ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

Alexander_Berkman_1x
დღეს საზოგადოება მცირეოდენ ძალისხმევასაც კი არ დებს იმ საქმეში, რომელსაც დანაშაულის პრევენცია ჰქვია – დანაშაულის მიზეზების პოვნის და განეიტრალების ნაცვლად ყველა დამნაშავეებს სდევნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დღედღეობით სისტემა ებრძვის არა დანაშაულს, არამედ დამნაშავეებს. საზოგადოება სდევნის მათ, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული და არც კი ცდილობს დანაშაულის ჩადენის მოტივების დადგენას, რითაც სრულიად უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ზღვარზე დგანან. ისინი, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ვერ ხედავენ გამოსავალს და მიიწევენ იმ უფსკრულისკენ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა ჰქვია. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი, ეს უკანასკნელნი იძულებულნი არიან, ბოლომდე ჩაეფლონ კრიმინალის მორევში და მიყვნენ დინებას. ამ დროს კი საზოგადოება მშვიდად უყურებს სეირს და ხელსაც კი არ ანძრევს იმისთვის, რომ მათმა თანამოძმემ თავისი პრობლემა დანაშაულის ჩადენის გარეშე მოაგვაროს. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც დაინახავენ დამნაშავედ ქცეულ ადამიანს, საშველად უხმობენ „სამართალს“, რომლის ერთადერთი იარაღი – სასჯელია.

როგორ ექცევა „სამართალი“ კრიმინალთა კლასს?

საზოგადოების დამოკიდებულება კრიმინალებთან მიმართებით ყოველთვის ერთნაირი იყო – „მოვიშოროთ ისინი თავიდან!“.

ყველაზე მარტივი მეთოდი დამნაშავეთა თავიდან მოსაცილებლად მათი დახოცვა იყო. სხვათაშორის, ამ მეთოდს ბოლო დრომდე თითქმის ყველგან იყენებდნენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ჰენრი VIII-ს მმართველობის დროს ისჯებოდა 263 ტიპის დანაშაული, სიკვდილით კი დაისაჯა 2 მილიონზე მეტი დამნაშავე.

მე19 საუკუნეში საზოგადოება ოდნავ გაჰუმანურდა და სიკვდილით დასჯაზე უარი თქვა, სამაგიეროდ დამნაშავეების თავიდან მოცილების ახალი გზა მონახა – მათი დაპატიმრება.

შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ წარსულში და დღეს გამოყენებული მეთოდები სპობს კრიმინალს? პასუხი ერთია – არა! თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშ ყოველი სამოცდამეათე დამნაშავეა, ან თანამშრომლობს კრიმინალთა კლასთან. დამნაშავეების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს : ესპანეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაორმაგდა, საფრანგეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. დანაშაულის მატიანე ნათლად გვიჩვენებს, რომ კრიმინალთან ბრძოლის დღესდღეობით გამოყენებული მეთოდები არ ამართლებს, პირიქით, აზარალებს მთელ საზოგადოებას.

ამ მეთოდების უვარგისობის მიზეზი მათ ფუნდამენტურ პრინციპში უნდა ვეძებოთ. დამნაშავისთვის სასჯელის მისჯა არის ამორალური, დამღუპველი და უსამართლო ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების სურვილს აღძრავს დასჯილში.

დანაშაულთან ბრძოლის დროს შიშის, როგორც დანაშაულის „შემაფერხებელი“ ფაქტორის, გამოყენება სრული უაზრობაა. ამას ისტორია ადასტურებს. ადამიანები სასჯელის შიშის გამო დანაშაულის ჩადენაზე უარს არ ამბობენ. უამრავი ადამიანი გააკრეს ბორბალზე, უამრავი დამარხეს ცოცხლად, უამრავი ჩამოახრჩეს, არაერთხელ აყურებინეს მთელ ციხეს, როგორ ადიოდა სახრჩობელაზე სიკვდილმისჯილი, რომელმაც თვალის დაუხამხამებლად გაყო თავი ყულფში და მოკვდა – ამან პატიმრებს დანაშაულის ჩადენის სურვილი კი არ გაუქრო, არამედ უფრო გაუღვივა – სიკვდილით დასჯილი მათ გმირად იქცა და საკანში დაბრუნებულები უფრო ღრმად იყვნენ ჩაძირულნი დანაშაულის მორევში.

სასჯელი, რომლის გამოყენებასაც იმით ამართლებენ, რომ მისი შიშით ადამიანები თავს იკავებენ დანაშაულის ჩადენისგან, სინამდვილეში სულაც არ აჩერებს პოტენციურ დამნაშავეებს. უმკაცრესი სასჯელი შემოღებაც კი ვერ შეამცირებს დანაშაულის რიცხვს.

საზოგადოების დამნაშავეებისგან დაცვა ამ უკანასკნელთა დაშინებით – უტოპიაა: ამაში შედეგებმაც დაგვარწმუნა. სასჯელს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე – სარგებლობა. საზოგადოების წინაშე არცთუ იოლი საკითხი დგას : რამდენად გამართლებულია დამნაშავის დასჯა, მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის მიზეზები არაა გამოკვლეული? დიახ, დანაშაულთან ბრძოლა უნდა შემოიფარგლებოდეს არა – დამნაშავეთა დასჯით, არამედ იმ პრობლემების გამოკვლევით და აღმოფხვრით, რომლებიც დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანებს და აფერხებს საზოგადოების განვითარებას.

თუ ეს ესე რამენაირად გამოაღვიძებს საზოგადოებას და დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად უსამართლო და ამორალურია დანაშაულთან ბრძოლის დღევანდელი მეთოდები, და უბიძგებს ამ პრობლემების განხილვა-აღმოფხვრისკენ, ავტორი ჩათვლის, რომ თავის მიზანს მიაღწია.

Facebook Comments