Anarchist F.A.Q – A.1 რა არის ანარქიზმი?

ანარქიზმი არის თეორია, რომლის მიზანიც არის ანარქიული საზოგადოების შექმნა,რომელშიც არ არსებობენ მმართველები და მფლობელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმის მიზანია შექმნას ისეთი საზოგადოება,რომელშიც ყოველი ინდივიდი თანასწორია და თანაცხოვრებას აქვს კოოპერაციის და არა – მართვის ფორმა. შესაბამისად, ანარქიზმი უპირისპირდება ყოველგვარ იერარქიული კონტროლის მექანიზმს – პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს – რამდენადაც, მიაჩნია, რომ იერარქიები საზიანო და უსარგებლოა ადამიანებისთვის.

ანარქისტ სუზან ბრაუნის თქმით:

„დღეს ანარქიზმი მხოლოდ ძალადობრივ, ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოსთან დაპირისპირება. ანარქისტები უპირისპირდებიან ზოგადად ძალაუფლებას და დომინაციას, ამ ორი უსარგებლო წარმონაქმნის ჩანაცვლება კი სურთ კოოპერაციული სისტემით, საზოგადოებისა და ეკონომიკის არაიერარქიული მოწყობით“.

ფაქტია, რომ „ანარქიზმი“ და „ანარქია“ პოლიტიკურ თეორიებში ყველაზე ცუდად ინტერპრეტირებული წარმომადგენელია. როგორც წესი, სიტყვა „ანარქიას“ იყენებენ ქაოსის, უწესრიგობის აღწერის დროს, რის გამოც ანარქისტებს მიეწერებათ ის, რომ უნდათ საზოგადოების ქაოსის მორევში ჩაძირვა და ჯუნგლების კანონით ცხოვრება.

ასეთ ინტერპრეტაციებს აქვს ისტორიული პარალელები – ასე, მაგალითად, მონარქიულ ქვეყნებში თავის დროზე „რესპუბლიკა“ და „დემოკრატია“ იმავე ასოციაციებს იწვევდა ფართო მასებში, როგორსაც დღეს „ანარქია“ იწვევს. ისინი, ვის ინტერესებშიც არ შედის ალტერნატიული სისტემის შექმნა, ყველანაირად ეცდება ალტერნატივის დისკრედიტაციას და იმის მტკიცებას, რომ ახალი საზოგადოების ფორმირება მხოლოდ და მხოლოდ ქაოსს მოიტანს. ერიკო მალატესტას სიტყვებით: „სანამ მთავრობა ასოცირდება წესრიგთან, მანამდე იარსებებს აზრი, რომ მთავრობის არარსებობა – ანარქია – ქაოსამდე და უწესრიგობამდე მიგვიყვანს“.  ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დღესდღეობით ანარქიის რეალური არსის ხალხამდე მიტანა და იმის ახსნა , რომ მმართველობის არარსებობა არ მოიტანს უწესრიგობას და ქაოსს, ხოლო იერარქიული სოციალური ურთიერთობები მავნებელი და არასასარგებლოა.

„შევცვალოთ აზრი, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ მთავრობა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნებელიცაა, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ანარქიას“,ყველამ აუცილებლად უნდა გაიგოს ის, რომ ანარქია არის არა უწესრიგობა, არამედ ბუნებრივი წესრიგი, ადამიანთა თავისუფალი გაერთიანება – მოთხოვნილებების და ინტერესების მიხედვით, სრული თავისუფლება და სრული სოლიდარობა. (ldib. გვ.12-13)“.

ეს კრებული,რომელსაც კითხულობთ, სწორედ ანარქიის – რეალური ანარქიის იდეების ახსნაა.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook