ემა გოლდმანი – ანარქია

ხარ განკიცხული, დაწყევლილი,
შენ არვინ გისმენს,
ჩვენი ეპოქის საშინელი ტერორი შენ ხარ;
“კვდება წესრიგი”, ყოველ წუთას ეს ხმები ისმის,
სიკვდილის, ომის, მკვლელობების მოწმე შენა ხარ!
დაე იყვირონ, არ შესწევთ ძალა ჰპოვონ სიმართლე,
სიტყვების მიღმა სადღაც იქით გადამალული,
სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა მათ არ იციან,
და აგრძელებენ ბრმები ბრმობას ამ სამყაროში.
სიტყვა ნათელი, სუფთა, ძლიერი, ყოვლისმომცველი,
უკვე ნათქვამი და სამიზნე ყველა სიკეთის,
სიტყვა მომავლის, სიმშვიდის სიტყვა, სიტყვა აისის,
იპოვის იგი დღის სინათლეს ქარიშხლის შიშით?
მე ეს არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ეს კარგად უწყის,
ანარქისტი ვარ! მე არვის ვმართავ, და არც არვის დავემონები!

ჯონ ჰენრი მაქქეი

Emma_Goldman_2

ადამიანის ზრდისა და განვითარების ისტორია, იმავდროულად, ყოველი ახალი და ნათელი იდეის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას წარმოადგენს. ტრადიციული ლოგიკიდან
გამომდინარე, ძველი არასოდეს თაკილობს ახლის დასამორჩილებლად სასტიკი და ბინძური იარაღის გამოყენებას. თუმცა, საბოლოოდ, ახალი მაინც იმარჯვებს. პროგრესული იდეების რეალიზება ათას სირთულესთან, სიძნელესთან და მძაფრ განცდასთან არის დაკავშირებული. წამების იარაღები ჯერ კიდევ არსებობს. პატიმრის სამოსი და ხალხის რისხვა სულის
წინააღმდეგ შეთქმულან, ის კი დაუღალავად მიიწევს წინ.
ანარქიზმი სხვა ინოვაციური იდეების ბედს ვერ გაექცევა. იგი, რევოლუციური და უკომპრომისო, უმეცრებასა და ბოროტებას ებრძვის. მას მიზნად სამყაროს რეკონსტრუქცია დაუსახავს, მაგრამ ამავე დროს უწევს იგნორირებულ და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში ყოფნა.

ანარქიზმზე დაუღალავად შეიძლება საუბარი, მას ტომები შეიძლება მიეძღვნას, თუმცა მე ორ ძირითად საკითხს შევეხები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შევეცდები
წარმოვაჩინო ამ მიმდინარეობის უმთავრესი იდეა და არსი.
ანარქიზმთან ურთიერთობაში მისი ოპონენტების მიერ მეტად უცნაური ფენომენი ვლინდება, როდესაც ისინი ამტკიცებენ რომ ეს მიმდინარეობა ყურადღების ცენტრში აქცევს ეგრეთ
წოდებულ ინტელექტსა და უმეცრებას. მაგრამ ეს იმდენად უცნაური არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ურთიერმიმართებაში უნდა განვიხილოთ. გაუნათლებელი მასა არ გამოთქვამს პრეტენზიას განათლებასა და ცოდნაზე. ბავშვის მსგავსად, ის უბრალო იმპულსებით მოქმედებს. “რატომ?~ – “იმიტომ~. გაუნათლებელი ადამიანების პოზიცია ანარქიზმის ისეთივე ყურადღებით მოპყრობას საჭიროებს, როგორც განათლებული კაცისა.

რა იძლევა ანარქიზმის მიმართ გაჩენილი ეჭვის საფუძველს? პირველ რიგში, მისი იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ანარქიზმი მეტად არაპრაქტიკულ იდეოლოგიად
აღიქმება. მეორე, ის ძალადობისა და ნგრევის სიმბოლოდ მიიჩნევა, ამიტომაც საჭიროა, როგორც მდაბალსა და საშიშს, მას წინ აღვუდგეთ, აცხადებენ ზოგიერთები; ასე, რომ
განათლებულიცა და გაუნათლებელი ადამიანიც ყურმოკრული ამბების, ან მცდარი ინტერპრეტაციების მიხედვით მსჯელობს და არა ნამდვილად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ოსკარ უაილდი წერდა, პრაქტიკული მდგომარეობა ან უკვე არსებობს, ან უკვე არსებულ პირობებში ხორციელდება. ანარქიზმის არსი არსებული ცრუ სამყაროს უარყოფაში
მდგომარეობს, და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ისეთი სქემა, რომელიც ეგუება ამ პირობებს, არის არასწორი და გიჟური. პრაქტიკულობის ნამდვილი კრიტერიუმი ის კი ა
არის, რამდენად შეუძლია მას არასწორისა და გიჟურის შენარჩუნება. პირიქით, სქემა პრაგმატულია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მიატოვოს ძველი დაგუბებული ჭაობი, და რამდენად შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს ახალი სიცოცხლე. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ანარქიზმი პრაქტიკულ იდეად იქცევა, ყველა სხვა იდეაზე მეტად ის უწყობს
ხელს არასწორი და გიჟური ცხოვრებიდან წასვლას და მის მაგივრად, ახალი ცხოვრების შექმნასა და შენარჩუნებას.
ანარქიზმის შესახებ შემაშფოთებელი ისტორიები, უცოდინარი ადამიანის ემოციებთან თამაშის მუდმივი წყაროა. ამ დროს ამ ფილოსოფიის ოპონენტები არც ერთ დამაჯერებელ არგუმენტს არ გვთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ანარქიზმი ერთგვარ საფრთხობელად გამოიყენება გაუნათლებელი მასისათვის, ისევე როგორც ბავშვებს აშინებენ შავი მონსტრით, რომელიც ყველაფერს ყლაპავს მის გზაზე. მოკლედ, ის წარმოადგენს ნგრევასა და ძალადობას. ნგრევა და ძალადობა! იცის თუ არა უბრალო ადამიანმა, რომ საზოგადოებაში უმეცრება
წარმოადგენს ყველაზე დიდ ძალადობას, და რომ სწორედ ამ ნგრევის ძალას ებრძვის ანარქიზმი?.. ჩვეულებრივმა ობივატელმა არ იცის აგრეთვე ის, რომ ანარქიზმი, რომელიც ბუნების შვილია, ომს უცხადებს არა სიცოცხლისუნარიან უჯრედებს, არამედ იმ არაჯანსაღ წამონაზარდებს, რომლებიც პარაზიტულად იკვებებიან საზოგადოების ხარჯზე. ის სიბინძურისაგან ათავისუფლებს ნიადაგს და დღენიადაგ ზრუნავს ჯანმრთელი ნაყოფის დამკვიდრებისათვის.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ადამიანის ან იდეების დაუფიქრებლად უკუგდება ან განკიცხვა
გაცილებით ადვილია, ვიდრე მათზე დაფიქრება. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული
გონების “სიზარმაცე” ამ თეზისის სისწორეს ამტკიცებს. თუ იდეებს ჩავუღრმავდებით, თუ მათ წარმოშობასა და მნიშვნელობას შევისწავლით, შესაძლოა, ამისათვის გაგვკიცხონ კიდეც, განაჩენის გამოტანისას კი არაარსებით, ზედაპირულ ცრურწმენებს დაეყრდნონ. ანარქიზმის წყალობით ადამიანი სწავლობს ფიქრს, იძენს კვლევის უნარს, ანალიზს უკეთებს
ყველა წინადადებას. საშუალო მკითხველის გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მე საუბარს ანარქიზმის განსაზღვრებით დავიწყებ. ანარქიზმი: – ადამიანური კანონის მიერ შეუზღუდავი, თავისუფლებაზე დაფუძნებული ახალი ფილოსოფიაა. თეორია, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფოს ყველა ფორმა ძალადობაზე დგას, შესაბამისად, ის არასწორი და ზიანის მომტანი სოციალური მექანიზმია, რომლის არსებობაც არ არის აუცილებელი.

ახალ სოციალურ წესრიგს, რა თქმა უნდა, მატერიალური ბაზა გააჩნია. ანარქისტები ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ბოროტება ეკონომიკური უთანასწორობაა, ისინი ამავე დროს იმას უსვამენ ხაზს, რომ ამ ბოროტების დაძლევა სოციალური ცხოვრების ყველა ფაზის – ინდივიდუალურისა და კოლექტიურის, შინაგანისა
და გარეგანის გათვალისწინებით არის შესაძლებელი.
ადამიანური განვითარების ისტორიის სრულყოფილი შესწავლა ნათელს მოჰფენს ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ ორ ელემენტს. ამ ელემენტთა გაგებას მხოლოდ ახლა
ეყრება საფუძველი. თუ მათ შესაბამის გარემოში მოვათავსებთ, ინდივიდუალურ და სოციალურ ინსტინქტებს შორის ურთიერთმიმართება სრულიად ჰარმონიული იქნება.
ინდივიდსა და საზოგადოებას შორის საუკუნეების მანძილზე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. თითოეული პირველობისათვის იბრძოდა, საკუთარ მნიშვნელობასა და
ღირებულებას წარმოაჩენდა და ერთმანეთის უპირატესობებს ვეღარც კი ამჩნევდნენ.

ინდივიდუალური ინსტინქტები მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის პიროვნული ზრდის, მისწრაფებებისა და სურვილების რეალიზებისათვის, ხოლო სოციალური
ინსტინქტები ურთიერთსიყვარულსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ინდივიდსა და მის გარემომცველ სამყაროს შორის ბრძოლის ახსნა არ არის რთული ამოცანა. პრიმიტიული ადამიანი, რომელსაც თავის გარშემო არსებული სამყაროს შეცნობა ა
ძალუძს, ვერც სამყაროს შეიცნობს. იგი ბრმა და მალულ ძალებზე აბსოლუტურად დამოკიდებულია, ისინი კი მას დასცინიან და ჩაგრავენ. აქედან გაჩნდა ადამიანში რელიგიური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ის თავს ზებუნებრივ ძალებზე დამოკიდებულ ჭუჭყის ლაქად მიიჩნევს და მათი მორჩილი ხდება. ბიბლიური ისტორიები თავისებურად ხსნის ადამიანის ღმერთთან, სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან მიმართებას. მთავარი ლაიტმოტივი ადამიანის არსის ახსნისას იმის მტკიცებაა, რომ ადამიანი არარაობაა, ხოლო ზებუნებრივი ძალები – ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ღმერთი იაჰვე კაცს მხოლოდ სრული მორჩილების შემდეგ იღებს. ადამიანი საკუთარ თავს ვერასოდეს შეიცნობს, მიუხედავად ყველა ამქვეყნიური წარმატებისა. სახელმწიფო, საზოგადოება და ზნეობის კანონები ერთსა და იმავეს იმეორებენ: ადამიანმა შეიძლება მიწიერი დიდების მწვერვალები დაიპყროს, მაგრამ მან არამც და არამც არ უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი.

ანარქიზმი ერთადერთი ფილოსოფიაა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. იგი ხმამაღლა აცხადებს, რომ ღმერთი, სახელმწიფო, და საზოგადოება
არარსებულია, მათი დაპირებები ამაოა, მათი არსებობა ადამიანის დამონებაში მდგომარეობს. ანარქიზმი სიცოცხლის მთლიანობას ქადაგებს, მთლიანობას ბუნებასა და ადამიანში.
ანარქიზმის ფილოსოფია არ უშვებს კონფლიქტს ინდივიდსა და საზოგადოებას შორის.

ადამიანი და საზოგადოება ერთმანეთს ავსებს, აცხადებს იგი. მათ გულსა და ფილტვებს ადარებს. პირველი სიცოცხლის არსია, მეორე კი, არსს აძლიერებს. ინდივიდი საზოგადოების
გულია, სოციალური ცხოვრების მატარებელი; საზოგადოება კი ფილტვია, რომელიც აძლიერებს სოციალურ ორგანიზმებს, ძალას ჰმატებს გულს.

“ყველაზე ღირებული რამ ამ მსოფლიოში, – წერს ემერსონი, – არის მოქმედი სული. მას თითოეული ადამიანი ატარებს. სწორედ მოქმედი სული შეიცნობს ჭეშმარიტებას, გამოხატავს
და ქმნის ახალ ჭეშმარიტებას.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდივიდუალური ინსტინქტი სამყაროს ერთ-ერთ დიდ ფასეულობას წარმოადგენს. სწორედ ნამდვილი სული ხედავს და
ქმნის ჭეშმარიტებას. იგი სოციალური სულის დასაბამია.
ანარქიზმი ადამიანს დამთრგუნველი ფანტომებისაგან ათავისუფლებს. ანარქიზმი ინდივიდუალური და სოციალური ჰარმონიის არბიტრი და საფუძველია. ანარქიზმი ამ
მთლიანობის მისაღწევად ომს უცხადებს ინდივიდისა და საზოგადოების, ინდივიდუალური და სოციალური ინსტინქტების ჰარმონიული შერწყმის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ დამღუპველ გავლენას.

რელიგია ადამიანის გონების საბრძანებელი, საკუთრება, ადამიანის მოთხოვნილებათა საუფლო, სახელმწიფო, ადამიანის ქცევის წარმმართველი, მისი დამონების იარაღი, ერთად
წარმოადგენენ ადამიანის დამონების მყარ საფუძველს და იმ საშინელებებს, რაც ამ დამონებას მოჰყვება. რელიგია! როგორ ბატონობს იგი ადამიანის სულზე, როგორ ანადგურებს მას. ღმერთი ყველაფერია, ადამიანი კი არარაობა, ამბობს რელიგია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ არარაობისაგან ღმერთმა ყველაზე დესპოტური, ტირანული, სასტიკი სამეფო შექმნა, სადაც არარაობა და სიბნელე, ცრემლები და სისხლი მართავს ყველაფერს. ანარქიზმი ადამიანს აამხედრებს ამ შავი ურჩხულის წინააღმდეგ. გაარღვიე გონებრივი ბორკილები,
თვითონ იფიქრე, თვითონ განსაჯე, დასძლიე სიბნელე, ყოველგვარი ბოროტების დასაბამი; აი, რას უნერგავს ანარქიზმი ადამიანებს.

საკუთრების წყალობით ადამიანი იძულებულია უარი თქვას საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. იყო დრო, როდესაც საკუთრება პრეტენზიას “ღვთიურ უფლებაზე~
აცხადებდა. რელიგიის მსგავსად, ის ადამიანს მიმართავდა: “გაწირე და უარყავი საკუთარი თავი, დაემორჩილე! ანარქიზმის სულმა ადამიანს ჰორიზონტები აჩვენა და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზები ასწავლა. ადამიანი აღდგა, მან სინათლეს გაუსწორა თვალი. მან დაინახა საკუთრების გამანადგურებელი ძალა. დღეს ის მზადაა შეებრძოლოს ურჩხულს. “საკუთრება ქურდობაა”, ამბობდა დიდი ფრანგი ანარქისტი პრუდონი, თუმცა ამ ქურდობის ჩადენისას მძარცველს არ ელის რისკი და საშიშროება. ადამიანის აკუმულირებული ენერგიების მონოპოლიზებით, საკუთრებამ მას ხელახლა დაბადების უფლება წაართვა და აქცია ღარიბად და განკიცხულად. ადამიანი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. დღეს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტმა კარგად იცის, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე შრომის ნაყოფიერებამ ნორმალურ მოთხოვნას გადააჭარბა. მაგრამ, რას გულისხმობს ნორმალური მოთხოვნა არანორმალური ინსტიტუტების არსებობის პირობებში? სიმდიდრის მიმართ უდიდესი მადა საკუთრების მიერ აღიარებული ერთადერთი მოთხოვნაა. სიმდიდრე ძალაა. ძალა, რომელიც იმონებს, იმორჩილებს, განკიცხავს. ამერიკა ტრაბახობს თავისი შეუზღუდავი ძალითა და უზარმაზარი ეროვნული სიმდიდრით. რაში სჭირდება ამგვარი ძალაუფლება და სიმდიდრე, თუ მისი მოქალაქეები ლუკმაპურს დაეძებენ? ისინი ჭუჭყსა და ნეხვში ცხოვრობენ და უიმედოთა, უსიხარულოთა, უსახლკაროთა და უმიწაწყლოთა არმიას წარმოადგენენ.

საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ, როდესაც ბიზნესში შემოსავალს დანახარჯები კატასტროფულად აღემატება, საქმე წასულია. დღეს მავანს, ამგვარი ვითარება, ეტყობა, კარგად არ ესმის. წლითი წლობით ადამიანების რაოდენობა იკლებს (ზოგი ომში იხოცება,
ზოგიც შიმშილისაგან “მშვიდობაში”), მცირდება მათი რიცხვიც, ვინც მონაწილეობას სიმდიდრის შექმნასა და დაგროვებაში იღებს. ამერიკას სრული გაკოტრება ემუქრება. განა ეს
დანაშაული არ არის? მუშა მანქანის ნაწილად აღიქმება, მისი ნება და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ფოლადისა და რკინის მბრძანებელს ჩაუგდია ხელში. ადამიანს განა
მარტო თავისი შრომის შედეგს ართმევენ, არამედ მას თავისუფალი ინიციატივის, ორიგინალურობის, ინტერესის ქონის, ახლის შექმნის სურვილს უქრობენ.

ნამდვილი სიმდიდრე, ერთი მხრივ, მშვენიერი ნივთების დაგროვებაში, მეორეს მხრივ, კი მათი თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობაში მდგომარეობს. იგი ისეთი გარემოს შექმნას
გულისხმობს, რომელშიც მშვენიერება გივსებს სიცოცხლეს და გაძლიერებს. მაგრამ, თუ ადამიანი განწირულია, მთელი ცხოვრება ართავდეს ძაფს, მუშაობდეს მაღაროში, აგებდეს
გზებს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ის სიმდიდრეს ვერ შექმნის. სამყარო უსახური და უფერული, ნაცრისფერი და მოსაწყენი ნივთებით აივსება. მათი არსებობა არც სიკვდილია
და არც სიცოცხლე, ისინი ორივესთვის მეტად სუსტები და უსუსურები არიან. ზოგისთვის ეს დიდი მიღწევაა. თუ ამგვარად გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი მონური მდგომარეობა
მეფის მონების ბედზე უარესი გახდება. ცენტრალიზაცია კლავს სილამაზეს, ჯანმრთელობას, ხელოვნებას, მეცნიერებას; ამ ყველაფერს მექანიკურ გარემოში არსებობის უნარი არ შესწევს.
ანარქიზმის უმთავრესი მიზანია ადამიანს მასში არსებული ყველა ლატენტური და ფარული უნარის რეალიზებაში დაეხმაროს, მას თავისუფლება მიანიჭოს. ოსკარ უაილდი
სრულყოფილი პიროვნების განვითარებას მხოლოდ სრულყოფილ და უსაფრთხო გარემოში მიიჩნევს შესაძლებლად. საზოგადოება, რომელშიც ადამიანი თავისუფლად ირჩევს სამუშაოს ტიპს, სამუშაო პირობებსა და თავისუფლად მუშაობს, ადამიანში სრულყოფილი პიროვნების
განვითარებისათვის იდეალურ გარემოდ უნდა მივიჩნიოთ. შრომა შემოქმედებაა, თუ იგი ნებაყოფლობითია. მაგიდის გაკეთება, სახლის აშენება, მიწის დამუშავება თავისუფალ
გარემოში, იგივეა, რაც ხატვა ხელოვანისათვის და აღმოჩენა მეცნიერისათვის – იგივე შემოქმედებაა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ფორმაციის საფუძველი ნებაყოფლობითი
შრომაა, რაც კომუნიზმის პირობებში ვითარდება. ადამიანური ენერგია თავისუფლად უნდა გადანაწილდეს და შემოქმედებითად უნდა დაიხარჯოს. ასე იქმნება ჭეშმარიტი სიმდიდრე და კეთილდღეობა.

ინდივიდუალური და სოციალური თავისუფლების მტრად ანარქისტები სახელმწიფოს მიიჩნევენ. მას ორგანიზებულ ხელისუფლებად ნათლავენ, სახელმწიფოებრივ კანონსაც
უწოდებენ. სახელმწიფოა ადამიანის ქმედების წარმმართველი. რელიგია, როგორც უკვე აღვნიშნე, გონების ბორკილია; საკუთრება ანუ საგანთა მონოპოლიზება, ადამიანის მოთხოვნილებებს იმორჩილებს. სახელმწიფო კი ადამიანის სულს იმონებს, ადამიანს ყოველ ნაბიჯს კარნახობს. “ყოველი სახელმწიფოს არსი ტირანიაა”, აცხადებს ემერსონი. არა აქვს მნიშველობა ხელისუფლება ღვთიურ უფლებას ემყარება, თუ უმრავლესობის მართვას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ინდივიდთა აბსოლუტური დამორჩილება.

რაც შეეხება ამერიკის მთავრობას, დიდი ამერიკელი ანარქისტი დევიდ თორო ამბობდა: “სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ საკუთრება ხელშეუხებლად აქცია, იგი შინაგან ერთიანობას ყოველ ნაბიჯზე კარგავს. მას არ გააჩნია ერთი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და ძალა. კანონი იოტისოდენა სამართლიანობასაც კი არ შეიცავს. კანონის აღმსრულებელი ადამიანები უსამართლობის
აგენტები ხდებიან”.

ასე რომ, სახელმწიფო უსამართლობაა. სახელმწიფო ქედმაღალია და თვითკმაყოფილი. იძლევა ბრძანებებს, ასამართლებს, განაჩენი აღსრულებაში მოჰყავს. ამით კი თავად სჩადის
დანაშაულს. ის ადამიანს თავისუფლებას ართმევს. “სახელმწიფოს ერთადერთი მიზანია იმ მიმართულებების დანერგვა, რომელთა დახმარებით შეავსებს ხაზინას და ამოიღებს
გადასახადებს” – მისი უმაღლესი მიღწევაა კაცობრიობის მექანიკურ მექანიზმად ქცევა. ამგვარ გარემოში კაცობრიობის საუკეთესო და უმშვენიერესი თავისუფლებები, რომელთაც მუდმივი მზრუნველობა სჭირდება, თანდათან ხმება, ჭკნება და შრება. სახელმწიფო საჭიროებს გადასახადების გადამხდელ მანქანას, რომელიც დაბრკოლების გარეშე მუშაობს; ხაზინას,
რომელსაც დეფიციტი არასოდეს აქვს; და მონოტონურ, მორჩილ, უფერულ, უსულო მოქალაქეებს, რომლებიც ცხვრის ფარასავით მიემართებიან ორ კედელს შორის გაჭრილ გრძელ გზაზე.
ცხვრის ფარასაც შესწევს ძალა აღუდგეს სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ ინტრიგებს.

ბაკუნინი სახელმწიფოს ინდივიდუალური და სოციალური თავისუფლებების ხელმყოფად მიიჩნევს. მას მიაწერს სოციალური ურთიერთობების დარღვევას, სიცოცხლის სრულ უარყოფას საკუთარი განდიდების მიზნით. სახელმწიფო პოლიტიკური თავისუფლების სამსხვერპლოა, რელიგიური საკურთხევლის მსგავსად, სადაც ადამიანები წირებიან მსხვერპლად.

ყველა თანამედროვე მოაზროვნე თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო, ორგანიზებული ხელისუფლებაა, და იგი შექმნილია საკუთრებისა და მონოპოლიის დასაცავად. ამ ფუნქციის
აღსრულებაში მას ტოლი არ მოეძებნება.

სახელმწიფოსაგან სასწაულის მომლოდინე, ფაბიანისტური საზოგადოების ერთგული შვილი, მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუც კი იზიარებს იმ აზრს, რომ სახელმწიფოს “უზარმაზარი მანქანა უხეში ძალის გამოყენებით ატყავებს ადამიანებს”. მისი აზრით, სახელმწიფოს არსებობა უნდა შეწყდეს მას შემდეგ, რაც კაცობრიობა სიღარიბის დამარცხებას შეძლებს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ღრმად სწამთ, რომ სახელმწიფო ბუნებით კანონებს ეფუძნება, რომ ის სოციალური წესრიგისა და ჰარმონიის არსებობას უზრუნველყოფს; ამცირებს დანაშაულსა და სიზარმაცეს, ბედოვლათობას. ახლა მე
შევეცდები ეს მოსაზრებები ფართოდ გავშალო.

ბუნებითი კანონის არსებობის პირობებში, ადამიანი თავისუფლად და სპონტანურად შეიგრძნობს თავს გარე ძალებისაგან დამოუკიდებლად, ბუნების მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, ბუნებითი კანონებია კვების, სექსის, სინათლის, ჰაერის მოთხოვნილებები ადამიანში. მათ გამოხატვას სულაც არ სჭირდება მთავრობა, კლუბები, იარაღი, ბორკილები და ციხეები. ამ კანონების მორჩილებას, თუ ამას მორჩილებას დავარქმევთ, მხოლოდ სპონტანურობა და თავისუფალი შესაძლებლობები სჭირდება. სახელმწიფო კი ცხოვრების
პირობად ძალადობას მიიჩნევს. ბლექსტოუნი მართალი იყო, როდესაც აღნიშნავდა, რომ “ადამიანის მიერ შექმნილი კანონები უმოქმედოა, რადგან ისინი ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება”. ვარშავის მოვლენების შემდეგ, როდესაც ათობით ადამიანი გასწირა სახელმწიფომ, ძნელია ისაუბრო მისი ჰარმონიული მართვის სისტემაზე. ტერორისა და მორჩილების წესრიგი ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი. სახელმწიფო კი წესრიგის
მხოლოდ ამგვარ ფორმას იცნობს. ნამდვილ სოციალურ ჰარმონიას, ინტერესების სოლიდარობა განაპირობებს. საზოგადოებაში, სადაც ყველაფერს ის ფლობს და განკარგავს,
ვინც არ შრომობს და, ვინც შრომობს, უქონელია, არ შეიძლება სოციალურ სოლიდარობაზე ვისაუბროთ, მითუმეტეს, სოციალური ჰარმონია წმინდა წყლის მითია ამგვარ ვითარებაში.
სახელმწიფო კი აგრძელებს თავის პოლიტიკას, მეტ პრივილეგიას ანიჭებს ისედაც პრივილეგირებულებს და იმონებს უკვე მონებს. სახელმწიფო მთელი თავისი არსენალით, კანონებით, პოლიციით, ჯარისკაცებით, სასამართლოებით, საკანონმდებლო ორგანოებით, საზოგადოების ყველაზე ანტაგონისტური ელემენტების “ჰარმონიზებას” ახდენს.

დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლის როლი ხელისუფლებისა და კანონის ყველაზე აბსურდულ აპოლოგიად გვევლინება. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო თავად არღვევს კანონებს, გადასახადების აკრეფით ძარცვავს ადამიანებს, ომების წარმოებითა და სიკვდილით დასჯით მკვლელობებს სჩადის, ის ყველაზე დიდი დამნაშავეა. დანაშაულის ენერგიას მიმართულება არა აქვს. ის გზად ყველაფერს ანადგურებს. ადამიანთა უმეტესობა დღეს აკეთებს იმას, რაც სძულს, საბრალო ადამიანებს აგრესია და დანაშაული ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაექცევათ. ამგვარ პირობებში ყოველგვარი კანონი მათში დანაშაულის ჩადენის სტიმულირებას მოახდენს. თანამედროვე ადამიანის უიმედო ყოფა, სიღატაკე, შიში, სულისათვის ბრძოლა დანაშაულსა და დეგრადირებას იწვევს, პეტრე კროპოტკინის სიტყვებში ჭეშმარიტება შეიძლება ვიპოვოთ: “ისინი, რომლებიც ინარჩუნებენ ბალანსს კანონისა და დასჯის მექანიზმების მუშაობით მიღებულ სარგებელსა და გამანადგურებელ ეფექტს შორის; ისინი, რომლებიც მოზღვავებული დანაშაულის შეფასებასა და განსჯას შეეცდებიან დანაშაულის შენიღბვის სურვილით; ისინი, რომლებიც ციხის კედლებში გამოკეტილთა ცხოვრების ამაზრზენობას ვერ ამჩნევენ, საბოლოოდ გვაფიქრებინებენ, რომ სახელმწიფოს მთელი აპარატი უნდა მოისპოს”.

“გაზარმაცებულ” კაცზე კანონის შემაკავებელი ეფექტის შესწავლა ყურადღებასაც კი არ იმსახურებს, მასზე კანონი არ მოქმედებს. თუ საზოგადოებას პარაზიტების ცხოვრების ხარჯებისაგან გავათავისუფლებთ, სიმდიდრის თანასწორად გადანაწილებას შევძლებთ საზოგადოებაში. სიზარმაცე განსაკუთრებული პრივილეგიების, ფიზიკური ან მენტალური ნაკლის შედეგია. წარმოების არაჯანსაღი სისტემის პირობებში წახალისებულია ერთიცა და მეორეც. შრომისადმი ინდიფერენტულობა და შრომის მიმართ დაკარგული სურვილი კი თანამედროვეობის ყველაზე გამაოგნებელი ფენომენია. ანარქიზმი ცდილობს შრომა
უფერულობისაგან იხსნას. ის გართობის, სიძლიერის, მრავალფეროვნებისა და ნამდვილი ჰარმონიის მიღწევის საშუალებად აქციოს, ისე, რომ ყველაზე ღარიბმა ადამიანმაც კი მასში დასვენება და იმედი ჰპოვოს.

ცხოვრების ამგვარად მოწყობისათვის სახელმწიფო მთელი თავისი უსამართლობებით, არბიტრის სტატუსით, ზეწოლის მეთოდებით, უნდა მოისპოს. სოციალური ცხოვრების
საერთო მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, ინდივიდუალური და სოციალური განსხვავებებისა და მოთხოვნილებების მიუხედავად. ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი კანონების დამხობით, ანარქიზმი ცდილობს ინდივიდს თვითპატივისცემა და დამოუკიდებლობა გაუღვიძოს. მხოლოდ თავისუფლებაში სწავლობს ადამიანი თავისუფლებას. იწყებს ფიქრს, მოძრაობას. მხოლოდ თავისუფლებაში აცნობიერებს სოციალური კავშირების მნიშვნელობას, რომლებიც სოციალური ცხოვრების უმთავრეს ნაწილს შეადგენს.

რაც შეეხება ადამიანურ ბუნებას: შესაძლებელია იგი შეიცვალოს? და თუ არა, როგორ გააგრძელებს იგი არსებობას ანარქიზმის პირობებში? საბრალო ადამიანურო ბუნებავ, რამდენი დანაშაულია ჩადენილი შენი სახელით! ყველა სულელი, მეფიდან დაწყებული, უბრალო პოლიციელით დამთავრებული, ბედავს შენზე ისაუბროს. ადამიანური ბუნების სისუსტეებზე იმაღლებენ ხმას “ჭკვიანი” შარლატანები. განა შეიძლება მასზე საუბარი ციხეში დატყვევებული სულისა და დაჭრილი გულის განცდების შეცნობის გარეშე?

ჯონ ბურომ განაცხადა, რომ აბსოლუტურად უსარგებლოა გალიაში გამოკეტილ ცხოველებზე ყოველგვარი ექსპერიმენტული კვლევის ჩატარება. ტყესა და მინდვრებს მოწყვეტილი არსებების ხასიათი, ჩვევები და მადა ტყვეობაში სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. ვიწრო სივრცეში გამომწყვდეული ადამიანის, მუდამ მტირალი ადამიანის შესაძლებლობებზე, განა შეიძლება რამე წარმოდგენა გვქონდეს?
თავისუფლება, ექსპანსია, შესაძლებლობა, მშვიდობა და სიმშვიდე გაგვიკვლევს გზას ადამიანური ბუნების ნამდვილი ხასიათისა და სასწაულებრივი შესაძლებლობებისაკენ.
ანარქიზმი ადამიანის გონების განთავისუფლებას ცდილობს რელიგიისაგან, საკუთრებისაგან მისი სხეულის გამოხსნას ლამობს, ხოლო მისი სულის სახელმწიფოს ჯაჭვებისაგან ხსნას
ესწრაფვის. ანარქიზმი იცავს ინდივიდთა თავისუფალი შეკრების უფლებას, სოციალური სიმდიდრის შექმნის, სიცოცხლისაგან ბედნიერების მიღების სურვილის განხორციელების
მიზნით. ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს დედამიწასთან შეხების უფლება, უნდა შეეძლოს დატკბეს სიცოცხლის მშვენიერებით მისი სურვილების, გემოვნებისა და უპირატესობების
მინიჭების მიხედვით.

ეს ოცნება არ არის. ამ დასკვნამდე მსოფლიოს განათლებული ადამიანები მივიდნენ. თანამედროვე საზოგადოების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ ინდივიდუალური
თავისუფლება და ეკონომიკური თანასწორობა ადამიანში ყოველივე საუკეთესოს განვითარების უპირობო საფუძველია.
რაც შეეხება მეთოდებს: ანარქიზმი, ბევრის წარმოდგენით, მომავლის თეორიაა, რომელიც ღვთიური მისწრაფებების განხორციელების შედეგად იქცევა რეალობად. მაგრამ ის ხომ ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა, ის ხომ ახალ პირობებს ქმნის. ანარქიზმი არ იყენებს რკინის ჯოხის მეთოდს. მეთოდები ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების
მიხედვით მუშავდება, ამ პროცესში ინდივიდუალური და ტემპერამენტული საკითხების გათვალისწინებაც მეტად მნიშვნელოვანია. ტოლსტოის სიმშვიდე სოციალური
რეკონსტრუქციისათვის სხვა მეთოდებს მოითხოვს, ბაკუნინისა და კროპოტკინის ვნებებით სავსე შინაგანი სამყაროსაგან განსხვავებით. რუსეთში სხვა ზომების მიღებაა საჭირო,
ინგლისი და ამერიკა სხვა მიდგომას საჭიროებენ. ანარქიზმი რევოლუციური სულის მატარებელია. ის ამბოხს აწარმოებს ადამიანის განვითარების მტრების წინააღმდეგ.
ანარქიზმი სამხედრო წვრთნისა და უნიფორმის წინააღმდეგია, თუმცა, ამბოხის სულითაა გაჟღენთილი და ბრძოლას უცხადებს ადამიანური ზრდის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ გამოვლინებას. “არჩევნები, – ამბობს თორო, – შაშისა და ნარდის თამაშივითაა, ან მოგივა კამათელი ან არა; თამაშში სარგებელი უნდა ნახოს კაცმა; მაშინაც კი, როდესაც არჩევნებში ხმას სამართლიანობას აძლევს, მისთვის არაფერს აკეთებს.” ეს თოროს ლოგიკაა.

რა აჩვენა პარლამენტარიზმის ისტორიამ? არაფერი დამარცხების გარდა. ხალხისსოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გამოსწორების მიზნით, არც ერთი რეფორმა არ გატარებულა. შრომის პირობების გამოსწორებას მრავალი კანონი ითვალისწინებდა, მაგრამ რა?! თუ ილინოისის მაგალითს ავიღებთ, ყველაზე მეტი კანონი ამ შტატში ქვანახშირის
მოპოვების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა, თუმცა სწორედ ეს სფერო განიცდის უკუსვლას.

მაღაროელთა სოციალური მდგომარეობა უარესდება. ბავშვების შრომის ექსპლოატაცია ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს. აი, რაში გამოიხატება კაპიტალიზმის მიღწევები. ასე აღწევს კაპიტალიზმი თავის ზენიტს. თუ მუშებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები სახელისუფლებო ორგანოებში, რისთვისაც სოციალისტი პოლიტიკოსები იბრძვიან, რა შანსები უჩნდებათ მათ? ადამიანებს აღარაფრის სწამთ, რადგანაც ისინი ყოველთვის მოტყუებულნი რჩებიან. ამის მაგალითი მრავლად გვქონდა. სახელმწიფო თავისი მსახურების ეკონომიკური მბრძანებელია. ხასიათისა და რწმენის სრული დემორალიზაცია მიმდინარეობს. ადამიანებს აბაიბურებენ, ატყუებენ, მათ აღარ სწამთ, მათ ნდობა გაუქრათ პოლიტიკოსების მიმართ. პოლიტიკა სიმუხთლისა და დაბეზღების სფეროდ იქცა.

შეძლებს, თუ არა პატიოსანი ადამიანის გარყვნას პოლიტიკური წისქვილი? შესაძლოა, ვერც კი მოახერხოს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთ ადამიანს შრომის დასაცავად არავითარი
ძალა არ ექნება. სახელმწიფო თავის მსახურთა ეკონომიკური ხელმძღვანელია. კარგ ადამიანებს ისღა დარჩენიათ, შეინარჩუნონ პოლიტიკური რწმენა და დაკარგონ ეკონომიკური
საყრდენი, ან შეეკრან მბრძანებელს. პოლიტიკური არენა ალტერნატივას არ გვიტოვებს.

პოლიტიკური მმართველები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ბატონობას მასების გულებსა და გონებაზე. ანარქისტები კი მათ წინააღმდეგ ილაშქრებენ, ყოველგვარი კანონისა და შეზღუდვის წინააღმდეგნი გამოდიან. როგორც შტირნერი ამბობდა, ადამიანს იმდენი თავისუფლება გააჩნია, რამდენსაც თავად მოინდომებს. ანარქიზმი პირდაპირ მოქმედებას იყენებს, იერიშზე გადადის; კანონის ყოველგვარ შეზღუდვას, ეკონომიკურს, სოციალურსა და
მორალურს უპირისპირდება. მაგრამ ეს დაუმორჩილებლობა არალეგალურია. იგი ინტეგრირებულობას მოითხოვს. მას თავისუფალი, დამოუკიდებელი სულები სჭირდება. ნამდვილ ადამიანებს შესწევს ძალა პირდაპირ იმოქმედონ.
საყოველთაო არჩევნები პირდაპირი მოქმედების გამოვლინებაა. მაგრამ მას ჯერ კიდევ მეფის მანტია აქვს მოსხმული. ამერიკა ჯერ კიდევ ზანგებით ვაჭრობს. ამის გაუქმება პირდაპირი
მოქმედებით არის შესაძლებელი. პროფესიული კავშირები, თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრების გლადიატორები, პირდაპირ მოქმედებას უმადლიან თავიანთ არსებობას. მათ
მთავრობები ებრძვიან. ისინი, რომ შეგუებოდნენ დევნას, წასულიყვნენ კომპრომისზე, დღეს განადგურდებოდნენ. საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, ესპანეთში, ინგლისში პროფესიულმა კავშირებმა თავისუფალი წარმოებისათვის გააჩაღეს ბრძოლა, აჩვენეს მსოფლიოს მუშათა ძალის უზარმაზარი მნიშვნელობა. გენერალი სტრაბი, მუშათა ეკონომიკური აზროვნების საუკეთესო გამომხატველი, დაცინვის ობიექტს წარმოადგენდა. დღეს გამარჯვების მისაღწევად ყველა ამბოხებამ უნდა გაითვალისწინოს სოლიდარული პროტესტის მნიშვნელობა. პირდაპირი მოქმედება ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ინდივიდთა გარემოში უნდა განხორციელდეს. ანარქიზმის უმთავრეს მეთოდს მუდმივი ქმედება და სახელმწიფოს წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა წარმოადგენს ყველგან და ყოველთვის. გამოიწვევს თუ არა ეს რევოლუციას? რა თქმა უნდა. არც ერთი სოციალური ცვლილება რევოლუციის გარეშე არ მომხდარა. ადამიანებმა ან არ იციან თავიანთი ისტორია, ან ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ რევოლუცია აზრის მოქმედებაში მოყვანის შედეგად წარმოიქმნება.
ანარქიზმი აყალიბებს დამოუკიდებელ აზრს და ადამიანის შესაძლებლობებს ფართო ასპარეზს აძლევს. მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, დრამა, ეკონომიკური გაჯანსაღების ყოველი მცდელობა, არსებული უწესრიგობის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნაბიჯი ანარქიზმის სულით არის გაჟღენთილი. ის ადამიანის სუვერენულობის ფილოსოფიაა. ის სოციალური ჰარმონიის თეორიაა. ანარქიზმი უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც სამყაროს განახლებას ისახავს მიზნად. იგი სინათლის დასაბამია.

___________________________________________
თარგმნა შორენა ლორთქიფანიძემ
გამოქვეყნდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა”

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.