ერიკო მალატესტა – არც დიქტატორები, არც დემოკრატები

errico-malatesta

თეორიულად დემოკრატია ნიშნავს სახალხო მმართველობას, მმართველობის ისეთ ფორმას, რომელიც თითოეული ინდივიდის ძალისხმევაზეა დაფუძნებული. დემოკრატია ადამიანს აძლევს სიტყვისა და არჩევნის თავისუფლებას, ამ არჩევნისა და უფლებების აღმასრულებელი ორგანოს მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში  მექანიზმის დესტრუქციის უფლებას.

ამ თეორიულ ვარაუდს მივყავართ დასკვნამდე, რომ ინდივიდებს, რომლებიც ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ელემენტებია, აქვთ თავისუფალი შესაძლებლობა, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და გამოხატონ ის ნებისმიერი საკითხის შესახებ. ეს გულისხმობს ინდივიდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მაშასადამე ყველა იძულებულია საკუთარი ნება და არჩევანი საზოგადოებრივ გადაწყვეტილებად აქციოს.

თუკი არსებობენ კლასები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ამა თუ იმ ეკონომიკური მოდელის მიერ ნაკარნახევ წარმოების პროცესსა და ნაწარმის გადანაწილების პროცესში ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებითა და თავისუფლებებით არ სარგებლობენ, ე.ი. დამოკიდებული არიან რაღაც სხვა ძალაზე, რომელიც წარმოებაზე მონოპოლიიით სარგებლობს, ასეთ შემთხვევაში ე.წ. დემოკრატიული სისტემა ვერ იმუშავებს. იგი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფასადური მოდელი ხდება, რომელიც მხოლოდ მასების მოტყუებასა და დამორჩილებაზეა ფოკუსირებული, იმისათვის, რომ პრივილეგირებულთა მმართველობა და დომინანტური კლასი კონსოლიდირებული და უსაფრთხო იყოს.

ასეთი ტიპის დემოკრატია კაპიტალისტური სტრუქტურისათვისაა დამახასიათებელი, რა ფორმითაც არ უნდა გვქონდეს ეს კაპიტალიზმი – კონსტიტუციური მონარქიის თუ ე.წ. პირდაპირი მმართველობის სახით. დემოკრატია კი, როგორც სრულფასოვანი ფენომენი, “ხალხის მმართველობა“, სოციალისტური რეჟიმის გარდა ყველა სისტემაში რეპრესირებული, გამოუთქმელი საზოგადო ნებაა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ წარმოებული პროდუქციისა და მომხმარებლის ურთიერთობა სოციალიზმში გასაზოგადოებულია და ამ საზოგადო ურთიერთობებში ინტერვენციის გარანტირებული უფლება დაფუძნებულია ინდივიდის ეკონომიკურ თავისუფლებაზე. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ დემოკრატიული სისტემა სამართლიანობის, ინდივიდთა თავისუფლებისა და საჭიროებების საზოგადოებრივი რეალიზაციის საუკეთესო გარანტორია. როგორც ჩანს, ასე მიიჩნევდნენ ისინიც, ვინც აბსოლუტური მონარქიის პირობებში იბრძოდადა კვდებოდა თავისუფლებისთვის.

მაგრამ ფაქტობრივად, თუკი საგნებს ისე შევხედავთ, როგორებიც სინამდვილეში არიან, ხალხის მმართველობა შეუძლებელი ხდება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინდივიდები, რომელთა ერთობასაც ხალხს ვუწოდებთ, განსხვავდებიან მიზნებით, ფასეულობებითა და მოსაზრებებით, ხოლო საზოგადო თანხმობა, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება, ვერასდროს, ან თითქმის ვერასდროს მიიღწევა. მაშასადამე „ყველა ადამიანის მმართველობა“, თუკი მმართველი მექანიზმი – სახელმწიფოა საჭირო, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ უმრავლესობის მმათველობაა. დემოკრატები კი, იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა სოციალისტები, მოითხოვენ საერთო-საზოგადო თანხმობას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ, საჭიროა, უმრავლესობამ პატივი სცეს უმცირესობის აზრს. იმის გათვალისწინებით, რომ წესებს უმრავლესობა ადგენს და გადაწყვეტილებებსაც იგივე ძალა იღებს, უმცირესობას ისღა დარჩენია, იმოქმედოს იმ ჩარჩოებში, რომელსაც უმრავლესობა კანონის სახით უწესებს, ან მორალურ ნებას რთავს.
უმცირესობისათვის კი უმრავლესობის უფლებათა ლიმიტირების საშუალება აქტიური წინააღმდეგობაა, რომლის ზოგიერთი ფორმა ძირშივე კანონგარეშეა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის იარსებებს სოციალური ბრძოლა, რომელშიც მისი მონაწილეები დაიყოფიან უმრავლესობად და უმცირესობად .უმრავლესობა შეეცდება საკუთარი წესრიგი თავს მოახვიოს უმცირესობას, ხოლო ამ უკანასკნელს ისღა დარჩენია, ძალთა კონსოლიდირებით წინააღმდეგობა გაუწიოს წესრიგის გავრცელებას.

ახლა კი ამ მსჯელობას გვერდზე გადავდებ, რომ ფაქტებზე, წარსულსა და თანამედროვე მოვლენებზე დაყრდნობით, გაჩვენოთ წინააღმდეგობა დემოკრატიის აუთენტურ მნიშვნელობასა და ისეთ პოლიტიკურ სისტემას შორის, სადაც არსებობს მმართველობის ისეთი ფორმა, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ვუწოდებთ. ასეთი ტიპის მმართველობა სახეზე გვაქვს თანამედროვე სოციალური კონტექსტების უმრავლესობაში და მისი რეალური სახე,თუკი კრიტიკულად შევაფასებთ, ერთგვარი „ოლიგარქიაა“ – უმცირესობის დიქტატურა. მაგრამ ამ ესსეს მიზანი ეს არ არის, მირჩევნია თავად დემოკრატების ფორმულირებაში ვიპოვო შეცდომები და დავამტკიცო, რომ ნამდვილად შეუძლებელია ხალხის ისეთი მმართველობა, როგორიც დემოკრატიის პირვანდელ განსაზღვრებაშია ხაზგასმული.

მართვა ნიშნავს უფლებას, მიიღო კანონები და გაავრცელო იგი ხალხზე ძალის მეშვეობით. ამიტომაც, პოლიციის გარეშე მთავრობები არ არსებობენ.

ახლა განვიხილოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას იცხოვროს და პროგრესირებდეს მშვიდობიანად, შეძლებს თუ არა მოქნილ ადაპტირებას მუდმივცვალებად გარემოებებში, თუკი უმრავლესობას აქვს უფლება და საშუალება, რომ გაავრცელოს საკუთარი ნება ძალის მეშვეობით ურჩ უმცირესობაზე?

უმრავლესობა კი, ჩემი განსაზღვრებით კონსერვატორი, ჩამორჩენილი და ნოვაციის მტერია. მძიმედ, ნელა აზროვნებს და მოქმედებს, ამავე დროს იმპულსური, არაზომიერი, დოგმატური და ზედაპირულია საკუთარ ენთუზიასტურ და ირაციონალურ შიშებში. ყოველი ახალი იდეა, ინდივიდის, ან ინდივიდთა მცირე ერთობისაგან ინიცირებული, პრაქტიკულ განხორციელებას ჰპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქნილი, აქტიური და სიცოცხლისუნარიანი უმცირესობა გაიმარჯვებს უმრავლესობის სტატიკურ რეზისტენტულობაზე.

მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქტიური უმცირესობის მმართველობა გვინდა პასიურ უმრავლესობაზე?

რა თქმა უნდა არა. თუკი მავნებლად და უსამართლოდ მივიჩნევთ უმრავლესობის ზეწოლას უმცირესობაზე და ამით პროგრესისათვის ხელის შეშლას, მაშინ კიდევ უფრო უსამართლოდ მეჩვენება უმცირესობისაგან მართული უმრავლესობა, როცა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლება ხელში აქვს ჩაგდებული, საკუთარ იდეოლოგიას ძალადობით ავრცელებს დანარჩენ საზოგადოებაზე, თუნდაც ეს იდეები ჰუმანური იყოს – აქ ყურადღება ძალდატანებით გავრცელებულ ფასეულობებზე – როგორც ფაქტზე  უნდა გავამახვილოთ და არა ამ ფასეულობათა თვისობრივ მხარეებზე.

მაშასადამე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვადასხვა სახის უმცირესობები. არსებობენ ეგოისტები და ფანატიკოსები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აცხადებენ პრეტენზიას და ამ ამბიციის ძალდატანებით სხვებისთვის თავს მოხვევას ცდილობენ. არსებობენ რეაქციონერები, რომლებიც საათის ისრების უკუღმა დატრიალებას ცდილობენ და ერთმანეთისგან მხოლოდ რეაქციის ლიმიტის გაგება ასხვავებთ. არსებობენ რევოლუციური უმცირესობებიც, აგრეთვე ორ ნაწილად დაყოფილი – მათ თვისობრივ სხვადასხვაობას პოსტრევოლუციური წესრიგისა და სოციალური პროგრესის კონცეფციების განსხვავებული აღქმა განაპირობებს.

რომელმა მათგამა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში?

იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვო, დაგჭირდება რაღაც სიმაღლეების დაკავება, რომლებიც ზუსტად ისეთნაირები არ არიან, როგორებიც საჭიროა სამართლიანობისა და კეთილდღეობის სურვილის ტრიუმფის გარანტორობისათვის.
აქვე გავაგრძელებ, იმისათვის რომ სხვებს დუმილის უფლება მივცე და გამოვთქვა აზრი, რომ გარკვეული  სახის უმცირესობა, რომელიც ხელისუფლებას მოიპოვებს მათთან ბრძოლაში, ვინც აგრეთვე ძალაუფლებას ესწრაფვის, საუკეთესო შემთხვევაში იქნებოდა სოციალისტური იდეების მატარებელი ჯგუფებისგან დაკომპლექტებული უმცირესობა.

ეს იქნებოდა ყველაზე უარესი?

დიახ, ძალაუფლების ხელში ასაღებად, ლეგალური თუ არალეგალური გზით, ნებისმიერ ჯგუფს ან ინდივიდს სჭირდება წარსულში დატოვოს მთელი მისი იდეოლოგიური ბაგაჟი და გვერდზე გადადოს მორალური ყოყმანი. მას შემდეგ კი, რაც იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მოექცევა, პრობლემა ხდება ის, როგორ შეინარჩუნო დაკავებული ადგილი და სტატუსი. საჭიროა შეიქმნას ინტერესთა გადაკვეთის სფეროები ახალ გარემოებასა და ურთიერთობებში და მიემაგროს მმართველი წრეების პრივილეგირებულ კლასს, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ოპოზიციას ყველა შესაძლო ვარიანტში. გარდა ამისა, ნაციონალურ საერთო მიზნებისა და ღირებულებების ილუზია უნდა შეიქმნას ნაციონალურ ინტერესებში, მაგრამ ყოველთვის თავისუფლების დესტრუქციის ხარჯზე.

უმრავლესობის პასიური კონსენსუსით განმტკიცებული მმართველობა, რომელიც უმრავლესობის ნების გამოხატულებაა, ტრადიციულად ქმნის რეალობის ისეთ ილუზიას, სადაც უმრავლესობა ყოველთვის მართალია, მაგრამ უმცირესობას დატოვებული აქვს თავისუფლების სივრცე, ამავე დროს უმცირესობის „თავისუფალმა აზრმა“ საფრთხე არ უნდა შეუქმნას პრივილეგირებულ კლასს. ახალი მთავრობა, რომელიც დასაწყისში ეყრდნობა მხოლოდ უმცირესობის მხარდაჭერას, იძულებულია აუცილებლობით იყოს ტირანიული.

 

საჭიროა გავიაზროთ, რა ჩაიდინეს სოციალისტებმა და კომუნისტებმა, როცა ძალაუფლებაში მოვიდნენ. მათ მარტივად გაასხვისეს საკუთარი პრინციპები და ამხანაგები ჰაერში მოფრიალე წითელი დროშებით – სოციალიზმისა და კომუნიზმის სახელით.

ამიტომაც მე არ ვემხრობი არც უმრავლესობის და არც უმცირესობის მმართველობას – არც დემოკრატიას, არც დიქტატურას. ასე რომ, მე ვიბრძვი პოლიტიკური ჟანდარმერიის მოსპობისათვის, თავისუფლებისთვის და თავისუფალი შეთანხმებისთვის, რომელიც მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა საზოგადოებაში არავინ იგრძნობს იძულებას სხვათა მხრიდან.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.