A.2.5. რატომ ემხრობიან ანარქისტები თანასწორობას?

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ანარქისტები მიისწრაფიან სოციალური თანასწორობისკენ, რადგან მის გარეშე შეუძლებელია თავისუფლების არსებობა. ზოგადად, „თანასწორობის“ შესახებ არაერთი სისულელე და ტყუილია ნათქვამი, რის გამოც ბევრს თანასწორობა ჰგონია საკმაოდ უცნაური რამ. ასე რომ, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა არის თანასწორობა, ჯერ იმას ვიტყვით, თუ რას არ ვგულისხმობთ ამ ცნების მიღმა.

ანარქისტები არ თვლიან, რომ ყველა ადამიანს თანასწორი შესაძლებლობები აქვს, პირიქით, ყოველი ინდივიდი – უნიკალურია. ყველა რომ ერთნაირი იყოს, ამას მოყვებოდა ყველაზე ცუდი შედეგი, რადგან ფაქტობრივად, კლონებს შორის მოგვიწევდა ცხოვრება. ის, რომ ზოგიერთებს მართლა სჯერათ, რომ თანასწორ საზოგადოებაში იდენტურ ადამიანებს მოვიაზრებთ, ტერმინის არასწორად აღქმის შედეგია, ან უარესი – მიზანმიმართული შეტევა თანასწორობის იდეაზე, რომელიც მიზნად ისახავს მის გადატანას სოციალური სფეროდან – ბიოლოგიურში.

ანარქისტები არ ემხრობიან არც ისეთ თანასწორობას, როდესაც ყველა ადამიანი მოიხმარს ერთნაირ პროდუქტს ,  აცვიათ ერთნაირი ტანსაცმელი, ცხოვრობენ ერთნაირ სახლებში. პირიქით, ანარქისტები დღევანდელ სისტემას იმაშიც ადანაშაულებენ,რომ კაპიტალიზმი და სახელმწიფო ცხოვრების სტანდარტიზაციას ახდენს (მაგალითად, იხილეთ ჯორჯ რიცერის „საზოგადოების მაკდონალდიზაცია“). ალექსანდრ ბერკმანის სიტყვებით კი „ავტორიტარიზმი, დაწერილი თუ დაუწერელი კანონები და  ტრადიციები გვაქცევს ინდივიდუალურობას, დამოუკიდებლობას მოკლებულ მანქანებად. დღეს ყველა ადამიანი არსებული სისტემის მსხვერპლია და საბედნიეროდ, მათი გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებს სისტემის ბორკილების ნაწილობრივ დამსხვრევას“. ასე რომ, ანარქისტებს სულაც არ სურთ, სტანდარტიზაციის პროცესი უფრო გააძლიერონ, პირიქით, ჩვენ გვსურს მისი და მისი გამომწვევი მიზეზების განადგურება.

სტანდარტიზაციის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით, სხვანაირად შეუძლებელია ადამიანებს ვაიძულოთ, იცხოვრონ ერთმანეთის კლონებივით, ხოლო ძალის არსებობის აუცილებლობა ნიშნავს იმას, რომ თანასწორობა ვეღარ იარსებებს, რადგან ზოგიერთს უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ხელში, ვიდრე სხვებს. ანარქისტები ამ „კლონირებას“ ეწინააღმდეგებიან, რადგან ის არღვევს ადამიანის თავისუფლებას, ზღუდავს მის მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებს და ინტერესებს. თუკი ყველას ვაიძულებთ, იცხოვრონ ერთნაირად, მივიღებთ ტირანიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი ერთ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და მეორეს – არა, მათ არ უნდა მიიღონ ეს დახმარება თანაბარი დოზით. იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა მოთხოვნილებებზეც. როგორც ალექსანდრ ბერკმანი ამბობს, „თანასწორობა გულისხმობს არა თანაბარ რაოდენობას, არამედ ადამიანების თანაბარ შესაძლებლობას, მიიღონ ის, რაც სჭირდებათ. დაუშვებელია, ანარქისტული თანასწორობა ავურიოთ ისეთ თანასწორობაში, რომელშიც ადამიანებს აიძულებენ, იყვნენ ერთნაირები. ნამდვილი თანასწორობა გულისხმობს თავისუფლებას და არა –  ერთნაირი რაოდენობით მიღებულ პროდუქტს. ჩვენ თანასწორობაში არ ვგულისხმობთ, რომ ყველამ უნდა ჭამოს და სვას ერთი და იგივე საკვები თუ სასმელი, ან ყველამ იცხოვროს ერთნაირად. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანის მოთხოვნილებები და გემოვნება განსხვავებულია, და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ის, რაც პირადად მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. სწორედ ესაა ნამდვილი თანასწორობა“. რაც შეეხება „თანასწორობის“ კიდევ ერთ ინტერპრეტაციას, რომელსაც ხშირად ვაწყდებით კაპიტალისტურ საზოგადოებაში -ესაა „ერთნაირი შანსის“ ცნება, რაშიც გულისხმობენ იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს „ერთნაირი“ შანსი განვითარდეს და რაღაც მიზანს მიაღწიოს. კაპიტალიზმის პირობებში მომავალი თაობის შანსი დამოკიდებულია იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც წინა თაობამ დატოვა. სასაცილოა იმაზე საუბარი ,რომ მილიონერის და ღარიბი გლეხის შვილებს ერთნაირი წარმატების შანსი აქვთ. ის, ვინც საუბრობს „თანაბარ შანსზე“, ვერ ითვალისწინებს ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – იერარქიულ საზოგადოებაში თვითრეალიზაციისთვის აუცილებელია არა მარტო „ნიჭისთვის ფართო გზის გახსნა“, არამედ სასტარტო პირობებიც. ბუნებრივია, რომ მილიონრების შვილებს უკეთესი სასტარტო პირობები აქვთ, ვიდრე ღატაკ ოჯახში დაბადებულებს, რომლებსაც ლუკმა-პურისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა, შესაბამისად, კაპიტალისტთა „რკინის არგუმენტი“ საფუძველშივე თანასწორობის არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.

დავუბრუნდეთ თანასწორობის ანარქისტულ ხედვას. ბევრს მიაჩნია,რომ თანასწორობა გამოიწვევს ინდივიდუალიზმის დათრგუნვას, რაც არასწორი შეფასებაა. ბაკუნინი წერდა:

„გამოიწვევს თუ არა თანასწორობის დამყარება ინდივიდებს შორის განსხვავებების გაქრობას? ბუნებრივია, ბევრი განსხვავება გაქრება, მაგრამ ცხადია, რომ გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები მაინც იარსებებს. ორ ზუსტად იდენტურ ფოთოლს ხეზეც კი ვერ იპოვით, არათუ ორ ერთნაირ ადამიანს – საზოგადოებაში, მითუმეტეს,რომ ადამიანი ფოთოლზე გაცილებით კომპლექსური აგებულებისაა. განსხვავებები იარსებებს, მაგრამ არ იარსებებს პრივილეგიები ამ განსხვავებების გამო. საერთოდ, ადამიანის უნიკალურობა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა. სწორედ განმასხვავებელი ნიშნების გამო ავსებენ ადამიანები ერთმანეთს, რაც განაპირობებს ურთიერთდახმარების საჭიროებას“.

ანარქისტებისთვის თანასწორობაში იგულისხმება სოციალური თანასწორობა, მურეი ბუკინის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „უნიკალურთა თანასწორობა“ (ამავე აზრის გამოსახატად მალატესტა ტერმინ „პირობების თანასწორობას“ იყენებდა). ეს ნიშნავს, რომ ანარქისტული საზოგადოება აცნობიერებს ცალკეულ ინდივიდთა შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ არ დაუშვებს იმას, რომ ეს განსხვავება ძალაუფლების წყაროდ გადაიქცეს. ამას უზრუნველყოფს დღევანდელი იერარქიული სისტემის ჩანაცვლება კოოპერაციული , უიერარქიო სისტემით, რომელშიც ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები ექნება. მარტივად რომ ვთქვათ, „ერთი ადამიანი – ერთი ხმის“ პრინციპი უიერარქიო სისტემაში მოგვცემს იმის გარანტიას ,რომ ინდივიდებს შორის არსებული ბუნებრივი განსხვავებები არ გადაიქცევა ვიღაცების ხელში ჩავარდნილ ძალაუფლებად. ასე, მაგალითად, თუ არ იარსებებს კერძო საკუთრება, მაშინ უმცირესობა – დღევანდელ კაპიტალისტები – ვერ შეძლებენ სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებების (მიწის, საწარმოო დანადგარების) მონოპოლიზაციას და სხვების ხარჯზე გამდიდრებას. თუკი მშრომელები თვითონ წარმართავენ თავიანთ საქმეს, აღარ იარსებებს იერარქია და შესაბამისად , ვეღარ იარსებებენ პრივილეგირებულნი. როგორც პრუდონი აღნიშნავს, უთანასწორობის გამომწვევი მიზეზი საზოგადოებაში იმ აზრის არსებობაა,რომ კაპიტალი, შრომა და ნიჭი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებებია. „ საზოგადოების დაყოფა კაპიტალისტებად, ნიჭიერებად და მშრომელებად, განაპირობებს უმცირესობის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციას.. სოციალიზმი ამ კაპიტალისტ-მშრომელ-ნიჭიერად დაყოფას შლის სოციალური ურთიერთობებიდან და შემოაქვს უფრო მარტივი და სამართლიანი ცნება – მშრომელი, რაც გულისხმობს იმას ,რომ ადამიანი, როგორი გამორჩეული თვისებაც არ უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში მშრომელად უნდა ჩავთვალოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ის არის რაიმე საქმის ექსპერტი ან კარგი ხელოვანი.“

ანარქისტები თავისუფლების და თანასწორობის საფუძვლად  ფუნქციების გაერთიანებასა და სრულ თვითმმართველობას მიჩნევენ. სრული თვითმმართველობა სოციალური თანასწორობის უალტერნატივო პირობაა. თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს ერთნაირი „წონის“ ხმა აქვს ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. ანარქისტებს მტკიცედ სწამთ, რომ „ის, რაც ეხება ყველას, უნდა გადაწყვიტოს ყველამ ერთად!“.  ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას,რომ საქმის ცოდნა უგულებელყოფილი იქნება და ყველა ყველაფერს გადაწყვეტს. ფაქტია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ინტერესის სფეროები, განსხვავებული შესაძლებლობები და ბუნებრივია, რომ მათ გაუჩნდებათ სურვილი, ისწავლონ და აკეთონ სხვადასხვაგვარი საქმე. როდესაც ჩვენ ავად ვხდებით, მივდივართ ექიმთან, რომელმაც იცის თავის საქმე და საერთოდ არ ეკითხება კომიტეტს, როგორ გააკეთოს ოპერაცია ან როგორ გვიმკურნალოს. სამწუხაროა, რომ როდესაც თვითორგანიზებაზე ვსაუბრობთ, ოპონენტებს არც ისე ჭკვიანური იდეები მოსდით თავში და ჰგონიათ, რომ საავადმყოფოს მართვაში სამკერვალოს თანამშრომლები იქნებიან ჩართულები და ისინი უკარნახებენ ექიმს, რა და როგორ გააკეთოს.

სოციალური თანასწორობა და ინდივიდუალური თავისუფლება განუყრელი ცნებებია. კოლექტიური თვითორგანიზების გარეშე , სადაც ყველა იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რაც კოლექტივის თითოეულ წევრს ეხება, და ასევე, ინდივიდუალური თავისუფლების გარეშე, რომლის ფარგლებშიც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რაც პირადად მას ეხება, თავისუფალი საზოგადოების არსებობა სრულიად წარმოუდგენელია. ამ ორი კომპონენტის ერთდროულად არსებობის გარეშე ყოველთვის იარსებებს იერარქია, ანუ ჩაგვრა და ექსპლუატაცია არ შეწყდება.

სოციალური თანასწორობა აუცილებელია ინდივიდებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების მართვა და თვითრეალიზაცია. უიერარქიო თვითორგანიზება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ, არიან თანასწორნი და შესაბამისად, ყოველ მათგანს აქვს საშუალება, გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ბოლომდე შეძლოს თვითრეალიზება და ამავდროულად, სრულუფლებიანი თანამონაწილე იყოს იმ საქმისა, რასაც კოლექტივის სასარგებლოდ აკეთებს. თანასწორობის თემას უფრო ვრცლად მოგვიანებით განვიხილავთ

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook