C.1.2 არის ეკონომიკა მეცნიერება?

ერთი სიტყვით, არა. თუ “მეცნიერული” ჩვეულებრივი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რაც დაფუძნებულია ემპირიულ დაკვირვებაზე და პროცესის თანმიმდევრულ ანალიზზე, რომელიც შესაბამისობაშია შეგროვებულ მონაცემებთან, მაშინ ეკონომიკის თეორიათა უმრავლესობა არ არის მეცნიერება.

ნაცვლად რეალობის შესწავლისა და შეგროვებულ მონაცემებზე დაფუძნებული განზოგადოებული თეორიის შექმნისა, ეკონომიკური თეორიები ძირითადად ყოველთვის დაფუძნებულია ნებისმიერ ვარაუდზე, რომელიც კი საჭიროა თეორიის მუშაობისათვის. ემპირიული დადასტურება, თუ ეს საერთოდ ხდება, ჩვეულებრივ გვეძლევა ათწლეულის მერე და თუ ფაქტები წინააღმდეგობაში მოდის ეკონომისტების თეორიასთან, მით უარესი ფაქტებისთვის.

კლასიკური მაგალითი ამისა არის წარმოების ნეო-კლასიკური თეორია. როგორც წინასწარ იყო აღნიშნული, ნეოკლასიკური ეკონომიკა ფოკუსირებული იყო პროდუქტების ინდივიდუალურ შეფასებაზე და, არაგასაკვირადაც ეკონომიკა მონათლულ იქნა როგორც “თეორიული ხედვის დომინაცია, რომელიც წარმოების პროცესის შიდა სამუშაოებს უყურებს როგოც “შავ ყუთს”. ეს ნიშნავს იმას, რომ “კაპიტალისტური ეკონომიკის ნეოკლასიკური თეორია არ ქმნის ხარისხობრივ განსხვავებას საწარმოს აქციონერებსა და მათ მიერ დაქირავებულ ათეულობით ათას ადამიანს შორის და პატარა საოჯახო საქმეებს შორის, რომლებიც არ იყენებენ არავითარ დაქირავებულ შრომას. რამდენადაც ეს თეორია განიხილავს ტექნოლოგიასა და საბაზრო ძალებს, და არა სოციალური ძალების სტრუქტურას, რომელიც არეგულირებს კაპიტალისტების კორპორაციების და წვრილ მეწარმეების საქმიანობას” [უილიამ ლაზონკი – “კონკურენცია სავაჭრო დარბაზში”] წარმოება როგორც ხდომილება ამ სქემაში უბრალოდ მიმდინარეობს – საწარმოო საშუალებები იხარჯება, პროდუქცია გამოდის, მაგრამ რაც შიგნით ხდება ითვლება უმნიშვნელოდ. ამგვარად ტექნიკური საკითხის განხილვა, დამოუკიდებლად სოციალური ურთიერთობისა, რეალურად პროდუქციის შემქმნელებს შორის, უზრუნველყოფს კონფლიქტს.

ამ თეორიას გააჩნია რამდენიმე საკვანძო დაშვება. პირველი კლებადი შემოსავლებია (უკუგება). ეს თამაშობს ცენტრალურ როლს. გაბატონებულ თეორიაში (მეინსტრიმში) კლებადი შემოსავლები საჭიროა მოთხოვნის კლებადი მრუდის გამოსაყვანად მოცემულ ფაქტორებზე. მეორე, ადგილი აქვს მიწოდების მზარდ მრუდს, რაც ეფუძნება ზღვრული ხარჯების ზრდას და რაც კლებადი უკუგებიდან გამომდინარეობს. მიიჩნევა, რომ თავიდან მზარდი და შემდეგ კლებადი უკუგების შედეგად, ფირმის საშუალო ცვლადი ხარჯები გრაფიკზე U-ს ფორმისაა. ეს ყველაფერი ნეო-კლასიკური თეორიისთვის ლოგიკურ აუცილებლობას წარმოადგენს.

არაეკონომისტები, რა თქმა უნდა იფიქრებენ რომ ეს დაშვებები წარმოადგენს იმ განზოგადოებებს, რომლებიც დაფუძნებულია ემპირიულ მტკიცებულებებზე, თუმცა ეს ასე არაა. ავიღოთ U ფორმის საშუალო ხარჯების მრუდი. ეს გამარტივებული სახით წარმოადგინა ა. პიგოუმ, “ ნეოკლასიკური თეორიის წამყვანი ეკონომისტის ალფრედ მარშალის ლოიალურმა მიმდევარმა და ასევე სრულიად მიამიტმა მრეწველობის ნებისმიერი დარგის ცოდნაში. მან ამიტომაც ააგო U ფორმის საშუალო ხარჯების მრუდი ფირმებისთვის, რათა ეჩვენებინა ეკონომია, განპირობებული წარმოების მასშტაბების გაზრდით განსაზღვრულ სიდიდემდე და დანახარჯების ზრდა მის მიღმა.” [ჯოან რობინსონი “წერილების კრებული ეკონომიკაზე” ტომი 5, გვ. 11]. ეს გამოგონება განპირობებული იყო თეორიის საჭიროებით და არა ფაქტების. ზრდადი მოგების მასშტაბით, ფირმებს მაშინვე ექნებოდათ დანახარჯებითი უპირატესობა მცირე კომპანიების წინააღმდეგ და გააძევებდნენ ბაზრიდან კონკურენციით. ეს დაანგრევდა ასეთ მშვენიერ კონკურენციის კონცეფციას. თუმცა საშუალო დანახარჯების მრუდმა საშუალება მისცა თეორიაში ემუშავა კონკურენტულ ბაზარს, რომელიც არაა მოქცეული რამდენიმე დიდი ფირმის დომინაციის ქვეშ, რისი საშიშროებაც იყო მოსალოდნელი.

მოდელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მისადაგებული უფრო სასურველი შედეგის მისაღებად, ვიდრე რეალობის რეფლექსიაზე. თეორიას მოეთხოვა დაემტკიცებინა, რომ ბაზარი დარჩა კონკურენტუნარიანი და არსებობდა კლებადი შემოსავლები წარმოების მასშტაბისთვის, რომელსაც გააჩნდა თავის მხრივ ტენდენცია, შეეზღუდა ცალკეული ფირმების აღზევება. მაგრამ ის, რომ რეალურად ბაზრები გახდა დომინირებული რამდენიმე დიდი კომპანიის მიერ თეორიაში არ ხდებოდა და “როდესაც ძალაუფლების დიდმა კონცენტრაციამ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში დასასრულისკენ წაიყვანა ეროვნული დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკის სახელმძღვანელოები მაინც ილუსტრირებული იყო U ფორმის მქონე მრუდის გრაფიკით, რომელიც აჩვენებდა მსხვილი ფირმების შებოჭვას შესანიშნავ კონკურენტულ ბაზარზე”. [რობინსონი, წვლილი თანამედროვე ეკონომიკაში, გვ. 5]

კარგია თეორია, თუ მას გააჩნია ორი დამახასიათებელი ნიშანი: ის ზუსტად უნდა აღწერდეს მოცემულ მოვლენებს და მან უნდა იწინასწარმეტყველოს მომავალი დაკვირვებების შედეგები. არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს პიგოუს გამოგონება: რეალობა სულ საპირისპიროზე მეტყველებს. არამხოლოდ რამდენიმე დიდი ფირმის ზრდით დომინირებული ბაზარი აჩვენებს ირიბად იმას, რომ ეს თეორია არის სისულელე, არამედ, როცა ემპირიული შემოწმება საბოლოოდ გახდა შესაძლებელი თეორიის გამოქვეყნებიდან ათწლეულის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთგამორიცხულობას აქვს ადგილი: რომ წარმოებაში არსებობდა მუდმივი ან კლებადი ხარჯებიც კი. იმ დროს, როცა მარჟინალიზმისა და კლებადი ზღვრული შემოსავლების თეორიები ეკონომიკაში გაბატონებას იწყებდნენ, რეალური სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციების ზრდით აჩვენებდა, თუ რამდენად მცდარი იყო ის.

ამგვარად, მიზეზი თუ რატომაც მოექცა ბაზარი რამდენიმე ფირმის დომინაციის ქვეშ, საკმაოდ ნათელია: ფაქტობრივი კორპორაციული ფასი სრულიად განსხვავდება ეკონომიკური თეორიისგან. ეს აღმოჩენილი იქნა, როცა მკვლევარებმა გააკეთეს ის, რაც ამ თეორიის ავტორებს არც კი ჩაუთვლიათ საჭიროდ: მათ უშუალოდ ჰკითხეს ფირმის წარმომადგენლებს, თუ რას აკეთებდნენ და მკვლევარებმა აღმოაჩინეს ის, რომ მანუფაქტურული ფირმების უმრავლესობისთვის წარმოების საშუალო დანახარჯები მცირდებოდა გამოშვებული პროდუქციის ზრდის ფონზე. მათი საწარმოს ზღვრული ხარჯები ყოველთვის მნიშვნელოვნად დაბალი იყო საშუალო დანახარჯებთან შედარებით და არსებითად კიდევ უფრო მცირე ვიდრე „ზღვრული შემოსავალი“ და „მოთხოვნის მრუდის“ კონცეფცია (და შესაბამისად წარმოებული ზღვრული შემოსავალი) იყო უბრალოდ უადგილო.

გასაკვირი არაა, რომ რეალურად ფირმები წინასწარ ადგენენ გასაყიდ ფასებს მომგებიანობის საფუძველზე მიზნობრივი ფასწარმოქმნის ხარჯებზე ფასნამატზე დაყრდნობით. სხვა სიტყვებით, ისინი პასიურად არ რეაგირებდნენ ბაზრისადმი. ეს ფასები არის კაპიტალიზმის არსებითი აუცილებლობა ფირმების არსებობის განგრძობისათვის. ეს და ქვემოთ მოყვანილი რეალობა იმაზე, რომ კუთრი ხარჯები (თვითღირებულება, პროდუქციის ერთეულის ღირებულება) მცირდებოდა, როცა პროდუქციის წარმოება იზრდებოდა, შედეგად მიიღებოდა მეტად სტაბილური ფასები, ვიდრე ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ტრადიციული ეკონომიკური თეორიით. ერთმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ რეგულირებადი ფასები „ისე ძლიერ განსხვავდება იმ ქცევისგან, რომელიც მოსალოდნელია“ თეორიისგან, რომ მის „ძირითად დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს“. მან გააფრთხილა, რომ ვიდრე „ეკონომიკური თეორია შეძლებს ახსნას და გაითვალისწინოს შედეგები“ ამ ემპირიული მონაცემებისა, „ის საჯარო პოლიტიკისთვის სუსტ საფუძველს იძლევა“. იმის თქმა საჭირო აღარ არის, რომ ამას არ შეუწუხებია ნეოკლასიკური ეკონომისტები და არც შეუჩერებია ისინი, რომ საჯარო პოლიტიკაზე რეკომენდაციები გაეცათ. [გარდინერ მინსი, „რეგულირებადი ფასის თეზისის დადასტურება“, ამერიკული ეკონომიკური მიმოხილვა, გვ. 292-306, ტომი 62, No. 3, გვ. 304]

1952 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ ფირმებს აჩვენა მრავალი ჰიპოთეტური დანახარჯის მრუდი, და ფირმებს ჰკითხა, რომელი მათგანი იყო ყველაზე ახლოს მათ დანახარჯებთან. ფირმების 90%-ზე მეტმა აირჩია დიაგრამა კლებადი საშუალო დანახარჯებით ნაცვლად იმისა, რომელზეც ნაჩვენები იყო ზრდადი ზღვრული დანახარჯების ტრადიციული ეკონომიკური თეორია. ამ ფირმებში სახეზე იყო კლებადი საშუალო დანახარჯები და მათი ზღვრული შემოსავლები ბევრად მეტი იყო, ვიდრე ზღვრული დანახარჯი წარმოების ყველა დონეზე. გასაკვირი არაა, რომ კვლევის ავტორების დასკვნით, თუკი ეს ნიმუში ტიპიური იყო, მაშინ „აშკარა გახლდათ, რომ ხანმოკლე პერიოდის ზღვრული ფასის თეორია რეალობის ფონზე უნდა შესწორებულიყო“. ჩვენ ისევ ველოდებით. [ეიტმანი და გათრი, „საშუალო დანახარჯის მრუდის ფორმა“, ამერიკული ეკონომიკური მიმოხილვა, გვ. 832-8, ტომი 42, No. 5, გვ. 838]

ემპირიული მონაცემების უფრო თანამედროვე კვლევა იგივე დასკვნებამდე მივიდა, იმის მტკიცებით, რომ ეს არის „გადაულახავი ცუდი სიახლე… ეკონომიკური თეორიისთვის“. იმ დროს, როცა ეკონომისტები ზრდად ზღვრულ დანახარჯს კანონად თვლიან, კვლევაში ფირმების 89%-ის მოხსენებით, ზღვრული დანახარჯები ან მუდმივი იყო, ან მცირდებოდა წარმოებასთან ერთად. რაც შეეხება ფასის ელასტიურობას, ის კორპორაციებისთვის აუცილებელ სამოქმედო კონცეფციას არ წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, „ფირმები, რომლებიც ყიდიან მშპ-ის 40%-ს, თვლიან, რომ მათი მოთხოვნა საერთოდ არ ახდენს გავლენას ფასზე“, როცა „მშპ-ის მხოლოდ დაახლოებით 1/6 იყიდება ელასტიური მოთხოვნის პირობებში“. [ა.ს. ბლინდერი, ე. კაბეტი, დ. ლებოუ და ჯ რუდი, კითხვების დასმა ფასებზე, გვ. 102 და გვ. 101]

ამგვარად, ემპირიულმა კვლევამ დაადგინა, რომ რეალური ფასის განსაზღვრას არაფერი აკავშირებს ბაზრის გაწონასწორებასთან ბაზრის მიწოდების გათანაბრებით ბაზრის მოთხოვნასთან (ანუ რასაც ეკონომიკური თეორია ფასების როლად თვლის). ამის ნაცვლად, ფასები განისაზღვრება, რათა ფირმამ მოქმედება განაგრძოს, ხოლო მიწოდებისა და მოთხოვნის გათანაბრება დროის ნებისმიერ პერიოდში არარელევანტურია ფირმისთვის, რომელიც მომავალში შეუზღუდავად აპირებს არსებობას. როგორც ლიმ ახსნა ემპირიული კვლევის ფართო გამოყენებაზე დაყრდნობით, „საბაზრო ფასები არ არის წონასწორული ან მაქსიმალური სარგებლის მომტანი ფასები, არამედ არის საწარმო და შესაბამისად ტრანზაქციის საწარმოებელი ფასები“. ნაცვლად მოცემულ მომენტში არარსებული წონასწორობის ან მაქსიმალური სარგებლიანობისა, რომლებიც ფასებს უნდა განსაზღვრავდნენ, საბაზრო ფასი „განსაზღვრულია და ბაზარი მოქმედებს ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის უწყვეტი ტრანზაქციების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ბიზნეს-ლიდერებისა და მათი საწარმოების სარგებლიანობას ემსახურება“. საქონლის მნიშვნელოვან წილს ფასები განესაზღვრება ფასნამატზე, ჩვეულებრივ ხარჯსა და მომგებიანობის საფუძველზე მიზნობრივი ფასწარმოქმნის პროცედურებზე დაყრდნობით და დროთა განმავლობაში შედარებით სტაბილურია. ამგვარად „სტაბილური, რეგულირებადი საბაზრო ფასების არსებობა ნიშნავს, რომ ბაზრები, რომლებშიც ისინი არსებობენ, არ ორგანიზდება აუქციონის ბაზრების, ადრეული საცალო ბაზრების და აღმოსავლური ბაზრების მსგავსად“, როგორც წარმოუდგენიათ გაბატონებულ (მეინსტრიმულ) ეკონომიკურ იდეოლოგიაში. [ფრედერიკ ს. ლი, პოსტ-კეინსიანური ფასის თეორია, გვ. 228 და გვ. 212]

გასაკვირი არაა, რომ ამ მკვლევარების უმეტესობა ძლიერ კრიტიკული იყო ბაზრებისა და ფასის დადგენის ტრადიციული ეკონომიკური თეორიისადმი. ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკის კონცეფციებს სრულყოფილი კონკურენციისა და მონოპოლიის შესახებ განიხილავდა, როგორც სრულ სისულელეს და „სავარძელში მსხდომი უცოდინარი და გამოუცდელი თეორეტიკოსების მგზნებარე წარმოსახვების შედეგს“. [ტაკერი, ციტირებული ლის მიერ, ციტირებული ნაშრომი, გვ. 73f] და სწორედ ასე იქმნებოდა ის.

მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ ჩათვლიდა მართებულად, განევითარებინა თეორია, რომელიც სრულად დამოუკიდებელი იქნებოდა ანალიზის ქვეშ მყოფი მოვლენისგან. მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ მოიცდიდა ათწლეულების მანძილზე, ვიდრე თეორიას რეალობის წინააღმდეგ გამოცდიდა. ამის შემდეგ მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ დააიგნორებდა იმ ფაქტებს, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგებოდნენ თეორიას და ისე განაგრძობდნენ იმ თეორიის სწავლებას, თითქოს ფაქტების მართებული განზოგადება ყოფილიყოს. მაგრამ ეკონომიკა ხომ მეცნიერება არ არის.

ეს უცნაური პერსპექტივა მაშინვე ლოგიკური ხდება, როგორც კი გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის კლებადი ხარჯების ცნება. რეალურად, თუკი უკუგდებული იქნება დასკვნა ზრდადი ზღვრული დანახარჯების შესახებ, იგივე ბედი ელის სრულყოფილ კონკურენციას და „საფუძველი, რომელზეც შეიძლება აიგოს ეკონომიკის კანონები… ნადგურდება“, რაც იწვევს „ზოგადი წონასწორობის თეორიის დიდი ნაწილის მსხვრევას“. ამას „ძლიერ გამანადგურებელი შედეგი ექნება ეკონომიკური თეორიისთვის“, ერთ-ერთი წამყვანი ნეოკლასიკური ეკონომისტის თქმით. [ჯონ ჰიკსი, ღირებულება და კაპიტალი, გვ. 83-4] როგორც სტივ კინი შენიშნავს, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„როგორ უცნაურადაც გინდა ჩანდეს… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ზღვრული შემოსავლები კლებადის ნაცვლად მუდმივია, მაშინ იმსხვრევა ყველაფრის ნეოკლასიკური ახსნა. ეკონომიკური თეორია არამარტო ვეღარ ხსნის, რამდენს აწარმოებს ფირმა, არამედ საერთოდ ვეღარაფერს ხსნის.

„მაგალითისთვის აიღეთ დასაქმებისა და ხელფასის განსაზღვრის ეკონომიკური თეორია… თეორია ამტკიცებს, რომ რეალური ხელფასი ექვივალენტურია შრომის ზღვრული პროდუქტისა… დამსაქმებელი დაასაქმებს დამატებით მუშას, თუკი რაოდენობა, რასაც მუშა მატებს წარმოებას – მუშის ზღვრული პროდუქტი – აჭარბებს რეალურ ხელფასს… [ეს] ხსნის ეკონომიკურ მიდრეკილებას, ყველაფერი დააბრალოს ზედმეტად მაღალ ხელფასებს – ნეოკლასიკური ეკონომიკა შეიძლება შეჯამდეს, როგორც [ჯონ კენეთ] გელბრეითმა ერთხელ აღნიშნა, ორ წინადადებაში, რომ ღარიბები არ არიან საკმარისად შრომისმოყვარეები, რადგან მათ ბევრს უხდიან და მდიდრები არ არიან საკმარისად შრომისმოყვარეები, რადგან მათ საკმარისად არ უხდიან…

„თუკი რეალურად წარმოებისა და დასაქმების კავშირი შედარებით მუდმივია, მაშინ დასაქმებისა და წარმოების განსაზღვრის ნეოკლასიკური ახსნა იმსხვრევა. წარმოების თანაბარ ფუნქციაში შრომის ზღვრული პროდუქტი მუდმივი იქნება, და ის არასდროს გადაკვეთს რეალურ ხელფასს. ფორმის წარმოება ვერ აიხსნება შრომის დასაქმების ხარჯით… [ეს იმას ნიშნავს, რომ] ნეოკლასიკურ ეკონომიკას უბრალოდ არ შეუძლია, რამე ახსნას: არც დასაქმების დონე, არც წარმოება, საბოლოოდ არც ის, რა განსაზღვრავს რეალურ ხელფასს… ეკონომიკის მთელი ნაგებობა იმსხვრევა.“ (ეკონომიკის მხილება, გვ. 76-7)

უნდა აღინიშნოს, რომ ემპირიულმა კვლევამ უბრალოდ დაადასტურა ნეოკლასიკური ეკონომიკის ადრეული კრიტიკა, რომელიც 1926 წელს წარმოადგინა პიერო სრაფამ. მან განაცხადა, რომ თუმცა წარმოების ნეოკლასიკური მოდელი თეორიულად მუშაობს, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მის დაშვებებს დავეთანხმებით. თუკი ეს დაშვებები პრაქტიკაში არ მოქმედებს, მაშინ არარელევანტურია. შესაბამისად ის „კონცენტრირებას ახდენდა იმ ეკონომიკურ დაშვებებზე, რომ არსებობს „წარმოების ფაქტორები“, რომლებიც ხანმოკლე პერიოდში უცვლელია, და რომ მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან. ის ამტკიცებდა, რომ ეს ორი დაშვება ერთდროულად შეიძლება შესრულდეს. იმ პირობებში, როცა მართებულია იმის თქმა, რომ წარმოების ზოგიერთი ფაქტორი ხანმოკლე პერიოდში უცვლელია, მოთხოვნა და მიწოდება დამოუკიდებელი ვერ იქნება, ამიტომ მიწოდების მრუდზე ყოველი წერტილი დაკავშირებული იქნება განსხვავებულ მოთხოვნის მრუდთან. მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა მოთხოვნა და მიწოდება მართებულად შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქნას განხილული, შეუძლებელი გახდება, წარმოების რომელიმე ფაქტორი უცვლელი იყოს. აქედან გამომდინარე, წარმოების ზღვრული დანახარჯები მუდმივი იქნება.“ ის ხაზს უსვამდა, რომ ფირმები ირაციონალურები უნდა იყვნენ, სხვანაირად რომ მოიქცნენ, უარი თქვან სარგებლის მიღების შანსზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომისტებს საშუალება მისცენ, ააგონ თავიანთი მოდელი, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი. [კინი, ციტირებული ნაშრომი, გვ. 66-72]

ეკონომიკის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა დროს ეხება. გარკვეული პერიოდია, ეს ცნობილია და აღიარებულია ეკონომისტების მიერ. მაგალითად, მარშალი ამტკიცებდა, რომ „დროის ელემენტი“ იყო „ეკონომიკის მრავალი უდიდესი სიძნელის წყარო“. [ეკონომიკის პრინციპები, გვ. 109] ზოგადი წონასწორობის თეორიის დამფუძნებელი, ვალრასი, აცნობიერებდა, რომ დროის მსვლელობა ამსხვრევდა მის მთელ მოდელს და ამტკიცებდა, რომ ჩვენ „უნდა გადავჭრათ… სიძნელე სრულად და მარტივად დროის ელემენტის ამ მომენტში დაიგნორებით“. ეს ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ წარმოება „მოითხოვს დროის გარკვეული პერიოდის გავლას“ [სუფთა ეკონომიკის ელემენტები, გვ.242] ეს განაზოგადა ჟერარ დებრიომ (თავის ღირებულების თეორიაში, რომლითაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა), რომელიც თვლიდა, რომ ყველა გამუდმებით სწრაფად ახდენს ყიდვა-გაყიდვას.

ამგვარად, ნეოკლასიკური ეკონომიკის ბოლო მიღწევა, ზოგადი წონასწორობა, აიგნორებს დროსაც და წარმოებასაც. ის ეფუძნება დროის შეჩერებას, დასრულებულ საქონელზე ყურადღებას, ინდივიდების წახალისებას მათი მხარდაჭერისკენ და როცა ყველა საქონელი წონასწორობაში იქნება, ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას მისცემენ. ვალრასისთვის ეს დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა და მეორდებოდა, მისი მიმდევრების აზრით, ეს უკიდურესად იშვიათად ხდებოდა. ეს აშკარად განსხვავდება იმისგან, როგორ მოქმედებენ ბაზრები რეალურ სამყაროში და შედეგად, ეკონომიკის დომინანტური დარგი ნაკლებად მეცნიერულია. სამწუხაროდ, ეკონომიკის „მეცნიერებაში“ იშვიათად ჩნდებიან ინდივიდები, რომლებსაც სრული ცოდნა გააჩნიათ აწმყოზეც და მომავალზეც.

თუნდაც რომ დავაიგნოროთ ისეთი უმნიშვნელო საკითხები, როგორიცაა ემპირიული მტკიცებულება და დრო, ეკონომიკას პრობლემები გააჩნია თავის საყვარელ მექანიზმთან, მათემატიკასთან მიმართებაშიც კი. როგორც სტივენ კინმა აღნიშნა, ეკონომისტებმა „გააბუნდოვანეს რეალობა მათემატიკის გამოყენებით, რადგან მათემატიკას არასწორად იყენებდნენ და რადგან მათემატიკის საზღვრები არ გაუცნობიერებიათ“. მართლაც, არსებობს „უთვალავი თეორემა ეკონომიკაში, რომლებიც ეყრდნობიან მათემატიკურად მცდარ ვარაუდებს“. [ციტირებული ნაშრომი, გვ. 258 და გვ. 259] იმ თეორიის კვალობაზე, რომელიც კალკულუსის ეკონომიკაში გამოყენების სურვილისგან იშვა, ეს საკმაოდ ირონიულია. მაგალითის სახით კინი აღნიშნავს სრულყოფილი კონკურენციის თეორიას, რომელიც ასკვნის, რომ თუმცა ბაზრის მოთხოვნის მრუდი, როგორც მთლიანობა, ქვედა მიმართულებითაა დახრილი, სრულყოფილ კონკურენციაში ინდივიდუალური ფირმა იმდენად პატარაა, რომ ის გავლენას ვერ მოახდენს საბაზრო ფასზე და შედეგად ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდთან აქვს კავშირი. რაც სავსებით გამორიცხულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა მათემატიკის კანონებს არღვევს.

ეს მხოლოდ ორი მაგალითია, არსებობს ბევრად მეტიც. თუმცა ეს ორი ფუნდამენტურია მთელი თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ნაგებობაში. გაბატონებული (მეინსტრიმული) ეკონომიკის დიდი ნაწილი, თუ არა უმეტესობა, ეფუძნება თეორიებს, რომლებსაც რეალობასთან მცირე კავშირი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. კროპოტკინის მიერ „აკადემიკოსი ეკონომისტების მეტაფიზიკური განსაზღვრებების“ უარყოფა დღევანდელობას ესადაგება. [ევოლუცია და გარემო, გვ. 92] ნაკლებად გასაკვირია, რომ დისიდენტი ეკონომისტი ნიკოლას კალდორი აცხადებდა, რომ:

„ვალრასიული [ანუ ზოგადი] წონასწორობის თეორია ძლიერ განვითარებული ინტელექტუალური სისტემაა, ძლიერ დახვეწილი და დამუშავებული მათემატიკოსი ეკონომისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – ინტელექტუალური ექსპერიმენტი… მაგრამ ის არ წარმოადგენს მეცნიერულ ჰიპოთეზას, აინშტიანის ფარდობითობის თეორიის ან ნიუტონის გრავიტაციის კანონის მსგავსად, რადგან მისი ძირითადი დაშვებები აქსიომატურია და არა ემპირიული, და წარმოდგენილი არ იქნა კონკრეტული მეთოდები, რომლითაც გამოიცდებოდა მისი შედეგების საფუძვლიანობა ან მართებულობა. დაშვებები თავიანთ დასკვნებში რეალობის შესახე განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ ეფუძნება პირდაპირ დაკვირვებას და ნებისმიერ შემთხვევაში თეორიის პრაქტიკოსთა აზრით, ვერ მოხდება მათი უარყოფა დაკვირვებით ან ექსპერიმენტით.“ [ The Essential Kaldor, P. 416]

Facebook Comments

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook