ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი!

შეიძლება მოგეჩველოთ, რომ ანარქიზმი მხოლოდ ნეგატიური იდეოლოგიაა, გამუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. სინამდვილეში, ანარქისტებს აქვთ ბევრი პოზიტიური იდეა უხელისუფლებო საზოგადოებასთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ თავს არ ვახვევთ რაღაც ერთ კონკრეტულ გეგმას, რადგან ზოგადად ადამიანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, ხოლო მცდელობა – დამღუპველი.

ლიბერალიზმი, მარქსიზმი, ფაშიზმი, კონსერვატიზმი, წარმომადგენლობითი დემოკრატია, და ყველა „სახელმწიფოებრივი“ და ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიისგან განსხვავებით, ანარქიზმი არის ერთადერთი პოლიტიკური  იდეა, რომელიც არ იღწვის პიროვნებაზე ძალმომრეობითი კონტროლისთვის.  

2.    გასაგებია, მაგრამ ანარქისტები ყოველთვის ასოცირდებიან ძალადობასთან, მასობრივ არეულობასთან, მოლოტოვის კოქტეილთან და ბომბებთან. არ არის ასე?

არა, ყოველშემთხვევაში, იმასთან შედარებით, რაც შეერთებულ შტატებს, რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა „წამყვან“ სახელმწიფოებს აქვთ ძალადობისა და საერთაშორისო მანდატებს ამოფარებული პირდაპირი ტერორის აქტები ჩადენილი ბოლო წლების განმავლობაში, ანარქისტებს არც დასიზმრებიათ მთელი ისტორიის მანძილზე. თუმცა, რატომღაც, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, ყველაფერი მთავრდება მცირე გამოშვებით დღის ნიუსში.

ანარქისტები იყვნენ აქტიურნი მრავალი წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში, როგორც ავტორიტარულ, ასევე დემოკრატიულ ხელისუფლებებთან მიმართებაში. ხანდახან, განსაკუთრებით სასტიკი რეპრესიების პირობებში, ზოგი ანარქისტები მიმართავდნენ ბომბებსა და ხელყუმბარებს, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში. სტერეოტიპი, რომ ანარქისტი არის ტერორისტი ბომბით ხელში არის შექმნილი ჟურნალისების და პოლიტიკოსების მიერ XIX საუკუნეში, და დღესაც მჭიდროდაა დამკვიდრებული ეს იერსახე. მაგრამ, ეს ტიპი უკვე მაშინაც ძალზე გაზვიადებული იყო.  

3.    არსებობდა თუ არა როდესმე ეფექტური ანარქისტული საზოგადოება?

რა თქმა უნდა არსებობდა, ეს იყვნენ ჩვენი წინაპრები, რამოდენიმე ასეული ათასი წელი ისინი ცხოვრობდნენ მცირე  ჯგუფებად თანასწორობაში, მთავრობისა და იერარქიის გარეშე. ანარქისტული საზოგადოება რომ არ ყოფილიყო ეფექტური, ჩვენ ვერ ვიარსებებდით დღეს. სახელმწიფო მხოლოდ რამოდენიმე ათასწლეულს ითვლის. თუმცა ეს მაგალითი უფრო პრიმიტივისტებს მოეწონება, მაგრამ ნამდვილად ღირს ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის შესწავლა და ზოგი იდეის, იმისა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს თავისუფალი, ნებაყოფლობითი, ინდივიდუალისტური და ამავე დროს ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. მაგალითად, ბევრ პროტოანარქისტულ ტომს გააჩნდა ძალზე ეფექტური კონფლიქტების გადაწყვეტის მეთოდები, რომლებშიც შედიოდა შუამავლობა და მიუკერძოებული სასამართლო. მათი მეთოდები მუშაობდნენ უკეთ, ვიდრე თანამედროვე სასამართლო სისტემა, რადგან დავაში ჩართულ პირთა ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, ზოგადად ნაცნობებს შორის მოლაპარაკებით შესაძლებელია გარკვეული კომპრომისის მიღწევა და სამართლის დადგენა. 1970-1990 წლებში იყო მცდელობა ამ მეთოდების შეერთებული შტატების სასამართლო სისტემაში დანერგვისა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ, რადგან ისინი მუშაობენ მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღეს ფართოდ გავრცელებული ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი სწორედ სამართლის ერთ-ერთი უძველესი ელემენტია. როგორც წესი, ნაფიცმსაჯულთა კომისიაში შედიან ტრიბუნის ორივე მხარისთვის ნაცნობი პირები, რომლებიც ერკვევიან საკითხში, ხოლო მოსამართლეს უჭირავს მხოლოდ არბიტრის ფუნქცია.

დავუბრუნდეთ თემას, თანამედროვე ეფექტური ანარქისტული საზოგადმოების მაგალითია  1930-ნი წლების  ესპანეთი. 1936 წელს მომხდარი ფრანკოს აჯანყებამ უბიძგა ანარქისტებს გაბედული ნაბიჯებისკენ. მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა განვითარებული მრეწველობის მქონე კატალონია და მდიდარი სასოფლო-სამეურნეო არაგონი. უშუალოდ მუშებს დაქვემდებარებული სამრეწველო საწარმოები საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებდნენ: ყველა გადაწყვეტილება მტკიცდებოდა მშრომელთა საერთო კრებებზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, გაუმჯობესდა სამუშაო პირობები, შრომის თანმიმდევრული გადანაწილებით შემცირდა სამუშაო დღე წარმოების სიმძლავრის შეუცვლელად, მოგების ინვესტიცია ხდებოდა საზოგადო კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე. გლეხებმა ჩამოაგდეს ადგილობრივი ხელისუფლება, შექმნეს კოოპერატივები, გააერთიანეს სახნავ-სათესი მიწები. ეს გაერთიანება იყო ქვემოდან სრულიად ნებაყოფლობითი, მსურველებს შეეძლოთ არ გაერთიანებულიყვნენ ამ კოოპერატივებში და ინდივიდუალურად დაემუშავებინათ მიწა. იქმნებოდა კოლექტიური საწყობები და მაღაზიები. ცალკეული კოოპერატივები ერთიანდებოდნენ ფედერაციებში, ისინი მოქმედებდნენ თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის პრინციპით, არ არსებობდა არავითარი იერარქია. ზოგიერთ რეგიონებში ამოიღეს ფულიც. ეს მოძრაობა ფართოდ გავრცელდა: არაგონში შეიქმნა 400 კოლექტივი (400 000 ადამიანი, მოსახლეობის 70%, რომელიც ამუშავებდა სახნავ-სათესი მიწების 60%-ს), კასტილიაში – 300, კატალონიაში – 40 (კატალონია უმეტესად სამრეწველო ცენტრი იყო). იმ დროს, როდესაც მთელ დანარჩენ „არაანარქისტულ“ რეგიონებში სოფლის მეურნეობა დაეცა, არაგონში მოსავლიანობა 20%-თ გაიზარდა 1937 წლისთვის, ასევე პროგრესი შესამჩნევი იყო მრეწველობაშიც. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგი გაუმჯობესდა, აიწია მედიცინისა და განათლების დონემ. ეს „ანარქისტული სასწაული“ კომუნისტების ღალატმა და ანტიფაშისტურ ბანაკში განხეთქილებამ იმსხვერპლა. მაშინდელ რესპუბლიკურ კომპარტიაში ანარქისტები მათი მიზნების განხორციელების ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნიეს, ხოლო სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში დანერგილ თვითმართველობის ალტერნატივად კომუნისტებისეული ნაციონალიზაცია და ეკონომიკის სახელმწიფოს სრულ კონტროლში გადატანა მიიჩნიეს. კომუნისტების მიერ დაწყებული დაპატიმრებები და დახვრეტები დაასრულეს ფალანგისტებმა, ასე ჩაახშვეს სისხლში თავისუფლება რევოლუციურ ესპანეთში.  

4.    ანარქისტები გულუბრყვილო რომანტიკოსები არიან – ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე კეთილია.

მცდარია. ანარქისტები მართლაც უარყოფენ ადამიანის შინაგანი გაფუჭებულობისა და, თითქოს, დაბადებიდან ცოდვისკენ მისწრაფების იდეას. ეს არის წმინდა რელიგიური იდეა, რომელსაც უმეტესობა ადამიანებისა ისედაც არ იზიარებს. თუმცა, ანარქისტებს ასევე არ სწამთ ადამიანის ბუნებრივი სიკეთის. მათთვის მისაღებია ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის. არ შეიძლება ადამიანთა გარკვეული „სახეობის“ დადგენა და მასში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მოქცევა. კაპიტალიზმისა და მის მოკავშირე სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანს არ გააჩნია შანსი იყოს ის, რაც არის და რისი შესაძლებლობები აქვს სინამდვილეში. ყველას რომ ქონდეს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამომღავნების საშუალება, წარმოუდგენელია რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, ალბად ეს იქნებოდა სამოთხე დედამიწაზე…

ანარქისტები ხშირად აპელირებენ ადამიანის საუკეთესო მორალურ თვისებებზე, ისინი ასევე ხშირად აქცევენ ყურადღებას ადამიანის ეგოცენტრიზმსა და ეგოიზმს. ანარქიზმი – ეს არ არის თავის განწირვის დოქტრინა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ანარქისტი იბრძოდა და იღუპებოდა ანარქიზმის ნათელი იდეებისთვის. ანარქისტები თვლიან, რომ საბაზისო იდეის აღსრულება უკვე იქნება ყველასთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისი.

5.      რატომ  ხართ დარწმინებულნი, რომ ადამიანები არ ჩაიდენენ ერთმანეთის მიმართ დანაშაულს? სახელმწიფო ხომ არეგულირებს დანაშაულს, სჯის კრიმინალებს?  

თუ არ გჯერათ, რომ უბრალო ხალხი არ ჩაიდენს დანაშაულს, მაშ რატომ გჯერათ, რომ სახელმწიფო არ ჩადის დანაშაულს ყველა ჩვენს წინააღმდეგ? მართლაც, რამდენად უფრო პატიოსანია, ზნეობრივი და მართალი ყველა ჩვენზე ის ვინც ხელისუფლების მოსაპოვეპლად იღწვის? თქვენ გჯერათ, რომ პოლიტიკოსები არ ჩაიდენენ დანაშაულს? რატომ რწმუნდებით, რომ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ბედს ვაბარებთ, არ ჩაიდენს დანაშაულს ყოველი ჩვენთაგანის მიმართ? მაგრამ, თქვენ ხომ მათ მაინც ენდობით. თუ თქვენ გარშემო მყოფ საზოგადოებას არ ენდობით, მაშ რატომ ენდობით სრულიად უცხო პიროვნებებს, რომლებიც ალბად მხოლოდ ტელევიზორში გყავთ ნანახი, რომლებიც ხალხში მხოლოდ ელექტორატს ხედავენ? რეალურად კი, რაც უფრო ნაკლებად ენდობით სხვა ხალხს, მით უფრო მეტი მიზეზი გაქვთ გახდეთ ანარქისტი. ანარქიის პირობებში შესაძლებლობები თანაბრად ნაწილდება ყველა ადამიანზე. შესაძლებლობა გააჩნია ყველას, მაგრამ არავის აქვს ზედმეტი, რადგან ეს უკვე პრივილეგიად იქცევა. სახელმწიფოში შესაძლებლებები კონცენტრირებულია ხალხთა მცირე ჯგუფში, იმ დროს, როდესაც დანარჩენ უმრავლესობას საერთოდ არაფერი რჩება. რომელ ძალასთან იქნება უფრო ადვილი გამკლავება? ალბათ დამეთანხმებით, რომ უბრალო ქურდის დაჭერა უფრო მარტივია, ვიდრე პოლიციისა და არმიის ძალის მქონე სახელმწიფოსთან გამკლავება, რომელიც ყოველდღიურად ძარცვავს მილიონობით ადამინს გადასახადებით, პირდაპირი რეკეტით, დაშინებით, იდიოტური ბიუროკრატიითა და უაზრო ჯარიმებით.

6. მოდით დავაკონკრეტოთ, როგორი იქნება რეალური სამყარო პოლიციის გარეშე?

ცნობილი ანარქისტი ალენ ტორნტონის სიტყვებია „პოლიცია ვერ იცავს, ის უბრალოდ შურისძიებითაა დაკავებული“. მართლაც, რომ დავუკვირდეთ, პოლიცია ვერ ახერხებს დანაშაულის პრევენციას, ის უბრალოდ ემსახურება დამნაშავის დაჭერასა და მის დასჯას. თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს დანაშაულის ჩადენა, ზოგადად პოლიციის არსებობა არ არის შემაკავებელი ფაქტორი. ეს ფაქტობრივადაა დამტკიცებული: ქალაქ კანზასის რაიონებში ფარულად შეწყვიტეს პატრულირება, მაგრამ დანაშაულის დონემ არც იმატა, არც იკლო. სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ დეტექტივები, კრიმინალისტები, ექსპერტები არ ახდენენ გავლენას კრიმინოგენურ მდგომარეობაზე.

ხოლო როდესაც ცალკეული რაიონების მკვიდრნი მოილაპარაკებენ ერთმათის სახლების მიხედვას და მორიგეობით ნებაყოფლობითი პატრულირების დაწესებას, ეს უკვე აშინებს კრიმინალებს და ისინი სხვა, პოლიციის მიერ „დაცულ“ უბნებში გადადიან. ეს სწორედ იმ პრინციპით მუშაობს, რა პრინციპითაც იმ შტატებში, სადაც იარაღის ტარება ნებადართულია, დანაშაულის დონე ბევრად ნაკლებია – თუ დამნაშავემ იცის, რომ მისი მსხვერპლი შეიძლება შეიარაღებული იყოს და გაუწიოს მას წინააღმდეგობა, ის თავს შეიკავებს. ეს დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით, როგორც საზოგადოებაში, ასევე უშუალოდ კრიმინალებთან.

7. მაგრამ თანამედროვე სახელმწიფო ღრმადაა ჩართული ყოველდღიური ცხოვრების რეგულაციაში. თითქმის ყველა მოქმედებას აქვს რაიმე კავშირი სახელმწიფო სტრუქტურასთან.

ეს მართალია. მაგრამ, რომ დავფიქრდეთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე არსებობს ანარქიის ელემენტები. მეტიც – ის შეიძლება მთლიანად იყოს ანარქიული, რაც უბრალოდ ადამიანებს შორის ურთიერთობაში გამოიხატება. თქვენ ხომ არავინ გიწესებთ რეგულაციებს და გიყენებთ პოლიციას, თუ, დავუშვათ, მეზობლებთან ერთად გაერთიანდებით და ერთობლივად დაასუფთავებთ საერთო ეზოს. ან მოილაპარაკებთ სადარბაზოში მონაცვლეობით ნათურის შეცვლას, ან ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობის წამოწყებას? იგივე დამოკიდებულებაა მეგობრებს შორის, ეს არის უანგარო ურთიერთდახმარება, ერთად ყოფნა და ა.შ. მოკლედ, „უკიდურესი დესპოტიზმის პირობებში, პირადი ურთიერთობების უმეტესი ნაწილი მაინც ხდება თავისუფალი მოლაპარაკებისა და კოოპერაციის გზით, რომლის გარეშეც საზოგადოება შეუძლებელი იქნებოდა“ რ. როკერი.

ოჯახური ცხოვრება, რაიმეს შეძენა, გაყიდვა, მეგობრობა, სქესობრივი ურთიერთობა – ანარქიულია, გამომდინარეობს წმინდა ადამიანური გრძნობებიდან. სამუშაო ადგილზეც, კაპიტალიზმის მიუხედავად, მუშები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ რათა სწრაფად გადაწყვიტონ საკითხი და შეიმცირონ სამუშაო.

ზოგი ამბობს „ანარქია არ არის ეფექტური“, რეალურად კი ეს არის ერთადერთი რაც არის ეფექტური. არავითარი კანონი, რეგულაცია, ძალა, მუქარა ვერ იქნება ისეთივე ეფექტური მიზნის მისაღწევად, როგორც უბრალოდ ადამიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, თვითორგანიზება და თანამშრომლობა. სახელმწიფოც და თანამედროვე ეკონომიკაც აწყობილია ანარქიის ბალავერზე.

8. ანარქისტები ხომ ათეისტები არიან?

ეს არის ანარქისტების დისკრედიტაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიცრუის ბერკეტი, რომელსაც იყენებს სახელმწიფო და მედია. აუცილებელი არაა იყო ათეისტი, რომ გახდე ანარქისტი. ანარქია თავისუფლებაა, მათ შორის თავისუფლება პირადი რელიგიური მრწამსის არჩევისას, იქნება ეს ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, იუდაიზმი, აგნოსტიციზმი, ათეიზმი თუ ნებისმიერი სხვა. მართლაც, ბევრი ანარქისტი იყო ათეისტი, რადგან ორგანიზებული ეკლესია იყო სახელმწიფოს მოკავშირე და ამიტომ ხელს უშლიდა ხალხს თავისუფალ აზროვნებაში. ასევე წინააღმდეგი მექრთამეობის და სასულიერო პირების მიერ თავიანთი პრინციპებისა და ქადაგებების ღალატის, რელიგიის პირადი მატერიალური სიმდიდრის მოპოვების წყაროდ ქცევის უბრალო ხალხის ნდობის ხარჯზე. ყველა ანარქისტი გამოდის თეოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ, რადგან ეს ნიშნავს იერარქიას, ასევე სახელმწიფოსა და რელიგიის „უწმინდური“ კავშირის წინააღმდეგაც, არ აქვს მნიშვნელობა სად, აშ.შ, საქართველო, რუსეთი, ირანი თუ ისრაელი.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ლევ ტოლსტოი და დოროთი დეი იყვნენ ქრისტიანი ანარქისტები, პოლ გუდმენი – იუდეველი, ჰაკიმ ბეი – მუსლიმი. ერთი სიტყვით, რელიგიის მიმართებაში სრული თავისუფლება – ერთ-ერთი პრინციპია.

9როგორი იქნება კულტურა? ტრადიციები და ფოლკლორი?

ანარქიზმი ყოველთვის მიესალმება ხალხურ შემოქმედებას. თავად ანარქიზმიც უბრალო ხალხში ჩამოყალიბდა, არსებობს, იარსებებს და ჩვეულებრივად განვითარდება, როგორც ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.

რაც შეეხება ანარქისტ კულტურის მოღვაწეებს, ანარქიზმი ყოველთვის იზიდავდა ჩვენი კულტურის გამამდიდრებელ შემოქმედ ადამიანებს. პოეტი ანარქისტებიდან ცნობილია უილიამ ბლეიკი, არტურ რემბო, ლოურენს ფერლინგეტი, პერსი შელი. ამერიკელი ესეისტი ანარქისტები: ჰენრი დევიდ თორო, დოროთი დეი, პოლ გუდმენი, ალექს კომფორტი (ავტორი წიგნისა “სექსის სიხარული”). ანარქისტი მეცნიერები: ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი, ანთროპოლოგები ა.რ. რედკლიფ-ბრაუნი და პიერ კლასტრი. ანარქისტებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურაში, მათგან ხაზგასასმელია: ლევ ტოლსტოი, ოსკარ უაილდი, მერი შელი (ფრანკენშტეინის ავტორი). მხატვარი ანარქისტები: გუსტავ კურბე, ჟორჟ სერა, კამილ პისარო და ჯეკსონ პოლოკი. მუსიკოსი ანარქისტები: ჯონ კეიჯი, ჯონ ლენონი, ჯგუფი Crass და სხვა მრავალი. თანამედროვე სპორტსმენებიდან განსაკუთრებით გამოიკვეთება ჯეფ მონსონი.

10. დავუშვათ სიმართლეა, რომ ანარქია მართლაც არის ცხოვრების საუკეთესო მოდელი. მაგრამ როგორ გავანადგუროთ სახელმწიფო, თუ ის ამდენად ძლიერია და აგრესიული, როგორც თქვენ აცხადებთ?

ანარქისტები მუდამ ფიქრობდნენ ამ კითხვაზე. მასზე არ არის ერთი უბრალო პასუხი. ესპანეთში დაახლოებით 1 მილიონი ანარქისტი იბრძოდა ფრონტზე 1936 წელს, როდესაც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ისინი ებრძოდნენ ფაშისტებს  და პარალელურად მხარს უჭერდნენ მუშების ქარხნების ხელში ჩაგდების მცდელობებს. ისინი ასევე ეხმარებოდნენ გლეხებს კომუნების შექმნაში. ანარქისტებმა იგივე გააკეთეს უკრაინაში 1918-1920 წლებში, სადაც ებრძოდნენ როგორც ცარისტებს, ასევე ბოლშევიკებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ მეთოდის გამოყენებას XXI  საუკუნეში.

განვიხილოთ რევოლიცია, რომელმაც დაამხო კომუნისტური დიქტატურა აღმოსავლეთ ევროპაში. იქ იყო ძალადობისა და ხოცვის გარკვეული შემთხვევები – ცალკეულ ქვეყნებში – მეტი, ცალკეულში – ნაკლები. მაგრამ პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და გენერლები გაანადგურა არა ფიზიკურმა განადგურებამ და ძალადობამ, არამედ მოსახლეობის უმეტესობის დამორჩილებაზე უბრალო უარმა. მოსახლეობის უარმა იმუშაონ ან აკეთონ რაიმე უკვე ძირგამომპალი რეჟიმის სასიკეთოდ. რა უნდა ემოქმედა ხელისუფლებას? რა ექნათ კომისარებს? საკუთარ თავზე ბომბების ჩამოყრა? გაფიცული მუშების განადგურება, რომელთა ხარჯზეც თავად არსებობენ?

ანარქისტთა უმეტესობა თვლის „საყოველთაო გაფიცვას“ გადამწყვეტს სახელმწიფოს დამხობაში. ეს არის მასობრივი უარი სამსახურში გამოცხადებაზე. სახელმწიფო დგას უბრალო ხალხის ბეჭებზე, ისინი არსებობენ და მდიდრდებიან უბრალო ხალხის ხარჯზე. თუ მუშები უარს იტყვიან დამორჩილებაზე – სახელმწიფო დაეცემა. ამის წინააღმდეგ სახელმწიფო უძლურია.

11. თუ თქვენ ნებისმიერი მთავრობის წინააღმდეგ გამოდიხართ, მაშ დემოკრატიის წინააღმდეგაც ყოფილხართ, არა?

თუ „დემოკრატიაში“ გულისხმობთ მართლაც ხალხის მმართველობას, ადამიანთა უფლებას განკარგონ საკუთარი ცხოვრება როგორც სურთ, მაშ ყველა ანარქისტი ნამდვილად დემოკრატია.

მაგრამ ეს არ არის ის, რასაც წარმოადგენს დემოკრატია რეალურად. ხალხის ნაწილი ირჩევს პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც შემდგომ აკონტროლებენ ჩვენ ცხოვრებას კანონების გამოცემით, მათ მიერ დანიშნული ბიუროკრატებისა და ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით, იმის მიუხედავად მისაღებია ეს ხალხისთვის თუ არა. რეალურად ხალხი პოლიტიკოსებისთვის მხოლოდ ელექტორატია, რომლებსაც შეიძლება დაუბინდო გონება წინასაარჩევნო აგიტაციით, რეკლამებით, ლამაზი პლაკატებითა და „მიწიერი სამოთხის“ დაპირებებით. დემოკრატიის პირობებში ხალხი თავისუფალია მხოლო არჩევნების, ხმის მიცემის დროს, მთელი დანარჩენი დრო კი წარმოადგენენ ხელისუფლების მონებს. ამასთანავე, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები არიან მსხვილი ბიზნესის დიდი წნეხის ქვეშ. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ კორპორაციები, ბიზნესმენები, კერძო პირები აფინანსებენ ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის ან პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას, რომ შემდგომ მოირგონ კანონმდებლობა ან მტკიცე „ზურგი“ ჰქონდეთ მთავრობაში ან პარლამენტში, რათა მეტი მოგება ნახონ. ეს იცის ყველამ, მაგრამ დუმს, მთავრობის მაღალ ეშელონებიდან წამოსული ფული უკრავს მათ პირს, ან უბრალოდ ეშინიათ ხმის ამოღება. მეორე ნაწილი კი დუმს იმის გამო, რომ იციან – თუ ხმას ამოიღებენ, მათ მედია იმ წამსვე შერაცხავს „ექსტრემისტებად“, „ტერორისტებად“, „ანარქისტებად“! აი ამას ქვია „დემოკრატია“!

12. მაგრამ თუ არ ავირჩევთ ოფიციალურ პირებს რათა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშ ვინ მიიღებს მათ? ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ნებისმიერს შეეძლოს რაც სურს იმის გაკეთება სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე?

ანარქისტებს აქვთ უამრავი იდეა თუ როგორი იქნება მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად ნებაყოფლობით და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში. უმრავლესობა თვლის, ასეთი საზოგადოება უნდა ეყრდნობოდეს ადგილობრივ გაერთიანებებს, თანამეგობრობებს, საკმაოდ მცირეს, რომ ხალხი იცნობდეს ერთმანეთს და იყვნენ დაკავშირებულნი ოჯახებით, მეგობრობით, საერთო აზრით და საერთო ინტერესებით. მაშასადამე, თუ ეს თანამეგობრობა ლოკალურია, ხალხს ექნება მეტი ცოდნა საკუთარ საზოგადოებაზე და გარემოზე. მათ ეცოდინება, რომ მათ მოუწევთ ცხოვრება საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებთან, განსხვავებით პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს სხვების ნაცვლად. ეს ზოგადად მატებს ხალხს პასუხისმგებოლობას, რადგან ერთის მხრივ – უკვე საკუთარ პასუხისმგებლობას ვეღარ გადააბარებენ მთავრობას ან ვინმეს იერარქიულად მაღლა მდგომს, მეორეს მხრივ – ადამიანი საკუთარ ბედს იღებს საკუთარ ხელში და განკარგავს მას როგორც სურს.

ანარქისტები თვლიან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული რაც შეიძლება დაბალ დონეზე. ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება საკუთარი თავისთვის შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას სხვის გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში შესვლის გარეშე, უნდა იყო მიღებული ცალკეული პიროვნების დონეზე. გადაწყვეტილება, რომლის მიღება აუცილებელია ჯგუფურად (ოჯახი, თანამშრომელთა ჯგუფი, რელიგიური გაერთიანება და ა.შ.) ასევე მათი გადასაწყვეტია, თუ ეს არ ეხება სხვა ჯგუფების ინტერესებს. ხოლო ის, რაც ადამიანთა დიდ რიცხვს ეხება, უნდა გადაწყდეს საერთო საბჭოზე.

საბჭო – ეს არ არის ხელისუფლება. არავის არ ირჩევენ თავმჯდომარედ ან ნებისმიერი სხვა სახის მმართველ ორგანოდ, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ადამიანები პასუხობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, თუმცა საერთო კამათის დროს, მათი მიზანი არ არის გარკვეული პირადი ან ჯგუფური გამარჯვება საბჭოს დანაჩენ წევრებზე, მათ სურთ, რომ ყველამ გაიმარჯვოს. ისინი პატივს სცემენ მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. მათ სურთ, პირველ რიგრში, გაუგებრობის აღმოფხვრა და სიტუაციაში გარკვევა. ხშირად ეს არის საკმარისი საერთო დასკვნის გამოსატანად. თუ არა, ისინი ცდილობენ კომპრომისის შემუშავებას. თუ არ გაჭრა, და გადაწყვეტილების დაუყონებლივი მიღება არ წარმოადგენს აუცოლებლობას, სხდომა გადაიდება, რათა მხარეებმა კიდევ უკეთ მოილაპარაკონ და იფიქრონ პრობლემის გადაწყვეტაზე. თუ კიდევ ვერ გადაწყდა, მაშ ის ჯგუფები, რომლებმაც ვერ შეძლეს შეთანხმება, იყოფიან და თითოეული აკეთებს ისე, როგორც მიაჩნია სწორად (იხ. კონსენსუსი).

თუ არავითარმა მოლაპარაკებამ არ გამოიტანა შედეგი და ხალხს აქვს დაუძლეველი პოზიციები გარკვეულ საკითხთან მიმართებაში, თანამეგობრობას აქვს ორი ვარიანტი: უმცირესობას შეუძლია შეუერთდეს უმრავლესობას, თუ ჰარმონია თანამეგობრობის შიგნით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოცემული საკითხი. შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობამ დაუთმოს უმცირესობას სხვა საკითხში. ეს ვარიანტი თუ შეუძლებელია, რადგან დასმული საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია უმცირესობისთვის, მას აქვს უფლება გამოეყოს უმრავლესობას და შექმნას ცალკე თანამეგობრობა, ანალოგიურად, როგორც გააკეთა რიგმა შტატმა ამერიკაში (კონექტიკუტი, როდ-აილენდი, ვერმონტი, კენტუკი, მენის კუნძული, იუტა, დასავლეთ ვირჯინია და ა.შ.). თუ მათი (უმცირესობის) გამოყოფა არ არის ეტატიზმის არგუმენტი, ეს არ არის არგუმენტი ანარქიის წინააღმდეგაც. ეს არ არის ანარქიის წარუმატებლობა, რადგან ახალი თანამეგობრობა ხელახლა ქმნის ანარქიას. ანარქია – არ არის სრულყოფილი სისტემა, ის უბრალოდ ყველა დანარჩენზე უკეთესია. (ანალოგიურად, როგორც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უილიამ ჩერჩილმა ბრძანა – „დემოკრატია არ არის იდეალური სახელმწიფო წყობა, ის უბრალოდ ყველა დანარჩენზე უკეთესია“. მთარგმნელის შენიშვნა)

13ჩვენ არ შეგვიძლია ყველა სურვილისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება ლოკალურ დონეზე.

მართალია, ყველასი არა, მაგრამ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ საქონლის გაცვლა ხდებოდა ასობით და ათასობით კილომეტრების მანძილზე უძველეს ევროპაში, სადაც არსებობდა პრიმიტიული ანარქიული გაერთიანებები. ეს უფრო ახლოსაა საჩუქრების ურთიერთგაცვლასთან, ვიდრე რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ბიზნესს“ დღესდღეობით. პრაქტიკული ანარქია არასოდეს იყო დამოკიდებული საზოგადოების სრულ თვითუზრუნველყოფაზე.

ბევრი თანამედროვე ანარქისტი თვლის, რომ თანამეგობრობა და რეგიონი უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო თვითუზრუნველყოფილი და ნაკლებად დამოკიდებული მოშორებულ და უცნობ გაერთიანებებზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც, რომელთა ნაწილი კომერციული ბაზრის გაზრდას თვითუზრუნველყოფის ხარჯზე ემსახურება, ლოკალური გაერთიანება ბევრად თვითუზრუნველყოფილია ვიდრე კორპორაცია და მთავრობა (რამდენადაც გვაძლევენ საშუალებას გავიგოთ).

15. ანარქია ყოველთვის ასოცირდებოდა ქაოსთან. ანარქია ხომ ქაოსს ნიშნავს?

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც თავს ანარქისტი უწოდა – პიერ ჟოზეფ პრუდონი, მისი სიტყვებია -„თავისუფლება – წესრიგის დედაა“. ანარქიული წესრიგი უფრო მაღლა დგას ვიდრე სახელმწიფოს მიერ დაყენებული „წესრიგი“, რადგაც ის არის არა ზემოდან თავსმოხვეული სისტემა, არამედ უბრალო მოლაპარაკება ხალხს შორის, რომლებიც იცნობენ ერთმანეთს და იციან როგორ იცხოვრონ ერთად. ანარქიული წესრიგი ეყრდნობა საერთო მოლაპარაკებასა და საღ აზრს.

16. როდის ჩამოყალიბდა ანარქიზმის ფილოსოფია?

ანარქისტთა ნაწილი თვლის, რომ პირველი ანარქისტული იდეები გამოთქვა დიოგენემ ძველ საბერძნეთში, ლაო ძიმ ძველ ჩინეთში და სხვამ. ანარქისტული იდეები შეიმჩნეოდა  XVII საუკუნეში ინგლისის სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ თანამედროვე ანარქიზმის ფუძემდებლად ითვლება უილიამ გოდვინის ნაშრომი „პოლიტიკური სამართლიანობა“ 1793 წელს გამოცემული. პიერ ჟოზეფ პრუდონმა გააცოცხლა ის თავის ნაშრომში „რა არის საკუთრება?“ 1840 წელს და შთააგონა ანარქისტული მოძრაობა ფრანგ მუშებს. მაქს შტირნერმა თავის ნაწარმოებში „ერთადერთი და მისი საკუთრება“ განსაზღვრა სუფთა ეგოიზმი ანარქიზმის ერთ-ერთ ფასეულობად (იხილეთ ანარქო-ინდივიდუალიზმი). ამერიკელი ჯოშუა უორენი მოგვიანებით მივიდა იმავე დასკვნამდე და დაიწყო ამერიკული უტოპიური კომუნების შექმნა. ანარქისტული იდეები გაავრცელა უდიდესმა რუსმა რევოლუციონერმა მიხაილ ბაკუნინმა და გამოჩენილმა მეცნიერმა პეტრე კროპოტკინმა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იდეები პოვებენ ღირსეულ ადგილს ამ ცვალებად სამყაროში.

17. რევოლუციაზე საუბარი ძალიან წააგავს კომუნიზმს, რომელიც უკვე გადავიტანეთ და გამეორება არავის სურს.

ანარქისტები და მარქსისტები მოწინააღმდეგენი იყვნენ XIX საუკუნის 60-ნ წლებიდან, მაგრამ ხანდახან ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ ცარისტები რუსეთის რევოლუციის დროს და ესპანელი ფაშისტები ესპანეთის სამოქალაქო ომისას. საბოლოოდ, კომუნისტები ყოველთვის ღალატობდნენ ანარქისტებს. მარქსისტებს, მარქსიდან დაწყებული სტალინით დამთავრებული, ყოველთვის სძულდათ ანარქისტები.

კროპოტკინის მიმდევარნი ანარქისტები საკუთარ თავს უწოდებენ „ანარქო-კომუნისტებს“, მაგრამ არა კომუნისტებს. ისინი მხარს უჭერენ ნებაყოფლობით კომუნიზმს – მიწების, ქარხნების და ლოკალური გაერთიანებების შრომის ნებაყოფლობით გაერთიანებას, სადაც ხალხი იცნობს ერთმანეთს. ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თავსმოხვეულ კომუნიზმს, რომელიც ახდენს მიწებისა და წარმოების ყველა საშუალების მისაკუთრებას, უარყოფს ავტონომიას, მოსახლეობას აქცევს „სახელმწიფოს მუშაკებად“, საბჭოთა კავშირი ამის ნათელი მაგალითია. ანარქისტებისგან ხშრად გაიგონებთ, რომ საბჭოთა კავშირში იყო არა კომუნიზმი, არამედ „სახელმწიფო კაპიტალიზმი“, ანუ თავად სახელმწიფო გამოდიოდა კაპიტალისტის როლში, ის ახდენდა მოსახლეობის ექსპლუატაციას, მას ეკუთვნოდა წარმოების საშუალებები და ითვისებდა წარმოებულ პროდუქტს, პარტია წყვეტდა რა, როგორ, რა რაოდენობით და რისთვის ეწარმოებია ხალხს. განსხვავება კომუნიზმსა და ანარქისტულ ანარქო-კომუნიზმს შორის ძალიან დიდია.

ანარქისტები მიესალმებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ კომუნიზმის დაცემაში აღმოსავლეთ ევროპაში. ისინი ეხმარებოდნენ მაშინდელ დისიდენტებს აღმოსავლეთ ბლოკში წლების განმავლობაში, რასაც არ აკეთებდა შეერთებული შტატების ხელისუფლებაც. დღევანდელ დღეს ყველა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში არის აქტიური ანარქისტული მოძრაობა.

კომუნიზმის დაცემამ, რა თქმა უნდა, მემარცხენეთა უმრავლესობის დისკრედიტაცია მოახდინა, მაგრამ არა ანარქისტების, რომელთა დიდი ნაწილი არც თვლიდა თავს „მემარცხენედ“. ანარქისტები მარქსამდე გაცილებით ადრე არსებობდნენ და არსებობენ მის შემდეგ.

18.  ანარქისტები ხომ ემხრობიან ძალადობას?

ძალადობის დონით ანარქისტები ვერც მიუახლოვდებიან დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, ლიბერალებს და კონსერვატორებს. ისინი მხოლოდ ჩანან მშვიდობიანები, რადგან სახელმწიფო აკეთებს მთელ ბინძურ სამუშაოს მათ ნაცვლად. მაგრამ ძალადობა არის ძალადობა, უნიფორმის ტარება და დროშის ფრიალი არაფერს ცვლის. სახელმწიფო ძალადობრივია უკვე განსაზღვრებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ძალალადობამ ითამაშა უმთავრესი როლი. ძალადობა რომ არა ჩვენი შორი წინაპრების მიმართ, არც იარსებდა არავითარი სახელმწიფო. ზოგი ანარქისტი მხარს უჭერს ძალადობრივ ბრძოლას, მაგრამ სახელმწიფო ყოველდღე ჩადის ძალადობას.

ზოგი ანარქისტი, როგიც იყო ლევ ტოლსტოი, პრინციპულად ემხრობა მშვიდობას და ძალადობაზე არც პასუხობს (პაციფიზმი). შედარებით ნაკლებს ჯერა სახელწიფოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის. ანარქისტთა უმეტესობა მხარს უჭერს თავდაცვას და უშვებს გარკვეულ ძალადობას რევოლუციურ სიტუაციაში. სინამდვილეში, საქმე არც ამაშია. საქმეა პირდაპირ მოქმედებაში. ანარქისტები თვლიან, რომ ხალხმა თავად უნდა მართოს ბედი, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, არ აქვს მნიშვნელობა, ლეგალურად თუ არალეგალურად, ძალის გამოყენებით თუ არა.

19. როგორია ანარქისტული საზოგადოების ზუსტი სტრუქტურა?

როგორც უკვე ვახსენე, არავის გააჩნია ზუსტი გეგმა. სამყარო იქნება ძალიან მრავალფეროვნული თუ განადგურდება სახელმწიფო.

ანარქისტები არავის ახვევენ თავს მკაცრ სქემებს, მაგრამ თავაზობენ გარკვეულ ძირითად პრინციპებს. ურთიერთდახმარება კონკურენციის ნაცვლად – ეს არის მთავარი წინაპირობა ერთობლივი ცხოვრების. ისინი ინდივიდუალისტები არინ იმ გაგებით, რომ საზოგადოება არსებობს თითოეული ინდივიდის სასიკეთოდ, და არა პირიქით. ისინი პატივს სცემენ დეცენტრალიზაციას, თვლიან, რომ საზოგადოება უნდა ეყრდნობოდეს ლოკალურ, მეტნაკლებად ჩაკეტილ გაერთიანებებს. ამ გაერთანებებს ასევე შეუძლია გაერთანება ურთიერთდახმარების პრინციპზე, მაგრამ მხოლოდ მოქმედებების კოორდინირებისთვის, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია ცალკეული გაერთიანების დონეზე. ანარქისტული დეცენტრალიზაცია ანადგურებს თანამედროვე იერარქიას. დღესდღეობით, რაც უფრო მაღალია ხელისუფლების დონე, მით მეტი ძალაუფლება გააჩნია. ანარქიის პირობებში კი ასოციაციის მაღალი დონე სულაც არ ნიშნავს ხელისუფლებას. მათ არ გააჩნია არავითარი ძალაუფლება, რაც უფრო მაღალია დონე, მით ნაკლები პასუხისმგებლობა ენიჭება ქვემოდან. ამავე დროს, ანარქისტები აცნობიერებენ რისკს, რომ მსგავსი ფედერაციული სტრუქტურის პირობებში შესაძლებელია ბიუროკრატიისა და ეტატისტური ელემენტების ჩამოყალიბება. ჩვენ ვართ უტოპისტები, მაგრამ ამავდროულად რეალისტები. როგორც თქვა თომას ჯეფერსონმა, „მუდმივად ყურადღებით ყოფნა – თავისუფლების ფასია“.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.