მიხაკო წერეთელი – კანონი

mikhakotsereteli1

 

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.

ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება’’, სახელმწიფო და კანონი, – და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის’’  ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, – აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ,  წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, –  არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით.

გაიარეთ ხალხში, მაგალითად, და ჰკითხეთ ყველას: აღიარებთ თუ არა კანონს,  – შესაძლებლად ცნობთ თუ არა უკანონოდ ცხოვრებას, სასურველია თუ არა უკანონობა, თაყვანსაცემია თუ არა კანონი? – რამდენს ნახავთ ისეთს, რომ გიჟი და გარყვნილი, ავაზაკი და ურჯულო არ გიწოდოს, ბობოლა პროფესორიდან დაწყებული გულუბრყვილო გლეხამდე? შეიძლება კანტად სადმე ერთ ანარქისტს გადაეყაროთ, რომელიც ჯერ ერთი ლაზათიანად შეუკურთხებს თქვენცა და თქვენს კანონსაც და შემდეგ გულდამშვიდებული, რომ პროვოკატორი არა ბრძანდებით, დაგიწყებთ მტკიცებას კანონის ულოგიკობისას, სისასტიკისა და საზიზღრობისას – სხვა კი ყველა ერთ ხმით მოგაყვირებს: კანონი!

უკანონოდ საზოგადოების არსებობა არ შეიძლება,  იგი საჭიროა, უიმისოდ კაცები ერთმანეთს დასჭამენ, უკანონო მოქმედება დანაშაულებაა, უკანონობა უწესოებაა, – „ანარქიაა’’. მეტადრე ზოგიერთებისაგან გაიგონებთ: „ჩვენ ვითხოვთ კანონიერებას, ჩვენ მოქალაქენი, ვითხოვთ ჩვენი ტანჯული სამშობლოსათვის კანონიერი რეჟიმის დამყარებას’’ და სხვა. შეიძლება სოციალ–დემოკრატიც გამოერიოს სადმე იქ ახლო-მახლო, და თუ ფრანგი კოლეგების სიტყვათა წყაროს დასწაფებია  როდესმე, უსათუოდ წამოტორტლავს:

– კანონიერება! ჰმ! როგორ არა, გვინდა კანონიერება, იგი ბურჟუაზიას კლავს, სადაც დემოკრატიული რეჟიმია გამეფებული !

მაგრამ ჩვენთვის, ურჯულო–უკანონო ანარქისტებისათვის რა არის კანონი? – ძალმომრეობის, ძარცვა–გლეჯის, დამონებისა, კაცის კვლისა და ავაზაკობის ორგანიზაციის დადგენილენა. უსათუოდ დაახრჩვეთ, გაძარცვეთ და დაგლიჯეთ, დაჩაგრეთ, დახოცეთ და აწამეთ მრავლის უმრავლესი ადამიანი, თუ მათ ბედნიერებად არ აღიარეს ეს დადგენილებანი და მუხლ–მოდრეკით მადლობა არ უძღვნეს მთავრობასა და კანონმდებელს ყოველდღე იმ დიდი გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ისინი მოწყალებით მიიღებენ საყვარელ ხალხზე. აი რა არის ჩვენთვის კანონი. მას სხვა შინაარსი არა აქვს, თვინიერ გაიძვერულ იკლიკანტურობისა, რომლითაც განირჩევა მრავალი წვრილმანი კანონი, მაგრამ ეს უკანასკნელი კუდებად აქვთ გამობმული იმ დიდ, საზოგადო ძირითად კანონებს, რომელზედაც არის დამყარებული კაცის კვლისა, ძარცვა-გლეჯვისა და ავაზაკობის ორგანიზაცია.

განსწავლულ იურისტებს რომ ჰკითხოთ, – კანონი არის გამოხატულება საზოგადოების საერთო სურვილისა, იგი არის შემუშავებული წესი, რომლითაც უნდა იაროს საზოგადოების ყოველმა წევრმა, რომ საზოგადოება არ დაინგრეს, არ დაიშალოს, ადამიანი პირველყოფილ ველურ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

ეს კი პირდაპირი სიცრუეა, თვით კანონთა შემთხზველების მიერ გამოგონილი, ურცხვი სიცრუე, მურტალი ტყუილი! კანონი რომ მართლაც გამოხატულება იყოს საზოგადო სურვილისა, მაშინ ხომ აღარ იქმნებოდა ის საშინელი დაუდგრომელი, შეუწყვეტელი ბრძოლა კანონის, მის შემთხზველ-განმამტკიცებელთა და ხალხთა შორის. მაშინ ხომ აღარ იქმნებოდა ის ანტაგონიზმი, რომელიც მუდამ არსებობდა და არსებობს კანონმდებელთა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. ანტაგონიზმი, რომელიც თვალსაჩინო დამახასიათებელი მხარეთაგანია მთელი კაცობრიობის ისტორიისა. ეს ბრძოლაა წყარო და საფუძველი ე.წ. დანაშაულთა, რომელიც „მეცნიერ იურისტთა“ განსაზღვრებით ნიშნავს „კანონით აკრძალულ ყოველგვარ მოქმედებას ადამიანისას’’. სხვა განსაზღვრა დანაშაულისა ვერ მოუგონიათ ამ კაცობრიობის გამაბედნიერებელთ და ამ უშნო, აბსურდულსა და პირველყოფილ განსაზღვრებებს გვახლიან თავში, რომელიც პირდაპირი მაჩვენებელია კანონის ძალმომრეობიდან წარმოშობისა.

ორში ერთია: ან კანონი მართლა გამომხატველია საზოგადო სურვილისა, საზოგადო ინტერესისა, და მაშინ რითი უნდა ავხსნათ ის საშინელი და სასტიკი ბრძოლა ხალხსა და კანონს შორის, რითი უნდა ავხსნათ დანაშაული, რომელიც საზოგადო მოვლენად გადაქცეულა? ან კანონი განსაზღვრული ორგანიზაციის დადგენილებაა და მაშასადამე, სრულიად საწინააღმდეგო საზოგადო სურვილისა, წინააღმდეგი ხალხის დიდი უმეტესობისა, გამომხატველი გაბატონებულ კლასთა დესპოტიზმისა, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის ხალხი და სწორედ ამ კლასთა ბრძოლის ნიადაგზედ არის აღმოცენებული უმეტესი ნაწილი დანაშაულისა, რადგანაც კანონი ერთი კლასის ბატონობასა და ავაზაკობას ნიშნავს, დარღვევა კი ამ კანონისა დამონებულთა მიერ – დანაშაულს.

რასაკვირველია კანონია მეორეა და არა პირველი.

საზოგადო სურვილი, საზოგადო ნება და საერთო ინტერესები შეუძლებელია იმ საზოგადოებაში, რომელიც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯგუფებად არის დაყოფილი. და მართლაც თვით წარმოშობა კანონისა იყო სულ სხვა წყაროდან, ვიდრე საზოგადოებრიობა, ვიდრე საზოგადო სურვილი და ნება საერთო ცხოვრებისა და თანასწორ ადამიანთა მიერ თავის საერთო ინტერესების დაცვისა.

ძველ ველურთა ტომებს, კლანებს, სოფლის თემებს, მრავალგვარ თავისუფალ ორგანიზაციებს კანონი არ ქონიათ ამ სიტყვის რომაული ან თანამედროვე აზრით. მათ ქონდათ ხანგრძლივი საზოგადოებრივი ცხოვრებით შემუშავებული ჩვეულებანი, შინაგანი და გარეგანი, ამ ჩვეულებრივსამებრ ცხოვრობდნენ. ეს ჩვეულებანი დაწერილი არ იყო და მათი დარღვევისათვის სპეციალურად მიჩენილი ჯამაგირიანი კაცი არ სცემდა კაცს კისერში და გულს არ უგმირავდა ისრით, არამედ ისინი პირდაპირ ცხოვრების პრაქტიკისაგან გამომდინარეობდნენ, შედეგნი იყვნენ თვით თანასწორ ინდივიდთა საზოგადოებრივი ცხოვრებისა განსაზღვრულ პირობებში. „კბილი კბილის წილ – თვალი თვალის წილ’’, სისხლის აღება და შურისძიება, სამედიატორო სამართალი, საერთაშორისო უფლება (Le droit des gens) და სხვა, – აი რა იყო ქმნილება ამგვარ საზოგადოებრივ ცხოვრებისა, და რომ გაგრძელებულიყო ისტორიაში ზემოხსენებულ საზოგადოებრივ ცხოვრების წესთა  ბუნებრივი ევოლუცია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებას მათი უარმყოფელი ფორმა არ მიეღო ხოლმე და არ ჰქონდეს ეხლა, ეს ჩვეულებებიც მოისპობოდა და სხვა უფრო მაღალ ზნეობრივ და საზოგაოებრივ ჩვეულებებს დაუთმობდნენ ადგილს, – ურთიერთ სოლიდარობისა, საყოველთაო ძალთა თავისუფლად შეერთებისა, სიყვარულისა და პატიების ჩვეულებით, რომელთა კაცთა შორის დასამყარებლად იბრძვის ახლა მიწასთან გასწორებული და დაჩაგრული კაცობრიობა.

ჩვეულებანი არ ყოფილან წყარო ძველ და თანამედროვე კანონთა. პირიქით, ისინი ისტორიაში ერთმანეთის მტრები იყვნენ, სასტიკი მებრძოლნი ერთმანეთისა. თუ შემდეგ, სახელმწიფოს მიერ შეთხზულ კანონს რომელიმე ჩვეულება დაუტოვებია, – ან ისეთი, რომელიც მისთვის სასარგებლო ყოფილა და ხალხის სატანჯავად ადვილ იარაღად გაიძვერულად სახმარი, დამახინჯებული და შინაარსგამოცლილი, ანდა ისეთი, რომელიც ძლიერ მძლავრად ყოფილა ხალხში გამჯდარი და ვეღარ აღმოუფხვრია იგი ხალხის სიღრმიდან. დანარჩენ შემთხვევაში კანონი დევნიდა ჩვეულებას, რომელიც მართლაც საერთო სურვილის გამომხატველი იყო.

ჩვეულებათა ხანაში „დანაშაულიც’’ ადვილი განსასაზღვრი იყო, რადგანაც საერთო სურვილის გამოხატულებისა და საერთო ინტერესების დარღვევა მართლაც არა სასარგებლოდ ითვლებოდა მთელი საზოგადოებისათვის და მაშინ ქონდათ უფლება ეთქვათ: დანაშაული არის ჩვეულებათა დარღვევა, რაც „დაისჯებაო’’ და ეს აბსურდი არ იქნებოდა. ახლა კი, როცა ამბობენ, დანაშაული არის კანონის დარღვევა, რაც კანონითვე დაისჯებაო, აბსურდია . . .

როგორ შეიძლება ჩვეულების წყაროსგან გამომდინარე დანაშაული შევადაროთ კანონისაგან გამომდინარეს და ერთი და იგივე ცნება გამოვხატოთ ამ სიტყვით, როდესაც სულ სხვადასხვა, ერთი–მეორეს მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ორგანიზაცია უდევს საფუძვლად ჩვეულებასა და კანონს, – თავისუფალთა და თანასწორთა  საზოგადოება* და სახელმწიფო.

_____________________
* ჩვენ ამით ის არ გვინდა ვთქვათ, რომ ყოველივე საზოგადოება, სადაც ჩვეულება არსებობს, მართლა „თავისუფალ და თანასწორ“ წევრთაგან შედგება. ჩვენ გვაინტერესებს თვით წესი ორგანიზაციისა, ტიპები საზოგადოებრიობისა, და ამ მხრით ცნობილია, რომ იქ, სადაც ჩვეულებითი უფლებანი არსებობენ ე.ი. სადაც უფლების შემუშავება თვით ცხოვრების პრაქტიკიდან გამოდის, ინდივიდები შედარებით თავისუფალნი და თანასწორნი არიან წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანიზაციისა, სადაც ერთის ან რამოდენიმეთა ჯგუფის სურვილია გამეფებული. თუ კი მრავალი მხრით არ არსებობს ნამდვილი თავისუფლება და თანასწორობა პირველი ტიპის ორგანიზაციაში, ეს სხვა პირობათაგან არის გამოწვეული: იგი არ ვითარდება, როგორც ფუნქცია თვით საზოგადოებრივ ორგანიზაციის განსაზღვრული ტიპისა, როგორც ეს ხდება აუცილებლად სახელმწიფოში. მთელი სურათი საზოგადოებრივ მდგომარეობისა განა მარტო მისი ორგანიზაციის ტიპისაგან არის დამოკიდებული.

როდესაც ირღვეოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისუფალი ტიპის და ათასგვარ მიზეზთა გამო დგებოდა უარესი ტიპი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა, – სახელწიფო (ჩვენ აქ ამ უკანასკნელის წარმოშობას არ გამოვუდგებით), მაშინ ჩნდებოდა ხოლმე ნამდვილი კანონი, შეთხზული ან ერთი მონარქისა, ან ძლიერთა და მდიდართა ამორჩეულ პირთა მიერ, და ეს მათი წინასწარი დადგენილება, ეს კანონი ხდებოდა აუცილებელი და სავალდებულო საზოგადოების ყველა წევრთათვის,  რომლებიც დამონებული იყვნენ გაბატონებულთა მიერ. სხვანი კი ამ კანონს გარეშე იდგნენ, კანონი მათ არ აწვა ქედზე მთელი თავისი სიმძიმით, რადგანაც იგი მათი საკუთარი იარაღი იყო, მათივე ხმლით ცხოვრებაში გაყვანილი. ეხლაც ინგლისში მეფე ყოველივე კანონისა და სამსჯავროს გარეშე დგას და ეს პირდაპირ არის პირველ მუხლად ჩაწერილი ინგლისის კონსტიტუციაში.

სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც მრავალფეროვან მონობაზედ იყო დამყარებული, ყოველთვის წინ უძღოდა ძველ თავისუფალ ორგანიზაციათა უფლების მოსპობას, წინ უძღოდა აგრეთვე თავის კანონს, რომელიც შემდეგ გამოხატავდა ხოლმე ახლად მივლინებულ ორგანიზაციის მონურ სულს და ათავებდა მის მიერ დაწყებულ საქმეს – ძველ ორგანიზაციათა და ჩვეულებათა განადგურებას.

მონობა წინ უძღოდა რომისა და ბიზანტიის უფლებას. თანამედროვე სახელმწიფოს, მთელი ძველი საზოგადოებრიობის მოსპობით, აღმოცენების შემდეგ შემუშავდნენ თანამედროვე „უფლებანი’’, შეზავებული რომის ძველ მონურ უფლებას და თანამედროვე ძალმომრეობისა და ძარცვა–გლეჯის „უფლებებს’’.

უფლება ძარცვისა და გლეჯისა, უფლება მონად ყიდვისა და გაყიდვისა, წამებისა და მოკვლისა, უფლება საკუთრებისა, რომელიც ხმლით იყო წართმეული ხალხის ხელიდან, უფლება მთელი საზოგადოებრივი სიმდიდრის ერთის მიერ მითვისებისა, უფლება განუსაზღვრელი და უსირცხვილო ექსპლოატაციისა, უფლება იარაღის ტარებისა და ომებით ასიათასობით ადამიანის მოკვლისა – ყოველივე ეს კანონის სახელით, ერთი სიტყვით უფლება კი არა, ათასნაირი საშინელი დანაშაული დაისახა სახელმწიფომ თავის ფუნქციად და როგორ შეიძლებოდა ამის შემდეგ დანაშაული განესაზღვრათ როგორც საზოგადო ინტერესთა შემლახველი მოქმედება ადამიანისა? მაშინ ხომ თვით ბატონები და მმართველნი გამოვიდოდნენ  დამნაშავეებად? ამიტომ, მათაც განსაზღვრეს დანაშაული, როგორც კანონით აკრძალული ადამიანის მოქმედება!

კანონი კი სწორედ თვით მათ დანაშაულთა განზრახვის გამოხატულება და ფორმულაა! აი სად არის მისი საზიზღარი ძირი.

მაგალითად, ერთ ადამიანს ეკუთვნის მთელი მაზრა და მას უფლება აქვს შიმშილით ამოწყვიტოს მთელი ხალხი, ან გაძარცვოს იგი, ან სულ აყაროს და გადაასახლოს! აი რას გვეუბნება, მაგალითად, დღევანდელი საკუთრების უფლება! კანონით დამკვიდრებული წესიერების წინააღმდეგ აჯანყებულები უნდა გავწყვიტოთ იარაღით, აი რას გვეუბნება თანამედროვე „წესიერების უფლება“! დამნაშავეები მშიერები არიან და არა დამამშეველნი, აი რას გვეუბნება თანამედროვე სამართალი! ჩვენ კი ვიცით, რომ ჯერ ეს საკუთრების უფლება გაჩნდა, ჯერ ხალხი გაყვლიფეს და მოუსპეს თავისი შემონაქმედი, ჯერ ძალმომრეობითი ორგანიზაცია გაჩნდა, დაემყარა იგი ძალმომრეობისა და  ძარცვა–გლეჯის დაწესებულებათა  მთელ დაუსრულებელ წყებაზედ, ჯერ ეს უწესო „წესიერება’’ გაჩნდა, და მხოლოდ მერე გამოიხატა მათი სული იმ კანონსა და სამართალში, რომელსაც ძალით გვახვენენ თავზედ და რომელთა სახელით გვანადგურებენ, გვხოცავენ და დამნაშავეებსაც კი გვეძახიან! ადამიანის სისასტიკე და აბსურდული კადნიერება ამაზე შორს ვეღარ წავა!

კიდევ და კიდევ გავიმეორებთ, კანონი მოგონილია მათ მიერ, ვინც ბატონობა ჩაიგდო ხელში ძალმომრეობით, ვინც ძარცვა–გლეჯის ორგანიზაცია მოაწყო და მონობის ბეჭედი დაასვა მას, ვინც მუდამ დამნაშავე იყო, თავიანთ სიმდიდრისა და ბატონობის განსამტკიცებლად და გამოსახატავად.

და ამიტომაც ყოველთვის, ყველგან კანონს სჭირდება თავისი ძალდატანებითი დაწესებულებები. ამ უკანასკნელთა გამომხატველი მხეცები კაცთა შორის, ყველა ეს ანტისოციალური დაწესებულება აუარებელ ადამიანთა უიარაღო და შეიარაღებულ ბრბოს წარმოადგენენ და სხვას არაფერს. მათი რჩენა, მათი უძირო მუცლის ავსება, მათი უზარმაზარი გველის მადის დაკმაყოფილება დღეს სავალდებულო გამხდარა მთელი მწარმოებელი საზოგადოებისათვის, გადაშენებისაკენ მიჰყავს იგი და რა გასაკვირია, როდესაც რევოლუცია პირველ წამშივე უარყოფს მათ და გალომებული ცდილობს შემოიცალოს ეს პარაზიტები, განიწმინდოს და განიკურნოს ამ ანტისოციალურ ბრბოსაგან. რა გასაკვირია აგრეთვე, როდესაც გამგელებული რეაქცია სწრაფად აღადგენს რევოლუციის მიერ დანგრეულ დაწესებულებათ სისხლით მორწყულ საზოგადოებაში და ხალხის დაკვერებულ სისხლის საძირკველზედ ხელახლა აშენებს მათ, აშენებს თავის გამარჯვებას.

მაგრამ აბა თვითონ ამ ვაჟბატონებს ჰკითხეთ, რა როლი მიუძღვით მათ საზოგადოებაში? ჰმ! ისინი რომ არ იყვნენ, საზოგადოება დაიღუპებოდა; საკუთრება, თავისუფლება, წესიერება, სიცოცხლის გარანტიაც გაქრებოდა, რომ მუდამ არ იყვნენ  ზემოთხსენებული დაწესებულებანი დარაჯებად დაყენებულნი საზოგადოების დასაცავად.

აი მათი ვითომცდა მიზანი, აი მათი პრეტენზია.

ადვილია ამ სიცრუის ნათელყოფა.

II

მთავრობის პრეტენზია და ვითომც მიზანი, როგორც ვთქვათ, – დაცვაა ადამიანის სიცოცხლისა ”დამნაშავეთაგან”, დაცვაა საკუთრებისა, წესიერებისა, ასე გასინჯეთ თავისუფლებისაც კი, – კანონებით.

მაგრამ სწორედ გაბატონებულ კლასთა ინტერესების დაცვის განზრახვათა ფორმულაა კანონი, რომელიც ძალით გადის ცხოვრებაში, და სწორედ ამით ეწინააღმდეგება იგი თვით საზოგადოების მიზნებს და მისწრაფებებს, და ყალიბდება ანტისოციალურ მოვლენად.

იგი არა თუ ვერ აღწევს ვერავითარ ნამდვილ საზოგადოებრივ მიზანს, არამედ თვით ამ მიზანთა წინააღმდეგია, როდესაც თვით ხალხს სურს ამ მიზანთა მიღწევა, და ამით იწვევს საშინელს წინააღმდეგია, როდესაც თვით ხალხსა სურს ამ მიზანთა მიღწევა, და ამით იწვევს საშინელ წინააღმდეგობას ხალხის მხრივ, ხდება „დანაშაულის“ წყაროდ.

კნონი ადამიანის სიცოცხლის გარანტია არ არის.

უმეტესი ნაწილი დანაშაულთა სულ სხვა მიზეზთაგან არის გამოწვეული, ვიდრე ისინი გამომდინარეობენ ადამიანის ბუნებიდან, რომელიც კანონს მართლა ცუდი ჰგონია, – და სჯის ამ დანაშაულს, როგორც ”საზოგადოებისათვის ცუდსა და მავნებელ მოვლენას”.

კაცის კვლათა მიზეზი არ არის ადამიანის ცუდი ბუნება, არამედ თვით ეს ცუდი ბუნებაა შემუშავებული ყველა იმ ცუდ პირობათა მიერ, რომელთაც კანონი განამტკიცებს. და ამგვარად თვით კანონი ხდება დანაშაულთა წყაროდ. კაცი კაცსა ჰკლავს ან იმიტომ, რომ რაიმე მატერიალური ინტერესი აქვს, ან შურისძიება ამოქმდებს, ან და ავადმყოფია.

მოსპეთ კერძო საკუთრება და დაამყარეთ კომუნისტური საზოგადოება, სადაც ადამიანი მუშაობდეს თავისუფლად და იკმაყოფილებდეს ყველა თავის მოთხოვნილებებს, მოსპეთ ცუდი აღზრდა ადამიანისა, ჩააყენეთ იგი კარგ ზნეობრივ პირობებში და სხვ., და დანაშაულიც მოისპობა. კანონი კი ზემოთხსენებულ ცუდ პირობათა მფარველია და არა მომსპობი, და ამიტომაც ეხლაც კი დანაშაულთა რიცხვი იზრდება ან მცირდება არა იმის მიხედვით, რა ზომებს იღებს კანონი დანაშაულთა წინააღმდეგ, არამედ იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება პირობები, – რამდენადაც ეს შესძლებელია თანამედროვე საზოგადოებაში, – ადამიანის აღზრდისა და მატერიალურ კეთილდღეობისა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, – თუ ყველა დანარჩენი პირობები უცვლელნი რჩებიან, – კანონთა რიცხვის ზრდის პროპორციულად იზრდება დანაშაულთა რიცხვი!

კანონი დანაშაულის მიზეზთ კი არ ებრძვის, არამედ ამ მოვლენის მსხვერპლებს, – ამიტომაცაა იგი ანტისოციალური მოვლენა.

როგორც კეტლემ დაამტკიცა, დანაშაულთა რიცხვზედ უფრო ამინდს, მოსავალს, წლის სხვადასხვა დროთა და სხვა პირობებს აქვს უფრო მეტი გავლენა, ვიდრე კანონის სისასტიკეს, – და ამ მხრით კანონი ვერ აღწევს ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიზანს სრულებით, რასაც უკვე ბევრი კრიმინოლოგი აღიარებს ცოტათი გულწრფელად. მატერიალურ ინტერესთა მიერ გამოწვეულ დანაშაულთა წინააღმდეგ – კომუნიზმი; სიავისა, შურისძიებისა და სიძულვილის წინააღმდეგ – კარგი აღზრდა და ზნეობრივი განვითარება ადამიანისა ბავშვობიდან; ავადმყოფობის წინააღმდეგ – კარგი სამკურნალოები და ექიმები, – და არა ჯალათი და საპყრობილე, არა ჟანდარმი და მსაჯულ-ადვოკატი! მაშინ ”დანაშაულიც” მოისპობა.

კანონის პრეტენზია აგრეთვე საკუთრების დაცვაა.

მაგრამ საკუთრებასაც განსაზღვრა უნდა. საკუთრება მრავალნაირია.

იცავს კანონი მართლაც ადამიანის ”საკუთრებას”? – სრულიადაც არა. იგი მხოლოდ საკუთრების ერთ ფორმას იცავს, – კერძო საკუთრებას ე.ი. ექსპლუატაციას, ქურდობასა და ავაზაკობას.

მთელი კაცობრიობის სიმდიდრე მისი საკუთრებაა. რომ განვიხილოთ მხოლოდ ერთი რომელიმე საგანი ცოტად თუ ბევრად რთულ პირობებში ნაწარმოები, – იგი მთელი საზოგადოების ნაწარმოებია, მთელი მწარმოებელი საზოგადოებისა. საგანი ნაყოფია მთელი მწარმოებელი საზოგადოების ენერგიის ტრიალისა, მას ათასნაირ ენერგიის მუშაობასთან აქვს საერთო დროსა და სივრცეში, – და ამავე დროს იგი საკუთრებაა ერთი ადამიანისა, ან ადამიანთა ერთი ჯგუფისა, ამასთანავე, სწორედ კანონის ძალით იგი საკუთრებაა არა მწარმოებელისა. სხვანაირად რომ ვთქვათ, – სიმდიდრე კომუნისტური ნაწარმოებია, იგი კომუნისტური საკუთრება უნდა იყოს; და ამის ნაცვლად იგი გამხდარა ერთის ან ერთი ჯგუფის საკუთრებად; კანონი კი ამ საკუთრების აბსურდული ფორმის ძალმომრეობითი დამცველია.

ამაშია აგრეთვე მისი ანტისოციალური ძარღვი და როდესაც ადამიანი არღვევს კერძო საკუთრების კანონს, ეს უკანასკნელი მას სჯის და ამით ამრავლებს ”დამნაშავეებს”, რადგანაც ყოვლად შეუძლებელია მწარმოებელმა, მშრომელმა კაცმა თავისი ნაწარმოების ნაწილიც არ მიითვისოს, როდესაც უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაშია. და მართლაც ამ კერძო საკუთრების ინსტიტუტს შეეხება უმეტესი ნაწილი კანონთა, და უმეტესი ნაწილი დანაშაულთა კერძო საკუთრების კანონის დარღვევის ნიადაგზედ ხდება: ადამიანს სჯიან იმისათვის, რომ შია და მიზეზი მისი შიმშილისა სწორედ ეს დაწესებულებები არიან, ეკონომიკური და პოლიტიკური, რომელთა გამომხატველიც კანონია.

ამ მხრივაც კანონი დანაშაულთა წყაროა. მოსპეთ კერძო საკუთრება და მოისპობა დანაშაულთა უმრავლესობა საზოგადოებაში.

”წესრიგის” დაცვა? – ეს ხომ სულ მთლად აბსურდია!

კანონიერი წესრიგი ადამიანთათვის მრავალნაირი მოძრაობის აკრძალვაა კანონის ძალით; ეს უკანასკნელი კი კრძალავს ადამიანთა იმ მოძრაობათ, რომელიც თანამედროვე წყობილებას ემუქრება დანგრევით, – ე.ი. აუცილებელ მოძრაობათ და შემდეგ დევნის და სჯის ადამიანს ამ საჭირო მოძრაობათათვის, – კანონის სიტყვით აგრეთვე”დანაშაულთათვის”.

აი კიდევ რატომ არის კანონი დანაშაულთა წყარო.

წესრიგი კანონიერი, მაშასადამე პოლიციური, წესრიგი ადამიანთა გაჩუმებისა, როდესაც ტყავს აძრობენ; წესრიგი წამებისა საპყრობილეში, როდესაც ნება არ გაქვს ხმა ამოიღო; უარმყოფი წესრიგი ქუჩაში გამოსვლისა, საზოგადოებრივ გრძნობათა და პროტესტთა გამოხატვისა ავაზაკთა წინააღმდეგ, როდესაც ადამიანთა ერთი ჯგუფი მთელ საზოგადოებას ანადგურებს, – აი კანონიერი წესრიგი, რომლის დამცველიც არის კანონი.

ის წესრიგი კი, ან განზრახვა იმგავრი წესრიგის დამკვიდრებისა, როდესაც ადამიანთა გრძნობები და ენერგიები თავისუფლად იქნებიან შეთანხმებულნი, – განზრახვა კომუნისტური წესრიგის დამყარებისა, – განხილულია როგორც დანაშაული და ისჯება კანონის ძალით, ე.ი. ცეცხლითა და მახვილით, საპყრობილეთი და სახრჩობელათი.

თავისუფლების დაცვა?

დიახ, ექსპლოატაციის, კაცის კვლისა და საპყრობილეში წამების თავისუფლების დაცვა გაუხდია კანონს მიზნად.

ერთის, გაბატონებული ჯგუფის ყველანაირი თავისუფლება აქვს აღიარებული კანონს, – წინააღმდეგ კი, – თავისუფლება ხალხისა – იმოქმედოს დესპოტთა წინააღმდეგ, – განხილულია როგორც ”დანაშაული”.

აქაც იგი თვით არის წყარო დანაშაულისა და მაშასადამე ანტისოციალური მოვლენა.

თვით საფუძველი კანონისა იმგვარი სოციალური ორგანიზაციაა, რომელიც ერთის მეორეზედ ბატონობით, ერთის მიერ მეორის ექსპლოატაციით ხასიათდება; თვით შინაარსი კანონისა, – მონობისა და ძარცვა-გლეჯის განმტკიცებაა; მისი მიზანი მხოლოდ ადამიანის დასჯა და წამებაა, როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადგენილ მოქმედების წესებს, რომელთა დაურღვევლობა ადამიანის მიერ შეუძლებელია, ამიტომ არის კანონი სოციალური აბსურდი, ანტისოცილური მოვლენა. კანონს არ შეუძლია არ დაბადოს დანაშაული თავსი შინაარსითა და თავისი მოქმედებით.

ორნაირ დანაშაულს წარმოშობს კანონი: ერთს პირდაპირს, რამდენადაც თავად არის ადამიანის მძარცველი და დამმონებელი, მეორეს არაპირდაპირს, თავის მიერვე განსაზღვრულს, – დანაშაულს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ადამიანის კანონით დასჯადი მოქმედებისა. რამდენადაც იგი ადამიანს თავისუფალ მოქმედებას უკრძალავს, უფარგლავს თავისუფალი მოქმედების ასპარეზს და შემდეგ თვითონვე ახრჩობს მას თავის მიერვე დაგებულ მახეში, – რატომ გაბედე და ჩემს წინააღმდეგ იმოქმედეო, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანს არ შეუძლია არ იმოქმედოს სხვანაირად, რადგანაც იგი სრულიად გარემოცულია კანონით. თვით შეზღუდვა ადამიანის თავისუფლებისა მისი პირდაპირი დანაშაულია საზოგადოების წინაშე. მისი არაპირდაპირი დანაშაული კი ადამიანის წაბიძგებაა დანაშაულისაკენ.

დანაშაული არ განისაზღვრება ადამიანის თანშობილი ხასიათით. ადამიანს, მართალია, შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს მრავალი ცუდი მხარე მშობლებისაგან, მაგრამ ეს ანომალიები სოცილური ხასიათის არ არის. ისინი წმინდა ბიოლოგიური მოვლენები არიან და მათი მოსპობა კანონით, ძალმომრეობით, საპყრობილით ისეთი ბარბაროსობაა, ისეთი ველურობა და აბსურდი, რომ არც ერთ მეცნიერს, ბურჟუაზიული ცრურწმენებითაც რომ იყოს განმსჭვალული, თავში არ მოუვა არანორმალურ ადამიანთა ამ წესებით განკურნება. არანორმალურ ადამიანთა განკურნება ან შესაძლებელია, ან არ არის შესაძლებელი. თუ შესაძლებელია, – მაშინ მას კარგი მოვლა ჭირდება და არა საპყრობილე. თუ არ არის შესაძლებელი, – მაშინ მას ჩარიცხავენ მოურჩენელ ავადმყოფად და იგი ამ ავადმყოფობის მსხვერპლი შეიქმნება. ერთი და იგივე ითქმის როგორც მემკვიდრეობით გადაცემულ სნეულებაზედ, ისე სიცოცხლეში შეძენილზედ. დანაშაული კი სულ სხვაა, – ეს კანონით დასჯილი მოქმედებაა ადამიანის განსაზღვრულ მოქმედებისათვის, – და მაგალითად მემკვიდრეობით გიჟმა რა იცის დაბადებამდე, თუ როგორი კანონებია იმ საზოგადოებაში, რომელშიაც მან უნდა იტრიალოს? ან სიცოცხლეში ავად გამხდარმა კაცმა რა პასუხისმგებლობა უნდა გაუწიოს იმ საზოგადოებას, რომლის კანონიც მას სჯის ხშირად, – მაგალითად კაცის კვლისათვის, როდესაც მან უკვე დაკარგა გონება და ვეღარ უწევს ანგარიშს თავის ვნებათა ღელვას? ან და, – რაც უფრო ხშირად ხდება, – აღზრდამ, ცუდმა პირობებმა ჩაადენინეს კაცს დანაშაული? – მაშინ ხომ თვით კანონია ორგვარდ დამნაშავე: ერთი იმიტომ რომ იგი თვით განაგებს აღზრდასაც და სხვა პირობათაც, მეორე იმიტომ, რომ თავისი სიმხეცის მსხვერპლს ძაღლივით ახრჩობს მისი დაცვის მაგივრად ცუდ პირობათაგან. ან და რა ვუწოდოთ იმ მოვლენას, როცა ათასნაირი აბსურდული კანონი ადამიანს იმისთანა წვრილმან რამეებსაც კი უკრძალავს, რომლის არ დარღვევა ყოვლად შეუძლებელია, – მაგალითად ლაპარაკი, წერა, კრება და სხვა, – აგრეთვე საზოგადოებრიობის ბუნებრივ გამოხატულებას, – ასოციათა და კავშირთა დაარსებას, დემონსტრაციებს, მიტინგებს, იარაღის ტარებასა და სხვას, რომელთა არ დარღვევაც აგრეთვე შეუძლებელია. და რადგანაც, გავიმეორებთ, დანაშაული კანონით დასჯილი მოქმედებაა, – ავადმყოფი სახრჩობელაზე მიდის, გიჟი საპყრობილეში, – საავადმყოფოს მაგივრად (დიდი ხანი არ არის, რასაც ეს ბარბაროსული ჩვეულება ისპობა დიდი ფსიქიატრების ზეგავლენით), ცუდათ აღზრდილი და ცუდ პირობებში მყოფი აგრეთვე სახრჩობელაზე და საპყრობილეში. აი კანონის პირდაპირი მტარვალობა და პირდაპირი დანაშაული. აგრეთვე აზრის გამომხატველს საპყრობილე და ჯარიმა, მწერალს ციმბირი და ახალი კალედონია, დემონსტრანტებს ცემა-ტყეპა და საპყრობილე, იარაღით ხელში თავის დამცველებს – კიდევ და კიდევ საპყრობილე, წამება და სახრჩობელა. აი კანონის არაპირდაპირი დანაშაული.

კანონი არა თუ ძირია დანაშაულის, არამედ იგი მისი გამამრავლებელია. რამდენიც კანონია, იმდენია დანაშაული და დამნაშავეთა კატეგორიები. იგი ორნაირად ანტისოციალური მოვლენაა.

აიღეთ მაგალითი: კაცის კვლა დიდ დანაშაულად ითვლება კანონის მიერ, და ერთი შეხედვით კაცს ენა არ მოგიბრუნდება ამ მხრით კანონის წინააღმდეგ რამე გაბედო. მაგრამ მოიგონეთ თვით კანონმდებელთა და მათ მიერ აშენებულ დაწესებულებათა წარმომადგენლების მიერ დახოცილი ხალხის რიცხვი: რაც მეფეებს, გენერლებს და ჯალათებს ხალხი დაუხოციათ ისტორიის განმავლობაში, იმდენი კაცის კვლა რომ ხდებოდეს თვით საზოგადოებაში, აქამდის კაცობრიობის ნატამალიც აღარ იქნებოდა. გვეტყვიან, – განა ომები მეფეებზე, გენერლებზე და კანონმდებლობაზე არის დამოკიდებულიო? ჩვენ მივუგებთ, – რამოდენიმედ დიახაც, და უპირველეს ყოვლისა კი საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს ზემოთხსენებულნი პირები ბრძანდებიან იმ დაწესებულებათა წარმომადგენელნი და გამომხატველნი, რომელთა მოქმედების ფარგლებშიაც ხდება ომი, და ისინი არიან ხალხის წინაშე პასუხისმგებელნი. და ყველა ეს ”დამნაშავეები” არიან იმისთვის რომ კაცი მოჰკლეს, ხალხი ათასობით დახოცეს? არა! – გვირგვინი, ორდენები, პატივი, ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე შეუძენიათ ხოლმე მათ ხალხის ხოცვისათვის. გიჟს, ავადმყოფს, ლოთს, ან მშიერს, ან ცუდათ აღზრდილს კი, რომლის დანაშაულში თვით საზოგადოებაა დამნაშავე – სახრჩობელა! მაგრამ სწორედ აქ გვეტყვიან, – დიახ, სახრჩობელა, რადგან პრინციპი ”არა კაც ჰკლა” არის საზოგადოების ერთი ბურჯთაგანი და კანონიც იცავს მასო. ჯერ ერთი, როგორ ”იცავს”, როდესაც თვით ხოცავს ხალხს ათასობით და ცალკე კაცის კვლას მკვლელის მოკვლით ანაზღაურებს, და მაშასადამე თვით უმთავრესად არღვევს ამ პრინციპს, – ”არა კაც ჰკლა”; მეორე, თუმცა დამსჯელობით უფლებაში კაცის კვლის არ პატიება სწორედ ძველ ჩვეულებისაგან, ძველ საზოგადოებრივ პრინციპისაგან ”არა კაც ჰკლა”, (რომელიც ცუდად, ბარბაროსულად გამოიხატებოდა შურისძიებაში) გადმოვიდა, მაგრამ კანონმა არა თუ ვერ განავითარა ეს პრინციპი და ვერ განახორციელა იგი, არაედ შექმნა მრავალგვარი პირობები დანაშაულისა, და აგრეთვე ძველი პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიება გადააქცია განსაკუთრებული დაწესებულების ფუნქციად, რომელიც პირობათა მიუხედავად მხოლოდ სჯის დასჯისათვის და არა რაიმე სოციალური ინსტინქტი ამოძრავებს მას, რადგანაც თვით ეს ორგანიზაცია არის დამყარებული კაცის კვლაზე და დანაშაულზე. მაშასადამე, დამსჯელობითი უფლების პრინციპი ”არა კაც ჰკლა” კი არ არის, არამედ ერთის მხრივ ადამიანთა ერთი ჯგუფის პრივილეგიის დაცვა კაცის კვლისა, და მეორეს მხრივ ორგაიზაცია სოციალური შურისძიებისა. ყველა ქვეყნის დამსჯელობითი უფლების სტატიები ნათლად გვიმტკიცებენ ამ საშინელ და ბარბაროსულ მოვლენის ნამდვილ არსებობას, – ყველგან და ყოველთვის, სადაც და როდესაც კი ყოფილა კანონი სზოგადოების ”მმართველი”.

აიღეთ, მაგალითად, აგრეთვე ქურდობა. ეს, როგორც ყველამ კარგად ვიცით დიდ დანაშაულად ითვლება. ინგლისში, მაგალითად ხშირად კიდევაც ახრჩობენ ხოლმე კაცს ამისათვის. მაგრამ ჯერ განვსაზღვროთ ქურდობა. ეს ხომ უბრალო რამ არის? სხვისი საკუთრების მითვისება: და ყოველთვის, მონობიდან დაწყებული თანამედროვე კაპიტალიზმამდე არა მწარმოებელნი მშრომელთა პიროვნებას, თავისუფლებასა, შრომასა და ნაწარმოებს, – საკუთრებას არ ითვისებდნენ? მოიგონეთ მონებით ვაჭრობა ძველ ანტიკურ საზოგადოებაში, არისტოტელესა და ციცერონის ფილოსოფია მონობისა, შუა საუკუნეებში მეომართა მიერ პირდაპირი მითვისება მიწისა და ზედ მშრომელთა დასახლება და ექსპლოატაცია, რამაც ბატონყმობა შექმნა, დაუკვირდით თანამედროვე კაპიტალისტურ ექსპლოატაციას – და იმ კანონებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ დამცველნი ამ ქურდობისა და ავაზაკობისა, – და მაშინ მიხვდებით, თუ ვის აქვს ”უფლება” ქურდობის დასჯისა, – კანონს, თუ მათ, ვისაც კანონი თავში ურტყამს ქურდობისათვის, – თუ მწარმოებელს, რომელმაც მთელი სიმდიდრე შეჰქმნა მთელი თავისი სიცოცხლის გნმავლობაში, შეიძლება 50 წლის მუშაობითაც, მუქთა ხორათათვის და შემდეგ ძალა გამოლეულმა, ქუჩაში მშიერად დარჩენილმა პურის ნაგლეჯი მოიპარა, რომ გადამკვდარი ბებერი ცოლისათვის ან ავადმყოფი ბავშვისთვის ცარიელი მუცელი გაეძღო!

ვინ არის ქურდი – კანონის კაცი, კაპიტალისტი, ან ძველი ბატონი და მონათმფლობელი თუ მონა, ან გლეხი ან თანამედროვე პროლეტარი? თუ ქურდობა სხვისი საკუთრების მითვისებაა, თვით კანონის განსაზღვრის ძალით ისინი გამოდიან ქურდებად ვისაც კანონი იცავს, ვის სასარგებლოდადაც კანონი სჯის ”ქურდებს” ე.ი. მშიერ მწარმოებლებს! აქაც კანონი საკუთრების პრიციპს კი არ იცავს, არამედ ქურდობისა და ავაზაკობის პრივილეგიას ადამიანთა ერთი ჯგუფისათვის.

აიღეთ სხვა მოლენები, რომელთათვისაც ადამიანებს სჯიან და ყოველთვის ერთსა და იგივე დასკვნას მიადგებით: კანონი თვით ხდება დანაშაულის წყაროდ.

რომ არ გავამრავლოთ მაგალითები, ავიღოთ ასოციაციათა თავისუფლება, რომის კოლეგიებიდან და სოდალიციებიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქამდე დევნის სახელწიფო თავისუფალ მუშათა კავშირებს. თვით ”საერთო კრებამ” დიდი რევოლუციის დროს გაიყვანა კანონი 1791 წელს მუშათა ასოციაციების წინააღმდეგ.  საფრანგეთში 1884 წელს მიიღეს მხოლოდ სინდიკატებმა ლეგალური არსებობის უფლება. ინგლისში XIX საუკუნის დასწყისში მუშებს სიკვდილით სჯიდნენ კავშირებისათვის. შუა საუკუნეთა ისტორიაში ხომ პირველი ადგილი უკავია მუშათა კავშირებისა და წრეების დევნას. რუსეთის ბარბაროსობის ამბავი ყველამ იცის. და ყოველივე ეს კანონის ძალით. არ შეიძლება სახელმწიფო სახელმწიფოში, გაუმარჯოს საზოგადო მშვიდობას, ეს ის ფრაზებია, რომლითაც ძველად და ეხლაც ატყუებენ ხალხს ბატონი კანონმდებლები. აგრეთვე აიღეთ კანონი ”მაწანწალობის” (Vagabondage) წინააღმდეგ, განსაკუთრებით საფრანგეთში (იხ. ოქტავ ტიქსიეს წერილები ”რევიუ ბლე”-ში) ვორქჰაუზები ინგლისში და სხვ. და დაინახავთ რომ კანონი მართლაც პირდაპირი წყაროა დანაშაულისა. კაცს ლუკმა პური არა აქვს, სამუშაო ვერ უშოვნია – ამისათვის იგი დევნილია, მას უფლება არა აქვს იაროს ქვეყნად, სოფელ-სოფელ, რომ ან ითხოვოს, ან სამუშაო ნახოს; იგი განწირულია, ”დამნაშავეა”, მას კანონი ციხეში უკრავს თავს, მაშინ როდესაც მისგან განმტკიცებული კაპიტალიზმი მიზეზია მრავალ მშიერთა და მაწანწალათა არსებობისა.

და რამდენი პროცესი, რამდენი წამება აქვს ადამიანს თავზე გადახდენილი მსაჯულთა მიერ, ამ კანონის იარაღთა მიერ! და რა არის მსაჯული? არაფერი, გარდა უზნეო არსისა, რომელსაც იმის შეგნებაც არა აქვს, რომ ყოვლად შეუძლებელია ადამიანი დასაჯო იმისთვის, რისთვისაც მთელი წესწყობილება უნდა დაისაჯოს, ან მთელი ერთი შთამომავლობა, თუ დასჯაზედ მიდგა საქმე. ვინ არ იცის ტოლსტოის Воскресенiе, – აი სად არის ნამდვილი სახე მსაჯულისა. კაცი, რომელიც ავადმყოფია, რომელიც ცუდად აღზრდილია, რომელიც მშიერია, რომელიც ვინ იცის რა პირობებში გაიზარდა და გაიხრწნა, ან განვითარდა (კანონისთვის ეს სულ ერთია), განისჯების იმისთანა ადამიანთაგან რამდენიმე საათის განმავლობაში, რომელთაც არ იციან არც მისი ხასიათი, არც მისი ბიოგრაფია, არც მისი აღზრდის პირობები, არც სიძულვილი არა აქვთ მისდამი, არამედ მხოლოდ კანონის მუხლის ძალით, რომელშიდაც ბარბაროსობისა და აბსურდის მეტი არა სწერია რა. აი რა არის სასამართლო და ამას სამართალს უწოდებენ.

მონობის მრავალი ფორმები კაპიტალიზმამდე, – საკუთრება, პრივილეგია ერთი საზოგადოების, სახელმწიფოს ტიპის საზოგადოების აღიარებისა, სასამართლო და სხვა ყოველივე ის, რის წინააღმდეგაც წასვლა დანაშაულად მიაჩნია კანონს, რა არის, თუ არა სახელმწიფო, ყველა მისი დაწესებულებით, რომელთა სულიც კანონია და რომლის შედეგიც ომია ყოველთვის, სიკვდილი და განადგურება? ეს უკანასკნელი კი არის სწორედ დიდი სოციალური დანაშაული, რადგანაც, თუკი არსებობს დანაშაული და მისი განსაზღვრა შეიძლება, ეს უნდა იყოს ჩვენი ფიქრით, ყოველივე მოქმედება ადამიანისა ან ადამიანთა ჯგუფთა, რომელნიც ადამიანს უშლიან თავისუფლებას, საზოგადოებრიობას, არღვევენ პრინციპს ძალთა ეკონომიისას და ადამიანის ტომი განადგურებისაკენ მიჰყავთ. ამ განსაზღვრით კი თვით გვირგვინოსნები, მისი გენერლები, მინისტრები, ჯარი და პოლიცია, მოსამართლე, ჯალათები და სხვა, კაპიტალისტები და მემამულეები, მღვდლები და ათასი წვრილი და მსხვილი სახელმწიფო მოხელე, – სულ დამნაშავეები ყოფილან და დაე მათაც უცადონ მათ ულმობელ მსაჯულს, – რევოლუციას, თუ მართლა დასჯაა დანაშაულის დამახასიათებელი შედეგი. დანაშაული თვით სახელმწიფო, თვით კანონი ყოფილა და ნამდვილად, ფაქტიურად დღეს ამის უარყოფა არ შეიძლება.

მოსპეთ კანონი – მოისპობა დანაშაულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში – „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების”.

მაგრამ შეიძლება მკითხონ: მართალია, რომ თანამედროვე კლასობრივ საზოგადოებაში კანონი მონობაა და ძარცვა-გლეჯა-წამების განმტკიცება, როდესაც კი კლასები მოისპობა, მაში ხომ კანონი მთელ მწარმოებელ სზოგადოებას დაიცავს? მაშ როგორ შეიძლება ასე აბსოლიტურად კანონის უარყოფა? გარდა ამისა, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება უკანონოდ, ე.ი. თუ საერთო სურვილთა და მოქმედებათა გამომხატველი ნორმები არ არსებობს?

III

რა არის კანონი, რად შეიძლება იყოს კანონი არა კლასობრივ საზოგადოებაში? პასუხი ადვილია.

კანონი – კანონია, ყოველთვის, ყოველგვარ საზოგადოებაში: იგი გამოხატულებაა იმ დაწესებულებათა სულისა, რომელნიც შეადგენენ საზოგადოებრივ ორგანიაციის ტიპის განსაზღვრულ დამახასიათებელ მხარეს. მხოლოდ მიზანი შეიძლება შეიცვალოს ცალკე კანონისა, შეიძლება კანონთა რიცხვი შემცირდეს, ან გაძლიერდეს, მაგრამ ამით მისი შინაარსი არ იცვლება, – კანონი ყოველთვის რჩება სახელმწიფოებრივ ორგანიზაციის გამომხატველ ფორმულად. მაგალითად, თანამედროვე სზოგადოებაში კანონმდებლობის მიზანია უმთავრესად კერძო საკუთრების დაცვა, არა კლასობრივ საზოგადოებაში კი შეიძლება კანონი აღარ შეეხებოდეს კერძო საკუთრებას, რადგანაც კერძო საკუთრება აღარ იქნება. მაგრამ ადამიანთა შორის ათასნაირი სხვა განწყობილებაა გარდა კერძო საკუთრების განწყობილებათა. თეორიულად, კანონს შეუძლია გამოჰხატოს უმცირესი ან უმეტესი,  ნაწილი ამ განწყობილებათა, რაც ცხოვრებაში არასოდეს ხდება, – გამოჰხატოს თავისებურად, ე.ი. ძალით გაიყვანოს ცხოვრებაში არა ნამდვილი განწყობილებანი, რომელთაც ძალით გაყვანა არ სჭირდებათ, რადგანაც ბუნებრივად არსებობენ, – არამედ იმ დაწესებულებათაგან გამოსული ბრძანება მოახვიონ ხალხს თავზედ, რომელნიც აუცილებლად წინ უნდა უძღოდნენ ყოველსავე ახალი ტიპის კანონმდებლობას და რომლებიც საფუძვლად ხდებიან განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ საზოგადოებისა.

მაგალითად სოციალ-დემოკრატების კოლექტივიზმი სრული ტიპია იმგვარ საზოგადოებრივ ორგანიზაციისა, სადაც თანამედროვე ფორმა კერძო საკუთრებისა ისპობა, მაგრამ ინახება თითქმის ყველა თანამედროვე სახელმწიფო დაწესებულებანი, რომელთა სულიც უნდა ჩაედგას მომავალ კანონს.

რა არის სოციალ-დემოკრატების კოლექტივიზმი?*

____________________

*თანამედროვე სოციალ-დემოკრატების კოლექტივიზმი და ძველი ინტერნციონალის კოლექტივიზმი, რომელსაც ემხრობოდა ბაკუნინი და ესპანელი მუშები სულ სხვადასხვა რამ არის.

კოლექტივიზმი ანუ უკეთ რომ ვთქვათ სახელმწიფო კაპიტალიზმი დამყარებულია შემდეგ პრინციპზედ: თითოეულმა უნდა იმუშაოს ან იმდენი რამდენიც სურს, ან რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს და ჯილდოდ მიიღოს თავისი შრომის ღირებულება საქონლით, რომელსაც გამოიტანს სახელმწიფო ან სამაზრო მაღაზიებიდან თავის შრომის რაოდენობის კვიტანციის წარდგენის შემდეგ.

ცხადია, ამ პრინციპზედ აგებული საზოგადოება ნამდვილი სახელმწიფო ტიპია საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ლოგიკურად შეუძლებელია ამგვარ საზოგადოების წარმოდგენა, თუ სახელმწიფო დაწესებულებათა სული არ გამოიხატა კანონებში. მიუმატეთ ამას ათასნაირი სხვა განწყობილებანი, გარდა ეკონომიკურთა, რომელნიც ხალხში არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის, ყოველ საზოგადოებაში, და რომელთაც სახელმწიფო, არც ერთი სახელმწიფო თავის დღეში არ დატოვებს ბრჭყალდაუვლებლად და კანონის კალაპოტში ჩაუყენებლად – და ეს ”სოციალისტური” სახელმწიფო წარმოგიდგებათ თვალის წინ მცირე ანალიზის შემდეგ, როგორც ფერშეცვლილი სურათი თანამედროვე სოციალური წუმპისა, – სურათი თანამედროვე კაპიტალიზმ-სახელმწიფოს განუყოფლობისა და ერთარსებობისა.

წარმოების მოწყობა და მრეწველობა, მუშათა განაწილება, თუ ეს განაწილება არ მოხდა მოთხოვნისა და მიწოდების კანონით, როგორც ეს ჰგონია ვანდერველდს, – დადგენა სამუშაო ქირისა შრომის ხარისხის მიხედვით სხვადასხვა მრეწველობის დარგში, ჩეკების ფაბრიკაცია და მათი დასარიგებელი ბიუროები, ათასნაირი ამგვარი მსხვილი და წვრილი საქმე წარმოებაში, – შემდეგ გარანტია ყოველი მშრომელისათვის თავისი შრომის ღირებულების მიღებისა, თვალყურის დევნება, რომ ჩეკები არავინ მოაგროვოს, როგორც კერძო სიმდიდრე, რომ არავინ არ მოიპაროს სხვისი შრომის გამომხატველი ჩეკები და სხვა, შემდეგ დამოკიდებულება ცოლისა და ქმრისა, შვილთა და მშობელთა, აღზრდისა და სწავლა განათლების საქმე, მეცნიერებისა და ხელოვნების მრავალ დარგთა საქმე, კონფლიქტები კერძო პირთა შორის და კერძო პირთა და ”საზოგადოებას” შორის, როგორც ამბობენ იურისტები, – ეს კონფლიქტები ყოველთვის იქნება, განსაკუთრებით იმგვარ საზოგადოებაში, სადაც მმართველობაა თუ გინდ ანგელოზებისა, – ყოველი ეს სახელმწიფომ უნდა იტვირთოს თავზე და მხოლოდ მცირე ასპარეზი უნდა დაუტოვოს სამოქმედოდ თავისუფალ ჯგუფებს.

წარმოიდგინეთ, როგორი ორგანიზაცია უნდა ამგვარ საზოგადოებას, რამდენი ძალდამტანებელი დაწესებულება და მაშასადამე რამდენი კანონი, რომელთაც წარმოუდგენელია რომ ყველა დაემორჩილოს, რადგანაც ის კანონი, რომელიც ყველას გულშია აღბეჭდილი, როგორც წმინდათა წმინდა და დაურღვეველი რამ, კანონი არ არის, როგორც მაგალითად მუშაობის შემდეგ ჭამა არავის არ დაუკანონებია, – არამედ ეს უკანასკნელი ზოგადად მოთხოვნილებაა ყოველი ორგანიზმისა. აგრეთვე იმგვარი რამ, რაც მოთხოვნილებაა მთელი საზოგადოებისა და კერძოდ ინდივიდისა, თავის დღეში არ დაკანონდება, რადგან ეს მოთხოვნილება თავისთავად სრულდება ან ცდილობენ შეასრულონ უმეტეს წილად კანონის წინააღმდეგ.

კანონი წარმოუდგენელია თუ მორჩილნი არ არიან საზოგადოებაში, ან არამორჩილნი. იურისტები მართლას ამბობენ ამიტომ, – კნონის ხასიათი მისი დარღვევის დასჯით დახასიათდებაო.

მაშ მორჩილება და ურჩობა და ამ უკანასკნელთა მიერ გამოწვეული დასჯა დაახასიათებს კანონს მომავალ საზოგადოებაშიაც, რომელიც სახელმწიფო გეგმაზედ იქნება აშენებული, როგორ გვეუბნებიან კლასთა მომსპობი სოციალ-დემოკრატები.

მაგრამ კანონის შემდგენელნი კანონმდებლები არიან, სულ ერთია, კაპიტალისტურ საზოგადოებაში თუ სოციალისტურ სახელმწიფოში. უმთავრობო საზოგადოება კი ხომ არა სწამთ სოციალ-დემოკრატებს? და თუ უმთავრობო სწამთ და უსახელმწიფოც მაშინ ხომ სოციალ-დემოკრატები არ იქნებიან! თუ გინდ ეს კანონმდებლები აირჩიონ საუკეთესო საარჩევნო თეორიის მიხედვით, საქმე არ იცვლება. კანონმდებელთა დაწესებულება თანამედროვე საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი მუქთახორათა, რომელიც რჩება მომავალ საზოგადოებაში. კანონმდებელი კანონებს გამოსცემს ყველა ზემოთხსენებულ საზოგადო საქმეთა მოსაგვარებლად და მოსაწესრიგებლად და რადგანაც ამ კანონთ აღსრულება ჭირდება, რომ თავისი შინაარსი არ დაჰკარგოს, საჭიროა აღმასრულებელი ძალა, ე.ი. მინისტრები, ათასნაირი ადმინისტრატორი, ჟანდარმები და ჯაშუშები, შეიძლება მილიციაც, თუკი უკმაყოფილოთა რიცხვი ძალიან დიდი იქნება. ეს მეორე ჯგუფი მუქთახორათა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას ანადგურებს. კანონის დამრღვევთ ხომ გასამართლება და დასჯა უნდა, რომ კანონმა აგრეთვე ძალა არ დაჰკარგოს და შინაარსი. ამისთვის კი საჭიროა მსაჯულ-ადვოკატები, საპყრობილეები, ციხის ბადრაგი და სხვ. ეს მესამე ჯგუფი მუქთახორათა, რომელიც ასევე თანამედროვე საზოგადოების გამათახსირებელია და ასე დაუსრულებლივ, მთელი დაწესებულებანი თანამედროვე საზოგადოებისა საკანონმდებლო ორგანოდან დაწყებული პოლიციის პრეფექტურამდე და საპყრობილემდე, მთელი თავისი ჯოჯოხეთური ბიუროკრატიული სიბნელითა და პოლიციური ძალმომრეობით აღსდგებიან არა კლასობრივ საზოგადოებაში, სადაც კანონი გამოჰხატავს აგრეთვე იმ დაწესებულებათ სულს, რომელთაც სახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს ე.ი. მართვისა და ძალდატანების ორგანიზაციის ხასიათი.

მაგრამ გვეუბნებიან, აქ საქმე უმრავლესობის ინტერესთა დაცვაა და არა კერძო პირთა კაპრიზიო. ეს არის ჩვენი მომავალი სახელმწიფოს ფუნქცია და ამიტომ გვინდა მთავრობაც და მისგან შექმნილი კანონიცო. მაგრამ რა არის უმრავლესობა და უმცირესობა?

1) ეს ცნებანი ერთობ და მომეტებულად შედარებითი ცნებანი არიან. მაგალითად, შეიძლება ხალხის უმრავლესობა ერთი ათასით იყოს მეტი უმცირესობაზე, შეიძლება 30 000 000 ადამიანში 15 მილიონახევარი ან თუ გინდ 16 მილიონი შეადგენდეს უმეტესობას და დანარჩენი 14-ნახევარი მილიონი ან 14 მილიონი კი უმცირესობას. რა უნდა ვთქვათ, მაშასადამე იმ კანონზედ, რომელიც მთელი თოთხმეტი მილიონის წინააღმდეგია და ვერ აკმაყოფილებს მას?

გარდა ამისა, წარმოიდგინეთ სიძლიერე იმ მაიძულებელი ორგანიზაციისა, რომელსაც კანონი ამ უმცირესობის წინააღმდეგ და უმრავლესობის სასარგებლოდ ძალით გაჰყავს ცხოვრებაში? წარმოიდგინეთ აგრეთვე, რომ 14 მილიონი ადამიანი სულ შეგნებულია, რაც აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ სოციალისტურ სახელმწიფოში და არ უთმობს არაფერს არც კანონს, არც უმრავლესობას, მუდამ ჯანყდება კანონის და უმრავლესობის წინააღმდეგ, მუდამ ახდენს რევოლუციას და მაშინ გაიგებთ, თუ როგორი ჯარი, როგორი პოლიცია, ძალმომრეობა და რეპრესიები დაჭირდება მომავალ კანონს ამ მრავალი მილიონი შეგნებული უმცირესობის ასალაგმავად.

2) წარმოვიდგინოთ, რომ მომვალი სახელმწიფოს მომხრენი აღიარებენ უმცირესობა-უმრავლესობის პრინციპს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმცირესობას აქვს ძლიერ ახლო ზღვარი ნულთან, ე.ი. იგი უდრის მთელი ხალხის ორ მემილიონედს და ასე ძლიერ ცოტას, უმეტესობის ზღვარი კი თითქმის მთელი ხალხია. მაშინ თვით პრინციპი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ორგანიზაციისა ირღვევა, რადგანაც ა) თუ უმეტესობა უდრის მთელს და უმცირესობა ნულს, მაშინ ხალხის ორგანიზაცია ისეთი ყოფილა, რომ ორგანულად გამოდიან გადაწყვეტილებები თვით ხალხთა მასიდან უმთავრობოთ და წარმომადგენლების გარეშე, რადგანაც შეუძლებელია რამდენიმე წარმომადგენელმა აბსოლიტურად გამოხატოს ყველა ინდივიდთა ერთი და იგივე აზრი და მისწრაფება. გარდა ამისა თვით ეს ფორმულა აბსურდია, რადგანაც თავისთავად ყოვლად შეუძლებელია 30 000 000 ადამიანმა ერთი რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს ყოველთვის ისე, რომ ყველა ერთმანეთის თანახმა იყოს ყველა საკითხში. მართალია, რომ ჰკითხოთ, ყოველი ადამიანი გეტყვით რომ ჭამა საჭიროა, მაგრამ სწორედ ეს აზრი, თუ გინდ მილიარდი ადამიანისა, არ ჩაითვლება კანონად, არ ჩაითვლება კანონად აგრეთვე არც ერთი აზრი ან გადაწყვეტილება ხალხისა, რომელზედაც ყველა ყოველთვის თანახმაა, ე.ი. როდესაც უმცირესობა უდრის ნულს. ბ) თუ უმრავლესობა უდრის თითქმის მთელს და უმცირესობა ძალიან ცოტაა, მაშინ უნდა ვიანგარიშოთ მოძრაობა ამ მცირისა, რომელიც უკან მსვლელობით მიისწრაფვის ნულისაკენ, წინსვლით კი მთელის ნახევარისკენ, რაც პირველ შემთხვევაში გამოიწვევს თვით კანონის გაუქმებას, ანუ 30 მილიონის მიერ ყველა საკითხის ერთხმად გადაწყვეტას ე.ი. აბსურდს, მეორე შემთხვევაში კი საშინელ დესპოტურსა და მონურ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, კანონზედ დამყარებულს. გ) თუ უმცირესობა არც ძალიან მცირეა და მთელის ნახევარზე კი ძალიან ნაკლები, მაშინ პირდაპირი შედეგი ამისა კანონის უარყოფა იქნება, რადგანაც საზოგადოებისათვის უფრო ხელსაყრელია ამ, თუ გინდ მავნე უმცირესობის ყოლა საზოგადოებაში, ან მათი მოვლა ათასნაირი ადამიანური საშუალებით, რადგანაც მომავალში უკეთ ეცოდინებათ მიზეზები ადამიანის ”სიცუდისა”, ვიდრე მათ დასასჯელად შექმნა ათასნაირი მხეცურ და მონურ დაწესებულებათა.

ზოგადად, შეგვიძლია განვიხილოთ ცალკე მომენტები უმცირესობის მოძრაობისა ნულიდან მთელის ნახევრამდე და ყოველთვის ვნახავთ, რომ ან კანონის უარყოფა გამოდის ან საშინელი მონობა და დესპოტიზმი, ან კიდევ საშინელი აბსურდი, რაც ნათლად გვიჩვენებს თვით უმრავლესობა-უმცირესობის პრინციპის აბსურდულობას.

3) უმცირესობა-უმრავლესობის პრინციპი თავისთავად არის აბსურდი და მავნებელი, რადგანაც ადვილი შესაძლებელია ძალიან ბევრ საკითხში უმცირესობა, ან რამდენიმე ერთეული უფრო გონიერი, მცოდნე და ჭკვიანი იყოს, ვიდრე უმრავლესობა. მთელი ისტორია ამტკიცებს რომ ეს მართლაც ასე ყოფილა ხოლმე. რევოლუციებს, მეცნიერებას, გამოგონებათა და ადამიანის მრავალგვარ შემოქმედებას ჰყავს თავისი მოწამენი, თავისი უმცირესობა, დასჯილი უმრავლესობისაგან, ანუ მათ ეგრედ წოდებულ ”წარმომადგენელთაგან”. მათი ცხოვრება – ისტორიის საუკეთესო ფურცლებია, და მომავალ საზოგადოებაში უმცირესობა რომ დაიჩაგროს მაშინ სულ უნდა შეჩერდეს მთელი წინსვლა კაცობრიობისა, შეჩერდება რა მისი ინიციატივა და თავისუფლი შემოქმედება.

4) ჩვენ ვთქვით, რომ თეორიულად უმცირესობის საზღვრები შეიძლება იყოს ნული და მთელის ნახევარი, პრაქტიკულად კი უმცირესობა ყოველთვის დიდ მასას შეადგენს, რომლის დასამონებლად შეიქმნა ძლიერი დესპოტური სახელმწიფო და რამდენადაც უფრო შეგნებულია ეს უმცირესობა, იმდენად უფრო სასტიკი იქმნება კანონი, თუ გინდ დღეში ასჯერ შეცვალონ მთავრობის პერსონალი.

5) შესაძლებელია უმცირესობის ან უმრავლესობის გამონახვა და განსაზღვრა რომელიმე საზოგადოებაში? ჰმ, არ ვიცი როგორ აზროვნებენ ამის შესახებ დემოკრატები, რომელთათვის უმრავლესობა თაყვანსაცემ კერპად გადაქცეულა, მაგრამ ჩემთვის ამგვარი გამოცანის გამოცნობის ცდაც კი აბსურდია. როგორი უმრავლესობა ან უმცირესობა? როგორ პირობებში, როგორ მომენტში, რომელ კითხვებში, როგორ გუნებაზედ მყოფ ხალხთა შორის? რომელი ერთი უმცრესობა ან უმრავლესობა უნდა ვეძებოთ? როგორ უნდა შევადგინოთ თანასწორობა, ან თუ შევადგინეთ, როგორ უნდა გავარკვიოთ იგი, როდესაც მხოლოდ ერთ თანასწოროებას შევადგენთ და მეტს ვერა, ათასი გამოურკვეველი რაოდენეობით სავსეს, რომელთა შემწეობითაც უნდა გამოვარკვიოთ უმცირესობა, ან უმრავლესობა – ესეც თვით გამოურკვეველი რაოდენება? დიახ, უმცირესობის ან უმრავლესობის ნახვა და განსაზღვრა საზოგადოებაში, ეს ერთი თანასწორობაა ათასი გამოურკვეველი რაოდენობით, ერთი გამოურკვეველი რაოდენობის გამოსარკვევად, ე.ი. აბსურდის.

მაგრამ დემოკრატები ამას არ დასდევენ. მათ აქვთ ერთი ტლლანქი და აბსურდული წესი ამ გამოცანის გარკვევისა. ეს არის არჩევნები, რომლის შემდეგადაც დეპუტატები ადგენენ საკანონმდებლო კრებას, მიითვისებენ რა ხალხთა შორის მრავალფეროვან განწყობილებათა მოწესრიგების პრივილეგიას დიდი პრეტენზიებით.

ამ ამორჩეულთ ჰქვიათ ხახლის წარმომადგენლბი. ვის წინაშე? როდესაც მეფის წინაშე არიან ხალხის წარმომადგენელნი, ე.ი. საღვთო უფლების დროს, ამ სახელწოდებას აქვს კიდევ აზრი და შინაარსი (იხ. ლევერდეს წიგნი პარლამენტარიზმის შესახებ). მაგრამ რესპუბლიკაში, ან მომავალ სოციალისტურ სახელმწიფოში? ისინი ხალხის წარმომადგენლები არიან ხალხის წინაშე? მაგრამ თვითონ ჰქმნიან ესენი კანონებს და თვით არიან წარმომადგენელნი ერთმანეთის წინაშე? ეს კიდევ უარესი აბსურდია, რადგანაც ერთმანეთის წინ წარსადგომად ხალხი არც რესპუბლიკაში და მეტადრე სოციალისტურ სახელმწიფოში დეპუტატებს არ აირჩევს.

არავინ იფიქროს, რომ ეს სიტყვს კილოს გამობმა იყოს. ამას თავისი აზრი აქვს. მართლაც, საღვთო უფლების დროს, მაგალითად ინგლისში, ხალხი მართლა აგზავნიდა თავის წარმომადგენლებს მეფის წინაშე სხვადასხვა საქმეთა მოსაგვარებლად, სათხოვნელად და სხვა. აქედან წარმოსდგა თანამედროვე ინგლისის, მეფისაგან თავისუფალი პარლამენტი. მაშინ იყო თვით ხლხზედ უფროსი ძალა – საღვთო უფლება. ეს ძალა რეალურად არსებობდა და მის წინაშე წარსდგებოდნენ ხოლმე მონა ხალხის წარმომადგენელნი. ეხლა კი რესპუბლიკებში ან მომავალ სოციალისტურ სახელმწიფოში, სადაც ხალხი სუვერენია ან იქნება სუვერენი, რას ნიშნავს ამ სუვერენის წარმომადგენელი? სრულიად არაფერს, გარდა ძველი მონობის ახალი ფერით შეღებვისა, არაფერს გარდა იმისა, რომ ხალხი სრულიადაც არ შეიძლება იყოს სუვერენი არავითარ სახელმწიფოში, არც ბურჟუაზიულში და არც სოციალისტურში, თორემ მას წარმომადგენელიც აღარ დასჭირდებოდა…

მაგრამ მაინც დავანებოთ ამას თავი. ვთქვათ, რომ ხეირიანია ეს სახელწოდება ”წარმომადგენელისა”. დემოკრატები ხომ ამბობენ, ეს არის წარმოდგენა მხოლოდ ხალხის ”ინტერესთაო”. მაგრამ ვიკითხოთ, შესაძლებელია ინტერესთა წარმომადგენლობა? დემოკრატებს რომ ჰკითხოთ, რასაკვირველია შესაძლებელია, მაშ რა ჯანდაბაა? როცა არჩევნების დროს ხალხი კენჭს უყრის ხოლმე კანდიდატებსა და ამორჩეული დეპუტატები პარლამენტში მიდიან ამ ინტერესთა დასაცავად (ვის წინაშე?) კითხვა ასე ტლანქად კი არ წყდება, უბრალო არ არის არჩევნების შინაარსი, მაგრამ არც ისეთი, როგორც ეს დემოკრატებს ჰგონიათ.

წარმოვიდგინოთ, რომ ხალხის მიერ არჩეული პირები მართლა არიან წარმომადგენლები და გამომხატველები ხალხის ნებისა და ინტერესისა. მაშინ გამოდის, რომ ჯამი ხალხის შემადგენელ ინდივიდთა ნებისა, ინტერესთა და მისწრაფებათა უდრის ან ეთანხმება მათ წარმომადგენელთა ნებას, ინტერესებსა და მისწრაფებებს. მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე კაცს შეუძლია გაიგოს სულისკვეთება და იდეალი ყოველ თავის ამომრჩევლისა, რიცხვი კი ამ უკანასკნელთა მილიონობით არის ყოველ სახელმწიფოში, რიცხვი დეპუტატთა კი ძალიან მცირეა, რადგანაც ძალიან დიდი რიცხვი აფერხებს ტექნიკურად კანონმდებლობის საქმეს. მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არჩეული პირი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემოქმედი და გამომხატველი მთელი საზოგადოების ნიჭისა, მთელი მისი ჰორიზონტები მას გათვალისწინებული აქვს წინდაწინ და შესაფერის კანონს ღებულობს მომავალი მოქმედებისათვის; მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ კაცს შეუძლია თითქმის ყველა განწყობილებანი ადამიანთა შორის გაითვალისწნოს, სისტემაში მოიყვანოს და თანახმად ამ სისტემისა მოაწესრიგოს იგი, და სხვა ბევრი რამ ამგვარი აბსურდული რამ არის საჭირო იმისათვის, რომ ამორჩეული პირი ნამდვილი წარმომადგენელი და გამომხატველი იყოს მთელი სოციალური არსებისა. მაშინ მთავრობა და ხალხი უნდა შევადაროთ სამკუთხედის ფუძესა და მის პარალელურად გაყვანილ ხაზებს. თუმცა ყოველი პარალელური ხაზი ფუძისა, გაყვანილი სამკუთხედის შიგნით, ნაკლებია სიგრძით ფუძეზე, მაგრამ როგორც ეს ფუძე, ისე მისი პარლელური და მასზედ ნაკლები ხაზები შეესაბამებიან იმ კუთხის გრადუსთა რაოდენობას, რომლის წინააღმდეგადაც ფუძე და პარალელური ხაზები არიან გაყვანილნი. ხალხი ვითომ სამკუთხედის ფუძეა, უმცირესი პარალელური ხაზი, მაგალითად ხალხზედ რიცხვით ნაკლები მთავრობა. გრადუსთა რაოდენობა სამკუთხედის მახვილი კუთხისა,  – ”ინტერესები”, რომელიც ერთია მთავრობისათვის და ხალხისათვისაც!

საზოგადოებაში კი ასე არ არის. მთვარობა თავის დღეში არ შეესაბამება ხალხს, როგორც მისი ინტერესები ხალხის ინტერესებს არ შეესაბამება, ამიტომაც იგი ვერ გამოჰხატავს ხალხს. ადამიანები ხაზები არ არიან, მათი გრძნობები, მათი მისწრაფებები, მათი მრავალგვარი ინტერესები, მათი იდეალი, მათი აზრი, მათი მთელი არსება იმგვარი ჯამია ერთად, იმგავრი მოძრავი რამ, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ნაწილი თავის არსებისა გადააბას და შეუერთოს სხვისი არსების აგრეთვე ერთ, შეიძლება უმცირეს ნაწილს და წესი ამ შეერთებისა მუდამ იცვლება, შეიძლება ყოველდღიურობით, თვეობითა და წლობით, იმისდა მიხედვით, თუ რა ნაწილები უერთდებიან ერთმანეთს ადამიანთა არსებისა, – შეიძლება აგრეთვე საუკუნეებითაც იცვლებოდეს ზოგიერთი წესები ადამიანთა არსთა კოორდინაციისა, მაგრამ მთელი მათი არსების შეერთებისა და საერთო მოქმდების მოწესრიგების პრეტენზია თვით ამ ადამიანთა მასისგან რამდენიმე ამორჩეულ პირთა მიერ, რომლებიც თავის დღეში ვერ გამოჰხატავენ ამ საერთო ნებათ, სურვილთა და მისწრაფებათ, ყოვლად შეუძლებელი და აბსურდი რამ არის. ამიტომაც არის, რომ ყოველი მთავრობა ადამიანთა მხოლოდ უმცირეს რიცხვს შორის განწყობილებათ აწესრიგებს კანონით და ამ უმცირესი რიცხვის მოწესრიგება კანონით გვიხუთავს სულს, გვართმევს თავისუფლებას ე.ი. გვიფარგლავს მოძრაობის წრფესა და გვიკრძალავს მრავალგვარი მოძრაობის ტრაექტორიას. დღეს შეიძლება ჩვენს შორის განწყობილებათა უმცირესი პროცენტიც არ იყოს სახელმწიფოს მიერ ბრჭყალჩაკიდებული და ესეც გვეჩვენება მონობად, ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, რევოლუციათა ცეცხლში ვვარდებით. დანარჩენი, უმეტესი ნაწილი განწყობილებათა კი არსებობს თავისუფლად, ანარქიულად კაცთა შორის და როგორი მონობა იქნებოდა, რომ ყველა ჩვენი განწყობილებანი კანონით იყოს განსაზღვრული! ეს იქნებოდა იდეალური მონობა.

ამიტომაც არის აგრეთვე, რომ რაც უფრო დესპოტურია სახელმწიფო, მით უფრო დიდია რიცხვი კანონთა და ბრძანებათა და ადამიანთა განმანთავისუფლებელ ბრძოლაში საუკეთესო დადგენილ კანონთაგანი არიან კანონები, რომელთაც მოსპეს ძველი დესპოტური კანონები. საზიზღრობის მოსპობაც დიად შედეგებად მოგვეჩვენება ხოლმე მონობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს!..

მიუხედავად ყოველივე ამისა, არჩეულ პირებს მაინც აქვთ პრეტენზია ხალხის სულისა და გულისა, ხალხის ნებათა და მისწრაფებათა, ხალხის ინტერესთა გამოხატვისა და სწორედ რადგანაც ეს შეუძლებელია, სწორედ ამიტომ იხატება ეს მათი პრეტენზია ასე ტლანქად, ასე აბსურდულად კანონმდებლობაში, რომელიც წარმოუდგენელია ძალდაუტანებლად.

ამორჩეულნი არ არიან მაშასადამე არც წარმომადგენელნი, არც დამცველნი ხალხის ინტერესთა, არც გამომხატველნი მისი საერთო ნებისა და სურვილისა, არამედ კანონმდებლები და სხვა არაფერი!

აქ არის ძირი უმცირესობისა და უმრავლესობის პრინციპის ნამდვილი უნიადაგობისა და პირდაპირი უარყოფისა.

მთელი ხალხის შეკრება ყოველდღე, ყოველშემთხვევაში შეუძლებელია, მის მაგიერ კანონმდებელი წყვეტს მრავალ კითხვას და ეს კანონმდებელი კი მისი არც გამომხატველია და არც წარმომადგენელი. არჩეულთა რიცხვი კი ერთად უმცირესი ნაწილია მთელი ხალხისა, მაშასადამე დემოკრატების მიერ უმეტესობის თაყვანისცემის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ხალხის მასაზედ უსასტიკეს ბატონობას მცირე უმცირესობის მხრივ.

ხანდახან ამბობენ, რომ თუ ხალხს არ მოეწონა თავისი არჩეული პირები, გამოცვლისო, მაგრამ წელიწადში თორმეტჯერაც რომ გამოცვალო ამით საქმეს არა ეშველება რა. საქმე დროში კი არა პრინციპშია, სისტემაშია.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. კანონმდებელთა კრებაში კითხვა ყოველთვის ხმის უმრავლესობით წყდება. მაშასადამე, ხალხზედ ბატონობს კიდევ უფრო მცირე უმცირესობა, ე.ი. დეპუტატთა უმრავლესობა, ხანდახან ერთი ხმის უმეტესობითაც! და დეპუტატთა პირადი ხასიათი, მათი გუნება კანონის შემუშავების დროს, პირადი ჯიბრი კოლეგათა შორის, საკითხთა არცოდნა, რადგანაც კანონმდებლობას პრეტენზია აქვს ყოველივე მოაწესრიგოს და ყოვლისმცოდნე და მომწესრიგებელი კაცის ნახვა კი შეუძლებელია მეტატდრე დეპუტატობის მსურველთა შორის, კიდევ სხვა მრავალი პირობა ისეთ საცოდავ და აბსურდულ სურათს წარმოადგენს თვით სიციალისტურ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობასაც, რომ არა თუ უმრავლესობის ინტერესი და მისწრაფება არ იხატება მათ მიერ დადგენილ კანონებით, არამედ უნიჭოთა და უდიერთა დესპოტიზმი განხორცილდება მთელი ხალხის მასაზედ. (ამიტომაც სოციალისტური სახელმწიფო არ იქნება თავისუფალი რევოლუციისაგან.)

მაშ ვინ გაბედავს და იტყვის, რომ მთავრობას, როგორიც არ უნდა იყოს იგი, შეუძლია გამოხატვა ხალხის უმცირეობის და უმავლესობის სურვილისა, ნებისა და მისწრაფებისა? კიდევ ვიტყვით, – რასაც კანონი ჰხატავს, ეს ძალით თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა რამდენიმე პირის მიერ საზოგადოებისათვის, რომელიც მონობაში ვარდება მაშინვე, როგორც თავის ბედ-იღბალს მიანდობს თუ გინდ საუკეთესო ამორჩეულთაც, თუ გინდ სოციალისტურ საზოგადოებაშიაც.

ამგვარად ვერც უმრავლესობა-უმცირესობის პრინციპი უძლებს კრიტიკას. მასზედ დამყარებული კანონი არაფრით არ გამოირჩევა, ძველი და თანამედროვე დესპოტური კანონისაგან.

ვერც სოციალისტური სახელმწიფო შორდება მონობასა და დესპოტიზმს, თუ მომავალმა საზოგადოებამ ერთი დაწესებულება მაინც დაიტოვა თანამედროვე სახელმწიფო ორგანიზაციისა, რომლის სულიც არის კანონი, მაშასადამე იქნება ძალდატანება.

თუ გინდ კოლექტივისტურ სახელმწიფო სოციალიზმსაც, სადაც დაქირავებული შრომა და თითქმის კერძო საკუთრებაც რჩება, მხოლოდ შეცვლილი ფორმით და ამიტომ იწვევს აუცილებლად სახელმწიფო ორგანიზაციას საზოგადოებაში, – აიღეთ რომელიც გინდათ საზოგადოება, განთავისუფლებული ყოველივე ეკოომიკური მონობისაგან, მაგრამ მხოლოდ ერთი, უმცირესი დაწესებულება დატოვეთ თანამედროვე სახელმწიფოსი, დატოვეთ მცირე ნარჩენი სახელმწიფო ორგანიზაციის პრინციპისა, დაუტოვეთ სრულიად უმცირესი ასპარეზიც იერარქიულ მმართველობასა და კანონმდებლობას, – და მცირე ანალიზიც კი მიგიყვანთ იმ დასკვნამდე, რომ კანონი აუცილებლად დესპოტიზმის სულად უნდა გადაიქცეს, მუდამ თავს დასტრიალებდეს ბოროტი სულივით ტანჯულ ადამიანს; თქვენს წინ გადაიშლება ძალიან მალე ისევ თანამედროვე მონობის სურათი და იტყვით: სანამ იმისთანა ანტისოციალური მოვლენა, როგორც კანონმდებლობა და მმართველობა არ მოისპობა, მანამ დანაშაული და მონობა კაცობრიობის ხვედრი იქნება!..

ვინ უნდა გვმართოს? ისევ ადამიანებმა, მათ უნდა დაგვიწერონ წესები ჩვენი მოქმედებისა, მათ უნდა განგვსაჯონ, – მათ, რომელთაც მხოლოდ არჩევით მიეცათ ეს უფლება, ამ აბსურდული და ტლანქი საშუალებით, მაშინ როდესაც შეიძლება მათგან განსჯილი და მოწესრიგებული მოქმედება ადაიანისა ბევრად მაღლა იდგეს და უფრო ზნეობრივი იყოს, ვიდრე მათი საკუთარი, ბატონ კანონმდებელთა და მსაჯულთა ზნეობა და მოქმედება! ამითი აიხსნება, ვიმეორებთ ის საშინელი, სასტიკი ბრძოლა, რომელიც არსებობს ხალხთა და მთავრობათა შორის, როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოება, თუ ამ უკანასკნელს მთავრობა და კანონი მართავს.

მარტო ამ კანონმდებლობისათვის და განსჯისათვის დგანან ისინი ყოველ დამნაშავეზედ უფრო დაბლა, სხვა მხრივ წმინდანებიც რომ იყვნენ!

მართალი იყო ბრძენი სოკრატე, როდესაც ეუბნებოდა, აღარ მახსოვს რომელ ათენელ კეთილშობილს, რომელსაც ქვეყნის მართვა მოესურვებინა: შენ რომ შენი ცოლი ვერ შეგიკავებია და შენი მამულისათვის ვერ მოგივლია, ერთი მითხარი, როგორ უნდა უპატრონო და მოუარო მთელ ქვეყანასაო?

ეხლა კი ბევრს რცხვენია ბრძენის ამ სიტყვების, როგორც შერცხვა იმ ათენელს, ოდეს ისმინა იგინი სოკრატესაგან? არა გვგონია! * მაგრამ მკითხავენ, მაშ რაა საზოგადოებრიობა თუ არა კანონი? – სულ სხვა რამ. საზოგადოებრიობა კანონი არ არის, იგი მისი წინააღმდეგია, არა თუ იგივე ცნება, რაც კანონი.

______________________
* განსაკუთრებით ჩვენში, ყოველი ჟულიკი, რომელსაც ათ შაურს ვერ ანდობ ორ ნაბიჯზედ, ყოველი უნიჭო და უვიცი მიისწრაფის დეპუტატობისაკენ, ხალხის სამართავად, რაღაი ეღირსათ და პარლამენტი იქნა მოწვეული! – ჰოი სირცხვილო, სადღა არის შენი სიწითლე!.. ქართველ ხალხსაც რომ ბედი ჰქონია ამისთანა ”წარმომადგენლების” მოძებნაში, როგორც ჩვენშია.

IV

კანონისა და საზოგადოებრიობის შედარება ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც ისინი არიან ორი ცნება, რომელთაც არავითარი საერთო საზომი არა აქვთ. საზოგადოებრიობა ხანგრძლივი საერთო ცხოვრების მიერ შემუშავებული წესია მრავალ ინდივიდთა ბუნებრივ დამოკიდებულებათა შორის, მათ ჩვეულებათა, მათ ენერგიათა შეერთების მრავალფეროვან გამოხატულებათა. კანონი კი ერთი გაბატონებული კლასის დესპოტიზმის გამომხატველია. საზოგადოებრიობა წარმოუდგენელი მანძილით არის დაშორებული კანონს. პირველის დასაბამის დრო გამოურკვეველია, კანონი კი ისტორიულად ახალი მოვლენაა საზოგადოებრიობასთან შედარებით, ძირი კი მათი წარმოშობისა სრულიად სხვადასხვაა. პირველის წარმოშობა სრულიად გადის ისტორიის და ადამიანის ცხოვრების დროდან, მეორე პირველთან შედარებით სრულიად ახალი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებისა, ისიც არანორმალური ცხოვრებისა.

კანონი მხოლოდ ერთი მომენტია ”საზოგადოებრიობისა”, მაგრამ უსაზიზღრესი მომენტი, როელსაც არავითარი საერთო არა აქვს რა ნამდვილ საზოგადოებასთან და მისი სრული წინააღმდეგია. ამიტომაც არ შეიძლება აგრეთვე მათი დაპირდაპირება როგორც ნაწილისა და ერთი მთელისა. მათი დაპირდაპირება ისეთივე აბსურდია, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისა, თუმცა ძალიან ბევრი ცდილობს ეს ორი უკანასკნელი ცნება პირდაპირ იდენტური გახადოს.

პრინციპი კი საზოგადოებრიობისა და კანონისა სრული წინააღმდეგნი არიან ერთმანეთის და ერთმანეთს გამორიცხავენ. თვით საზოგადოება არ არის მექანიკურად შეერთებული ჯამი პიროვნებათა, რომელთაც კანონის მუხრუჭი აქვთ მოჭერილი და მხოლოდ მექანიკურად არიან ერთმანეთზე მიწებებულნი იმგვარად, რომ თუ ეს მუხრუჭი მოუშვით, მაშინვე დაიშლება ყოველგვარი განწყობილება ამ პიროვნებათა შორის, დაიწყება ურთიერთგლეჯვა, თავპირის მტვრევა და სისხლის სმა. იგლლისელ ფილოსოფოსს ჰობსს ადამიანის ბუნება ძირითადად ეგონა რაღაც საძაგელი და ანტისოციალური რამ, ადამიანის საზოგადოება კი, მისი აზრით შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირობით, თუ მთელი მასა ხალხისა ერთ დიდ ჯოგს, და ისიც მხეცთა ჯოგს წარმოადგენდა, მას ზემოთ კი უსათუოდ უნდა ყოფილიყო ტლანქი ფიზიკური ძალა, რომელსაც უნდა ემართა და მოეწესრიგებინა მთელი ცხოვრება ამ საშინელ მხეცთა საზოგადოებისა. ეს იყო ჰობსის რწმენა, დამყარებული მისი დროის, XVII საუკუნის უმეცრებაზედ, ვიდრე მის პირად გამოკვლევაზედ და ამითი აიხსნება მისი განუსაზღვრელი თაყვანისცემა დესპოტიზმისადმი და მთავრობათა სისასტიკისადმი, რამაც დიდ მეცნიერ ჰაქსლისაც კი შეუშალა ხელი სიწმინდით და ფართოდ გაეგო მთელი ღრმა ფილოსოფია დარვინის ”არსებობისათვის ბრძოლისა”.

ძალიან ღრმა, უძველესი და საყოველთაო მოვლენაა საზოგადოებრიობა. თანაც კვლევა-ძიებას მისი წარმოშობისას და მისი განვითარებისას შედარებით ახლა შეუდგნენ მეცნიერები. სოციოლოგია ჯერ არ არის დამყარებული ”საერთო კანონებზედ”, მას ჰყავს თავისი ერუდიტები, მას ჰყავს თუ გნებავთ თავისი გალილეოები, კოპერნიკები და შეიძლება კეპლერებიც, ნიუტონი კი ჯერ არ გამოსჩენია, და ეს არის მიზეზი, რომ დღეს სოციალურ მოვლენებზედ ასე გაბედულად ლაპარაკობს მრავალი უმეცარი და დილეტანტი, მაგრამ რაც ცნობილია თანამედროვე მეცნიერების მიერ, ისიც სრულიად საკმარისია, რომ უმეცარი ადამიანის გულიდანაც აღმოიფხვრას კანონის კერპის სიყვარული, თუ წარსულისა და აწმყოს ფაქტების ყურადღების მიქცევის სურვილი ექნება და არ იტყვის ტვინ-გაკაჟებული დოგმატიკოსივით : “credo quia absurdum”.

პირველი, უძლიერესი და თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთი საზოგადოებრიობისა და კანონის განსხვავებისათვის, აგრეთვე უკანონოდ ცხოვრების სრული შესაძლებლობისა, არის ის ფაქტი, რომ ადამიანთა საზოგადოებამ და მასზედ წინათ მრავალ ცხოველთა საზოგადოებამ კანონი არ იცოდა, კანონზედ წარმოდგენაც არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ადამიანთა საზოგადოებაში ისე მარტივიც არ იყო, როგორც ეს ბევრ იაფფასიან სოციოლოგებს ჰგონიათ.

საზოგადოება ისეთი უნივერსალური მოვლენაა, რომ ლანესანის სიტყვებით, მაგალითად, თვით არაორგანული ობიექტებიც ადგენენ მრავალგვარ ასოციაციებს არსებობისათვის ბრძოლაში. პიტალო კლდეებიდან დაწყებული თვით გონიერ ადამიანამდე ამ ურთიერთ ძალთა შეერთების წყალობით არსებობენ მრავალგვარი და მრავალფეროვანი ინდივიდები ქვეყანაზედ, ამ ორიგინალური მოაზროვნეს წარმოდგენით. აგრეთვე თუ გავსინჯავთ სხვა მეცნიერთა შეხედულებას, თითქმის ყველანი მივიდნენ იმ დასკვნამდის, რომ დაწყებული თვით კოსმოსის უზარმაზარ სხეულთა კრებულიდან ცხოველი შემადგენელ ცოცხალ უჯრედებამდე და ნივთიერების კიდევ უფრო პატარა და მარტივ ნაწილაკებამდე – ყოველივე ასოციაციაა ერთმანეთთან განწყობილებათა მქონე ნაწილთა, რომელთაგანაც თითოეული დამოუკიდებელია მეორისაგან, არ ექვემდებარება მას, როგორც უმცროსი უფროსს. ამგვარად ის ცრურწმენაც, თითქოს მზე იყოს მთავარი და გამგე სხვა პლანეტათა ეს რწმუნებაც გაქრა და თანამედროვე მეცნიერებაში საჭირო აღარ არის ქებათა-ქება ვუგალობოთ უზენაეს გეომეტრს, რომელმაც შექმნა იდეალური წესრიგი და ერთ დიდ ბრწყინვალე სხეულს, მზეს, სხვა უფრო პატარა სხეულნი დაუმორჩილა. განვიხილავთ რა სხვა მრავალ სხეულს, სხვა მრავალგვარ იდივიდთა, განსაკუთრებით სიცოცხლის მოვლენას, თვალწინ წარმოგვიდგება ერთი დიადი მოვლენა ინდივიდთა ენერგიების აუცილებელი და თავისუფალი შეერთებისა; ეს მოვლენა უნივერსალურია, მას არა აქვს აგრეთვე არავითარი წინასწარ განსაზღვრული მიზანი; ტელეოლოგიური ელემენტი არ შედის და არც შეიძლება შევიდეს ამ უნივერსალური მოვლენის ახსნაში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავარკვიოთ წესი, პრინციპი ამ მრავალფეროვან მოვლენათა ერთმანეთთან მგავსებისა, რომელიც არის შემდეგი: ყოველი მოძრაობა ხდება ნაკლები დაბრკოლებისაკენ ანუ მინიმუმი ენერგიის ხარჯვისა და მაქსიმუმი მუშაობისა; ანუ ცხოველთა და გასაკუთრებით ადამიანთა საზოგადოებათა შესახებ ეს პრინციპი გამოიხატება შემდეგნაირად: მინიმუმი ინდივიდუალური ენერგიის ხარჯვისა და მაქსიმუმი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის; ანუ ძალთა ეკონომია – აი რა უდევს საფუძვლად ყოველნაირ ასოციაციას. ადამიანის ძალთა ეკონომია კერძოდ, აი რა არის თვით ესენცია ადამიანთა საზოგადოებისა – აუცილებლობა, რომელიც არა შლის საზოგადოებას, არამედ  მის მუდმივ მოძრაობაში მუდმივ ტენდენციას შეადგენს*.

___________________________

* დღევანდელი მეცნიერება იმგვარად არის გაჟღენთილი საუკუნეთა მიერ შემუშავებული ანთროპომორფული ტერმინებით, ჩვენ ისეთნაირად ვართ მიჩვეული ამ ენაზე ლაპარაკს, რომ ყოვლადშეუძლებელია, რაც არ უნდა წმინდა მეცნიერულ ენაზე ვილაპარაკოთ, ეს მეტაფიზიკური, ანთროპომორფული, ტელეოლოგიური ტერმინები არ ვიხმაროთ: ტენდენცია, შეგუება, ეკონომია და სხვა, თითქოს ბუნებას, როგორც ადამიანს (ისიც ჩვენი წარმოდგენით), ჰქონდეს რომელიმე წინასწარ განსაზღვრული მიზანი ან ტენდენცია ან შეგუებისა, ან ეკონომიისა. დარვინიზმმა კიდევ დიდი ასპარეზი დაუტოვა მეტაფიზიკას ბიოლოგიაში. თვით თეორია შეგუებისა და მრავალი სხვა თეორიები მეცნიერული ბიოლოგიისა მეტაფიზიკური ხასიათისაა. მხოლოდ ენერგეტიკის წინსვლას შეულია ამ ცნებათა განდევნა ბიოლოგიიდან, როგორც მან გაწმინდა თითქმის უკვე ფიზიოლოგია (იხ. დასტრი: ”სიცოცხლე და სიკვდილი”).

თვით სახეობათა გადარჩენის აუცილებლობამ წარმოშვა ასოციაციები ინდივიდთა შორის, თვით ცხოველთა გადარჩენის აუცილებლობამ წარმოშვა ცხოველთა საზოაგადოებები, თვით ადამიანთა სახის გადარჩენის აუცილებლობამ წარმოშვა აგრეთვე ადამიანთა საზოგადოება. მისი საფუძველია აგრეთვე ინდივიდუალურ ძალთა კოორდინაცია, მისი ფუნქცია – ინდივიდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, ხანგრძლივი შრომითა და ვარჯიშით შესწავლა იმ საშუალებათა, რომელთა შემწეობითაც ადამიანისა და ბუნებისაგან უნდა გამოვიდეს უმეტესი ძალები ადამიანის უმცირესი ძალის დახარჯვით, როგორც ამბობს ლუი ფავრი. ურთიერთდახმარება და არა ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყო ძირი საზოგადოების წარმოშობისა ცხოველთა და ადამიანთა შორის, ამბობს კროპოტკინი, და მართლაც ზოოლოგია მრავალი ფაქტით სრულიად ნათელჰყოფს ამ აზრს, რომელიც სხვა სიტყვებით გამეორებაა ზემოთხსენებულისა.

ერთი სიტყვით, ჟამთა სრბოლაში, ათასნაირ ძალთა მოქმედებას შეუქმნია საზოგადოება მრავალ არსთა შორის; ათასნაირ ძალთა მოქმედებას შეუქმნია ცხოველთა და ადამიანთა საზოგადოებანი; მათ ამ საზოგადოებაში შეუმუშავებიათ საზოგადოებრიობა, რომელიც სწორედ გამოიხატება ინდივიდუალურ ძალთა ეკონომიაში, მათ შეუმუშავებიათ ათასნაირი სოციალური ჩვეულებანი, ისინი შეკავშირებული არიან ათასნაირ ძალებთან, ათასნაირ პირობებთან; ადამიანი იმყოფება კოსმოსის ურთიერთგავლენის ქვეშ, იგი გადაბმულია წარსულთან მილიონი ჯაჭვებით, აწმყოში მას ათასნაირი ძალები სწევენ და ამოძრავებენ, მომავალში მისი მოძრაობა განსაზღვრულ ძალებზედ არის დამოკიდებული. ის და მისი საზოგადოებაც ინტეგრალური ნაწილია მთელი მსოფლიოსი, იგი ფუნქციაა ათასნაირ ცვალებადი მოვლენისა, ისე როგორც მისი და საზოგადოების ფუნქციაა ყოველივე ის, რაც მათი მოქმედების გავლენის ქვეშ სახეს იცვლის; იგი აქტიური და პასიური არსია ერთსა და იგივე დროს; ის და მისი საზოგადოება შედეგია ათასნაირ მოვლენათა კომბინაციისა, აგრეთვე მიზეზი ათასნაირ სხვა მოვლენათა; ის და მისი საზოგადოება ერთ გამოხატულებათაგანი არიან თვით საუკუნო ცხოვრებისა, – და არა აქვთ საერთო კანონს ადამიანის საზოგადოების არსებობასთან, – ერთ საზიზღარ და მოკლე მომენტს მის ცხოვრებაში, კანონს, რომელიც შედარებით ცოტა ხანია რაც შხამავს ცხოვრებას, რომელიც კაცის ძალმომრეობის ნაყოფი იყო და არა ძალთა ეკონომიის პრინციპის შედეგი. რა აქვს კანონს საერთო საზოგადოებრიობასთან, რომელიც თვით ადამიანზე უფრო ძველი მოვლენაა და უნივერსალური?!

ავიღოთ მაგალითად ადამიანის მოქმედების უპირველესი და აუცილებელი გამოჩენა – შრომა და წარმოება.

შეკავშირებული არიან ისტორიულად და ლოგიკურად შრომა, წარმოება და კანონი? სრულიადაც არა, მათ შორის არავითარი საერთო არ არის.

ჩვენ არც კი ვიცით შრომის წარმოშობის დრო, როგორც არ ვიცით საზოგადოების წარმოშობის დრო, ვიცით მხოლოდ, რომ უკანასკნელი უფრო ძველია პირველზედ, რადგანაც ადამიანმა, უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად, თავისი წინაპარი სოციალური ცხოველიდან მიიღო ნიჭი საზოგადოებრიობისა: საწარმოო იარაღთა შექმნა, შრომა, წარმოება, კულტურა კი ადამიანის, ამ განსაზღვული სახის ცხოველის შემონაქმედია. მიუხედავად ამისა არ ვიცით დრო შრომის წარმოშობისა, არ ვიცით არც ერთი კაცის მსგავსი ცხოველი, რომელსაც ჰქონდეს წარმოების ნიჭი და სამაგიეროდ არ ვიცით არ ერთი ეპოქა, როდესაც ადამიანს არ ჰქონოდეს ეს ნიჭი.

წარმოება, შრომა, ბუნების ძალთა გამოყენება, ინდივიდუალურ ენერგიათა შეერთება და მათი საწარმოო ხარჯვა, ყოველივე ეს მრავალი ათასი წლის განმავლობაში ინახავდა ადამიანის სახეს განადგურებისაგან, ნაყოფი იყო მისი საზოგადოებრიობის, შემონაქმედი მისი სოციალური სულისა, – თვით ბუნების ძალთა ფარგალში ტრიალისა, მოქმედებისა და ამ ძალთა გავლენის მიერ შემუშავებული წესი ადამიანის არსებობისათვის ბრძოლისა. შრომა და წარმოება საზოგადოებაში სწორედ ინდივიდის ძალთა ეკონომიის პრინციპს იცავდა და მისი უზენაესი გამოხატულება იყო და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პირველყოფილ, ბუნებრივ საზოგადოებას კომუნისტური ფორმა ჰქონდა და ეხლაც აქვს  მრავალ ველურთა და ბარბაროსთა შორის; კოუნიზმი კი საუკეთესო შესაფერისი ფორმაა ინდივიდუალურ ძალთა ეკონომიის პრინციპის განსახორციელებად, რადგან პრინციპი: თითოეულისაგან შესაძლებლობების მიხედვით და თითოეულს მოთხოვნილებათა მიხედვით, ფორმულა კომუნიზმისა, სრულიად ეთანხმება პრინციპს: მინიმუმი ძალთა ხარჯვისა, მაქსიმალური მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, ე.ი. ინდივიდუალურ ძალთა ეკონომიის ფორმულას.

კანონი კი, როგორც ვთქვით, სახელმწიფოსთან ერთად განვითარებული მოვლენაა, შედარებით გუშინდელი. სახელმწიფო, მისი ფუნქცია კანონი და ამ უკანასკნელის აღმასრულებელი სამსჯავრო ლოგიკურად და ისტორიულად ერთარსებანი და განუყოფელნი არიან, სრულიად ახალი მოვლენანი ადამიანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი წარმოიშვნენ, როდესაც კომუნიზმი დაირღვა ათასგვარ მიზეზთა გამო, როდესაც ინდივიდუალურ ძალთა კოორდინაცია აღარ ახასიათებდა საზოგადოებას და არ ასრულებდა თავის ნორმალურ ფუნქციას – ინდივიდუაურ ძალთა ეკონომიის პრინციპის დაცვას, არამედ როდესაც ერთი კლასი მეორეზედ გაბატონდა, როდესაც ერთი ჯგუფი ხარჯავდა ენერგიას და თავის დღეში ვერ ივსებდა გარეშე წრიდან დახარჯულ ენერგიას, მეორე კი მთელი სოციალური ენერგიის მუშაობის ნაყოფს ითვისებდა, ფლანგავდა და თვითონ კი არ ხარჯავდა საჭირო ენერგიას ყველა პიროვნებათა სასარგებლოდ. როდესაც, ერთი სიტყვით, საზოგადოებას შემოესია მისი გამანადგურებელი ანტისოციალური ელემენტები, სახელმწიფომ მოუყარა თავი ადამიანის წარსულის მთელ ტალახს და ამ ტალახის სიბინძურე, სიმყრალე, – დესპოტიზმი დ მონობა გამოჰხატა კანონით, რომელიც ცეცხლითა და მახვილით გაჰყავდა ცხოვრებაში ათასნაირი ძალმომრეობითი დაწესებულებათა შემწეობით და უსირცხვილოდ აღიარა, რომ მხოლოდ ეს, კანონია საზოგადოებრიობა და უამისოდ საზოგადოება დაიშლება, ინდივიდები კი ერთმანეთს დასჭამენო! და ეს კიდევ არაფერი, მეცნიერებიც და სოციალისტებიც კი ლაპარაკობენ ასეთ აბსურდს და ავრცელებენ მყრალ აზრს სახელმწიფოებრივი ცრუმორწმუნოებისას!

რა აქვთ საერთო, მაშასადამე მთელი კაცობრიობის ორგანული განვითარების ნაყოფს – საზოგადო შრომას, წარმოებას, რაციონალურ საწარმოო ორგანიზაციას და კანონს, რომელიც პირდაპირ უარყოფაა საზოგადოებრიობის პრინციპისა, მაშასადამე კომუნიზმისა და წარმოების თავისუფალი და კომუნისტური მოწყობისა და პირდაპირი ნაყოფია სწორედ იმ ძალთა მოქმედებისა, რომლებიც ხელს უშლიდნენ საზოგადოებას, რაც შეიძლება მეტი სიწმინდით აღესრულებინა თავისი ნორმალური ფუნქცია; კანონს, რომელიც ძალიან შეზღუდულია დროში და წუთიერ მომენტს წარმოადგენს ადამიანთა განუზომელი წარსულისა და მომავლის ცხოვრებაში? კანონის მოსპობა არა თუ ხელს შეუწყობს წარმოებითი საზოგადოების დაშლას, არამედ პირდაპირ გზას გაუწმინდავს იდეალური საზოგადოების მოწყობისაკენ; მისი მოსპობა წარღვნით კი არ მოევლინება საზოგადოებას, არამედ კაცობრიობისათვის დიდი სადღესასწაულო იქნება ის დღე, როდესაც დაიწვება ყველა კანონთა კრებული, ათასგვარ იდიოტთა და გაიძვერა მხეცთა მიერ დაწერილი და უცვლელად და შეცვლილად გადმოცემულ უბედურ შთამომავლობისათვის!

ავიღოთ ადამიანთა შორის სხვა ურთიერთობები, წარმოებით ურთიერთობათა გარდა სხვა ინდივიდუალური განწყობილებანი, რომელთა ფარგალშიაც ძალიან ხშირად კონფლიქტი ხდება ადამიანთა შორის და განვიხილოთ რა დამოკიდებულება აქვს კანონს ამ კონფლიქტთა გადაწყვეტაში, როგორია აქ მისი ხასიათი დაა ეწინააღმდეგება თუ არა იგი საზოგადოებრიობას?!

პირველყოფილ საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოების ერთი წევრი მეორე წევრს რამეს დაუშავებდა, ”საზოგადოებას” აზრადაც არ მოუვიდოდა დასჯა მავნებელისა, დასჯა დასჯისათვის, როგორც ეს ახასიათებს ეხლა თანამედროვე კანონს, მის აღმასრულებელ სამსჯავროს. პირველყოფი თემებში არსებობდა ჩვეულება შურისძიებისა, აგრეთვე ჩვეულება თემობრივი შურისძიებისა. თუ ერთი თემის წევრი მოკლავდა მეორე თემის წევრს, მოკლულის ნათესავი ან ახლობელი სამაგიეროს გადაუხდიდა მკვლელს ან მის ნთესავს. აქ იყო მაშასადამე პირადი ანგარიშსწორება და არა მთელისაზოგადოების მიერ მოწყობილი დამსჯელი მანქანა, პოლიციითა და ციხეებით. აგრეთვე თუ თემში ვინმე ჩაიდენდა მთელი თემის საწინააღმდეგო საქციელს, იმას ან გააძევებდნენ თემიდან ან ჩაქოლავდნენ. რასაკვირველია შურისძიებაც და ჩაქოლვაც ველურობაა, მაგრამ ამ ველურ ჩვეულებასაც აქვს თავისი საფუძველი და გარდა ამისა ის გაცილებით უფრო ნაკლები ანტისოციალური მოვლენაა, ვიდრე შემდეგ წარმოშობილი ქრისტიანული ეკლესიისა და რომის ძალაუფლების კანონები, რომლებითაც სახელმწიფო ტანჯავდა და ეხლაც ტანჯავს კაცობრიობას. პირადი შურისძიება, რომლისგანაც შეიძლება კაცობრიობა თავის დღეში ვერ განთავისუფლდეს სხვადასხვა ფორმით, შეუცდომელი მაინც იყო უმეტეს შემთხვევაში: შურისმაძიებელმა კარგად იცოდა, რისთვისაც კლავდა მოწინააღმდეგეს, რისთვის ალეწდა ცხვირ-პირს; მას არ აინტერესებდა მოწინააღმდეგეს დასჯა, გათახსირება, მთელი საზოგადოებრივი ტალახის გადასხმა მის თავზედ და დამცირება, ზნეობრივი ტანჯვა. მას აინტერესებდა მხოლოდ იმ ექვილიბრიუმის აღდგენა, რომელიც დაარღვია ვნების მომტანმა მათ შორის: შენ მე დამაკლე – მე შენ დაგაკლებ, კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, თანასწორნი ვიყავით და შენ მეტობა მოინდომე ჩემზედ, ჩემი თავისუფლების, ჩემი სიცოცხლის მოსპობა, ჩემი ძალის დაკლება, – მეც სამაგიეროს გადაგიხდი, რომ ისევე სწორად გამოვიდეთ შემდეგში. ასეთი იყო შურისმაძიებელის ფსიქოლოგია. აგრეთვე თემის მერ შურისძიება ჯერ ერთი თემის შიგნით დიდი სოლიდარობის მაჩვენებელია თემის წევრთა შორის, ფსიქოლოგია კი მისი შურისძიებისა იგივეა, როგორც პირადი შურისძიება. შენ ჩემ თემს დააკელი – მე შენსას დავაკლებ, რომ ისევ შემდეგში თანასწორნი ვიყოთ. შურისძიება კი მთელი თემისა ერთი წევრის წინააღმდეგ პირდაპირი სურვილი იყო თავიდან მოეცილებინათ არასასურველი ელემენტი; თემის სურვილი მართლაც საერთო სურვილი იყო, და მიუხედავად მისი ბარბაროსობისა, საზიზღარი სისასტიკისა, მაინც ორგანულად გამოდიოდა ”მთელი ხალხის” სურვილიდან, თუმცა ბარბაროსობით კანონმა გაცილებით გადააჭარბა ყოველ ამგვარ ველურობას თემთა შორის. მაგრამ რაც უფო საგულისხმოა ამ შემთხვევაში ეს არის ის, რომ შურისძიება შემთხვევითი მოვლენა იყო, კერძო მოვლენა, ყოველ შემთხვევაში მოქმედებდნენ საქმის ვითარების დაგვარად. შურისძიება დაწესებულება არ იყო მუდმივმოქმედი. კანონით დასჯა კი მთელი ინკვიზიციური გამათახსირებელი დაწესებულებაა, წინდაწინვე განსაზვრული, ამისათვის განგებ არჩეული კაცების მიერ, რომელთაც არც პირადი საქმე აქვთ დასჯილთან, არც საზოგადო ინტერესებს იცავენ; ისინი არიან სპეციალობით მწამებელნი და პროფესიით დამსჯელნი განურჩევლად საქმის ცოდნისა და არ ცოდნისა, არც კი უნახავთ ხან თვალით დასასჯელი ადამიანი და ამიტომ არის ეს დაწესებულება ზნეობრივად გამათახსირებელი მოვლენა, ამიტომ არიან ჯაშუშები, მოსამართლე, პოლიცია, საპყრობილეს მცველი და სხვანი ყოველთვის ყოვლად ზნეობრივად გათახსირებული ადამიანები, მაშინ როდესაც შურის მაძიებელი ყოვლად პატიოსანი და ზნეობრივი ქმნილებაც შეიძლება რომ იყოს და ა.შ.

შემდეგ, როდესაც თემობრივი ორგანიზაცია დაინგრა და მისი ადგილი დაიჭირა სოფლის თემმა, სოფლის კომუნამ, ინდივიდუალური კონფლიქტების გადაწყვეტის წესი გაუმჯობესებულიქნა. შურისძიების ადგილი სამედიატორო სამართალმა, ზარალის ანაზღაურებამ დაიკავა. თემის მიერ ერთი რომელიმე წევრის ჩაქოლვის ადგილი – მისი თემიდან გაგდებამ, და ეს დაწესებულება, ეს ჩვეულება გაცილებით უფრო ჰუმანური იყო ძველ ბარბაროსულ შურიძიებაზედაც და მითუმეტეს შემდეგ წარმოშობილ კანონზე და სამსჯავროზედაც უფრო საზოგადოებრიობის თანახმა მოვლენა.

მას თავისი აზრი, ღრმა აზრი ჰქონდა:

თუ ერთი წევრი საზოგადოებისა მეორეს აზარალებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მან დააკლო ერთ ინდივიდს საზოგადოებაში ძალმომრეობით მისი საკუთარი საშუალება ცხოვრებისა, საშუალება რომელიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა. თუ ერთმა მეორე მოკლა – ეს ნიშნავდა ინდივიდთა ერთი ჯგუფიდან საწარმოო ენერგიის გამოკლებას მეორის მიერ და ისე როგორც შურისძიების დროს ექვილიბრიუმის აღდგენას ცდილობდა მაშინდელი საზოგადოება ზარალის ანაზღაურებით, ან მოკლული ადამიანი შეფასებით დაზარალებულის სასარგებლოდ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო განწყობილება ინდივიდთა ჯგუფებისა, როგორი იყო საზოგადოებრივ ძალთა განწყობილება. სამედიატორო სამართალი კი დღევანდელ კანონთან შედარებით მართლაც და რაციონალური რამ იყო, რადგანაც ყოველ კერძო შემთხვევის დროს, ყოველი ცალკე კონფლიქტის გადასაწყვეტად იკრიბებოდა სამსჯავრო საქმის მცოდნეთა და ნაცნობთაგან და მათი მიზანი ადამიანის დასჯა კი არ იყო, არამედ უმეტეს შემთხვევაში მოდავეთა შერიგება, ზარალის აღდგენა საზღაურით, აღდგენა ერთი წუთით დარღვეული თანასწორობისა. ამიტომაც იყო, რომ მხოლოდ თავისუფალ სოფლის კომუნაში და შემდეგ თავისუფალ ქალაქებში იყო შესაძლებელი ამგვარი სამედიატორო დაწესებულებანი, – ყოველი კერძო შემთხვევისათვის, ყოველ უბანში და ხან ყოველ ქუჩაშიაც, – საქმის გარჩევა ამხანაგური და შესარიგებლად მიმართული, – რადგანაც ნამდვილი წარმოდგენა სამართალზე იქ შეიძლება, სადაც თანასწორობა და ამხანაგობაა, იქ კი სადაც ერთი ჯგუფი ადამიანთა მეორეს იმონებს, გიგანტური მოაზროვნეც ვერ გამოარკვევს და გაითვალისწინებს სამართლას, როგორც მაგალითად არისტოტელემ ვერ გაითვალისწინა იგი და მონობას ამართლებდა სამართლის სახელით, როგორც თანამედროვე ფილოსოფოსები და მორალისტები იმტვრევენ თავს და ვერ გაუკვლევიათ რა არის სამართლი.

ეს უკანასკნელივსულ უბრალორამ არის, თუ მის საფუძვლად დავსახავთ თანასწორობას ე.ი. თუ ინდივიდები თანასწორ პირობებში ვითარდებიან საზოგადოებაში, რომელიც ცდილობს საერთო ძალით დააკმაყოფილოს მოთხოვნილებები ყოველივე ინდივიდისა. თუ საზოგადოების პრინციპი ინდივიდუალურ ძალთა ეკონომიაა ე.ი. მინიმუმი ინდივიდუალურ ძალთა ხარჯვისა და მაქსიმუმი მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, რომელიც განხორციელდება მხოლოდ ამ ინდივიდუალურ ძალთა კოორდინაციით, როდესაც მაქსიმუმი ინდივიდუალურ ძალთა მხოლოდ გარეგან ბუნებასთან ბრძოლაზე იხარჯება და არ იფლანგება თვით საზოგადოების შიგნით ბრძოლაზედ, ინდივიდთა შორის ურთიერთ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ სამართალი წარმოგვიდგება როგორც სურვილი, ცდა და თვისება ყოველი ინდივიდისა არ გაფლანგოს არავითარ შემთხვევაში არც თავისი  ენერგია, არც საზოგადოების სხვა წევრთა ენერგია, არ დაარღვიოს ზემოთხსენებული პრინციპი საზოგადოებრიობისა, არამედ განავითაროს იგი და გააუმჯობესოს ის წრე, სადაც მოქმედებენ შეერთებული ინდივიდუალური ენერგიები, მაშინ სამართალი წარმოგვიდგება აგრეთვე როგორც ფუნქცია საზოგადოებრიობისა, რომელიც იცვლება იმის და მიხედვით, თუ როგორ იცვლება თვით საზოგადოება სხვადასხვა ძალთა გავლენით.

ინდივიდი მთელი თავისი მოთხოვნილებებით – აი რა არის პირველი, მარტივი ელემენტი საზოგადოებისა; ინდივიდი და ათასნაირი განწყობილებანი განსაზღვრულ საზოგადოებაში მყოფ ინდივიდთა შორის, აი რა უნდა იკვლიოს სოციოლოგმა, მორალისტმა და ფილოსოფოსმა, რომელთაც უნდათ მართლა განსაზღვრონ ცნებანი; ინდივიდი და მისი მოთხოვნიებები, რომლებიც მუდამ იცვლებიან, რამდენადაც ინდივიდი წარმოადგენს თავის საკუთარ და გარემოცულ ენერგიის თავისუფალ თამაშს, ინდივიდი და მისი მოთხოვნილებები, აუცილებლობა მისი ცხოვრებისა და აუცილებელი წესი მისგან შემუშავებული საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ინდივიდი, როგორც ფუნქცია ყველა იმ ცვალებად რაოდენობათა, რომელთაგანაც ეს ფუნქცია არის დამოკიდებული, გზა ამ გავლილ ცვლილებათა, წესი ამ მსვლელობისა და სხვა, აი რა არის საგანი სოციოლოგიისა, აი როგორ უნდა დაისვას სოციოლოგიური კითხვები, რომ მრავალი, უბრალო, ერთი შეხედვით, მაგრამ რთული, ანალიზის შემდეგ, ცნებები გამორკვეულ იქნან, როგორც მაგალითად სამართალი, ზნეობა, თავისუფლება და სხვა. ბევრი თანამედროვე სოციოლოგი კი, იმის ნაცვლდ რომ ცოცხალ არებულ ოდნობაზედ დაიწყოს ოპერაცია – ინდივიდზედ, პირდპირ იწყებს საზოგადოებით, ე.ი. თვით ინდივიდთა შორის განწყობილებით. ეს იმას გავს, ასტრონომმა რომ მზის სისტემაზე დაიწყოს მსჯელობა ისე, რომ არც მზე, არც პლანეტები, არც მათი განწყობილება არ იცოდეს. საერთო ინტერესი, საზოგადოება და მისი ინტერესები, უმრავლესობა და უმცირესობა, წინააღმდეგობა საზოგადოებისა და ინდივიდისა და სხვა. აი როგორ ოდნობებზედ იწყებენ ისინი ოპერაციებს თავდაპირველად; ეს არის მათი გამოსავალი წერტილი. და იციან კი რას უდრის ყოველივე ეს? არა. ისინი გვეუბნებიან, ყოველივე ამას ვეძებთო, მაგრამ თუ ეძებენ, მაშ რად ხმარობენ ამ ცნებათ, როგორც მათ მსჯელობათა გამოსავალ წერტილს, რად იწყებენ სწორედ ამ ცნებებით ყოველ ანალიზს? ესენი ხომ ურთულესი ცნებანი არიან, მაშასადამე თანასწორობანი მრავალი გამოურკვეველი ოდნობით და რას იტყოდით მათემატიკოსზედ, რომელიც დაწერდა მრავალ ამგვარ თანასწორობათა ისე, რომ ეს თანასწორობანი არ იქნებოდნენ შედგენილი თავისი აუცილებელი ელემენტებისაგან, ისე რომ მას არ დაჭირდებოდა არავითარი წინასწარი მსჯელობა, ისე, რომ ამ მარტივ ელემენტთა შედარების შედეგი არ ყოფილიყო მთელი თანასწორობა, ეს რთული თანასწორობა, და შემდეგ კი ამ მათემატიკოსს რომ დაედო წინ ეს თანასწორობანი და დაეწყო მათზედ ოპერაცია?.. (რის საძებნელად?) დიახ! ეს უაბსურდესი რამ იქნებოდა, მათემატიკაში ეს არ შეიძლება, რადგან ყოველივე თანასწორობა შედეგია წინასწარი მსჯელობისა, მარტივ ოდნობათა ურთიერთის ყოველმხრივ შედარებათა. მაგრამ სოციოლოგია მათემატიკასავით არ არის განვითარებული. მასში ყველაფერის ნება დართულია, და ძალიან ბევრმა სოციოლოგმა გვასწავლა თუ როგორ არ უდა დაისვას კთხვები. როდესაც აბსურდულად, შეუძლებლად ისმის კითხვები, ფოლადის ლოგიკაც რომ იხმაროთ, მაინც აბსურდული, შეუძლებელი შედეგები მოჰყვება თქვენს მსჯელობას…

რა აქვს კანონს ყოველივე ზემოთხსენებულთან საერთო, კანონს, რომელსაც თავის დღეში არა ჰქონია მიზნად არც მორიგება მოჩხუბართა, არც აღდგენა დარღვეული საზოგადოებრივი პრინციპისა, არც სამართალი, არც დაცვა თანასწორობისა. პირიქით, იგი ფუნქციაა სახელმწიფოსი, კანონმდებლობისა, სასამართლოსა, რომლებიც წარმოსდგნენ ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორეს დამონებიდან, – თანასწორობის, საზოგადოებრივი პრინციპის სწორედ დარღვევით. თანამედროვე კანონი ნაყოფია ძველი ურთიერთდახმარების დაწესებულებათა დანგრევისა, როდესაც სახელმწიფომ სამედიატორო სამართალი ძველი სოფლისა და ქლაქის კომუნებში, გილდიებსა და საძმობებში მოუსვენარ მეამბოხე ელემენტად ჩათვალა; კანონი შედეგია ხმლისა, რომის მონური უფლებისა და ინკვიზიციის ჯვარის კავშირისა, მოვლენილი მხოლოდ ადამიანის დასჯისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სწერია იმავე კანონში. კანონის ესენცია ”დერჟიმორდიზმია” და ეს დერჟიმორდული ფილოსოფია უფლებისა მოდის და გვეუბნება – კანონი ინდივიდუალურ კონფლიქტთა გადასაწყვეტად უნდა არსებობდეს საზოგადოებაშიო, მაშინ როდესაც სწორედ კანონია წყარო ყოველგვარი ”ინდივიდუალური” კონფლიქტებისა, – ხალხისა და კანონმდებლის შორის, ”დამნაშავისა” და პოლიცია-ჯაშუშ-მსაჯულს შორის, პლევესა და საზონოვის შორის, ანჯიოლილოსა და კანოვასის შორის, ტიერსა და კომუნის შორის და ასე დაუსრულებლივ, მას შემდეგ, რაც კანონმა ინკვიზიციის ჯვარი და შანთი აიღო ერთ ხელში, რომის უფლების რვეული ტვინზედ დაიკერა და მახვილით მეორე ხელში, შავი ყორანივით დააჯდა საზოგადოებას გულზედ და საზიზღარი ყრანტალით ეხლაც გულს უკაწრავს მას და უწამლავს ყურთასმენას. სოციოლოგიურ კითხვათა ჩვენი ფიქრით უხეიროდ დამყენებელნი კი სულ სხვა რამეს გვარწმუნებენ, – სრულიად საწინააღმდეგოს. ვნახავთ შემდეგ ვინ ტყუის.

რამდენი კანონიცაა სწორედ იმდენია წყარო ინდივიდუალურ კონფლიქტებისა. მოისპობა კანონი, მოისპობა ათასნაირი ინდივიდუალური კონფლიქტიც, არამც თუ მათი გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება უკანონოდ.

ავიღოთ სხვა დარგი ადამიანის ცხოვრებისა: მეცნიერება, ხელოვნება, სხვადასხვა ჩვეულებანი, ვნებანი ადამიანისა, წარმოდგენანი ადამიანისა ცუდსა და კარგზედ, ავიღოთ სარწმუნოება და ზნეობა, – და განვიხილოთ აქვს თუ არა რაიმე საერთო კანონს ამათთან. მეცნიერებისა და ხელოვნების წარმოშობა აგრეთვე სულ სხვა არის, ვიდრე კანონისა. აიღეთ რომელიც გინდათ დარგი მეცნიერებისა, გამოგონებისა და ხელოვნებისა, განიხილეთ მათი გრძელი ისტორია და მაშინ გაიგებთ, რომ ისინი პირდაპირი ნაყოფნი არან თვით ადამიანის ბუნებასთან განწყობილებისა, თვით ადამიანის მოქმედებისა და მასზედ ბუნების გავლენისა. ადამიანის დაკვირვებამ და ცდამ არ შექმნა მთელი მენიერება და მთელი ფილოსოფია ძველად და შემდეგ ადამიანის მუდმივმა მოქმედებამ და ბუნების ფარგალში ტრიალმა, ბუნებასთან ბრძოლამ არ შექმნა მთელი ტექნიკა, ის საწარმოო იარაღები, რომელთაგანაც ბოლოს თანამედროვე გიგანტური საწარმოო ძალები განავითარა კაცობრიობამ? განიხილეთ აგრეთვე ისტორია ხელოვნებისა და არ გადაიშლება თქვენს თვალწინ ის თვალწარმტაცი სურთი, თუ როგორ განვითარდა ხელოვნება უბრალო ველურის მიერ ლამაზი ხაზის მონასმიდან რაფაელამდე, უბრალო კერპის ქანდაკებიდან ფიდიასამდე, უბრალო ღრიალიდან ჟორჟ ბიზემდე? რა ჰქონდა საერთო ყოველივე ამას კანონმდებლის სურვილთან ან კანონთან? გალილოები, კეპლერები, ნიუტონები, ვატები და სტეფენსონები, ვაგნერები და რაფაელები, მთელი გონებრივი მოძრაობა, მთელი მეცნიერება და ხელოვნება განა კანონმდებელთა წინააღმდეგ არ განვითარდნენ? სოკრატეს განა საწამლავი არ დაალევინეს, ჯორდანო ბრუნო არ დაწვეს, გალილეოს განა თვალები არ დათხარეს? განა საუკეთესო მწერლები და გამომგონებლები შიმშილით არ იხოცებოდნენ, დევნილნი არ იყვნენ მთავრობისაგან და მისი დამქაშებისაგან? და ეხლაც განა ოფიციალური მეცნიერება არ დევნის ყოველთვის ახალ მიმდინარეობას მეცნიერებაში? ეკლესია, მთავრობა და აკადემიები განა სულთამხუთავი სიკვდილებივით არ ადგანან თავს ყოველივე ახალ აზრს, ყოველივე ახალ გამოგონებას, ყოველივე ახალ აღმოჩენას? განა მუდმივი ბრძოლა არ არის ოფიციალურ ძალას, კანონს და მეცნიერება-ხელოვნებას შორის ყოველთვის და ყველგან? მხოლოდ დრეპერის წიგნების წაკითხვაა საკმარისი, სხვა რომ არა იყოს რა, ევროპის გონებრივი მოძრაობის შესახებ, რომ კაცმა გაიგოს, რომ სწორედ ადამიანის თავისუფალ შემოქმედებას, ადამიანის აზრის თავისუფალ კვლევა-ძიებასა და მიმდინარეობას არა აქვს არავითარი საერთო კანონთან, არამედ ისინი ერთმანეთის გამომრიცხველნი და მტერნი იყვნენ, არიან და იქნებიან ყოველთვის. შეიძლება ყოველივე დააკანონო, – ადამიანის ადამიანთა განწყობილება, ქონებრივი და სხვა ათასნაირი, მაგრამ რეგლამენტაცია ადამიანის აზრისა ხომ ყოვლადშეუძლებელია, აბსურდი და თან იმგვარი უსირცხვილო და ტლანქი დესპოტიზმია, რომ ისტორიის ჟამთა ვითარებაში ამ აბსურდის წინააღმდეგ ბრძოლას ვეებერთელა ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში; ამ ბრძოლაში დაღუპულა არა ერთი ტალანტი და გენიოსი.

”მიეცით ნიჭსა გზა ფართო” – თქვა პოეტმა. მეცნიერება და ხელოვნება ანარქიული იყო ყოველთვის, დასაბამიდან და იქნება კიდეც; ეხლაც იშვიათად ნახავთ იმისთანა სერიოზულ მეცნიერს, რომ თავისი აზრით, თავისი მეცნიერული აზრით და მეთოდით ანარქისტულად არ მსჯელობდეს, ანარქისტი არ იყოს მეცნიერებაში. ეს კარგად შენიშნა ღრმად და შორსმჭვრეტელმა იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯოვანი ბოვიომ: lo pensiero é anarchico, egli é diretto verso l’Anarchia! – აზრი ანარქიულია, იგი მიმართულია ანარქიისაკენო! – კანონი პირველად მეცნიერებამ უარჰყო!

მაგონდება ერთი სერიოზული ავსტრიელი პროფესორის (იურისტის) სიტყვები: სახელმწიფოს ეხლაც უხდება ხოლმე მეცნიერებისა და ხელოვნების ბევრ დარგთა გაძღოლა, რადგან კერძო პირთათვის ისინი ”ხელსაყრელი” არ არიანო. მომავალ საზოგადოებაში კი ეს აუცილებელი იქნებაო! როგორ ცდება პატივცემული აწ განსვენებული პროფესორი! სახელმწიფოს თავის სასარგებლოდ უნდა მოიხმაროს მეცნიერება – მას წმინდა მეცნიერება არ აინტერესებს. მას პრივილეგიად უნდა გაიხადოს ტექნიკა, რომ რეაქციის დროს აღმდგარ მონათა წინააღმდეგ ზარბაზნები გამოიყენოს. მას ბავშვების მონობაში აღსაზრდელად უნდა სკოლა, რომ მონანი შემდეგ კარგად იმსახუროს. მას უნივერსიტეტები თავიანთ ბიუროკრატთა საკეთებელ ქარხნებად გადაუქცევია და სწორედ ამიტომ ადევს ისეთი მკვდარი, უსიცოცხლო ფერი თანამედროვე უნივერსიტეტებს, თანამედროვე ოფიციალურ მეცნიერებას. მეცნიერებამ თავი უნდა დააღწიოს ოფიციალურ აკადემიებს და განთავისუფლდეს, ”გაანარქისტდეს”, – ეს არის მისი იდეალი, ეს იყო, არის და იქნება მისი მუდმივი მისწრაფება. მეცნიერება ყველასათვის, მეცნიერება პრაქტიკულად გამოყენებული ისე, რომ ადამიანის ძალთა ეკონომიის პრინციპი განხორციელდეს, და არა მეცნიერება, როგორც რამოდენიმე უტვინოთა და სიმდიდრეში ჩამხრჩვალთა პრივილეგია, მეცნერება არა ზარბაზნებისა და ტყვიის მფრქვეველთა მკეთებელი, ხალხის გასანადგურებლად და საბარბაროსოდ! აი რა არის იდეალი თვით მეცნიერების და თვით დიდ მეცნიერთათვისაც. ყველასათვის, ვისაც ნიჭი უღვივის გამოკვლევისა, ღრმა ცდისა, აღმოჩენისა, აზროვნებისა – ყველასათვის მეცნიერებით დატკბობა, ყველასათვის შემოქმედების ასპარეზი, თავისუფალი და შეუზღუდველი, – კომბინაცია ამ ნიჭთა, რომელიც ბუნების საიდუმლოებათა სიღრმეს უფრო დიადად გადაგვიშლის თვალწინ, – და არა მეცნიერება მარტო მდიდართათვის (რომელთა შორის შეიძლება ნახევარი კრეტინი იყოს, იმავე დროს კი ხალხთა მასა უსწავლელი რჩება, სიღარიბეში სულთმობრძავი, მაშინ როდესაც იგი დაუშრეტელი წყაროა ბუნებით ბრძენ და შემოქმედების ნიჭით აღჭურვილებათა), – აი იდეალი ანარქიული საზოგადოების მეცნიერებისა. მეცნიერების შესწავლა მას უნდა შეეძლოს, ვისაც თავი აქვს მოწყობილი მეცნიერებისათვის და არა იმას, ვისაც ფულით აქვს ჯიბე სავსე. თანამედროვე კანონი კი ამ უკანასკნელის მომხრეა. მომავალი კანონის როლი კი, თუ მან მეცნიერებასაც მოჰკიდა ხელი კიდევ უარესი იქნება ალბათ, რადგან იგი, მაგალითად კოლექტივისტურ საზოგადოებაში სიმდიდრე-სიღარიბის მოწმობას ხომ არ მოთხოვს ხალხს უნივერსიტეტის კარებში?! მაშ ჟანდარმი ლაბორატორიაში, ჯაშუში ლიტერატორის კაბინეტში, რომ ”საზოგადო ინტერესების” წინააღმდეგ არავინ დაწეროს რამე, ჯალათი სკულპტორს, თუ მან ”საზოგადო ზნეობა” შელახა და სხვა, ან ოფიციალური აგენტი ნიუტონების ობსერვატორიაში, რომ ანგარიში გაუსწოროს ხოლმე ასტრონომიულ გამოკვლევათა დროს?! თუ რას მოაგვარებს სხვას მომავალი კოლექტივიზმის კანონი მეცნიერებაში?

რა უნდა ითქვას ხელოვნებაზედ, რომელიც უფრო ფაქიზია, უფრო ნაზია კიდევ, ვიდრე მეცნიერება? სად გინახავთ რომელიმე დარგი ხელოვნებისა, სახელმწიფოს ხელში რომ მართლა ხარობდეს? სახელმწიფო, კანონი და ხელოვნება, – ეს იმას ნიშნავს – ვირი ვარდების გამშენებლად დააყენო! წინააღმდეგ, ხელოვნება თავის დღეში არ ხარობს იქ, სადაც დესპოტიზმისა და კანონის ტახტია დადგმული, მაშინ როდესაც შეიძლება კიდევ მეცნიერებამ და გამოგონებამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს!

მომავალ საზოგადოებაში კი რა უნდა ქნას კანონმა ხელოვნების მხრივ? ჟანდარმმა მუსიკალური ინსტრუმენტი დაიკავოს, ჯაშუშები კომპოზიტორებად გადაიქცნენ, მთავრობის მიერ დანიშნული აგენტები მსახიობებად, სკულპტორებად და მხატვრებად, – თუ სახელმწიფომ ცეცხლი უნდა ჩაუდვას მხოლოდ გულში ყველა ამათ? ჰმ! ცეცხლი თვით იდეაშია, თვით ხალხის გონებისა და მოქმედების წყაროდან ამოზიდავს ცეცხლს არტისტი და ამ ცეცხლს იგი მთავრობისა და კანონის გულში ვერ ნახავს ვერასოდეს, როგორც აქამდე არ უნახავს არავის. მაშ სახელმწიფოს რა დახმარებაზედ ლაპარაკობს მენგერი? ეს კი სულ უაზრო რამ არის, – სიტყვის ბანზედ აგდება; პროფესორს არ შეშვენის ამგვარი არგუმენტებით ამტკიცოს კანონის და სახელმწიფოს საჭიროება მეცნიერება-ხელოვნებისათვისაც კი: კომუნისტურ საზოგადოებაში თვით მეცნიერები, თვით ხუროთმოძღვრები და არტისტები, ყოველი დარგისა და ყოველი ხელოვნებისა, თვით აიშენებენ თავის გემოზედ თავის უნივერსიტეტებს, თავის აკადემიებს, ლაბორატორიებს, თვით მოამზადებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და სამეცნიერო საზომ იარაღებს, რადგანაც აღზრდა ინტეგრალური, – არტისტული, ხელოსნური და მეცნიერული ექნებათ. მაშინ აღარ იქნება კითხვა ”ხელსაყრელია” თუ არა ესა თუ ის სამეცნიერო ან სახელოვნებო დარგი. მაშინ მეცნიერება გონების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იქნება, ბუნებასთან საბრძოლველად, ხელოვნება კი გემოთა დასატკბობად და განსავითარებლად. კითხვა მოგება-წაგებისა მაშინ მოისპობა.

მიეცით ნიჭსა გზა ფართო – აი ერთადერთი ”კანონი” მეცნიერებისა და ხელოვნებისა. სხვ კანონი მას არ უნდა, – და როცა კანონისა და მეცნიერება-ხელოვნების შესახებ  ვილაპარაკოთ, საჭიროა არაა ღრმა ანალიზი, რომ ვაჩვენოთ მათი დამოკიდებულების სიმრუდე, ისე შორი შორს დგანან ისინი ურთიერთზედ თავიანთი არსებითა და ერთი-მეორისათვის საჭიროების მხრით. ისტორიულად კი ისინი დაუძინებელი მტრები იყვნენ ერთმანეთისა, კანონის დამარცხება – მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება იქნება.

სარწმუნოება? – ამას კიდევ უფრო ნაკლები კავშირი აქვს თავისი შინაარსით კანონთან და როდესაც მათ შორის მორიგება და კავირი მოხდება ხოლმე – კაცობრიობისთვის შავი სისხლის წვიმების დრო დგება ყოველთვის. რა აქვს ერთის ან რამდენიმეს მიერ ძალმომრეობით დადგენილ კანონს საერთო ადამიანის წმინდათა-წმიდასთან, სარწმუნოებასთან, როდესაც ადამიანს სწამს, და ისე სწამს, რომ მსჯელობის ელემენტს არც კი ურევს ამ გრძნობაში, თუ ეს გრძნობა მართლა გულწრფელია. სარწმუნოება წარმოიშვა ადამიანის უმეცრებისაგან და შიშისაგან, სარწმუნოებრივი მითოლოგია, ჩვეულებანი და ზნენი კანონებზედ გაცილებით ადრე, – კანონი კი, ვიმეორებთ, ერთი ადამიანის მიერ მეორის დამონებიდან არის წარმომდგარი, შეიძლება თვით სარწმუნოების დიდი ზეგავლენითაც კი, მაგრამ მათი არსება მაინც სულ სხვადასხვაა. პირველი ადამიანის გულშია, – მეორე ჟანდარმის ხმალში, ჯალათის სახრჩობელაზედ და საპყრობილეში.

ორგვარი შეიძლება იყოს კანონსა და სარწმუნოებას შორის განწყობილება: ან კანონი მისი მოკავშირეა, ან მისი წინააღმდეგი. ერთიც და მეორეც დიდი უბედურებაა კაცობრიობისათვის.

პირველ შემთხვევაში ინკვიზიცია და წამება იდგამს ფეხს, დევნა მეცნიერებისა და ხელოვნებისა, დევნა ყოველი ახალი აზრისა და შემოქმედებისა – ამას ამტკიცებს მთელი ისტორია გაბატონებული ეკლესიისა. თვით ხასიათი სარწმუნოებისა ბუნებით მსჯელობის წინააღმდეგია, ამიტომ აქვს მას ასეთი სასტიკი და გამრყვნელი შთანაჩენი თვით ძირში და როდესაც სახელმწიფოსთან კავშირის წყალობით იგი გაიფურჩქნება ხოლმე, მიითვისებს სახელმწიფოსა და გაბატონებულ კლასთა პრივილეგიებს, თვით ხდება მდევნელი, ბავშვების ტვინთა გამალაყებელი სკოლებში, მძარცველი, გარყვნილებისა და უზნეობის მატარებელი. კონსტანტინეს შემდეგ ქრისტიანობის ისტორია მისი გარყვნის ისტორიაა. ინკვიზაციის დროს მისმა გარყვნილებამ და ვერაგობამ მწვერვალს მიაღწია, ეხლა კი ის დიდ ანტისოციალურ ელემენტს წარმოადგენს და მესამე თავს იმ საზიზღარი ურჩხულისას, რომელსაც ეწოდება კაპიტალიზმი-სახელმწიფო-ეკლესია. დღეს მის თავიდან მოშორებას მთელი ”მოწინავე საზოგადოებაც” კი თხოულობს, ისე გადაამეტა თავის გარყვნილებაში ეკლესიამ და ბევრგან უნდათ გაარღვიონ კავშირი სახელმწიფოს და ეკლესიას შუა, შეკრული საუკუნეთა განმავლობაში.

მეორე შემთხვევაში, – როდესაც კანონია ეკლესიის წინააღმდეგი იგივე უბედურება ხდება სოციალურ ცხოვრებაში: მოიგონეთ რომაელთა მიერ დევნა ქრისტიანობისა, მოიგონეთ მაჰმადიანთა მიერ დევნა სომხებისა, მოიგონეთ ებრაელთა მთელი საუკუნეების მარტიროლოგია და თქვენ თვალწინ გადაიშლება იგივე სურათი წამებათა, საზიზღარ და მომშხამველ დაწესებულებათა მიერ მიყენებული ადამიანთადმი.

მესამე შემთხვევა, სარწმუნოება რომ იყოს კანონის წინააღმდეგი და მდევნელი – წარმოუდგენელია, რადგანაც ძლიერ, მოწყობილ სახელმწიფოში კანონის არსებობა ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც სოციალურ შენობაში ყველაზე მაღლა დგას. თუ ეკლესიამ იმისთანა სიძლიერე გამოიჩინა რომ მოსპო სახელმწიფო ორგანიზაცია საერო ძალისა და თვით გაბატონდა, – ეს იმას ნიშნავს, რომ თვით გახდა იგი სახელმწიფოდ – საშინელ თეოკრატიულ სახელმწიფოდ. თუმცა ისტორიში არ ვიცით არც ერთი მაგალითი, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია წმინდად ყოფილიყოს შემდგარი ღვთის მინისტრებისაგან, რადგანაც მეომრები იყვნენ ძირითადი ელემენტები სახელმწიფოთა შედგენისა და შემდეგ იკავშირებდნენ ხოლმე სამღვდელოებას თავიანთი ანტისოციალური ფუნქციის აღსასრულებლად.

მაშასადამე, კანონის მოსპობა მოსპობს ერთის მხრივ ეკლესიის ბატონობასაც, როგორც შეკავშირებული ძალისას, მეორე მხრივ მოსპობს აგრეთვე კანონის მიერ სარწმუნოებათა დევნას; ერთიც და მეორეც დიდი სოციალური რევოლუციისაკენ დიდი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს. მომავალ საზოგადოებაში კი თავისუფალი რწმენა აკრძალული არ იქნება კანონით: ამ შემთხვევაში კანონი, როგორც არა ვთქვათ, იგივე ანომალიებს გამოიწვევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ეხლა; მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სამღვდელოებამ მაინც ისარგებლოს არსებული დაწესებულებებით და ისევ ჩაჰყოს ცხვირი მთავრობის საქმეებში, რადგან რელიგიოზურ რწმენათა წარმომადგენელნი ისე ჩქარა არ მოისპობიან სოციალური რევოლუციის შემდეგ და მათი რწმენის აკრძალვა კი არ შეიძლება, არ შეიძლება აგრეთვე მათთვის უფლებათა წართმევა. თუ კი სოციალისტურმა კანონმა აკრძალა რწმენა, მაშინ ხომ იგი მართლა ნამდვილ დესპოტურ სახელმწიფოდ გადაიქცა! კაუცკი, მაგალითად ეკლესიის და სახელმწიფოს განშორებას ქადაგებს სოციალური რევოლუციის შემდეგ… რასაც ეხლა საფრანგეთის ბურჟუაზია ახორციელებს. მაგრამ ეს იმას არა ნიშნავს, რომ სამღვდელოებას წაერთვა ყოველივე უფლება მოქალაქისა და კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს უფლება მოქალაქისა: ეს არის უფლება, – მიიღო მონაწილეობა კანონმდებლობაში, რომელმაც უნდა განაგოს მთელი ხალხის ცხოვრება. სამღვდელოებას რა უშლის შევიდეს საკანონმდებლო კრებაში, თუ თვით კანონი არსებობს? ამიტომაც სრული მოსპობა კანონმდებლობისა და კანონისა იქმნება აგრეთვე დიდი მუჯლუგუნი ეკლესიისათვის და კლერიკალიზმისათვის, და მხოლოდ სრული მოსპობა.

გარდა ამისა, მომავალ საზოგადოებაში თვით მეცნიერება, ინტეგრალური აღზრდა ყველა ადამიანთა, ბავშვების მეცნიერულად განვითარება, მათი ჰორიზონტების გაფართოება, – ყველა ეს მოკლავს დოგმას, მოსპობს სამღვდელოებას და დააცარიელებს ეკლესიებს, რომლებიც მალე საჯარო კრების სახლებად გადაიქცევიან. ცეცხლი და მახვილი კი არც საერო კანონისაგან და არც ეკლესიისაგან არა არის რა გარდა სიმხეცისა და გარყვნილებისა.

კანონს მაშასადამე, არც რელიგიოზურ რწმენათა წარმოშობასთან აქვს არავითარი საერთო. ისინი ერთი-მეორეზედ დაშორებული არიან შინაარსით და მათ დაწესებულებათა შორის განწყობილება ისეთია, რომ მათი კავშირი ინკვიზიციას ბადებს, მათი მტრობა კი აგრეთვე ინკვიზიციას. როგორც ანტისოციალური მოვლენები ერთიც უნდა მოისპოს და მეორეც.

განვიხილოთ ეხლა ზნეობა.

როგორ უტვრევიათ თავი ფილოსოფოსებსა და მორალისტებს ამ ცნების გამოსარკვევად, როგორც თანასწორობაზე, თავისუფლებაზედ და სხვა ამგვარ ცნებებზე და ვერ გამოურკვევიათ სწორედ იმ მიზეზით, რომლებიც ზევით მოვიხსენიეთ: მათ უპირველესი ელემენტი ავიწყდებათ, რომ დაისახონ ამოსავალ წერტილად, – ინდივიდი, ერთადერთი ოდნობა, რომელზედაც უნდა მოახდინონ სოციოლოგიის მათემატიკოსებმა ოპერაცია, რადგანაც ინდივიდი ის ცვლადი ოდნობაა, რომელიც იცვლება, როგორც ფუნქცია ათასგვარ ცვალებად ოდნობათა, – რომელიც ერთადერთია საინტერესო ჩვენთვის უკანასკნელ ანგარიშში.

ზნეობა ადამიანის თანშობილი თვისება არ არის, ან და იგი შეიძლება იყოს თანშობილი თვისება ადამიანისა, რამდენადაც ადამიანს შეიძლება სოციალური ინსტინქტები მემკვიდრეობით გადაეცემოდეს მრავალ წარსულ შთამომავლობათაგან ადამიანის ცხოვრების მთელ განმავლობაში.

თავისთავად ზნეობა იმ განწყობილებათა ჯგუფზეა დამოკიდებული, რომლებიც არსებობენ დაუსაბამო დროიდან ადამიანთა შორის. ზნეობა შემუშავებულია სოციალურ ჩვეულებათა მიერ, ეს უკანასკნელნი კი, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით კანონის გარეშე არსებობენ ლოგიკურადაც და ისტორიულადაც, ასე რომ მათ არავითარი კავშირი არა აქვთ კანონთან.

ყოვლად შეუძლებელია ზნეობა გამოხატულ იქნას კანონის მიერ, რადგანაც მაშინ უნდა შესაძლებლადვყოთ, რომ კანონს შეუძლია მთელ სოციალურ ჩვეულებათა და ადამიანის წარსულისა და აწმყოს თავმოყრა და გამოხატვა: ამგვარი კანონი კი შეუძლებელია, თუ იგი შესაძლებელია, როგორც  უსარგებლო და უაზრო.

ზნეობა არ შეიძლება განვითარდეს სოციალური წრის, ადამიანთა შორის ურთიერთობების, ადამიანთა და ბუნებას შორის განწყობილების გარეშე, მათი ურთიერრთზემოქმედების გარეშე. ზნეობა ფუნქციაა აგრეთვე ადამიანის სოციალური ცხოვრების წესისა და ყველა იმ პირობათა, რომელთა ზეგავლენითაც იცვლება ადამიანის ცხოვრების წესი და მისი ბუნება.

ეგოიზმი და ალტრუიზმი, ცუდი და კარგი, სამართლიანი და უსამართლო, – ყოველივე ესენი იმგვარი ცნებანი არიან, რომლებიც პირდაპირ მიგვითითებენ ადამიანის სოციალურ ჩვეულებაზედ, ადამიანის საზოგადოებრიობაზე. ადამიანთა საზოგადოება, ნორმალური ფუნქციის მქონე, უმაღლეს საზოგადოებრიობაზედ უნდა იყოს დამყარებული, ე.ი. ძალთა ეკონომია უნდა იყოს პრინციპი ამ საზოგადოებისა. და თუ ამგვარად შევხედავთ საზოგადოებას, მაშინ ზნეობაც წარმოგვიდგება თვალწინ, როგორც ყოველნაირი მოქმედება ადამიანისა, რომელიც არა შლის ძალთა ეკონომიის პრინციპს, არამედ ცდილობ განავითაროს იგი და ინდივიდი სრულიად უზრუნველყოს ყოველი მხრით განსაზღვრულ საზოგადოებაში. კარგი კაცი, უკანასკნელი ანგარიშით, იმას ქვია, რომელიც ნაკლებ ტანჯვას მიაყენებს მოყვასს, ნაკლებ ძალას წაართმევს, ნაკლებად დაჩაგრავს და მეტ ძალას მოუმატებს, მეტად დააკმაყოფილებს, მეტად გააფართოებს მისი მოქმედების ასპარესა და მის ნიჭს. ცუდი კაცი – საწინააღმდეგო მოვლენაა. კარგი ის არის საზოგადოებაში, რაც ნაკლები ძალით ინდივიდს მეტად დააკმაყოფილებს, ცუდი კი, რაც დიდი ძალის ფლანგვით ინდივიდებს ანადგურებს და შლის ძალთა ეკონომიის პრინციპს. იგივე ითქმის უსამართლობაზედ, სამართლიანობაზედ და სხვ.. ადმიანი არ შეიძლება არც ცუდი, არც კარგი, არც უსამართლო, არც სამართლიანი, არც ეგოისტი, არც ალტრუისტი იყოს ”დაბადებით” [ჩვენ აქ სიგიჟის მაგალითები არ გვაქვს მხედველობაში. მხოლოდ ვიტყვით, რომ მათთვის ერთი საშუალებაა ექიმი და დაავადმყოფო და არა საპყრობილე] – იგი ნაყოფია განსაზღვრულ ძალთა მოქმედებისა მის წარსულში და აწმყოში, და ამ წრიდან ვერ გამოვა. შეიძლება ბუნებით რბილი კაცი საშინელი ”დამნაშავე” გამოდგეს ამა თუ იმ პირობათა ზეგავლენით და პირიქით. შეიძლება სამართლიანობის მოსურნემ უსამართლობა ჩაიდინოს, შეიძლება ეგოისტი ალტრუისტი იყოს, სწორედ თავის ეგოისტური ბუნების დასაკმაყოფილებლადაც და სხვა. როგორიც არის საზოგადოებაში ინდივიდუალურ ძალთა განწყობილება, იმგვარია ადამიანის მოქმედება, იგი მას ვერსად წაუვა. და თუ დღეს ვამბობთ, მაგალითად, რომ მუშათა კლასი სამართლიანად თხოულობს რეფორმებს, იბრძვის სოციალური რევოლუციისათვის, – ეს სწორედ იმიტომ, რომ მასშია ტენდენცია დააარსოს ნამდვილი საზოგადოება, ინდივიდუალურ ძალთა ეკონომიის პრინციპზედ, – ბურჟუაზიას კი ჰსურს დაიცვას ძველი რეჟიმი; აგრეთვე ამ უკანასკნელსაც სამართლიანი ჰგონია თავისი მისწრაფებანი, რადგანაც, – თავისი კლასის საკეთილდღეოდ რომ იცავს იგი ამავე პრინციპს, – ჰგონია ეს იგივე მთელი კაცობრიობისათვის არისო. ორთავე კლასს აქვს შემუშავებული თავიანთი სოციალური ჩვეულებანი, თავიანთი წარმოდგენანი ზნეობაზედ და მათი მისწრაფებანიც ამ წარმოდგენებით განისაზღვრებიან.

აქედან ის დასკვნა კი არ უნდა გამოვიყვანოთ, რომ არის რაღაც ბურჟუაზიული მორალი და რაღაც პროლეტარული. მორალი ერთია – საზოგადოებრივი ცხოვრების მიერ შემუშავებული მორალი, რომელიც მუდამ უჩურჩულებს საზოგადოებრივ სხეულებს, როგორც მთელთ, მოაწყონ ინდივიდის ცხოვრება ძალთა ეკონომიის პრინციპზედ, მაგრამ იგი იცვლება, როგორც ფუნქცია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალფეროვანებისა და გვეჩვენება ჩვენ, როგორც მრავალფეროვანი სახის მქონე…

რა აქვს კანონს მაშასადამე საერთო ზნეობასთან? არაფერი. პირველის ხასიათი ჩვენ ვიცით, მეორე კი როგორც ვხედავთ, დაუსაბამო დროიდან შემუშავებელი წესია ინდივიდთა შორის განწყობილებათა, რომელიც იცვლება საზოგადოებაში ინდივიდუალურ ძალთა კომბინაციის ხასიათის ცვალებადობის მიხედვით: უთანასწორობა საზოგადოებაში, მაგალითად, ზნეობას მრავალფეროვან ხასიათს აძლევს სოციალურ ჯგუფთა მიხედვით, – არისტოტელე მონობას ამართლებდა. კომუნისტურ, ანარქისტულ, თანასწორთა საზოგადოეაში კი ზნეობა მუდმივი, ყოველმხრივი დაცვა იქნება ინდივიდისა და მისწრაფება ყველა მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის; თანამედროვე და მომავალი კოლექტივისტური კანონი კი, როგორც წინააღმდეგი ინდივიდისა, მაშასადამე სახელმწიფო დაწესებულებანი  არიან და იქმნებიან დაწესებულებანი უზნეობისა. აიღეთ, სხვა არა იყოს–რა, სასამართლოს ფუნქცია – დასჯა, რომელიც ნამდვილი უზნეობაა, რადგანაც არ არის იმისთანა დამნაშავე, რომ არ გამოსწორდეს, არ არის თანშობილი დანაშაულობა და დამნაშავის მოკვლა პირდაპირი გამოკლებაა ადამიანისა საზოგადოებიდან იმ ადამიანთა მიერ, მსაჯულთა მიერ, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ დამნაშავესთან და ტყუილად ეჩხირებიან სხვის მოქმედებათა განსჯაში, მაშინ როდესაც თვით შეიძლება უარესი „დამნაშავენიც იყვნენ“. საპყრობილე კი პირდაპირ უზნეობის დაწესებულებაა, რადგანაც მხოლოდ თავისუფლების დროს შეუძლია ადამიანს ზნეობრივი ცხოვრება, იქონიებს რა განწყობილებას სხვა მრავალ ადამიანთან, (ამ განწყობილებათა გარეშე ზნეობა არ არსებობს), დამწყვდეული კი მოცილებულია „ზნეობას“ , უარესად ფუჭდება მასზედ უფრო „დამნაშევათა“ ზეგავლენით.

მომავალ საზოგადოებაში კი, როცა საზოგადოება ნამდვილ ძალთა ეკონომიაზედ იქმნება დაფუძნებული, ზნეობაც ამგვარი საზოგადოების ფუნქცია იქმნება. ინტეგრალური აღზრდა და თავისუფალი შრომა განავითარებს ადამიანში სხვაგვარ, უმაღლეს სოციალურ ჩვეულებებს, რომლებიცც მიმართული იქნებიან ინდივიდის ყოველმხრივი განვითარებისაკენ  თავისუფალ საზოგაოებაში.

კანონის, როგორც ამგვარი საზოგადოების დამყარებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორის მოსპობა პირველი ნაბიჯი იქმნება ზნეობის განვითარებისაკენ.

და ასე, დაუსრულებლად შეგვიძლია განვაგრძოთ ანალიზი და იმ დასკვნამდე მივალთ, რომ არა თუ შესაძლებელია უკანონოდ ცხოვრება, არამედ საჭიროა და აუცილებელიც.

V

კანონის უსარგებლობისა, მავნებლობისა და ანტი–სოციალური ხასიათის დამამტკიცებელი და მაჩვენებელი მეორედ და უმთავრესად აგრეთვე ის არის, რომ მონობის დროსაც ჰქონია კაცობრიობას მუდმივი ტენდეცია კანონის მოსპობისა, სახელმწიფო ორგანიზაციის წინააღმდეგ, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო მონობას, ერთი კლასის მიერ მეორეს დაჩაგვრას ჰქონდა ტახტი აღმართული საზოგადოებაში.

ხანგრძლივი ისტორია ადამიანთა თავისუფალ ორგანიზაციათა ბრძოლისა მრავალ ანტი–სოციალურ ძალთა წინააღმდეგ ნათლად გვიჩვენებს ადამიანის ამ მისწრაფებას.

აიღეთ საშინელი ბრძოლები ძველ საზოგადოებებში, როგორი საშინელი სისასტიკით დასტაკებია ხოლმე ახალი საზოგადოებრივი აღორძინებული ძალა ძველ ძალას, ძველ ორგანიზაციას, ძველ დოგმებს, ძველ ზნობრივ ღირებულებებს.

უძველეს საზოგადოებებშიაც ყოფილან დიდი რევოლუციები, რომელთა მიზანი ყოფილა მონობისგან განთავისუფლება და ახალი, თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა. მხოლოდ დაწვრილებითი დოკუმენტები არ არსებობს თანამედროვე ერუდიტებისა და ისტორიის კრიტიკოსებისათვის, რომ ნათელ ჰყონ ეს ფაქტები.

ძველ ქრონიკერებსა და ისტორიკოსებს უფრო ომებისა და მეფეების ისტორია აინტერესებდა, ვიდრე ადამიანთა შინაგანი მისწრაფებანი და ამიტომ ისტორიის მაშინდელ დროში მხოლოდ სამხედრო ავანტიურა იყო და ზეპირ გადმოცემებშიდაც გაზვიადებული. ეს საკვირველი არ არის. ადამიანი მას უფრო აქცევს ყურადღებას, რაც შედარებით იშვიათი მოვლენაა, ვიდრე მუდმივ მოვლენათა, რაიცა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მშვიდობიანი ცხოვრება და ნელი პროცესი საზოგადოებრივ ახალ ძალთა წარმოშობისა და განვითარებისა ვერ იპყრობდა ადამიანის დაკვირვებას ისე, როგორც ომი თავისი საშინელებით და ამიტომ ძველი ისტორიკოსებიც უფრო ამ უკანასკნელს აქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე საზოგადოების განვითარების ნელ პროცესს.

და როდესაც ახალი ძალის გაზრდა გამოიწვევდა ხოლმე ძველ ძალასთან შეტაკებას, როდესაც ეს შეტაკება მართლაც მიიღებდა ხოლმე ნამდვილ სამოქალაქო ომის ხასიათს, მხოლოს მაშინ აღნიშნავდნენ ისტორიკოსები ან ამ ომის ამბავს, ან აღწერდნენ „დამშვიდების“ ისტორიას. უმეტეს შემთხვევაში კი სრულებითაც არ მოიხსენიებდნენ ხოლმე, ან თუ მოიხსენიებდნენ, – გაკვრით. ამასავე მოწმობს, მაგალითად, შესანიშნავი ისტორიკოსი მასპერო, ეგვიპტის ისტორიის ზედ–მიწევნით მცოდნე.

საბერძნეთის ისტორიაში უკვე მეტი საბუთებია იმ ტენდეციის დამამტკიცებელი. ის საშინელი ბრძოლა რომელსაც მონები ეწეოდნენ ბატონთა წინააღმდეგ, რომ უარეყოთ მათი კანონი, ის ბრძოლა აგრეთვე, რომელიც თვით მოქალაქეთა მხრივ ხდებოდა მტარვალთა წინააღმდეგ, ის დევნა, რომელიც განიცადეს მრავალმა თავისუფალმა ორგანიზაციებმა საბერძნეთის საზოგადოებაში გაბატონებული კანონის მიერ, ეს იყო მოძრაობა საბერძნეთის საზოგადოებისა, ეს მუდმივი ტენდეცია თავისუფლებისაკენ ასულდგმულებდა მას, სანამ მონობისა და დესპოტური სახელწიფოს გამარჯვებამ, კანონის გამარჯვებამ სიკვდილის მორევში არ შთანთქა დიდებული, ნიჭითა და მშვენიერებით აღსავსე ტომი ელინთა.

რომის ისტორიასაც წითელ ზოლად ევლება ეს ტენდეცია. მოიგონეთ საშინელი ბრძოლა პლებსისა და პატრიციატისა, ბროძოლა მონათა და მოქალაქეთა შორის, საშინელი ბრძოლა რომელიც სპარტაკის დამარცხებით დამთავრდა, დევნა სენატისა და იმპერიის მხრივ თავისუფალ მუშათა და ხელოსანთა ორგანიზაციებისა, მოიგონეთ მთელი რომის უფლება, მთელი რომის კანონი, როგორი სისასტიკითა და სიმკაცრით ეპყრობოდა იგი ყოველივე დამოუკიდებელ ძალას, თავისუფალ ორგანიზაციას, თავისუფალ საზოგადოებრივ შემოქმედებას რომის საზოგადოებაში. ომითა და მონობით გამდიდრებულმა რომის ბურჟუაზიამ და არისტოკრატიამ შექმნეს თავიანთი საშინელი უფლება, საშინელი კანონი, რომელიც „კანონიერად“ სთვლიდა ყოველივე საშინელებას, მთელ პროვინციათა ერთი კაცისთვის კუთვნილებას და შიმშილით ამოწყვეტას, მთელ კულტუროსან ქვეყანათა ამოჟლეტასა და გაძარცვას, შიგნით თავისუფალ მუშათა  და ხელოსანთა თავისუფალ ორგანიზაციათა დევნას და დამონებას;  არსებული მონობის წინააღმდეგ აჯანყებას კი იგი სთვლიდა დიდ უბედურებად (ვისთვის?), დიდ საზოგადოებრივ დანაშაულად და სისხლის მორევში ახრჩობდა იგი ყოველგვარ ცდას ადამიანისას განთავისუფლებულიყო აუტანელი მონობისაგან.

რომის კანონი აუტანელი მონური კანონი იყო. მონობის მთელი საზიზღარი ფილოსოფია მის „უფლებაში“ გამოიხატა და ამ უფლების წინააღმდეგ ბრძოლა საუკეთესო ფურცლებს შეადგენს  რომის ისტორიისას. სპარტაკი და გრაკხები უკვდავი რევოლუციონერები არიან.

რომში მზადდებოდა უდიდესი რევოლუცია, რომელიც მთლად მოსპობდა რომის უფლებასა და „კანონს“,  რომ ათასნაირ სხვა პირობებს არ მოესწროთ ურევოლუციოდ მისი დაღუპვა. უკვე აღორძინებული რომის ისტორიის ბოლოში ახალი ელემენტები საზოგადოებისა, უკვე კანონისა და სხვა მონურ დაწესებულებათა უარყოფის სული თავს დასტრიალებდა მონურ, გიგანტურ რომს, – მზად იყო რევოლუციის ზღვას წაელეკა ძველი  აშმორებული წუმპე მონობისა და შეექმნა ახალი საზოგადოებრიობა, რომ ბარბაროსების შემოსევას სულ სხვანაირად არ შეებრუნებინა რომის ბედი.

რომი მოკვდა ისე, რომ ვერ შეასრულა დიდი რევოლუცია, იგი მოკლეს აგრეთვე გერმანიის ბარბაროსებმა. მას არ დასცალდა განეცადა დიადი უარყოფა კანონისა, რევოლუცია, თუმცა ეს ტენდეცია მუდამ იყო და პლებსის და პატრიციატის ბრძოლიდან დაწყებული გრაკხებამდის და სპარტაკამდის აცოცხლებდა, შინაარს აძლევდა მის ცხოვრებას.

როდესაც ფეოდალური მონობა დააწვა უზარმაზარი ლოდივით ევროპის გულსა და მართლაც ნამდვილი ბარბაროსობის დაწესებულებანი გაჩნდნენ მთელი ევროპის სივრცეზედ, საუკუნეთა განმავლობაში იზნიქებოდა ხალხი ბატონ–ყმობისა და ომების მძიმე უღელ ქვეშ, მაშინაც დაიწყო ხალხურმა ძალამ შეკრება, დაიწყო ახალი შემოქმედება ხალხისა, ახალი თავისუფალი ორგანიზაციები, რომელთაც აგრეთვე განიცადეს საშინელი დევნა მეფეთაგან და თავადთაგან, შემდეგ ქრისტიანული ეკლესიისაგანაც. როდესაც კი საზოგადოების ეს ახალი ძალები გაიზარდნენ, მომწიფდნენ ისე, რომ ბრძოლა შეეძლოთ ფეოდალურ უფლებასთან, ფეოდალურ კანონთან, საშინელმა რევოლუციის ქარიშხალმა დაჰქროლა მთელ ევროპას. ქალაქები და სოფლები განთავისუფლდნენ მეფეთაგან და ეპისკოპოსთაგან, თავადთაგან და იმპერატორთაგან და X-XIII საუკუნეში შექმნეს ის დიდი და განმაცვიფრებელი კულტურა, რომელზედაც არა ერთხელ გვქონია საუბარი. აქაც ის ტენდენცია გამოჩნდა ხალხისა, მუდმივი სრბოლა კანონის უარყოფისადმი. როდესაც XIII საუკუნის ბოლოში დაირღვა თავისუფალი ქალაქი ბევრგვარ შინაგან და გარეგან მიზეზთა გამო, მწარმოებელმა ხალხმა მაინც ნახა გამოსავალი გზა და თავისი საკუთარი თავისუფალი ორგანიზაციებით უშველა თავს. ეს იყო ქალაქების კომპანიონაჟი, თავისუფალი ორგანიზაციები მუშათა, რომელნიც მუდამ დევნილნი იყვნენ მეფის, სამღვდელოებისა და პარლამენტის მიერ, მუდამ ცხოვრობდნენ ყოველივე სახელმწიფო სანქციის გარეშე, სახელმწიფო ორგანიზაციის გარეშე და ებრძოდნენ როგორც სახელმწიფოს ე.ი. პოლიტიკურ მონობას, ისე კორპორაციებს, ბურჟუაზიას, ე.ი ეკონომიკურ მონობას. გაფიცვები, საყოველთაო გაფიცვა, აჯანყებები ქალაქის მუშათა და მათ წინააღმდეგ ჯარისა და პოლიციის მძვინვარება, ყოველივე ეს თანამედროვე მუშათა მოძრაობის დამახასიათებელი არ არის, ყველა ეს ძველი მოვლენაა, იმ მუდმივი ტენდენციის შედეგი, რომელიც ამოძრავებს ადამიანს და წარიტაცებს მას მუდამ ანარქიის იდეალისაკენ.

როდესაც სახელმწიფო მთელი თავისი სიმკაცრით, თავისი ორგანიზაციის სიძლიერითა და რომის უფლებისა და ქრისტიანული ეკლესიის დახმარებით ისევ აღორძინდა და მოედო ევროპას XV საუკუნის ბოლოში, ამ ტენდეციამ ისევ იჩინა თავი. საშინელმა რევოლუციებმა იფეთქა ყველგან და ის ძლიერი გონებრივი და ნივთიერი მოძრაობა, რომელსაც ჩვენ რეფორმაციის ეპოქას ვეძახით, სხვა არა არის რა, გარდა ერთი მომენტისა ამ საერთო ისტორიულ სრბოლაში მუდამ დასახული ანარქიული იდეალისაკენ. დიდი უარყოფა კერო საკუთრებისა, სახელმწიფო ორგანიზაციისა, საეკლესიო დოგმატთა და სხვა, – აი რა იყო ნამდვილი დამახასიათებელი მხარე XVI საუკუნის დიდ რევოლუციათა, განსაკუთრებით ანაბაპტისტებისა და თომას მიუნცერის მოძღვრებისა, რომელმაც თავი შესწირა თვის ბრწყინვალე იდეალს. სისხლის მორევი იყო შედეგი ამ დიდ რევოლუციათა, –  სახელმწიფომ, კანონმა სძლია საზოგადოებრიობას და რევოლუციას, და თანამედროვე კაპიტალიზმისა და გაუმჯობესებული ბიუროკრატიული ცენტრალიზმის საძირკვლები უკვე ჩაიყარა.

და ის საშინელი თავგანწირული ბრძოლა, რომელსაც მუშათა კლასები ეწევა კანონისა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ უკანსკნელ 300 წლის განმავლობაში, ჰოლანდიის რევოლუცია, ინგლისის დიდი რევოლუცია, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელმაც მთელი ევროპა შეანძრია, მთელი სოციალიზმი XIX საუკუნისა, ახლანდელი დიდი რუსეთის რევოლუცია, – რა არის ყველა ეს, თუ არა ისევ ის გამოჩენა იმ ძველი, მუდმივი ტენდეციისა კაცთა საზოგადოებაში, რომ განთავისუფლდეს ადამიანი შემბოჭველი სახელმწიფო მონობისგან, ყველა მისი კანონებისაგან და დაიმკვიდროს ნამდვილი თავისუფლება, მოაწყოს საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ინდივიდი მართლა წარმოადგენდეს ნამდვილ თავისუფლების განხორციელებას და მოქმედ, შეგნებულ არსებას.

დიახ, არსებობს ეს ტენდეცია უხსოვარო დროიდან საზოგადოებაში. ის დაწესებულებანი რომელნიც თავისუფლად სდგებოდნენ თავდაპირველად, კლანები, თემები, სოფლის კომუნები, თავის დღეში არა ხმარობდნენ სახელმწიფოს აბსურდულ ძალ–მომრეობას ადამიანთა წინააღმდეგ და როდესაც ათასგვარ მიზეზთა გამო ეს თავისუფალი ორგანიზაციები იშლებოდნენ, ადამიანები თავ–განწირულად ებრძოდნენ ამ გამანადგურებელ ძალებს და ან ისევ იბრუნებდნენ  ძველ თავის დაწესებულებათ მონობისაგან განწმენდილსა და გამშვენიერებულს, როგორც მაგალითად შუა საუკუნის ქალაქები, ან და ახალ ორგანიზაციებს ადგენდნენ მონობის გარეშე, მუდამ დევნილთა ამ უკანსკნელის მიერ, რომ იქ მაინც შეეფარებინათ თავი დროებით, მოეკრიბათ ძალა და შემდეგ აეფეთქებინათ მთელი გახრწნილი  საზოგადოება საყოველთაო კანონის უარყოფით, საყოველთაო რევოლუციით. ისტორია დაუშრეტელი წყაროა ამგვარი მაგალითებისა. იგი თვით ამ მაგალითთაგან შედგება უმთავრესად. აიღეთ იტალიელი ისტორიკოსები: მურატორი, ჯინო კაპონი, ლეო და ბოტა, ჯუზეპე ფერარი, სისმონდი და სხვანი, წაიკითხეთ მათი მოთხრობანი და ნათლად დაინახავთ  იტალიის ხალხის სულის კვეთებას საუკუნეთა განმავლობაში, მის მუდმივ ტენდეციას და ცდას კანონის უარყოფისადმი. აიღეთ ოგიუსტენ ტიერი, ლიუშერი, ლევასერი და მრავალი ისტორიკოსი საფრანგეთისა, განსაკუთრებით გადაათვალიერეთ საფრანგეთის კომუნათა ისტორია, რომელიც აღწერეს ოგიუსტენ ტიერმა და სისმონდიმ, გაიცანით თვით შინაარსი დიდი რევოლუციისა და უკანასკნელი საშინელი დრამა საფრანგეთის მუშათა ცხოვრებისა, – პარიზის კომუნა და დარწმუნდებით, რაში გამოიხატება ეს ტენდენცია. აიღეთ აგრეთვე სხვა ქვეყნები და იგივე ბრძოლის სურათი წარმოგიდგებთ თვალწინ ყველგან და ყოველთვის, როდესაც კი კანონი კლავდა საზოგადოებრიობის ორგანიზაციას.

აიღეთ ის თავისუფალი ცხოვრება, მუდამ დევნილი სახელმწიფო ორგანიზაციათა მიერ: სოფლის თემები, გილდიები, გერმანიის ჰანზა, თვით ათასჯერ ნახსენები თავისუფალი ქალაქები შუა საუკუნეებში, აგრეთვე მრავლის უმრავლესი მუშათა და გლეხთა ორგანიზაციები ისევ განახლებული მათი ხანმოკლე თავისუფლების მოკვლის  შემდეგ სახელმწიფოსაგან და კანონისაგან, ყველგან და ყოველთვის საბერძნეთიდან დაწყებული ჩვენს დრომდე, განიხილეთ ისტორია მათი ბრძოლისა, მათი დამარცხებისა, ისტორია მათი შემოქმედებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისა, ისტორია დიდ რევოლუციათა, სადაც ისინი იყვნენ მთვარი ,ოქმედი ელემენტები და მაშინ გაიგებთ რომ ყოველთვის ეს უკანასკნელი დიდ რევოლუციად იქცევა ხოლმე, რომელიც საყოველთაო უარყოფაა კანონისა, სახელმწიფოისა, კერო საკუთრებისა, ყველა ძველ ღირებულებათა და შემქმნელია ახალთა, შემქმნელია თავისუფლებისა და მშვენიერების სულის ჩამდგმელი ადამიანის ცხოვრებაში. რევოლუცია დიადი მტერია კანონისა, როგორც საზოგადოებრიობის აღმადგენელი მოძრაობა ადამიანთა საზოგადოებისა.

აიღეთ თანამედროვე სოციალიზმი, თანამედროვე ტენდეცია მუშათა კლასისა. სრული ინტეგრარული განთავისუფლებისადმი: რამდენი გონებრივი ენერგიაა დახარჯული, რომ მეცნიერულად დაემტკიცებინათ ეს ტენდენცია, კრიტიკის ცეცხლით დაეწვათ ძველი ღირებულებები, შეექმნათ ნათლად და მკაფიოდ გამოხატული მთელი ფილოსოფიურ–მეცნიერული მსოფლმხედველობა სოციალიზმისა, გამოეხატათ მეცნიერული ფორმულებით მთელი ტენდენცია სოციალიზმისაკენ, დაეხატათ იდეალი მომავალი საზოგადოებისა და სხვ.; რამდენი ორგანიზაციებია შემდგარი (ჩვენ არ ვამბობთ იმ მრავალგვარ და იმ მრავალრიცხვოვან არასოციალისტურ საზოგადოებებზედ, რომლებიც არსებობენ კანონისა და სახელმწიფოს გარეშე და დაღუპვის მაგიერ ხარობენ, რაც პირდაპირ თვალსაჩინოდ ამტკიცებს საზოგადოებრიობას და კანონის არა თუ სხვადასხვაობას, არამედ უმეტეს წილად პირდაპირ წინააღმდეგობას) მუშათა, გარკვეული იდეალით, ბრძოლისათვის გამზადებული, უკვე ბურჟუაზიისა და სახელმწიფოს გარეშე და პირისპირ მდგარი; რამდენი ცდაა დახარჯული რევოლუციის მზადებისათვის, რომ ბოლოს დიდმა რევოლუციამ წალეკოს ძველი, მყრალი საზოგადოება და ახალი, თავისუფალი საზოგადოება დაარსოს სოლიდარობისა და თავისუფალ, ნება–ყოფლობით პრინციპზედ.

თითოეული პატარა საზოგადოებაც კი, კანონის გარეშე მდგარი, არა სოციალისტურიც კი, თითოეული მუშათა ორგანიზაცია, თითოეული გამოხატულება მუშათა სოლიდარობისა, თითოეული ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, ნათლად გვანახებს, თუ თვალნი გვაქვს, კაცობრიობის ახლო მომავალს. მთელი თანამედროვე ცხოვრება, აზრი და მოქმედება ემზადება სწორედ იმ დიდი რევოლუციისათვის, რომელმაც უნდა პოსპოს კაპიტალიზმი, სახელმწიფო და კანონი. ამაშია დედაძარღვი მთელი თანამედროვე საზოგადოებრივი აღელვებისა. ამით დაიწყო რუსეთის დიდი რევოლუციაც და კიდევ გამოდიან და გაიძახიან „უკანონოდ“ ცხოვრება არ შეიძლებაო! ეს დაკვირვებისა უუნარობას ამტკიცებს, თუ გნებავთ, მაგრამ ჩვენი ფიქრით ბევრისთვის უფრო ზოგიერთ ცნებათა გამოურკვევლობასა და განუსაზღვრელობასაც…

თვით თანამედროვე ცხოვრებაში ჩნდება შთანაჩენი ანარქიისა, ეს არის უარყოფა სახელმწიფოსა და კანონისა, რომელიც თანამედროვე ადამიანს უკვე თავს აბეზრებს და მის განაზებულ სულს, გულსა და გონებას აღარ შეუძლია სახელმწიფო მათრახი აიტანოს: მას სწყურია თავისუფალი ორგანიზაცია, სადაც ინდივიდი სუვერენია, სრული თავისუფალი, ეს კი უარყოფაა კანონისა. მუშათა მრავალი მასა უკვე ორგანიზაციებად არის შემდგარი სახელმწიფოს კანონის გარეშე, იგი ეშურება ყველა საწარმოო საშუალებათა განსაზოგადოებრიობას და საწარმოო კომუნის მოწყობას უჟანდარმოდ და უკაპიტალისტოდ, ისე რომ, თვითონ ინდივიდს ჰქონდეს სრული თავისუფლება, სრული ინიციატივა, აგრეთვე მის ყველა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შეძლება ნაკლები შრომით, ეს კი კომუნიზმია, მაშასადამე უარყოფა კანონისა, რომელიც კერძო საკუთრებასა და ეკონომიკურ მონობას განამტკიცებს. ყველგან, ცხოვრების რომელ დარგშიდაც არ უნდა ჩაიხედოთ, ყველგან უარყოფაა ძველისა და მისწრაფება ახლისადმი: მეცნიერებაში აღარ არის თაყვანის ცემა „კანონთა“, საერთო კანონთა, რომელიც განაგებს ყოველისფერს. მეცნიერება გაანარქისტდა: იგი ეძებს მოვლენათა უბრალო ახსნას, მათ ერთმანეთში განწყობილებას, მათ განწყობილებას კაცთან, ამ უკანასკნელის მიერ მათ ნამდვილ შეგნებასა და მოხმარებას. ხელოვნებაში და ლიტერატურაში ახალი სული შევიდა, სული მედიდური და თავისუფალი, მომავალი თავისუფალი შემოქმედებისა, სული ინდივიდუალიზმისა, რომელიც ადამიანის განსპეტაკებულ ზნეობას მსგავს ზნეობრივ არსთ შეუერთებს თავისუფლად და წარიტაცებს საერთო იდეალისაკენ. წარმოებაში მუდმივი ბრძოლის ძახილია და უკვე ხმალ–ამოწვდილი მიისწრაფიან მუშები დაანგრიონ საუკუნო პრივილეგიები მუქთა–ხორათა და შექმნან კომუნისტური წარმოების საშუალებით იმისთანა პირობები, სადაც მშრომელი მეცნიერებით, ხელოვნებითა და თავისუფალი შრომით გახდება ნამდვილი თავისუფალი ადამიანი, კმაყოფილი და მუდამ წინ მსრბოლი ბუნების საიდუმლო წიაღთა შინა, მის თვალუწვდენელ  ასპარეზზედ. უკვე ზნეობრივი რევოლუცია  მოხდა და მზადდება დიადი, საშინელი განმაწმენდელი  ნივთიერი რევოლუცია, სოციალური რევოლუცია, რომელიც ახალ განწყობილებებს დაუდებს საფუძვლად საზოგადოებას, იმგვარ საფუძვლებს, რომელზედაც თავის დღეში ვერ აღმოცენდებიან ვერც კაპიტალიზმი, ვერც სახელმწიფო თავისი კანონით, ვერც სარწმუნოებრივი დოგმატები. დაჰკრა დიდებულმა საათმა, როდესაც საზოგადოებრიობამ, თავისუფალმა ორგანიზაციამ უნდა გაარღვიოს კანონისა და ძალმომრეობის ყრუ, მავნებელი, სულის დამხშობი, უაზრო და შემხუთველი კედელი, როდესაც სიტყვა „კანონი“ უნდა ამოიშალოს ადამიანის სიტყვათა ლექსიკონიდან სრულიად. როდესაც საზოგადოებამ უკანონოდ უნდა იცხოვროს, თავის მისწრაფებისამებრ, როდესაც მეცნიერებაშიაც კი უნდა გაქრეს სიტყვა „კანონი“.

VI

ჩვენ ვეცადეთ, რამდენადაც შეგვეძლო, დაგვემტკიცებინა კანონის ბარბაროსული წარმოშობა, მისი უნიადაგობა და უმიზნობა თანამედროვე საზოგადოებაში, მისი უზნეობა და ულოგიკობა ყოველგვარ საზოგადოებაში, აგრეთვე მისი უსარგებლობა ადამიანის ცხოვრების მრავალ–დარგთა მოსაწყობად და მოსაწესრიგებლად; – ჩვენ ვეცადეთ დაგვემტკიცებინა, რომ არც ადამიანის საზოგადოებრიობას, არც წარმოებას, არც ინდივიდუალურ კონფლიქტთა გადაწყვეტის საჭიროებას, არც მეცნიერებას, ხელოვნებასა და სარწმუნოებას, არავითარ ნამდვილ საზოგადოებრივ მოვლენას არ აქვს არავითარი კავშირი კანონის აუცილებლობასთან, არამედ ყოველივე ეს პირდაპირი  მებრძოლი, წინააღმდეგი და გამომრიცხველია კანონისა.

ჩვენ ვამტკიცებდით აგრეთვე, რომ თვით თანამედროვე კაცობრიობაში არსებობს ტენდენცია კანონის უარყოფისა და ეს ტენდენცია ბოლოს და ბოლოს სინამდვილედ გადაიქცევა, როდესაც ანარქია და კომუნიზმი დაედება საფუძვლად ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებას და როდესაც თვით ადამიანის აზრი, თვით მეცნეირებაც კი განთავისუფლდება იმგვარ ცნებათაგან, როგორიც არის კანონი.

ჩვენ გვწამს ეს იდეალი, ეს დიადი მომავალი კაცობრიობისა, როდესაც იგი იცხოვრებს სრულიად თავისუფლად, ანარქიულად, უკანონოდ. შორს მჭვრეტელი ბაკუნინი ამბობდა კიდევ: თანამედროვე ცხოვრების ანალიზმა და წარსულის ისტორიამ დამარწმუნა კაცობრიობის დიად მომავალში:  მე უკვე ვხედავ საყოველთაო ქაოსისა და დანგრევის ღრუბლებს იქით – უკანონოდ, თავისუფლად, ანარქიულად მცხოვრებ კაცობრიობასაო.

ჩვენ ვხედავთ, როგორც ბაკუნინი, ამგვარ კაცობრიობას მომავალში, ეს არის ჩვენი მამოქმედებელი იდეალი და საფუძველიც, ღრმა საფუძველიც გვაქვს ეს იდეალი ვიწამოთ და მისკენ მივეშურებოდეთ მთელი ჩვენი ძალ–ღონით, მთელი ჩვენი შემოქმედებითა და სულის კვეთებით.

ამიტომაც ვართ ასეთი სასტიკი მდევნელნი კანონისა, ამ ძველის–უძველეს ცნებისა, რომელიც უნდა ამოვფხიკოთ საუკუნოდ კაცობრიობის ისტორიის დამპალი ფიცრიდან, მოვსპოთ ეს აშმორებული და უზნეო ღირებულება და ადამიანის თავში მისი ადგილი უნდა დაეთმოს თავისუფლებას, კომუნიზმს, – ანარქიას. მას შემდეგ რაც კანონი, პირდაპირი შედეგი სახელმწიფო ორგანიზაციისა, საზოგადოებას „მართავს“, ადამიანებს არწმუნებენ რომ იგი უზენაესი გამოხატულებაა საზოგადოებრიობისა, – სრულიად უსინდისოდ, ათასნაირი სოფიზმებით, ყველგან და ყოველთვის, მეცნიერების სახელითაც კი, მაშინ როდესაც სწორედ ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა რომ იგი წარმოშობილია სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, ბარბაროსობისაგან, ადამიანის მიერ ადამიანის დამონებისაგან. იგი შედეგია მონობისა და ადამიანის ძალთა ფლანგვისა და არაფერი საერთო არ აქვს საზოგადოებრიობასთან, რომელიც თავისუფლებაა და ადამიანთა ძალთა ეკონომია. კანონი სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს, სახელმწიფო კი პირდაპირი ნაშენია ძალმომრეობაზედ, იგი დახასიათდება ძალ–დამტანებელ დაწესებულებებით, იგი აგრეთვე ერთი განსაზღვრული ტიპია საზოგადოებისა, ისტორიულად შექმნილი და გარდამავალი, და მაშასადამე კანონის აუცილებლობის მტკიცება  სახელმწიფოსთან ერთად ერთ საზოგადო ფორმად აღიარებას ნიშნავს, რაც პირდაპირი აბსურდია და სრული უვიცობა სოციალური ევოლუციის შინაარსისა და ისტორიისა. ეს პირველი საბუთია კანონის მავნებლობისა, ანტისოციალობისა და აგრეთვე მისი განქრობისა კაცობრიობის მომავალ ცხოვრებაში…

– მას შემდეგ ადამიანებს არწმუნებენ, რომ კანონი ყოველ საზოგადოებაში დამცველია საზოგადო მშვიდობიანობისა, საკუთრებისა, წესიერებისა, თავისუფლებისა, ადამიანთა შორის თანასწორობისა და სხვ. მაშინ როდესაც ისტორიას არ ახსოვს არც ერთი საზოგადოება, კანონზედ დამყარებული,  რომ იგი არ ყოფილიყოს პირდაპირ დამყარებული ძარცვა-გლეჯვაზედ საკუთრების მაგივრად, უწესობაზედ წესიერების მაგივრად, მონობაზედ თავისუფლებისა და თანასწორობის მაგივრად, დანაშაულზედ მშვიდობიანობისა და კაცთმოყვარეობის მაგივრად. თანამედროვე საზოგადოებაში 9/10 კაცობრიობისა შიმშილით კვდება, ამის დამცველია კანონი და არა „საკუთრებისა“, რომლის კომუნისტური ფორმაც არის ერთადერთი რაციონალური. თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრებაში რაც დანაშაული ხდება, სულ ამ კერძო საკუთრების კანონისა და სხვა არა მორალურ, კანონის მიერ განმტკიცებულ პირობებიდან გამოდის, კანონი თვით ხდება დანაშაულის წყაროდ, არა თუ იგი მებრძოლია დანაშაულისა, კაცის კვლისა და წამების წინააღმდეგ. აგრეთვე თავისუფლება პირდაპირ უარყოფილია კანონის მიერ: პოლიცია და ჯარი, ათასი გარყვნილი ბიუროკრატი და მოხელე, უარყოფენ მას და უშლიან მილიონობით ადამიანს თავისუფლებას, არა თუ კანონი დამცველია თავისუფლებისა და დამაკმაყოფილებელი სხვა აუცილებელ საჭირო მოთხოვნილებათა თანამედროვე საზოგადოებაში. მთელი ძველი და ახალი კანონი გამოხატულებაა მთელი ძველი და თანამედროვე ცხოვრების მონობისა და ძველი და თანამედროვე კანონის სარგებლობა და აზრიანობა მაშინ დამტკიცდება, რომ ამ ძველი და თანამედროვე ცხოვრების სისაძაგლის დამტკიცება იყოს შესაძლებელი, როგორც რაღაც მშვენიერისა და სასურველისა. ეს უკანასკნელი კი აბსურდია, და მაშასადამე აბსურდია ძველი და თანამედროვე კანონის სარგებლიანობაცა და საჭიროებაც.

ეს მეორე საერთო არგუმენტია კანონის წინააღმდეგ, – განსაზღვრულ ეპოქებში, განსაკუთრებით თანამედროვე ხანაში, მისი ყოვლად უსარგებლობა, მავნებლობა და დანაშაულის წყაროდ გარდაქცევა.

აიღეთ რომელიც გინდათ საზოგადოება, თუ გინდათ მომავალი კოლექტივიზმიც და დატოვეთ ერთი რომელიმე დაწესებულებათაგანი თანამედროვე საზოგადოებისა, დატოვეთ ნატამალი სახელმწიფო ორგანიზაციისა და კანონის ცნება, –  და ნელ–ნელა  აღსდგება მაშინვე მთელი თანამედროვე მონობა, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს საზოგადოებრიობასთან. საზოგადო ინტერესებს, საზოგადო იდეალთა, საზოგადო მისწრაფებათა კანონმდებლობა ვერ გამოხატავს, – ეს შეუძლებელი და აბსურდია, – იგი ვერ დაიცავს უმრავლესობის ინტერესებს, რადგან შეუძლებელია ერთ დიდ საზოგადოებაში განსაზღვრული საერთო უმრავლესობისა და უმცირესობის ნახვა, ისეთი მრავალფეროვანია კაცთა შორის განწყობილებანი ათასნაირი კითხვები, რომელიც ცხოვრებას აღელვებს, – ასეთი რამ აბსურდული, უშინაარსო და უსამართლო რამ არის თვით „უმრავლესობა და უმცირესობა“  და განსაკუთრებით მასზედ მთელი მონურ დაწესებულებათა აშენება! ეს კიდევ ერთი მძლავრი არგუმენტია კანონის წინააღმდეგ.

აგრეთვე აიღეთ ადამიანთა განწყობილების მრავალნაირი დარგი. წარმოება, როგორც ვთქვით, უფრო ძველი მოვლენაა ვიდრე კანონი. ეს უკანასკნელი ყოველთვის იყო მისი მტერი, ექსპლოატატორი მწარმოებელ კლასთა და მათი მდევნელი დაცვის მაგივრად. მარტო XIX საუკუნის მუშათა ისტორია ამტკიცებს ამას, სხვა არა იყოს რა. წარმოება იმისთანა ფართო, უნივერსალური მოვლენაა ადამიანთა ცხოვრებაში, ისეთი საერთო რამ საზოგადოების ყველა ტიპთათვის, მის წარმოშობაში ისეთი რთული და მრავალფეროვანი ძალები იღებდნენ მონაწილეობას, რომ სრულიად გარეშე დგას იგი კანონის შინაარსისა და ხასიათისა, – და ეს უკანასკნელი ისეთი სუსტი, მავნებელი და საცოდავი მოვლენაა პირველთან შედარებით, რომ მისი, ე.ი კანონის მოსპობა მხოლოდ ერთგვარად დაეტყობა წარმოებას: წარმოება განთავისუფლდება და საზოგადოებრიობა გაიზრდება, განიწმინდება მხოლოდ მონობის მიერ მოგროვილი ტალახისაგან.

აიღეთ ინდივიდუალური კონფლიქტების გადაწყვეტა – აქაც დაინახავთ, რომ როდესაც კანონები არ არსებობდნენ, ბარბაროსთა შორისაც კი ეს პროცესი უფრო ჭკვიანურად და ადამიანურად ხდებოდა, – ყველა წესს ინდივიდუალური კონფლიქტის გადაწყვეტისას ჰქონდა თავისი აზრი, შინაარსი, ლოგიკა, – კანონს კი ერთი რამ აქვს მხოლოდ – დასჯა, -უაზროდ, ულოგიკოდ, მხეცურად, – და აქედან წარმოსდგება, რომ ვერც ერთ იურისტს დღეს რაციონალურად ვერ განუსაზღვრავს რა არის დანაშაული. აიღეთ აგრეთვე მეცნიერება, ხელოვნება, სარწმუნოება, აქაც კანონს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არც მათ წარმოშობაში, არც მათ განვითარებაში. წინააღმდეგ, იგი მათი მტერი იყო, მდევნელი. როდესაც კი, კერძოდ, სარწმუნოებას შეუკავშირდებოდა ხოლმე კანონი – ინკვიზაციისა და სახელმწიფო დესპოტიზმის კიდევ უფრო მძიმე ლოდი აწვებოდა ხოლმე კაცობრიობას ტანჯულ გულზედ.

ეს კიდევ ერთი დიდი არგუმენტია კანონის წინააღმდეგ, რომ იგი ერთი საზიზღარი, წარმავალი, მოკლე მომენტია ადამიანთა საზოგადოების განსაზღვრული, გარდამავალი და უსაზღრისესი ტიპისა, – სახელმწიფოსი, – და არაფერი საერთო არა აქვს იმ ძველის უძველეს, ღრმა და უნივერსალურ განწყობილებებთან ადამიანთა შორის, რომელთა კრებულიც შეადგენს მთელ საზოგადოებრიობას, ადამიანთა ცხოვრების ტვით შინაარსსა და საფუძველს.

ბოლოს, – აიღეთ მთელი ისტორია კაცობრიობისა, აიღეთ მისი ის ნაწილი, როდესაც ადამიანები უკანონოდ ცხოვრობდნენ, აიღეთ მისი ის ნაწილი, როდესაც სახელმწიფო დესპოტიზმი და კერძო საკუთრება ტანჯავდა და ანადგურებდა ადამიანებს, და დარწმუნდებით, რომ პრინციპი სზოგადოებრიობისა – ნაკლები შრომა და მეტი დაკმაყოფილება მოთხოვნილებათა, განსაზღვრულ პირობებში, – სწორედ უკანონო საზოგადოებაში ხორციელდებოდა, (რასაკვირველია დაახლოებით), სწორედ კომუნიზმისა და ანარქიის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო კაცობრიობის ცხოვრების პირველ ხანებში. იმ საზოგადოებაში კი, სადაც სახელმწიფო ორგანიზაცია და კანონი იყვნენ გამეფებულნი, მუდმივი ბრძოლა არსებობდა თავისუფალ მწარმოებელ ორგანიზაციების, რომლებიც აღსდგებოდნენ ანტისოციალურ ელემენტთა წინააღმდეგ, სახელმწიფოსა და კერძო საკუთრების წინააღმდეგ; მუდმივი ბრძოლა კანონმდებელთა და კანონის მიერ დამონებულთა შორის. თქვენ ნახავთ აგრეთვე მუდმივ ტენდენციას კანონის დათრგუნვისა და თავისუფალ ორგანიზაციათა შედგენისას, ეს ტენდენცია ბოლოს და ბოლოს იხატებოდა ხოლმე საყოველთაო კანონის უარყოფაში – რევოლუციაში და ის მომენტები ადამიანთა ცხოვრებისა, როდესაც რევოლუციასა და ანარქიას გაუმარჯვია ხოლმე, ყოფილა ყოველთვის საფუძველი პროგრესისა, უღრმესი და უმაღლესი შემოქმედებისა. დამარცხების მომენტები კი სიკვდილი და განადგურება, დაცემა და გახრწნა მთელ ხალხთა, საფლავში ჩასვენება მთელ ცივილიზაციათა კანონისა და სახელმწიფოს მიერ. თანამედროვე ცხოვრება დიდი რევოლუციისაკენ, საყოველთაო კანონის უარყოფისაკენ, ანარქიისაკენ და კომუნიზმისაკენ მიისწრაფვის უმაღლესი საზოგადოებრიობის, უმაღლესი სოლიდარობის სახელით. აზრი, მეცნიერება, ხელოვნება, თვით მწარმოებელთა მოქმედება და წინ სრბოლა აგრეთვე ძლიერი ნაბიჯით მიდის ამ დიდი იდეალისაკენ. სოციალური რევოლუციის აჩრდილი შავი ღრუბელივით განრთხმულა თანამედროვე საზოგადოების ცაზედ; მისი საშინელი ჭექა-ქუხილი გამანადგურებელი წარღვნით მოევლინება მთელ თანამედროვე სოციალურ დამპალ შენობას; ძრწიან ძველის დამცველნი და აორკეცებენ შრომას დიადნი მომავლინებელნი წარღვნისა, – ჯოვანი ბოვიოს წინასწარმეტყველება სრულდება, – ადამიანის ცხოვრება ანარქიისაკენ არის მიმართული!

და ის საშინელი ზათქი და ზრიალი სოციალური რევოლუციისა, რომელიც წალეკავს მონობასა და მის უსაზიზღრეს ფორმულას – კანონს, – გულში უსახავს კაცობრიობის მთელ 9/10-ს წარღვნის შემდეგ მოწმენდილ ცაზედ ანარქიის ცისარტყელის გადაკვრის იმედს; ამ წარღვნას ელოდება მოუთმენლად იგი და აჩქარებს მას, მისკენ მიეშურება მთელი თავისი გონებით, აზრით, მუშაობით, მთელი თავისი ტანჯული არსებით და ეს თუ გნებავთ ყველაზედ უფრო მშვენიერი, დიადი, ძლიერი და შეურყეველი არგუმენტია კანონის წინააღმდეგ, რომლის უღელიც ეხლა მთელ მოაზროვნე და მწარმოებელ კაცობრიობას სასირცხვილოდ მიაჩნია.

XX საუკუნის ინდივიდი, რომელსაც სწყურია ინტეგრაური განვითარება და მედიდურად იღწვის შექმნას თავისი მომავალი სიდიადის აუცილებელი პირობა – საუკეთესო არგუმენტია კანონის წინააღმდეგ.

და როდესაც მოისპობა მთელი თანამედროვე საზოგადოების საფუძველი, როდესაც საზოგადოებას ნამდვილი თანასწორობა და თავისუფლება დაედება საფუძვლად, როდესაც თავისუფალი კუმუნისტური წარმოება იქნება ერთადერთი წესი უმთავრეს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, მაშინ მოისპობა კანონიც, მოისპობა დანაშაულიც, მოისპობა ყველა ის პირობა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში აუცილებელყოფს ერთსაც და მეორესაც.

ეს არის კაცობრიობის იდეალი. ეს არის ჩვენი, ანარქისტების იდეალიც და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ნათელვყოთ ეს იდეალი, შევაგნებინოთ რაც შეიძლება მკაფიოდ და ნათლად მშრომელ ხალხს დიდი მომავალი კაცობრიობისა, შევიდეთ ჩვენ თვითონ, როგორც ოდნობანი, როგორც მოქმედი ელემენტები იმ საერთო შეუჩერებელ სრბოლაში, რომელსაც კაცობრიობას ანარქიისაკენ, უკანონობისაკენ წარიტაცებს.

რადგანაც ადამიანის საზოგადოებრიობის დიდსა და საყოველთაო გამოხატულებათ არა აქვთ არავოითარი საერთო კანონთან, ამ უკანასკნელის მოსპობით ეს გამოხატულებანი არა თუ მოისპობიან, არამედ განცხოველდებიან და ადამიანს მართლაც ნამდვილ გვირგვინად გახდიან ბუნებითი შემოქმედებისა. თავისუფალი კომუნიზმი, სადაც ძალთა ეკონომიის პრინციპი – მინიმუმი შრომის ხარჯვისა და მაქსიმუმი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, – ნამდვილად და სავსებით განხორციელდება: თავისუფალი შეთანხმება ადამიანთა შორის ყოველ ცალკე შემთხევაში; მრავალი თავისუფალი კავშირები თითოეულ მწარმოებელ კომუნაში, მრავალი კავშირები ამ კომუნათა; თავისუფალი წარმოება ნაკლები შრომითა და მეცნიერების უხვი დახმარებით; თავისუფალი აღზრდა ნამდვილი მეცნიერისა, არტისტ-მწარმოებლისა, ხელოვნების ცეცხლით აღგზნებული ზნეობრივი არსისა, თავმოყვარე და სხვათა მოსიყვარულე არსისა იმავე დროს; დატრიალება მთელი ბუნებისა და კაცის ენერგიათა საყოველთაო სასარგებლოდ. აი რა იქნება მომავალი საზოგადოება, მომავალი ანარქია, რომელიც არა ჰგავს თანამედროვე დაჩაგრულ და უვიც საზოგადოებას, რომელსაც სახელმწიფო და კანონი ”ჰპატრონობს” კაპიტალიზმის სასარგებლოდ, რამოდენიმე გასიებულ ბურჟუათა უძირო მუცლის გასავსებად.

მაშინ კანონი კიდევ უფრო შეუძლებელი და აბსურდი, ულიგიკო იქნება, – წინააღმდეგ მენგერის აზრისა, ხლხთა მასაში მაინც გაჩნდება ტენდენცია კანონისა და სახელმწიფოს შექმნის, თუ გინდ რომ კიდეც განხორციელდეს თავდაპირველი ანარქისტული წყობილებაო, – თუ გნებავთ იმიტომაც, რომ მაშინ საზოგადოებრივი განწყობილებანი უფრო გართულდებიან, და ამ განწყობილებათა სირთულე კი პირდაპირ პროპორციულად ეხება კანონის სიაბსურდესა და ულოგიკობას, რადგანაც, რაც მეტი და მრავალფეროვანია განწყობილებანი ადამიანთა შორის, მით უფრო ძნელია ამ განწყობილებათა შეკრება, ერთ ფოკუსში მათი თავის მოყრა რამოდენიმე პირის მიერ, – გენიოსებიც რომ იყვნენ ეს უკანასკნელნი, – მათგან რამოდენიმე წესის გამოყვანა და ყველასათვის, მილიონთათვის, მილიარდათვის სავალდებულოდ დადება ამ წესისა, – დასჯისა და წამების მუქარით.

მაშინ თვით სიტყვა კანონი ამოიშლება ადამიანთა ლექსიკონიდან, თვით მეცნიერებაშიაც კი. ეხლაც ნამდვილ მეცნიერებაში სიტყვა კანონს მხოლოდ ჩვეულებით ხმარობენ და ის ”მეცნიერები”, რომელთაც ბუნების კანონი მართლაც რაღაც ზემოდან დადგენილი ჰგონიათ, რომელიც მართავს ბუნებას და სხვა, – სრულიად მოცილებულნი არიან ბუნების ”კანონის” ნამდვილ შეგნებას.

ყოველივე ბუნების კანონი პირობითია. თუ ესა და ეს მოვლენები ამა და ამ ნაირად დაემთხვევა ერთმანეთს განსაზღვრული მოვლენა მოხდება. აი რა არის შინაარსი ბუნების კანონისა და ეს ხასიათი. თუ კარგად ჩაუკვირდებით მას, სრულიად აცლის მას იმ მისტიკურ, უზენაეს ხასიათს, რომელსაც მას პირველი მეცნიერები მიაწერდნენ და ეხლაც მიაწერს ბევრი, ზოგიერთები შეუგნებლობით და ზოგიც ჩვეულებით. ბუნების კანონი სხვა არ არის რა, გარდა ერთი საერთო ფაქტისა, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა ძალთა, სხვადასხვა მოვლენათა განსაზღვრულ განწყობილებას და შემჩნევა ამ ფაქტის, შეგნება ამ ფაქტისა და მისი ახსნა – აი ის, რასაც ჩვენ ”აღმოჩენას” ვუწოდებთ. ბუნების კანონი ჩვენ მიერ შეგნებაა მოვლენათა ხასიათისა და მათ შორის არსებულ განწყობილებათა, იგი შეგროვილი გამოცდილებაა ადამიანისა, საერთო ფაქტი, ჩვენ მიერ შენიშნული. მეცნიერება ადამიანისაა, როგორც თქვა შესანიშნავმა ფრანგმა მეცნიერმა ლედანტეკმა, – და მომავალი საზოგადოების ინდივიდი სწორედ იმით იქნება თავისუფალი და დიადი, რომ ეს კანონი მის ხელში იქნება, და არა ”კანონი” ფატალურად და ეშმაკეულად დაჩაგრავს მას. მომავალი ადამიანი თვით შევა მთელი თავისი ენერგიით იმ საერთო თანასწორობაში, სადაც შედიან ათასი ძალები განსაზღვრული მოვლენის წარმოსაშობად, – ისე, როგორც ყოველთვის შედიოდა იგი, მაგრამ აქამდე ნაკლებად, ნაკლები შეგნებით, მომავალში კი მთლიანად, სრულიად, მთელი თავისი განვითარებული ძალებით. სავსებით შეგნება ბუნების კანონთა, სავსებით მოხმარება ბუნების ენერგიათა ამ კანონთა შეგნებით, – აი ჩვენი იდეალი. მეტი ბუნების ენერგია ინდივიდის ხელში, რომელიც თავის საკუთარ ენერგიათა განსავითარებლად მოიხმარს მას, – აი ჩვენი ფორმულა პროგრესისა, რომლის სრული გამოყენება მომავალში შეიძლება მხოლოდ, როდესაც ინდივიდი იტყვის: ბუნების კანონის აღმოჩენა! იგი ჩემს მიერ შეგნებაა ბუნების მოვლენათა, მათ შორის განწყობილებათა, იგი წესია ჩემი შეგნებულად ბუნებაში ტრიალისა! ბუნების კანონი! – იგი ჩემთვის კანონი კი არა, იარაღია, იარაღი ჩემი დაუსრულებელი განვითარებისა…

მაშინ მოისპობა სიტყვა ”კანონიც” საუკუნოდ.

… პროგრესის ამ ფორმულიდან ბევრი საინტერესო დასკვნა შეიძლება რომ გამოვიდეს, მაგრამ ეს სულ სხვა საგანს წარმოადგენს და შემდეგ ვისაუბროთ მკითხველო, როდესაც დრო, ხალისი და უკეთესი პირობა გვექნება ჩვენი გულისნადების გაზიარებისა ჩვენ მოძმეთათვის…

Facebook Comments