ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას.

მეორე შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ერის არსებობის შენარჩუნებისა და მისთვის საარსებო სივრცის გამოყოფის სურვილს. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მთლიანი ერისთვის იქნება სასარგებლო. აქ არსებობს მთავარი წინააღმდეგობა – ერის სრულყოფილი არსებობისთვის ტერიტორიის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ეროვნებების განდევნისა ან შევიწროების გზით. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერების დაპირისპირებას, რომლიდანაც გამომდინარეობს კულტურული ზეწოლა იმათზე, ვინც არ ერგება ეროვნულ სტანდარტებს, ახალი საზღვრების წარმოქმნა და კულტურისა და ენის საკითხებით გამოწვეული ომები. ე.ი. ხელახლა იწარმოება კულტურული ზეწოლის სიტუაცია, ახლა უკვე იმათ მხრიდან, ვინც აპირებს, ყველანაირი საშუალებით დაიცვას თავისი წარმოსახვითი საზოგადოება.

მეორე სიტუაცია ლოგიკურად ერგება ერის სახელმწიფოებრივ კონცეფციას (რადგან ერი სახელმწიფოს არსებობის პროდუქტია) და არა საყოველთაო თანასწორობას, საზღვრების წაშლასა და სხვა ანარქისტულ თეზისებს. ზედმეტია იმის თქმა, რომ შეუცვლელი ნაციონალობის იდეა ადამიანს ართმევს კულტურისა და ენის არჩევის თავისუფლებას, იმის მიუხედავად, რომ ბუნება ადამიანს აქ სრულიად არ ზღუდავს.

დამეთანხმებით, რომ სასაცილოა, როდესაც ნაციის მომხრეები ეწინააღმდეგებიან რასიზმს, იცავენ მიგრანტებს და, ამასთან ერთად, უარყოფენ რაიმე გარკვეული ქალაქის ან რეგიონის მკვიდრთა უფლებას, აირჩიონ სალაპარაკო ენა. ერის იდეის მხარდაჭერა იგივეა, რაც მხარდაჭერა იმ იდეისა, რომ თქვენ სხვებზე კარგათ იცით, თუ რა არის მათი საყვარელი ენა, ტრადიცია, სოციალური ნორმა. ცხადია, რომ სამყაროში, სადაც ყოველ წამს შეიძლება სალაპარაკო ენისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სადაც ტანსაცმელი, საკვები და წეს-ჩვეულებები დამოკიდებულია ყოველი ცალკეული ადამიანის პიროვნულ არჩევანზე, ასეთ სამყაროში აზრი არ აქვს ერზე საუბარს. თვით მისი კონცეფციაც თანდათან წყვეტს არსებობას.

აჯანყებულები მეორე სიტუაციაში აღმოჩნდებიან იმ შემთხვევაში, თუ აჯანყების სათავეში დგანან ნაციონალ-დემოკრატები, რომლებიც, პოპულისტური მიზნებისთვის, ან მასების ზეწოლის ქვეშ, გამოდიან სოციალური ლოზუნგებით. მათ არ აინტერესებთ შინაგანი წინააღმდეგობა – ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლებელი ხდება უარის თქმა ყოველგვარ სოციალურ მოთხოვნაზე, მათი გამოცხადება დროისა და ეროვნული გადარჩენისთვის შეუფერებლად.

რა არის ანარქისტებისთვის ერი?

ჩვენ ახლა არ განვიხილავთ, თუ რა შედეგი მოაქვს მემარცხენე ნაციონალისტებისა ან ავტორიტარული სოციალისტების მიერ სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობებს. ამ მოძრაობების წინააღმდეგობები, ავტორიტარული ხასიათი, სეგრეგაცია, იერარქიული სტრუქტურა – ეს ყველაფერი ცალკე თემაა. ამავე მიზეზით არ შევეხებით ირლანდიელი, უკრაინელი, ბელორუსი, ბასკი და სხვა მემარცხენე ნაციონალისტების გამოცდილებებს. ყველა ეს მაგალითი ჯდება ზემოთ აღწერილ მეორე სიტუაციაში. ჩვენ უფრო გვაინტერესებს პირველი სიტუაცია. მისი ერთ-ერთი მაგალითია ზოგიერთი ანარქისტი თეორეტიკოსის მიერ ერის მოხსენიება დადებით კონტექსტში.

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში განსხვავება ეთნოსისა და ერის შორის არ იყო ყველასთვის ცნობილი და, რა თქმა უნდა, არ არსებობდა ეთნოსის კონცეფციის პოსტკონსტრუქტივისტული ანალიზი. ამან გამოიწვია ის, რომ ანარქისტები, კულტურულ პრობლემებზე საუბრისას, ტერმინოლოგიის კრიტიკული გაანალიზების გარეშე სესხულობდნენ განმარტებებს ლიბერალური დისკურსიდან. ეს მტკიცდება ამავე თეორეტიკოსების მიერ ნაციონალიზმის ერთსულოვანი კრიტიკით. ამავე დროს, დღესაც კი ხშირად შევხვდებით ეროვნული გათავისუფლებისთვის ბრძოლების მხარდაჭერას ანარქისტების მხრიდან. ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ანარქისტები ყოველთვის თანაუგრძნობდნენ ჩაგრულთა ბრძოლას თავისი უფლებებისთვის და, ასევე, აღიარებდნენ ენობრივი დისკრიმინაციისა და სახელმწიფოს „კულტურული პოლიტიკიდან“ გამომდინარე სხვა ნეგატიური ელემენტების არსებობას. ზუსტად ეს თანაგრძნობა უშლით მათ ხელს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების კრიტიკულად განხილვაში.

კიდევ რამდენიმე მაგალითი – ქურთების, ზაპატისტებისა და კორეელების ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობები. ყველა ამ მოძრაობას გააჩნია გამოკვეთილი კულტურული აქცენტი და ანტიავტორიტარული მოძრაობების საერთო შეცდომები, რომელიც დაკავშირებულია რეაქციონერულ მომხრებთან, მოკავშირეების ძიებასთან და გამოყენებული ტერმინოლოგიის მიმართ ელემენტარულ უყურადღებობასთან. ქურთებისა და ზაპატისტების მოძრაობების გამოცდილება ბოლომდე არაა შესწავლილი და მოითხოვს ცალკე ანალიზს, ამიტომაც ზემოთ თქმულის (ასევე, სტატიის დასაწყისში მოყვანილი პირველ და მეორე სიტუაციების) ილუსტრაციისთვის გამოვიყენებთ კორეელი ანარქისტების მაგალითს.

ანარქიზმი და ნაციონალიზმი კორეაში.

კორეული ანარქიზმი სათავეს იღებს არა მხოლოდ მასების მოძრაობაში, არამედ ეყრდნობა ცალკეული თეორეტიკოსების პიროვნებებს. სინ ჩაეჰო (Shin Chaeho, 1880-1936) ითვლება ერთ-ერთ მოაზროვნედ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა კორეული ანარქიზმის განვითარებაზე. თვალი გადავავლოთ მისი ბიოგრაფიის მოკლე მონაკვეთს.

1907-1910 წლებში სინ ჩაეჰო მუშაობდა ნაციონალისტურ გაზეთში „ტეხან მეილ სინბო“. იგი წერდა სტატიებს, რომლებშიც აკრიტიკებს კორეულ ელიტას იაპონელ დამპყრობლებთან კარგი ურთიერთობების გამო, და ახსენებს მათ „დიდი მე-ს“ (სახელმწიფოსა და ერის) წინაშე ინდივიდის აბსოლუტური ვალდებულების შესახებ. იგი მოუწოდებს ახალი ტიპის პიროვნების შექმნისკენ, რომელიც მზად არის განწიროს საკუთარი თავი ეროვნული ინტერესებისთვის. სინ ჩაეჰო ანარქიზმით დაინტერესდა რევოლუციური ძალადობისკენ თავისი მიდრეკილების გამო. მისი აზრით, რევოლუცია იყო ინსტრუმენტი ძლიერი ქვეყნების შექმნისთვის. 1921 წელს, როდესაც მან გაიაზრა, თუ რა საშიშროება მოყვებოდა ბოლშევიზმს, სინ ჩე ჰომ დაიჭირა ანარქიზმთან უფრო ახლო პოზიცია, თუმცა მაინც აგრძელებდა ძირითადი ყურადღების დათმობას ეროვნული გათავისუფლებისთვის. ამ პერიოდში მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ძალადობრივი რევოლუციის გზით იაპონური მმართველობის დამხობა და „სახალხო კორეის“ ჩამოყლიბება. ეს იდეები მან ჩამოაყალიბა 1923 წელს დაწერილ „კორეული რევოლუციის მანიფესტში“.

ამ მანიფესტში ძალიან ნათლად ჩანს ცნებათა აღრევა: „ჩვენი მიზანია, გავთავისუფლდეთ უცხო ერის ბატონობისგან, რადგან უცხოურმა სახელმწიფომ, იაპონიამ, ჩამოართვა კორეის ერს დამოუკიდებლობის უფლება. ჩვენ უნდა განვდევნოთ დაპყრობლები ჩვენი ქვეყნიდან და დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა”. აქ ჩანს, რომ კორეელებს ესმოდათ, რომ მათი ქვეყანა დაიპყრო უცხო სახელმწიფომ და არა უცხო ერმა მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი ძალიან ხშირად იყენებდნენ ტერმინ „ერს“, რითიც აიგივებდნენ უცხო სახელმწიფოს უცხო ერთან. თუ ვილაპარაკებთ სხვა კორეელ ანარქისტებზე, კორეელებს ისინი ხშირ შემმთხვევაში უწოდებდნენ „ხალხს“ და არა „ერს“.

ზოგი მკვლევარი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ სინ ჩხე ხო იყო ნაციონალისტი, რომელიც იყენებდა ანარქიზმს საკუთარი ინტერესებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ მისი მიზანი იყო ანარქისტულ იდეებზე დაფუძნებული საზოგადოება, მაგრამ რომელსაც წინ უძღოდა ეროვნული გათავისუფლება. მართლაც, სიცოცხლის ბოლო წლებში, სინ ჩე ჰოს იდეები უფრო განვითარდნენ ანარქიზმის მიმართულებით. მანიფესტში იგი ცხადად ამბობს, რომ აუცილებელია ყველა სახის ჩაგვრასთან ბრძოლა, ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო გადატრიალებასა და სოციალურ რევოლუციას და ხაზს უსვამს მასების შეიარაღებული ბრძოლის საჭიროებას. თუმცა, კოლონიალიზმის პრობლემის მიმართ ძალიან დიდი ყურადღების გამო მან ვერ შეძლო კულტურული პრობლემის კრიტიკულად გადააზრება და თავისი იდეების ჩამოყალიბება ანარქისტული ლოგიკის შესაბამისად.

კორეული ანარქიზმის ფუძემდებლები არ ერიდებოდნენ საეჭვო პრაქტიკებს, და აქ საუბარია არა ინდივიდუალური ტერორის აქტებზე, არამედ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასა და პარლამენტში გაწევრიანებაზე, ლიბერალურ ნაციონალისტებთან კოალიციის შექმნაზე, მმართველი ორგანოების მუშაობაში მონაწილეობასა და საკუთარი მთავრობის შექმნაზე. იუ-რიმი წერს: „ასეთ გარემოებაში, ანარქისტებიც კი უნდა გამოეხმაურონ მასების სურვილს, შექმნას საკუთარი ერი.“ კორეელ ანარქისტებს ძალიან გაუმართლად – მათთვის ხელმისაწვდომი იყო ინგლისური, ჩინური და რუსული ანარქისტული ლიტერატურის თარგმნები. მაგრამ კოლონიალიზმის სიტუაციის უნოკალობაში რწმენამ და ანარქიზმის ნაციონალიზმთან და ლიბერალიზმთან სიმბიოზის გზით მისი პოპულარიზაციის მცდელობამ მოიტანეს ის, რომ კორეელმა ანარქისტმა თეორეტიკოსებმა ვერ შეძლეს მოძრაობის ტაქტიკაში რაიმე სიახლის შეტანა. კორეულმა ანარქიზმმა ყველაზე ნათელი კვალი დატოვა ანარქიზმისთვის კლასიკური ტაქტიკების – ტერორისა და აჯანყებების – გამოყენების გამო (ამას ცოტა საერთო ჰქონდა ცალკეული თეორეტიკოსების ნაციონალისტურ სიმპატიებთან).

ეს პრაქტიკა კორეაში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მას ჰქონდა ინტერნაციონალური ხასიათი (საერთაშორისო შეიარაღებული ბრძოლის გამოცდილებით აღტაცება, უცხოელ ანარქისტებთან თანამშრომლობა და ფედერაციების ჩამოყალიბება). ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მითი კორეული ანარქისტების ნაციონალიზმის შესახებ ძალიან გაზვიადებულია თანამედროვე მკვლევრების მიერ.

ტაქტიკური უთანხმოებების გამო (დავა ანარქო-კომუნისტებსა და ანარქო-სინდიკალისტებს შორის) კორეული ანარქიზმი ჩაეშვა გაუთავებელი კონფლიქტების უფსკრულში. ეს გვიჩვენებს, რომ ტაკქტიკის შესახებ დავის მიუხედავად, აუცილებელია ერთობის შენარჩუნება. თუმცა უნდა განვასხვაოთ ტაქტიკა და სტრატეგია. მიზნების შესახებ ბუნდოვან წარმოდგენას, შინაგანი კონფლიქტების დამალვას და, ასევე, პოლიტიკურ ოპონენტებთან გრძელვადიანი კავშირის შესაძლებლობის შესახებ მითს უკვე არაერთხელ დაუღუპავს ანარქისტული მოძრაობები. გამოცდილების კრიტიკული ანალიზი, თანამედროვე პრაქტიკის თვითკრიტიკა და მუდმივი დისკუსეიბი – მხოლოდ ეს დაგვიცავს ზემოთ მოყვანილი სიტუაციების განმეორებისგან.

რაც შეეხება კოლონიალიზმს.

კორეული ანარქიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისი იყო ის, რომ იმ პერიოდში ანარქიზმის განვითარებისთვის აუცილებელი იყო კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამით ისინი ამართლებდნენ ნაციონალისტურ სიმპატიებს.

მოდით, განვიხილოთ ეს ტერმინი. კოლონიალიზმს აქვს ორი შემადგენელი: სახელმწიფო და კულტურული შევიწროება. აღსანიშნავია, რომ სრულიად არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო „ჩვენია“ თუ „უცხო“. არსობრივად ისინი არ განსხვავდებიან და კულტურული შევიწროების პოლიტიკის ჩატარება შეუძლია „ჩვენს“ სახელმწიფოსაც (ეს კარგად ჩანს ბელორუსის მაგალითზე). თავის მხრივ, ყოველი სახელმწიფო ატარებს კულტურული გაერთიანების პოლიტიკას და ავიწორებს ე.წ „ეთნიკურ უმცირესობებს“. თუმცა, კოლონიალიზმი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ კულტურულ შევიწროებას განიცდის ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენმობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ყურადღება მიაქციეთ ტერმინების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ და „განსაზღვრული ტერიტორიას“ ბუნდოვანებას). აქედან გამომდინარე, კოლონიალიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა ბრძოლა სახელმწიფოსა და კულტურული შევიწროების წინააღმდეგ. მაგრამ ბრძოლის ეს ტიპები ისედაც ლოგიკურად ჯდება ანარქისტულ პროგრამაში და სრულიად არაა საჭირო ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ერი“ ან „ეთნოსი“. ანარქიზმი უკვე ებრძვის ყოველგვარ სახელმწიფოს და, აქედან გამომდინარე, კოლონიალიზმის მიზეზსაც. აღმოჩნდა, რომ კორეაში შექმნილი სიტუაციის უნიკალურობა უბრალო მითია.

ზემოთ მოყვანილი ნააზრევებიდან ანარქისტებს შეუძლიათ შემდეგი დასკვნის გამოტანა. საჭიროა ბრძოლა სახელმწიფოსა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და არა რომელიმე ვითომ უნიკალური, ცალკე მდგომი და უცვლელი ჩაგრულთა ჯგუფის უფლებებისთვის. საჭიროა ვიბრძოლოთ ზოგადად ხალხის და არა ცალკე ერებისა ან, მაგალითად, გენდერების გათავისუფლებისთვის. ადამიანის ერთი ცალკე თვისება არ უნდა იყოს მისი, როგორც პიროვნების, უფლებათა ერთობლიობაზე უფრო მნიშვნელოვანი.

წყარო:  ავტონომიური კოლექტივი (Geo)

Facebook Comments