A.2.6. რატომ არის ანარქისტებისთვის სოლიდარობა მნიშვნელოვანი ფაქტორი?

სოლიდარობა და ურთიერთდახმარება ანარქიზმი ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რადგან წარმოადგენს საზოგადოებისა და ინდივიდის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ერთად, თანასწორობის და თავისუფლების პრინციპების დაურღვევლად იმუშაონ  საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. ანარქისტები თვლიან, რომ ურთიერთდახმარება ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მას სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ერიკ ფრომი, ფსიქოლოგი და სოციალისტი ჰუმანისტი, აღნიშნავს, რომ „ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, ითანამშრომლოს სხვებთან და ეს მოთხოვნილება წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს მოტივატორს“.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებებისკენ მიდრეკილება ადამიანების ბუნებრივი თვისებაა. იმისთვის, რომ გაერთიანებამ დააკმაყოფილოს ყველა წევრის მოთხოვნილება, მისი მთავარი პრინციპები უნდა იყოს თავისუფლება და თანასწორობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაერთიანება ორგანიზებული უნდა იყოს ანარქისტული პრინციპების მიხედვით – უნდა ემყარებოდეს ნებაყოფლობით გაერთიანებას, იყოს დეცენტრალიზებული და არაიერარქიული.

სოლიდარობა – კოოპერაცია ინდივიდებს შორის – სასიცოცხლოდ აუცილებელია და არავითარი კავშირი არ აქვს თავისუფლების შეზღუდვასთან. ემა გოლდმანი წერდა: „ადამიანის ინდივიდუალიზმი გასაოცარ მწვერვალებს აღწევს კოოპერაციის პირობებში.. კოოპერაცია უპირისპირდება ერთი ინდივიდის მიერ მეორეს ჩაგვრას.. მხოლოდ ურთიერთდახმარებამ და ნებაყოფლობითმა გაერთიანებამ შეიძლება შექმნას თავისუფალი საზოგადოების საძირკველი“

სოლიდარობა ნიშნავს საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას და თანასწორუფლებიან ბრძოლას. არასოლიდარული, არათანასწორი გაერთიანება ანადგურებს ინდივიდუალიზმს. რეტ მარუტი ამბობდა, რომ თავისუფლებისთვის აუცილებელია სოლიდარობა, საერთო ინტერესების გაცნობიერება:

„კაცობრიობის ყველაზე კეთილშობილი, ნამდვილი სიყვარული – ცალკეული ინდივიდის სიყვარულია. მე მსურს ვიყო თავისუფალი და ბედნიერი! მე მსურს დავტკბე სამყაროს სილამაზით, მაგრამ ჩემი თავისუფლება და ბედნიერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ჩემ გარშემო ყველა თავისუფალი და ბედნიერი იქნება. მე მხოლოდ მაშინ შემიძლია სამყაროსგან სიამოვნების მიღება, როცა ჩემ გარშემო არავის უჭირს. მხოლოდ მაშინ შემიძლია გემრიელად ვჭამო, როდესაც ვიცი, რომ გვერდით სახლში ვიღაცას არ შია. მე მსურს ვიყო ბედნიერი და სწორედ ამიტომ ვებრძვი ყველაფერს, რაც ხელს მიშლის ბედნიერების მიღწევაში. “  სოლიდარობის არსს კარგად გამოხატავს IWW-ს სლოგანი : „ზიანი ერთისთვის იგივეა, რაც ზიანი ყველასთვის“.

ალფი კონი წერდა, რომ „კოოპერაცია და ალტრუიზმი ხშირად ერევათ და სოლიდარობას უაზრო სიკეთეს მიაწერენ. სტრუქტურული კოოპერაცია გულისხმობს იმას,რომ მე თუ ვინმეს ვეხმარები, ამავდროულად ვეხმარები საკუთარ თავსაც. არ აქვს მნიშვნელობა, ეგოიზმი მამოძრავებს თუ ალტრუიზმი – როდესაც ერთად მივცურავთ, ან ჩავიძირებით, ან გადავრჩებით და ბუნებრივია, ამ დროს ურთიერთდახმარების გამომწვევ მიზეზზე ლაპარაკი უადგილოა… თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კოოპერაცია კონკურენციაზე ეფექტურია“

იერარქიულ საზოგადოებაში სოლიდარობის არსებობა აუცილებელია არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ, არამედ იმისთვისაც, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალადობრივ რეჟიმს. ერთად ბრძოლა გვაძლიერებს და გვაახლოებს საბოლოო მიზანთან. ურთიერთდახმარების ინსტიტუტის განვითარება საშუალებას გვაძლევს, შევძლოთ არაიერარქიული ორგანიზება და ერთხელ და ბოსები ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოთ თავიდან. სოლიდარული ქმედებები საშუალებას მოგვცემს, დღევანდელი სისტემა შევცვალოთ და ჩავანაცვლოთ ჩვენთვის სასურველი ალტერნატივით.

 

სოლიდარობა არის ერთ-ერთი იარაღი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოვიპოვოთ და დავიცვათ თავისუფლება. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ვიმუშავებთ ერთად, მაშინ აღარ მოგვიწევს ვიმუშაოთ ერთეულებისთვის. თუ ჩვენ შევთანხმდებით ურთიერთდახმარებაზე, მაშინ ჩვენი შესაძლებლობები გაიზრდება და იმაზე გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე დღეს ვიღებთ. ურთიერთდახმარება თითოეული ადამიანის ინტერესში შედის  – როდესაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ თანასწორები ვიქნებით და ერთად ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად, გვაქვს გარანტია, რომ არ დავკარგავთ თავისუფლებას, ხოლო როდესაც ურთიერთდახმარების ნაცვლად დომინაციურ, იერარქიულ სისტემას ვირჩევთ, დიდი შანსია, რომ ერთ დღესაც თავად აღმოვჩნდებით დაჩაგრულები,რაც არავის უნდა.

როგორც მაქს შტირნერი ამბობდა, სოლიდარობა საშუალებას გვაძლევს თავი დავიცვათ ძალადობისგან და ჩაგვრისგან: „თუკი ჩვენ დავიცავთ თავს მჩაგვრელებისგან და ჩვენ გვერდით იდგება მილიონობით ადამიანი, მაშინ გამარჯვება ძალიან მარტივი იქნება“.

ანარქისტები სოლიდარობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმიტომ, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია თავისუფლების მოპოვება და თავის დაცვა ძალაუფლებისგან. სოლიდარობა ჩვენი – ადამიანების ბუნების ერთ-ერთი მახასიათებელია. ამავდროულად, სოლიდარობა არ გულისხმობს „ცხვრობას“, ვიღაც ლიდერის ბრმად გაყოლას. სოლიდარობა უნდა გაჩნდეს თავისუფალ, თანასწორ და არა – დამახინჯებულ, იერარქიულ საზოგადოებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook