დემოკრატია – თავისუფლების ილუზია

 

1535456_770485136313235_481978346_n

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდაჭერები ხშირად აცხადებენ, რომ მათი „რჩეული“ წყობა თავისუფალი საზოგადოების შექმნის ერთადერთი თუ არა,  საუკეთესო გზაა. მათი მტკიცებით, კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს ისეთ პირობებს, რომ ყოველ ადამიანს რჩება არჩევანის თავისუფლება –  განსაზღვროს თავისი ცხოვრების გზა და ამავე დროს, მოახდინოს სრული თვითრეალიზება.

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდამჭერთა აზრით, თავისუფლება ისაა, როდესაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს მთავრობის ისეთი წარმომადგენელი, რომლის აზრებიც ყველაზე ახლოს დგას მის შეხედულებებთან. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ხალხის არჩეული წარმომადგენლები ქმნიან ისეთ კანონებს,  რომელთა წინაშეც ყველა თანასწორია.

ჩვენ ვამბობთ, რომ მათი ეს მტკიცებები, სხვა არაფერია , თუ არა – უბრალო მითები. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ მითებს ბევრი იჯერებს, სულაც არ ცვლის იმას, რომ კაპიტალისტური დემოკრატია დიდი ტყუილია, რადგან იდეის სისწორე მისი მხარდამჭერების რიცხვით არ განისაზღვრება.

კაპიტალისტური დემოკრატია ჩვენ ვითომ გვთავაზობს არჩევნის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში, გვთავაზობს ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომელსაც არსებითი შედეგები არ მოაქვს. ხოლო ის, რომ კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს არაარსებითი არჩევანის გაკეთებას, ქმნის არჩევანის თავისუფლების , და საერთოდ, თავისუფლების ილუზიას.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, იმაში, რომ კაპიტალისტური დემოკრატია არა თავისუფლების, არამედ თავისუფლების ილუზიის მომტანია, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე:

  1. კაპიტალისტური საზოგადოება – კლასებად დაყოფილი საზოგადოებაა. მიუხედავად ზოგიერთების მტკიცებისა (რომლებიც, სხვათაშორის, დღესდღეობით ძალაუფლების მქონე პიროვნებებს წარმოადგენენ და მათ ინტერესებში შედის ხალხისთვის ასეთი ტყუილების თქმა), სახელმწიფოს მოქალაქეების თანასწორობა და ერთიანობა ილუზიაა, რადგან კაპიტალისტურ საზოგადოებაში წევრები დაყოფილები არიან ეკონომიკურ კლასებად. ერთ მხარეს ვხედავთ იმათ, ვინც ფლობს და აკონტროლებს რესურსებს, შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური პრივილეგიებით, მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი საწარმოო რესურსები და იძულებულნი არიან, გაყიდონ საკუთარი შრომა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი – მშრომელთა კლასი, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე პირველი.
  2.  ექსპლუატაცია კლასობრივ საზოგადოებაში გარდაუვალია . თავისუფლების ქვაკუთხედი – ეკონომიკური დამოუკიდებლობაა, ხოლო ეკონომიკური დამოუკიდებლობა გულისხმობს უფლებას და შესაძლებლობას, მივიღოთ ის, რასაც ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში ის კლასი, რომლის ხელშიც არის საწარმოო რესურსი და საშუალებები, იღებენ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე აკეთებენ. მეტიც, შეიძლება ითქვას,რომ კაპიტალისტები საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და ცხოვრობენ პროლეტარიატის შრომის ხარჯზე. ცხადია, ასეთ სიტუაციაში ზედმეტია ეკონომიკურ თავისუფლებაზე საუბარი –  საზოგადოების უმრავლესობას ის უბრალოდ არ გააჩნია, რადგან არ შეუძლიათ შექმნან პროდუქცია, რამდენადაც საწარმოო საშუალებებს სხვები ფლობენ.
    ეს ყველაფერი არაა – კაპიტალისტები მთავარ მოგებას იღებენ მშრომელთათვის იმაზე ნაკლები ანაზღაურების მიცემით, ვიდრე მათ მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულებაა, ანუ, ისინი ჩვენ შრომას ჯიბეში იდებენ. ეს ექსპლუატაციაა. ხოლო თავისუფალ საზოგადოებაში, ლოგიკურია, რომ ექსპლუატაციას არ უნდა ვხვდებოდეთ – როდესაც ერთი მეორეს ექსპლუატაციას უწევს, მაგას თავისუფლება აღარ ჰქვია. ერთადერთი განსხვავება მონათმფლობელებსა და კაპიტალისტებს შორის ისაა, რომ პირველნი ფლობდნენ მონებს, მეორენი – ქირაობენ. დიახ, ანაზღაურებისთვის მუშაობა – დაქირავებული მონობაა!
    მოკლედ რომ ვთქვათ, ის სოციალური თუ ეკონომიკური პრივილეგიები, რომლებსაც კაპიტალისტთა კლასი ფლობს, გამყარებულია უმრავლესობის უფლებების დარღვევის ხარჯზე.
  3. კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ექსპლუატაცია დაცულია სახელმწიფოს მიერ. კაპიტალიზმის თანმდევ ეკონომიკურ დამოკიდებულებას იცავს სახელმწიფო – ორგანიზებული ძალადობის აპარატი – პოლიციის, სასამართლოს და ჯარის დახმარებით. სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება სწორედ პრივილეგირებულთა მდგომარეობის დაცვაა და უმრავლესობისთვის იმის იძულება, რომ იმუშაონ უმცირესობის სასარგებლოდ.შეიძლება ზოგიერთი შეგვეკამათოს , რომ სახელმწიფო ინარჩუნებს წესრიგს და გვიცავს დანაშაულისგან. ჩვენი პასუხი მარტივია – რომელ წესრიგს იცავს სახელმწიფო და ვის ინტერესებს ემსახურება ასეთი წესრიგი? რაც შეეხება კრიმინალისგან დაცვას, ეს იგივეა, რაც მაფიამ დაგვიცვას კრიმინალისგან,რამდენადაც სახელმწიფო მშრომელთა პირველი მძარცველია, თანაც, სახელმწიფო ებრძვის თავისივე უსამართლობით გამოწვეულ კრიმინალს. გარდა ამისა, აუცილებელია ითქვას, რომ დანაშაულთან ბრძოლის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს, არაეფექტურია, ხოლო ჩვენ ალტერნატიული სტრატეგია გვაქვს: დამნაშავეების დასჯის სანაცვლოდ – იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.
  4. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია – პრივილეგიების და უსამართლობის დაცვაა, რაც გამოვლინდება კაპიტალისტურ კანონებში. სახელმწიფო, როგორც კლასობრივი დომინაციის იარაღი, ქმნის კანონებს. კაპიტალისტურ სამყაროში კი არსებობს ერთი „ოქროს წესი“ : წესებს ადგენს ის, ვისაც აქვს ოქრო. რაც შეეხება კანონის წინაშე თანასწორობას – კაპიტალისტური დემოკრატიის მთავარ საყრდენს – ზემოთხსენებული „ოქროს წესიდან“ გამომდინარე, არავის არ უნდა გაუჭირდეს იმის მიხვედრა, თუ ვის ინტერესებს ემსახურება ოქროს მფლობელთა შექმნილი კანონები. თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთ თქმულს, ნათელი გახდება, რომ ეს კანონები საერთოდ არ გვაძლევს ხელს ჩვენ -დაქვემდებარებულთა პოზიციაში მყოფთ, რადგან ისინი იცავენ და ემსახურებიან პრივილეგირებულებს, რაც საბოლოოდ, განამტკიცებს ერთი კლასის დომინაციას მეორეზე.
  5. კაპიტალისტური დემოკრატია შემოიფარგლება კაპიტალისტური კანონების პარადიგმებით და მოქმედებს მხოლოდ მათ საზღვრებში. როდესაც ჩვენ მივდივართ საარჩევნო ურნასთან, არჩევანის გაკეთება გვიწევს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა იდეოლოგიები არ უარყოფს ერთი კლასის მეორეზე ბატონობას და უშვებს დაქირავებულ მონობას. არცერთი კანდიდატი არ დავობს იმაზე,რომ კაპიტალისტებმა ექსპლუატაცია უნდა გაუწიონ პროლეტარიატს და ყველა თანხმდება, რომ დაქირავებული შრომა – სამართლიანია და სულაც არაა მონობა.
    შესაბამისად, არჩევნების გზით ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ .დაქირავებული მონობა, კაპიტალიზმის მიერ წარმოქმნილი უკიდურესი სიღატაკე; არ შეგვიძლია უარვყოთ ყველა ის ეთიკური, მორალური, სოციალური, ეკოლოგიური მსხვერპლთშეწირვა, რომელსაც კაპიტალიზმის წმინდა სახარება ქადაგებს; ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ სისტემა, რომელიც მხოლოდ მანამდე აღიარებს ადამიანის უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, სანამ ადამიანს ფულის გადახდა შეუძლია; ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ პატრიარქატი და დაკანონებული რასიზმი; ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ იმპერიალისტური ომები, რომლებიც ვითომ დიქტატურის და ტერორიზმის წინააღმდეგაა მიმართული, სინამდვილეში კი ნავთობის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს. ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ კორპორაციები, კერძო საკუთრება და ა.შ.. ჩვენ არჩევნების გზით შეგვიძლია ავირჩიოთ ჯოხი – მარჯვნიდან ან სტაფილო – მარცხნიდან – ორივე შემთხვევაში მონობა მაინც გაგრძელდება.

თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს, შესაძლებელია გავაკეთოთ მხოლოდ ერთი დასკვნა : კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან , ყოველი მათგანი იზიარებს სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა, მაგალითად დაქირავებული შრომის არსებობის აუცილებლობა. შესაბამისად, კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს
შეზღუდულ „მენიუს“, ე.ი. გვიქმნის არჩევნის თავისუფლების ილუზიას, ანუ, თავისუფლების ილუზიას. კაპიტალისტური დემოკრატია რამდენიმეპარტიიანი ცირკია, რომელშიც ერთ პარტიას მხოლოდ იმიტომ ვაძლევთ ხმას, რომ მეორე პარტიისთვის ხმის მიცემით დავიღალეთ.

კაპიტალისტური დემოკრატია ჩვენთვის არასდროს არ გაამართლებს, რადგან ის შექმნილია მმართველი კლასის მიერ და მათივე ინტერესებს ემსახურება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება, დავივიწყოთ ლიდერების და მმართველების ბავშვური რწმენა და გადავეჩვიოთ დირექტივების მიღებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, დამოუკიდებლობა, ჩვენ ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ უკეთესი მომავალი – არაიერარქიულ პრინციპებზე მდგარი საზოგადოება. ესაა ერთადერთი გზა კაპიტალიზმის და მთელი არსებული სისტემის უსამართლობის დასამარცხებლად და ჩვენთვის სასურველი მომავლის შესაქმნელად.

წყარო: http://libcom.org/library/capitalist-democracy-illusion-choice

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.