A.2.8. შესაძლებელია ანარქისტი არ ეწინააღმდეგებოდეს იერარქიას?

არა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ავტორიტარიზმს. და თუ ვეწინააღმდეგებით ავტორიტარიზმს, ეს ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგებით ყველანაირ იერარქიულ სტრუქტურას, რადგან ეს უკანასკნელნი ავტორიტარიზმის განხორციელებული მოდელები არიან.

იერარქია პირამიდის მსგავსი სტრუქტურის მქონე ორგანიზების მოდელია, რომელშიც ვხვდები სხვადასხვა „საფეხურებს“ – რაც მაღლა ავდივართ, უფრო იზრდება ძალაუფლების კონცენტრაცია. მკვლევარები, რომლებიც სწავლობენ ამ საკითხს, გამოყოფენ ორ ძირითად პრინციპს, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ იერარქიულ სტრუქტურას – დომინაციას და ექსპლუატაციას. მაგალითად, თავის სტატიაში „რას აკეთებენ ბოსები“ თანამედროვე საწარმოს ანალიზის შედეგად სტივენ მარგლინი ამტკიცებს, რომ კორპორაციული იერარქიის მთავარი ფუნქცია არა წარმოების ეფექტურობის გაზრდა (როგორც ამას კაპიტალიზმის მომხრეები ამტკიცებენ) , არამედ მშრომელებზე გაძლიერებული კონტროლია.
კონტროლი იერარქიულ სისტემაში, როგორც წესი, მიიღწევა სასჯელის გამოყენებით. სასჯელი შეიძლება იყოს ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ა.შ. ასეთი კონროლი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი დაუმორჩილებლობის მყისიერ აღკვეთას, საჭიროებს ცენტრალიზებულ სტრუქტურას, რაც გულისხმობს ძალაუფლების კონცენტრაციას იერარქიული კიბის ზედა საფეხურებზე მდგომი ადამიანების ხელში. იერარქიული კიბის შუა საფეხურებზე მდგომთ გაცილებით ნაკლები კონტროლის მექანიზმები და ძალაუფლება აქვთ, ქვედა საფეხურებზე კი – პრაქტიკულად არანაირი.

რამდენადაც დომინაცია, ჩაგვრა და ცენტრალიზაცია ავტორიტარიზმის დამახასიათებელი მოვლენებია, და ამავდროულად ეს ყველაფერი ვლინდება იერარქიულ სტრუქტურებში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერი იერარქიული სტრუქტურა ავტორიტარულია. ანარქისტებისთვის ნებისმიერი იერარქიული სტრუქტურა, ასე ვთქვათ, „სთეითისტურია“, ანუ სახელმწიფოს მსგავსია. ანარქისტების მიზნებზე როდესაც ვსაუბრობდით, აღვნიშნეთ, რომ მიზანი – სახელმწიფოს და სხვა ავტორიტარული ინსტიტუტების განადგურებაა, ასე რომ, ვინც არ იბრძვის იერარქიული სტრუქტურების წინააღმდეგ, ვერ იქნება ანარქისტი.
იერარქიული სტრუქტურები ახასიათებს კაპიტალისტურ ფირმებს. როგორც ნოამ ჩომსკი აღნიშნავს, კაპიტალისტური ფირმა უკიდურესად იერარქიული, ფაქტობრივად, ფაშისტური წარმონაქმნია:

„ფაშისტური სისტემა აბსოლუტურ ძალაუფლებას ემყარება – ძალაუფლება მოდის ზემოდან ქვემოთ.. შევხედოთ კორპორაციებს.. აშკარაა, რომ ამ სისტემებში ძალაუფლება ასევე მკაცრად ზემოდან ქვემოთ მოდის – დირექტორთა საბჭოდან – მენეჯერებამდე, მენეჯერებიდან – უმცროს მენეჯერებამდე და ბოლოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც საქმეს აკეთებენ. კორპორაციებში ვერსად ვხვდებით ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს.. ადამიანებს შეუძლიათ რჩევის მიცემა ზემოთ მდგომებისთვის, მაგრამ ეს მონათმფლობელურ საზოგადოებებშიც ასე იყო“ [ნოამ ჩომსკი, Keeping the Rabble in Line]

დევიდ დელეიონი აღნიშნავს, რომ კომპანიები და სახელმწიფო ძალიან გვანან ერთმანეთს. მისი თქმით:

„ბევრი ქარხანა ძალიან ჰგავს სამხედრო დიქტატურას. ყველაზე დაბლა მდგომნი დაქირავებულებს ჰგვანან, ზედამხედველები – ოფიცრებს და ა.შ. ორგანიზაციები გვკარნახობენ ყველაფერს -რა ჩავიცვათ, როგორი ვარცხნილობით ვიაროთ,  რამდენი საათი უნდა დავუთმოთ ამა თუ იმ საქმიანობას და რამდენი – პირად ცხოვრებას. ხანდახან იმასაც კი მოითხოვენ, რომ თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვექნება, კომპანიის ექიმს მივაკითხოთ. ისინი კონტროლისთვის იყენებენ ყველა შესაძლო ხერხს- ID ბარათებით დაწყებული,  დაქირავებული პოლიციით დამთავრებული“. მათ შეუძლიათ გვაიძულონ ამა თუ იმ საქმის გაკეთება, სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ჩვენ კი იძულებულნი ვართ, დავემორჩილოთ მაგ მოთხოვნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მილიონობით უმუშევარს შევუერთდებით. თითქმის  ყველგან მხოლოდ ერთი უფლება გვაქვს – დავტოვოთ სამსახური. გადაწყვეტილებებს იღებენ „ზევით“, ჩვენგან კი მხოლოდ მორჩილებას და ბრძანებების შესრულებას ითხოვენ.

ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ყველანაირ იერარქიას , კაპიტალისტურის ჩათვლით. იერარქიის მხარდაჭერა მმართველობის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც ანარქიზმის ძირითადი პრინციპის უარყოფაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქისტებისთვის „მორჩილების მოთხოვნა, დაქირავებული შრომა, დაქვემდებარებულის სტატუსის ქონა – არალეგიტიმურია, რადგან ეს ყველაფერი ზღუდავს ინდივიდუალურ თავისუფლებას“ [რობერტ გრაჰამი, „The Anarchist Contract, Reinventing Anarchy, Again“]
ბევრი თვლის, რომ თუკი გაერთიანება თავისუფალია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, იერარქიულია ის თუ არა. ანარქისტები ამას არ ვეთანხმებით ორი მიზეზის გამო. პირველი – კაპიტალიზმის პირობებში მშრომელები იძულებულნი არიან მიჰყიდონ საკუთარი შრომა და თავისუფლება დამქირავებლებს იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე მათი შექმნილი პროდუქტი ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთადერთი რამ ელოდებათ – შიმშილი. დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობას თუ განვიხილავთ თავისუფალ და თანასწორ შეთანხმებად, სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ, რადგან გამოვა რომ უარვყოფთ ექსპლუატაციას და დაქვემდებარებას, რომელიც ყოველთვის არსებობს მათ შორის. კაპიტალიზმის პირობებში თანასწორობასა და თავისუფლებაზე საუბარი მშრომელთა დაცინვა და სოციალური სამართლიანობისთვის ხაზის გადასმაა.
მეორე – თუკი მივიჩნევთ, რომ საკმარისია მხოლოდ ნებაყოფლებითი გაერთიანება და მნიშვნელობა არ აქვს მის სტრუქტურას, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო წყობა და კაპიტალიზმი – ანარქიულია – არავინ გვაძალებს, ვიცხოვროთ ამა თუ იმ ქვეყანაში – თუ არ მოგვწონს, შეგვიძლია სხვაგან წავიდეთ. თუკი სტრუქტურას უგულებელვყოფთ, მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა მხარი დავუჭიროთ თავისუფლების შემზღუდავ ორგანიზაციულ ფორმებსაც (კაპიტალისტურ კომპანიებს, შეიარაღებულ ძალებს, სახელმწიფოებს), რადგან ისინი ნებაყოფლობით გაერთიანებებს წარმოადგენენ.  როგორც ბობ ბლექი აღნიშნავს „თუკი უგულებელვყოფთ უამრავ კორპორაციას, რომელშიც დიდი დოზით ვხვდებით ავტორიტარიზმს, და ამავე დროს ვეწევით სახელმწიფო ავტორიტარიზმის დემონიზაციას,  ამას  ფეტიშიზმი შეიძლება ეწოდოს“. ანარქია იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ბატონის არჩევის თავისუფლება.

ასე რომ, ნებისმიერ იერარქიულ წარმონაქმნთან ბრძოლა ანარქისტების ერთ-ერთი ფუნდამენტური პოზიციაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი „ნებაყოფლობის მომხრე არქისტი“ ხდება, რასაც ანარქიასთან საერთო არაფერი აქვს. ამ თემაზე უფრო ვრცლად A.2.14 სექციაში ვისაუბრებთ.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია არ უნდა იყოს იერარქიული და ის იმუშავებს ჰორიზონტალური პრინციპით გაერთიანების შემთხვევაშიც, რაც გულისხმობს კოოპერაციაზე დამყარებულ ურთიერთობას, სადაც ყველა თავად წყვეტს იმას, რაც პირადად მას ეხება. მხოლოდ სრულ თვითმმართველობაზე დამყარებულ ორგანიზაციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქისტულია.

სამწუხაროა, რომ  გვიწევს ამის შენიშნვაც, მაგრამ არაერთმა კაპიტალიზმის მომხრე აპოლოგისტმა, ჩათვალა რომ კაპიტალიზმს და ანარქიას, კაპიტალიზმს და თავისუფლებას შეუძლია თანაარსებობა (საუბარია ე.წ. „ანარქო“-კაპიტალისტებზე). რამდენადაც კაპიტალიზმი იერარქიულ ფორმებს ეფუძნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ანარქო“-კაპიტალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებების შემცველი ტერმინია. ამაზე უფრო ვრცლად F სექციაში ვისაუბრებთ.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook