ბრძოლა თავისუფლებისთვის

424048_466832700045542_1490717508_n

“ადამიანი თავისუფალი იბადება და ამ დროს კი იგი ყველგან ბორკილებშია” – ეს ფრაზა, რომელიც რუსოს ეკუთვნის, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აღიქმებოდა არა როგორც ფაქტების უბრალო კონსტატაცია, არამედ – როგორც მოწოდება სამყაროს გარდასაქმნელად.

ადამიანი, რომელიც აცნობიერებს პრობლემას მიისწრაფვის მისი მოგვარებისკენ, მაგრამ არის პრობლემები, რომელთაც მარტო ვერ გაუმკლავდება და ეს პრობლემები სხვებსაც აწუხებს. რა შეუძლია ერთ ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა პრობლემა? ის იწყებს გამოხატვას და ცდილობს, პრობლემა დაანახოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს. არსებობს ლოგიკური ალბათობა იმისა, რომ გაცნობიერებული ადამიანები პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნიან საზოგადოებას.

საზოგადოება არის საერთო მიზნითა და ინტერესით გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი. მსგავსი საზოგადოება უკვე წარმოადგენს თვითორგანიზაციის პრინციპზე დაფუძნებულ ჯგუფს, მაგრამ ასევე საჭიროა განსაზღვრულ იქნას მოქმედების, კოორდინაციის, კომუნიკაციის, ერთმანეთთან ურთიერთობის, საკითხების გადაწყვეტის ზოგადი პრინციპები.

ორ ადამიანს შორისაც ურთიერთდამოკიდებულების ორი პრინციპი არსებობს: ან ერთს ჰყავს დამონებული მეორე, ან თანასწორობის პრინციპით ურთიერთობენ. ხოლო როცა საზოგადოების მიზანი თავისუფლებაა, მოქმედების პრინციპებიც შესაბამისი უნდა იყოს.

მაგალითისთვის: დღეს არსებული წესრიგი ეფუძნება იერარქიას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფალი გარემოს არსებობას, ამგვარი მართველობის განადგურება იგივე პრინციპით ორგანიზებულ ჯგუფს (მაგ. პოლიტიკური პარტია) არ შეუძლია, რადგან შედეგად მივიღებთ ძალაუფლების ჩანაცვლებას.
ამიტომ ჩამოვაყალიბოთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯგუფის, საწყის ეტაპზე მუშაობის ზოგადი პრინციპები:

1) იერარქიის ნაცვლად ჰორიზონტალური თვითმმართველობა

2) დემოკრატიული პრინციპის, საკითხის ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტის ნაცვლად კონსენსუსი – აქტიური განხილვისა და არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად მიღწეული თანხმობა.

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა! – აი ანარქიული საზოგადოების პრინციპთა სამება.

*  * *

თუ შენ თავისუფალი ხარ, მაშ რატომ არ იბრძვი თავისუფლებისათვის?!

შეიძლება სათაური აბსურდულადაც მოგეჩვენოთ და თქვათ, თავისუფალს თავისუფლებისთვის ბრძოლა რაში სჭირდებაო, მაგრამ ვის შეუძლია ბრძოლა თავისუფლებისთვის, თუ არა უკვე თავისუფალს? მონამ რა იცის, რა არის თავისუფლება?

წრეზე რომ არ ვიაროთ და გავაგრძელოთ მსჯელობა ამ თემაზე, საჭიროა განვსაზღვროთ თავისუფლება. როგორც პეტრე კროპოტკინი განმარტავს, თავისუფლება არის შესაძლებლობა იმგვარი მოქმედებისა, რომ საზოგადოებრივი სასჯელის შიშმა არ გაგვიელვოს თავში (ფიზიკური სასჯელის, შიმშილით სიკვდილის, საზოგადოების მხრიდან განკიცხვისა და სხვ). ანუ თავისუფალი არ არის ადამიანი, რომლის მოქმედებასაც სასჯელის შიში, გამოცდა ან ჯილდო განაპირობებს. ამგვარ ძალადობრივ გარემოს კი სახელმწიფო ქმნის, ვერტიკალური იერარქიის პრინციპით. სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა არსებული წყობის, ანუ ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციის შესაძლებლობის დაცვის სისტემა.

იმისათვის, რომ ყველა ადამიანი მოქმედებდეს საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე, საჭიროა საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპის შეცვლა, რის შედეგადაც ყველა ადამიანს ეძლევა შანსი თავისუფალი ცხოვრებისა, რადგან შეუძლებელია ვინმემ შენთვის თავისუფლება დაიპყროს. ამიტომ ანარქია არის როგორც მიზანი, ასევე საშუალება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტრაექტორია თავისუფლებისაკენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამეტაპიანი სქემის სახით: პირველი ეტაპი თავისუფლებისაკენ, არის გაცნობიერება იმისა, რომ თავისუფალი არ ხარ – აცნობიერებ სხვაზე დამოკიდებულებას, რომ შენი მოქმედება რეაქციული ხასიათისაა და გამოწვეულია შიშის საფუძველზე, იზღუდები, ხედავ უსამართლობას შენს ირგვლივ და ა.შ. მეორე ეტაპი ბრძოლაა თავისუფლებისათვის, რაც ნიშნავს ბრძოლას სისტემის და არა -ადამიანთა წინააღმდეგ, რადგან ხშირად გარემო პირობები განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებებს. და როცა არსებული წესრიგი – კაპიტალიზმი, რომლის ღირებულებები ეფუძნება ნებისმიერ ფასად მოგების წყურვილს, რომელშიც ფასეულობათა სისტემის მწვერვალზე ფულია და ერთი ადამიანი მეორეს მტრადაა გამოცხადებული, ის ადამიანში აყალიბებს ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა სიცრუე, სიხარბე, სიძულვილი. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ სისტემა ადამიანის მიერაა შექმნილი და ადამიანებს რომელთაც ძალაუფლება გააჩნიათ, ნებით არ დათმობენ მას და სისტიკ წინააღმდეგობას გაუწევენ ახალი პრინციპების დამკვიდრებას. ეს სისასტიკე ისტორიული გამოცდილებიდანაცაა ცნობილი, მაგრამ არაფერი არ განხორციელებულა ადამიანის გამბედაობისა და სიმტკიცის გარეშე. ამიტომ საჭიროა ადამიანთა ორგანიზებული და სოლიდარული მოქმედება, რომელსაც ლოგიკურად სოციალური რევოლუციისაკენ მივყავართ. რევოლუცია გაანადგურებს სახელმწიფოს და კაპიტალისტურ სისტემას, მის ადგილას კი შევძლებთ იმგვარი საზოგადოების აშენებას, რომელიც იქნება თავისუფლების, თვითმართველობის, თვითორგანიზების, თანასწორობის, სოლიდარობის და ფედერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული. მესამე ეტაპიც სწორედ ეს – თავისუფლების მოპოვებაა, რომელიც შეცვლის ადამიანად ყოფნის პირობებს და ადამიანი შექმნის დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელ რეალობას. როგორც შალვა გოგელია ამბობს, ანარქია არის ყველა სოციალური საკითხების საბოლოო გადაწყვეტა, რომლის შემდეგაც დაიწყება ანკარა და მუდამ მოზარდი ნაკადული სოციალისტური ცხოვრებისა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს ადამიანის თავისუფლება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ თავისუფლებისათვის ბრძოლით. სანამ იარსებებს ერთი ჩაგრული მაინც, არ იქნება თავისუფლება. და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ განადგურდება უკანასკნელი მჩაგვრელი. ამიტომ, თუ შენ თავისუფალი ხარ, მაშ რატომ არ იბრძვი თავისუფლებისათვის? შემოგვიერთდი და ერთად უფრო მალე მივუახლოვდებით იმ დღეს, როცა კაცობრიობა თავისუფალი იქნება არა მარტო ექსპლუატაციისაგან, არამედ თავისუფლება იქნება პირობა და საფუძველი ადამიანის სრული პიროვნული განვითარებისა.

Facebook Comments