ბაზარი არასაკმარისია!

საბაზრო ანარქიზმი* არის იდეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია კაპიტალიზმის ჩანაცვლება რეფორმირებული “თავისუფალი ბაზარით” ადამიანური მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს იდეა არაა ახალი და სხვადახვა დროს ატარებდა სხვადასხვა სახელს, როგორიცაა მუტუალიზმი, ინდივიდუალისტური ანარქიზმი, კოლექტივისტური სახელფასო სისტემა და ა.შ. თუმცა XIX საუკუნის ბოლოსთვის ეს იდეა განდევნა ანარქო-კომუნიზმმა. მიზეზთა გამო მარკეტის ანარქიზმი, კვლავ წამოიწია დღის წესრიგში, მაგრამ მისი საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტები კვლავ იგივე რჩება. მისი კლასიკური კრიტიკის გარდა, იხ. პეტრე კროპოტკინის წიგნიდან “პური და თავისუფლება” XIII თავი kropotkini-daqiravebuli-shroma PDF (14 გვერდი). ამ სტატიაში იქნება ნაჩვენები 7 კონკრეტული საკითხი, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია თვითრეგულირებად თავისუფალ ბაზარს. ამ ესეში იქნება ნაჩვენები, რომ ყველაზე თანამედროვე ფორმაშიც კი საბაზრო ანარქიზმს არ შეუძლია მოგვცეს ჰუმანური საზოგადოება და არ აქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც აწყდება დღეს მუშათა კლასი.

1. მოთხოვნა და მიწოდება

ყველა ბაზარი ღირებულებას ზომავს ციფრებში (ფასებში) – რაც ნიშნავს რომ ყველაფერი შეიძლება შედარებულ იქნას დანარჩენ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შრომის ქვითრები, ბიტკოინი თუ ძველი სკოლის ვალუტა, ყველაფერს აქვს ფასი. ეს ისეთივე ნორმალური გახდა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რამდენად აბსურდულია ეს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები არ შეიძლება დაყვანილ იქნას რიცხვებზე. მათი გაზომვა და ერთმანეთის შედარება შეუძლებელია. რამდენ პლაზმურ ტელევიზორად ღირს ერთი სასუნთქი აპარატი? რამდენია საჭირო ერთი ინტენსიური თერაპიისთვის? რამდენი სკეიტბორდი დაჯდება დღიური ულუფა? უაზროა ამგვარად შევადაროთ მოხმარების საგნები ერთმანეთს. მითუმეტეს როცა ბაზრისთვის ეს ყველაფერი ერთი სახისაა: საქონელი.

ვალუტა შეზღუდულია, მას შეუძლია გაზომოს ერთი მხოლოდ ერთხელ. ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლება ესაა დაუმატო მას მეტი, ან აიღო ნაკლები. ეკონომიკამ უნდა გაზომოს ის ძალისხმევა, რომელიც საჭიროა საგნების შესაქმნელად, რა არის სასარგებლო და რა არის ჭარბწარმოებული ან დეფიციტში. ბაზარზე კი, ყველა ეს საქონელი რიცხვებზე – მის ფასშია მოქცეული და ამრიგად ბაზარს რეალურად არ შეუძლია რაიმე წარმოადგინოს! უპიროვნო და არარაციონალურ ბაზარს არ შეუძლია დაადგინოს და განასხვავოს ხალხისთვის პრიორიტეტული მოთხოვნილებები და სურვილები, მას არ შეუძლია ეს აუცილებელი საჭიროებანი უბრალო გართობის სურვილებზე უფრო მაღლა დააყენოს. “ბაზრის ფლუქტუაციები” შეიძლება ნიშნავდეს ერთი წელი ბავშვების შიმშილს, ხოლო მეოე წელი ვირთხებით ინფიცირებულ, “ჭარბი” და ლპობადი არადისტრიბუცირებული საკვების გროვას.

კომუნისტები ვერ მივიღებეთ ასეთ აბსტრაქციებს. მოთხოვნა, მომარაგება და განაწილება არ კონტროლდება ცხრილებითა და მათზე დატანილი უაზრო რიცხვებით. ამის ნაცვლად, ეს მიიღწევა კომუნიკაციით, ერთმანეთთან საუბრით. მაგალითად, ქირურგიული ხელთათმანების მწარმოებელთა კავშირი ან ცალკეული ქარხანა, ისმენს ინფორმაციას მრავალი თემიდან და პროფკავშირებიდან თუ რა, რამდენი და რატომ ჭირდებათ. შემდეგ მუშები განიხილავენ თხოვნებს და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, გამომდინარე იქიდან, რაზეც ფიქრობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა გაცილებით ჰუმანური ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ აღარასდროს დავინახავთ საავადმყოფოს გადატვირთულ პერსონალს, რომელთაც შესაბამისი აღჭურვილობა აკლიათ, რა დროსაც ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლებს საკმარისად აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ რიცხვებმა ასე უკარნახეს. წარმოება და განაწილება რეგულირებული იქნება ადამიანური თვალსაზრისით, მას წარმართავს ხალხი, ერთობლივი განხილვითა და დაგეგმით. რამდენად მარტივია ეს, ვიდრე მოთხოვნილების გამოცნობა ფასის საფუძველზე!

2. გარდამავალი პერიოდი

ჩვენ ვიცით, რომ მდიდრები გამოიყენებენ სასტიკ და ექსტრემალურ ზომებს მათი სიმდიდრის დასაცავად. ვიცით რა ეს, ლოგიკურია ვივარაუდოდ რომ რაღაც მომენტში მათთან დიდი დაპირისპირება გარდაუვალია. ეს შეტაკება რთული იქნება. იქნება ბრძოლა და საკვების უკმარისობა. ამ დროს რა იქნება წარმოების და განაწილების საუკეთესო სისტემა?

არ იქნება დრო, რათა შევმქნათ ახალი ვალუტა ან საზიარო საკრედიტო ბანკი [mutual credit banks], რომლის შესახებაც ლაპარაკობენ ბაზრის ანარქისტები – მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება ბავშვებზე ზრუნვა და საკვები პირველი დღიდან. რომელია საუკეთესო გზა საკვების კოორდინაციისათვის, გარდა იმისა, რომ ყველა სამეზობლომ გამოხატოს თავიანთი მოთხოვნილებები მწარმოებლებისადმი და სთხოვონ ტრანსპორტის მუშაკებს მათი მოტანა ურთიერთდახმარების საფუძველზე? რაა უკეთესი საშუალება ბავშვთა მოვლის ორგანიზების მიზნით, რომ მშობლებმა შეძლონ შრომა ან კაპიტალისტებთან ბრძოლა, ვიდრე იმ ბავშვთა მომვლელების გაერთიანებისა, რომლებიც უფასოდ იმუშავებენ და თავის მხრივ მიიღებენ უფასოდ საჭიროებების მიხედვით? კაპიტალიზმიდან ანარქისტულ საზოგადოებაში გადასვლას დასჭირდება კომუნიზმის გარკვეული ფორმა, თუკი ამის გაკეთება შიმშილის გარეშე გვინდა.

კომუნალური განაწილება ხდება წინააღმდეგობის მოძრაობებში ყველა დროის განმავლობაში. 80-იანი წლების გაერთიანებული სამეფოს მაღაროელების გაფიცვისას, ხალხს იმდენად მცირე შემოსავალი ჰქონდა, რომ თემებს უწევდათ მოეწყოთ კოლექტიური სამზარეულოები და მეთვალყურეობას უწევდნენ რომ არავინ დარჩენილიყო უჭმელი.  60 – იან და 70 – იან წლებში, აშშ – ში შავი პანტერის პარტიამ მოაწყო უზარმაზარი უფასო საუზმის პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის, ლოზუნგის, „გადარჩენა რევოლუციის მოლოდინში“ ქვეშ ათასობით ადამიანი იკვებებოდა. შემდგომ “გადარჩენის პროგრამები” გაფართოვდა და მოიცვა უფასო კლინიკები, ფეხსაცმელებისა და ტანსაცმელის განაწილება, განათლება, ტრანსპორტი და პატიმართა დახმარება [წყარო]. კომუნალური განაწილება არის წინააღმდეგობის შენარჩუნების გამოცდილი და უტყუარი მეთოდი.

3. საშინაო შრომა

ქალების ჩაგვრას ათასობით წლის ისტორია აქვს, მაგრამ კაპიტალიზმმა მას ახალი ფორმა მისცა: არანაზღაურებადი „საშინაო“ შრომა. კაპიტალიზმის პირობებში, სახელფასო შრომა გახდა “მამაკაცთა საქმე”, ხოლო აუნაზღაურებელი ბავშვებზე ზრუნვა და საშინაო საქმეები გახდა გახდა “ქალის საქმე”. მიუხედავად იმისა, რომ უღარიბესი ქალები (და ბავშვები!) ხშირად მიდიოდნენ სამუშაოდ, ისინი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებდნენ და დამატებით მათ უწევდათ ისეთი საოჯახო შრომა, როგორიცაა საჭმლის მომზადება, დალაგება-დასუფთავება და შვილების აღზრდა. ამან გაამყარა მამაკაცების სოციალური ძალაუფლება, როგორც ოჯახის უფროსის.

ბაზრის ანარქისტებს არ შეუძლიათ აღიარონ მთელი ეს რეპროდუქციული სამუშაო. ზოგიერთი სამუშაოს ფორმალიზება შესაძლებელია რომ ანაზღაურებადი გახდეს, მაგალითად დასუფთავების სააგენტოებისა და ძიძების მომსახუროების შექმნა, მაგრამ არა ყველასი. მაგრამ ბავშვთა თავშესაფრების შემთხვევაში ვინ იხდის? ჩვილებს არ შეუძლიათ გადაიხადონ რძისათვის შრომის ტალონებით ან ბიტკოინით! შეიძლება სახელმწიფომ შეძლოს მსგავსი ხელფასის შემოღება, გადასახადების ხარჯზე, მაგრამ ბაზრის დეცენტრალიზაციისას ვინ გადაიხდის? თუ მუშა დათანხმდება სამუშაო საათების ჩამოჭრას ახალშობილზე ზრუნვისთვის, დაკარგავს ის ანაზღაურებას? თუ არა, საიდან ანაზღაურდება ის საათები? იმ საათებიდან, რომელსაც სხვა თანამშრომლები გამოიმუშავებენ? ეს ქმნის დაძაბულობას მუშებს შორის. თუ იმ უშრომელ საათებს დაამატებთ და გაზრდით იმ პროდუქტების ფასებს, რასაც მოცემულ დაწესებულებაში აწარმოებენ – მაშინ გამოდის რომ მომხმარებელს უწევს გადაიხადოს მეტი უმიზეზოდ. პროდუქტი არ გაიყიდება იმ მუშების სასარგებლოდ, რომლებსაც არ ჰყავთ ბავშვები. ეს ეხება ღირებულების ნებისმიერ თეორიას, იქნება ეს შრომის ჩეკები თუ ვალუტის სხვა ფორმა. ასე თუ ისე ბაზრის შენარჩუნების შემთხვევაში ზოგიერთ ადამიანს იგივე ხელფასისთვის მოუწევს უფრო მეტი შრომა და უფრო მეტი დროის გაღება.

აღნიშნული ეკონომიკური პრობლემა მარტივად წყდება კომუნისტური პრინციპით. ყველა ტიპის შრომა არის შრომა, არ აქვს მნიშვნელობა სად არის ის შესრულებული. ყველა მუშა იღებს მათი საჭიროების შესაბამისად, არ არსებობს სპეციალური სტატუსის საჭიროება “პროდუქტიული” შრომისა “რეპროდუქტიულიზე” (და სადაც იგი დაფიქსირდება, ჩვენ მას გავანადგურებთ).

4. გაუცხოება

კომუნისტები ეჭვობენ, რომ ”გაუცხოება”, რომელსაც ყველა მშრომელი ადამიანი განიცდის კაპიტალიზმის პირობებში, ფსიქიკური პრობლემების უმეტეს ნაწილს შეადგენს. რომ გავიგოთ, საკითხი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე, რომლის შესახებ ბევრი გვესმის – სამუშაო არაა ცხოვრება? მაშ რატომ გვეჯავრება ჭირივით დრო დილის 9-დან საღამოს 6-მდე? ჩვენ მივიჩქარით სამსახურებისკენ, რომელშიც არც ისე ხალისიანად ვართ ჩართულები და ხშირად არც კი გვესმის, ვისთვის იქმნება ესა თუ ის პროდუქტი და რა ბედი ეწევა მას. ბაზარი წყვიტავს ამ ყველაფერს ჩვენს ნაცვლად. ფხიზლად ყოფნის ნახევარი ჩვენ გაუცხოებული ვართ იმისგან, რასაც ვაკეთებთ. რატომ ვითმენთ ამ ყველაფერს? იმის გამო, რომ გვჭირდება შემოსავალი, რომ არ აღმოვჩნდეთ ქუჩაში მშიერ-მწყურვალი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ასეთი მოტივის გარეშე, თუ ყველაფერი უფასო იქნება, მაშინ არავინ გააკეთებს რაიმე საქმეს.

როდესაც მშობელი შვილის მოვლისთვის მუშაობს, არავინ ადგას მას მათრახით. არავინ არ წაართმევს მათ საკვებს, თუ ისინი არ ითამაშებენ დღეში საათნახევარი მაინც. ბავშვების აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა! კაპიტალიზმის თანახმად კი ეს არ არის სამუშაო, უბრალოდ „თავისუფალი“ დროის უსარგებლო და არაპროდუქტიული ხარჯვაა. ამას ჩვენ ვხედავთ სხვა სფეროებშიც – სამაშველო მოხალისეები, რომლებიც ყველაფერს გადადებენ მყისიერად და რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს. ავიღოთ პროგრამისტები უფასო პროგრამული უზრუნველყოფის მოძრაობაში, რომელთაც შეეძლოთ ბევრი ფული ეშოვათ საკუთარი უნარების გაყიდვით, მაგრამ უზარმაზარი ძალისხმევა ჩადეს, რათა პროგრამულად ყველა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, რადგან ეს უფრო დიდ ჯილდოს წარმოადგენს, ვიდრე ბაზრის მომსახურებაზე მუშაობა.

ცხადია, რომ შრომის მოტივაციისათვის არაა საჭირო გამათრახებით ან შიმშილით მუქარა. სინამდვილეში, ისინი ცუდი სამოტივიო საშუალებებია. დაქირავებული შრომა მხარდაჭერილია პროდუქტის კონტროლიორებისა და ზედამხედველების (მენეჯერების) მთელი არმიის მიერ – იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ შეგვიძლია მოვიცილოთ მოძულებული სამსახური იმავე ანაზღაურებისთვის, ეგრეც მოვიქცეოდით. სადაა სიამაყის განცდა კარგად შესრულებულ საქმეში? რა შეიძლება ითქვას იმ სიხარულზე, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანის ნაწილად ყოფნის დროს გვენიჭება? ეს ყველაფერი ან გაანადგურებულია ან შებილწულია კაპიტალიზმის მიერ მოგების გულისთვის. გაუცხოებული საქმიანობა მომაბეზრებელია.

ბაზრის ანარქიზმი, თავისი უპიროვნო გარიგებებით, ტრანზაქციით, თავისი ვალუტით (აუცილებელი ცოცხალად დარჩენის პრივილეგიისთვის), აწარმოებს ამ გაუცხოებას. შესაძლოა მივიღოთ ჩვენი შრომის სამართლიანი წილი. შეიძლება ცოტა უფრო მეტი კონტროლის უფლება შევიძინოთ ჩვენი სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ჩვენი საქმიანობა კვლავ ბაზრის უპიროვნო მაქინაციებზე იქნება დაქვემდებარებული. როგორ არის ეს სასურველი? როგორ არის ეს ღირსეული გზა ადამიანის ცხოვრებისთვის? და როგორ შეგვიძლია ვაკეთოთ კარგად და პატიოსანად რამე ასეთ პირობებში?

5. წინააღმდეგობა

როდესაც ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ კაპიტალიზმს, ორგანიზებულები ვართ სოლიდარობითა და ურთიერთდახმარებით და არა საბაზრო პრინციპებით. მასობრივი წინააღმდეგობა, როგორც ის უმეტესწილად ხდება, მიმდინარეობს გაფიცვით – წარმოების შეჩერებით, ან არეულობების მსგავსი ანონიმური მოქმედებით. როგორ შეიძლება რომელიმე მათგანი ორგანიზებულ იქნას ისეთი სისტემით, როგორიცაა დროის ბანკებითა და შრომითი ტალონებით? უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ბობოქრებს “ქამრების შემოჭერის” საწინააღმდეგო მოძრაობები მთელს მსოფლიოში, რომლებიც ითხოვენ ხელმისაწვდომობას განათლებასა და ჯანდაცვაზე და აპროტესტებენ „მარკეტიზაციას“. საზოგადოების კომუნალური მოწყობის ხედვის გარეშე, როგორ შეუძლიათ ანარქისტებს ჩაერთონ ამ მოძრაობებში? ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, რომ რეფორმირებული ბაზარი უფასო განათლებას და ჯანდაცვას არასაჭიროს გახდის, მაგრამ აქ და ახლა ბაზრის ანარქისტებისა და ამ მოძრაობის მიზნები არ შეესაბამება ერთმამნეთს. ანარქისტების უმეტესობა კი საერთოდ წინააღმდეგია მოქმედების საშუალებებისა და მიზნების გამიჯნვისაგან.

როდესაც არსებობს დიდი ოკუპაციური მოძრაობები, ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ სახალხო სამზარეულოები, სხვადასხვა კოლექტივები და უფასო მაღაზიები (Give-away shops) . ჩვენ არ ვხედავთ მანდ დროის ბანკებს ან საკრედიტო ორგანიზაციებს. ამის მიზეზი ნამდვილად არის. თუ აწმყოში არაპრაქტიკულია საბაზრო პრინციპებზე ორგანიზება, მაშ რატომ უნდა გავაკეთოთ ის მომავალში? ბაზრები ქმნიან საფრთხეს, რომ ჩვენს მენტალიტეტს კვლავ ჩაითრევს კაპიტალიზმში, მაშინ როდესაც ჩვენი წინააღმდეგობა ეხლა შთაგონებულია კოლექტივიზმითა და კომუნისტური იდეებით. თუ ჩვენ ამას დავკარგავთ, ადვილი არ იქნება რეაქციონერებისათვის კონტროლის დაბრუნება?

6. რეაქცია

ჩვენი მენტალიტეტი დაკავშირებულია ეკონომიკურ სისტემასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ეკონომიკა ყოველთვის არის ჩვენი სოციალური ურთიერთობების ნაწილი და, თავის მხრივ, ჩვენი ურთიერთობები იცვლება, იმის მიხედვით თუ როგორ ვფიქრობთ. თუ ჩვენი ცხოვრება იტრიალებს იზოლირებული გაცვლების გარშემო, ყველა ადამიანის ცხოვრებისა და მათი საჭიროებების უგულებელყოფით, მაშინ როგორ შეგვცვლის ჩვენ ეს? სავარაუდოდ, ჩვენ გავხდებით უფრო ინდივიდუალისტები, მეტად კონკურენტულები და უფრო კონსერვატიულები. ჩვენ ამ სპექტაკლს ხომ ისედაც ვუყურებთ აქ და ახლა:წინააღმდეგობის შესაჩერებლად მმართველი კლასი ცდილობს ჩვენს გახლეჩვას და ჩვენს იზოლირებას ერთნმანეთისაგან. მაგალითად, ტეტჩერის პოლიტიკის (right-to-buy scheme ) მიხედვით, მშრომელი კლასის ზოგიერთი ჯგუფი სარგებლობდა მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ერთობა, როგორც კლასმა და მივიღეთ მეტი ინდივიდუალისტობა. ფსევდო-თვითდასაქმებულთა წახალისება, რომელმაც პროფკავშირები შეასუსტა. ჩვენ გვჭირდება კოლექტიური მოქმედება, რათა შევძლოთ ეფექტური ბრძოლა. კოლექტიური ცნობიერების – კლასობრივი შეგნების – გარეშე ეს არ მოხდება.

7. ინოვაცია

კაპიტალიზმში სამუშაო ძალის დამქირავებლის მოგებას ზრდის ინოვაცია. დამსაქმებლები ზრდის მოგებას, პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ადამიანური შრომის დროის შემცირების გზით, კერძოდ, ის ათავისუფლებს მუშების ნაწილს, ხოლო ნაწილისთვის სამუშაო დრო უკეთეს შემთხვევაში იგივე რჩება. “მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს.” კომუნიზმში კი გამომუშავებულ საათებს მნიშვნელობა არ ექნება, მეტიც, მუშებს ბუნებრივად სურთ სამუშაოსთვის დახარჯული დროის შემცირება. სახელფასო სისტემაზე დაფუძნებულ ანარქიას კი ასეთი სარგებელი არ გააჩნია. თუ მუშებს გადაუხდიან შრომის ბანკნოტებით ან ანალოგიებით სამუშაო საათების საფუძველზე, მაშინ ეს წაახალისებს სამუშაო დროის გახანგრძლივებას. ეს შეიძლება მოაგვაროს კონკურენციამ, მაგრამ მას თავისი პრობლემები აქვს. კონკურენცია იმაზე, თუ ვინ აწარმოებს უფრო სწრაფად, გულისხმობს იმას, რომ ვინც ნელა აწარმოებს, ის ნაკლებ საქონელს გაყიდის. ნაკლებ ტემპერამენტიანი მუშები არაფერს მიიღებენ – რაც არც თუ ისე კარგი სისტემაა. ბაზრის ანარქისტებს აქვთ დილემა: მათ ან უნდა დაკარგონ ინოვაციის მოტივი, ან მიიღონ ის, რომ ნელა მშრომლთა კატეგორია უკან მიიღებს ნაკლებს, ვიდრე ის დებს შრომაში.

დასკვნა

შესაძლოა, ბაზრის ანარქიზმმა იმუშაოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა დავუშვათ. მარკეტისტების გეგმები საკმაოდ არასრულია ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბაზარი გადაიქცევა უღელად ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისათვის. ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი! თუ ჩვენ ვაპირებთ ვიაროთ კლასთა ბრძოლით კაპიტალიზმის გაუქმებისკენ, მოდით მაშინ ღირსეულად და ბოლომდე გავიაროთ ეს გზა, რომელსაც ქვია: სრული ანარქისტული კომუნიზმი.

[წყარო]

* ბაზრის ანარქიზმი არ აგერიოთ ანარქო-კაპიტალიზმში, ან კლასიკურ ლიბერალიზმში, რომელიც თავისუფალი ბაზრის პარალელუად მოიაზრებს მკაცრად განსაზღვრულ კერძო საკუთრებას. საბაზრო ანარქიზმი არის ერთ-ერთი ულტრა-მემარცხენე თეორია, რომლის მიზანია შექმნას ბაზარი ექსპლუატაციისა და სახელმწიფოს გარეშე, ვალუტის შენარჩუნებით. კომუნიზმის ქვეშ ვიგულისხმებ ანარქო კომუნიზმს, რომლის მახასიათებელია დისტრიბუცია საჭიროების მიხედვით, წარმოების სოციალური კოორდინაცია, დეცენტრალიზაცია და ქვემოდან ინიციატივები, აგრეთვე მშრომელთა ავტონომია სამუშაოზე. მარკეტ-ანარქიზმს ახასიათებენ როგორ არამოგებაზე ორიენტირებულ და საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების არამკვეთად გამოხატულ იდეოლოგიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლოგიკური ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ მისი ტენდენცია იერარქიისაკენ და ექსპლოატაციისაკენ.