ნაწყვეტი ერიკო მალატესტას წიგნიდან – კაფეში

ცნობილი იტალიელი ანარქისტის ერიკო მალატესტას ნაწარმოები სტილისტურად შესრულებულია პლატონის დიალოგების მიბაძვით. დიალოგისა და პოლემიკის მეშვეობით უფრო ცხადი და იოლად აღსაქმელი ხდება როგორც ანარქისტების დღევანდელობისა და მომავალი საზოგადოების მოწყობის ხედვა, ასევე ის ძირითადი დებულებები რომლებსაც მიმართავს ბურჟუაზია არსებული ეკონომიკური ჩაგვრის გასამართლებლად.

წიგნის სრული ინგლისური PDF ვერსია შეგიძლიათ იხილოთ
Errico Malatesta – At the Cafe (1.39 MB)

I

პროსპერი: (მსუქანი ბურჟუა, გაკვრით გაცნობილი პოლიტიკურ ეკონომიკასა და სხვა მეცნიერებებს) აჰა, აჰა, ხო, გავიგეთ ეგ, – მშიერი ხალხი, მეძავი ქალები, ზრუნვის გარეშე დარჩენილი მომაკვდავი, მიტოვებული ბავშვები……….. რამდენი შეიძლება, სულ ერთიდაიგივეზე ლაპარაკობ და საბოლოოდ მოსაწყენი ხდები. მოდი ჯობია დავლიოთ. რათქმაუნდა, არსებობს ათასი ბოროტება დედამიწაზე: შიმშილი, უგუნურება, ომი, დანაშაული, ჭირი.. ეშმაკმაც წაიღოს და რა მერე ? რა შენი საქმეა ეგ?

მიშელი: (სტუდენტი) როგორ თუ რა მესაქმება? აი თქვენ გაქვთ კომფორტული სახლი, გემრიელი საუზმე, თქვენს სამსახურშია მოსამსახურე, აძლევთ უმაღლეს განათლებას თქვენს შვილებს, თქვენი ქალები სუფთა და მოწესრიგებულებია, თქვენ კმაყოფილი ხართ და იქ, თუნდაც დაიღუპოს ქვეყნიერება, მაგრამ თუ თქვენში არსებობს სამართლიანობის გრძნობა, თუ..

პროსპერი: საკმარისია, საკმარისია. გთხოვ ქადაგებების გარეშე. და გთხოვ ძვირფასო, დაივიწყე ეს ტონი. შენ მთვლი გულქვა, სხვისი გაჭირვებისადმი გულგრილ ადამიანად. და სხვათა შორის ჩემი გული ივსება სისხლით (ოფიციანტო, კონიაკი, სიგარა!) ჩემი გული ივსება სისხლით, როდესაც ვხედავ სხვის უბედურებას. მაგრამ დიდ სოციალურ საკითხებში მნიშვნელობა აქვს არა გულს. ბუნების კანონები შეუქცევადია ყველასათვის და პომპეზური ფრაზებითა და ქალური მგრძნობიარობით ისინი არ შეიცვლებიან. ბრძენია ის, ვინც ემორჩილება გარემოებებს, იყენებს ცხოვრებას როგორც შეუძლია და არ დასდევს ქიმერებს.

მიშელი: თქვენ ამბობთ ბუნების კანონებზე?! რა იქნება თუ ღატაკები დაიწყებენ ბუნების ამ განთქმული კანონების ჩასწორებას? არსებობს ხალხი, რომლებსაც დიდად ეპარებათ ეჭვი ამ თქვენი კანონების შეუქცევადობაში..

პროსპერი: კარგად ვიცი რომელ ხალხზეც ლაპარაკობ, ვიცი ვისთანაც მეგობრობ. მაგრამ გთხოვ, გადაეცი ჩემი სახელით მაგ არამზადებს, სოციალისტებს და ანარქისტებს, რომლებსაც ასე დიდად აფასებ, რომ მათ და ყველა იმის წინააღმდეგ ვინც შეეცდება პრაქტიკაში განახორციელოს მათი მავნებელი თეორიები, გვყავს მამაცი ჯარისკაცები და კარგი ჟანდარმები.

მიშელი: ვინაიდან ჯარზე და ჟანდარმებზე გადადიხართ მე ვჩუმდები. ეს იგივეა ჩვენი კამათის გადაწყვეტა მუშტიკრივის მეშვეობით რომ შემოგეთავაზებინათ. მაგრამ თუ თქვენს მარაგში უხეში ძალის გარდა არაფერი არ გაგაჩნიათ, მასზე ზედმეტად დაყრდნობას არ გირჩევთ. ვინაიდან ხვალ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უფრო სუსტი. და რა იქნება მაშინ?

როსპერი: მაშინ დადგებოდა უდიდესი ქაოსის ჟამი, უმდაბლესი ვნებების თარეში, რბევა, ნგრევა, ხანძრები და მრავალი ამდაგვარი, ხოლო შემდეგ ყველაფერი წავიდოდა ძველებურად. შესაძლოა გამდიდრდებოდა რომელიმე ღატაკი, ხოლო რომელიმე მდიდარი გაღატაკდებოდა, მაგრამ ჯამში არაფერი არ შეიცვლებოდა, იმიტომ რომ სამყარო არ იცვლება. გთხოვ, მომიყვანე რომელიმე შენი ანარქისტი-აგიტატორებიდან და გაჩვენებ როგორ გავანადგურებ მას. მათ შეუძლიათ მხოლოდ შენი მსგავსი ჩვილი ბავშვებისათვის სისულელეებით თავის გამოტენა, მაგრამ ნახავ რა დარჩება მათი არგუმენტებიდან თუ საქმეს ჩემთან დაიკავებენ.

მიშელი: კარგი, მოვიყვან ერთ-ერთ ჩემს მეგობარ სოციალ-ანარქისტს. სასიამოვნო და სასარგებლოც იქნება თქვენი კამათის მოსმენა, მაგრამ ჯერ მე მეკამათეთ, მართალია, ჩემი შეხედულებები ჯერ არ არის მთლად გამყარებული, მაგრამ ნათლად ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება არაა მოწყობილი საღი აზრისა და ადამიანური გრძნობის, პრინციპების გათვალისწინებით. თქვენ ისეთი ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ხართ რომ ეს მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს მომნელებელ სისტემას.

როსპერი: რადგან ასე ძალიან გინდა ვიკამათოთ… მაგრამ მე მგონი უკეთესს იზამდი თუ შენი მეცნიერებებით დაკავდებოდი იმის ნაცვლად, რომ გეფიქრა გადაუჭრელ საკითხებზე, რომლებზეც მთელი მსოფლიოს მეცნიერებიც კი თავს იმტვრევენ. დაუფიქრდი, მე ხომ მთელი ოცი წლით შენზე უფროსი ვარ.

მიშელი: ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემზე ოცჯერ მეტი ისწავლეთ. თუ მართლაც ბევრი ისწავლეთ, იმის მიხედვით თუ როგორ აზრებს გამოთქვამთ შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებები დიდად არ გამოგადგათ.

როსპერი: ახალგაზრდავ, უკვე ზედმეტს კადრულობთ!

მიშელი: მაპატიეთ, მაგრამ ნუ მიმითითებთ ყოველ ჯერზე ჩემ ასაკსა და ჟანდარმებზე. მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს არც ბებერი და არც ახალგაზრდა. ისინი ან სარწმუნოა ან არასაკმარისი.

პროსპერი: კარგი, კარგი განაგრძე.

მიშელი: მაგრამ.. მე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხვდები გლეხს რომელიც ხნავს, თესავს, მკის, შრომობს ვენახის ბაღში, აშენებს პირუტყვს არ აქვს არც პური, არც ღვინო და არც ხორცი საკმარისი რაოდენობით. ქვის მთლელს, რომელიც აშენებს სახლებს, არ აქვს თავშესაფარი, სადაც შესძლებდა მოსვენებას, მეწაღეს რატომ აცვია დაგლეჯილი ფეხსაცმელი, რატომ არ აქვს საერთოდ მშრომელებს, ყველაზე აუცილებელიც კი, იმ დროს როდესაც უსაქმურები იხრჩობიან ფუფუნებაში? ვერ ვხვდები რატომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პურის ნაჭერიც კი, როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ოცნებობს და ბედნიერებად მიაჩნია საშუალება დაამუშავოს მიწა. რატომაა ამდენი ქვის მთლელი უსაქმურად, როდესაც უამრავი ადამიანი საჭიროებს სახლს. რატომაა ამდენი მეწაღე, მკერავი და მრავალი სხვა უმუშევრად, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საჭიროებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და პირველადი საჭიროების სხვა ნივთებს? შეგიძლიათ მითხრათ ასეთი რა ბუნების კანონია რომელიც ამართლებს და აწესებს ასეთ წესრიგს?

პროსპერი: არაფერი არ არის უფრო მარტივი და გასაგები. იმისათვის, რომ დაკავდე წარმოებით არ არის საკმარისი მხოლოდ ხელები, ასევე აუცილებელია ინსტრუმენტები, მიწა, საჭიროა მასალა, შენობა, მანქანები, ბოლოსდაბოლოს საჭიროა სახსრები ცხოვრებისათვის, რათა გქონდეს საშუალება დაელოდო სანამ პროდუქცია დამზადდება და გასაღდება – ერთი სიტყვით საჭიროა კაპიტალი. ხოლო შენი მუშები და ხელოსნები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ ხელები ვერ შეძლებენ მათ საქმეში გამოყენებას თუ ამას მიწისა და ქარხნების მფლობელები არ მოინდომებენ. ჩვენი, კაპიტალისტების რიცხვი მცირეა. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს საკმარისი თანხები რათა, დავტოვოთ გარკვეული დროის განმავლობაში მიწა დაუმუშავებელი, ხოლო კაპიტალი გამოუყენებელი, მუშები კი ბევრია და ისინი თითქმის სულ უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან – სწორედ ამიტომ ისინი სიამოვნებით კიდებენ ხელს ყველა საქმეს, რომელსაც შევთავაზებთ და იმ პირობებით რომლების შეთავაზებაც მოგვესურვება. როდესაც ბაზარზე არსებული პირობების გამო მათ შრომას აღარ მოაქვს საკმარისი მოგება, ჩვენ ვამცირებთ წარმოებას და მუშებს უხდებათ უმუშევრად ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საჭიროებენ იმ პროდუქტს, რომლის წარმოებაც ჩვენ შევამცირეთ. რას იტყვი ამაზე? იმედია ეს დღესავით ნათელია?

მიშელი: გასაგებია, რაღა უნდა ვთქვათ, მაგრამ რა საფუძველზე უკუთვნის მიწა მხოლოდ რამოდენიმე პირს? რატომ არის კაპიტალი თავმოყრილი უმცირესობის ხელში და სწორედ იმათ ხელში ვინც არ შრომობს?

როსპერი: ყველაფერი წინასწარ ვიცი რისი თქმაც შეგიძლია ამის თაობაზე. ასევე ვიცი ის არადამაჯერებელი არგუმენტები, რომლითაც აპელირებენ ჩემს მდგომარეობაში: საკუთრების უფლება, დაფუძნებული მიწის გაუმჯობესებაზე, კაპიტალის წარმოქმნა პირადი ქონების დაგროვებით და ასეთები, მაგრამ მე უფრო გულწრფელი ვიქნები. მდგომარეობა, რომელიც ეხლა არსებობს არის ისტორიის რეზულტატი. ადამიანის განვითარების შედეგი. ადამიანის მთელი ცხოვრება იყო, არის და იქნება გაუთავებელი ბრძოლა. ზოგიერთი გამოდის ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, სხვები დამარცხებული. რაღა უნდა ვქნათ. მით უკეთესი ერთისთვის, მით უარესი მეორესათვის. Vae victis! აი ეს არის ბუნების დიადი კანონი, რომელსაც არ დაემორჩილო – შეუძლებელია.
ჩემგან რაღა გინდა? რომ უარი ვთქვა ყველაფერზე რაც მაქვს, რათა ჩავვარდე გაჭირვებაში და მივცე სხვებს საშუალება გაფლანგონ ჩემი ფული?

მიშელი: დავუშვათ მე ეს არ მსურს, მაგრამ დაფიქრდით: რა იქნება თუ მუშები გაიზიარებენ თქვენს იდეებს, რომ ცხოვრება არის ბრძოლა და სამართალი იქ სადაც ძალაა, – მოინდომებენ ისარგებლონ თავისი რიცხობრივი უპირატესობით, ვის ხელში აღმოჩნდება მიწა და კაპიტალი და ვინ გვიკარნახებს მაშინ კანონებს?

პროსპერი: ჰო, მაშინ რათქმაუნდა, უფრო ძნელი იქნება გარკვევა, მაგრამ მაგაზე სხვა დროს დავილაპარაკოთ, დღეს კი თეატრში მივდივარ. შეხვადრამდე!

II

ამბრუაზი (სასამართლოს თავმჯდომარე): მოხარული ვარ თქვენი ნახვით ბატონო პროსპერ და საშუალებით გავაბა თქვენთან მეგობრული საუბარი. აი, ის საღამო, როდესაც თქვენ ეკამათებოდით იმ ქარაფშუტა მიშელს, არ მინდოდა ჩავრეულიყავი საუბარში. მაგრამ, ძვირფასო მეგობარო თქვენი პოზიციის დაცვის რა საშინელი მანერა გაქვთ! შეიძლება გეფიქრათ, რომ თქვენ თვითონ ხართ ანარქისტი.

პროსპერი: განა მასეა! ვითომ რატომ?

ამბრუაზი: იმიტომ რომ თქვენ ძირითადად აწვებოდით იმ აზრს, რომ დღევანდელი სოციალური წყობა დამყარებულია ძალაზე. ამბობდით რა ასე თითქოს თქვენ ეთანხმებოთით იმათ, ვისაც ძალის მეშვეობით სურთ ამ წყობის ჩამონგრევა. ხოლო უმაღლესი პრინციპები, რომლებიც მართავენ ცივილიზებულ საზოგადოებებს: სამართალი, მორალი, რელიგია, – განა არ უწევთ ანგარიშს მათ?

პროსპერი: აჰა, რათქმაუნდა თქვენ ყოველთვის პირველ პლანზე უმაღლესი პრინციპები გაქვთ – პროფესია გავალდებულებთ. მაგარამ იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მთავრობა დააკანონებს კოლექტივიზმს, თქვენ ისევე მარტივად ჩასვამთ ციხეში კერძო საკუთრების მომხრეებს როგორც ეხლა იჭერთ ანარქისტებს,- და ყველაფერი ეს უმაღლესი პრინციპების, მარადიული განუყოფელი სამართლისათვის. ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ ერთსა და იმავე მცნებებს: თქვენ ამბობთ – სამართალი; მე ვამბობ ძალა. მაგრამ საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ვაჟკაც-ჟანდარმებს და მართალი იქნება ის, ვის მხარეზეც იქნებიან ისინი.

ამბრუაზი: საკმარისია ბატონო პროსპერ. არაჩვეულებრივია, როგორ გიყვართ სოფიზმში გადასვლა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი არასასიამოვნო შთაბეჭდილება გექმნება, როდესაც ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ- საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი – და საუბრობს წესრიგის უბოროტესი მტრების სიტყვებით. დამიჯერეთ უნდა დავძლიოთ ერთმანეთთან კამათის ეს სულელური ჩვევა, განსაკუთრებით სახალხოდ: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ არსებული წყობა, რომელიც მერყეობას იწყებს ჩასახული სოციალური მოძრაობისაგან. აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ინტერესები, რომლებსაც ხიფათი ემუქრება.

პროსპერი: ნამდვილად აუცილებელია გავერთიანდეთ, მაგრამ თუ არ მივიღებთ ენერგიულ ზომებს, რათა ერთი ხელის მოსმით ჩავკლათ ლიბერალური დემაგოგია, ისე ეს არაფერს არ მოგვიტანს.

ამბრუაზი: რათქმაუნდა საჭიროა მკაცრი ზომები, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. შეუძლებელია ჩვენს დროში მორჩილების ქვეშ ამყოფო გამოღვიძებული ხალხი მარტო შიშველ ძალაზე დაყრდნობით. პროპაგანდის მეშვეობით საჭიროა პროპაგანდითვე ბრძოლა: უნდა ვეცადოთ ხალხი დავარწმუნოთ, რომ სამართალი ჩვენს მხარესაა.

პროსპერი: ძნელია წარმოიდგინო უფრო დამღუპველი შეცდომა! მეგობარო, ჩვენი საერთო ინტერესების ხათრით გთხოვ თავი აარიდე პროპაგანდას! ეს ძალიან საშიში საქმეა, კონსერვატორების ხელშიც კი, და თქვენი პროპაგანდა წყალს მხოლოდ სოციალისტების, ანარქისტების და მასეთი ხალხის წისქვილზე დაასხავს. მიდით დაარწმუნეთ მშიერი ადამიანი, რომ ის სამართლიანად შიმშილობს მითუმეტეს თუ თვითონ აწარმოებს უხვად იმ პროდუქტს, რომელზეც მას ხელი არ მიუწვდება. სანამ მისი აზრი ამაზე არ გაჩერდება ის მადლობას უხდის ღმერთს და პატრონს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო უარესად არ მიდის, ჩვენთვის ესეც საკმარისია. მაგრამ იმ წუთიდან როდესაც ის იწყებს ფიქრს მის მდგომარეობაზე, ყველაფერი დასრულებულია: ის ჩვენი შეურიგებელი მტერია.

დიახ საჭიროა თავი ავარიდოთ ყოველგვარ პროპაგანდას და ზეწოლა მოვახდინოთ პრესაზე იმის გაუთვალისწინებლად რამდენად კანონიერია ეს.

ამბრუაზი: მგონი სწორს ამბობთ.

პროსპერი: კავშირების დახურვა, შეკრებების დარბევა, ყველას გადასახლება ვინც ფიქრობს..

ცეზარი (მეწარმე): ჩუმად, ჩუმად, ნუ გაცხარდებით.. გაიხსენეთ რამდენი ქვეყნის მთავრობამ იმოქმედა მსგავსი მეთოდით და ამით მხოლოდ დააჩქარათავისივე ვარდნა..

ამბრუაზი: ჩუმად, აი მოდიან მიშელი და ანარქისტი, რომელსაც შარშან ექვსი თვე მივუსაჯე ანტისამთავრობო ლოზუნგების გავრცელებისათვის. ჩვენს შორის რო დარჩეს ლოზუნგები არ არღვევდა კანონით დადგენილ ნორმებს, მაგრამ მასში შევამჩნიე დანაშაულებრივი განზრახვა. ხომ გესმით ჩემი!? საზოგადოებამ ხომ უნდა დაიცვას თავი..

მიშელი: გამარჯობა ბატონებო. გაიცანით ჩემი მეგობარი, ანარქისტი, რომელმაც მიიღო ბატონი პროსპერის გამოწვევა ესაუბრა მასთან იმ საღამოს გაჟღერებულ თემაზე.

პროსპერი: რომელი გამოწვევა!? კამათობენ არაფერზე მეგობრულ წრეში დროის მოსაკლავად. ე.ი. გინდათ განგვიმარტოთ თუ რა არის ანარქიზმი, რომლის არსიც ვერაფრით ვერ გავიაზრეთ.

ჯორჯი (სოციალისტ-ანარქისტი): მე არ გახლავართ ანარქიზმის პროფესორი და ლექციების კითხვას არ ვაპირებ, თუმცა შემიძლია ჩემი შეხედულებების დაცვა. (დამცინავი ტონით მიმართა ამბრუაზს, სასამართლოს წარმომადგენელს) თქვენთვის, ჩემო ბატონო, ეს საგანი კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ცნობილი ვიდრე ჩემთვის. თქვენ ხომ ამდენი ანარქისტი გამოკეტეთ ციხეში! ხოლო ვინაიდან თქვენ წესიერი ადამიანი ხართ, სავარაუდოდ სანამ გაასამართლებდით რაიმე სწავლებისათვის, საფუძვლიანად გაეცანით მას.

ცეზარი: პიროვნებებს თავი დავანებოთ, ჩვენ გვსურს უფრო ახლოს გავეცნოთ ანარქიზმს.

ჩემი მხრიდან მეც ვაღიარებ, რომ შექმნილი მდგომარეობა ცუდია და საჭიროა ცვლილებების შეტანა, მაგრამ არ არის საჭირო გაუთავებელი ოცნება და განსაკუთრებით არ გვჭირდება ძალადობა. რათქმაუნდა, მთავრობამ უნდა იზრუნოს მუშების საჭიროებებზე, დაასაქმოს მუშები, ხელი შეუწყოს მრეწველობას, წაახალისოს ვაჭრობა, მაგრამ..

ჯორჯი: როგორ უხვად დაასაქმეთ საბრალო მთავრობა! პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მუშების ინტერესების დაცვა არ შედის მის ინტერესებში და ეს ცხადია.

ცეზარი: როგორ თუ ცხადია? მართალია მთავრობას ჯერ არ მიუღია თითქმის არცერთი სოციალური რეფორმა, მაგრამ მომავალში უფრო პროგრესულ და უნარიან მინისტრებს შეეძლოთ ბევრი სიკეთე გაეკეთებინათ.

ჯორჯი: არა, ბოროტება არ არის მინისტრებში, არამედ საერთოდ მთავრობაში, როგორიც არ უნდა იყოს ეს მთავრობა, ეხლანდელი, მომავალი თუ წარსული მთავრობა, ყველა მთავრობა ეფუძნება საკუთრებას და შედგება მისი წარმომადგენლებისაგან. როგორ შეუძლია მას იმოქმედოს მუშების ინტერესებში?

მეორე მხრივ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობას მოუნდებოდა გადაეწყვიტა სოციალური საკითხი, მას არ შესწევდა ამის ძალა, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა მდგომარეობს საერთო გარემოებებში, რომლებიც არ შეიძლება განადგურდეს მთავრობის მიერ, ვინაიდან თვითონ წარმოადგენენ ერთ-ერთ მის საფუძველს და ანიჭებენ მას იმ ფორმას, რომელშიც ის ნახულობს გამოხატვას.

სოციალური საკითხის გადაწყვეტისათვის საჭიროა ძირეულად შეიცვალოს მთელი სისტემა, რომლის დაცვაშიც მდგომარეობს სახელმწიფოს ფუნქცია.

თქვენ ამბობთ, – დაასაქმოს უმუშევრები? მაგრამ რა შეიძლება ქნას მთავრობამ თუ სამსახური არ არის? ხომ არ გამოიგონებს უსარგებლო სამსახურებს!? ამასთანავე ვინ აიღებს თავზე მათთვის ანაზღაურების გადახდას? განა მას შეუძლია აიძულოს კაპიტალისტები აწარმოოს ის, რასაც საჭიროებს ხალხი? ეს მეპატრონეთათვის მათი საკუთრების წართმევის ტოლფასი იქნებოდა, ვინაიდან მთავრობას, რომ მისცეს მუშებს მათთვის აუცილებელი პროდუქტი მოუწევს კაპიტალისა და მიწის განკარგვის უფლების მითვისება, რომელიც კაპიტალისტებს ეკუთვნის. ეს იქნებოდა სოციალური რევოლუცია, ბოლო გასწორება წარსულთან, და თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ სანამ თვითნ მუშები არ იზამენ ამას, მთავრობა თავისი ნებით არასდროს არ წავა ამაზე.

თქვენ ამბობთ ააყვავოს მრეწველობა, ვაჭრობა! მაგრამ მთავრობას შეუძლია მხოლოდ წაახალისოს მრეწველობის ერთი დარგი მეორის საზიანოდ. ხელი შეუწყოს ვაჭრობას ერთ ადგილას, მეორე ადგილას მისი ჩაკვლის მეშვეობით, საბოლოოდ ეს უსამართლო ხელშეწყობა შედეგად იღებს მხოლოს ფულის გაფლანგვას, დადებითი შედეგის გარეშე. მთავრობა რომელიც მფარველობს ყველას ერთნაირად არის აბსურდი. ვინაიდან მთავრობა არაფერს არ აწარმოებს და შეუძლია მხოლოდ სიმდიდრის ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება, რომელსაც რათქმაუნდა სხვა აწარმოებს.

ცეზარი: მაგრამ.. თუ მთავრობას არ უნდა და არ შეუძლია არაფრის კეთება, მაშინ სად არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? თუ თქვენ შეძლებთ და მოახდენთ რევოლუციას, თქვენ ხომ ახალ მთავრობას აირჩევთ? ხოლო ვინაიდან თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ყველა მთავრობა ერთნაირად უვარგისია, მაშინ რევოლუციის შემდეგ ჩვენ კვლავ აღმოვჩნდებით იგივე მდგომარეობაში რომელშიც ეხლა ვართ?

ჯორჯი: სწორედ ასეა, ამიტომაც საერთოდ არ გვინდა მთავრობა. ანარქიზმი არის სწავლება საზოგადოების მოწყობაზე მთავრობის გარეშე.

ცეზარი: ეს კი შეუძლებელია. როგორ უნდა ვიცხოვროთ მაშინ? რა მოუვა მაშინ კანონებს და ვინ დაემორჩილება მათ?

ჯორჯი: ვხედავ საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა იმაზე თუ რისი მიღწევა გვსურს ჩვენ. მაშინ რათა დრო არ დავკარგოთ, თქვენი ნებართვით მოკლედ, მაგრამ თანმიმდევრულად გაგაცნობთ ჩვენს პროგრამას. და უკვე შემდეგ გაახმოვანეთ საწინააღმდეგო აზრი. მაგრამ უკვე გვიანია და სხვა დროისათვის გადავდოთ.

Facebook Comments