ჯოზეფ სტიგლიცი – რას მივცემდი ხმას საბერძნეთის რეფერენდუმში

stiglitz_joseph

ევროპაში დაძაბულობის მიმდინარე მატება გარეშე დამკვირვებლებმა შეიძლება საბერძნეთისა და მისი კრედიტორების ურთიერთობებათა ბოლო ფაზის გარდაუვალ შედეგად მიიჩნიონ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ევროპელი ლიდერები ბოლოსდაბოლოს მიმდინარე დავის ნამდვილ ბუნებას აჩენენ. სამწუხაროდ, ნათელი ხდება, რომ დავის საფუძველი ფულსა და ეკონომიკაზე მეტად დემოკრატია და ძალაუფლებაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკა უმნიშვნელო როლს არ ასრულებდა იმ პროგრამაში, ე.წ. ტროიკამ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხუთი წლის წინ რომ მოახვია თავს საბერძნეთს და რასაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 25%-იანი შემცირება მოჰყვა. არ მახსენდება სხვა არც ერთი ეკონომიკური დეპრესია, რომელიც ამის მსგავსად წინასწარგანზრახული იყო და თანაც ასეთი კატასტროფული მახასიათებლები ჰქონდა. მაგალითისთვის, ბერძენ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 60%-ს აჭარბებს.

ტროიკას მოქმედება შემაშფოთებელია; ის უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს ხსენებული პროგრამით გამოწვეულ შედეგებზე, არც წინასწარი პროგნოზებისა და მოდელების სისუსტეს აღიარებს. ამაზე უფრო გასაოცარი კი ის არის, რომ ევროპელმა ლიდერებმა ამ მოვლენებიდან ვერაფერი ისწავლეს. ტროიკა კვლავინდებურად ითხოვს საბერძნეთისგან, რომ 2018 წლისთვის მშპ-ს 3.5%-ის ოდენობის ბიუჯეტის პროფიციტს მიაღწიოს (სავალო შენატანების გამოკლებით).

ეკონომისტებმა ეს მოთხოვნა უკვე შეაფასეს სადამსჯელო მისიად, რადგან ასეთი მიზნისკენ სწრაფვა გარდაუვლად გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ვარდნას. მართლაც, თუკი მოსახლეობა ამ კვირაში გასამართ რეფერენდუმში უპირატესობას ტროიკას მიერ შემოთავაზებულ გეზს მიანიჭებს, თუნდაც ვალის  ჯერ არნახული რესტრუქტურიზაცია მოხდეს, ქვეყანა დეპრესიას თავს მაინც ვერ დააღწევს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთმა უდიდესი დეფიციტი პროფიციტად გარდაქმნა, ასეთი მიღწევით ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის. ამისთვის ქვეყანამ მეტად მაღალი ფასი გადაიხადა –ადამიანების ტანჯვა დაუშვა. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის მთავრობამ კრედიტორებისთვის ბოლო შეთავაზებების წარდგენისას და მოლაპარაკებისას ბევრი რამ დათმო.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: საბერძნეთისთვის ნასესხები დიდძალი თანხებიდან ქვეყანაში თითქმის არაფერი დარჩენილა. ეს ფული კერძო სექტორის კრედიტორებს გადაეცათ, მათ შორის, გერმანულ და ფრანგულ ბანკებს. საბერძნეთს მხოლოდ “ნარჩენები” შეხვდა, ფულის უმეტესობა კი ევროპული ქვეყნების საბანკო სისტემების შესანარჩუნებლად გადაიხადა. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა “ოფიციალურ” კრედიტორებს, მათ საბერძნეთისგან ვალის დაბრუნება რეალურად არც სჭირდებათ.  თუ მათი მუშაობის პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა, აღებულ ფულს სავარაუდოდ, ახალი სესხის სახით საბერძნეთს უკანვე დაუბრუნებდნენ.

კიდევ გავიმეორებ, რომ აქ მთავარი ფული არ არის. მთავარი “დედლაინებია”, რითიც საბერძნეთს იმორჩილებენ და აიძულებენ მიიღოს მიუღებელი – არა მხოლოდ “ქამრების შემოჭერა”, არამედ რეგრესული და სადამსჯელო ზომებიც.

მაინც რატომ იქცევა ასე ევროპა? რატომ ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის ლიდერები რეფერენდუმს? რატომ ამბობენ უარს, რამდენიმე დღით მაინც გააგრძელონ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გადახდის 30 ივნისის დედლაინი? განა ევროპისთვის მთავარი ღირებულება დემოკრატია არაა?

იანვარში საბერძნეთის მოქალაქეებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც “ქამრების შემოჭერის” (austerity) პოლიტიკის დასრულებას ჰპირდებოდა. ამ პროგრამის გათვალისწინებით, საბერძნეთის მთავრობას უკვე უარი უნდა ეთქვა ტროიკის შემოთავაზებაზე, მაგრამ მათ არჩიეს ისევ მოქალაქეებისთვის მიეცათ დაფიქრების საშუალება იმ საკითხზე, რაც ასე ძირეულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის.

ლეგიტიმურობისკენ ამგვარი მისწრაფება კი ევროზონის პოლიტიკასთან შეუთავსებელია. ევროზონა გამორჩეულად დემოკრატიული პროექტი არასდროს ყოფილა.  ევროზონის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა ისე გადააბარეს მონეტარული სუვენერულობა ევროპის ცენტრალურ ბანკს, თავიანთი მოქალაქეებისთვის არაფერი უკითხავთ. გამონაკლისი შვედეთის მთავრობა იყო და შვედებმა უარი თქვეს,  რადგან ესმოდათ, რომ  თუ ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ცენტრალური ბანკი განსაზღვრავდა, ეს ცალსახად ინფლაციაზე ფოკუსირებას, ფინანსური სტაბილურობის მიმართ არასაკმარის ყურადღებას და უმუშევრობის ზრდას მოასწავებდა. ეკონომიკა დაზარალდებოდა, რადგან ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ევროზონას უდევს საფუძვლად, ძალაუფლებრივ ურთიერთობებსა და გაღარიბებულ მუშებზეა აგებული.

თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროზონამ ამგვარი ურთიერთობები დაამკვიდრა და იმას, რასაც დღეს ვხედავთ, შეგვიძლია დემოკრატიის ანტითეზისი ვუწოდოთ: პრემიერმინისტრ ალექსის ციფრასის მემარცხენე მთავრობის თავიდან მოშორებას ბევრი ევროპელი ლიდერი  ისურვებდა. რასაკვირველია, მათთვის მეტად მოუხერხებელია საბერძნეთში ისეთი მთავრობის ყოფნა, რომელიც უპირისპირდება იმ პოლიტიკას, ბევრ დაწინაურებულ ქვეყანაში უთანასწორობა რომ გაზარდა და რომელიც ასე მოწადინებულია, მდიდრების უსაზღვრო ძალაუფლებას ლაგამი ამოსდოს.  როგორც ჩანს, ეს ლიდერები ფიქრობენ, რომ ამ მთავრობის “დამხობა” შესაძლებელია, თუკი აიძულებენ ისეთ ქმედებებს დათანხმდეს, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება.

როგორ უნდა მოიქცნენ ბერძნები ხუთ ივლისს? მათთვის რჩევის მიცემა რთულია. მათ უნდა აირჩიონ, ან დათანხმდნენ ტროიკას პირობებს ან უარი თქვან – ორივე რთული და სახიფათო გზაა. კი-ს თქმა დაუსრულებლად გაწელილ დეპრესიას ნიშნავს. შეიძლება ქვეყანამ ყველა თავისი აქტივი გაყიდოს, ნიჭიერი ახალგაზრდები ემიგრაციაში წავიდნენ – ამგვარად გამოწურვის შემდეგ შესაძლოა ვალებიც ჩამოაწერონ. ისიც შესაძლებელია, რომ საბერძნეთმა საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკად ქცევის შემდეგ ბოლოსდაბოლოს მოახერხოს დახმარების მიღება მსოფლიო ბანკისგან. თუმცა ეს ალბათ ათეული წლების შემდეგ მოხდება.

ამის საპირისპიროდ, არა-ს თქმა, სხვა თუ არაფერი, ახალ შესაძლებლობას მაინც მისცემს ძლიერი დემოკრატიული ტრადიციის მქონე საბერძნეთს, რომ თავისი ბედი თვითონ განაგოს. ბერძნებს ხელთ ექნებათ შანსი შექმნან მომავალი, რომელიც შესაძლოა წარსულივით კეთილდღეობით აღსავსე არ არის, მაგრამ ახლანდელ გაუმართლებელ ტანჯვაზე ბევრად უფრო იმედისმომცემია.

მე ვიცი, რასაც მივცემდი ხმას.

თარგმნა Therem Harth

Facebook Comments