისუფალი შეთანხმებების არსებობა აუცილებელია, რადგან „საზოგადოება მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც მისი ყველა წევრი იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი ინდივიდი და თავის სურვილისამებრ დაამყარებს ურთიერთობებს სხვებთან“. „პოლიტიკურ” სფეროში თავისუფალი გაერთიანებები გულისხმობს პირდაპირ დემოკრატიას, კონფედერაციულ სისტემას, რომლებიც თავისუფლების გარანტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ (და არა წარმომადგენლობით! ) დემოკრატიაზე, რაც გულისხმობს ყველა საკითხის საერთო ფორუმზე განხილვას, რომელშიც ჯგუფის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას და შესაბამისად , გადაწყვეტილებაც აზრების შეჯერების შედეგად მიიღება. ლიბერტარიანული ორგანიზების სისტემებსა და კონფედერაციულ მოდელზე კი უფრო ვრცლად შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook