ერიხ ფრომი – სოციალიზმი, როგორც პრობლემა

Erich_Fromm

ავტორიტარული წყობის ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს. ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით (რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტნაკლებად დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ქონდათ.

დღესდღეობით სიტყვებმა – მარქსიზმი და სოციალიზმი – ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან” და სხვადასხვა სახის ბოროტებასთან ასოცირდება. ამ რეაქციის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ,  თუ შევაფასებთ იმას, თუ რა ზომამდე შეუძლიათ სიტყვებს ფლობდნენ მაგიურ აზრს და ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელ გონიერი აზროვნების საერთო დაცემას.

ეს ირაციონალური დამოკიდებულება, რომელსაც იწვევს სიტყვები – მარქსიზმი და სოციალიზმი, ძლიერდება მათ გაგონებაზე ისტერიაში ჩავარდნილი ადაიმანების, გასაოცარი გაუნათლებლობით. მიუხედავად იმისა რომ მარქსისა და სოციალიზმის სხვა თეორეტიკოსების ნაშრომების წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც აგრესიულად რეაგირებენ მარქსიზმის ხსენებაზე, მარქსის არცერთი აბზაცი არ წაუკითხავთ, ან ამ სფეროში მხოლოდ ზედაპირულ, ლოზუნგებზე აგებულ ცოდნას ფლობენ. წინააღმდეგ შემვევაში არ მოხდებოდა ისე, რომ გარკვეულ დონემდე გამჭრიახ და გონიერ ადამიანებს, ასე დაემახინჯებინათ მარქსიზმისა და სოციალიზმის იდეები. უამრავი ლიბერალი და ისტერიული რეაქციისგან შედარებით თავისუფალი ადამიანების დიდი ნაწილიც, თვლის რომ მარქსიზმი წარმოადგენს სისტემას, რომელიც აგებულია იმ იდეაზე, რომ მატერიალური დოვლათით დაინტერესება, მთავარი ძალაა ადამიანის შიგნით, ის აძლიერბს  ნივთების ფლობის ვნებას და ემსახურება მის დაკმაყოფილებას. თუ ჩვენ გავიხსენებთ კაპიტალიზმის სასარგებლოდ მეტყველ მთავარ არგუმენტს, რომელიც ამბობს, რომ მატერიალური მოგებით დაინტერესება ეს შრომის უმნიშვნელოვანესი სტიმულია, მაშინ არ არის რთული შევამჩნიოთ, რომ თვითონ მატერიალისტურობა, რომელიც მიეწერება სოციალიზმს, წარმოადგენს კაპიტალიზმის ყველაზე უფრო დამახასიათებელ შტრიხს;  და თუ ვინმე საკუთარ თავზე აიღებს სოციალიზმის თეორეტიკოსების მეტნაკლებად შესწავლას, ის აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მათი მიმართულება საპირისპიროა, რომ ისინი აკრიტიკებენ კაპიტალიზმს მისი მატერიალიზმისა და კაცობრიობის ჭეშმარიტად ადამიანურ თვისებებზე მავნებელი გავლენის მოხდენისათვის. სოციალიზმი ყველა მის ვარიაციაში შეიძლება იქნეს გაგებული, მხოლოდ როგორც ჩვენი დროის ერთერთი უმნიშვნელოვანესი, იდეალისტური და ეთიკური მოძრაობა.

ყველაფრის მიუხედავად, არ შეიძლება არ ვწუხდეთ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის ნაკლებობაზე, რომელიც ახასიათებთ დასავლურ დემოკრატიებს სოციალიზმის შეფასებისას. სტალინიზმმა მოიპოვა გამარჯვება რუსეთსა და აზიაში, იმ მიმზიდველი ძალის გამო, რომელიც გააჩნდა სოციალიზმის იდეას დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. ეს მიმზიდველობა მდგომარეობს სოციალისტური კონცეფციის იდეალიზაციაში, და მისგან გამომდინარე სულიერ და მორალურ სტიმულაციაში. მსგავსად იმისა, თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი სიტყვა – სოციალიზმს, იმისათვის რომ დამატებითი მიმზიდველობა შეეძინა საკუთარი რასობრივი და ნაციონალისტური იდეებისათვის, სტალინიც უკანონოდ ისაკუთრებდა და იყენებდა სოციალიზმისა და მარქსიზმის ცნებებს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისათვის. მისი მტკიცებები არსობრივად მცდარია. მან გამოაცალკევა სოციალიზმის წმინდა ეკონომიკური ასპექტი ანუ წარმოების საშუალებების საზოგადოებისთვის გადაცემა, სოციალიზმის მთელი კონცეფციისგან და დაამახინჯა მისი ადამიანური და სოციალური მიზნები, რომლებიც გადაატრიალა და მთლიანად საპირისპიროდ აქცია. სტალინის სისტემა მიუხედავად იმისა, რომ მასში წარმოების საშუალებები სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდა, ალბათ უფრო ახლოს არის დასავლური კაპიტალიზმის ადრინდელ წმინდა ექსპლუატატორულ ფორმებთან, ვიდრე სოციალისტური საზოგადოების ნებისმიერ იდეასთან. აკვიატებული სწრაფვა წარმოების განვითარებისკენ, ადამიანების უმოწყალო უგულებელყოფა და პირადი ძალაუფლების წყურვილი, ასეთია სტალინიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალები. იმ თეზისის მიღებით, თითქოს სოციალიზმი და მარქსიზმი მეტნაკლებად იდენტურია სტალინიზმთან, ჩვენ ვუწევთ სტალინისტებს ყველაზე დიდ დახმარებას პროპაგანდის სფეროში, დახმარებას რომელზეც ისინი შეიძლება მხოლოდ ოცნებობდნენ, იმის ნაცვლად, რომ წარმოვაჩინოთ მათი მტკიცებულებების სიმცდარე, ჩვენ მათ ჭეშმარიტებას ვაღიარებთ. ეს შეიძლება იყოს არც ისე მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სოციალისტურ კონცეფციას არ აქვს ძლიერი გავლენა ადამიანების გონებაზე, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ევროპისა და განსაკუთრებით აზიისთვის, სადაც სოციალიზმის იდეები გაცილებით ფართოდ არის გავრცელებული. იმისათვის რომ შევეწინააღმდეგოთ სტალინიზმის მიმზიდველ ძალას დედამიწის ამ ნაწილში, ჩვენ ფარდას უნდა ვხდიდეთ მის ტყუილებს და არა ხელს ვაფარებდეთ მათ.

არსებობს უამრავი განსხვავება სოციალისტური იდეის სხვადასხვა სკოლებს შორის, რომლებიც 18–ე საუკუნიდან მოყოლებული გაჩნდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხშირად ხდება ადამიანური აზრის ისტორიაში, არგუმენტები, რომლებიც მოყავთ სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებს, ფარავენ იმ ფაქტს, რომ სოციალისტური მიმართულების სხვადასხვა მოაზროვნებს ბევრად უფრო მეტი საერთო აქვთ და ეს  ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათ შორის არსებული განსხვავებები.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალიზმი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მუშაობდა საზოგადოებრივი კანონზომიერებების შეცვლაზე, სათავეს იღებს საფრანგეთის რევოლუციის დროს მოღვაწე მოაზროვნის ბაბეფის იდეებისაგან. ბაბეფი გამოდიოდა მიწის კერძო საკუთრებაში ქონის წინააღმდეგ და საზოგადოებას მისი ნაყოფის შეთანხმებულად განაწილებას თავაზობდა; ის ასევე გამოდიოდა მდიდრებსა და ღარიბებს და მმართველებსა და მართულებს შორის განსხვავებების გაქრობისაკენ. ბებეფს წამდა, რომ დადგა – თანასწორთა(  ), „დიდი სტუმართმოყვარე ყველასათვის ღია სახლის“ – დრო.

ბაბეფის შედარებით მარტივი, შეიძლება ითქვას პრიმიტიული თეორიის საპასუხოდ, შარლ ფურიე, რომლის პირველი წიგნი – „ოთხი მოძრაობის თეორია“ 1808 წელს გაჩნდა, გვთავაზობდა უფრო რთულ და დეტალურად დამუშავებულ საზოგადოებრივ თეორიას. ის იყენებს ადამიანს და მის ვნებებს საზოგადოების გაგების საფუძვლად და წამს იმისი, რომ ჯანმრთელი საზოგადოება ხელს უნდა უწყობდეს, არა მხოლოდ მატერიალური სიმდიდრის ზრდას, არამედ ჩვენს ძირითად ვნებას – ძმურ სიყვარულსაც. ადამიანურ თვისბებს შორის ის განსაკუთრებულად აღნიშნავს – „გადაფრენას, როგორც პეპლის თვისებას“, ცვლილების მოთხოვნილებას ადამიანში, რომელიც თანხმდება ადამიანის მრავალ განსხვავებულ შესაძლებლობასთან. სამუშაო – უნდა იყოს სასიამოვნო (    ), და ყოველდღიური 2 სამუშაო საათი სრულებით საკმარისია. წარმოების ყველა სფეროში მსხვილი მონოპოლიების საყოველთაო გაძლიერების საწინააღმდეგოდ, ფურიე აყენებს თეზისს – საზოგადოებრივი ასოციაციების შესახებ წარმოებისა და მოხმარების სფეროებში, რომლებშიც ინდივიდუალიზმი  სტიქიურად შეეწყობა კოლექტივიზმს. მხოლოდ ამგვარად მესამე ისტორიული ფაზა, ჰარმონიის ფაზა, ჩაანაცვლებს მის ორ წინამორბედს – მონასა და ბატონს და დასაქმებულსა და მეწარმეს შორის ურთიერთობებზე დამყარებულ საზოგადოებებს.

იმ დროს, როდესაც ფურიეს აკვიატებული იდეებით შეპყრობილი მეცნიერი შეიძლება ეწოდოს, რობერტ ოუენი, პრაქტიკული ადამიანი, თვითონ იყო შოტლანდიის ერთერთი საუკეთესო ტექსტილის ქარხნის მმართველი და მესაკუთრე. ახალი საზოგადოების მიზანი, ოუენის მიხედვით უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს, არა წარმოების ზრდაში, არამედ მისი ყველაზე ძვირფასი ფაქტორის, ადამიანის სრულყოფაში. ფურიეს მსგავსად, ის საკუთარ თეორიას, ადამიანის ხასიათის ფსიქოლოგიური განხილვის ირგვლივ აგებდა. რადგან ადამიანები გარკვეული ტიპიური თვისებებით იბადებიან, მათი ხასიათი განისაზღვრება მხოლოდ იმ გარემოებებით, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. თუ ცხოვრების სოციალური პირობები დამაკმაყოფილებელია, ადამიანის ხასიათში განვითარებას იწყებენ მისი თანდაყოლილი ღირსებები. ოუენი თვლიდა, რომ მთელი წინამორბედი ისტორიის განმავლობაში ადამიანები მხოლოდ თავდაცვასა და ერთმანეთის განადგურებას სწავლობდნენ. უნდა შეიქმნას ახალი სოციალური წესრიგი, რომელშიც ადამიანები შეიძენენ პრინციპებს, რომლებიც მათ ერთად მოქმედების საშუალებას და ინდივიდებს შორის ჭეშმარიტი კავშირების შექმნის შესაძლებლობას მისცემენ. გაერთიანებული ჯგუფები (300–დან 2 ათას ადამიანამდე), რომლებიც ჯგუფის შიგნით და ჯგუფებს შორის კოლექტიური ურთიერთდახმარების პრინციპების მიხედვით იქნებიან ორგანიზებული მოედებიან მთელ პლანეტას. ყველა კომუნაში, ადგილობრივი ხელისუფლება იმუშავებს მჭიდრო კავშირში თითოეულ ინდივიდთან.

კიდევ უფრო გამბედავად ძალაუფლებისა და იერარქიის პრინციპებს საკუთარ ნაშროებში პრუდონი აკრიტიკებს. მისთვის მთავარი პრობლემა არა ერთი პოლიტიკური რეჟიმის მეორით ჩანაცვლებაში, არამედ პოლიტიკური წესრიგის,როგორც საზოგადოების თანმდევი გამოხატულების იდეაში მდგომარეობს. პრუდონი ყველანაირი საზოგადოებრივი უწესრიგობისა და ავადმყოფობის მიზეზს, ძალაუფლების იერარქიულ განაწილებაში ხედავდა და ამბობდა შემდეგს: „სახელმწიფოს როლის შეზღუდვა – თავისუფლებისათვის სამკვდრო სასიცოცხლო საკითხია, ამასთანავე როგორც ინდივიდის ასევე კოლექტივის თავისუფლებისათვის.

„მონოპოლიის დახმარებით, – წერდა პრუდონი,– კაცობრიობა დაესაკუთრა დედამიწას, ხოლო ასოციაციის დახმარებით მისი ჭეშმარიტი პატრონი გახდება“. ახალი სოციალური წესრიგის მისი ხედვა დამყარებულია – „ ორმხრივობის იდეაზე, როდესაც მუშები იმის ნაცვლად რომ მუშაობდნენ მეწარმეზე, რომელიც მათ ფულს უხდის, ხოლო პროდუქტს თვითონ იღებს, მუშაობენ ერთმანეთზე და ამგვარად თანამშრომლობენ საერთო პროდუქტის შექმნაში, ხოლო მოგებას ერთმანეთს უნაწილებენ“. პრუდონისათვის მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციები თავისუფალი და მოხალისეობრივ პრინციპებზე აგებული იყვნენ, ისინი არ არიან სახელმწიფოს მიერ თავს მოხვეული, ისე როგორც სახელმწიფოს დაფინანსებული სახელოსნოები, რომლების შექმნაც ლუი ბლანს უნდოდა. პრუდონის აზრით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ასეთი სახის სისტემა, შეიძლება ნიშნავდეს უამრავ დიდ ასოციაციას, „რომლებშიც შრომა იქნებოდა რეგლამენტირებული და საბოლოოდ დამონებული სახელმწიფო კაპიტალიზმის მეშვეობით. რას შეიძენდა ამ შემთხვევაში თავისუფლება, საყოველთაო ბედნიერება და ცივილიზაცია? არაფერს. ჩვენ მხოლოდ შევცვლიდით საკუთარ ბორკილებს, ხოლო სოციალური იდეა წინ არაფრით არ წაიწევდა; ჩვენ მოვხვდებოდით ისეთივე დესპოტური ძალის ტყვეობაში, საერთოდ რომ არ ვისაუბროთ ეკონომიკურ ფატალიზმზე“. ეს სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ 19–ე საუკუნის შუაში, პრუდონი ნებისმიერ სხვა თეორეტიკოსზე უფრო ნათლად ხედავდა სტალინიზმის ეპოქაში განხორციელებულ საფრთხეს.

პრუდონი ასევე კარგად აცნობიერებდა დოგმატიზმის საფრთხეს, რომელიც ასეთი დამღუპველი უნდა გამხდარიყო მარქსისტული თეორიის განვითარებისათვის, მან ნათლად გადმოსცა ეს იდეა მარქსისათვის მიწერილ წერილში. „ მოდით თუ გნებავთ, ერთად გამოვიკვლიოთ საზოგადოებრივი კანონზომიერები, ის თუ როგორ ხორციელდებიან ისინი, მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია მათი აღმოჩენა, მაგრამ ძალიან გთხოვთ მოვიშოროთ ყველა დოგმა ამ საქმის კეთებისას, მოდით არ ვეცადოთ ადამიანების დარწმუნებას; მოდით არ ჩავვარდეთ ჩვენი თანამემამულე ლუთერის წინააღმდეგობაში, რომელმაც უარყო კათოლიკური თეოლოგია და გადასცა ის ანათემას, იმისათვის რომ დაეფუძნებინდა პროტესტანტული თეოლოგია“. პრუდონის აზროვნება დამყარებულია ეთიკურ წარმოდგენებზე, რომლის პირველ ეთიკურ პრინციპს საკუთარი თავის პატივისცემა წარმოადგენს. საკუთარი თავის პატივისცემიდან გამომდინარეობს, ახლობელი ადამიანების პატივისცემა როგორც მორალურობის მეორე პრინციპი. აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის ინტერესი შინაგანი ცვლილებების მიმართ, წარმოადგენს ახალი საზოგადოებრივი წესრიგის  საფუძველს, პრუდონის მიერ წერილში გამოხატული იქნა შემდეგი ფორმულირებით: „ ძველი მსოფლიო დაშლის პროცესშია… მისი შეცვლა მხოლოდ ინტეგრალური რევოლუციის გზით შეიძლება, რევოლუციით ადამიანის გულსა და გონებაში“.

ცენტრალიზაციის საფრთხეების ასეთივე გაგებას და ასეთივე რწმენას ადამიანის საწარმოო შესაძლებლობებში, თუმცა განადგურებისა და ნგრევის რომანტიკულ წარმოდგენებთან შეხამებით ვხვდებით ბაკუნინის ნაშრომებშიც. 1868 წლით დათარიღებულ წერილში ის წერდა: „ ჩვენმა საერთო დიდმა მასწავლებელმა პრუდონმა თქვა, რომ ყველაზე წარუმატებელი კომბინაცია ყველა შესაძლებელიდან მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ სოციალიზმი გაერთიანდება აბსოლუტიზმთან, ხოლო ხალხის სწრაფვა ეკონომიკური თავისუფლებისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ – დიქტატურასა და სახელმწიფოს ხელში მთელი პოლიტიკური და სოციალური ძალაუფლების კონცენტრაციასთან.  დაე მომავალმა დაგვიცვას დესპოტიზმის მფარველობისაგან; მაგრამ მანვე დაგვიცვას იდეოლოგიურად დამუშავებული, ან სახელმწიფო სოციალიზმის უბედური, დამანგრეველი შედეგებისაგან… არაფერი ადამიანური და ცოცხალი არ ყვავის თავისუფლების გარეშე, და სოციალიზმის ფორმა, რომელიც დაასრულებს თავისუფლებას ან არ აღიარებს მას ერთადერთ სიცოცხლისმყოფელ პრინციპად და საკუთარ საფუძვლად, აუცილებლად მიგვიყვანს პირდაპირ მონობასა და ბარბაროსობამდე“.

პრუდონის მიერ მარქსისასთვის მიწერილი წერილის დაწერიდან 50 წლის შემდეგ, პეტრე კროპოტკინმა სოციალიზმის შესახებ საკუთარი წარმოდგენა შემდეგი სახით განაზოგადა:  ”ინდივიდუალიზმის ყველაზე სრულყოფილად განვითარებული ფორმა, გაერთიანდება ნებაყოფლობითი ასოციაციის ყველაზე ღრმა განვითარებასთან, ყველა მის ასპექტში, ხარისხში და მიზანში; ასოციაცია, რომელიც გამუდმებით იცვლება, საკუთარ თავში ატარებს საკუთარი მარადიულობის ელემენტებს და იღებს ისეთ ფორმებს, რომლებიც ყოველ მოცემულ მომენტში, საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს მრავალფეროვან მისწრაფებებს”. ისევე როგორც ბევრი მისი წინამორბედი სოციალისტი, – კროპოტკინი ხაზს უსვამდა ადამიანისა და ცხოველთა სამყაროსათვის დამახასიათებელ, თანდაყოლილ – თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თვისებებს.

კროპოტკინის ჰუმანისტური და ეთიკური იდეების გამგრძელებელი, ანარქისტული იდეის ერთერთი უდიდესი წარმომადგენელი გუსტავ ლანდაუერი გახდა. პრუდონის ციტირებით ის წერდა, რომ სოციალურ რევოლუციას არ აქვს არავითარი მსგავსება პოლიტიკურ რევოლუციასთან; რომ,” მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია არ დაიწყოს და არ მიმდინარეობდეს უკანასკნელის ელემენტების მნიშვნელოვანი წილის გარეშე, ის მაინც წარმოადგენს მშვიდობიან მოწყობილობას, ახალი სულიერების ორგანიზაცია ახალი სულისათვის და არაფერი სხვა”. იგი სოციალისტების მიზანსა და მოძრაობას შემდეგი სახით წარმოადგენდა: ”დაასუსტონ გულების გასასტიკება ისე, რომ ყველაფერი რაც დამარხულია მათში ამოვიდეს ზედაპირზე; ისე რომ იმას რაც გვეჩვენება მკვდრად, ხოლო სინამდვილეში ცოცხალია, შეეძლოს სინათლეზე გამოსვლა”.

მარქსისა და ენგელსის თეორიების განხილვისათვის მეტი ადგილი დაგვჭირდება, ვიდრე ზევით ნახსენები თეორეტიკოსების იდეებისათვის: ნაწილობრივ იმის გამო, რომ მათი თეორიები უფრო რთული, უფრო ფართო და წინააღმდეგობებს მოკლებული არ არის და ნაწილობრივ იმიტომ, რომ მარქსისტული სკოლა სოციალისტური აზრის გაბატონებული ფორმა გახდა მთელს მსოფლიოში.

ისევე როგორც სხვა სოციალისტებისათვის, მარქსისათვის ძირითადი მნიშვნელობა ადამიანს გააჩნდა. ” იყო რადიკალური – წერდა ის, – ნიშნავს ჩაწვდე საგნის ფესვებს. მაგრამ ფესვებს ადამიანისათვის თვითონ ადამიანი წარმოადგენს”. მსოფლიოს ისტორია არის არაფერი თუ არა ადამიანის შექმნა და მისი დაბადება. მაგრამ მთელი ისტორია – ეს ასევე არის, ადამიანის საკუთარი თავისაგან და საკუთარი ადამიანური ძალებისაგან გაუცხოების ისტორია; ჩვენი საკუთარი პროდუქტის კონსოლიდაცია და მისი ჩვენს თავზე არსებულ რეალურ ძალად გადაქცევა, მისი გამოსვლა კონტროლიდან, ჩვენი მოლოდინებისა და გათვლების საწინააღმეგოდ – აი ეს წარმოადგენს ისტორიული განვითარების ერთერთ ძირითად ფაქტორს. ადამიანი იყო გარემოებების ობიექტი, ის უნდა გახდეს მათი სუბიექტი, ისე რომ ადამიანი გახდეს უმაღლესი არსება ადამიანისათვის. თავისუფლება მარქსისათვის – ეს არის არა მხოლოდ თავისუფლება პოლიტიკური ზეწოლისაგან, არამედ ადამიანის თავისუფლება საგნებისა და გარემოებებისაგან. თავისუფალი ადამიანი – ეს არის მდიდარი ადამიანი, მაგრამ მდიდარი არა ეკონომიკური, არამედ ადამიანური არსით. მდიდარი ადამიანი მარქსის მიხედვით – ეს არის ადამიანი, რომელიც არის ბევრი და არა ის, რომელსაც აქვს ბევრი.

ისტორიული პროცესისა და საზოგადოების ანალიზი ადამიანიდან უნდა დაიწყოს; არა აბსტრაქციიდან არამედ რეალური კონკრეტული ადამიანიდან, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვისბებიდან. ის უნდა დაიწყოს ადამიანის არსის გაგებით, ხოლო ეკონომიკისა და საზოგადოების შესწავლა, ემსახურება მხოლოდ იმის გაგებას, როგორ დაასახიჩრეს ადამიანი გარემოებებმა, როგორ გახდა იგი გაუცხოებული საკუთარი თავისა და საკუთარი ძალებისაგან. ადამიანის არსი, არ შეიძლება გამომდინარეობდეს მისი ბუნების იმ სპეციფიკური გაგებისგან, რომელიც იშვა კაპიტალისტური სისტემის მიერ. ჩვენი მიზანი უნდა მდგომარეობდეს იმის შეცნობაში, თუ რა არის კარგი ადამიანისათვის. მაგრამ, ამბობდა მარქსი, ”თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ რა არის მარგებელი…. ძაღლისათვის, მაშინ ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ ძაღლის ბუნება. ხოლო თვითონ ეს ბუნება, არ შეიძლება იყოს კონსტრუირებული ”სარგებლის პრინციპებისაგან”. თუ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს პრინციპი ადამიანთან მიმართებაში, თუ გვინდა სარგებლის პრინციპით შევაფასოთ ყველა ადამიანური მოქმედება, მოძრაობა, ურთიერთობა და ა.შ., მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორია ადამიანის ბუნება ზოგადად და როგორ მოდიფიცირდება ის ყველა ისტორიულად მოცემულ ეპოქაში. მაგრამ ბენტამისათვის ეს საკითხები არ არსებობს. ყველაზე ნაივური სიჩლუნგით, ის აიგივებს თანამედროვე ფილისტერს, ამასთანავე კერძოდ, ინგლისელ ფილისტერს – ნორმალურ ადამიანთან ზოგადად”.

მარქსის მიხედვით კაცობრიობის განვითარების მიზანს წარმოადგენს, ადამიანსა და ადამიანს და ადამიანსა და ბუნებას შორის ახალი ჰარმონიის მიღწევა; ეს ისეთი განვითარების სახეა, რომელშიც ინდივიდის დამოკიდებულება მის თანამოძმესთან, შესაბამისობაში იქნება ადამიანის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებებთან; მისთვის სოციალიზმი ეს არის – ”ასოციაცია, რომელშიც თითოეულის თავისუფალი განვითარება, ყველას თავისუფალი განვითარების პირობას წარმოადგენს”, საზოგადოება, რომელშიც თითოეულის სრულყოფილი და თავისუფალი განვითარება წამყვან პრინციპად იქცევა. ამ მიზანს იგი თანმიმდევრობით გატარებულ ნატურალიზმს, ან დასრულებულ ჰუმანიზმს უწოდებს, და ამტკიცებს, რომ ის განსხვავდება ”როგორც იდეალიზმისა ასევე მატერიალიზმისაგან და ამასთანავე წარმოადგენს მათ გამაერთიანებელ ჭეშმარიტებას”.

როგორ ფიქრობს მარქსი ადამიანის ამგვარი განთავისუფლების მიღწევას? მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კაპიტალისტურ წარმოებაში გაუცხოების პროცესმა საკუთარ მწვერვალს მიაღწია, რადგან ადამიანის ფიზიკური ენერგია საქონლად იქცა, ხოლო თვითონ ადამიანი საგნად. მუშათა კლასი, ამბობდა მარქსი, ეს არის საზოგადოების ყველაზე უფრო გაუცხოვებული კლასი, – სწორედ ამიტომ გაუძღვება იგი კაცობრიობის განთავისუფლების ბრძოლას. წარმოების საშუალებების საზოგადოებისათვის გადაცემაში, მარქსი ხედავდა ადამიანის სოციალური და ეკონომიკური პროცესების,  აქტიურ და პასუხისმგებლობიან მონაწილედ გადაქცევის შესაძლებლობას, „მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი, „საკუთარი ძალების“, როგორც საზოგადო ძალების შეცნობას და ორგანიზებას მოახერხებს და ამიტომ აღარ შეეცდება საკუთარი თავისაგან საზოგადოებრივი ძალების გამოცალკევებას, პოლიტიკური ძალის სახით (ანუ აღარ გამოიყენებს სახელმწიფოს როგორც ორგანიზებული მმართველობის ორგანოს), მხოლოდ მაშინ აღსრულდება ადამიანის ემანსიპაცია“.

მარქსი თვლიდა, რომ თუ მუშა აღარ იქნება „დაქირავებული“, მაშინ შეიცვლება შრომის ბუნება და სამუშაო პროცესის ხასიათი. შრომა გახდება ადაიანური ძალის გააზრებული გამოხატულება, და არა უაზრო მოსაბეზრებელი სამსახური. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მარქსისათვის შრომის ახლებური გაგება, გასაგები ხდება, თუ ყურადღებას მივაქცევთიმ ფაქტს, რომ მან შეტოპა ისე შორს, რომ აკრიტიკებდა საბავშვო შრომის სრული გაუქმების შემოთავაზებას, რომელიც გერმანიის მუშათა პარტიამ წამოაყენა. თავისთავად ბავშვების ექსპლუატაციის მოწინააღმდეგე მარქსი, იმის წინააღმდეგიც იყო რომ ბავშვებს საერთოდ არ ემუშავათ, და მოთხოვდა, რომ სწავლება ფიზიკურ შრომასთან ყოფილიყო გაერთიანებული. „ ქარხნული სისტემიდან, რომელიც შეიძლება დავინახოთ რობერტ ოუენის მოღვაწეობის დეტალებში, აღმოცენდა მომავლის ეპოქის აღზრდის ჩანასახი, როდესაც გარკვეულ ასაკს გადაცილებული ყველა ბავშვისათვის, წარმოებითი შრომა გაერთიანებული იქნება სწავლასა და გიმნასტიკასთან, არა მხოლოდ როგორც წარმოების ზრდის ერთერთი საშუალება, არამედ როგორც ერთადერთი საშუალება მრავალმხრივ განვითარებული ადამიანების აღზრდისათვის“. როგორც ფურიეს, ასევე მარქსის მიხედვით, შრომა უნდა გახდეს მიმზიდველი და შეესაბამებოდეს ადამიანის სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ამ მიზეზით ის, ისევე როგორც ფურიე გვთავაზობდა, რომ არავინ არ ყოფილიყო სპეციალიზირებული ერთ კონკრეტულ შრომის სახეობაზე, და საზოგადოების ყველა წევრს ემუშავა სხვადახვა სფეროებში საკთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

საზოგადოების ეკონომიკურ გარდასახვაში კაპიტალიზმიდან სოციალიზმში, მარქსი „ჭეშმარიტი დემოკრატიის“ მიღწევას და ადამიანის განთავისუფლებისა და ემანსიპაციის გადამწყვეტ საშუალებას ხედავდა.  თუმცა მის ბოლო ნაშრომებში ის ადამიანის პრობლემებსა და მთხოვნილებების განხილვაზე უფრო დიდ ყურადღებას ეკონომიკურ საკითხებს უთმობს, ეკონომიკის სფერო არასოდეს ყოფილა მარქსის თვითმიზანი და ყოველთვის ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არსებულ საშუალებას წარმოადგენდა. ეს განსაკუთრებით ნათელი ხდება მის მიერ ე.წ. „უხეში კომუნიზმის“ განხილვისას, ანუ კომუნიზმის, რომელშიც მთავარი მნიშვნელობა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმებას ენიჭება. „ უშუალო ფიზიკური ფლობა, მისთვის ცხოვრებისა და არსებობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს; მუშების კატეგორია არ უქმდება და პირიქით ვრცელდება ყველა ადამიანზე… ეს კომუნიზმი, რომელიც ყველგან უარყოფს ადამიანის პიროვნებას, არის მხოლოდ კერძო საკუთრების თანმიმდევრული გამოხატულება… უხეში კომუნიზმი არის მხოლოდ იმ შურისა და ნიველირების დასრულება, რომელიც გამომდინარეობს, რაღაც მინიმუმზე შექმნილი წარმოდგენისაგან… ის რომ კერძო საკუთრების ასეთი გამარტივება საერთოდ არ წარმოადგენს მის ათვისებას, ჩანს სწორედ კულტურისა და ცივილიზაციის სამყაროს იმ აბსტრაქტული უარყოფიდან, გაჭირვებული, უხეში და საჭიროებების არმქონე ადამიანის  არაბუნებრივ უბრალოებასთან დაბრუნებიდან, რომელიც არა მხოლოდ არ ამაღლდა კერძო საკუთრებაზე, არამედ არც კი გაზრდილა მის დონემდე“.

გაცილებით უფრო რთული და ხშირად წინააღმდეგობრივია მარქსისა და ენგელსის შეხედულებები სახელმწიფოზე. არ არსებობს ეჭვი იმაში, რომ მათ სჯეროდათ, რომ სოციალიზმის მიზანი არა მხოლოდ კლასობრივი საზოგადოების, არამედ სახელმწიფოს გაქრობაც არის; უკიდურეს შემთხვევაში, ისე როგორც ეს ენგელსმა გადმოსცა, როდესაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია იქნება საგნების და არა ადამიანების მართვა. 1874  წელს, ენგელსმა თქვა, რომ „ყველა სოციალისტი ეთანხმება, იმას რომ სოციალიზმის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო მოკვდება“.

Facebook Comments