ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”

…“ფსიქოანალიზის მთავარი მიზანია – საკუთარ თავში ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევაში ადამიანის დახმარება, ეს თერაპიული მეთოდია, რომელიც წარმოადგენს “ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ” თეზისის ემპირიულ დანართს. ჰუმანისტურ რელიგიურ აზროვნებაში და ფსიქოანალიზში ჭეშმარიტების ძიების მოთხოვნილება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევასთან უწყვეტად დაკავშირებულად ითვლება. ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ნებისმიერი ნევროზის საფუძველია: სულიერი ავადმყოფობა ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ ძლევს საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ინფანტილურ შეთვისებადობას. ფროიდი გარდაუვალად თვლიდა იმ დასკვნას, რომ ინცესტუოზური იმპულსები წარმოადგენს ადამიანის ღრმად ფესვგადგმულ ვნებას. მან ეს შთაბეჭდილება გამოიტანა კლინიკური მასალის შესწავლიდან; ინცესტზე ტაბუ დამატებით არგუმენტად გამოდგა ამ თეზისის სასარგებლოდ. თუმცა ფროიდის აღმოჩენის ყველა მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როცა ჩვენ ეს დასკვნა გადაგვაქვს სექსუალური სფეროდან პიროვნებათშორის ურთიერთობებზე. ინცესტის არსი არ მდგომარეობს ერთი ოჯახის წევრებისადმი სექსუალურ სწრაფვაში. ეს სწრაფვა იმ სახით, როგორი სახითაც პოულობენ, არის მხოლოდ ერთ-ერთი გამოთქმა ბავშვად დარჩენის უფრო ღრმა და ფუნდამენტური სურვილისა, ბავშვად, რომელიც იმ მფარველ ფიგურებსაა შეჩვეული, რომელთაგან დედა – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაყოფი დედასთან ერთად და მის ხარჯზე ცხოვრობს; დაბადების აქტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბავშვი დაბადების შემდეგ ჯერ კიდევ ბევრ რამეში დედის განუყოფელი ნაწილია; მისი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის დაბადებას, მრავალი წელი სჭირდება. ეს პროცესი ფაქტიურად მთელი ცხოვრება გრძელდება. ჭიპლარის მოჭრა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქლოგიური თვალსაზრისით – ადამიანის განვითარების დიდი გამოწვევაა და მისი ყველაზე რთული ამოცანაც. სანამ ადამიანი ამ პირვანდელი ძაფებით დედასთან, მამასთან, ოჯახთანაა დაკავშირებული, იგი თავს დაცულად გრძნობს. იგი ჯერ კიდევ ნაყოფია, ვიღაც სხვა აგებს მასზე პასუხს. მას არ სურს “ცალკე” არსებად ყოფნა, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ქმედებებზე, ვალდებული იქნება გამოიტანოს აზრები, “ცხოვრება საკუთარ ხელში აიღოს”. რჩება რა ბავშვად, ადამიანი არა მხოლოდ მთლიანად თავს არიდებს ფუნდამენტურ განგაშს, რომელიც აუცილებლად ჩნდება საკუთარი მე-ს, როგორც დამოუკიდებელი არსების სრული გაცნობიერებისას, არამედ უხარია კიდეც ეს უსაფრთხოება, სითბო და უდავო სიახლოვე; მაგრამ ამის ფასი მაღალია. იგი ვერ ხდება სრულფასოვანი ადამიანი, ვერ ავითარებს გონებისა და სიყვარულის უნარს; იგი დამოკიდებული რჩება და ინარჩუნებს არასიმტკიცის გრძნობას, რომელიც ვლინდება, როგორც კი პირვანდელ ძაფებს გაწყვეტა ემუქრება. მთელი მისი გონებრივი და ემოციური მოქმედებები დაკავშირებულია პირველადი ჯგუფის ავტორიტეტთან; ამიტომ თავისი მრწამსი და ინტუიცია მას არ ეკუთვნის. იგი გრძნობს სიმპათიას, მაგრამ ეს ცხოველური სიმპათიაა, და არა ადამიანური სიყვარული, რომელიც თავისი პირობის სახით ვარაუდობს სრულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

ინცესტუოზურად ორიენტირებულ ადამიანს გააჩნია იმ ადამიანებთან სიახლოვის გრძნობის უნარი, ვისაც იცნობს, მაგრამ არ შეუძლია მჭიდროდ დაუკავშიროს თავი “უცნობს”, ანუ სხვა ადამიანურ არსებას. ასეთ ორიენტაციაში ყველა გრძნობა და იდეა ფასდება არა სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტებისა და სიცრუის, არამედ ნაცნობისა და უცნობის ტერმინებში. როდესაც იესო ამბობდა: “…რადგანაც მოვედი, რომ დავაშორო ადამიანი მამას, ქალიშვილი დედას, და რძალი დედამთილს” (მათე 10:35), იგი არ გულისხმობდა მშობლებისადმი სიძულვილის მცნებას, არამედ ყველაზე არაორაზროვანი და მკვეთრი ფორმით იმ პრინციპს გამოხატავდა, რომ ადამიანმა, რათა ადამიანი გახდეს, უნდა გაწყვიტოს ინცესტუოზური კავშირები და მოიპოვოს თავისუფლება. მშობლებისადმი შეთვისებადობა – ინცესტის ფორმაა; შინაურებისა და ახლობლების სოციალური ევოლუციის პროცესში ყალიბდება ტომი, ერი, რასა, სახელმწიფო, კლასი, პოლიტიკური პარტია, მრავალი ინსტიტუციური ფორმა და ორგანიზაცია. აქ გვხდება ნაციონალიზმის და რასიზმის ფორმებიც, რომლებიც თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის უუნარობას როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების თავისუფალ არსებებად აღსაქმელად.

შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის განვითარება მიმდინარეობს ინცესტიდან თავისუფლების მიმართულებით. ამაშია – ინცესტზე ტაბუს უნივერსალობის ახსნის გასაღები. კაცობრიობა პროგრესირებას ვერ შეძლებდა, თუ ადამიანი არ მოიშორებდა დედასთან, მამასთან და ძმებთან და დებთან სიახლოვის მოთხოვნილებას. ცოლის სიყვარული ვარაუდობს ინცესტუოზური სურვილების დაძლევას, მაგრამ ინცესტზე ტაბუს მნიშვნელობა ამ საზღვრებს შორს სცდება. გონების და ყველა რაციონალური, ფასეული აზრების განვითარება მოითხოვს, რომ ადამიანმა დაძლიოს ინცესტუოზურობა სწორის და არასწორის ნაცნობობაზე დაფუძნებული კრიტერიუმებით. პატარა ჯგუფების გაერთიანება უფრო მსხვილ ჯგუფებად, ამ გაერთიანების ბიოლოგიური შედეგებით, შეუძლებელი იქნებოდა ინცესტზე ტაბუს გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ მიზანი, რომელიც ასე პრინციპულია სოციალური ევოლუციის თვალსაზრისით, დაცული იყო ძლიერი და უნივერსალური ტაბუთი. თუმცა ჩვენ წინ წავიწიეთ ინცესტის დაძლევაში, კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა მასზე გამარჯვებისაგან. ის დაჯგუფებები, რომლებთანაც ადამიანი ინცესტუოზურ კავშირებს გრძნობს, უფრო მეტი გახდა და ადამიანის თავისუფლების სფერო გაფართოვდა, მაგრამ ამ დიდ გაერთიანებებთან კავშირი, რომლებიც წინაპრების კლანს და მიწებს ცვლის, ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. მხოლოდ ინცესტუოზურობის სრული დაძლება შეუწყობს ხელს ადამიანების ერთმანეთთან დაძმობილებას.

დავაჯამოთ შედეგები. ფროიდის მტკიცებას, რომ ოიდიპოსის კომპლექსი, ინცესტუოზურობა “ნევროზის საფუძველია”, დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისათვის, თუ მას გავანთავისუფლებთ ვიწრო ფორმულირებისაგან სექსუალურ ტერმინებში და უფრო ფართოდ გავიგებთ პიროვნებათშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. ფროიდი თვითონაც აღნიშნავდა, რომ გულისხმობს რაღაცას, რაც სექსუალობის სფეროს სცილდება. საქმის არსით, მისი აზრი, რომ ადამიანმა უნდა მიატოვოს მამა და დედა და განვითარდეს, რათა რეალობასთან ჰქონდეს საქმე, მთავარ არგუმენტს წარმოადგენს რელიგიაში “ერთი ილუზიის მომავალში”, სადაც რელიგია კრიტიკას განიცდის იმის გამო, რომ ბოჭავს, დამოკიდებულს ხდის ადამიანს, და არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანმა მიაღწიოს ადამიანური არსებობის უმაღლეს მიზანს – თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

რათქმაუნდა მცდარი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ მხოლოდ “ნევროტიკები” ვერ ახერხებენ თვითემანსიპაციას ამ ამოცანის შესრულებიას, ხოლო საშუალო მისადაგებული ადამიანი აქ წარმატებას აღწევს. პირიქით, ადამიანთა დიდი ნაწილი კარგადაა მისადაგებული სწორედ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ნევროტიკებზე უფრო ადრე და რადიკალურად დანებდნენ. ისინი მთლიანად დაეთანხმნენ უმრავლესობის შეფასებებს, და ამიტომ არ შეეხოთ ის მტკივნეული კონფლიქტი, რომელშიც ნევროტიკი აღმოჩნდა. მართალია ისინი ჯანმრთელები არიან “მისადაგების” თვალსაზრისით, მაგრამ მათი ადამიანური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით ნევროტიკებზე უფრო ავად არიან. ნუთუ შეიძლება მათი გადაწყვეტილება სწორად ჩავთვალოთ? ის სწორი იქნებოდა, ზიანის გარეშე რომ შეიძლებოდეს ადამიანური არსებობის ფუნდამენტური კანონების იგნორირება. მაგრამ ეს შეუძლებელია. “მისადაგებული” ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს ჭეშმარიტების ძიებით და სიყვარულით, დაცულია მხოლოდ აშკარა კონფლიქტებისაგან. თუ მუშაობაში ჩაფლული არ არის, მაშინ უნდა გამოიყენოს ის გზები, რომელთაც ჩვენი კულტურა სთავაზობს მარტოობის მუქარისგან გადასარჩენად, საკუთარი უძლურებისა და ადამიანური სიმწირის უფსკრულის წინაშე.

ყველა დიდი რელიგია იწყებოდა ინცესტზე ტაბუს ფორმულირებით და შემდეგ გადადიოდა თვისუფლების პოზიტიურ ფორმულირებებზე. ბუდა უკიდურესობას მოითხოვს: რათა ადამიანი განთავისუფლდეს ყველა “ჩვეული” კავშირისგან საკუთარი თავისა და თავისი რეალური ძალის მოძებნის გულისთვის. იუდაისტურ-ქრისტიანული რელიგია ასეთი რადიკალური არ არის, მაგრამ არანაკლებ არაორაზროვანია. ედემის შესახებ მითში ადამიანური არსებობა აღწერილია, როგორც სრულიად უსაფრთხო. ადამიანს არა აქვს ცოდნა სიკეთისა და ბოროტების შესახებ, და მისი ისტორია იწყება დაუმორჩილებლობის აქტიდან, რომელიც ამავე დროს არის პირველი ნაბიჯი თავისუფლებისა და გონების განვითარებისკენ. ებრაულმა და განსაკუთრებით ქრისტიანულმა ტრადიციამ ხაზი გაუსვა ცოდვის ელემენტს, მაგრამ იგნორირება გაუკეთა ფაქტს, რომ სწორედ სამოთხის უსაფრთხოებისგან განთავისუფლება წარმოქმნის ჭეშმარიტად ადამიანური განვითარების საფუძველს. “სისხლისა და ნიადაგის” გზების გაწყვეტის მოთხოვნა შეინიშნება მთელ ძველ აღთქმაში. აბრაამს უთხრეს, რომ დაეტოვებინა მისი მიწა და მოგზაური გამხდარიყო. მოსე აღზრდილია უცნობ გარემოში ოჯახისგან და თავისი ხალხისაგან შორს. ისრაელის, – როგორც ღმერთის რჩეული ხალხის, – მისიის პირობა არის ის, რომ იგი ტოვებს ეგვიპტეს და ხეტიალობს უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში. მაგრამ იუდეველები კვლავ იწყებენ მიწის, კერპების და სახელმწიფოს ინცესტუოზურ თაყვანისცემას. წინასწარმეტყველების სწავლებებში ცენტრალური პუნქტია ბრძოლა ინცესტუოზური თაყვანისცემის წინააღმდეგ, ისინი ქადაგებენ მთელი კაცობრიობისთვის საერთო ფასეულობებს, – ჭეშმარიტებას, სიყვარულს, სამართლიანობას, თავს ესხმიან სახელმწიფოს და ელიტებს, რომლებიც ამ ნორმებს არ ახორციელებენ. სახელმწიფო უნდა გაქრეს, თუ ადამიანი აღმოჩნდება მასზე იმდენად მიჯაჭვული, რომ სახელმწიფოს კეთილდღეობა, ძლიერება და დიდება ხდება სიკეთისა და ბოროტების ჭეშმარიტი კრიტერიუმები.

ის იდეა, რომ ადამიანებმა კვლავ უნდა დაიწყონ ხეტიალი და შეიძლება დაუბრუნდნენ თავის მიწას მაშინ, როდესაც მიაღწევენ თავისუფლებას და შეწყვეტენ ნიადაგისა და სახელმწიფო კერპების თაყვანისცემას, არის იმ პრინციპების ლოგიკური კულმინაცია, რომელიც უდევს ძველ აღთქმას და განსაკუთრებით წინასწარმეტყველების მესიანურ კონცეფციას. მხოლოდ ინცესტუოზური კავშირების დაძლევით ადამიანი შეძლებს თავისი ჯგუფებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, მხოლოდ მაშინ შეძლებს საერთოდ მსჯელობას. ჯგუფების უმეტესობა, ეს იქნება პირველყოფილი ტომები, ერები თუ რელიგიები, ზრუნავენ საკუთარ გადარჩენაზე და თავისი ბელადების ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ექსპლუატირებენ მათი წევრების შინაგან მორალურ გრძნობას, მიმართავენ რა მას უცხოელების წინააღმდეგ. მაგრამ ინცესტუოზური კავშირები, რომლებიც ადამიანს აიძულებს, რომ თავის ჯგუფთან იყოს, ჯგუფების მიერ იმისათვის გამოიყენება, რომ დაითრგუნოს მისი მორალური გრძნობა და მსჯელობის უნარი; ასე რომ ადამიანს აღარ შეუძლია თავისი ჯგუფის გაკრიტიკება მორალური პრინციპის დარღვევისათვის.

ყველა დიდი რელიგიის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არღვევენ და რყვნიან თავისუფლების პრინციპებს, როგორც კი ხდებიან მასობრივი ორგანიზაციები, რომელთაც რელიგიური ბიუროკრატია მართავს. რელიგიური ორგანიზაცია და ადამიანები, რომლბიც მას წარმოადგენენ, რაღაც ხარისხით იწყებენ ოჯახის, ტომის და სახელმწიფოს დაკავებას. ისინი ბოჭავენ ადამიანს, იმის მაგივრად, რომ თავისუფალი დატოვონ, და ადამიანი იწყებს არა ღმერთის, არამედ ჯგუფის თაყვანისცემას, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ მისი სახელით ილაპარაკოს. ეს მოხდა ყველა რელიგიაში. მის ფუძემდებლებს მიჰყავდათ ადამიანი უდაბნოში, ეგვიპტიდან შორს, მაგრამ შემდეგ სხვა ბელადებს მოჰყავდათ იგი უკან, ახალ ეგვიპტეში, თუმცა ამ უკანასკნელს აღთქმულ მიწას უწოდებდნენ. მცნება “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (რომაელთა მიმათ 13:8) არის ძირითადი პრინციპი, რომელიც საერთოა ყველა ჰუმანისტური რელიგიისათვის. მაგრამ თუ სიყვარული იმდენად მარტივი რამაა, როგორც ეს ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია, მაშინ რთულია იმის გაგება, თუ რატომ ამბობდნენ კაცობრიობის დიდი სულიერი მასწავლებლები, რომ ადამიანმა უნდა შეიყვაროს. რა არის სიყვარული? დამოკიდებულება, დამორჩილება, მიტოვების უუნარობა, ბატონობა, მესაკუთრეობა და მართვის სურვილი – შედის თუ არა სიყვარულის ცნებაში ეს გრძნობებიც? სექსუალური სიხარბე და მარტოობის ატანის უუნარობა ძალიან ძლიერი სიყვარულის მტკიცებულებებად ითვლება. ადამიანები ფიქრობენ, რომ სიყვარული ადვილია, მაგრამ, რომ იყო საყვარელი ადამიანი – ეს ძალიან რთულია.

ჩვენი საბაზრო ორიენტაციით ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვუყვარვართ, ვინაიდან არასაკმარისად “მიმზიდველები” ვართ, ამასთან მიმზიდველობის ქვეშ გაიგება ყველაფერი – გარეგნობიდან, კაბიდან, ტვინიდან და ფულიდან დაწყებული და საზოგადოებაში მდგომარეობით და პრესტიჟით დამთავრბული. ადამიანებს არ ესმით, რომ რეალური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სიყვარული – ძალზე რთული რამ არის, და რომ თქვენ უყვარხართ, როცა თავად თქვენ გიყვართ; ყველაზე რთულია – სწორედ ნამდვილი სიყვარულის უნარი. ვფიქრობ, რომ სიყვარულის და მისი დამახინჯების ფენომენი შეიძლება ნამდვილად შევისწავლოთ მხოლოდ ანალიტიკური ინტერვიუს დახმარებით. საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ მოთხოვნა “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნორმა და მისი დარღვევა – უბედურების და გონებრივი ავადმყოფობის ძირითადი მიზეზია, სწორედ ფსიქოანალიტიკოსს მოჰყავს. რაზეც არ უნდა ჩიოდეს ნევროტიკი, რა სიმპტომებსაც არ უნდა ავლენდეს – ისინი მომდინარეობს მის მიერ სიყვარულის უუნარობიდან, თუ სიყვარულის ქვეშ ვგულისხმობთ სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვის, პასუხისმგებლობის, პატივისცემის და გაგების გრძნობების განცდის უნარს, იმის სურვილს, რომ ეს სხვა ადამიანები ვითარდებოდნენ.

ანალიტიკური თერაპია არსებითად არის პაციენტისათვის სიყვარულის უნარის შეძენაში ან აღდგენაში დახმარების გაწევის ცდა. თუ ეს მიზანი არ მიიღწევა, ხდება მხოლოდ ყველაზე ზედაპირული ცვლილებები. ფსიქოანალიზი აგრეთვე აჩვენებს, რომ სიყვარული თავისი ბუნებით ერთ ადამიანზე ვერ იქნება ჩაკეტილი. ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარს და არ უყვარს “თავისი მოყვასი”, სინამდვილეში სურს დამორჩილება ან ბატონობა, მაგრამ არა სიყვარული. გარდა ამისა, თუ ვიღაცას მოყვასი უყვარს, მაგრამ საკუთარი თავი არ უყვარს, ეს ამტკიცებს, რომ მოყვასის სიყვარული ნამდვილი არ არის. სიყვარული ეფუძნება განმტკიცებას და პატივისცემას, და თუ ადამიანი ამ გრძნობებს არ განიცდის საკუტარი თავის მიმართ, – მეც ხომ ბოლოს და ბოლოს ადამიანური არსება და მოყვასი ვარ, – ისინი საერთოდ არ არსებობს.

_____________________________
მთარგმნელები: ნინა და მარინა თურმანიძეები

სრული წიგნი გამოცემულია ქართულად

Facebook Comments