ერიხ ფრომი – კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე

Erich_Fromm

კაპიტალისტური საზოგადოება დამყარებულია, ერთის მხრივ – პოლიტიკური თავისუფლების, ხოლო მეორე მხრივ – ბაზრის, როგორც ყველანაირი ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულატორის პრინციპებზე. ბაზარი ადგენს საქონლის საცვლელ ღირებულებას, ხოლო შრომის ბაზარი არეგულირებს სამუშაო ძალის შეძენის და გაყიდვის პრინციპებს. სასარგებლო ნივთები, ისევე როგორც ადამიანის სასარგებლო ძალა და შესაძლებლობები იქცევა საქონლად, რომელიც შემდეგ ყოველგვარი დაძალების და მოტყუების გარეშე, საბაზრო პირობების მიხედვით იცვლება. როგორი სასარგებლო და აუცილებელიც არ უნდა იყოს ნივთი(მაგალითად: ჩექმები), მას არ აქვს არანაირი ეკონომიკური (საცვლელი) ღირებულება, თუ ბაზარზე მასზე მოთხოვნა არ არის. ისევე როგორც ნივთები, ადამიანის ძალები და შესაძლებლობებიც არ ფლობენ ეკონომიკურ ღირებულებას თუ არსებულ ბაზარზე მათზე მოთხოვნა არ არის. კაპიტალის მფლობელს შეუძლია შეიძინოს და მუშაობა აიძულოს ნებისმიერ სამუშაო ძალას. ძალის მფლობელი იძულებულია ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად მიყიდოს კაპიტალისტს საკუთარი შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილისთვის არის განწირული. ეს ეკონომიკური სტრუქტურა ასევე ნათლად არის არეკლილი ფასეულობათა იერარქიაში. ცხადია რომ კაპიტალი განკარგავს სამუშაო ძალას, გამომდინარე აქედან დაგროვებული საგნები – მკვდარი საგნები – უფრო მეტად ფასობენ ვიდრე ცოცხალი შრომა და ცოცხალი ადამიანის შესაძლებლობები.

ასეთი იყო კაპიტალიზმის საწყისი სტრუქტურა. ის ასევე სახასიათოა მისი დღევანდელი სტადიისთვისაც, მაგრამ რამოდენიმე ფაქტორმა ცვლილება განიცადა, რამაც თანამედროვე კაპიტალიზმს გარკვეული სპეციფიური თვისებები მიანიჭა და ღრმა გავლენა მოახდინა თანამედროვე ადამიანის ხასიათის სტრუქტურაზე. ჩვენ ვხდებით კაპიტალის არნახული ცენტრალიზაციის და კონცენტრაციის მომსწრეები. დიდი საწარმოები უსასრულოდ იზრდებიან და ანადგურებენ შედარებით პატარებს. კონკრეტულ საწარმოებში ჩადებული კაპიტალის ფლობა, სულ უფრო და უფრო შორდება ამ საწარმოს მართვის იდეას. საწარმოებს ასი ათასობით აქციონერი „ფლობს“, ხოლო რეალურად ძლიერი და კარგად დაფინანსებული ბიუროკრატია მართავს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათ მფლობელობასთან. ეს ბიუროკრატია მოგებაზე მეტად, საკუთარი საწარმოს და ძალაუფლების გაფართოვებაში არის დაინტერესებული. კაპიტალის კონცენტრაციასთან და ბიუროკრატიული მმართველობის განვითარებასთან ერთად ვითარდება მუშათა მოძრაობებიც. პროფკავშირებში გაერთიანების წყალობით, ცალკეულ მუშებს აღარ ჭირდებათ ბაზარზე ავტონომიურად გამოსვლა და ხელშეკრულებების საკუთარი სახელით გაფორმება; ისინი მუშათა დიდი კავშირის ნაწილი ხდებიან, რომელსაც ასევე ძლიერი ბიუროკრატია ხელმძღვანელობს, რომელიც მათ ინდუსტრიული კოლოსების წინაშე წარადგენს. საბოლოო ჯამში კარგია ეს თუ ცუდი, როგორც კაპიტალის ასევე სამუშაო ძალის სფეროში, ინიციატივა ინდივიდისაგან ბიუროკრატიის მხარეს ინაცვლებს. ადამიანების უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა წყვეტს დიდი ეკონომიკური იმპერიების მმართველებისგან დამოუკიდებლად არსებობას.

თანამედროვე კაპიტალიზმის კიდევ ერთი სახასიათო თვისება – კაპიტალის კონცენტრაციის გავლენით ჩამოყალიბებული, შრომის გადანაწილების განსაკთრებული საშუალებებია.

ცენტრალიზაციის მაღალ ხარისხს და საწარმოებში შრომის გადანაწილების სრულყოფილ სისტემას, მივყავვართ წარმოების ისეთ ორიენტაციამდე, რომელშიც ინდივიდი კარგავს საკუთარ ინდივიდუალიზმს და დიდი მანქანის ადვილად ცვეთადი და ადვილად შეცვლადი დეტალი ხდება. თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანის პრობლემები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

თანამედროვე კაპიტალიზმს ჭირდება ადამიანები რომლებსაც მარტივად, ხარვეზების გარეშე და დიდ რაოდენობებში შეუძლიათ ერთად მუშაობა; ადამიანები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტის მოხმარებისკენ ისწრაფიან; ადამიანები რომლების გემოვნებაც ნიველირებულია, ადვილად განიცდის გავლენას და მარტივად იცვლება. ის საჭიროებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ და თავისუფალ არსებებად თვლიან, რომლებიც მიიჩნევენ რომ არ ემორჩილებიან არანაირ ძალაუფლებას და სინდისის პრინციპებს, მაგრამ ამასთანავე უნდათ მიიღონ განკარგულებები და აკეთონ ის, რასაც მათგან ელოდებიან; ის საჭიროებს სოციალურ მანქანაზე კარგად მორგებულ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება დაძალების და ბელადის გარეშე მართო, აიძულო იმოქმედონ ყოველგვარი მიზნის გარეშე, ერთი და მთავარის მიზნის გარდა: რამე აწარმოონ, ფუნქციონირებდნენ და გამუდმებით იყვნენ მოძრაობაში.

როგორია შედეგები? თანამედროვე ადმაიანი გაუცხოვებულია საკუთარი თავისგან, დანარჩენი ადმაიანებისგან და ბუნებისგან. ის გადაიქცა საბაზრო საქონლად, და საკუთარ ცხოვრების ძალებს ისე აღიქვამს როგორც კაპიტალს, რომელმაც მას არსებული ბაზრის პირობებში მაქსიმალური მოგება უნდა მოუტანოს. ადამიანების ურთიერთობები დაემსგავსა, ერთმანეთისაგან გაუცხოვებული ავტომატების ურთიერთობებს, და ყოველი მათგანი ცდილობს შეინარჩუნოს უსაფრთხოება იმით, რომ არ გამოირჩეოდეს ბრბოსგან, მაქსიმალურად გავდეს დანარჩენებს ფიქრებით, გრძნობებით და მოქმედებებით. ცდილობს რა, არ გამოეყოს დანარჩენ მასას, რეალურად ინდივიდი უსასრულოდ მარტოსული რჩება; ის სავსეა არათავდაჯერებულობის, განგაშის და დანაშაულის გრძნობებით, რომლებიც ჩნდება ყოველთვის როდესაც ინდივიდი ვერ ახერხებს მარტოობის დაძლევას. ჩვენი ცივილიზაცია უამრავ პალიატს(პრობლემის დროებით გადაჭრას) გვთავაზობს, რომლებიც ადამიანებს საკუთარი სიმარტოვის გაცნობიერების საშუალებას არ აძლევენ. პირველ რიგში ეს ბიუროკრატიზირებული, მექანიკური მუშაობის მონოტონური დინებაა, რომელიც ხელს უწყობს იმას რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ საკუთარ ყველაზე მნიშვნელოვან მისწრაფებებს: სწრაფვას საკუთარი თავის დაძლევის და სხვებთან გაერთიანებისაკენ. და რადგან ეს ერთფეროვანი, შაბლონური სამსახური საკმარისი არ არის, ადამიანი საკუთარ ქვეცნობიერ სასოწარკვეთილებას გართობის ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული ერთფეროვანი, შაბლონური გართობებით და ხმოვანი და ვიზუალური ეფექტების პასიური მოხმარებით ებრძვის; ამის გარდა სიამოვნების მიღება ძველი ნივთების გამუდმებული ჩანაცვლებით და ახალი ნივთების ყიდვით შეიძლება. თანამედროვე ადამიანის სახე ახლოს არის იმასთან რაც ჰაკსლიმ საკუთარ წიგნში „მამაცი ახალი სამყარო აღწერა“: მაძღარი, კარგად ჩაცმული, სექსუალურად დაკმაყოფილებული, მაგრამ საკუთარ „მე“-ს და საკთარ კონტაქტებს მოკლებული, გარდა ყველაზე ახლო ადამიანებისა, რომლებთან ურთიერთობებშიც ჰაკსლის მიერ შეკუმშულად ფორმულირებული ლოზუნგებით ხელმძღვანელობს : „ თუ შენ დაიწყებ

გრძნობას – ამით დაღუპავ საზოგადოებას“ ან „არ გადადო ხვალისთვის სიამოვნება, რომელიც შეგიძლია მიიღო დღეს“ ან მთავარი ფორმულა: „ჩვენს ეპოქაში ყველა ბედნიერია“. თანამედროვე სამყაროში ადამიანის ბედნიერება „სიამოვნების მიღებაში“ მდგომარეობს. სიამოვნება კი – ვიზუალური ეფექტების, საჭმელის, სასმელის, სიგარეტის, ადამიანების, ლექციების, წიგნების და კინოფილმების მოხმარებით მოგვრილ კმაყოფილებაში. მსოფლიო – ჩვენი აპეტიტის დასაკმაყოფილებად განკუთვნილი ერთი დიდი ობიექტია, გიგანტური ვაშლი, გიგანტური ბოთლი. ჩვენ ყველანი დედის მკერდზე მიჯაჭვული, მუდამ მომლოდინე და იმედებით აღსავსე ბავშვები ვართ, რომლებიც საბოლოო ჯამში ყოველთვის იმედგაცრუებას ვპოულობთ. ჩვენი პიროვნება მორგებულია იმაზე, რომ ცვლიდეს და იღებდეს, ვაჭრობდეს და მოიხმარდეს; აბსოლუტურად ყველაფერი – სულიერიც და მატერიალურიც – გაცვლისა და მოხმარების საგანი ხდება.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.