ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “სიყვარულის ხელოვნება”

III.  სიყვარული და მის დეზინტეგრაცია თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში

თუ სიყვარული არის მოწიფული, პროდუქტიული ადამიანის უნარი, გამოდის, რომ ნებისმიერ მოცემულ კულტურაში მცხოვრებ ინდივიდში ეს უნარი დამოკიდებულია გავლენაზე, რომელიც ამავე კულტურას ჩვეულებრივ ადამიანზე აქვს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ სიყვარულზე თანამედროვე დასავლურ კულტურაში, უნდა დაისვას კითხვა, უწყობს თუ არა ხელს დასავლური ცივილიზაციის სოციალური სტრუქტურა და მისგან შობილი სული სიყვარულის განვითარებას. ამ შეკითხვის დასმა და მასზე უარყოფითი პასუხის გაცემა ერთია. დასავლური ცხოვრების არც ერთ ობიექტურ დამკვირვებელს არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის, რომ – ძმური, დედობრივი და ეროტიკული სიყვარული არის შედარებით იშვიათი ფენომენი და მისი ადგილი დაკავებული აქვს ფსევდოსიყვარულის ურიცხვ ფორმას, რომლებიც სინამდვილეში სიყვარულის დეზინტეგრაციის გამოხატულება გახლავთ.

კაპიტალისტური საზოგადოება ერთის მხრივ ეფუძნება პოლიტიკური თავისუფლების პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ – ბაზარს, როგორც ყველა ეკონომიკურ და, მაშასადამე, სოციალურ ურთიერთობათა რეგულატორს. სამომხმარებლო ბაზარი განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვითაც ხდება საქონლის გაცვლა, შრომითი ბაზარი არეგულირებს სამუშაო ძალის ყიდვასა და გაყიდვას. გამოსადეგი ნივთები, ისევე როგორც გამოსადეგი ადამიანური ენერგია გარდაიქმნება საქონლად, რომლის გაცვლაც ხდება საბაზრო პირობებში. კაპიტალის მფლობელს საშუალება აქვს შეიძინოს სამუშაო ძალა და უბრძანოს მას საქმიანობა მომგებიანი ინვესტირების მიზნით. სამუშაო ძალის მფლობელმა კი, უნდა მიყიდოს იგი კაპიტალისტებს ბაზარზე არსებული პირობებით, თუ აღნიშნულ ძალას არ სურს შიმშილობა. ეკონომიკური სტრუქტურა აისახება ღირებულებათა იერარქიაზე. კაპიტალი ბატონობს შრომით ძალაზე; დაგროვილი ნივთები, ანუ მკვდარი ნივთები, ღირებულებით უფრო მაღლა დგანან ვიდრე ცოცხალი, ადამიანური ძალა.

ეს გახლდათ კაპიტალიზმის ძირითადი სტრუქტურა დასაბამიდან. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ის ჯერ კიდევ დამახასიათებელია თანამედროვე კაპიტალიზმისათვის, დროთა განმავლობაში უამრავი ფაქტორი შეიცვალა, რაც კაპიტალიზმს, ჩვენს დროში, სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს სძენს და რასაც ღრმა გავლენა აქვს თანამედროვე ადამიანზე. კაპიტალიზმის განვითარების შედეგად, ჩვენ კაპიტალის ცენტრალიზაციისა და კონცენტრირების მზარდი პროცესის მოწმენი ვხდებით. განუწყვეტლივ იზრდება დიდი კომპანიების მოცულობა, პატარები კი იჭყლიტებიან. ამ კომპანიებში ინვესტირებული კაპიტალის ფლობა უფრო და უფრო შორდება მის მმართველობას. ასეულობით ათასი აქციონერი “ფლობს” კომპანიას; მენეჯერული ბიუროკრატია, რომელიც მაღალანაზღაურებადია, მაგრამ რომელსაც არ ეკუთვნის საწარმო – განკარგავს ამ უკანასკნელს. ეს ბიუროკრატია უფრო ნაკლებ დაინტერესებულია მაქსიმალური მოგების მიღებით, ვიდრე კომპანიის ზრდითა და საკუთარი ძალაუფლებით. კაპიტალის მზარდი კონცენტრაცია და მძლავრი მენეჯერული ბიუროკრატიის გამოჩენა, სამუშაო ძალის განვითარების პარალელურია. სამუშაო ძალის ბაზრის გაერთიანებასთან ერთად ცალკეული ინდივიდისთვის აუცილებელი აღარ არის ბაზარზე ცალკე და თავისთვის ვაჭრობა. იგი გაწევრიანებულია მუშათა დიდ კავშირებში, რომელიც ასევე ძლიერი ბიუროკრატიით იმართება და მას ინდუსტრიული კოლოსის პირისპირ წარადგენს. ადამიანთა მზარდი რიცხვი წყვეტს დამოუკიდებლობას და ხდება დამოკიდებული მენეჯერებსა თუ დიდ ეკონომიკურ იმპერიებზე.

კაპიტალის კონცენტრაციით გამოწვეული და თანამედროვე კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გადამწყვეტი ნიშანი შრომის ორგანიზების განსაკუთრებულ მეთოდშია. ფართოდ ცენტრალიზებულმა კომპანიებმა, შრომითი ძალის რადიკალური დაყოფით, შედეგად მიიღეს ისეთი შრომითი ორგანიზაცია, სადაც ინდივიდი კარგავს ინდივიდუალიზმს და ხდება მანქანის ნაწილი, ერთჯერადი მოხმარების ხელსაწყო. თანამედროვე კაპიტალიზმში ადამიანური პრობლემის შემდეგი სახით ფორმულირება შეიძლება:

თანამედროვე კაპიტალიზმს ესაჭიროება ხალხი, რომელიც ახერხებს უთანხმოების გარეშე თანამშრომლობას, მრავალრიცხოვან კოლექტივებშიც კი; ვისაც სურს მოიხმაროს სულ მეტი და მეტი; ვისი გემოვნებაც სტანდარტიზებული, მარტივად განსაჭვრეტია და გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევა. მას სჭირდება ხალხი, ვინც თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად იგრძნობს და არა რომელიმე ხელისუფლებაზე, კანონზე ან თუნდაც სინდისზე დაქვემდებარებულად – მაგრამ ამავე დროს თანახმაა მასზე მბრძანებლობაზე, იმის გაკეთებაზე, რასაც მისგან მოელიან, სოციალურ მანქანაზე დაუბრკოლებლად მორგებაზე, ვისაც შეიძლება ძალის გამოყენების გარეშე უხელმძღვანელო, ლიდერის გარეშე მართო. ვისაც არ გააჩნია მიზანი, აქვს მხოლოდ იმის სურვილი, მოიტანოს სარგებელი, იყოს მოძრაობასში, იფუნქციონიროს, წინ წავიდეს.

რა არის შედეგი? ადამიანი გაუცხოებულია საკუთარ თავთან, გარშემო მყოფებთან, ბუნებასთან. ქცეულია სამომხმარებლო საგნად, აღიქვამს თავის სასიცოცხლო ძალებს როგორც ინვესტიციას, რომელმაც არსებული ბაზრის მიხედვით მაქსიმალური მოგება უნდა მოიტანოს. ადამიანური ურთიერთობები არსებითად გაუცხოებული ავტომატური ქმედებაა. თითოეულის უსაფრთხოება ჯოგთან ახლოს ყოფნაზეა დამყარებული, და არა აზრით, გრძნობით ან მოქმედებით განსხვავებულობაზე. მაგრამ მაშინ, როდესაც ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს დანარჩენებთან, ყველა რჩება აბსოლუტურად მარტო, მოცული დაუცველობის, შფოთვისა და დანაშაულის ღრმა გრძნობით, რაც გარდაუვალია, როდესაც ადამიანური განცალკევებულოება დაუძლეველი რჩება. ცივილიზაცია გვთავაზობს უამრავ პალიატივს, რომელნიც ხალხს ეხმარებიან ცნობიერად ვერ აღიქვან ეს მარტოსულობა. პირველ რიგში, ბიუროკრატიზებული, მექანიკური სამუშაოს მკაცრი რუტინა, რაც ადამიანთა ყველაზე ფუნდამენტური სურვილების, გარდასახვისა და ერთიანობის გაუცნობიერებლობას უწყობს ხელს. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ის რუტინა აქ წარუმატებელია, ადამიანი თავს აღწევს ქვეცნობიერ სასოწარკვეთილებას გასართობი რუტინით. გართობის ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული ხმებისა და სანახაობების პასიური შთანთქმით; ამის გარდა, ახალი ნივთების შეძენით მიღებული სიამოვნებით და უახლოეს პერიოდში მათი ახალში გაცვლით. თანამედროვე ადამიანი მართლაც ახლოა ჰაქსლის მიერ წარმოდგენილ სურათთან, წიგნში “მამაცი ახალი სამყარო” – კარგად ნაკვები, კარგად შემოსილი, სექსუალურად დაკმაყოფილებული, თუმცა პიროვნულობის, “მე-ს” გარეშე; გარშემო მყოფ ადამიანებთან ყოველგვარ კონტაქტს მოკლებული – გარდა ყველაზე ზედაპირული კავშირებისა, ვინც ხელმძღვანელობს ისეთი სლოგანებით, როგორიც ჰაქსლიმ ესოდენ ლაკონურად ჩამოაყალიბა: “როდესაც ადამიანი გრძნობს, საზოგადოება ირყევა”; ან “არასდროს გადადო ხვალისთვის ის, რითაც შეგიძლია დღეს გაერთო”, ან, როგორც გვირგვინოსანი განცხადება: “დღეს ყველა ბედნიერია”. ადამიანური ბედნიერება დღეს მდგომარეობს “გართობაში”. გართობა – ნივთების, სანახაობების, საკვების, სასმელის, სიგარეტის, ადამიანების, ლექციების, წიგნების, ფილმებისა და სხვათა შთანთქმაში. ყველაფერი შთაინთქმება, იყლაპება! სამყარო ჩვენთვის ერთი დიდი მადის აღმძვრელი ობიექტია, დიდი ვაშლი, დიდი ბოთლი, დიდი მკერდი; ჩვენ ძუძუს მწოველები ვართ, მუდმივად მომლოდინენი, იმედიანები – და მუდმივად იმედგაცრუებულები. ჩვენი ბუნება მოწყობილია ბარტერის – გაცვლისა და მიღების, მოხმარებისთვის; ყველაფერი – სულიერი და მატერიალური ხდება გაცვლისა და მოხმარების საგანი. […]

____________________________________

ინგლისურიდან თარგმნა ეკატერინე შაქარაშვილმა

სრული წიგნი გამოცემულია ქართულად

Facebook Comments