გი დებორი – თეზისები კულტურულ რევოლუციაზე

guy_debord1

1.ესთეტიკის ტრადიციული მიზანია, ხელოვნების მეშვეობით, დაეხმაროს დაბნეულობაში მყოფ ინდივიდს, გაექცეს წარსულის ელემენტთა გარეგნობის ბუნდოვნებას, რადგან სწორედ გარეგნობაა ის, რაც დროის მიერ ყველაზე მეტად მახინჯდება.
ესთეტიკური წარმატების ხარისხი იზომება ხანგრძლივობისაგან განუყოფელი სილამაზით, და ამით თითქმის პრეტენზიას აცხადებს მარადიულობაზე. სიტუაციონისტის მიზანი უშუალო მონაწილეობაა მგზნებარე ყოველდღიურობის სიჭრელეში, წარმავალ მომენტთა მტკიცე წესრიგში მოყვანის განზრახვით. ასეთ მომენტთა განსაკუთრებულობა კი მათ მყისიერ, დროში სასრულ ეფექტშია. სიტუაციონისტები, ტოტალური პოზიციიდან, კულტურულ აქტივობებს განიხილავენ, როგორც ექსპერიმენტულ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველდღიურობის კონსტრუირება, რომელიც გამუდმებით შეიძლება ვითარდებოდეს თავისუფალი დროის გავრცობამდე თუ შრომის დანაწილების გაქრობამდე (დაწყებული არტისტული შრომის დანაწილებით)

2.ხელოვნებამ, როგორც გრძნობების გადმოცემამ, შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა, და გახდეს პირდაპირი მოქმედება – უფრო მაღალი შეგრძნებების ორგანიზებისათვის.

3. მასკოლო მართალია, როცა ამბობს (“Le Communisme”) რომ სამუშაო დღის შემცირება პროლეტარიატის დიქტატურის მიერ „ყველაზე აუცილებელი  და მტკიცე რწმენაა, რომელსაც მისი რევოლუციური ავთენტურობა იძლევა. მართლაც, თუკი ადამიანი საქონელია, თუკი მას ისე ვეპყრობით, როგორც საგანს, – სწორედ იმიტომ, – რომ ერთი ადამიანის მიერ მეორისაგან დროის ყიდვა გამართლებულია“. თუმცა, მასკოლო ჩქარობს, როდესაც ასკვნის: „დრო, რომელიც თავისუფლად დასაქმებულს ეკუთვნის“ ყოველთვის სწორადაა დახარჯული, და „მხოლოდ ნაყიდი დროა ბოროტება“. არ არსებობს თავისუფალი სამუშაო, რომელიც თანამედროვე შრომის იარაღებს გამოიყენებდა ყოველდღიურობის კონსტრუირებისათვის. ასეთი გამოყენება კი იქნებოდა ნახტომი უტოპიური  რევოლუციიდან  ექსპერიმენტულ რევოლუციურ ხელოვნებაში.

4.სიტუაციონისტთა ინტერნაციონალური ასოციაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც მშრომელთა გაერთიანება კულტურის მოწინავე სექტორებში, ან ყველა იმ ხალხის ერთობა, რომელიც მიზნად დაისახავს ამოცანას, რომლის ამოხსნასაც ახლანდელი სოციალური კონდიციები ხელს უშლიან – მაშასადამე კულტურაში პროფესიონალი რევოლუციონერების ორგანიზების მცდელობას.

5.ჩვენ მოწყვეტილი ვართ ჩვენი დროის მიერ აკუმულირებული მატერიალური ძალების კონტროლისაგან. კომუნისტური რევოლუცია არ მომხდარა, ჩვენ კვლავ ძველი კულტურული ზედნაშენების ლპობის პროცესს ვადევნებთ თვალყურს. ჰენრი ლიფევრი სწორად შენიშნავს, რომ ეს წინააღმდეგობა მოდერნული უთანხმოების გულშია –  პროგრესულ ინდივიდსა და სამყაროს შორის – და ამ უთანხმოებით წარმოშობილ კულტურულ ტენდენციას „რევოლუციურ-რომანტიკულს“ უწოდებს. ამ კონცეპტის დეფექტი მცდელობაა, უბრალო დაპირისპირებულობის გამოხატულება მიიღო, როგორც საკმარისი კრიტერიუმი კულტურაში რევოლუციური აქტივობისათვის. ლიფევრი წინასწარვე უარს ეუბნება ღრმა  კულტურულ ცვლილებაზე ორიენტირებულ ექსპერიმენტებს და შინაარსით კმაყოფილია: შინაარსი კი გახლავთ შესაძლო-შეუძლებლის შეცნობა, რომელიც  შეიძლება უბრალოდ გამოისახოს – არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით, – ლპობის, დეკომპოზიციის ჩარჩოში.

6.ის, ვისაც სურს დაამარცხოს ძველი წესრიგის ყველა ასპექტი, ვერ მიეკედლება არეულ, უწესრიგო აწმყოს. მხოლოდ ბრძოლით და არა ლოდინითაა შესაძლებელი მოძრავი მომავლის კონკრეტული გარეგნობის შექმნა. მისი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენში არსებობს, კულტურული ფორმების ნებისმიერი გამოხატულების აუფასურებს. ფსევდოკომუნიკაციის ყოველგვარი გამოვლინების განადგურებაა საჭირო იმისათვის, რომ ნამდვილი, პირდაპირი ურთიერთობის წესი დავამკვიდროთ. (ჩვენი ჰოპოთეზა, რომელიც ეხება მაღალკულტურულ მნიშნველობებს – „შევქმნათ სიტუაცია“)
გამარჯვება დარჩებათ მათ, ვინც შეძლებს, შექმნას უწესრიგობა და ამავე დროს არ შეიყვაროს იგი.

7.კულტურული ხრწნის ხანაში ჩვენ გვაქვს შეგვიძლია გამოვცადოთ ჩვენი ძალა, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავასაქმოთ იგი. ჩვენი და სამყაროს უთანხმოების მოწესრიგების პრაქტიკული მიზანი, ე.ი. ამ ლპობისა და ხრწნის გადალახვა სხვა მაღალი კონსტრუქტებით, არ არის რომანტიკული. მიუხედავად ამისა, ლიფევრის აზრით, ჩვენ ვიქნებით „რევოლუციონერი რომანტიკოსები“ საბოლოო დამარცხებამდე.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.