ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

წიგნიდან „სიყვარულის ხელოვნება“

Erich_Fromm

პირველყოფილ საზოგადოებაში ადამიანები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს აერთიანებდნენ. კულტურის განვითარებასთან ერთად ჯგუფი გაიზარდა, ის უკვე პოლისის და სახელმწიფოს მოქალაქეებს და ეკლესიის წევრებს აერთიანებს. ყველაზე ღარიბი რომაელიც კი ამაყობდა იმით, რომ შეეძლო ეთქვა: „მე რომის მოქალაქე ვარ“; რომი და იმპერია მისი ოჯახი, სახლი და სამყარო იყო. იგივე მეორდება თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაშიც, სადაც ჯგუფთან გაერთიანება გაუცხოების დაძლევის უმთავრესი საშუალებაა. ეს არის გაერთიანების ტიპი, რომელშიც ინდივიდუალური „მე“-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება და ბრბოსთან კუთვნილება ძირითადი მიზანი ხდება. თუ მე ვგავვარ დანარჩენებს, თუ მე არ მაქვს გრძნობები და ფიქრები, რომლებიც მათგან მანსხვავებენ და თუ ჩვევებით, ჩაცმულობით და განცდებით მიღებულ ნორმებს ვაკმაოფილებ,-მე უსაფრთხოდ ვარ; მე უსაფრთხოდ ვარ მარტოობის საშინელი განცდისგან. დიქტატურა ამას მუქარით და ტეტორით ახერხებს, დემოკრატია – დარწმუნებით და პროპაგანდით. რა თქმა უნდა ამ სისტემებს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს. დემოკრატიაში დაუმორჩილებლობა შესაძლებელია და ხდება კიდეც; ტოტალიტარულ სისტემაში კი მხოლოდ იშვიათი გმირები ბედავენ მორჩილებაზე უარის თქმას. მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, დემოკრატიულ ქვეყნებში მორჩილება საზოგადოებაში ცხოვრების ძირითადი ხერხია. საქმე იმაშია რომ ჯგუფთან გაერთიანების მოთხოვნილება აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს და თუ არ არსებობს სხვა რეალური საშუალებები, მაშინ დამორჩილება საუკეთესო გამოსავალია. მხოლოდ მას შემდეგ რაც ადამიანი გააცნობიერებს რამდენად ღრმა არის გაუცხოებისგან თავის დაღწევის მოთხოვნა, შესაძლებელია სრულად შეიცნო სხვებისგან განსხვავებულად ყოფნის შიში, შიში იმისა რომ ერთი ნაბიჯით მაინც მოშორდე ბრბოს. ხანდახან ეს შიში, დაუმორჩილებლის მიმართ რეალურ საფრთხეში არის რაციონალიზირებული, მაგრამ სინამდვილეში დასავლურ საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მეტად უნდათ იყვნენ მორჩილნი, ვიდრე მათ ამას აიძულებენ. ადამიანების უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს მორჩილების ამ მოთხოვნას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ გემოვნებას და მიდრეკილებებს მისდევენ, რომ ისინი ინდივიდუალისტები არიან და საკუთარ მოსაზრებებამდე ავტონომიური ფიქრის პროცესის შედეგად მივიდნენ, ხოლო ის რომ მათი აზრი უმრავლესობისას ემთხვევა წმინდა წყლის შემთხვევითობაა. ერთსულოვნება – მათი მოსაზრებების ჭეშმარიტების მთავარი დასტურია. ხოლო თუ ადამიანს მაინც აქვს მოთხოვნილება თავი ინდივიდად იგრძნოს, ის ამ განსხვავებას წვრილმანებში აღწევს: წარწერა ჩანთაზე ან მაისურზე, სახელი ბანკის თანამშრომლის პერანგზე, დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტიის წევრობა და განსხვავებული საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრობა – აი რაში გამოიხატება ადამიანების ინდივიდუალიზმი დასავლეთში. სარეკლამო ფორმულა: „არა ისეთი როგორიც სხვებს აქვთ“, თავისთავად მოწმობს განსხვავებულობის მწველ მოთხოვნილებაზე, მაშინ როდესაც სინამდვილეში არანაირი განსხვავებები არ არსებობს.

განსხვავებების გაქრობისკენ მომართული ეს მზარდი ტენდენცია, მჭიდრო კავშირშია თანასწორობის კონცეფციის იმ სახესთან, რომელიც მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებში განვითარდა. რელიგიურ კონტექსტში „თანასწორობა“ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, რომ ყველა ჩვენგანს ერთნაირი ღვთიური არსი გვაქვს და იმას რომ ყველანი ერთი ვართ. ეს მოწმობდა იმასაც რომ ინდივიდებს შორის განსხვავებები პატივისცემას იმსახურებს, თუ ჭეშმარიტია დებულება ჩვენი ერთობის შესახებ, ეს ნიშნავს იმას რომ ყველა ჩვენგანს ერთადერთი და განუმეორებელი არსი აქვს. თანასწორობა ინდივიდუალიზმის განვითარების წინაპირობად მიაჩნდათ ასევე დასავლური განმანათლებლობის ფილოსოფოსებს. როგორც კანტმა ჩამოაყალიბა ეს ნიშნავს, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს საშუალება სხვა ადამიანის მიზნის მისაღწევად, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რადგან თითოეული მათგანი მიზანია და არავითარ შემთხვევაში საშუალება ერთმანეთისთვის. განმანათლებლობის იდეების კვალდაკვალ სხვადასხვა სოციალისტური სკოლის მოაზროვნეები ადგენდნენ თანასწორობას, როგორც ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაციის არარსებობას, იმის მიუხედავად მკაცრია ეს ექსპლუატაცია თუ „ჰუმანური“.

თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში „თანასწორობის“ შინაარსმა ცვლილებები განიცადა. თანასწორობა დღეს ინდივიდუალობა დაკარგული ავტომატების თანასწორობაა. თანასწორობა „ერთობის“ ნაცვლად „ერთნაირობას“ ნიშნავს. ეს არის იმ ადამიანების „ერთნაირობა“, რომლებიც ასრულებენ ერთნაირ სამსახურს, ერთნაირად ერთობიან, კითხულობენ ერთნაირ გაზეთებს და ერთნაირად გრძნობენ და ფიქრობენ კიდეც. ამ თვალსაზრისით ისეთ მიღწევებს, როგორიც არის პროგრესის აშკარა ნიშნად წარმოჩენილი სქესების თანასწორობა გარკვეული ეჭვით უნდა მოვეკიდოთ. ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე რომ მე თანასწორობის მომხრე ვარ; მაგრამ ამ სწრაფვის დადებითმა მხარეებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანონ. ძირითადად ეს განსხვავებების გაქრობისკენ მიმართული ძირითადი ტენდენციის ნაწილია. სქესების დღევანდელი თანასწორობის ფასი ის არის რომ ქალები კაცების თანასწორები, მხოლოდ იმიტომ არიან რომ არ განსხვავდებიან მათგან. დებულებამ – „სულს სქესი არ აქვს“, ყველგან იპოვა გამოყენება. სქესებს შორის განსხვავებები ქრება და მათთან ერთად ქრება ეროტიული სიყვარული, რომელიც ამ განსხვაევბებზეა დაფუძნებული. ქალი და კაცი ერთნაირები გახდნენ იმის ნაცვლად რომ გამხდარიყვნენ თანასწორები, როგორც ორი საპირისპირო პოლუსი. თანამედროვე საზოგადოება ქადაგებს თანასწორობას ინდივიდუალიზმის გარეშე, რადგან საჭიროებს „ატომებს“ რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმისათვის რომ აიძულოს ისინი იმოქმედონ ერთად, როგორც ერთმა მექანიზმმა, ყოველგვარი გაუმართაობების გარეშე; იმისათვის რომ ყველანი ემორჩილებოდნენ ერთ და იგივე ბრძანებებს, მაგრამ ამასთანავე დარწმუნებულები იყვნენ რომ საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობენ. დღევანდელი საზოგადოების განვითარება ითხოვს ადამიანის სტანდარტიზაციას ისევე, როგორც წარმოება პროდუქციისას და ამ უნიფიკაციას დღეს „თანასწორობა“ ქვია. უკვე 3-4 ასაკში ინდივიდი იწყებს მორჩილების სქემის მიხედვით მოქმედებას და შემდგომში უკვე არასდროს არ კარგავს კავშირს ბრბოსთან. მისი დასაფლავებაც კი, რომელსაც ის საზოგადოებაში შესასრულებელ ბოლო საქმედ მიიჩნევს, მიმდინარეობს მიღებულ სტანდარტებთან მკაცრ შესაბამისობაში.

განვიხილოთ თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ის როლი რომელსაც მასში, ერთფეროვანი ჩვეული სამსახური და ერთფეროვანი ჩვეული გართობა თამაშობენ. ადამიანი ხდება ცხრიდან ხუთამდე მჯდომელი არსება. სამუშაო ან ბიუროკრატიული ძალის ნაწილი, კლერკი და მენეჯერი. მას არ ჭირდება ინიციატივის გამოჩენა, მისი დავალებები წინასწარ არის განსაზღვრული სამსახურის ორგანიზების მიერ. იერარქიის სხვადასხვა საფეხურებზე მყოფებს შორისაც კი, მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებებია. ყველა მათგანი ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც ორგანიზაციის მთლიანი სტრუქტურა იძლევა, წინასწარ დადგენილი კონკრეტული სიჩქარით და წინასწარ დადგენილი ხერხით. წინასწარ დადგენილია გრძნობებიც: სიცოცხლის ხალისი, მოთმენა, თავდაჯერებულობა, კეთინლსინდისიერება და სხვებთან ურთიერთობის შესაძლობლობები. სიამოვნებაც არსებული წესრიგის ნაწილია. წიგნებს მკითხველთა კლუბები გვახვევენ, ფილმებს – კინოსტუდიების და კინოთეატრების მფლობელები და მათ მიერვე დაფინანსებული რეკლამა; სხვა ყველაფერიც ასეთივე სტანდარტიზირებულია: საკვირაო გასეირნება, ტელევიზორთან ჯდომა, კარტის თამაში, წვეულებები. დაბადებიდან სკვდილამდე, ორშაბათიდან ორშაბათამდე, დილიდან საღამომდე – ყველა მოქმედება დაპროგრამებულია და არსებულ წესრიგთან შესაბამისობაში სრულდება. როგორ შეიძლება ყოველდღიურობის რუტინის ამ ბადეში მოხვედრილ ადამიანს არ დაავიწყდეს რომ ის ადამიანია, განუმეორებელი ინდივიდუალურობით, რომ მას აქვს ცხოვრების ერთადერთი შესაძლებლობა. ცხოვრების საკუთარი იმედებით და იმედგაცრუბებით, შიშებით და სიხარულით, სიყვარულის ვნებიანი სურვილით და შიშით სიცარიელის და გაუცხოების წინაშე.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.