ჯონ მური – მაქსიმალისტური ანარქიზმი და ანარქისტული მაქსიმალიზმი

IAmNotAManDynamite

პრერევოლუციურ რუსეთში სოციალისტი რევოლუციონერები დაიყვნენ ორ ბანაკად – რადიკალებად და მემარჯვენეებად. პირველები ცნობილი იყვნენ, როგორც მაქსიმალისტები, ხოლო მეორეები, – როგორც მინიმალისტები. მე მინდა შევინარჩუნო ეს ტერმინოლოგია, რათა პარალელი გავავლო თანამედროვე ანარქიზმის ორ ზოგად ტენდენციასთან. ჩემი განზრახვა არ არის, რომ დეტალებში მიმოვიხილო ანარქიზმის ათეულობით ვარიაცია და სახესხვაობა. ის უკვე მოიცავს პოზიციათა ფართო სპექტრს – ინდივიდუალიზმს, კომუნიზმს, მუტუალიზმს, კოლექტივიზმს, პრიმიტივიზმს და ა.შ. მაშასადამე, ამ ესსეში ფოკუსირებას მოვახდენ არა ვარიაციებსა და ინტერპრეტაციებზე, რომ საბოლოოდ დავადგინო ერთი ან რამდენიმე პოზიციის ჭეშმარიტება ან მცდარობა, არამედ მკაფიოდ ვკონცენტრირდები ერთ კონკრეტულ ინტერპრეტაციაზე, მოვსახავ კონტურებს, რომელიც საშუალებას მისცემს ცალკეულ დაინტერესებულ ადამიანებს, საკუთარი ადგილი მოძებნონ ანარქიზმის რუკაზე.

მაქსიმალისტური ანარქიზმი მოიცავს ანარქიზმის ისეთ ფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ძალადობისა და ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი „პროექტი“ ბადებს ძალაუფლების ტოტალურობის კითხვას – ძალაუფლება, როგორც ძალაუფლებრივი ურთიერთობა და კონტროლის სტრუქტურების ერთიანობა, რომელიც წარმოშობს ამგვარ ურთიერთობებს თუ იმას, რასაც მე ვარქმევ „კონტროლის კომპლექსურობას“.

ძალაუფლება არ არის დანახული, როგორც ერთ, კონკრეტულ ინსტიტუციაში მოთავსებული ქცევითი იარაღი, მაგალითად პატრიარქატი, ან სახელმწიფო, არამედ შერწყმულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მაქსიმალიზმი ფოკუსირდება კონტროლის კომპლექსზე, მის ტოტალობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებას განიხილავს, როგორც ძალაუფლებისა და იძულების ფორმებით კონსტრუირებულს, ანდაც ძალაუფლებას თავისთავად მისი მრავალმხრივი ობიექტური ფორმებით.
რადგან ძალაუფლებრივ სისტემას აქვს უნარი ფესვები გაიდგას ურთიერთობის წესებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში (ასეთი შემთხვევები ჩვენთვის ყველაზე ახლო, ამავე დროს ყველაზე დეპოლიტიზირებულია) მაქსიმალისტური პოზიცია ცდილობს განზოგადდეს ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ ასპექტებზეც კი. – „შეგვიძლია ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, გადავსინჯოთ და გამოვიძიოთ. ძალაუფლება, მისი აშკარა და დაფარული ფორმებითურთ უნდა ამოიძირკვოს, რათა გავთავისუფლდეთ“… – მაქსიმალიზმი რჩება უყურადღებოდ ხატმებრძოლური, არანაკლებად მაშინ, როცა ეხება იმ ხატებს, რომლებიც კლასიკური ანარქიზმის, რადიკალიზმის ძველი ფორმების ნაშთებს წარმოადგენენ (e.g., work, workerism, history) და აგრეთვე თანამედროვე ანარქიზმის (e.g., the primitive, community, desire and — above all — nature)  პრინციპებს. არაფერია ღვთიური, მათ შორის არც ანარქიზმის მიერ გაფეტიშებული კონცეფციები. მაქსიმალიზმი მისდევს ე.წ. „ნიცშეანულ პროექტს“ – ფასეულობების გადაფასების უწყვეტი, შეუქცევადი პროცესი, რომელიც მისცემს ინდივიდს საშუალებას ახლებურად იფიქროს, მოიქცეს, აღიქვას და იმოქმედოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ანარქისტული ეპისტემოლოგიისა და ონტოლოგიის ძირითადი რიტორიკაა.

ამის საწინააღმდეგოდ, მინიმალისტური ანარქიზმი მხარს უჭერს ანარქიზმის ისეთ ფორმებს, რომლებიც პოსტ-სიტუაციური ანალიზის პროდუქტია და რადიკალურად განსხავდება მაქსიმალისტური პოზიციისაგან. მაქსიმალიზმის რევოლუციური პერსპექტივისგან განსხვავებით, მინიმალიზმი მიდრეკილია რეფორმიზმისკენ, არ შეუძლია, ან არ სურს ერთბაშად წავიდეს „კონტროლის კომპლექსურობის“ წინააღმდეგ, ანდაც არაადეკვატურად მიიჩნევს მაქსიმალისტურ პოზიციას საყოველთაო თავისუფლებასა და ძალაუფლების ყველა სახით გამოვლინების სრულად აღმოფხვრაზე.მეტწილად სწორედ ამიტომაა იგი მარცხისათვის განწირული. მაქსიმალიზმი რადიკალურია, როცა ძალაუფლების პრობლემას სისტემურად, სისტემას კი მთლიან სხეულად ძალაუფლების მოცემულობად განიხილავს. მინიმალიზმი კი მზადყოფნას გამოხატავს შეეგუოს ძალაუფლების იმ ფორმებს, რომელშიც სხვა ფორმებისა და სოციალური კონტექსტისაგან განსხვავებით ასე თუ ისე თავს კომფორტულად იგრძნობს,ანდაც მეტისმეტად უძლურია პირდაპირი კონფრონტაციისთვის.მინიმალიზმი შეცდომაში შეყავს ნოსტალგიურ,სკეპტიკურ პოლიტიკურ მიდგომას – „თუკი ასე იქნებოდა“ მაშინ ,როცა მაქსიმალიზმი იჭრება ანტიპოლიტიკაში “Sci-Fi“ კითხვით – „რა იქნებოდა, რომ…“

მაქსიმალიზმის უპირატესობა აყალიბებს კონცეფციას ანარქისტული ფსიქოლოგიის განვითარებისა და ხორცშესხმის შესახებ. ამ მიზნისათვის სხვა საკითხები მეორეხარისხოვანია, ანდაც ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად. განმანათლებლობის დროინდელი რაციონალიზმის უარყოფით მაქსიმალიზმი ცდილობს გაანალიზოს, რომ ადამიანები არიან არსებები, რომელთაც უპირველესად მგრძნობელობისა და ირაციონალობისაკენ აქვთ მიდრეკილება, და მხოლოდ ამათ შემდეგ – გონივრულობისა და რაციონალიზმისაკენ. თავისუფლების ანარქისტულ გაგებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდივიდის მიერ მართვისა და კონტროლის უკუგდებასა და თვითგამორკვევას. სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული ინდივიდუალური ინტერესების ჰარმონიულ თანაარსებობას. მაგრამ რეალობაში, რომელიც დეტერმინირებულია კომპლექსური კონტროლის ფორმებითა და მოდელებით, მიზანი და ინტერესები დეფორმირებულია და კაპიტალისტური ლოგიკა ვექტორს მაქსიმალური მოგებისა და სოციალური კონტროლის იდეისაკენ მიმართავს. იმისათვის, რომ ამ პროცესს წინააღმდეგობა გაუწიონ, მაქსიმალისტებმა უნდა უპასუხონ პერლმანის ფუნდამენტურ კითხვას – „რატომ სურთ ადამიანებს ჩაგვრა?“. ეს არსებითად ფსიქოლოგიური შეკითხვაა, რომელიც ქვეცნობიერის მოტივაციას უკავშირდება – ჰქონდეს ძალაუფლება, ან იყოს ის, ვისზეც ძალაუფლებას განახორციელებენ. კითხვის მეორე მხარეც აგრეთვე მნიშვნელოვანია : „რა განაპირობებს ზოგიერთი ინდივიდის ანარქისტობას, ანდაც რადიკალურ ანტიავტორიტარიანელობას? ანარქიზმი ვერ მიიღებს ვერანაირ სუბსტანციურ სახეს, თუკი ამ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა. და რადგანაც ეს კითხვები არსებითად ფსიქოლოგიური ხასიათისაა, ანარქისტული ფსიქოლოგიის განვითარება რჩება პირველად მიზნად. მაქსიმალისტებს სჭირდებათ, რომ ღრმად გაიგონ ჩაგვრის მექანიზმებისა და გათავისუფლების ფსიქოლოგიური ასპექტები, რათა ადამიანისა და ამავდროულად გარემოს რეგენერაციამ მათ განვითარებასაც დაუდოს საფუძველი. ამის პრეცენდენტები არსებობს : დაწყებული შტირნერის ანარქო-ფსიქოლოგიური კრიტიკით, ნიცშეთი და დოსტოევსკით და გაგრძელებული ანარქისტი ფსიქოანალიტიკოსი ოტო გროსით. ეს ერთგვარი ტრადიცია კი განახლებას და რეფორმულირებას მოითხოვს, რომელიც მიემართება კონტროლის გაძლიერებულ და ინტეგრირებულ ფორმებს – თავის მხრივ ამ ფორმებმა თავი სორედ თანამედროვე ტექნო-მენეჯერიალისტურ საზოგადოებებში იჩინეს. როგორი მაცდუნებელიც არ უნდა იყოს ფროიდიანელი მარქსისტების პოზიცია ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ორივე, – ფროიდიანისტული და მარქსისტული სკოლა მენეჯერიალისტური იდეოლოგიებია და აგრეთვე მთიანად წინააღმდეგობაში მოდის მაქსიმალისტური ანარქიზმის ანტი-იდეოლოგიურ ბრძოლებთან.

მაქსიმალიზმის პროგრესი შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი ის გაიაზრებს პოლიტიკისა და პოლიტიკური ფილოსოფიის დისკურსთა უსარგებლობას,როგორც ანარქიზმის არტიკულირების გზას.პოლიტიკას,“მეცნიერებას მართვის შესახებ“ ნაკლები საერთო აქვს ანტი-პოლიტიკასა და კომპლექსური კონტროლისაგან გათავისუფლების კონცეფციასთან.პოლიტიკურ დისკურსებს კი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ შეზღუდული როლი ენიჭებათ ამ პროცესში. ზემოთ ნახსენებ დისკუსიაში ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ცხადი ხდება, რომ მაქსიმალიზმი საჭიროებს პოლიტიკური დისკურსებისა და პრაქტიკების გაანალიზებას,რათა თავად გამოიყენოს ისინი ხალხთან კომუნიკაციაში. ამ პროცესში კი ცოდნა თავისთავად ტრანსფორმირდება და ჩამოყალიბდება სიტუაციებისა და კონტექსტების მიხედვით.აღმოჩნდება, რომ ის რადიკალურად განსხვავებულია ახლანდელი წესრიგისაგან. განმანათლებლობის პოლიტიკურმა ფილოსოფიამ დიდი მასშტაბები ვერ შეიძინა,რადგანაც იგი ხალხის მასებისათვის გაუგებარი აღმოჩნდა.თუკი ანარქიზმს სურს ამ მასშტაბების შეძენა, ის უნდა ჩაწვდეს ადამიანის ქვეცნობიერს და გააღვიძოს მისი რეპრესირებული ოცნება – თავისუფლება. ეს არაა ქვეცნობიერის ფსიქოლოგიური მანიპულაცია, შიშებისა და მღელვარებების გაცოცხლება – როგორც ფაშიზმის შემთხვევაში მოხდა, არამედ გაანალიზება და საკუთარი მიზნების ცნობა – როგორც ნიცშეს „საკუთარი თავის დაძლევის“ კონცეფცია. სხვა სიტყვებით, ეს მოიცავს ადამიანის მისწრაფებების ეგზისტენციალურ დასაბუთებას, რომელიც საწინააღმდეგოა იმისა, რაც ერთგვარი კოდირების სახით ჩანერგეს მის ცნობიერებაში კონტროლის კომპლექსის მეშვეობით. ცოდნა და უნარი, რომ გაარღვიო ბარიერი და გააღვიძო ქვეცნობიერი ბევრად მეტია,ვიდრე პოლიტიკური დისკურსები,რადგანაც იგი ააქტიურებს და გამოხატავს ავტონომიური და ანტი-ავტორიტარული წინააღმდეგობის არსს.

ანტი-ტოტალური ბრძოლის ცენტრში კი რჩება მიკრო-ფაშიზმის საკითხი. როლანდო პერესის შიზოანალიზი არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ ფენომენის ასახსნელად. ფაშისტური და სხვა ტოტალიტარული სისტემები, ლიბერალური ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიული კაპიტალიზმის ჩათვლით, დაფუძნებულნი არიან მიკრო-ფაშისტურ სტრუქტურებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში კონტროლის კომპლექსის მეშვეობით იჭრება.ფოკუსირება მირო-ფაშიზმის ფენომენზე კი შესაძლებელია უფრო ფუნდამენტურიც იყოს,ვიდრე ანტი-ფაშისტური ბრძოლები იქ, სადაც ფაშიზმი ორგანიზებული, უკვე კონსტრუირებული პოლიტიკური სისტემაა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალიზმი პირდაპირი მოქმედების ერთგული მეამბოხე სულისკვეთების პროექტია,და აქედან გამომდინარე – რადგანაც ძალაუფლების წინააღმდეგ გამოდის – ილეგალიზმიც. კონტროლ-კომპლექსის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერ ფრონტზე მნიშვნელოვანია.ამ ნიშნით, მაქსიმალიზმი იდენტურია ანარქო-ინდივიდუალისტური ხედვისა – ბრძოლა ძალაუფლებრივი სისტემისა და მის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში დატოვებული კვალის წინააღმდეგ. ყოველდღიური ცხოვრება კი კონფლიქტების ეპიცენტრია, – მისი უკლებლივ ყველა ასპექტი საჭიროებს გადაფასებასა და რეალობის სრულიად ახალ განასერში განხილვას – განხილვას ანარქისტული პერსპექტივიდან. (რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ რუტინის ყოველი ელემენტი და ურთიერთობები აუცილებლად შეიცვლება, არამედ იმას, რომ წვრილმანებიც კი საჭიროებს კრიტიკულ განხილვას, გადამოწმებას, ახლიდან შეფასებას და ა.შ.) მაქსიმალიზმის უნდა განვითარდეს ალტერნატიული ხედვების დანერგვით. ეს კი ნიშნავს თავისუფალი სურვილისამებრ, წარმოსახვითა და ინტერესით ნაკარნახევი ექსპერიმენტების ჩატარებას უშუალოდ ყოველდღიურ სივრცეში – აღქმის, აზროვნების, მეტყველების, ქცევის, ურთიერთობის, მოქმედებისა და ინტერაქციის მოდელებზე. ანაქისტული მაქსიმალიზმი ნიშნავს თვითონ შევქმნათ ჩვენი თავისუფალი ცხოვრება, თავისუფალი ძალაუფლებრივი მექანიზმების, კონტროლისა და მმართველების გარეშე.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.