ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში

Erich_Fromm

    ჩვენ იშვიათად ვხდებით „ყოფნის“ მოდუსს დასავლურ საზოგადოებაში, რადგან ჩვენს საზოგადოებას ძლიერი მიდრეკილება გააჩნია საკუთრების შეძენისა და მოგების მიღებისაკენ. ამის გამო, უამრავი ადამიანი არსებობისათვის ყველაზე მისაღებ და ბუნებრივ პრინციპად, „ფლობას“ მიიჩნევს. ყველაფერი ეს სირთულეებს ქმნის ადამიანების მიერ „ყოფნის“, როგორც ცხოვრების პრინციპის გაცნობიერებაში და იმის შეგნებაში, რომ „ფლობა“ – ცხოვრების მხოლოდ ერთერთი ორიენტაციაა. ამის მიუხედავად ამ ორივე ცნებას ფესვები ადამიანის გამოცდილებაში აქვს გადგმული. არ შეიძლება არცერთი მათგანის, განყენებულად და წმინდა რაციონალურად განხილვა; ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ირეკლებიან და კონკრეტულ ანალიზს მოითხოვენ. შესაძლოა ტექსტში მოყვანილი „ყოფნის“ და „ფლობის“ ყოველდღიური უბრალო მაგალითები, დაეხმარება მკითხველს შეიცნოს არსებობის ამ ორი ალტერნატიული პრინციპის არსი.

ძალაუფლება

    ძალაუფლების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი – „ძალაუფლების ქონის“ და „ძალაუფლებად ყოფნის“ – ორი განსხვავებული შემთხვევაა. თითქმის ყველა ჩვენთაგანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, გვიწევს ძალაუფლების გამოყენება. ბავშვების აღზრდისას, ადამიანები – სურვილის მიუხედავად – ახორციელებენ ძალაუფლებას, იმისათვის რომ დაიცვან ისინი საფრთხისაგან, და მისცენ რჩევები გარკვეულ სიტუაციებში ქცევის შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამაკაცების უმრავლესობისთვის ბავშვებთან ერთად ძალაუფლების ობიექტად ქალიც ითვლება. ბიუროკრატიული, იერარქიულად მოწყობილი საზოგადოების წევრების უმრავლესობა ყოველდღიურად ახორციელებს ძალაუფლებას, გამონაკლისებს მხოლოდ ყველაზე დაბალი სოციალური ფენის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ამ ძალაუფლების განხორციელების ობიექტები არიან.

    ძალაუფლების არსებობის ამა თუ იმ პრინციპთან შესაბამისობაში აღქმის და მისი სრულად გააზრებისათვის, ჩვენთვის აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ სიტყვა „ძალაუფლება“ – საკმაოდ ფართო ტერმინია და ორი განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია: ის შეიძლება „რაციონალური“, ან „ირაციონალური“ იყოს. „რაციონალური“ ძალაუფლება კომპეტენტურობას ეფუძნება; ასეთი სახის ძალაუფლება ხელს უწყობს, მასზე დაყრდნობილი ინდივიდის ზრდას. ირაციონალური კი – ძალიდან გამომდინარეობს და მასზე დაქვემდებარებული ინდივიდის ექსპლუატაციას ემსახურება.

    ყველაზე პრიმიტიულ საზოგადოებებში, იქ სადაც არსებობის ძირითად წყაროს ნადირობა ან შემგროვებლობა წარმოადგენს, ძალაუფლებას ახორციელებს ინდივიდი, რომელიც აღიარებულია სპეციფიური დავალების ყველაზე კომპეტენტურ შემსრულებლად. ის, თუ რა თვისებები უნდა გააჩნდეს ამ ადამიანს, მეტწილად კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული; როგორც წესი, ეს თვისებები მოიცავენ – ცხოვრების გამოცდილებას, სიბრძნეს, დიდსულოვნებას, ოსტატობას, „გარეგნობას“ და უშიშრობას. ამ ტომების უმრავლესობაში, არ არსებობს მუდმივი ძალაუფლება; ის მხოლოდ მაშინ მყარდება, როდესაც მისი გადაუდებელი საჭიროება არსებობს. ან სხვადასხვა სფეროებში არსებობენ ძალაუფლების განსხვავებული წარმომადგენლები: ომის წარმოება, რელიგიის მართვა, კამათების გადაწყვეტა. როდესაც თვისებები და ღირსებები, რომლებსაც კონკრეტული ძალაუფლება ეყრდნობა, ქრება ან სუსტდება, არსებობას წყვეტს თვითონ ძალაუფლებაც. ძალაუფლების მსგავსი ფორმები შეინიშნება, სხვადასხვა სახის პრიმატების ჯგუფებშიც, როდესაც კომპეტენტურობას განსაზღვრავს არა ფიზიკური ძალა, არამედ ისეთი თვისებები, რგორებიცაა – სიბრძნე და გამოცდილება.

ყოფნის“ პრინციპის მიხედვით, ძალაუფლება ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის კომპეტენციას გარკვეულ საკითხებში, არამედ მთლიანად პიროვნების ბუნებას, რომელმაც განვითარებისა და ინტეგრაციის მაღალ დონეს მიაღწია. ეს არიან მაღალგანვითარებული ინდივიდები, რომელთა არსი – უფრო მეტად ვიდრე მათი სიტყვები – გვიჩვენებს როგორი შეიძლება გახდეს ადამიანი. ასეთები იყვნენ კაცობრიობის დიდი განმანათლებლები. მსგავსი ინდივიდები, რომლებიც სრულყოფილებისკენ მიმავალი გზის განსხვავებულ საფეხურებზე იმყოფებიან, მრავლად გვხვდებიან, ყველა კულტურის განვითარების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

    იერარქიულად ორგანიზებული საზოგადოებების ჩამოყალიბებასთან ერთად, რომლებიც მონადირე და შემგროვებელ საზოგადოებებზე გაცილებით დიდ და რთულ სტრუქტურებს ფლობენ, ძალაუფლება, რომელიც ემყარება კომპეტენტურობას, ადგილს უთმობს საზოგადოებრივ სტატუსზე დამყარებულ ძალაუფლებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული ძალაუფლება ყოველთვის არაკომპეტენტურია; ეს ნიშნავს, რომ კომპეტენტურობა აღარ შეადგნს ძალაუფლების განუყოფელ ნაწილს. მონარქის ძალაუფლება, რომლის კომპეტენტურობაც გენების შემთხვევით კომბინაციას ეფუძნება, ან უსინდისო მკვლელის ძალაუფლება, რომელმაც იგი მკვლელობის და ღალატის წყალობით მოიპოვა, ან როგორც ხშირად დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, იმ ადამიანების ძალაუფლება, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებას, საკუთარ ფოტოგენურ გარეგნობას და წინაასარჩევნო კამპანიაში ჩადებული ფულის რაოდენობას უნდა უმადლოდნენ – ყველა ამ შემთხვევაში კომპეტენტურობასა და ძალაუფლებას შორის შეიძლება არანაირი კავშირი არ არსებობდეს.

    მაგრამ, სერიოზული პრობლემები კომპეტენტურობაზე დამყარებული ძალაუფლების პირობებშიც ჩნდება: მმართველი შეიძლება კომპეტენტური იყოს ერთ სფეროში, მაგრამ საერთოდ არ ესმოდეს, მეორე თანაბრად მნიშვნლოვანი, მაგალითად: სახელმწიფო მოხელე შეიძლება ფლობდეს თვისებებს, რომლებიც გამოსადეგია ომის დროს, მაგრამ სრულიად გამოუდეგარი ხდებოდეს მშვიდობაში; ან მმართველმა, რომელსაც საკუთარი კარიერის დასაწყისში კეთილსინდისიერება და სიმამაცე გამოარჩევდა, შეიძლება დაკარგოს ეს თვისებები და ვერ გაუძლოს ძალაუფლების ცდუნებას; სიბერემ და დაავადებებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ სხვადასხვა სახის დეფორმაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პატარა ტომის წევრებისათვის, ბევრად უფრო ადვილია ძალაუფლების მქონე ინდივიდის თვისებების შეფასება, ვიდრე იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ჩვენი სისტემის ფარგლებში არჩევნებზე აძლევენ ხმას, იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი რაც კანდიდატის შესახებ იციან – მისი ხელოვნური სახეა, რომელიც რეკლამისა და პროპაგანდის ოსტატების ხანგრძლივი შრომის შედეგად არის შექმნილი.

    დიდი და იერარქიულად ორგანიზებული საზოგადოებების უმრავლესობაში ხდება – ძალაუფლეიბის გაუცხოვების პროცესი. ძალაუფლების პირველყოფილი კომპეტენტურობის, რეალურობა ან მოჩვენებითობა, სულ უფრო მეტად გადადის მუნდირზე ან წოდებაზე, რომელიც მას განასახიერებს. თუ ძალაუფლებით დაჯილდოვებული ადამიანი, ატარებს მისთვის შესაფერის მუნდირს ან ტიტულს, მაშინ კომპეტენტურობის ეს გარეგანი ნიშნები, ენაცვლებიან რეალურ შინაარსს და მის განმაპირობებელ ნიშნებს. მეფე შეიძლება იყოს გაუნათლებელი და ბოროტი, ანუ ძალაუფლების განსახორციელებლად ყველაზე არაკომპეტენტური ადამიანი; ამის მიუხედავად ის „ფლობს“ ძალაუფლებას. სანამ მას აქვს მეფის წოდება, ითვლება, რომ მას აქვს თვისებები, რომლებიც მას კომპეტენტურად აქცევენ. შიშველიც, რომ იყოს ყველას სჯერა რომ მეფე შესანიშნავად არის ჩაცმული.

    ის რომ ადამიანების უმრავლესობა წოდებებს კომპეტენციის რეალურ ნიშნებად მიიჩნევენ, თავისთავად მისაღები მოვლენა არ არის. ისინი ვინც ფლობენ ძალაუფლების ამ სიმბოლოებს და მათგან სარგებელს იღებენ, ყველანაირად ცდილობენ დაძლიონ მათი ქვეშევრდომების რეალისტური და კრიტიკული აზროვნების უნარი და აიძულონ ისინი ჯეროდეთ ილუზიის. ყველა ვისაც კი უცდია ამისი გაანალიზება, აცნობიერებს მაქინაციების და პროპაგანდის იმ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც ახშობენ კრიტიკულ მსჯელობებს, ცნობილია, როგორი დამჯერი და დამყოლი ხდება გაცვეთილი ფრაზებით მიძინებული გონება, და როგორი უსიტყვოები ხდებიან დამოუკიდებლობა დაკარგული ადამიანები, რომლებიც კარგავენ საკუთარი თვალებისა და საკუთარი აზრის რწმენას. მას შემდეგ რაც იწამებენ ილუზიას, ადამიანები წყვიტავენ რეალობის აღქმას მისი ჭეშმარიტი სახით.

ცოდნის ფლობა და ცოდნა

    „მე მაქვს ცოდნა“ და „მე ვიცი“ – ეს არის ფლობისა და ყოფნის ორი განსხვავებული პრინციპის გამოხატულება ცოდნის სფეროში. ცოდნის ფლობა ნიშნავს – ცოდნის შეძენასა და არსებული ცოდნის შენახვას; ხოლო „ცოდნა“- ფუნქციონალურია და პროდუქტიული ფიქრის პროცესში მონაწილეობს.

ცოდნის“ პრინციპის ყოფნასთან მიმართების გასაგებად, გამოგვადგება ისეთი მოაზროვნეების იდეები, როგორებიც იყვნენ, ბუდა, იუდეველი წინასწარმეტყვეები, იესო, მაისტერ ეკჰარტი, ზიგმუნდ ფროიდი და კარლ მარქსი. მათი აზრით, ცოდნა იწყება ჩვენი უბრალო მგრძნობელობითი აღქმის არასანდოობის გაცნობიერებით, რომ ჩვენი წარმოდგენა ფიზიკური რეალობის შესახებ არ შეესაბამება „ჭეშმარიტ რეალობას“, და უპირველეს ყოვლისა იმისი შეგნებით, რომ ადამიანების უმრავლესობა, სანახევრო ძილის მდგომარეობაში ცხოვრობს და არ იცის იმის შესახებ, რომ დიდი ნაწილი იმისა, რასაც ჭეშმარიტებად და თავისთავად მოცემულობად მიიჩნევენ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომელიც მათი საცხოვრებელი, სოციალური გარემოს სუგესტიური გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. ამრიგად ჭეშმარიტი განათლება ილუზიის დანგრევით იწყება, დიდი იმედგაცრუებით. იცოდე – ნიშნავს შეაღწიო მოვლენის ზედაპირს მიღმა მის ფესვებამდე,მიზეზებამდე; იცოდე – ნიშნავს „ხედავდე“ რეალობას ისეთად, როგორიც არის, ყოველგვარი გაფორმებების გარეშე. ცოდნა – არ ნიშნავს ჭეშმარიტების ფლობას; ეს ნიშნავს შეაღწიო მოვლენების წიაღში და კრიტიკული პოზიციის შენარჩუნებით, აქტიურად უახლოვდებოდე ჭეშმარიტებას.

    მოვლენების სიღრმეში შეღწევის ეს შემოქმედებითი უნარი ასახულია ებრაულ სიტყვაში – jadoa, რაც შეცნობას და ღრმა აბსოლუტურ სიყვარულს ნიშნავს. ბუდა მოუწოდებს ადამიანებს, გაიღვიძონ და განთავისუფლდნენ იმ ილუზიისგან, რომ ნივთების ფლობას ბედნიერებამდე მივყავვართ. იუდეველი წინასწარმეტყველები მოუწოდებდნენ ხალხს, გაიღვიძონ და მიხვდნენ, რომ კერპები რომლებსაც ისინი თაყვანს სცემდნენ, მათივე ილუზორული ქმნილებები იყვნენ. მარქსის თანახმად, ადამიანმა უნდა გაანადგუროს ილუზიები, იმისათვის რომ შექმნას ისეთი პირობები, რომლებშიც ილუზია საჭირო არ იქნება. ფროიდის საკუთარი თავის შეცნობის თეორია, ილუზიის განადგურებაზეა დაფუძნებული, შეუცნობელი რეალობის შეცნობის მიზნით.

    ყველა ამ მოაზროვნეს აწუხებდა კაცობრიობის გადარჩენის საკითხი; ყველა მათგანი აკრიტიკებდა საზოგადოების მიერ მიღებულ აზროვნების სტერეოტიპებს. მათთვის ცოდნის მიზანი – არა აბსოლუტური სანდო ჭეშმარიტების მიღწევაა, რომლითაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, არამედ ადამიანის გონების თვითდამტკიცების პროცესი. არცოდნა იმათთვის ვინც „იცის“, ცოდნის ტოლფასია, რადგან ერთიც და მეორეც შეცნობის პროცესის ნაწილია, თუმცა არცოდნა ამ შემთხვევაში ფიქრზე უარის თქმას არ ნიშნავს. ოპტიმალური ცოდნა – ყოფნის პრინციპის მიხედვით – ეს არის ღრმად ცოდნა, ხოლო ფლობის პრინციპით – მეტი ცოდნის ფლობა.

    არსებული განათლების სისტემა, როგორც წესი, მიმართულია იმაზე, რომ ასწავლოს ადამიანებს ცოდნის, როგორც გარკვეული ქონების შეძენა, რომელიც მეტნაკლებად შეეფერება იმ საკუთრებას და საზოგადოებრივ მდგომარეობას, რომელსაც მათთვის ეს ცოდნა მომავალში უზრუნველყოფს. ადამიანების მიერ მიღებული ცოდნის მინიმუმი, ზუსტად არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ მოცემულობის მიხედვით შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობები. ამის გარდა ყოველი მათგანი იღებს – „ცოდნა ლუქსის“ დამატებით შეფუთვას, რომელიც საკუთარი მნიშვნელობის უფრო სრულფასოვანი შეგრძნებისთვის არის აუცილებელი, ამასთანავე ყოველი შეფუთვის ზომა, მოცემული ადამიანის მომავალ საზოგადოებრივ მდგომარეობას შეესაბამება. სასწავლო დაწესებულებები – ქარხნებს წარმოადგენენ, რომლებიც აწარმოებენ მსგავს შეფუთვებს „მრავალმხრივი“ ცოდნით, თუმცა როგორც წესი თვითონ ისინი ამტკიცებენ, რომ მათი მიზანია – გააცნონ სტუდენტებს კაცობრიობის გონების უმაღლესი მიღწევები. ბევრი უნივერსიტეტი განსაკუთრებულ კრეატიულობას იჩენს, მსგავსი ილუზიების გავრცელების საქმეში. რას არ გვთავაზობენ ისინი ცოდნის ამ „შვედურ სუფრაზე“ – ფილოსოფიიდან და ძველი ინდოეთის ხელოვნებიდან დაწყებული, ეგზისტენციალიზმით და სურეალიზმით დამთავრებული. მოსწავლეებისთვის საკმარისია დააგემოვნონ ყველა ამ კერძის თითო ნაჭერი, იმისათვის, რომ საკუთარი თავი თავისუფლად და უდარდელად იგრძნონ, არავინ ცდილობს ისინი ერთ კონკრეტულ საგანზე შეაჩეროს და არც იმას ასწავლის, რომ წიგნი ბოლომდე დაამთავრონ.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.