A.2.7. რატომ მიიჩნევენ ანარქისტები თვითგათავისუფლებას მნიშვნელოვან ფაქტორად?

თავისუფლებას ვერავინ გვაჩუქებს, თავისუფლება ჩვენით უნდა მოვიპოვოთ. შეუძლებელია ადამიანი სხვამ გაათავისუფლოს, ყველა ინდივიდმა თვითონ უნდა დაამსხვრიოს ის ბორკილები, რომლებიც მას ზღუდავენ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წმინდა ინდივიდუალური ქმედება და კოლექტიურ ხასიათს მიიღებს, მაგრამ საჭიროა ყველა ინდივიდის ჩართულობა გათავისუფლების პროცესში. როგორც ემა გოლდმანი აღნიშნავს, „ისტორია გვიჩვენებს,რომ ყველა ჩაგრული კლასი,ჯგუფი თუ ინდივიდი თავს ითავისუფლებდა თავისი ძალებით“.

ანარქისტები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ადამიანებმა თავისუფლება შეიძლება მოიპოვონ მხოლოდ თავიანთი ქმედებების შედეგად. ამ ქმედებებს უფრო კონკრეტულად  სექცია J-ში განვიხილავთ, თუმცა, აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ანარქისტული თვითგათავისუფლების მეთოდები საშუალებას აძლევს ადამიანებს, მოახერხონ არაიერარქიული ორგანიზება და ბოსების თავიდან მოცილება. ანარქიზმი ემყარება ხალხს, რომელიც მოქმედებს საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის. ეს არის პირდაპირი მოქმედება.

პირდაპირი მოქმედება აძლიერებს და თავისუფლებას აძლევს ჯგუფის ყველა წევრს. თავისუფალი ქმედების საშუალება გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოიჩენს ინიციატივას და  იქნება მეტად კრეატიული. პირდაპირი მოქმედება არის საშუალება საზოგადოების შესაცვლელად. როგორც ერიკო მალატესტა აღნიშნავდა, „ინდივიდსა და საზოგადოებას შორის არსებობს მიმღეობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს,რომ ადამიანი ცდილობს შეცვალოს საზოგადოება თავისი სურვილის შესაბამისად, საზოგადოება კი ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისნაირი ადამიანი. ეს ერთგვარი ციკლია, რომელიც უსასრულოდ გრძელდება. საბედნიეროდ, დღევანდელი საზოგადოება არ შექმნილა დომინანტი კლასის ინტერესების გათვალისწინებით, პირიქით, ის შეიქმნა უამრავი ბრძოლის გადატანის შედეგად.“

 

 

საზოგადოება აყალიბებს თითოეულ ინდივიდს, ამავდროულად კი თვითონ მათ მიერ იქმნება – მათი ქმედებების, აზრების, იდეალების გათვალისწინებით. ავტორიტარული ინსტიტუციებიც კი, რომლებიც ზღუდავენ ინდივიდუალურ თავისუფლებას, გარკვეულწილად აძლევს ადამიანებს გათავისუფლების შანსს, რადგან აჩენს ეჭვს ავტორიტარიზმის ლეგიტიმურობის შესახებ. როგორც ემა გოლდმანი აღნიშნავდა, „ნამდვილი ემანსიპაცია იწყება ქალის სულში“. თამამად შეგვიძლია იგივე ვთქვათ კაცებზეც. საკუთარი თავი ის ადგილია, სადაც უნდა მოხდეს  პირველი რევოლუცია, დაიწყოს ჩვენი შინაგანი რეგენერაცია, გავთავისუფლდეთ ავტორიტეტებისგან და უსარგებლო გავლენებისგან. ეს პროცესი ყოველ ინდივიდში თავისით უნდა მიმდინარეობდეს, რადგან როგორც მაქს შტირნერი აღნიშნავს, „სხვის მიერ გათავისუფლებული ადამიანი იმ ძაღლს ჰგავს, რომელსაც პირში თავის ყელზე შემოხვეული ჯაჭვის ბოლო უჭირავს“.

ესპანეთის რევოლუციის დროს ესპანელმა ანარქისტმა დურუთიმ თქვა: „ჩვენ გულით ვატარებთ ახალ სამყაროს“. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოქმედებითაა შესაძლებელი, შევქმნათ ეს ახალი სამყარო და განვახორციელოთ იგი რეალობაში.

ანარქისტები არ თვლიან, რომ თავისუფლება პოსტრევოლუციური მონაპოვარი უნდა იყოს. ჩვენი დღევანდელი ქმედება განსაზღვრავს იმას, თუ რა იქნება მომავალში. ასე რომ, პრე-ანარქისტულ საზოგადოებაში ანარქისტები ცდილობენ შექმნან თავისუფლების საფუძველი, როგორც ბაკუნინი ამბობდა „არა მხოლოდ მომავლის იდეები, არამედ ფაქტები“. ამის გაკეთება შესაძლებელია ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნით,  არათავისუფალ საზოგადოებაში თავისუფლებისთვის ხორცშეხმით. თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა უნდა დაიწყოს ახლა და აქ, და არა რევოლუციის შემდეგ.
ანარქისტები ცდილობენ ხელი შეუწყონ თავისუფლებისთვის ყოველდღიურ ბრძოლას, რომელიც ავტორიტარიზმის წინააღმდეგაა მიმართული და ერთი მიზანი აქვს – თავისუფალი ინდივიდებისგან შემდგარი უიერარქიო საზოგადოების შემქნა. ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე შეუძლებელია თავისუფლების მიღწევა. ანარქისტებისთვის ანარქია ჩაგრულთა ბრძოლაა, რომლის მიზანიც იერარქიული საზოგადოების გარდაქმნაა, რის შედეგადაც მივაღწევთ თანასწორობას. ამ ყოველდღიურ ბრძოლას ხშირად კლასობრივ ომს , ან სოციალურ ომს უწოდებენ და მის გარეშე ანარქისტული რევოლუცია წარმოუდგენელია.

რევოლუცია არის პროცესი და არა რაიმე ღონისძიება. ყოველი სპონტანური რევოლუციური მოქმედების უკან დგას ორგანიზების და განათლების მრავალი წელი, რასაც შეგვიძლია „ახალი სამყაროს შექმნა ძველის საზღვრებში“ ვუწოდოთ. რევოლუცია შეუძლებელია ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების და ურთიერთობების შექმნის გარეშე.

როგორც მალატესტამ თქვა, „ხალხის თვითორგანიზება ჩვენი ფუნდამენტური იდეების ლოგიკური გამოხატულებაა და შესაბამისად, ჩვენი სამოქმედო გეგმის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.. ანარქისტებს არ სურთ ხალხის გათავისუფლება, ჩვენ გვსურს ხალხმა თვითონ გაითავისუფლოს თავი.. “

თვითგათავისუფლების გარეშე თავისუფალი საზოგადოება წარმოუდგენელია. მხოლოდ თვითგათავისუფლების შედეგად, რაც გამოიხატება მატერიალურ (სახელმწიფოს და კაპიტალიზმის განადგურება) და ინტელექტუალურ (ავტორიტეტების მორჩილების უარყოფა) თავისუფლებაში, არის შესაძლებელი შევქმნათ ახალი ტიპის საზოგადოება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს დომინაციის ფუნდამენტი ის იდეებია, რომელსაც კრიტიკული განსჯის გარეშე იღებს ხალხი და არ ცდილობს შეეწინააღმდეგოს მმართველი კლასის მიერ თავსმოხვეულ იდეოლოგიას. სანამ ეს არ შეიცვლება, ჩაგვრა და ექსპლუატაცია ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი იქნება. გონება, რომელიც ბატონების დოქტრინებს ეთანხმება, ვერასდროს იფიქრებს თავისუფლებაზე, აჯანყებასა და ბრძოლაზე. ასე რომ, აუცილებელია, ჩაგრულმა კლასმა გადალახოს ის დაბრკოლება, რომელსაც მორალური დომინაცია ჰქვია და ამის შემდეგ შეუდგეს არსებული სისტემის ფიზიკურ განადგურებას. კაპიტალიზმი და სახელმწიფო ჯერ მორალურად, თეორიულად უნდა დამარცხდეს, როგორც არაერთი ანარქისტი ამბობს, აუცილებელია ამაღლდეს კლასობრივი შეგნება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი მატერიალური მოსპობა. როგორც ვხედავთ ამ ბრძოლისთვის აუცილებელია თვითგათავისუფლება მორალური დოგმებისგან. ამიტომ, თუ კროპოტკინის ტერმინს გამოვიყენებთ, ანარქისტები ხელს უწყობენ „მეამბოხე სულის“ განვითარებას.

თვითგათავისუფლება ბრძოლის, თვითორგანიზების, სოლიდარობის და პირდაპირი მოქმედების თანამდევი პროცესია. პირდაპირი მოქმედება თავისუფალი ადამიანების, ანარქისტების ჩამოყალიბების საშუალებაა. ამიტომ, ანარქისტები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ იმ ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც იბრძვიან კაპიტალიზმის და მისი მფარველის – სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი ბრძოლა არის მშრომელთათვის უკეთესი პირობების შექმნის წინაპირობა, გარდა ამისა, ბრძოლის პროცესში ყველასთვის აშკარა ხდება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს ექსპლუატაციური ბუნება და ადამიანები იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება იცხოვრონ მათ გარეშე, ანუ როგორ შექმნან თავისუფალი, ანარქიული საზოგადოება. კროპოტკინი, როგორც ბევრი სხვა ანარქიტი, აღნიშნავდა რომ სინდიკალისტური მოძრაობები საუკეთესო საშუალება იყო იერარქიულ საზოგადოებაში ლიბერტარიანული იდეების დანერგვის და განვითარებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც მშროემლებს საშუალებას აძლევს იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და გარე ჩარევის გარეშე შექმნან საკუთარი აწმყო და მომავალი, უარყონ დომინაცია და იერარქიული ურთიერთობები,  ფუნდამენტს ამზადებს ანარქო-კომუნიზმისთვის.

ანარქისტებისთვის, რობერტ ლინის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ , „კაცობრიობის პროგრესის ისტორია  – მუდმივი აჯანყების, დაუმორჩილებლობის ისტორიაა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები ეჭვქვეშ აყენებდნენ სხვადასხვა ტიპის ავტორიტარიზმს და ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი ღირსება და მოეპოვებინათ თავისუფლება ბრძოლის შედეგად“. სწორედ ამიტომ ემხრობიან ანარქისტები თვითგათავისუფლებას, თვითორგანიზებას და პირდაპირ მოქმედებას. ბაკუნინი ამბოხებას ინდივიდების და კოლექტივების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელ ფაქტორად მიიიჩნევდა. პიროვნებები და ჯგუფები შეუძლებელია სხვამ გაათავისუფლოს – ამას თავისუფლება არ ერქმევა. აუცილებელია თვითგათავისუფლება, ბრძოლა თავისუფლებისთვის. მხოლოდ ამის შედეგად შეგვეძლება არსებულ საზოგადოებაში თავისუფლების ელემენტების შემოტანა და ანარქისტული საზოგადოებისთვის ფუნდამენტის შექმნა.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook