ფრანკ ფერნანდესი – კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობა

2001 წელს გამოცემული ფრანკ ფერნანდესის მიერ დაწერილი პამფლეტი კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობის შესახებ არის მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა ლიბერტარულმა იდეებმა კუბის მოსახლეობაზე. ჩვენი ვალია, გულწრფელად გადმოვცეთ ისტორია კუბელი ანარქისტებისა, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ თავისუფლებისთვის და საზოგადოების ყველაზე ჩაგრული კლასებისთვის. კუბელი ანარქისტების მიღწევებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სოციალურ და პროფკავშირულ ბრძოლებში. ჩვენ მოკლედ აღვწერთ იმ ადამიანების მოღვაწეობას, რომლებმაც, რესურსების, დახმარებისა ან დაცვის გარეშე, დავიწყებულებმა და დევნილებმა, უზარმაზარი გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ მუშათა კლასსა და გლეხებზე, არამედ მთლიანი კუბის ისტორიაზე. ისინი, მართლაც, იყვნენ კუბის პროლეტარიატის წინამორბედნი.

PDF ვერსია frank-fernandesi-anarchismi-kubashi (262.4 kB)

1. კოლონიალური ეპოქა და სეპარატიზმი

პიერ-ჟოზეფ პრუდონი, მისი ინოვაციური იდეების წყალობით, იწოდება მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეაზროვნედ. მისმა ეკონომიკურმა თეორიებმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე, და გადამწყვეტი როლი ითამაშა კუბის ანარქიზმის განვითარებაში. პრუდონს, პირველ თანამედროვე ანარქისტ თეორეტიკოსს, კუბაში მიმდევრები გამოუჩნდა პროგრესულად მოაზროვნე ხელოსანთა და მუშათა შორის. 1857 წელს კუბაში დაარსდა პირველი მუტუალისტური საზოგადოება. თუმცა, პრუდონის იდეები ფართოდ ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სატურნინ მარტინეზმა დაიწყო გაზეთ „La Aurora“-ს გამოცემა, 1865 წელს. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა თავდაპირველი კუბის პროლეტარიატის: სიგარების დამზადებლების, ტექსტების მბეჭდავების, ჯამაგირზე მომუშავე გლეხებისა და ხელოსნების „თავისუფალი ასოციაციები“. კუბა უნდა უმადლოდეს პრუდონს, ასევე, რეგიონალური ცენტრების, სკოლების, კლინიკებისა და ურთიერთდახმარების ასოციაციების შექმნისთვის.
ესპანეთისგან გამოყოფის პირველი მცდელობა კუბაში, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, იყო ათწლიანი ომი (1868-1878). ომში მონაწილეობდნენ თამბაქოს ინდუსტრიის ანარქისტული ელემენტებიც. მაგალითად, ვინცენტე გარსია და სალვადორ ბეტანკორტი, ორივე პრუდონისეული ფედერალიზმის მომხრე. მათ დიდი როლი ითამაშეს ომის მსვლელობაში. ამ მოქმედებებს მხარს უჭერდნენ ესპანელი ამხანაგებიც, რომლებსაც სდევნიდნენ ევროპაში რევოლუციური შეხედულებების გამო და რომლებიც ემიგრირდნენ კუბაში.

ამავე წლებში, ანარქისტულ იდეებს დიდი გავლენა ჰქონდათ საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და რუსეთის მუშებსა და გლეხებზე. იმ დროის ყველაზე გამოჩენილი ორგანიზატორი და მოაზროვნე იყო მიხეილ ბაკუნინი. 1876 წელს მისი გარდაცვალების მიუხედავად, მისმა იდეებმა და არგუმენტებმა საკვირველი ენერგიით მოიარა და შეიპყრო მთლიანი ევროპა. „სოციალისტური რევოლუციური ალიანსისა“(1864) და „საერთაშორისო სოციალისტური დემოკრატიული ალიანსის“(1868) დაარსებამ და ბაკუნინის „პრინციპთა დეკლარაციამ“ გავლენა მოახდინეს კუბის რევოლუციურ ელემენტებზე, რომლებსაც უკვე გადამუშავებული ჰქონდათ პრუდონის კონცეფციები შრომის ორგანიზების შესახებ. ბაკუნინის იდეებმა თანდათან ჩაანაცვლა პრუდონის იდეები. კუბელ მუშებს თანდათან უვითარდებოდათ კლასობრივი თვითშეგნება.

1885 წლის ბოლოს გამოჩნდა ყველაზე პრესტიჟული ფიგურა კუბის ანარქიზმში – ენრიკე როიგ დე სან მარტინი (1843-1889), გაზეთ “El Productor-ის” დამფუძნებელი და კუბის პროლეტარიატის ახალი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. 1880-იან წლებში მომხდარი ყველა გაფიცვა შთაგონებული იყო ანარქისტების მიერ და ორგანიზებული “El Productor-ის” დახმარებით. ამ გაზეთისა და როიგ დე სან მარტინის დახმარებით, შეიქმნა რევოლუციური ორგანიზაცია სახელად „მუშათა ალიანსი“.

„მუშათა ალიანსმა“ მხარდაჭერა მოიპოვა აშშ-ს ორ მთავარ თამბაქოს მწარმოებელ რეგიონში, ტამპასა და კი-ვესტში. 1887 წელს ჰავანაში შიქმნა პირველი „თამბაქოს მუშათა ფედერაცია“. ამ ფედერაციამ ჩაანაცვლა „თამბაქოს მუშათა კავშირი“ და მასში გაერთიანებული იყო ამ ინდუსტრიაში მომუშავე თითქმის ყველა ადამიანი. ამ ორი ქალაქის ყველაზე გამოჩენილი აქტივისტები იყვნენ ენრიკე მესონიე და ენრიკე კრესი, ასევე, ანარქისტი აქტივისტები: ლილი, სეგურა და პალომინო. 1889 წელს კი-ვესტში გამოცხადდა საჯარო გაფიცვა, რომელიც დამთავრდა მუშათა გამარჯვებით 1890 წლის დასაწყისში. ჰავანიდან გაფიცვას სოლიდარობას უცხადებდნენ ალიანსი და კუბელი მუშები. „El Productor-ის” მეშვეობით, როიგ დე სან მარტინის სიკვდილის შემდეგაც კი, ისინი ახდენდნენ გაფიცულთა კოორდინირებას.
მარტიმ ანარქისტებისგან მოიპოვა უზარმაზარი დახმარება არა მხოლოდ მორალურად, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც. მარტიმ გადაწყვიტა, დაეარსებინა რევოლუციური პარტია, რომლის დიდ ნაწილს შეადგენდნენ რევოლუციურ პროფკავშირებში გაწევრიანებული თამბაქოს მუშები.

“მუშათა ალიანსმა“ 1890 წლის პირველი მაისი აღნიშნა დემონსტრაციითა და 1886 წელს ჩიკაგოში სიკვდილით დასჯილი ანარქისტებისთვის მიძღვნილი საჯარო აქტით. მათი მთავარი მოთხოვნა იყო კონგრესის შექმნა, და 1892 წლის იანვარში ანარქისტები უკვე აღნიშნავდნენ კუბის პირველი რეგიონალური კონგრესის ჩამოყალიბებას. ისინი მოუწოდებდნენ კუბელ მუშათა კლასს “რევოლუციური სოციალისტების“ რიგებში გაწევრიანების და მარტისთან ერთად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ. მარტის „მანიფესტში“, მათ ჩაწერეს ფრაზა, რომელიც დღემდე შემორჩა ისტორიას: „აბსურდია ერის კოლექტიურ თავისუფლებას ეწინააღმდეგებოდეს ადამიანი, ვინც ინდივიდუალურ თავისუფლებას ესწრაფვის…“.  ესპანურმა ხელისუფლებამ დაშალა კონგრესი, დახურა ანარქისტული პრესა, ალიანსი კანონგარეშედ გამოაცხადა და დააპატიმრა ან ქვეყნიდან გადაასახლა კონგრესის ყველაზე ცნობილი წევრები.
ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელსაც ქადაგება მარტი, დაიწყო 1895 წლის თებერვალში. ანარქისტები შეუერთდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, მათ შორის იყო ენრიკე კრესიც, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა 1896 წელს. ყველასთვის სამწუხაროდ, მარტის დაპირებები და სოციალური პროგრამები გაუჩინარდა მასთან ერთად, როდესაც კუბის დამოუკიდებლობის აპოლოგეტი ესპანელ ჯარისკაცებთან ბრძოლას შეეწირა 1895 წლის მაისში. ომი დასრულდა 1898 წელს ამერიკის ჩარევითა და ესპანეთის დამარცხებით. ემიგრაციაშიც და სამშობლოშიც, კუბელი ანარქისტები ამ პერიოდში დაუღალავად აგროვებდნენ შესაწირებს ბრძოლის მხარდაჭერისთვის და აწარმოებდნენ კამპანიებს ანარქისტულ წრეებში აშშ-სა და ევროპაში. ომს შეუერთდა ორი ახალგაზრდა იტალიელი ანარქისტი: ორესტეს ფერერა და ფედერიკო ფალკო. ესპანელების დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა 1897 წელს ესპანეთის პრემიერ მინისტრის, ანტონიო კანოვას დელ კასტილოს მკვლელობამ იტალიელი ანარქისტის, მიქელე ანჯიოლილოსა და პარიზში კუბელი ემიგრანტების წარმომადგენელი პუერტო-რიკელი ექიმის, ემეტერიო ბეტანკეს მიერ. კანოვასი მოუწოდებდა კუბის მოსახლეობის სისტემური განადგურებისკენ. „ჩაახშეთ აჯანყება“, აცხადებდა იგი, „ბოლო კაცამდე და ბოლო პესეტამდე“. ამავე დროს, მან ადვილად გაუძლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნიუ-იორკის პრესის მხრიდან წამოსულ ზეწოლას. ევროპული კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის აყვავების ხანაში, კანოვასი წარმოადგენდა იმპერატორების, მეფეებისა და პოლიტიკოსებისგან შემდგარ ელიტას, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას ავიწროებდა, არამედ ავრცელებდა თავის დომინაციას ნაკლებად განვითარებულ მსოფლიოზეც. მას დიდი გავლენა და სახელი ჰქონდა არა მხოლოდ ვატიკანში, ავსტრია-უნგეთში, რუსულ და გერმანულ იმპერიებში, არამედ, ასევე, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ელიტებში, რომლებიც მხარს უჭერდნენ კანოვასის მიერ ჩატარებულ რეპრესიებს.

სამმა გასროლამ, რომელმაც შეწყვიტა კანოვასის სიცოცხლე, ასევე, ბოლო დაუდო კუბაში მისი კრიმინალური მეთოდების განხორციელებას. მისი მემკვიდრე, მატეო საგასტა, იყო სუსტი და სულელი პოლიტიკოსი, იგი არ სარგებლობდა თავისი კოლეგების სიმპათიით არც ესპანეთში და არც დანარჩენ ევროპაში. აშშ-სკენ მიმართულმა მისმა „დაშოშმინების“ პოლიტიკამ, გზა გაუხსნა ახალ, ამერიკულ იმპერიალიზმს. ესპანეთის იმპერიამ მალევე შეწყვიტა არსებობა.
აშშ-ს ჩარევის დროს, ანარქისტებმა წამოიწყეს გაფიცვა კალატოზთა გილდიაში. იგი ძალის გამოყენებით ჩაახშეს, თუმცა, ბოლოს, გაფიცულებმა მაინც მიაღწიეს ხელფასის ცოტაოდენ მომატებას. ამ გაფიცვას მხარს უჭერდა გაზეთი „!Tierra!“, რომლის რედაქტორებიც იყვნენ აბელარდო საავედრა და ადრიან დელ ვალე.

2. პირველი რესპუბლიკა

კუბის პირველი დამოუკიდებელი მთავრობის მმართველობის დროს მოხდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი გაფიცვა: სიგარების დამამზადებლებმა, მცხობელებმა, carpenters და მშენებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს დაუნდობელი რეპრესიები, ზუტად ისეთი, როგორიც კოლონიალური სახელმწიფოს დროს. ლიბერალებისა და კონსერვატორების რესპუბლიკა არ აქცევდა ყურადღებას „სოციალურ პრობლემებს“, მას აღარ ახსოვდა მარტის დაპირება „ყველა ყველასთვის“.

მექსიკის რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა კუბელ მუშებსა და გლეხებზე. რიკარდო ფლორეს დე მაგონის ნაშრომებმა და ემილიო ზაპატას იარაღმა გამოაცოცხლეს ყველასგან დავიწყებული შაქრის პლანტაციების მუშები, რომლებიც შრომობდნენ ქვეყნის ყველაზე დიდ ინდუსტრიაში. 1915 წელს გამოიცა „კრუსესის (ქალაქი კუბაში) მანიფესტი“, რომელიც, თავისი ლიტერატურული თვისებებიდან გამომდინარე, იყო ანარქისტების ჰიმნი, რომელიც მათ ბრძოლისკენ მოუწოდებდა: „ჩვენ იარაღით ხელში უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ხმა“ და „ჩუმად ყოფნა კომპრომისია“ – ეს წინადადებები ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ მუშათა სათქმელს, რომლებსაც აღარ უნდოდათ შიმშილის ატანა და რომლებიც იბრძოდნენ უკეთესი ცხოვრებისთვის. ამავე წელს შეიქმნა გლეხთა პირველი ფედერაცია (Federacion Campesina de Cuba) პროვინცია ლას-ვილასში. მისი ირგანიზატორები იყვნენ: ფერნანდო იგლესიასი, ლაურეანო ოტერო, მანუელ ლოპეზი, ხოსე ლაგე, ბენჟამინ ჟანეიროსი და სხვები. აშშ-სა და ესპანური შაქრის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჩადენილი უფლებადარღვევების გამო, ანარქისტებმა სცადეს რამდენიმე გაფიცვის მოწყობა, მაგრამ პრეზიდენტ გარსია მენოკალის რეპრესიების გამო მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას. პრეზიდენტმა გაფიცულების დასახოცად და განსადევნად გამოიყენა პრეტორიული ჯარი და გარეუბნების პოლიცია. ეს იყო კუბური ანარქიზმის ისტორიაში ყველაზე აქტიური პერიოდი, იგი გრძელდებოდა 12 წლის განმავლობაში და დასრულდა ანარქისტული მოძრაობის ყველაზე თავდადებული წევრების ლიკვიდაციით.

ამ პერიოდში იბეჭდებოდა მრავალი ანარქისტული გაზეთი. ყველაზე აქტიური გაზეთების რედაქცია ბოლოს ქვეყნიდან გადაასახლეს: La Batalla, Nuevos Rumbos, Espartaco, Via Libre, Voz Rebelde, Solidaridad, Memorandum Tipografico, El Boletin Tabacalero, და, რა თქმა უნდა, !Tierra!. ყველაზე გამოჩენილი ანარქისტები და ანარქო-სინდიკალისტები მუდმივად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ზოგი მათგანი ემხრობოდა კროპოტკინის იდეებს, ზოგი კი მხარს უჭერდა მალატესტასა და პიეტრო გორის, ზოგიც კი ინარჩუნებდა ბაკუნინის ტრადიციას; უმეტესობა კი მიემხრო ანარქო-სინდიკალიზმს, რომელიც შეიმუშავა ესპანურმა CNT-მ. 1922 წელს ალფრედო ლომეზმა, ანარქო-სინდიკალისტმა მბეჭდავთა პროფკავშირიდან, ჩამოაყალიბა ჰავანის შრომის ფედერაცია (Federacion Obrera de La Habana-FOH). მასში გაერთიანებული იყო დედაქალაქის ყველაზე მებრძოლი პროფკავშირები, ჯგუფები და მუშათა ასოციაციები. აქედან დაიწყო ხანგრძლივი სოციალური და შრომითი პროცესების ყველაზე დინამიური ეპოქა. ლოპეზმა მონაწილეობა მიიღო პროფკავშირების, ლიბერტარული სკოლების, მუშათა ცენტრების, სალაშქრო კლუბების, და მუშების უნივერსიტეტის – ხოსე მარტის სახელობის სახალხო უნივერსიტეტის, ორგანიზებაში. ამ საშიშ და ტურბულენტურ ეპოქაში, ანარქისტებმა, ეკონომიკური რესურსებისა და დახმარების გარეშე, პირველებმა მოახერხეს მთლიანი კუნძულის მასშტაბით მუშათა ორგანიზაცია და ორიენტაცია.
1925 წელს ალფრედო ლოპეზის ხელმძღვანელობითა და ჰავანის, სიენფუეგოსა და კამაგუეის მუშათა კონგრესების დახმარებით, შეიქმნა კუბის ეროვნული შრომის ფედერაცია (Confederacion Nacional Obrera de Cuba-CNOC). ეს იყო ქვეყნის ყველა პროფკავშირის, ასოციაციის, გილდიისა და ჯგუფის გაერთიანება: მასში წარმოდგენილი იყო 128 კოლექტივი და 200 000-ზე მეტი მუშა 160 დელეგატის მიერ. ლოპეზთან ერთად, ფედერაციის სხვა გამოჩენილი წევრები იყვნენ: პასკალ ნუნესი, ბიენვენიდო რეგო, ნიკანორ ტომასი, ხოსე გოვინი, დომინგო როსადო, ფლორენტინო პასკალი, ლუის ტრეხედა, პაულინ დიასი, რაფაელ სერა, ანტონიო პენიჩეტი, მარგარიტო იგლესიასი და ენრიკე ვერონა. CNOC-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იყო „ტოტალური და კოლექტიური უარყოფა საარჩევნო აქტივიზმისა. ამასთან ერთად, იყო სხვა მშრომელთა მხარდამჭერი სლოგანებიც: კლასიკური მოთხოვნა 8 საათიანი სამუშაო დღისა, გაფიცვის უფლების მოთხოვნა და ახლად დაარსებული ორგანიზაციის ბიუროკრატიზაციის თავიდან აცილების სურვილი.
კუბის ახალ პრეზიდენტს, ჯერარდო მაჩადოს, მუშების პოლიტიკური განწყობა „არაპატრიოტულად“ მიაჩნდა და მან დაიწყო CNOC-ისა და მისი წამყვანი მებრძოლების დაუნდობელი და უკომპრომისო დევნა. მაჩადოს ბრძანებით, მოკლეს რკინიგზელების ორგანიზატორი – ენრიკე ვერონა, ქარხნების მუშათა პროფკავშირის მდივანი – მარგარიტო იგლესიასი და CNOC-ის გენერალური მდივანი – ალფრედო ლოპეზი. მაჩადომ დააპატიმრა ან ქვეყნიდან გააგდო ყველა ანარქისტი და ანარქო-სინდიკალისტი – ვიზეც ხელი მიუწვდება. 8 წლის განმავლობაში იგი ებრძოდა ანარქისტების ყველანაირ აქტივობას. ამით მან საშუალება მისცა ახლად ჩამოყალიბებულ კომუნისტურ პარტიას, მოეპოვებინა საკმაოდ დიდი ძალაუფლება CNOC-ის რიგებში. მაჩადოს რეჟიმის ბოლო წლებში, კომუნისტებს მასთან პაქტიც კი ჰქონდათ დადებული.
ყველა ამ შევიწროებამ ხელი არ შეუშალა ანარქისტებს, შეკრებილიყვნენ ახალ ორგანიზაციაში, კუბის ანარქისტულ ჯგუფთა ფედერაციაში (Federacion de Grupos Anarquistas de Cuba -FGAC), რომელიც შეიქმნა 1924 წელს. იგი აწყობდა გაფიცვებს, ავრცელებდა პროპაგანდას და დიდი როლი ითამაშა კუბის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი პერიოდის 1930-33 წლების ძალადობასა და არეულობაში. მაჩადოს ტირანიამ გაძლო 1933 წლის 12 აგვისტომდე, როდესაც მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა გენერალურმა გაფიცვამ, რომელიც წამოიწყო ტრანსპორტის პროფკავშირის ანარქისტულმა ელემენტებმა და რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა მუშათა ფართო მასა.

ამ გამარჯვების მიუხედავად, ანარქისტები მაინც ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მაჩადოს დესპოტურმა მთავრობამ მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. მათი ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეები და აქტივისტები დახოცეს ან გადაასახლეს. მაჩადოს დამარცხების შემდეგ, კომუნისტებმა დაიწყეს დაკარგული ძალაუფლების აღდგენა და უკვე თავს ესხმოდნენ ანარქისტებს. 1933 წლის 4 სექტემბერს დროებითი მთავრობის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების დროს, კომუნისტების სტრატეგიას წარმოადგენდა გადატრიალების ერთ ერთი ლიდერისგან, პოლკოვნიკ ფულხენსიო ბატისტისგან ოფიციალური დახმარების მიღება.
ანარქისტებმა სცადეს მხარდაჭერის მოპოვება ბატისტას რევოლუციონერ მოწინააღმდეგეებს შორის. ისინი და სხვა უფრო გამოცდილი მებრძოლები გაერთიანდნენ სოციალისტურ ორგანიზაციაში, სახელად „ახალგაზრდა კუბა”, “Jovan Cuba”, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომუნისტების მთავარი მტერი, ანტონიო გიტერასი. ამჟამად, რეპრესიების წამომწყები იყო პოლკოვნიკი ბატისტა, რომელმაც, კომუნისტური პარტიის დახმარებით, 1935 წელს ჩაახშო გენერალური გაფიცვა. ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა ანარქისტებისთვის ამ პერიოდში.

1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომისა და რევოლუციის დაწყებისთანავე, კუბელი ანარქისტები ორგანიზდნენ ესპანელი ხალხის დასაცავად და ამ მიზნისთვის ჰავანაში ჩამოაყალიბეს „საერთაშორისო ანტიფაშისტური სოლიდარობა“, Solidaridad Internacional Anti-Fascista, რომელიც უდიდესი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში აგროვებდა ფულს, მედიკამენტებსა და იარაღს და უგზავნიდა CNT-FAI-ს. მრავალი კუბელი დაიხოცა ესპანეთში ანარქისტული კოლონის რიგებში საკუთარი იდეების დაცვისას. ესპანური კონფლიქტის შემდეგ, მრავალი მათგანი დაბრუნდა კუბაში. მათთან ერთად კუბაში ჩავიდა მრავალი ესპანელიც, რომლებიც გამოიქცნენ ევროპიდან გაყალბებული კუბური პასპორტებით. კუბელმა ანარქისტებმა მათ დასახმარებლადაც შეაგროვეს თანხა.
1939 წელს, მოსკოვიდან მოსული ბრძანებების მიხედვით, კუბის კომუნისტურმა პარტიამ დადო პაქტი ბატისტასთან, რომელსაც იმ დროისთვის საერთოდ არ ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა. მათი დახმარებისა და სოლიდარობის სანაცვლოდ, ბატისტამ კომუნისტებს ჩააბარა ახალი შრომის კონფედერაცია – კუბელი მუშების კონფედერაცია (Confederacion de Trabajadores de Cuba) – ყველაზე დიდი მშრომელთა ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელშიც გაწევრიანებული იყო ყველა სოციალური ფრაქცია, მათ შორის ანარქისტებიც. ამ პერიოდში, ბატისტას ბრძანებით, კუბის მუშათა მოძრაობა მთლიანად მოექცა კომუნისტების კონტროლის ქვეშ. საპასუხოდ, ანარქისტებმა შექმნეს ახალი ორგანიზაცია სახელად კუბის ლიბერტარული ასოციაცია, Associacion Libertaria de Cuba, რომლის მიზანი იყო 1930-იანი წლების რეპრესიების დროს გადარჩენილი ანარქისტებისა და ანარქო-სინდიკალისტების ერთად შეყრა.

3. მეორე რესპუბლიკა

1940 წელს ახალი კუბის კონსტიტუციის შემოღებამ აღნიშნა ახალი რესპუბლიკური პერიოდის დაწყება. ეს იყო კუბის ისტორიაში პირველი მცდელობა, სახელმწიფოს საშუალებით სოციალური პრობლემების მოგვარებისა და წინა რეჟიმების შეცდომების გამოსწორების. ეს კონსტიტუცია იყო თანამედროვე და პროგრესული დოკუმენტი, იგი წარმოადგენდა ორი თაობის ძალისხმევის შედეგს. იგი აგვარებდა ამ პერიოდში წამოჭრილ პრობლემათა უმეტესობას. 1940 წლის კონსტიტუცია, ეჭვგარეშეა, წარმოადგენდა პოზიტიურ დოკუმენტს, ერთადერთი, რაც რჩებოდა, იყო მისი ამუშავება.

1940-იანების დასაწყისში ანარქისტები ორგანიზდებოდნენ ALC-ში. მათ მხარდამჭერთა ბაზას წარმოადგენდნენ ძველი პროფკავშირები, რომლებიც 1920 წლიდან მუშაობდნენ. ანარქისტებს, თავისი მებრძოლი სულის, თავდადების, რევოლუციური და არაკორუმპირებული წარსულის წყალობით, შენარჩუნებული ჰქონდათ კარგი რეპუტაცია მუშათა კლასში. თავიანთ ახალ ორგანიზაციაში, „ლიბერტარულ ახალგაზრდობაში“ (Juventudes Libertarias), ისინი ამზადებდნენ ახალ მებრძოლებს. მათი მიზანი იყო პროფკავშირებსა და სტუდენტებზე დაკარგული გავლენის აღდგენა. ამასთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებდა 8 საათიან სამუშაო დღეს, იგი, ასევე, სრულიად უგულებელყოფდა ამ მოქმედებებს. ამ სიტუაციამ აიძულა ანარქისტებს CTC-დან, შეექმნათ მილიტანტური ჯგუფები, რომლებიც დაიცავდნენ მუშათა უფლებებსა და მოთხოვნებს.

ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ბატისტა. მან შეინარჩუნა ალიანსი კომუნისტურ პარტიასთან. კომუნისტები მისგან ღებულობდნენ სავარძლებს პარლამენტში და ფულს – პროპაგანდის ჩატარებისთვის. ისინი პატივისცემით ეპყრობოდნენ ბატისტას, როგორც „ქვეყნის აღმშენებელს“ და თანამშრომლობდნენ მასთან პარტიისა და პროფკავშირების დონეზე, რითიც, კიდევ ერთხელ უღალატეს რევოლუციურ და ლიბერტარულ პროფკავშირული ბრძოლის მიზნებს.
1944 წელს კუბის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს რამონ გრაუ სან მარტინი. ხალხი მისგან ელოდა რადიკალურ ცვლილებებს, რადგან მისი მთავრობა უნდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული, მაგრამ გრაუმ დატოვა კომუნისტები თავიანთ პოზიციებზე და მისი მმართველობის პერიოდში კუბაში მოხდა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროფკავშირების მოძრაობაში. 1947 წელს ცივი ომის გავლენის გამო, გრაუ იძულებული გახდა, განედევნა მარქსისტები CTC-ს ძალაუფლებრივი პოზიციებიდან. ანარქო-სინდიკალისტები ხელმძღვანელობდნენ რამდენიმე პროფკავშირს: ტრანსპორტის, საკვების და მშენებლების ინდუსტრიებში. ამასთან ერთად, ისინი ახერხებდნენ CTC-ის პროფკავშირების უმეტესობაში შეენარჩუნებინათ მილიტანტური ჯგუფები. ამავე წლებში, ანარქისტებმა ჩამოაყალიბეს გლეხთა ასოციაციები, რომლებშიც ერთიანდებოდნენ ყველაზე ღარიბი და უმიწაწყლო გლეხები. ორგანიზების მცდელობები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩრდილოეთ სანაპირო პროვინციაში, კამაგუეიში, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ანარქისტების ციხე-სიმაგრეს, და სამხრეთ პროვინცია ორიენტეს ყავის პლანტაციებში.

1948 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა კარლოს პრიო სოკარასი. იგი, როგორც გრაუ, ატარებდა შემწყნარებლურ პოლიტიკას სოციალურ და შრომით სფეროებში. 1949 წელს CTC-ის წევრმა ანარქისტებმა და მათმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს ახალი, ცალკე მდგომი პროფკავშირული ფედერაციის – მუშათა გენერალური კონფედერაციის – შექმნა. მათი მიზანი იყო შეექმნათ მუშათა ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ მართული CTC-ისგან. მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, შრომის სამინისტროს მხრიდან ზეწოლის გამო. მას არ აწყობდა ანარქო-სინდიკალისტური იდეების გავლენის ზრდა. 1950 წელს პრიომ კანონგარეშედ გამოაცხადა კომუნისტური პარტია, რომელიც მაშინ ცნობილი იყო „სახალხო სოციალისტური პარტიის“ სახელით. ამის გამო, კომუნისტებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისთვის ბატისტას.
1952 წელს ბატისტა სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას, რითიც დაარღვია კუბის კონსტიტუციური სისტემა. კომუნისტებმა სცადეს, დრო ეხელთათ და ოფიციალური ბიუროკრატიის რიგებში შეეღწიათ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს დაკარგული გავლენის აღდგენა. ცივმა ომმა მიაღწია კრიტიკულ წერტილს და ბატისტა იძულებული გახდა სიფრთხილე გამოეჩინა მარქსისტ მოკავშირეებთან ურთიერთობისას. ოპოზიციური ძალების რიგებში შექმნილი ძალაუფლებრივი ვაკუუმის შესავსებად, ფიდელ კასტრო, ბურჟუაზიული წარმომავლობისა და ქრისტიანული განათლების მქონე უცნობი პოლიტიკოსი, ახალგაზრდა რევოლუციონერების ჯგუფთან ერთად, თავს დაესხა მონკადას ბარაკებს. ეს მოქმედება წარუმატებლად დასრულდა. კასტრო და მისი ამხანაგები დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში ისინი შეიწყალეს და მათ მოგვიანებით მექსიკას შეაფარეს თავი. ბატისტასადმი ოპოზიცია გახდა უფრო ძალადობრივი და, ბატისტაც მას ბრუტალური ძალადობით პასუხობდა.
1956 წლის დასასრულს პოლარიზაცია ბატისტასა და ოპოზიციას შორის ძალიან მკვეთრი გახდა. ანარქისტულმა ALC-მ გადაწყვიტა დემოკრატიულ ოპოზიციასთან ალიანსის ჩამოყალიბება დიქტატორის წინააღმდეგ. ამავე წელს, კასტრო ჩამოვიდა პროვინცია ორიენტეში და ამ პროვინციის მთებში წამოიწყო პარტიზანული ბრძოლა. კუნძულის დიდ ქალაქებში, კასტროს პოლიტიკური ფრონტის, „26 ივლისის მოძრაობის“ წევრები აგრძელებდნენ პროვოკაციულ მომედებებს, რომლებსაც მოჰყვებოდა სახელმწიფო რეპრესიები. 1958 წლისთვის ბატისტას აღარ შეეძლო აჯანყებულთა წინააღმეგ ბრძოლა. კასტრო გაძლიერდა პოლიტიკურ სფეროში და ადვილად დაამარცხა დანარჩენი ოპოზიცია. მისი სოციალური და პოლიტიკური პროგრამა უცვლელი დარჩა: სოციალური სამართლიანობა, რეფორმები და 1940 წლის კონსტიტუციის დაბრუნება. კომუნისტებმა, რომლებიც ადრე ღიად მხარს უჭერდნენ ბატისტას და აკრიტიკებდნენ კასტროს, შეიცვალეს პოზიცია და 1958 წლის აგვისტოში ჩამოაყალიბეს ალიანსი კასტროსთან. 1958 წლის 31 დეკემბერს ბატისტამ დატოვა კუბა და ამ მოვლენის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

4. კასტროიზმი და ემიგრაცია.

ანარქისტებმა მონაწილეობა მიიღეს ბატისტას წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგი მონაწილეობდა ორიენტეს, სიერა დელ ესცამბრის და ლას ვილასის პარტიზანულ ბრძოლებში, ზოგიც კი -ურბანულ კონფლიქტებში. მათი მიზანი, როგორც კუბის მოსახლეობის უმეტესობისა, იყო ბატისტას დიქტატურის დამხობა. თუმცა, ისინი ბოლომდე არასოდეს ენდობოდნენ კასტროს. 1956 წლისთვის, ისინი ნათლად ხედავდნენ კასტროში პოტენციურ დიქტატორს. ავტორიტარული ორგანიზაციის ლიდერი, კასტრო, რომელიც უფრო გვაგონებს ჰიტლერს და არა დურუტის, დემოკრატიული ოპოზიციის თვალსაზრისით, წარმოადგენდა დროებით და აუცილებელ ბოროტებას. ამის მიზეზი იყო ოპოზიციის რიგებში დასადგურებული გაურკვევლობა, ფრაგმენტაცია და სიმხდალე. 1959 წელს, CTC-დან ბატისტას მომხრე ელემენტების განდევნის მიზეზს ამოფარებულმა ახალმა „რევოლუციურმა“ მთავრობამ თვითნებურად გააძევა ორგანიზაციიდან ანარქო-სინდიკალისტები და სოციალ-დემოკრატები, როლებიც ორიენტირებულნი იყვნენ მუშათა კლასის მოძრაობისკენ. მათ უმეტესობას ბატისტას მმართველობის დროს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ.
ანარქისტებმა, CTC-დან განდევნის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნეს კარგი სახელი მუშათა კლასში. 1959 წლის ბოლოს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე 26 ივლისის მოძრაობის პროფკავშირული ელემენტების გენერალურმა მდივანმა, დავიდ სალვადორმა, კომუნისტურ პარტიასთან ერთად კიდევ ერთხელ გადასცა საკუთარი ორგანიზაცია სახელმწიფოს, რომელსაც ამჯერად წარმოადგენდა „რევოლუციის უზენაესი ლიდრი“ – ფიდელ კასტრო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში იყო „დემოკრატიულ ტრადიციებთან“.

კასტრომ, რომელსაც სურდა ძალაუფლების შენარჩუნება ყველა საშუალებით, გახდა სსრკ-ს მოკავშირე, რითაც მთლიანი კუბა აქცია რუსეთის მოგებისთვის მომუშავე უზარმაზარ შაქრის პლანტაციად. სარგებელი, უფლებები და მოთხოვნები, რომლებიც კუბელმა მუშებმა მოიპოვეს საუკუნოვანი ბრძოლით, აღმოჩნდა, როგორც მარქსი ამბობდა, „ისტორიის სანაგვეში“. ყოვლისმომცველი და დესპოტური სახელმწიფო გახდა ერთადერთი დამქირავებელი და ლიდერი. 1961 წელს, ძველი ეკონომიკური და სოციალური წესრიგი ჩამოიშალა, და კუნძული გადაიქცა ერთ დიდ ლენინისტურ ქარხანად.

1960 წლის დასაწყისში ანარქისტებმა დაიწყეს კასტროს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის საპასუხოდ, მათი გამომცემლობები, „El Libertario“და „Solidaridad Gastrdriomica“ აკრძალეს. ერთადერთი, რაც მათ დარჩენოდათ, იყო გადანაცვლება იატაკქვეშეთში, შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევა.
იატაკქვეშა წინააღმდეგობა მიმდინარეობდა ორ ეტაპად. პირველი დაიწყო პროფკავშირული მოძრაობის მიერ „Nuestra Palabra Semanal“-ის („ჩვენი ყოველკვირეული შეტყობინების“) საიდუმლო გამოცემა. მისი მიზანი იყო მუშებისა და მოსახლეობის ინფორმირება. ბრძოლა ახლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ბატისტას პერიოდში, და რეპრესიებიც უფრო დაუნდობელი იყო. სამწუხაროდ, ახალი სამოქალაქო წინააღმდეგობა აღმოჩნდა აშშ-სა და კუბელი ბურჟუაზიის ხელში, მათ კი ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო ანარქისტებთან. აშშ არ იყო დაინტერესებული კასტროს რეჟიმის განადგურებით, ხოლო ბურჟუაზია მზად არ იყო ასეთი ფართო მასშტაბის რევოლუციური ქმედებებისთვის, თუმცა ორივე ჯგუფს გააჩნდა საკმარისი რესურსი და ძალა. კუბის მოსახლეობამ არ მიიღო კომუნიზმი და მისი უმეტესობა ჩაერთო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანარქისტები დამარცხდნენ ყველა ფრონტზე, პროლეტარიატისა და გლეხების რიგებში ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოს მიუხედავად.

წინააღმდეგობის მეორე ეტაპი დაიწყო ემიგრაციაში. აშშ-ში ჩამოყალიბდა „კუბის ლიბერტარული მოძრაობა“ (Movimiento Libertario Cubano; MLC), რომელშიც შეიკრიბა ყველა, ვინც კი მოახერხა გაქცეოდა კასტროს. ისინი ინარჩუნებდნენ ურთიერთობას ALC-სთან კუბაში. ისინი ბევრნი არ იყვნენ, მაგრან მათი მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო კუბის განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის. ეს იყო უზარმაზარი სამუშაოსა და მსხვერპლის პერიოდი: პროპაგანდა, თანხის შეგროვება ხალხის კუნძულიდან გამოხსნისთვისა და პირდაპირი მოქმედება სტალინისტური დიქტატურის წინააღმდეგ. 1960-იანი წლები მიეძღვნა ბრძოლას, რომელიც მთლიანად შედგებოდა ინდივიდუალური აქტებისგან. მაიამიში დაიწყეს გაზეთ „El Gastronomico“-ს გამოცემა. მისი მიზანი იყო მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის დარწმუნება იმაში, რომ კასტრო იყო არა რევოლუციონერი, როგორადაც მას ბევრი ხედავდა, არამედ კორუმპირებული დესპოტი. კუბელ ანარქისტებს უწევდათ ბევრი მუშაობა და მოთმინების უნარის გამოჩენა. მანიფესტები, სტატიები, ესეები, პამფლეტები, წერილები – საჭირო იყო ამ ყველაფერზე მუშაობა. მათ მიმართეს ძველ ამხანაგებს, რომლებთანაც ერთად წარსულში მრავალი განსაცდელი ჰქონდათ გადატანილი. სიტყვით გამოდიოდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, მექსიკაში, არგენტინაში, ვენესუელაში, პანამაში, ჩილეში, ინგლისში, აშშ-ში, მსოფლიოს ნახევარში, მაგრამ უშედეგოდ – ძალიან ცოტა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. მსოფლიოს ანარქისტებმა არ იცოდნენ, ან არც სურდათ იმის გაგება, თუ რა სიტუაცია იყო კუბაში. კუბელი ანარქისტების ყველა მცდელობა დაემსგავსა დიალოგს სმენადაქვეითებულ ადამიანთან.
1970-იან წლებში ანარქისტულ მოძრაობაში დაიწყო ცვლილებები. იმატა უკმაყოფილობამ კასტროს რევოლუციით. კასტრო ძალიან მალე გადაიქცა კომუნისტ დიქტატორად, რომელიც ავიწროვებდა საკუთარ ხალხს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ანარქისტთა უმეტესობა უკვე ემიგრაციაშიიმყოფებოდა, მოძრაობამ დაკარგა მნიშვნელოვანი ხალხი: ზოგმა თავი შესწირა ბრძოლას, ზოგს იმედები გაუცრუვდა, ზოგი მარტოდმარტო დარჩა კუნძულზე, ზოგი კი გამომწყვდეული იყო ციხეში.

ამ ფენომენის მთავარი მიზეზი იყო ისეთი ისტორიული პრეცენდენტების უგელებელყოფა, როგორებიცაა 1917 წლის რევოლუცია და ანარქისტების მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ. თუმცა, სოლიდარობისა და გაგების ნაკლებობამ ვერ შეაჩერა კუბელი ანარქისტების ბრძოლა თავისუფლებისთვის. დევნის, მკვლელობების, დეპორტაციებისა და დაპატიმრებების საუკუნეობრივი ისტორიის განმავლობაში ანარქისტულ მოძრაობას ჯერ არ განუცდია ამხელა მასშტაბის დამარცხება. როგორც ჩანს, კასტრომ გაიმარჯვა, მაგრამ კუბელი ანარქისტები დღესაც არ აპირებენ ამასთან შეგუებას. 28 წლის მერე, ჩვენი დროშა კვლავ მაღლა ფრიალებს, ხოლო ჩვენი იდეალები და ჩვენი სურვილი, გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი ამ დესპოტისგან, არ შეცვლილა.

კუბელები და ანარქისტები ყოველთვის იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ადრეული შრომითი კონფლიქტები, ესპანელი ანარქისტების მიერ შეტანილი წვლილი კუბის დამოუკიდებლობაში, აშშ-ს ჩარევის გაპროტესტება, კრიტიკული დამოკიდებულება სოციალური პრობლემებისადმი ორივე რესპუბლიკის დროს, თავდადება მაჩადოს, ბატისტასა და კასტროს დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისას და, ყველაზე მთავარი, მათი შეურყეველი რწმენა – ყველაფერი ეს გვაერთიანებს ამ გაუსაძლის პერიოდში, და გვიბიძგებს ბრძოლის გაგრძელებისკენ.

მაიამი.  1987, თებერველი

მთარგმნელი / წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)

Facebook Comments