ნაწყვეტები გიორგი (კომანდო) გოგელიას ტექსტიდან – სოციალ დემოკრატიის კრიტიკა

5314_462582520481712_1471699777_nარსებობა კლასიური ელემენტებისა კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოებაში მართლა ხდება კლასობრივი ბრძოლა. როგორც სრულის მეცნიერულის უფლებით შენიშნა ბენედეტტო კროჩემ, კლასიური ბრძოლა არსებობს მაშინ, როცა არსებობს ა) კლასსი ბ) როცა არსებობს წინააღმდეგობა კლასსების ინტერესებს შორის. გ) როცა წინააღმდეგობა ინტერესებისა შეგნებულია თვით არსებული კლასების მიერ. მეორე მოტივი სრულიად მეტია და მისი აღნიშვნა შეცდომაც არის, რადგან თუ კი არსებობს კლასი, არსებობს წინააღმდეგობა “ინტერესთა, უმისოდაც ყოვლად შეუძლებელია წარმოდგენა კლასის აღმოცენებისა. თუ წინააღმდეგობა ინტერესთა არ არსებობს, არც კლასია, თუ კი კლასი არსებობს, ეს იმავე დროს იმასაც ამტკიცებს რომ ინტერესთა წინააღმდეგობაც არსებობს. მაგრამ შეიძლება საზოგადოებაში კლასი არსებობდეს, მაშასადამე ინტერესთა წინააღმდეგობაც, ხოლო ამისთანა საზოგადოებაში ნამდვილი კლასიური ბრძოლა არ არსებობდეს. ეს ხდება მაშინ, როცა მეორე (კროჩეს სიაში ამ მეორეს მესამე ადილი უჭირავს ჩვენ კი მეორეს არ ვსთვლით) დამახასიათებელი ფაქტორი კლასიური ბრძოლისა – შეგნება კლასიურ ინტერესთა ანტაგონიზმისა არ არსებობს. ინტერესთა ნიადაგზე მომხდარ ყოველ შეტაკებას არ შეგვიძლია კლასთა ბრძოლის სახელი მივათვისოთ. არ შეიძლება  აგრეთვე ერთმანეთში ავურიოთ , როგორც შირად სოციალ-დემოკრატები იქცევიან, კლასთა ბრძოლა და სხვა და სხვა წოდებათა ბრძოლა მეტოქეობასა და უპირატესობისთვის. ყოველ აჯანყებაში, რომელშიც ხალხი იღებდა მონაწილეობას, ან რომელიც ხალხის გაჭირვების შედეგი იყო, შეგვიძლია აშკარა ვყოთ კლასსიურ ელემენტების მონაწილეობა, მაგრამ ვნახავთ თუარა ყოველ აჯანყებაში , მოძრაობაში გარკვეულ კლასსიურ ბრძოლას ეს დიდი საკითხია, მისი საერთოდ გადაწყვეტა შეუძლებელია . კლასსიურ ბრძოლას თავისი სუბიექტური ხასიათი აქვს და ნამდვილ კლასიური ბრძოლის დასახასიათებლად, იმის სუბიექტური სახის ნათლად ყოფა ისე საჭიროა , როგორც გამოაშკარავება ობიექტურ მიზეზთა, რომელნის იწვევენ ამ კლასიურ ბრძოლას, ხოლო სუბიექტივიზმი, რომელზედაც აქ გვაქვს ლაპარაკი , რუსეთის “დაუსრულებელი, ნახევრად ინდივიდუალისტური სუბიქტივიზმი” კი არ არის, იგი კლასსიური სუბიექტივიზმია, თუ მას შეიძლება ინდივიდუალიზმი ვუწუდოთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეში გვექნება არა  ინდივიდთა ინდივიდუალიზმი , არამედ ინდივიდუალიზმი კლასსისა.”

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.