დევიდ გრებერი – აბსურდული სამუშაოების ფენომენზე

OLYMPUS DIGITAL CAMERA1930 წელს, ჯონ მეინარდ კეინზის პროგნოზის მიხედვით, საუკუნის დასასრულს ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდებოდა, იმისათვის რომ დიდი ბრიტანეთისა და შტატების მსგავს სახელმწიფოებს 15 საათიანი სამუშაო კვირისთვის მიეღწიათ. ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმის დასაჯერებლად რომ ის მართალი იყო. დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენთვის ეს სავსებით შესაძლებელია. და ამის მიუხედავათ, ეს ასე არ მოხდა. ნაცვლად ამისა, სწორედ ტექნოლოგიებმა შექმნა პირობები, იმისთვის რომ ყველამ უფრო მეტი იმუშავოს. ამის მისაღწევად საჭიროა შეიქმნას უმიზნო სამუშაოები. ევროპაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, უამრავი ადამიანი მთელს თავის სამუშაო დროს ხარჯავს ისეთ საქმიანობაში, რომლის შესრულების საჭიროებასაც ის ვერ ხედავს. ეს სიტუაცია მათთვს იწვევს ღრმა მორალურ და სულიერ ზიანს. ეს არის ჭრილობა ჩვენს კოლექტიურ სულზე. თუმცა ამაზე ფაქტიურად არავინ საუბრობს.

რატომ არ ასრულდა კეინზის დაპირებული უტოპია, რომელსაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში ელოდნენ? დღეს ამაზე ტიპიური პასუხი არის, რომ მან ვერ წარმოიდგინა კონსუმერიზმის მასიური ზრდა. ნაკლებ სამუშაო საათსა და მეტ სათამაშოს და სიამოვნებას შორის არჩევანში, ჩვენ კოლექტიურად ავირჩიოთ უკანასკნელი. ეს წარმოადგენს ლამაზ მორალურ ზღაპარს, მაგრამ სულ ერთი წამი დაფიქრებაც კმარა, რომ მივხვდეთ – ეს არ შეიძლება მართალი იყოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ წარმოიშვებოდა მრავალი ახალი სახის სამუშაო და ინდუსტრია 20იანი წლებიდან, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა იყო დაკავებული სუშის, აიფონების ან ლამაზი კედების პროდუქციით და დისტრიბუციით.

რას წარმოადგენენ ზუსტად ეს ახალი სამუშაოები? ნათელ სურათს გვაძლევს უახლესი ანგარიში, სადაც შედარებულია დასაქმება ამერიკაში 1910-სა და 2000-ს წლებს შორის. გასული საუკუნის განმავლობაში, შიდა მოსამსახურეთა რიცხვი ინდუსტრიაში და სამეურნეო სექტორში მკვეთრად დაეცა. ამავე დროს, “სპეციალიზებულ, მენეჯერულ, საკანცელარიო, გაყიდვების და მომსახურების” სფეროში მომუშავეთა რიცხვი გასამმაგდა(ერთი მეოთხედიდან მთლიანი დასაქმების სამ მეოთხედამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაპირებისამებრ, მწარმოებლური სამუშაო მეტწილად ავტომატიზირებული გახდა(თუ ჩავთვლით ინდუსტრიულ მუშებს გლობალურად, მძიმე სამუშაოს შემსრულებლებითურთ ინდოეთიდან და ჩინეთიდან, მიუხედავად ამისა ასეთ მუშათა რიცხვი აღარ არის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის იმხელა პროცენტი, როგორც ეს აქამდე იყო ხოლმე).

მაგრამ ნაცვლად სამუშაო საათების მასიური შემცირებისა, იმისათვის რომ მსოფლიოს მოსახლეობა განთავისუფლებულიყო და დაკავებულიყო საკუთარი პროექტებით, მიზნებით, სიამოვნებითა და იდეებით, ჩვენ მივიღეთ გაბერვა არა მარტო მომსახურების სექტორის, არამედ შექმნა ისეთი ახალი ინდუსტრიებისა, როგორიც არის მაგალითად ფინანსური სექტორი, ადმინისტრაციული სექტორი, კორპორატიული სამართალი, ჯანდაცვის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსები და საჯარო ურთიერთობები. და ეს რიცხვები კიდევ არ აირეკლავს იმ ადამიანებს ვისი საქმეც ამ ინდუსტრიების ტექნიკური, ადმინისტრაციული მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ან სრულიად ცალკე დამხმარე ინდუსტრიებს (მაგ. სადღეღამისო პიცის კურიერის სერვისი), რომლებიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამდენ დროს ხარჯავს სხვა ინდუსტრიაში მუშაობაზე.

ეს არის რასაც მე გთავაზობთ რომ დავუძახოთ “აბსურდული სამუშაო”.

თითქოს ვიღაც გამიზნულად იგონებს ამ უაზრო სამუშაოებს, რომ ჩვენ ყველანი მუშაობით ვიყოთ დაკავებული. და სწორედ აქ არის საიდუმლო. კაპიტალიზმში ეს არის სწორედ ის რაც არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ძველ არაეფექტურ სოციალისტურ სახელმწიფოში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო და სადაც სამსახური მიიჩნეოდა ღირსეულ და წმინდა მოვალეობად, სისტემა ქმნიდა იმდენ სამუშაოს რამდენიც საჭირო იყო(ამიტომაც საბჭოთა საწყობებში მცირედი ხორცის გასაყიდად სამი მოხელე იყო საჭირო). მაგრამ, რა თქმა უნდა ეს იმ სახის პრობლემაა, რომელიც საბაზრო კონკურენციამ უნდა გამოასწოროს. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ფულის ხარჯვა მუშაკებზე, რომლებიც არ არიან საჭირონი, არის უკანასკნელი რამ რაც მოგებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს. მიუხედავად ამისა, ეს როგორღაც მაინც ხდება.

მაშინ როცა კორპორაციები შეიძლება დაკავებულები არიან შტატების მკაცრი შემცირებებით, გათავისუფლებები უცვლელად ეხებათ იმ ხალხს ვინც ნამდვილად არსებითი სამუშაოთია დაკავებული, როცა არავის შეუძლია ახსნას უცნაური ალქიმია იმისა, თუ როგორ იზრდება ხელფასზე მყოფი საოფისე მუშაკთა რაოდენობა. უფრო და უფრო მეტი დასაქმებული აღმოაჩენს საკუთარ თავს საბჭოთა დასაქმებულის ადგილას, როდესაც ის ოფიციალურად 40-50 საათი მუშაობს კვირაში, რეალურად კი მისი ეფექტური სამუშაო საათი კეინზის ნაწინასწარმეტყველებ 15 საათს არ აღემატება, დანარჩენ თავის დროს კი სამოტივაციო სემინარებზე დასწრებაში ან მათ ორგანიზებაში ატარებს. ან სულაც ფეისბუქის პროფილის განახლებით არის დაკავებული.

ნათელია რომ პასუხი არ არის ეკონომიკური, ის მორალური და პოლიტიკურია. მმართველი კლასი მიხვდა, რომ თავისუფალი დროით აღჭურვილი ბედნიერი და პროდუქტიული მოსახლეობა სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მათთვის(დაფიქრდით რა პროცესები დაიწყო 60იანებში, როდესაც მსგავსი პირობები ახლოვდებოდა). მეორეს მხრივ, იმის შეგრძნება რომ მუშაობა თავისთავად მორალური ღირებულების მქონეა, და რომ ადამიანი არაფერს იმსახურებს თუ კი ის უარზეა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მიუძღვნას რაიმე ინტენსიურ შრომით დისციპლინას, საოცრად მოსახერხებელი გამოდგა მმართველი კლასისთვის.

ერთხელ, ბრიტანეთის აკადემიურ დეპარტამენტებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების უსასრულო ზრდაზე ფიქრისას, მომივიდა ჯოჯოხეთის ერთი შესაძლო ხედვა. ჯოჯოხეთი ეს არის ინდივიდების კრებული, რომლებიც თავიანთი დროის უმეტესს ხარჯავენ სამუშაოზე, რომელიც მათ არც მოსწონთ და არც განსაკუთრებულად კარგად გამოსდით. მათ უთხრეს, რომ ქირაობდნენ მათი შესანიშნავი უნარების გამო დურგლის საქმეში, და შემდეგ აღმოჩნდნენ სიტუაციაში, სადაც უმეტესი მათი დრო თევზის შეწვას ეთმობა. არც ამ დავალების შესრულებაა სინამდვილეში საჭირო, ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის თევზია შესაწვავი. მაგრამ როგორღაც, ყველა ისე შეიპყრო შფოთვამ იმის შესახებ, რომ მათი თანამშრომელი შეიძლება უფრო მეტ დროს ხარჯავდეს დურგლობაზე, და არა მათ საერთო თევზის შეწვის მოვალეობაზე, რომ ცოტა ხანში სამუშაო ადგილი უსასრულო, გამოუსადეგარი ცუდად შემწვარი თევზების გროვებით გაივსო და ეს არის ყველაფერი რასაც კი ვინმე აკეთებს.

მე ვფიქრობ ეს არის ჩვენი ეკონომიკის მორალური დინამიკის ზუსტი აღწერა.

  * * *

მე ვაცნობიერებ რომ ასეთი არგუმენტი დაუყონებლივ გამოიწვევს წინააღმდეგობას: “ვინ ხარ შენ, რომ თქვა რომელი სამუშაოა ნამდვილად ‘აუცილებელი’”? საერთოდაც რა არის აუცილებელი? რა საჭიროა შენი ანთროპოლოგიის პროფესორობა? (და რა თქმა უნდა ბევრი ბულვარული გაზეთის მკითხველი ჩემს საქმიანობას მიიღებს, როგორც განმარტებას იმისა თუ რას ნიშნავს გაფლანგული სოციალური დანახარჯი). და ერთ დონეზე ეს აშკარად მართალია. შეუძლებელია სოციალური ღირებულების ობიექტურად გაზომვა.

მე ვერ გავბედავდი მეთქვა მისთვის, ვისაც სჯერა რომ ის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამის საწინააღმდეგო. მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც თავადვე აღარ სჯერათ თავიანთი საქმის მნიშვნელობა? არც ისე დიდი ხნის წინ ჩემს სკოლის მეგობარს შევხვდი, რომელიც 12 წლიდან აღარ მყავდა ნანახი. გაოცებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ამ შუალედში ის გახდა ჯერ პოეტი, შემდეგ კი სოლისტი როკ ჯგუფში. მოსმენილი მქონდა ზოგიერთი მისი სიმღერა რადიოში და ვერც წარმოვიდგენდი რომ მომღერალი იყო ადამიანი, რომელსაც მე სინამდვილეში ვიცნობდი. ის აშკარად ბრწყინვალე და ინოვაციური იყო, და მისმა შემოქმედებამ მთელს მსოფლიოში უდავოდ მრავალი ადამიანის ცხოვრება გამოაცოცხლა და გააუმჯობესა. თუმცა, რამდენიმე წარუმატებელი ალბომის შემდეგ მან დაკარგა კონტრაქტი, დარჩა ვალებით და ახალშობილი ქალიშვილით, და როგორც თვითონ ამბობს, “გავაკეთე სტანდარტული არჩევანი უამრავი გზააბნეული ადამიანისა: სამართლის სკოლა.” ახლა ის კორპორაციურლი ადვოკატია და ცნობილ ნიუ იორკულ ფირმაში მუშაობს. ის იყო პირველი ვინც აღიარა, რომ მისი სამუშაო უკიდურესი სისულელეა, სამყაროს არაფერს მატებს და მისი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

ჩვენ შეგვიძლია ბევრი კითხვა დავსვათ. დავიწყოთ იმით, თუ რა შეიძლება ვთქვათ ჩვენი საზოგადოების შესახებ, რომელიც წარმოშობს უკიდურესად შეზღუდულ მოთხოვნას ტალანტურ პოეტებზე და მუსიკოსებზე, მაგრამ უსასრულო მოთხოვნას კორპორატიული სამართლის სპეციალისტებზე? (პასუხი: თუ მოსახლეობის 1% ფლობს სიმდიდრის უმეტესობას, რასაც ჩვენ ვეძახით “ბაზარს” აირეკლავს იმას რასაც ისინი ჩათვლიან მნიშვნელოვნად და გამოსაყენებლად, და არა ვინმე სხვა.) მაგრამ უფრო მეტიც, როგორც ჩანს უმეტესი ადამიანი ვინც ამ სამუშაოთია დაკავებული აცნობიერებენ მის აბსურდულობას. სინამდვილეში, არ ვარ დარწმუნებული თუ როდისმე შევხვედრივარ კორპორატიულ ადვოკატს, რომელიც არ ფიქრობდა რომ მისი სამუშაო სისულელეა. და იგივე ეხება თითქმის ყველა ზემოთ ნახსენებ ახალ ინდუსტრიას. არსებობს მთელი კლასი ხელფასზე მყოფი პროფესიონალების, რომლებიც თუ სადმე წვეულებაზე შეხვდებით და ეტყვით რომ აკეთებთ რაიმეს სავარაუდოდ საინტერესოს (მაგალითად ანთროპოლოგიით ხართ დაკავებული), შეეცდებიან საუბარიც კი აირიდონ თავიანთ საქმიანობაზე. ცოტა ალკოჰოლის შემდეგ კი მოჰყვებიან თუ რა უმიზნო და სულელურია სინამდვილეში მათი სამსახური.

ეს ღრმა ფსიქოლოგიური ძალადობაა. როგორ შეიძლება შრომის კეთილშბილებაზე საუბარი, როდესაც ადამიანი მალულად გრძნობს, რომ მისი სამუშაო საერთოდ არ უნდა არსებობდეს? როგორ შეიძლება ამან არ წარმოქნას ძლიერი გრძნობა ბრაზისა და აღშფოთებისა? მაგრამ ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული გენიალობის დამსახურებაა, რომ მისმა მმართველებმა გამონახეს გზა, ისევე როგორც თევზის მწველების შემთხვევაში, რომ უზრუნველყოთ სიბრაზის მიმართვა სწორეთ მათკენ ვინც რეალურად აკეთებს მნიშვნელობის მქონე სამუშაოს. მაგალითად: ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ზოგადი წესი, რომ რაც უფრო აშკარად მომგებიანია შენი საქმე ზოგადად ხალხისთვის, მით ნაკლები შანსია რომ მისთვის გადაგიხადონ. რთულია ობიექტური საზომის პოვნა, მაგრამ ერთი მარტივი გზა აზრის გამოსატანათ იქნება, რომ ვიკითხოთ: რა მოხდება თუ მთლიანი კლასი ამ ადამიანების გაქრება? ვთქვათ ექთნები, მენაგვეები ან მექანიკოსები, რომ გაქრენ შედეგი იქნება წამიერი და კატასტროფის მომტანი. მსოფლიო მასწავლებლებისა და მტვირთავების გარეშე უცბად აღმოჩნდებოდა გასაჭირში. და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების გარეშეც ან სკა მუსიკოსების გარეშე მსოფლიო იქნებოდა ნაკლები. მთლად გასაგები არ არის როგორ დაიტანჯებოდა კაცობრიობა თუკი აღმასრულებელი ხელმძღვანელები, ლობისტები, პიარ მკვლევარები, ტელემარკეტერები, სასამართლოს ბოქაულები ან იურიდიული კონსულტანტები ყველა ერთნაირად გაქრებოდნენ. (ბევრი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერს საგრძნობლად გამოასწორებდა.) თუმცა გარდა ერთ მუჭა კარგად დაფასებული გამონაკლისებისა(ქეიმები), ზოგადი წესი განსაცვიფრებლად კარგად მუშაობს.

კიდევ უარესი ის არის, რომ გაბატონებულია აზრი თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს. ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო ძალა მემარჯვენე ფრთის პოპულიზმის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს, როდესაც გაზეთები აღშფთებით კიცხავენ მეტროპოლიტენის მუშაკებს კონტაქტზე დავის დროს ლონდონის პარალიზებისთვის. თვითონ ფაქტი, რომ მეტროპოლიტენის მუშებს შეუძლიათ ლონდონის პარალიზება აჩვენებს მათი საქმის რეალურ აუცილებლობას, მაგრამ როგორც ჩანს სწორეს ეს აღიზიანებს ხალხს. ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს შტატებში, სადაც რესპუბლიკებებმა წარმატებით შეძლეს აღშფოთების მობილიზება სკოლის მასწავლებლების და ავტო ინსდუსტრიის მუშების წინააღმდეგ(და არა, სკოლების ადმინისტრატორების და ავტო ინდუსტრიის მენეჯერების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად იწვევენ პრობლემებს), თავიანთი სავარაუდოდ გაბერილი ხელფასებისთვის.

თუ ვინმე დაგეგმავდა სამუშაო რეჟიმს, რომელიც სრულყოფილად შეძლებდა მომსახურებოდა ფინანსური კაპიტალის ძალაუფლებას, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გააკეთებდნენ ისენი ამას უკეთესად. ნამდვილი, პროდუქტიული მშრომელები ულმობელად განიცდიან ჩაგვრას და ექსპლოატაციას. დანარჩენი გაყოფილია დატერორებულ შეურაწყოფილ, უმუშევარ ფენად და მეორე უფრო დიდ ფენად, რომელთაც წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც უხდიან არაფრისთვის, თანამდებობებზე, რომლებიც შექმნილია იმისთვის რომ მათ მოახდინონ იდენტიფიკაცია მომავლის პერსპექტივებზე (მენეჯერობაზე, ადმინისტრატორობაზე და ა.შ), მაგრამ ამავე დროს აღვივებს გულისწყრომას ყველას წინააღმდეგ, ვისი საქმეც უდავოდ ფლობს სოციალურ ღირებულებას. ნათელია, რომ სისტემა არასდროს ყოფილა შეგნებულად შექმნილი. ის წარმოიშვა თითქმის საუკუნოვანი მარცხისა და შეცდომისგან. მაგრამ ეს არის ერთადერთია ახსნა, რატომ არ ვმუშაობთ 3-4 საათს დღეში, მიუხედავად ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა.

წყარო: http://bodvebi.wordpress.com/

Facebook Comments