ათი დოგმა შრომის შესახებ

CNT -ს საინტერესო მიმოხილვა, თანამედროვე შრომის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, გამოქვეყნდა 2000 წელს. CNT (Confederacion National del Trabajo / ესპანეთის შრომის ეროვნული კონფედერაცია) არის ანარქო-სინდიკალისტური პროფკავშირების გაერთიანება. CNT – ასევე დაკავშირებულია მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციასთანაც (AIT- International Workers’ Association) და მათ შემდეგნაირად მოიხსენიებენ – CNT-AIT.

ათი დოგმა შრომის შესახებ

რატომ ხდება, რომ მიუხედავად დასაქმების სფეროში არსებული მზარდი უსამართლობისა და არასტაბილურობისა, მშრომელების სოციალური წინააღმდეგობა არ იზრდება? პირიქით, გავრცელებულია კონფორმიზმი და მორჩილება. მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ არსებულ სისტემაში, რომელიც დაინტერესებულია თავს მოგვახვიოს, მთელი რიგი უპირობო დოგმებისა, რაც პასიურობას განაპირობებს.

ნებისმიერ რელიგიაში დაწესებულ დოგმას აუცილებელი არ არის რაიმე მტკიცებულება გააჩნდეს. იგი თავს მოხვეულია ავტორიტეტის ძალით, მისი სწამთ ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. დოგმის უარყოფა ნიშნავს იქცე ერეტიკოსად, მარგინალად ან ადამიანად რომელსაც აიძულებენ გაჩუმდეს. ნეოლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემას, ზუსტად ასევე გააჩნია დოგმები. მათი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ მშრომელები იზიარებენ. სიმართლის თქმა ნიშნავს, ფარდა აეხადოს ამ დოგმების სიცრუეს, რაც სისტემის აქილევსის ქუსლის მიგნების ტოლფასია. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს:

  1. მეწარმე ქმნის სამუშაო ადგილებს

მეწარმე მაშინ ქმნის სამუშაო ადგილს, როდესაც ეს მისთვის არის აუცილებელი. ქმნის იქ, სადაც მას სჭირდება. ხოლო, თუ არ ემთხვევა მის ინტერესებს, მაშინ თავისუფლად გააუქმებს.

მეწარმის მთავარი მიზანია – მოგების მიღება. მოგების ერთ-ერთი საშუალებაა – ხარჯის შემცირება. ხოლო, ხარჯის შემცირების ერთ-ერთი ხერხია – საწარმოს შემცირება და დაბალ ანაზღაურებადი, არა გარანტირებული სამუშაო ადგილის შექმნა. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილის გარეშე, მოგებაც არ იქნება, მაგრამ სამუშაო ადგილის შექმნის პრობლემის გადაბარება მეწარმეზე, მხოლოდ ამ მიზნით, თანაც საქმიანობის ყოველგვარი კონტროლის გარეშე, იგივეა რომ მელა შეუშვა საქათმეში.

  1. ჯობს ცუდი სამუშაო გქონდეს, ვიდრე საერთოდ უმუშევარი იყო

დაეთანხმო ამ მტკიცებას ნიშნავს, საუკეთესოდ მიგაჩნდეს მონის მდგომარეობა, რადგან მათ ყოველთვის ჰქონდათ სამუშაო. მაგრამ მონობისკენ მიმავალი გზა, არ არის უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის საშუალება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა, სამუშაო პირობების გაუარესებით (პრეკარიატით), მიუღებელია ჰუმანური და ეთიკური თვალსაზრისით. ამ გზას არ მივყავართ ახალი სამუშაო ადგილების შექმნამდე. სამაგიეროდ, იზრდება მოგება, რადგან იგივე სახის შრომას უფრო მცირე რაოდენობის მშრომელი ასრულებს (ანუ ერთეული მშრომელის დატვირთვა იზრდება) და იკლებს სამუშაო დროის საათობრივი ფასი.

  1. უმუშევრობა – მხოლოდ პირადი პრობლემაა

უმუშევრობა – თავად კაპიტალისტური სისტემისთვის დმახასიათებელი გარდაუვალი სიმსივნეა. რაც უფრო მაღალია უმუშევრობის რიცხვი, რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილია გაუარესებული (პრეკარიატული) პირობებით, მით უფრო ნოყიერია ნიადაგი კაპიტალის ზრდისა და განვითარებისთვის. ასე რომ, უმუშევრობა არა იმდენად პირადი, არამედ გარდაუვალი სოციალური პრობლემაა.

ზედაპირული ზომები, როგორიცაა მშრომელთა გადამზადება, სამუშაო ადგილის მაძიებელთა მატება, მშრომელთა მიერ უფლებების მოთხოვნის შემცირება, და პირველ რიგში, შრომის პირობების გაუარესება (პრეკარიატი) არ ჭრის პრობლემას. პირიქით, აუარესებს. პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ ადამიანებს მუშაობა არ უნდათ ან არასაკმარისი მომზადება აქვთ. 95% შემთხვევაში, სამუშაო არ არის ან შრომის პირობები აბსოლუტურად მიუღებელია.

  1. სოლიდარობა – მითია წარსულიდან. კონკურენცია – ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობიდან

გვეუბნებიან, რომ კონკურენცია მშვენიერია; რომ მათ, ვინც მეტ ძალისხმევას მიმართავს, უფლება აქვთ მიაღწიონ წარმატებას დანარჩენების ხარჯზე; რომ ეს ცხოვრების კანონია, მათ შორის ეკონომიკურის და სოციალურის. მაგრამ, საკუთარ ამხანაგთან კონკურენციის რეზულტატია – ყველასთან მტრული დამოკიდებულება. მძაფრი კონკურენციის შედეგად, ამხანაგში, პროფკავშირში, ხედავენ არა მოკავშირეს საკუთარი ინტერსების დაცვის საქმეში, არამედ, ამ ინტერესების მტერს.

საერთო პრობლემის გადაწყვეტის დროს სოლიდარობა, მითად არის ქცეული. არ იმართება დემონსტრაცია და გაფიცვა. თითოეული საკუთარ წვენში იხარშება. უიმედო ეგოიზმში იძირება, რადგან ყველა კონკურენტად მიაჩნია. ეს ყველაფერი იქცევა არაჯანსაღ, შხამიან ბრძოლად. მატულობს ღარიბთა და დაუცველთა რიცხვი, რომლებიც არასასურველ პერსონებად, მაწანწალებად, ქურდებად მიიჩნევიან. სწორედ, მათ ასახელებენ სამუშაო ადგილების უკმარისობის მიზეზად და არა მის შედეგად. აღნიშნული დოგმის გამო, იმის მაგივრად რომ გავერთიანდეთ საერთო ინტერესებისთვის ბრძოლაში, პირიქით, დღითი დღე ვიშლებით და ერთმანეთს ვეომებით.

  1. გაუარესებულ პირობებში შრომა, ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილიზაციას

სრული ჭეშმარიტებაა. აუარესებს რა შრომის პირობებს, მეწარმე ნაკლებად ზარალდება, შესაძლო ხელშეკრულებების შედეგად წარმოქმნილი ინფლაციისგან, ამცირებს უმუშევრობის კომპენსაციას, ზრდის საკუთარი საწარმოს მოგებას, იმის წყალობით, რომ ერთ სამუშაო ადგილზე რამდენიმე ადამიანს ამუშავებს, შემცირებული სამუშაო დღის ფარგლებში, ადგენს განსხვავებას სტაბილური სამუშაო ადგილის მქონესა და დროებითი კონტრაქტით მომუშავეს შორის, მშრომელსა და უმუშევარს შორის. ამასთან, ოფიციალურად მცირდება უმუშევრობის რიცხვი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მეწარმეს, მეტი ფინანსები ჩადოს და შესაბამისად, გაზარდოს წარმოება.

მაგრამ, ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე – მშრომელის მდგომარეობა. გაუარესებული და არა გარანტირებული შრომის პირობებში მყოფი მშრომელისთვის, არასტაბილურობას ნიშნავს ის ყველაფერი, რასაც მეწარმისთვის მოაქვს სტაბილურობა. ვის ხარჯზე შენდება საზოგადოება, რომელშიც ზოგიერთები (უმცირესობა), კარგად და დღითი დღე უფრო უკეთესად ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები (უმრავლესობა) იძულებული არიან იშრომონ საყოველთაოდ მზარდი პრეკარიატის პირობებში?

  1. სხვა ალტერნატივა არ არსებობს

სწორედ ეს არის დოგმის მთავარი საშიშროება. მთელი მასმედია გვარწმუნებს რომ შექმნილი სიტუაცია გარდაუვალია, სხვა გამოსავალი არ არის და რომ უახლოეს მომავალში, ეს საუკეთესო გზაა საყოველთაო დასაქმებისთვის. ამიტომაც ვგრძნობთ თავს დაუცველად მეწარმის ხელში, ვითმენთ ნებისმიერ უკანონობას, ყოველდღე. ეს დოგმა აძლიერებს მშრომელის სკეპტიციზმს საკუთარი შრომითი უფლებების მიმართ და მიყავს კანონიერი თუ პროფკავშირული პროტესტის სრულ უარყოფამდე.

ამავე დროს, მეწარმე სულ უფრო ძლიერად გრძნობს თავს მშრომელის წინაშე. თავი ყოვლისშემძლე ბატონი ჰგონია. ყველაზე მთავარი, ის არის რომ მშრომელს ჩამორთმეული აქვს ნება, აიძულებენ ყველაფერს დათანხმდეს. მშრომელებს უყალიბდებათ აზრი, რომ არავითარი უფლება არ გააჩნიათ მეწარმის წინაშე, და თუ გააჩნიათ, მაინც არ ღირს აღნიშნული უფლებებით სარგებლობა, რადგან მაინც წააგებენ.

თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკე და კოლექტიურადაც, უნდა დავგმოთ ეს დოგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განწირული ვიქნებით საკუთარი უბედურებების პერმანენტული გაძლიერებისთვის.

  1. გამოსავალი – შრომის ბაზრის მოქნილობაშია

ჩვენ გვეუბნებიან: ‘’შრომის ბაზრისთვის მოქნილობის მინიჭება და მეწარმის სრული გათავისუფლება კონტროლისგან, ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებას, შესაბამისად, დასაქმებასაც’’. ‘’სტაბილური სამუშაო ადგილის მქონე მშრომელისთვის პრივილეგიების შემცირება, უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა უმუშევრებისთვის’’. ‘’პროფკავშირები იცავენ მყარი სამუშაო ადგილის მქონე დასაქმებულების ეგოიზმს, ამით აფრთხობენ ინვესტორებს და ართულებენ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს’’. ‘’საჭიროა დროებითი დასაქმების განვითარება კონტრაქტის საფუძველზე’’.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვები: რატომ უჭერენ მხარს და იცავენ აღნიშნულ დოგმებს, თვითონ მშრომელები? განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ მეწარმე წასულიყო არასტაბილურობის და დაურწმუნებლობის რისკზე, დამდგარიყო ბაზრის თავდაყირა ნახტომების წინაშე, და არა მშრომელი? რატომ იღებს მშრომელი, როგორც უდავო დოგმას, შრომის ბაზრისთვის მოქნილობის მინიჭებას? მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯით განწირული იქნება – არაგარანტირებულ, გაუარესებულ პირობებში შრომისთვის, დაკარგავს საკუთარ შემოსავლებზე და სამუშაო ადგილზე კონტროლს, არ ექნება მომავლის არავითარი იმედი? სანაცვლოდ, რატომ ენიჭება მეწარმეს ფართო გარანტიები და ეკონომიკური პრივილებიები?

შრომის ბაზრის მოქნილობა სინამდვილეში იწვევს – დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას; სამუშაო ადგილს უფრო ხანგრძლივი სამუშაო დროით და იგივე ანაზღაურებით; დღიურ შრომას; სამუშაოდან დათხოვნას ყოველგვარი სოციალური და იურიდიული დასაბუთების გარეშე. მცირდება უმუშევრობის კომპენსაცია, იზრდება დასაქმების კერძო სააგენტოების რიცხვი და ქვეკონტრაქტების სისტემა, ხდება სტაბილური სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირება, მისი ჩანაცვლება დროებითით და ა.შ.

  1. მთავარი პრობლემა – უმუშევრობაა

თუ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, რაიმე სახის სამუშაოს ქონა მაინც. ამგვარი არგუმენტებით იცავენ შრომის ადგილებს გაუარესებული პირობებით, არასტაბილურობის კონსოლიდაციას, მასობრივ პრეკარიატს. ამით ამტკიცებენ რომ, მთავარია დამსაქმებელი ყოვლისშემძლედ გრძნობდეს თავს საწარმოს შიგნით. ნერგავენ აზრს რომ, ‘’ბოსის’’ ნება, საწარმოს უმთავრესი კანონია. დამსაქმებლის ნება – ერთადერთი ძალაუფლებაა, რომელზეც არის დამოკიდებული მშრომელის შემოსავალი და პოზიციის სტაბილურობა. შესაბამისად, პროფკავშირი – განიხილება მშრომელის მტრად, რომელიც მას აპირისპირებს დამსაქმებელთან.

  1. არ მუშაობენ ისინი, ვისაც არ სურს

ეს ყველაზე უნამუსო დოგმაა. სამუშაოს არქონა ისეთ ემოციურ, ოჯახურ და სოციალურ პრობლემას იწვევს ახალგაზრდებში, რომლებიც კარგავენ პროფესიას და არ იციან რა ქნან. 45 წელს გადაცილებულები, საერთოდ იგნორირებულნი არიან და აღარ აქვთ სადმე მოწყობის საშუალება…

ზუსტად, სამუშაოს არქონის გამო ცხოვრობს უზარმაზარი რაოდენობის ადამიანი სიღარიბეში, ადამიანისთვის შეუფერებელ პირობებში, მოიხმარენ ნარკოტიკს, ქურდობენ, ციხეში ხვდებიან, მათხოვრობენ, იკვებებიან საქველმოქმედო სასადილოში, სძინავთ ღია ცის ქვეშ და ა. შ.

  1. უნდა ვებრძოლოთ ყველას, ვინც გვართმევს სამუშაო ადგილებს

ამ დოგმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ‘’ემიგრანტები მოდიან ჩვენ ქვეყანაში ან ჩვენ ქალაქში, რათა წარგვართვან სამუშაო ადგილები. ეს უკანონობაა. ისინი მუდმივ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას. მათ წინააღმდეგ საჭიროა დრაკონული კანონების მიღება’’. ან შემდეგი: ‘’ეს ნარკომანები, ბოშები, ყოფილი პატიმრები და .შ. – საზოგადოების ფსკერია, მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ’’. მზად ვართ დავეყრდნოთ: პოლიციას, რომელიც სიტუაციას გააკონტროლებს; სახელმწიფოს სოციალურ მუშაკებს; სიღარიბის გადამანაწილებელი საქმიანობით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამ დოგმების შედეგად, იმის მაგივრად რომ მართლა ვიბრძოლოთ პრობლემის გადასაჭრელად, ვჯერდებით ისეთი ზომების გატარებას, რომლებიც გვაპირისპირებენ ერთმანეთს და გვაიძულებენ ბრალი დავდოთ მათ, ვინც ჩვენზე უფრო მეტად იტანჯება.

მთარგმნელი: ანა სუმბათაშვილი

Facebook Comments