დავიცვათ დიღმის ტყე-პარკი

სოლიდარობის საინფორმაციო ბუკლეტი ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივისგან:

Digmis-tye-parki-flayer (PDF)

 

ქალაქში ჩვენს გვერდით, არსებობს უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა – დიღმის ტყე-პარკი, რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრება.

მდებარეობა: დიღმის მასივი, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის.

ნუ, ვიქნებით გულგრილები.

პარკში აღმოჩენილია მცენარეები, რომლებიც საქართველოს ‘’წითელ წიგნშია’’ შეტანილი. შესაბამისად, დიღმის ტყე-პარკის უნიკალურ ეკოსისტემას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

მაგრამუახლოეს მომავალში, დიღმის ტყე-პარკში, შპს ‘’ანაგი’’, ‘’კია მოტორსის’’ შენობის ადგილზე აპირებს უზარმაზარი გასართობი ცენტრის აშენებას, ლამაზი სახელწოდებით – ‘’ორანჟერეა’’. დასახელების მიუხედავად, ეს არ იქნება სათბური, არამედ რესტორანი, საბანკეტო და სადღესასწაულო ადგილი, თავისი ავტო პარკინგით, მისასვლელი ჩაბეტონებული გზებით და ა.შ. თუმცა, როგორი ლამაზი შენობაც არ უნდა იყოს, პარკში უბრალოდ დაუშვებელია ნებისმიერი მშენებლობა. ‘’ანაგი’’ დიღმის ტყე-პარკში ფლობს სამ ნაკვეთს. აღნიშნული კომპანია, ყოველთვის თანამშრომლობს ნებისმიერ ხელისუფლებასთან. ამჟამად, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადაზიდვაში; ასევე, ‘’პანორამა თბილისის’’ მშენებლობაში.

ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამჟამად, კომერციაზე და მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე დამყარებულ სამყაროში ვცხოვრობთ. პოლიტიკური პირამიდის მწვერვალზე მყოფ პოლიტიკოსებს და მათთან შერწყმულ ბიზნეს ჯგუფებს თუ ცალკეულ კერძო ინტერესებს, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ და არა ჩვენი – მოსახლეობის. ეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

დიღმის ტყე-პარკს, დატაცების და დაცვისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს. პარკის გაშენება 1934 წელს დაიწყო. იგი ასრულებდა სანერგე მეურნეობის ფუნქციას. აქედან, მარაგდებოდა მთელი ქალაქი სხვადასხვა ჯიშის ნერგებით. თავდაპირველად, მთელი ტერიტორია 200 ჰექტარს შეადგენდა. ტყე-პარკის დატაცება დაიწყო 90-იან წლებში.

ორიოდე სიტყვით, 90-იანი წლების შესახებ: ველური კაპიტალიზმის, ქონების დატაცების, პრივატიზაციის და გადანაწილების ეპოქა, რომლის დროსაც გაჩენილი ახალი კლასი – გამდიდრებული ადამიანები, დღესაც ხელისუფლების ან მასთან დაახლოებულ ელიტის წევრებად გვევლიან. დღეს, ისინი იცავენ დანაწილებულ ქონებას პოლიციის და სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით.

90-იანების შემდეგ, დიღმის ტყე-პარკიდან დარჩა 75 ჰექტარი. მაგრამ, მისი დატაცება ამით არ დამთავრებულა. 1998 წლიდან, ტყე-პარკის დანაწევრება და გაყიდვა გაგრძელდა, აშენდა უკანონო ნაგებობები. დღეს, მისი ფართობი მხოლოდ 20,5 ჰექტარს შეადგენს. დიღმის ტყე-პარკის მფლობელები წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან დაახლოებული პირები ან ბიზნესმენები არიან.
2009 წელს, პარკს რეკრეაციული ზონა-1-ის სტატუსი მიენიჭა, რაც ბუნების დაცვის ყველაზე მკაცრი რეჟიმია. თუმცა, ამავე წელს ტყე-პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, სტატუსი მხოლოდ 1 ჰექტარს შეეცვალა. მაგრამ, იუსტიციის სამინისტროში შენახულ მაკეტში, არა ერთ, არამედ რვა ჰექტარს შეეცვალა სტატუსი. ეს საქმე გასაჩივრებულია საქალაქო და უზენაეს სასამართლოში, მაგრამ უშედეგოდ. გამოდის, რომ დარჩენილი 20,5 ჰექტარიდან, რვას – შეცვლილი სტატუსი აქვს.
დიღმის ტყე-პარკის დაცვისთვის ბრძოლა 17 წელი გრძელდება. აღსანიშნავია, ‘’უსაფრთხო სივრცის’’ დამფუძნებელი ანა გაბრიაძე, რომელიც ტყე-პარკის გვერდით ცხოვრობს და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზატორია. დიდი წვლილი აქვთ, შეტანილი სხვა ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც.
‘’ბრძოლა ამ ტყე-პარკისთვის 2003 წლიდან დაიწყო და პირველივე განცხადებიდან ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა აქ არც ატრაქციონი, არც სპორტული ნაგებობა, არც კაფე… ასეთ უზარმაზარ ნაგებობაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის?!
თბილისს დღეს აქვს უნიკალური შანსი, რომ ჰქონდეს ნაკრძალი. და თუ ამ ადგილას მერიის ნებართვით შენობა ჩაიდგმება, მთლიანი ტყე განადგურდება. მარტივ მაგალითს მოვიყვან – შარშან მერიამ აქ 2-დღიანი ფესტივალი ჩაატარა, დადგა სცენა, იყო სიმღერები და შესაბამისად, მუსიკაც. ჩვენ კი კუებსა და ზღარბებს ხეივანში ვიჭერდით. ცხოველები დაფრთხნენ და გარბოდნენ. აქვე არის იშვიათი ჯიშის ფრინველები, ბუდობენ ბუებიც. ეს ყველაფერი მათზე იმოქმედებს. ფაუნის განადგურებას კი აუცილებლად ექნება ზეგავლენა ხეებზეც’’ – ამბობს ანა გაბრიაძე.
ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ შესაძლებელია საზოგადოების სხვანაირი მოწყობა, ვიდრე დღეს არსებობს. აუცილებელია, მოქმედება.

დიღმის ტყე-პარკის და თბილისს შემორჩენილი სხვა მწვანე ტერიტორიების დაცვა განადგურებისგან, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული; მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ერთმანეთთან დაკავშირება, მოქმედება, ერთად ვიფიქროთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. ხალხის კუთვნილება, თავად ხალხმა უნდა დაიცვას. ჩვენ შეგვიძლია და სრული უფლება გვაქვს ავტონომიურად ვიმოქმედოთ და არ ვიყოთ სასამართლოს თუ სამთავრობო ინსტიტუტების იმედზე.
მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში:

www. safespace-tbilisi.com;

facebook.com: დავიცვათ დიღმის ტყე-პარკი

გავაგებინოთ სხვებსაც, დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მოვძებნოთ ერთმანეთი ვისაც გული შეგვტკივა ეკოლოგიასა და ბუნებაზე. ვისაც გვინდა, რომ ხარბ კაპიტალს და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე მოფიქრალ კერძო საკუთრებას, რეალურად დავუპირისპირდეთ. ერთად მოვიფიქროთ და დავგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიება.

დიღმის ტყე-პარკი ჩვენია, ჩვენი ფილტვებია, მსგავსი მწვანე ზონების საშუალებით, ჯერ კიდევ, შეგვიძლია სუნთქვა; მისი ხელუხლებლად შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიღმის მაცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. დიღმის ტყე-პარკში ვსერნობთ, ვვარჯიშობთ, ვაწყობთ პიკნიკს, რომლის შემდეგაც აუცილებლად ვასუფთავებთ ტერიტორიას; აქ, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, თამაშობენ და იზრდებიან ჩვენი ბაშვები.

ევროპასა და აშშ-ში, ეკოლოგიური გრასრუთ მოძრაობების (ხალხის ქვემოდან მობილიზება, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად) მდიდარი ისტორია არსებობს. მაგრამ, საოცარი მაგალითია საფრანგეთში, ნანტში 50 წლის მანძილზე მიმდინარე მთელი თაობების ბრძოლა ახალი უზარმაზარი აეროპორტის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ხალხის გამარჯვებით დასრულდა და მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ პროექტზე. რასაკვირველია, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღება, რომ არა ადამიანების თავდაუზოგავი ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში, პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაშიც გამოიხატებოდა. მოცემული ტერიტორია ფიზიკურად დაიკავა ხალხმა, მათ ახლაც აქვთ საკუთარი რადიო არხი, მოჰყავთ ბოსტნეული, საკუთარი ხელით ააშენეს სათვალთვალო კოშკი საიდანაც, დასაცავ ტერიტორიაზე დაბანაკებულ ხალხს ატყობინებდნენ მორიგი საპოლიციო რეიდის შესახებ. ხელისუფლებებმა ვერაფერი გააწყვეს ავტონომიურად მოქმედი ხალხის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში, მოძრაობას სულ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა.
ფრანგული მოძრაობა – Zone to defend, მაგალითი გახდა სხვა ქვეყნების აქტივისტებისთვის; ხალხის წარმატების უპირველესი მიზეზი, სწორედ მყარი და შეკრული ერთობის, თემის შექმნა გახდა. იგი ალტერნატიული საზოგადოების ერთგვარ ლაბორატორიად იქცა, სადაც ერთმანეთის დახმარებით, თანამშრომლობით, ყველა ერთად დაუპირისპირდა მასშტაბურ კაპიტალისტურ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

Zone to defend-ის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია: https://rebellion.earth; https://zadforever.blog
დიღმის ტყე-პარკი ჩვენია! დავიცვათ რაც ჩვენია!